ეროვნული ნაკრების ისტორია: ლიეტუვა 1:0 საქართველო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი იმედებით შეხვდა 1992 წელს. თითქმის ორწლიანი, არაღიარებული დამოუკიდებლობის შემდეგ, ფიფამ სფფ 25 თებერვალს დროებით წევრად მიიღო, 25 ივნისს კი იგივე ნაბიჯი გადადგა უეფამ.
2 ივლისს, ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველი გამარჯვებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ჩვენი ფეხბურთის ქომაგების ნატვრა ახდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას შეუერთდა! მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის 48-ე კონგრესი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართა და სასიხარულო ცნობაც სწორედ ამ ლამაზი ქალაქიდან გავრცელდა.

1991 წლის ივლისში, მოლდოვასთან გამარჯვების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიგა ნორაკიძემ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ მომდევნო წელს გუნდმა „ათი-თორმეტი საერთაშორისო მატჩის ჩატარება განიზრახა“.

საქართველოში გაჩაღებული სამოქალაქო ომების და თანამდევი პოლიტიკური კრიზისის გამო, ნაკრების საერთაშორისო თამაში კი არა, მესამე ეროვნული ჩემპიონატიც უდიდესი ძალისხმევით დასრულდა. არანაკლები შრომა დასჭირდა მეოთხე ჩემპიონატის დაწყებას. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, 1992 წლის აგვისტოში გამართული პირველი სანაკრებო შეკრება და კაუნასში ლიეტუვასთან სტუმრობა უკვე დიდი წარმატება იყო. ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვებით.

1991 წლის ივლისში, კიშინიოვში გამარჯვების შემდეგ, ეროვნული ნაკრები მხოლოდ ზამთარში შეიკრიბა. 2-4 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციამ მეორედ გაათამაშა ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის თასი. ოთხთა ტურნირში ამჯერად ნაკრებებმა ითამაშეს: პირველ ნახევარფინალში, ჭაბუკიანში, ოლიმპიურმა ჭაბუკთა გუნდი დაამარცხა – 6:0, ნაფარეულში კი ეროვნულმა, ძალიან დაძაბულ თამაშში, ახალგაზრდულს სძლია – 5:4.

იმ ტურნირზე არაერთმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელიც მომდევნო წლებში ეროვნული ნაკრების მაისურით ვიხილეთ. მაგალითად ჭაბუკთა შორის დავით ჯანელიძემ, გიორგი ანჩაბაძემ, გიორგი ქინქლაძემ და ტყუპებმა, შოთა და არჩილ არველაძეებმა იასპარეზეს; ოლიმპიურში მამუკა მაჭავარიანი, კახა სიდამონიძე, მელორ ბიგვავა, გიორგი დარასელია და ბუბა ტყავაძე ვნახეთ; ახალგაზრდულის მაისური ირაკლი ზოიძემ, ნუგზარ ლობჟანიძემ, გოჩა ჯამარაულმა, გიორგი ნემსაძემ და ბადრი კვარაცხელიამ მოირგეს, ეროვნულის ღირსება კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებმა დაიცვეს, მათ შორის სოხუმის ცხუმის თავდამსხმელმა მიხეილ ჯიშკარიანმა.

ეს უკანასკნელი იმიტომ გამოვარჩიე, რომ სეზონის ბოლოს მან გაზეთ ქართული ფეხბურთის რეფერენდუმში გაიმარჯვა და 1991-1992 წლების საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა. ბასას თასის მეორე გათამაშებას ჯიშკარიანი დიდებულ ფორმაში შეხვდა: ჩემპიონატის პირველ წრეში ოცი გოლი (!) გაიტანა, აქედან შვიდი (!) 22 ნოემბერს შეაგდო ოზურგეთის მერცხალთან 11:0 მოგებულ შეხვედრაში.

ეროვნულმა ახალგაზრდებთან ნახევარფინალი სწორედ ჯიშკარიანის დიდებული თამაშით მოიგო, ცხუმის ფორვარდმა პოკერი შეასრულა! პირველი სამი ბურთი მან ირაკლი ზოიძეს გაუტანა, გამარჯვების მომტანი, გადამწყვეტი გოლი კი 86-ე წუთზე შეაგდო ზოიძის შემცვლელის, აკაკი დევაძის კარში.

ფინალს 4 დეკემბერს თბილისმა უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა იოლად, 4:1 სძლია ოლიმპიურ გუნდს. მატჩის გმირად ამჯერად ზუგდიდის ოდიშში მოთამაშე დავით ყიზილაშვილი მოგვევლინა, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა…

ახალი წლის დადგომამდე ათი დღით ადრე, 1991 წლის 21 დეკემბერს, 65 წლის ჯაბა იოსელიანი ციხიდან გაიქცა და საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ამბოხებულებს შეუერთდა. ამას რაც მოჰყვა ჩემ თაობას კარგად ახსოვს: ორკვირიანი სისხლისმღვრელი დაპირისპირება დედაქალაქის გულში და განადგურებული რუსთაველის პროსპექტი. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა, ხელისუფლება კი ამბოხებულებმა გადაიბარეს, ჯაბა იოსელიანმა, თენგიზ სიგუამ და თენგიზ კიტოვანმა.

საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილმა თბილისის იბერიამ, რომელმაც მესამე ჩემპიონატის პირველ წრეში 61 გოლი (!) გაიტანა, თებერვლის მიწურულს კვიპროსს მიაშურა. საწვრთნელი შეკრება ყოფილი დინამოელის, ვლადიმერ გუცაევის დახმარებით შედგა, რომელიც კვიპროსზე პირველი ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაბარგდა, ფამაგუსტის ანორთოსისმა მიიწვია.

იბერიამ კუნძულზე თითქმის ათი დღე დაჰყო და ხუთი შეხვედრა გამართა. პირველ სამ მატჩში თბილისელებმა მასპინძლებს სძლიეს: ბეზაპაიკოსს 2:1, ლარნაკის ალკის 3:2, ანორთოსისს კი 2:0. 25 თებერვალს ძოძუაშვილის ბიჭებმა შვეიცარიის დაბალი ლიგის კლუბთან, ბიოლესთან „ივარჯიშეს“ – 6:1. რევაზ და არჩილ არველაძეებმა დუბლები შეასრულეს, თითო გოლი კი კახი კაჭარავამ და ზაზა რევიშვილმა შეაგდეს. ეს რიგითი მატჩი იმიტომ გამოვარჩიე, რომ ზუსტად იმ დღეს, 25 თებერვალს, ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დროებითი აღიარების შესახებ აცნობა. იბერიის კვიპროსული შეკრება პოლონეთის ზავიშასთან ყაიმით დასრულდა – 2:2.

გავიდა რამდენიმე დღე და ქართული სპორტისთვის მორიგი სასიხარულო ცნობა გავრცელდა: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, მარკიზ ხუან ანტონიო სამარანჩისგან ფაქსი მიიღო, სადაც ესპანელი მაღალჩინოსანი წერდა, რომ სოკმა სეოკი დროებით წევრად აღიარა და ქართველ ათლეტებს, გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში, ბარსელონის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება დართო.

9 მარტით დათარიღებული ფაქსი გაზეთმა ლელომ 20 მარტს გაავრცელა. იმ დროისთვის მესამე ეროვნული ჩემპიონატი განახლებული იყო, ლიდერმა იბერიამ 16 მარტს ქუთაისს უმასპინძლა და შოთა არველაძის დუბლით და გელა ინალიშვილის და მიხეილ ყაველაშვილის ზუსტი დარტყმებით 4:1 გაიმარჯვა.

თასის მეორე გათამაშების ნახევარფინალში იბერიამ სწორედ ქუთაისს სძლია, მეორე ფინალისტი კი ცხუმი გახდა. სოხუმელებმა ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში აჯობეს ოდიშს – 1:1 და 1:0. ზუგდიდელებს ორივე გოლი მიხეილ ჯიშკარიანმა გაუტანა.

ფინალი დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გაიმართა. იბერია აშკარად უკეთესი იყო და 3:1 მოიგო. გელა ინალიშვილის, ზაზა რევიშვილის და შოთა არველაძის გოლებს სოხუმელთაგან ისევ და ისევ ჯიშკარიანმა უპასუხა.

ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში თბილისელთა მთავარ მეტოქედ ცხუმი იქცა, მაგრამ სიმპათიურმა გუნდმა ვერც აქ აჯობა მეტოქეს. 12 ივნისს, სოხუმში, რევაზ ძოძუაშვილის ბიჭებმა შოთა არველაძის და კახი კაჭარავას გოლებით 2:0 მოიგეს და ფინიშამდე ორი ტურით ადრე ზედიზედ მესამედ გახდნენ ჩემპიონები.

ეროვნული პირველობა 20 ივნისს დასრულდა: იბერიამ ოჩამჩირის ამირანი არ დაინდო – 8:2 (კახი კაჭარავა 2, შოთა არველაძე 2, მიხეილ ყაველაშვილი, რევაზ არველაძე, ვაჟა ჟვანია, არჩილ არველაძე), ცხუმმა 2:1 სძლია გალის მზიურს და მეორე ადგილი დაიკავა, რუსთავის გორდამ კი, წყალტუბოს სამგურალთან 5:2 მოგებით, მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები.

მიხეილ ჯიშკარიანს „ინდივიდუალური დუბლის“ შესრულება შეეძლო, მაგრამ სეზონის მოთამაშის წოდებას ბომბარდირის ტიტული ვერ დაუმატა, არადა 35 გოლით დაასრულა ჩემპიონატი. სოხუმელს ლანჩხუთის გურიის ცენტრფორვარდმა ოთარ კორღალიძემ აჯობა, რომელმაც 40 გოლი გაიტანა და ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა გოლეადორის წოდება. ამ 40 ბურთიდან თითქმის ნახევარი, 18, კორღალიძემ ბოლო რვა თამაშში მიითვალა: გორის დილას, ვანის სულორს და სამტრედიას ჰეთ-თრიქები „უსახსოვრა“, თბილისის შევარდენი 1906-ის კარი კი ოთხჯერ დალაშქრა.

ჩემპიონატის დასრულებისთანავე გამოვლინდა 1992-1993 წლების ევროთასების მონაწილე სამი ქართული კლუბი: იბერიას ჩემპიონთა თასზე უნდა ეთამაშა, ვიცე-ჩემპიონს და თასის ფინალისტ ცხუმს – თასების მფლობელთა თასზე, რუსთავის გორდას კი უეფას თასზე.

26 ივნისს ევროპის მეცხრე, უკანასკნელი რვაგუნდა ჩემპიონატი დასრულდა, რომლის ფინალში რიქარდ მიოლერ-ნილსენის გაწვრთნილმა დანიამ 2:0 დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია. გემახსოვრებათ, დანია სულ ბოლოს დაუშვეს ფინალურ ეტაპზე იუგოსლავიის ნაცვლად. ამ ქვეყანას გაერომ სანქციები დაუწესა, რასაც უეფაც შეუერთდა და ნაკრები ჩემპიონატიდან მოხსნა.

დიდი ევროფინალიდან ორ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ვეტერანთა საინტერესო თამაში შედგა, ქართველებმა სტამბოლის გალათასარაის უმასპინძლეს. უხვგოლიანი დაპირისპირება დამხვდურების სასარგებლოდ დასრულდა – 5:4. ეროვნული ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა რამაზ შენგელიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი თენგიზ სულაქველიძემ და მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანეს. ვეტერანთა ნაკრებში ასევე ითამაშეს რამაზ ურუშაძემ, დავით გოგიამ, თამაზ კოსტავამ, ნოდარ ხიზანიშვილმა, მურთაზ ხურცილავამ, ბესო მჭედლიშვილმა, გოჩა მაჩაიძემ, ვახტანგ კოპალეიშვილმა, ვახტანგ ქორიძემ და ლევან ნოდიამ.

გალათასარაისთან თამაშის მიმოხილვა 1 ივლისს დაიბეჭდა ლელოში. იმავე ნომერში გამოქვეყნდა კახი ცხადაძის ინტერვიუ სათაურით „მე არც ერის მოღალატე ვარ, არც იმპერიის მსახური, მე ქართველი ფეხბურთელი ვარ“. ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიაში მეორე კაპიტანმა ივნისში შვედეთში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნაკრებში, რამდენიმე თვით ადრე კი მოსკოვის სპარტაკის მაისური მოირგო. ჟურნალისტ გია ტუხაშვილთან საუბარში ცხადაძემ დსთ-ის ნაკრების ამბები გაიხსენა და არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:

„აპრილში, ინგლისის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, გაზეთ ქართული ფეხბურთის კორესპონდენტს განვუცხადე, რომ თუ საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ჩემს მოწვევას მიზანშეწონილად ჩათვლიან, მზად ვარ უყოყმანოდ ვითამაშო-მეთქი და ამ აზრზე ვარ დღესაც…

ვიცი, ალბათ, ბევრს აინტერესებს, თუ რატომ ვთამაშობ რუსეთის პირველობაზე მოსკოვის სპარტაკის შემადგენლობაში. გეტყვით გულახდილად – ამის მთავარი და ერთადერთი მიზეზი ევროპის პირველობაზე თამაში იყო, ამის შემდგომ კი რომელიმე ნამდვილ პროფესიონალურ გუნდში მიწვევა…

სადაც ვიქნები, მზად ვარ ყველაფერში დავეხმარო ქართულ ფეხბურთს. დარწმუნებული ვარ, იგივე აზრისანი არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც ამჟამად უცხოეთის კლუბებში გამოდიან. ეს პროცესი, ვფიქრობ, უნდა გაღრმავდეს – რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ქართულ ფეხბურთს უცხოეთის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებთან, ამაში კი დიდ როლს შეასრულებს ქართული კლუბების გასვლა ევროპულ სარბიელზე. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ყველას. ახლა ქართული ფეხბურთის წინაშე გადამწყვეტი ეტაპი დგას. დარწმუნებული ვარ სიძნელეები დაიძლევა და წარმატებებიც მოვა…

მინდა ჩემთვის ყოველთვის ახლობელმა ქართველმა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ კახი ცხადაძე არც „ერის მოღალატეა“, არც „იმპერიის მსახური“, არამედ ქართველი ფეხბურთელია, რომელიც თავის ბრწყინვალე წინამორბედების კვალზე აღიზარდა და უბრალოდ, სურვილი აქვს ითამაშოს დიდი ფეხბურთი. გამგებმა, ვთხოვ, გაიგოს“.

კაპიტნის ინტერვიუს გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, 1992 წლის 2 ივლისს, ქართულმა ფეხბურთმა ნანატრი აღიარება მოიპოვა: ციურიხში, 48-ე კონგრესზე, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა!

სფფ-თან ერთად ფიფას შეუერთდნენ უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის და რუსეთის საფეხბურთო კავშირები, ხოლო სამხრეთი აფრიკის ფეხბურთის ფედერაციას წევრის სტატუსი აღუდგა. ციურიხშივე გაირკვა მსოფლიოს მეთექვსმეტე, 1998 წლის ჩემპიონატის მასპინძელი, ეს პატივი საფრანგეთს ერგო.

კიდევ რამდენიმე დღეში თბილისის იბერიის საერთო კრება შედგა. ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჩემპიონმა ძველი სახელი დაიბრუნა, კლუბის დირექტორთა საბჭომ უეფაში, ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ განაცხადი დინამოს სახელით გააგზავნა.

ქართული კლუბების ევროდებიუტს ყველა მოუთმენლად ელოდა, მაგრამ 15 ივლისს, წილისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, ჟენევიდან უსიამოვნო ცნობა გავრცელდა: ალბანეთის, ხორვატიის და საქართველოს კლუბებს უეფამ ევროტურნირებში მონაწილეობის უფლება არ დართო. მიზეზად დაძაბული პოლიტიკური ვითარება დასახელდა, რაც არ იძლეოდა სტუმარი გუნდების, მსაჯების და მაყურებლების ასი პროცენტით უსაფრთხოების გარანტიას. მცირე ხნით ადრე უეფამ იუგოსლავიის კლუბებიც მოკვეთა. ამ ოთხი ქვეყნისგან განსხვავებით, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, რუსეთის, სლოვენიის, ისრაელის, ფარერის კუნძულების და ლიხტენშტაინის კლუბებს ძალიან გაუმართლათ.

ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობის ნაცვლად დინამომ, ერთი წლის წინანდელის მსგავსად, პოლონეთს მიაშურა – უცვლელმა ჩემპიონმა ახალი სეზონისთვის მზადება კვლავ ამ ქვეყანაში დაიწყო: 29 ივლისს 5:2 აჯობა კატოვიცეს გკს-ს (შოთა არველაძე 3, გელა ინალიშვილი, გიორგი ქინქლაძე); 31 ივლისს 4:0 მოუგო სოსნოვიცეს ზაგლებიეს (ქინქლაძე 2, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი); 1 აგვისტოს 3:2 სძლია ლიპინის ნაპშუდს (ყაველაშვილი, შოთა და რევაზ არველაძეები); 4 აგვისტოს ამავე ანგარიშით დაამარცხა პიოტრკოვ-ტრიბუნალსკის კონკორდია (შოთა არველაძე 2, ყაველაშვილი); 6 აგვისტოს კი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა გკს-ს – 1:2 (შოთა არველაძე). თბილისელები პოლონეთიდან ზაზა რევიშვილის გარეშე დაბრუნდნენ, მან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კატოვიცეს კლუბთან. ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორმა გია გურულმა კი, ვინც პირველი ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ გადაინაცვლა გკს-ში, საფრანგეთის ლე ავრს მიაშურა.

ევროპის საკლუბო ტურნირებში ქართული კლუბების არდაშვება რომ ნაჩქარევი ნაბიჯი არ იყო, ივლის-აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო: აფხაზმა სეპარატისტებმა ჯერ „დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“, მოგვიანებით კი მათმა ეგრეთ წოდებულმა „ეროვნულმა გვარდიამ“ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნა. ამის საპასუხოდ, 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა აფხაზეთში შევიდა. ქართველებმა იოლად დაიკავეს რამდენიმე ქალაქი, მაგრამ ნელ-ნელა სეპარატისტების თავდასხმები გახშირდა და პროცესი შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას ეგიდით პირველი საერთაშორისო მატჩისთვის მზადება ქვეყანაში გაჩაღებული სამოქალაქო ომის ფონზე დაიწყო, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ქუთაისში, საღორიის ბაზაზე მოიყარეს თავი. შეკრება მთლიანად ქუთაისის ტორპედოს მესვეურებმა დააფინანსეს. იმ დროს მეოთხე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური სანახევროდ დასრულებული იყო.

ფეხბურთის ფედერაციის და გიგა ნორაკიძის თანხმობით, ნაკრებს ტორპედოს ბაზაზე რამდენიმე ჟურნალისტიც შეუერთდა. იმ დღეებს ერთ-ერთი მათგანის, ზურაბ მეძველიას რეპორტაჟის დახმარებით გავიხსენებ. მისი ჩანახატი ჟურნალ გოლის 1992 წლის სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა.

პირველ შეკრებაზე მხოლოდ თოთხმეტი ფეხბურთელი გამოცხადდა. გოჩა გუჯაბიძე (გურჯაანის ალაზანი) მეოთხე ეროვნული ჩემპიონატის პირველივე ტურში დაშავდა რუსთავის გორდასთან მატჩში, ტვინის შერყევა მიიღო; ჯუბა ჩუხუას (თბილისის მრეტები) ბრმა ნაწლავის შეტევა დაემართა, სოხუმის ცხუმის ლიდერებს მიხეილ ჯიშკარიანს, მელორ ბიგვავას და იური გაბისკირიას კი ფეხბურთისთვის უბრალოდ არ ეცალათ, ოჯახების და ახლობლების სამშვიდობოს გაყვანას ცდილობდნენ. შეკრებას სულ ბოლოს გამოაკლდა თბილისის დინამოს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებული შოთა არველაძე, რომელმაც მუხლი იტკინა.

აღარ ელოდნენ დინამოელ მურთაზ შელიასაც. ის სამოქალაქო ომის შუაგულში, მშობლიურ ოჩამჩირეში იმყოფებოდა, მაგრამ ახალგაზრდა მცველმა ოცდაათი(!) კილომეტრი იარა ფეხით, სანამ პირველ ავტომობილს დაემგზავრებოდა და ასე ჩააღწია ქუთაისში.

სათქმელია შევარდენი 1906-ში მოთამაშე დავით ყიზილაშვილის და აკაკი დევაძის თავს გადახდენილი ამბავიც. ისინი ყიზილაშვილის მანქანით გაემგზავრნენ თბილისიდან, ქუთაისის შესასვლელთან კი ავტომატებით შეიარაღებულმა უცნობებმა გააჩერეს. უსიამოვნო შემთხვევა მშვიდობით განიმუხტა…

„გუნდმა გეგმის მიხედვით მხოლოდ პირველ თხუთმეტ წუთს ითამაშა“, – ეს სიტყვები გიგა ნორაკიძემ 17 აგვისტოს, სამგურალთან 4:2 მოგებული საწვრთნელი მატჩის შემდეგ განაცხადა. წყალტუბოელებს დავით ყიზილაშვილმა, რევაზ არველაძემ, გიორგი ნემსაძემ და დავით ნეფარიძემ გაუტანეს გოლები.

სამ დღეში ეროვნული გუნდი ტორპედოს გაეჯიბრა და ყიზილაშვილის დუბლით, 88-ე და 89-ე წუთებზე შეგდებული ბურთებით მოიგო. ყოველი შემთხვევისთვის დავწერ, რომ ანგარიში ტორპედოელმა ზურაბ იონანიძემ გახსნა, მაგრამ თამაშგარეს გამო მისი გოლი არ ჩაითვალა. გიგა ნორაკიძე ეროვნულ გუნდთან ერთად ტორპედოსაც წვრთნიდა და როგორც ორივე გუნდის თავკაცმა, სრულად ისარგებლა მწვრთნელის უფლებით – ნაკრებში გამოძახებული დავით ჯანაშია და გიორგი დარასელია იმ დღეს ქუთაისელთა შემადგენლობაში ათამაშა…

აქვე საინტერესო ფაქტის შესახებ: ტორპედომ მეოთხე ეროვნული ჩემპიონატი ქუთაისის სახელით დაიწყო, მაგრამ 17 აგვისტოს დამფუძნებელმა საბჭომ გუნდს ძველი სახელი დაუბრუნა. ამის შესახებ პირველად სწორედ ნაკრებთან საწვრთნელი მატჩის წინ გამოაცხადა დიქტორმა.

ქუთაისური რეპორტაჟი ზურაბ მეძველიამ ასე დაასრულა: „არაფერია სადავო იმაში, რომ ჩვენი ჟურნალისტები მუშაობის პირობებით უცხოელ კოლეგებთან შედარებით ქვის ხანაში ვიმყოფებით. ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების ხელმძღვანელობამ ისეთი შანსი მოგვცა, სხვა ქვეყნის ჟურნალისტები მხოლოდ სიზმარში რომ ხედავენ – მთელი შეკრება გუნდთან ერთად ვიყავით ტორპედოს მშვენიერ ბაზაზე.

ბევრი რამის გაგება და ნახვა მოვასწარით. ყველაფერს ეს რეპორტაჟი ვერ დაიტევს, მაგრამ მაინც მოგახსენებთ, რომ ყიზილაშვილი ისევე კარგად ხმარობს ნარდის კამათელს, როგორც ფეხს მოედანზე; რომ არველაძე, ცომაია, ჯიშკარიანი და დარასელია ფეხბურთზე არანაკლებ დომინოს ურახუნებენ; რომ ჩიქოვანი ტელევიზიით გადმოცემულ საინფორმაციო გამოშვებას არ აცდენს და რომ ყველასთვის იმ დღეებში ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი – რა ხდებოდა აფხაზეთში.

ბოლოს კი ყველა ერთად შეიკრიბებოდა და დაიწყებოდა: ჩვენებმა სოხუმი აიღეს, მარიანამ შვილი იპოვა (ფილმი იმაზე, თუ როგორ ტირიან მდიდრები, დღის რეჟიმშიც იყო შეტანილი), რომას მაჟეიკისი თბილისის ანცში გადმოსულა, გია გურული საფრანგეთში გადასულა და ისევ და ისევ აფხაზეთი…

ძილი კი ყველას ერთნაირი ჰქონია – დილის ვარჯიშზე არავინ აგვიანებდა“.

იმერული შეკრების დასრულების შემდეგ, ლიეტუვაში გამგზავრებამდე, ჩემპიონატის მეორე და მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. თბილისის დინამომ 24 აგვისტოს ჯერ სამტრედიაში გაიმარჯვა – 2:1, სამი დღის შემდეგ კი ლიდერებისგან დაცლილ გურიას უმასპინძლა (თითქმის ყველა საუკეთესო ლანჩხუთელმა ფეხბურთელმა გურჯაანის ალაზანში გადაინაცვლა) და საქართველოს თასის პირველი მფლობელი არ დაინდო – 6:0. ტრავმამოშუშებულმა შოთა არველაძემ ამ ორ თამაშში ექვსი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. შოთამ სამტრედიას დუბლი შეუსრულა, გურიის კარი კი ოთხჯერ დალაშქრა.

აგვისტოს ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატს პირველი კლუბი გამოაკლდა – ოჩამჩირის ამირანი. პირველ ტურში, 10 აგვისტოს, ამირანი 1:4 დამარცხდა გურიასთან, შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო კი ფეხბურთელები უბრალოდ ვეღარ შეიკრიბნენ. კლუბის ხელმძღვანელობამაც გადაწყვეტილება ფედერაციას აცნობა. სფფ-მ ღირსეული ნაბიჯი გადადგა – ამირანს უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა, ჟურნალ გოლისთვის მიცემულ ინტერვიუში (#1, 1992 წლის სექტემბერი), განაცხადა:

„გვინდოდა ჩარტერული რეისით გავმგზავრებულიყავით ლიეტუვაში. სამწუხაროდ, საქართველოში ისედაც მძიმე მდგომარეობის გართულებამ და დიდმა ხარჯებმა ხელი აგვაღებინა განზრახვაზე. ახლა იძულებული ვართ თვითმფრინავით მინსკში ჩავფრინდეთ და შემდეგ ავტობუსით წავიდეთ თამაშის ადგილამდე. სულ ოცდაექვსი კაცი მიემგზავრება, რაც ასეთი დელეგაციისთვის მინიმუმია“.

მეკარეები აკაკი დევაძე (თბილისის შევარდენი 1906) და დავით ჯანელიძე (თბილისის მრეტები); მცველები დიმიტრი კუდინოვი, გოჩა ჩიქოვანი (ორივე თბილისის დინამო) და კახა სიდამონიძე (მრეტები); ნახევარმცველები გია ჯიშკარიანი, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე (ყველა შევარდენი 1906), დავით ცომაია (გურჯაანის ალაზანი), გიორგი დარასელია (ქუთაისის ტორპედო), რევაზ არველაძე (დინამო), როსტომ თორღაშვილი (ბათუმი); თავდამსხმელები გიორგი ქინქლაძე (მრეტები), დავით ჯანაშია (ტორპედო), შოთა არველაძე (დინამო) და დავით ყიზილაშვილი (შევარდენი 1906) – ამ შემადგენლობით გაემგზავრა ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში.

გუნდთან ერთად უნდა ყოფილიყო მურთაზ შელიაც, მაგრამ ის ბოლო მომენტში დაშავდა. ასევე ტრავმის გამო გამოაკლდა ნაკრებს მალხაზ არზიანი (დინამო), სოხუმელებს კი ნაკრების ხელმძღვანელებმა, გასაგები მიზეზების გამო, აღარ უხმეს.

თბილისიდან კაუნასამდე ჩვიდმეტსაათიანი(!) მგზავრობის შემდეგ ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში ჩავიდა, მასპინძლებმა კი სტუმრები სპორტდარბაზში შეასახლეს, ოთხადგილიან ნომრებში, სადაც ცხელი წყალი არ მოდიოდა.

გაზეთ ქართულ ფეხბურთში (#33; 1992 წლის 11 სექტემბერი) გამოქვეყნებულ მატჩის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ეროვნული გუნდის ისტორიაში ფიფას ეგიდით გამართულ პირველ მატჩს ჩვენი პრესის და ტელევიზიის თანამშრომლები ვერ დაესწრნენ, მაგრამ ერთმა ჟურნალისტმა მაინც მოახერხა კაუნასში ჩასვლა.

ზურაბ მეძველიას რეპორტაჟიდან: „სადილზე მასპინძლებმა (თუ შეიძლება მათ ასე ეწოდოთ) კიდევ ერთხელ გაგვაოცეს – ჩვენი მაგიდის გვერდით… ქელეხი მიმდინარეობდა. იმ მწირ საკვებს, რომელიც ჩვენთვის გაიმეტეს, სამგლოვიარო სიმღერების თანხლებით გეახელით“.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას ეგიდით გამართული პირველი თამაში თეთრი მაისურებით და შორტებით და შავი გეტრებით დაიწყო. გუნდის კაპიტანი შევარდენი 1906-ის ერთ-ერთი ლიდერი გია ჯიშკარიანი გახლდათ, ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა კი პირველად ითამაშა ნაკრებში: მეკარე აკაკი დევაძემ, მცველებმა კახა სიდამონიძემ და გოჩა ჩიქოვანმა, ნახევარმცველებმა კახი გოგიჩაიშვილმა და რევაზ არველაძემ, ასევე გუნდის ყველაზე უმცროსმა წევრმა, ცხრამეტი წლის შოთა არველაძემ. შეცვლაზე შესული ორივე ფეხბურთელიც დებიუტანტი გახლდათ – გიორგი ნემსაძე და დავით ჯანაშია. ორივემ არვეკლაძე შეცვალა – პირველი რევაზის ნაცვლად ჩაერთო თამაშში, მეორემ კი შოთას ადგილი დაიკავა.

ზურაბ მეძველიას ზემოხსენებული რეპორტაჟის თანახმად, მატჩი ქართველთა უპირატესობით წარიმართა: პირველ ტაიმში გიორგი დარასელიამ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ორივე შემთხვევაში რამდენიმე მცველს აჯობა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა…

ყიზილაშვილს და გოგიჩაიშვილს მასპინძელთა მეკარემ და კაპიტანმა, გინტარას სტაუჩემ აჯობა. ეს უკანასკნელი, ყიზილაშვილთან ერთად, საუკეთესო ფეხბურთელის სიმბოლური პრიზით დაჯილდოვდა…

ტაიმის მიწურულს რევაზ არველაძე საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ ლატვიელმა არბიტრმა წესების დარღვევა ვერ შენიშნა…

მეორე ნახევარშიც არაფერი შეცვლილა, ეგაა მხოლოდ, რომ საფინალო სასტვენამდე ოცი წამით(!) ადრე ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების კარში გავიდა – შეცვლაზე შესულმა არუნას მიკამ აკაკი დევაძის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა, 0:1.

ლიეტუვის ნაკრებმა, რომელიც დანიასთან მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ემზადებოდა, 52-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა კაუნასში და კვლავ მოიგო. ნორაკიძის გუნდისგან განსხვავებით, ალგიმანტას ლიუბინსკასის ბიჭებისთვის ეს მეათე საერთაშორისო მატჩი იყო 1992 წელს.

„ის, რომ შეხვედრა გაიმართა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის სპეციალური ფონდის პრეზიდენტის თორნიკე ფიფიას უდიდესი დამსახურებაა. სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა სპეციალური ავიარეისის გამოყოფა და ჩვენი ლიეტუვაში გამგზავრება…

ამ თამაშმა უდავოა რომ სარგებლობა მოგვიტანა. გამოჩნდა ის დიდი პოტენციალი, რომელიც გუნდს გააჩნია, მაგრამ სამუშაოც ბევრი გვაქვს.

ლიეტუვაში წაგება ძირითადად ნაკრებების დონეზე სათამაშო პრაქტიკის უქონლობამ გამოიწვია. ამ ეტაპზე ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, ეს კი უთუოდ დასაფასებელია. თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა, ამდენად წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით“, – ეს სიტყვები ეროვნული ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა რამაზ შენგელიამ გაზეთ ქართულ ფეხბურთს განუცხადა (#33; 1992 წლის 11 სექტემბერი).

იმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ სექტემბერში ნაკრები კიდევ ერთ საერთაშორისო მატჩს გამართავდა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი გურჯაანში მიიწვია. მეზობლების ნაკრები პირველად სწორედ მაშინ შეიკრიბა…

* * *

2 სექტემბერი, 1992. ამხანაგური. ლიეტუვა, კაუნასი, სტეპონას დარიუსი და სტასის გირენასი. 2 000
ლიეტუვა 1:0 საქართველო
გოლები: 1:0 არუნას მიკა (90)
ლიეტუვა: გინტარას სტაუჩე (კაპ), რემიგიუს საკალასი, რომას მაჟეიკისი, რაიმონდას ვაინორასი (არუნას მიკა 46), ვალდას ურბონასი (ვიკტორას ოლშანსკისი 38), რიჩარდას ზდანჩიუსი, ანდრიუს ტერეშკინასი, ვირგინიუს ბალტუშნიკასი, აუდრიუს ჟუტა (ირმანტას სტუმბრისი 73), ეიმანტას პოდერისი, ვაიდოტას შლეკისი (რემიგიუს პოციუსი 69)
მწვრთნელი: ალგიმანტას ლიუბინსკასი
საქართველო: აკაკი დევაძე, კახი გოგიჩაიშვილი, კახა სიდამონიძე, დიმიტრი კუდინოვი, გია ჯიშკარიანი (კაპ), დავით ცომაია, გიორგი დარასელია, რევაზ არველაძე (გიორგი ნემსაძე 56), გოჩა ჩიქოვანი, დავით ყიზილაშვილი, შოთა არველაძე (დავით ჯანაშია 63)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
გაფრთხილება: გია ჯიშკარიანი
მსაჯი: ვიტალის ლიოლაიში (ლატვია)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 24 აპრილი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; გაზეთი ლელო; ჟურნალი გოლი
* – 2025 წლის 24 აპრილს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian