FIA Awards: წლის საუკეთესო ავტომრბოლები

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის გალა-დაჯილდოებაზე ორგანიზაციის ეგიდით გამართული რბოლების ჩემპიონებს კუთვნილი პრიზები გადასცეს. ღონისძიებას სანკტ-პეტერბურგის აკადემიურმა ფილარმონიამ უმასპინძლა.

საღამოს მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ფორმულა 1-ის ჩემპიონების და პრიზიორების დაჯილდოება გახლდათ. FIA-ს ბელგიელმა პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ჩემპიონის თასები გადასცა ბრიტანელ ლუის ჰემილტონს და კონსტრუქტორთა თასის მომგებ მერსედესის გუნდს. ჰემილტონს მეორე ჯილდოც ერგო – ის ავტოსპორტის სამყაროში წლის ადამიანი გახდა! შესაბამისი პრიზები მიიღეს სამეფო რბოლის 2018 წლის ჩემპიონატის მეორე და მესამეადგილოსნებმა – სებასტიან ფეტელმა (გერმანია) და კიმი რაიკონენმა (ფინეთი). 2018 წლის სეზონი მათ, გეცოდინებათ, ფერარის ბოლიდის საჭესთან გაატარეს.

FIA-ს პრეზიდენტის სპეციალური პრიზები გადაეცათ ფორმულა 1-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჩეიზ კერის, მერსედესის გუნდის შეფს ტოტო ვოლფს და ამავე გუნდის მრჩეველს, ფორმულა 1-ის 3-გზის ჩემპიონს ნიკი ლაუდას. ლეგენდარულმა ავსტრიელმა სეზონის მეორე ნახევარი, ფილტვებზე გადატანილი უმძიმესი ოპერაციის გამო, გამოტოვა.

შარლ ლეკლერი, რომელიც გაისად ფერარის მეორე პილოტი იქნება, სეზონის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელეს, ხოლო მექსიკის გრან-პრი – წლის რბოლად.

ჩემპიონის თასები გადაეცათ ჯორჯ რასელს (ფორმულა 2), ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟს მიკს ფორმულა 3-ის ევროპულ სერიაში ტრიუმფისთვის, ჟან-ერიკ ვერნს (ფორმულა E) და სებასტიან ოჟიეს (სერია WRC).

FIA-ს გალა-დაჯილდოებას მომავალ წელს პარიზი უმასპინძლებს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 8 დეკემბერი)

ka_GEGeorgian