ეროვნული ნაკრების ისტორია: მოლდოვა 2:4 საქართველო

1990 წლის 27 მაისს, თბილისში, ლიეტუვასთან ამხანაგური 2:2-ის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე საერთაშორისო შეხვედრა მხოლოდ წელიწადის და ორი თვის შემდეგ გამართა, 1991 წლის 2 ივლისს კიშინიოვში მასპინძელ მოლდოვას 4:2 აჯობა.
ჩვენი გუნდის ისტორიაში ეს პირველი გასვლითი მატჩი და პირველი გამარჯვება იყო. რაც შეეხება მოლდოვის ნაკრებს, მათმა მთავარმა გუნდმა საერთაშორისო ისტორიის ათვლა სწორედ ამ ამხანაგური თამაშით დაიწყო.

რჩეულ ქართველ ფეხბურთელებს კიშინიოვში ვეტერანმა მწვრთნელმა, სოხუმის ცხუმის ყოფილმა თავკაცმა გიგა ნორაკიძემ უხელმძღვანელა. მის ხელში სოხუმელებმა 1990 წელს საქართველოს თასის ფინალში ითამაშეს. კლუბმა 1991 წლის გარდამავალი, საგაზაფხულო ჩემპიონატიც გიგა ნორაკიძესთან ერთად დაიწყო, თუმცა 21 აპრილს, სოხუმში, თბილისის იბერიასთან 0:1 წაგების შემდეგ, ბატონმა გიგამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ივნისის დასაწყისში მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი შეეხმიანა და ეროვნული გუნდის გაძღოლა შესთავაზა, რასაც ვეტერანი სპეციალისტი დათანხმდა. სანამ მომდევნო სანაკრებო ამბებს მიმოვიხილავ, შეგახსენებთ, თუ როგორ დასრულდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის სადებიუტო სეზონი.

პირველი ეროვნული ჩემპიონატი 1990 წლის ნოემბრის დასაწყისში დამთავრდა თბილისის იბერიის გამარჯვებით, რაც, მე თუ მკითხავთ, ლოგიკური იყო. დავით ყიფიანის გაწვრთნილ გუნდში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ჩემპიონატი ფოთის კოლხეთი 1913-თან საშინაო მარცხით დაიწყო, შემდეგ ნელ-ნელა მოუმატა და საბოლოოდ დაეუფლა კიდეც ჩემპიონის ტიტულს.

იბერიამ, რომელსაც ლანჩხუთის გურია და რუსთავის გორდა ებრძოდნენ, სატურნირო ცხრილის სათავეში ასვლა მხოლოდ 1 სექტემბერს მოახერხა, თბილისში ოდიშთან 4:2 გამარჯვების შემდეგ. ზუგდიდელებს ორი გოლი გია გურულმა გაუტანა, თითო ბურთი კი კახი კაჭარავამ და გია ჯიშკარიანმა შეაგდეს. ამ მოგების შემდეგ კლუბს ლიდერობა აღარ დაუთმია. საბოლოოდ იბერიამ მდევარ გურიას ექვსი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გორდას ცხრა ქულით აჯობა.

გიგლა იმნაძის გაწვრთნილმა ლანჩხუთელებმა დედაქალაქელებზე შური თასის გათამაშებაში იძიეს: 10 ოქტომბერს თბილისში 1:0, 23 ოქტომბერს კი შინ 2:0 აჯობეს მთავარ კონკურენტს და ფინალში გავიდნენ.

პირველი ქართული საკლუბო სეზონი 18 ნოემბერს დასრულდა გურიის სათასო ტრიუმფით: ბესიკ ფრიდონაშვილის მიერ დამატებით დროში, 95-ე წუთზე გატანილი გოლით ლანჩხუთელებმა ცხუმი დაამარცხეს და პირველი ტიტული მოიგეს.

ცნობისათვის: იმ პირველი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი თბილისის მრეტების თავდამსხმელი ბუბა ტყავაძე გახდა 18 გოლით. მას შემდეგ ოცდათხუთმეტი წელიწადი გავიდა და ტყავაძის რეკორდს ვერავინ მიუახლოვდა…

საერთაშორისო სარბიელიდან დროებით ჩამოშორებულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დრო უქმად არ დაუკარგავს და თასის გათამაშების დასრულების შემდეგ, 23-25 ნოემბერს, ძალიან საინტერესო შეჯიბრება მოაწყო. ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის თასის პირველ გათამაშებაში უმაღლესი ლიგის, I და II ჯგუფების და ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს. ნახევარფინალები 23 ნოემბერს გაიმართა. ზუგდიდში უმაღლესი ლიგის რჩეულმა ფეხბურთელებმა 7:0 დაამარცხეს II ჯგუფის ნაკრები, თელავში კი ახალგაზრდულმა ნაკრებმა ცხუმის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ჯიშკარიანის ერთადერთი გოლით I ჯგუფის გუნდს სძლია.

ფინალი 25 ნოემბერს შედგა სოხუმში, სადაც უმაღლესი ლიგის ნაკრებმა 4:1 მოუგო ახალგაზრდებს. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა – მიხეილ ყაველაშვილის ზუსტ დარტყმას მელორ ბიგვავამ უპასუხა, შესვენების შემდეგ კი კახი ცხადაძემ, კახი კაჭარავამ და გოჩა გოგრიჭიანმა გამოიჩინეს თავი და მთავარი ჯილდოც აშკარად გამოცდილ „უმაღლესელებს“ ერგოთ. ჩემპიონების შემადგენლობასაც შეგახსენებთ, მათ ფინალში უცვლელად ითამაშეს: ნიკა ჩხეიძე (ქუთაისი), გელა ინალიშვილი (ცხუმი), კახი ცხადაძე და სოსო ჭედია (ორივე იბერია), სოსო მალანია (ცხუმი), ზაზა რევიშვილი და თემურ ქეცბაია (ორივე იბერია), დავით ცომაია (გურია), მელორ ბიგვავა (ოდიში), კახი კაჭარავა (იბერია), გოჩა გოგრიჭიანი (ცხუმი).

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სადებიუტო წლის ავ-კარგზე 1991 წლის გაზაფხულზე იმსჯელა, 15 მარტს კი, პარასკევს, სფფ-ის რიგგარეშე ყრილობა შედგა. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იყო: „საქართველოს 1991 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების სტრუქტურებში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ყრილობას ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა. ქვეყნის მთავარი სარბიელი იმ დროს უკვე ბორის პაიჭაძის სახელს ატარებდა. ლეგენდარული ფორვარდი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა…

ფედერაციამ საკლუბო სეზონი დასავლეთევროპულ ყაიდაზე შეცვალა – 1991-1992 წლებისთვის შემოდგომა-გაზაფხულის კალენდარი დამტკიცდა, ხოლო გუნდებს ხანგრძლივად რომ არ შეესვენათ, გაზაფხულზე მეორე, გარდამავალი ჩემპიონატის გამართვა გადაწყდა, ერთ წრედ. ამასთანავე, ფედერაციამ უმაღლესი ლიგის წევრთა რაოდენობა 18-დან 20-მდე გაზარდა: ოჩამჩირის ამირანმა, რომელმაც სადებიუტო პირველობა ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე დაასრულა და დაქვეითება უწევდა, უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა, დებიუტანტებად კი ვანის სულორი, ზესტაფონის მარგვეთი და გურჯაანის ალაზანი მოგვევლინნენ.

ჩემპიონმა იბერიამ პირველობის დაწყებამდე, თებერვლის მიწურულს, ერთკვირიანი შეკრება გაიარა პოლონეთში, ქალაქ კატოვიცეში, სადაც ორჯერ გაეჯიბრა ადგილობრივ გკს-ს. თბილისელებმა პირველი თამაში კახი გოგიჩაიშვილის და გიორგი ნემსაძის გოლებით 2:1 მოიგეს, მეორე პაექრობაში კი თემურ ქეცბაიას ერთადერთი ზუსტი დარტყმით გაიმარჯვეს.

დავით ყიფიანის გუნდმა ტიტულის დაცვა დებიუტანტთან, გურჯაანის ალაზანთან თამაშით დაიწყო: 16 მარტს, ეროვნულ სტადიონზე, ქეცბაიას, კაჭარავას და გოგიჩაიშვილის გოლებით 3:0 მოიგო.

30 მაისს, წყალტუბოს სამგურალთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, იბერია კაპიტანმა კახი ცხადაძემ დატოვა. ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შვედეთში, სუნდვალის გიფ-ში გადავიდა, სადაც უკვე ირიცხებოდა სოსო ჭედია. ამ უკანასკნელმა გიფ-ს პირველი ჩემპიონატის დასრულებისთანავე მიაშურა. ცხადაძის ადგილი დაცვის ცენტრში ახალგაზრდა მამუკა მაჭავარიანმა დაიკავა, გუნდმა კი დარჩენილი ექვსი თამაშიდან ოთხი მოიგო და ჩემპიონის ტიტული დაუმარცხებლად დაიცვა – 14 გამარჯვება და 5 ფრე.

გურია კვლავ მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ ქულით ჩამორჩა იბერიას. 10 აპრილს ლანჩხუთელები 0:3 დამარცხდნენ ქუთაისში და მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ზედიზედ რვა მოგებით დაასრულეს, იბერიას ვეღარ დაეწივნენ. ბრინჯაოს მედალი ქუთაისს ხვდა წილად…

1990 წელს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო სანაკრებო მატჩით აღინიშნა, 1991 წელს კი ერთდროულად ორი თამაში იხილა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა: 25 მაისს, 17 საათზე, ჯერ ჩემპიონატის ლიდერი თბილისის იბერია დაუპირისპირდა სხვა კლუბების ნაკრებ გუნდს, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, 19 საათზე, დინამო 1981-ის და კიევის დინამო 1975-ის ვეტერანებმა ითამაშეს. ამ ორ მატჩზე გაყიდული ბილეთებით შესული თანხა სრულად გადაეცა მიხეილ მესხის ოჯახს. ლეგენდარული გარემარბი ერთი თვით ადრე, 22 აპრილს, 54 წლისა გარდაიცვალა.

უმაღლესი ლიგის კლუბების ნაკრებმა, რომელიც ამ თამაშისთვის რამაზ შენგელიამ, მურთაზ ხურცილავამ, ბადრი ქარქაშაძემ და გაიოზ დარსაძემ დააკომპლექტეს, იბერიის წინააღმდეგ ამ შემადგენლობით ითამაშა: მეკარე გელა ჭანტურია (ზუგდიდის ოდიში); მცველები – გელა კვიტატიანი (ოდიში), დიმიტრი კუდინოვი (რუსთავის გორდა), გოჩა გუჯაბიძე და გოჩა ტყებუჩავა (ორივე ლანჩხუთის გურია); ნახევარმცველები – დავით ცომაია (გურია), გიორგი კილასონია (გორდა), გოჩა გოგრიჭიანი (სოხუმის ცხუმი), მელორ ბიგვავა (ოდიში); თავდამსხმელები – მიხეილ ჯიშკარიანი (ცხუმი), დავით ყიზილაშვილი (ოდიში).

რაც შეეხება იბერიას, ყიფიანმა ძირითად შემადგენლობაში ქუთაისიდან გადაბირებული ნიკა ჩხეიძე (ის პირველი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს), კახი ცხადაძე, მურთაზ შელია, გოჩა ჩიქოვანი, მალხაზ არზიანი, გია ჯიშკარიანი, ზაზა რევიშვილი, კახი გოგიჩაიშვილი, გელა ინალიშვილი, თემურ ქეცბაია და კახი კაჭარავა დააყენა.

მე-7 წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო კლუბების ნაკრების სასარგებლოდ. პირველი გოლი მე-3 წუთზე გაიტანა მელორ ბიგვავამ, მე-7 წუთზე კი მიხეილ ჯიშკარიანმა გააორმაგა უპირატესობა. უკანასკნელი, მესამე გოლი იბერიის კარში ყიზილაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა დავით მახარაძემ (ფოთის კოლხეთი 1913) შეაგდო 69-ე წუთზე. მის გარდა შეცვლაზე ითამაშეს მეკარე მამუკა გვასალიამ (კოლხეთი 1913), ბათუმელმა ანდრო კიურჯიევმა (გოგრიჭიანის ნაცვლად) და კიდევ ერთმა ფოთელმა გია გიგატაძემ (კუდინოვის მაგიერ). იბერიის მაისურით კი მეორე ტაიმში მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი და შოთა არველაძე გამოჩნდნენ.

რაც შეეხება ვეტერანების თამაშს, ის ქართველების სასარგებლოდ დასრულდა – 3:1. გოლები ვაჟა ჟვანიამ, რამაზ შენგელიამ და ლევან ნოდიამ გაიტანეს. კიეველთა ერთადერთი საპასუხო გოლი კი ანატოლი შეპელმა შეაგდო…

ახლა კი კვლავ ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს და სანაკრებო ამბებს დავუბრუნდები. ისტორიაში პირველი გასვლითი შეხვედრისთვის მიწვეული მოთამაშეების სია ლელოში 29 ივნისს გამოქვეყნდა. გიგა ნორაკიძემ ამ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები – ნიკა ჩხეიძე (თბილისის იბერია), მამუკა გვასალია (ფოთის კოლხეთი 1913)

მცველები – კახი ცხადაძე (სუნდვალის გიფ, შვედეთი), გია ჯიშკარიანი, მურთაზ შელია (ორივე იბერია), გოჩა გუჯაბიძე, გოჩა ტყებუჩავა (ორივე ლანჩხუთის გურია), დიმიტრი კუდინოვი (რუსთავის გორდა)

ნახევარმცველები – სოსო ჭედია (სუნდვალის გიფ, შვედეთი), თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (ორივე იბერია), დავით ცომაია (გურია), გია კილასონია (გორდა), მელორ ბიგვავა (ზუგდიდის ოდიში)

თავდამსხმელები – მიხეილ ყაველაშვილი (იბერია), გიორგი დარასელია (ქუთაისი), დავით ყიზილაშვილი (ოდიში), მიხეილ ჯიშკარიანი (სოხუმის ცხუმი).

იმავე დღეს ნაკრები ზესტაფონის მარგვეთს გაეჯიბრა. გიგა ნორაკიძის ბიჭებმა 5:0 გაიმარჯვეს. ორი გოლი ყიზილაშვილმა გაიტანა, თითო ბურთი კი ტყებუჩავამ, ცომაიამ და მიხეილ ჯიშკარიანმა შეაგდეს.

მოლდოვაში გამართულ მატჩს არაერთი ქართველი ჟურნალისტი დაესწრო: ზურაბ მეძველია და ალეკო ჯიბლაძე (გაზეთი ქართული ფეხბურთი), ილია ბაბუნაშვილი (სარბიელი), მერაბ რატიშვილი (დრონი), გია ტუხაშვილი (ახალგაზრდა ივერიელი), ინგა ჩახვაშვილი და ზაზა კახაძე (ლელო), დავით ასათიანი და ჯამლეტ ხუხაშვილი (ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტი)… ფოტოკორესპონდენტი მხოლოდ ქართულმა ფეხბურთმა და ლელომ მიავლინა – ელდარ მალხაზიშვილის და ანზორ კოჭლამაზაშვილის ფოტოები მოგვიანებით გაზეთებშიც დაიბეჭდა.

პირველ საერთაშორისო მატჩში მოლდოველებმა ყვითელ-ლურჯ-წითელი ფორმით იასპარეზეს. საინტერესოა, რომ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში კიშინიოვის ზიმბრუს ათი ფეხბურთელი იყო, მხოლოდ მცველი ალექსანდრუ გუზუნი თამაშობდა ბენდერის ტიგინაში. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, პირველ გასვლით შეხვედრაში გუნდი მთლიანად თეთრი ფორმით შეიმოსა.

გიგა ნორაკიძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობა შეარჩია: იბერიის გოლკიპერი ნიკა ჩხეიძე (საგაზაფხულო ჩემპიონატში მან ზედიზედ თერთმეტ მატჩში არ გაუშვა გოლი და ეს, შესაძლოა, საქართველოს პირველობების რეკორდიც იყოს); მცველები – კაპიტანი კახი ცხადაძე (სუნდვალის გიფ, შვედეთი), დიმიტრი კუდინოვი (გორდა), მურთაზ შელია (იბერია); ნახევარმცველები – დავით ცომაია (გურია), გია კილასონია (გორდა), გია ჯიშკარიანი და თემურ ქეცბაია (ორივე იბერია), მელორ ბიგვავა (ოდიში); თავდამსხმელები – გიორგი დარასელია (ქუთაისი), დავით ყიზილაშვილი (ოდიში). ცხადაძის, კუდინოვის, ბიგვავას და ქეცბაიას გარდა ყველა დებიუტანტი გახლდათ.

ინგა ჩახვაშვილის და ზაზა კახაძის რეპორტაჟში, რომელიც 4 ივლისს გამოქვეყნდა ლელოში, აღნიშნულია:

„მატჩის ორგანიზატორებმა ფეხბურთისათვის ორიგინალური ფორმის გამოძებნა შეძლეს. შეხვედრის დაწყების წინ ისინი სათითაოდ იძახებდნენ ჩვენს ფეხბურთელებს და ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელების მსგავსად, გულშემატკივრებს აცნობდნენ მათ მოკლე ბიოგრაფიას“.

სათამაშო მომენტები უფრო დეტალურად აღწერა ილია ბაბუნაშვილმა 5 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში და მეც მის რეპორტაჟს დავესესხები:

მე-3 წუთზე სერგეი კვასნიკოვმა დავით ყიზილაშვილის დარტყმული ბურთი დაიჭირა, რის შემდეგაც მსაჯმა, მოლდოველმა ალექსანდრ გორინმა, თამაში შეაჩერა – რესპუბლიკურ სტადიონზე შეკრებილმა შვიდ ათასმა ადამიანმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი საქართველოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. აქვე დავწერ, რომ ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი მოლდოველებმა საქართველოში, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხეს.

თამაშის განახლება და ქართველების გოლი ლამის ერთი იყო: თემურ ქეცბაიამ შორიდან, დაახლოებით ოცდახუთი მეტრიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 0:1!

მე-13 წუთზე სტუმართა უპირატესობა გაიზარდა, ამჯერად გიორგი დარასელიამ შეაგდო ბურთი – 0:2.

დაწინაურების შემდეგ ქართველებმა ინიციატივა დათმეს და 22 წლის ნიკა ჩხეიძეც ორჯერ ჩაერთო თამაშში, ორივე შემთხვევაში პეტრუ სირბუს არ გაატანინა გოლი.

27-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი საპასუხო ბურთი მაინც შეაგდეს: ცენტრალური მცველები შეცდნენ, ალექსანდრუ სპირიდონი ჩხეიძესთან პირისპირ გავიდა და ზუსტადაც დაარტყა – 1:2.

შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, მეორე ტაიმი კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვლავ 2:1 მოიგო. 50-ე წუთზე მოლდოველებმა ანგარიში გაათანაბრეს, შეცვლაზე შესულმა გეორგე ჰარეამ ივარგა, მაგრამ საერთო უპირატესობას ქართველები ფლობდნენ და ეს ანგარიშზეც აისახა.

79-ე წუთზე მიხეილ ჯიშკარიანს გააქვს გოლი, სოხუმის ცხუმის ოცდაერთი წლის თავდამსხმელი მელორ ბიგვავას ნაცვლად ჩაერთო თამაშში. დიმიტრი კუდინოვის პასის შემდეგ მან ეფექტურად მოატყუა მეტოქე და ზუსტად დაარტყა – 2:3.

88-ე წუთზე მასპინძლებმა მეოთხედ დაიწყეს ცენტრიდან თამაში: მიხეილ ჯიშკარიანმა სწრაფად გაუთამაშა ბურთი სეხნია ყაველაშვილს და თბილისის იბერიის ცხრამეტი წლის შემტევმაც იერიში გოლით დააგვირგვინა – 2:4. ყაველაშვილი ყიზილაშვილის ნაცვლად შევიდა მინდორზე.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებს სპეციალური პრიზები გადაეცათ: მოლდოველთაგან კაპიტანი სერგიუ სირბუ გამოარჩიეს, საქართველოს ნაკრებიდან კი ნიკა ჩხეიძე. აქვე დავწერ, რომ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა შორის იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ გოჩა ტყებუჩავას (#13), მამუკა მაჭავარიანს (#14) და მეკარე მამუკა გვასალიას (#16).

„ვინაიდან მოლდოველთა გუნდზე ბევრი არაფერი ვიცოდით, გადავწყვიტეთ მეტოქისთვის თავს მოგვეხვია თამაშის ჩვენეული ვარიანტი. თავიდან ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს, თუმცა მერე უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა. მას შემდეგ რაც ანგარიში გათანაბრდა, ჩვენები ისევ გააქტიურდნენ. გაამართლა შეცვლებმაც…

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აუტანელი სიცხე იდგა (+37 გრადუსი ჩრდილში) და ამანაც განაპირობა ბიჭების გადაღლა…

რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, მიმაჩნია, რომ თავის ჩვეულ, მაღალ დონეზე ითამაშეს ნიკა ჩხეიძემ, დიმიტრი კუდინოვმა, გია ჯიშკარიანმა, გიორგი დარასელიამ და შეცვლაზე შესულმა ორმა მიშამ – ჯიშკარიანმა და ყაველაშვილმა. არც დანარჩენებით ვარ უკმაყოფილო…

მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება. ჩვენ, როგორც იტყვიან, შედეგზე ვთამაშობდით და მიზანსაც მივაღწიეთ. ბიჭებმა შეხვედრის ბოლოს ფსიქოლოგიურად დაძლიეს თავისი თავი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პირველი გამარჯვება მოუტანეს. მოხარული ვარ, რომ ეს ჩემი ხელმძღვანელობით მოხდა, მაგრამ მთავარი სამუშაო კიდევ წინაა“… – ეს სიტყვები გიგა ნორაკიძემ თამაშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვა. მისმა კოლეგამ, იონ კარასმა კი განაცხადა, რომ საქართველოს გამარჯვება ფეხბურთელთა მაღალმა ოსტატობამ განაპირობა.

მოლდოვიდან დაბრუნების შემდეგ ნორაკიძემ ნაკრები მხოლოდ წლის მიწურულს შეკრიბა, ავთანდილ ღოღობერიძის თასის მეორე გათამაშებისთვის. ამ ტურნირზე მწვრთნელმა ყველა ლიდერს უხმო, მაგრამ საუკეთესო შემადგენლობას მაინც ვერ მოუყარა თავი. მაგალითად, ძირითადის მცველებმა დიმიტრი კუდინოვმა და მურთაზ შელიამ, ტრავმის გამო, წუთიც ვერ ითამაშეს. გოჩა გოგრიჭიანს მამა გარდაეცვალა და ამის გამო ვერ შეუერთდა გუნდს, ვასილ მიქაბერიძე კი, მიწვევის მიუხედავად, ნაფარეულში ვერ ჩავიდა.

მთავარმა მწვრთნელმა იმ ტურნირზე ნაკრების კანდიდატებიც შეიგულა. გაზეთ ქართული ფეხბურთისთვის მიცემულ ინტერვიუში, 1991 წლის 13 დეკემბერს, ბატონმა გიგამ განაცხადა:

„ახალგაზრდულიდან მომეწონა გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ბადრი კვარაცხელია, გელა გაბისონია, დავით ჯანაშია…
ჯამარაული და ნემსაძე ეროვნულ ნაკრებში მოწვეულნი იქნებიან. ამას უკვე დაბეჯითებით ვამბობ. ყურადღებით დავაკვირდები სხვა მოთამაშეებს და სტაბილურობის შემთხვევაში მოვიწვევ…

ჩემი ყურადღების ქვეშ იქნებიან ბადრი კვარაცხელია, გელა გაბისონია, გია გიგატაძე, გოჩა კვარაცხელია, გელა კვიტატიანი, კახა სიდამონიძე, გიორგი ქინქლაძე, ბუბა ტყავაძე, ძმები არველაძეები, გიორგი ანჩაბაძე, დავით ჯანაშია, არჩილ ჩხაბერიძე“…

იმავე ინტერვიუში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეგმებზეც ისაუბრა. გიგა ნორაკიძის თქმით, ეროვნულმა გუნდმა 1992 წელს ათი-თორმეტი საერთაშორისო მატჩის ჩატარება განიზრახა.

მაგრამ ერთია რას აპირებ, და მეორე – რას შეძლებ. 1992 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები მხოლოდ სამჯერ შეიკრიბა, ისიც შემოდგომით. იმ ამბების გათვალისწინებით, რაც 1991-1992 წლების შესაყარზე დატრიალდა, ესეც საქმე იყო.

თუმცა 1992 წელს კარგი ამბებიც მოხდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუერთდა, სფფ ფიფამ და უეფამ აღიარა.

* * *

2 ივლისი, 1991. ამხანაგური. მოლდოვა, კიშინიოვი, რეპუბლიკანი. 7 000
მოლდოვა 2:4 საქართველო
გოლები: 0:1 თემურ ქეცბაია (5), 0:2 გიორგი დარასელია (13), 1:2 ალექსანდრუ სპირიდონი (27), 2:2 გეორგე ჰარეა (50), 2:3 მიხეილ ჯიშკარიანი (79, დიმიტრი კუდინოვის პასით), 2:4 მიხეილ ყაველაშვილი (88, მიხეილ ჯიშკარიანის პასით)
მოლდოვა: სერგეი კვასნიკოვი, სერგეი სეკუ (იონ ტესტიმიცანუ 60), ალექსანდრუ გუზუნი, სერგიუ სირბუ (კაპ), ემილ კარასი, სერგეი პარხომენკო (გეორგე ჰარეა 46), პეტრუ სირბუ (რადუ რებეჟა 77), ვალერიუ კაპაცანა (სერგეი კლეშენკო 46), სერგეი ნანი, ალექსანდრუ სპირიდონი (იგორ ოვჩერენკო 46), ვიაჩესლავ პროცენკო (სერგეი ჩირილოვი 46)
მწვრთნელი: იონ კარასი
საქართველო: ნიკა ჩხეიძე, დიმიტრი კუდინოვი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი, დავით ცომაია, თემურ ქეცბაია, გია კილასონია, მელორ ბიგვავა (მიხეილ ჯიშკარიანი 59), გიორგი დარასელია, დავით ყიზილაშვილი (მიხეილ ყაველაშვილი 65)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
მსაჯები: ალექსანდრ გორინი; ანატოლი რიბაკი, გენადი კრასნოშანი (მოლდოვა)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 17 აპრილი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; გაზეთები ლელო და ქართული ფეხბურთი
* – 2025 წლის 17 აპრილს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian