ეროვნული ნაკრების ისტორია: ისრაელი 2:0 საქართველო
მალტის ოთხთა ტურნირიდან დაბრუნებული ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციაში უმასპინძლა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ დელეგაცია რამდენიმე დღეში კვლავ გაემგზავრებოდა უცხოეთში, ამჯერად ისრაელში – ეროვნულ ნაკრებს ჯერ მასპინძელთა პირველ გუნდთან მატჩი ელოდა, შემდეგ კი ოლიმპიურ შემადგენლობასთან დაპირისპირება.
როთმენსის თასზე გამართული სამი თამაშის მსგავსად ქართველმა გულშემატკივარმა ვერც ისრაელში ჩატარებული ორი შეხვედრის რეპორტაჟი იხილა. 4 მარტს, ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, სადაც ისრაელში გამართული ტურნე შეჯამდა, ითქვა, რომ ისრაელის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ვიდეოჩანაწერი ფედერაციას ჰქონდა და მალე მას ტელევიზიითაც აჩვენებდნენ. სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა, მხოლოდ ფრაგმენტები გავრცელდა, ისიც საინფორმაციო გამოშვებების სპორტის ბლოკში.
თუ ფედერაციის თანამშრომლების მიერ ისრაელიდან ჩამოტანილ რუსულენოვან პრესას დავუჯერებთ, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა მიერ გაცუდებული მომენტები რომ არა, ფრედ დასრულდებოდა. მაგალითად, გაზეთ ვრემიაში ასეთ სიტყვებსაც ამოიკითხავდით: „საქართველოს ეროვნული ნაკრები მწვავე, ტექნიკურ და იმედისმომცემ ფეხბურთს თამაშობს“.
ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის აშდოდში გამართული მატჩი რიგით მეათე იყო, მასპინძლებისთვის კი 281-ე. ისრაელის ნაკრები იმ დროს ძალიან ცუდ ფორმაში იყო, შლომო შარფის გუნდს მანამდე გამართული ჩვიდმეტი თამაშიდან ერთადერთი ჰქონდა მოგებული. მაგრამ ის ერთი გამარჯვება ისეთი იყო, ნამდვილად ღირს მოსაგონებლად – მსოფლიოს 1994 წლის შესარჩევ ტურნირში ისრაელმა პარიზში დაამარცხა საფრანგეთი, 3:2! არადა, 84-ე წუთამდე ებრაელი ფეხბურთელები აგებდნენ…
ჩვენმა გუნდმა მატჩი შინდისფერი მაისურებით, შავი ტრუსებით და თეთრი გეტრებით დაიწყო. ალექსანდრე ჩივაძის გადაწყვეტილებით, ძირითად შემადგენლობაში ხუთი დინამოელი მოხვდა: მცველები ბესიკ ბერაძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ზაზა რევიშვილი და ნახევარმცველები გიორგი ნემსაძე და გოჩა ჯამარაული.
პირველი სახიფათო მომენტი ტრაბზონსფორში დიდებულად მოთამაშე შოთა არველაძემ შექმნა: მე-6 წუთზე ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი რაფი კოენმა მოიგერია. საინტერესოა, რომ შოთამ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში ტყუპისცალთან, არჩილთან ერთად. ჩივაძე შოთას ბოლომდე ენდო, აჩი კი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა მიხეილ ყაველაშვილით.
ამ უკანასკნელთან ერთად ჩაერთო თამაშში გია გურული, რომელმაც ბათუმელი დებიუტანტის, თემურ ტუღუშის ადგილი დაიკავა. უცნაურია, მაგრამ ჩვენი ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორისთვის ეს მხოლოდ მეორე გამოჩენა იყო ქვეყნის პირველ გუნდში. იმ პერიოდში გია საფრანგეთში, ლე ავრში თამაშობდა, სადაც 1992-1993 წლების სეზონის წინ გადავიდა კატოვიცეს გკს-ში გატარებული სეზონნახევრის შემდეგ…
მასპინძლებმა თამაში ტაიმის შუაში გაათანაბრეს, 27-ე წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს: საქართველოს ნაკრების კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ჰაიფას მაქაბის ფორვარდმა ეიალ ბერკოვიჩმა ჩააწოდა, იერუსალიმის ბეითარში მოთამაშე ელი ოჰანამ კი ყველას დაასწრო და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0.
მომდევნო სახიფათო მომენტიც მასპინძლებმა შექმნეს, ალონ ჰაზანის დარტყმის შემდეგ აკაკი დევაძეს კარის ძელი „დაეხმარა“, ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი კვლავ შოთა არველაძემ შეუტია სახიფათოდ, კოენიც მოატყუა და ბურთი ცარიელი კარისკენ გააგორა, თუმცა მასპინძლები კაპიტანმა და ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ ნირ კლინგერმა იხსნა.
შესვენების შემდეგ შლომო შარფმა ერთბაშად ხუთი მოთამაშე შეცვალა, მათ შორის მეკარე – რაფი კოენის ნაცვლად კარში ბონი გინზბურგი ჩადგა და სწორედ ის იქცა ტაიმის გმირად. მეორე ნახევრის საწყის წუთებში მან ორჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან, 66-ე წუთზე კი პენალტიც მოიგერია: საჯარიმოში შეჭრილი გია გურული კლინგერმა მოცელა, თერთმეტმეტრიანი კი, რატომღაც, გურულმა კი არა, ზაზა რევიშვილმა შეასრულა. სამწუხაროდ, მეკარემ იმარჯვა. ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩივაძემ თქვა: „რევიშვილმა გამოიჩინა ინიციატივა და გურულმაც დაუთმო. ასეთი რამ აღარ განმეორდება“.
ცნობისათვის: ჩვენი ნაკრების ისტორიაში ეს იყო პირველი ვერგამოყენებული პენალტი. რევიშვილამდე გია ჯიშკარიანმა (1992 წელს აზერბაიჯანთან), კახი გოგიჩაიშვილმა (1992 წელს აზერბაიჯანთან) და თემურ ქეცბაიამ (1994 წელს მალტასთან) დაარტყეს და ყველამ ზუსტად.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მალე გოლი იმ გუნდის კარში გავიდა, რომელმაც რეალური მომენტი ვერ გამოიყენა: 77-ე წუთზე დევაძემ ცუდად მოიგერია რეუვენ ატარის დარტყმული ბურთი, ოჰანამ კიდევ ერთხელ დაასწრო ყველას და მეორედ შეარხია ჩვენი ნაკრების კარის ბადე – 2:0.
აზერბაიჯანელი ნაზიმ სულეიმანოვის შემდეგ ელი ოჰანა გახდა მეორე, ვინც საქართველოს წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ სულეიმანოვმა 1992 წლის 17 სექტემბერს, გურჯაანში, ერთი ბურთი პენალტით შეაგდო, ოჰანამ კი ორივე გოლი თამაშიდან გაიტანა…
კახი ცხადაძემ იმ დღეს მეექვსედ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, აქედან მეოთხედ კაპიტნის სტატუსით. გაზეთ ლელოსთან ინტერვიუში, ისრაელის ტურნეზე საუბრის მიწურულს, მან თქვა: „გადაეცით ქართველ გულშემატკივრებს, რომ საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვყავს. ყველა შანსი გაგვაჩნია წარმატებით ვიასპარეზოთ მეშვიდე შესარჩევ ჯგუფში“.
ისრაელში მყოფმა საქართველოს დელეგაციამ მალე სამწუხარო ამბავი შეიტყო: 25 თებერვალს გივი ჩოხელი გარდაიცვალა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მცველი, ევროპის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული (სლავა მეტრეველთან და მიხეილ მესხთან ერთად), თბილისის დინამოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი და გუნდის უფროსი 56 წლის იყო…
28 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჰაიფაში გადაინაცვლა, სადაც ისრაელის ოლიმპიურ გუნდს დაუპირისპირდა. ჩივაძის ბიჭებმა ამჯერად გაიმარჯვეს, 3:1. ყველა გოლი ქართველებმა შეაგდეს, მათ შორის ერთი საკუთარ კარში: 38-ე წუთზე ნუგზარ ლობჟანიძემ… ნიკა ჩხეიძე დაამწუხრა.
თბილისის დინამოს მცველმა იმ დღეს მესამედ მოირგო ნაკრების მაისური და… მეორე ავტოგოლი მიითვალა! გემახსოვრებათ: ერთი წლით ადრე, 1993 წლის მაისში, მისი შეცდომის გამო ეროვნული გუნდი აზერბაიჯანში დამარცხდა. განჯაში გამართული მატჩისგან განსხვავებით, ქართველები ჰაიფაში, ლობჟანიძის ავტოგოლამდე, სამი ბურთით იგებდნენ: ჯერ ყაველაშვილმა დააწინაურა გუნდი, შემდეგ დავით ჯანაშიამ შეაგდო მეორე გოლი, გოჩა ჯამარაულის ზუსტი დარტყმის შემდეგ კი ჩივაძის ბიჭების უპირატესობა სამბურთიანი გახდა…
მეხუთე ეროვნული ჩემპიონატი 8 მარტს განახლდა, მანამდე კი, მარტის დასაწყისში, მეორედ გათამაშდა აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის თასი მინი-ფეხბურთში. ფინალში ზაზას მეგობრების გუნდმა ბენდელამ ბუბა ტყავაძის და კახა ჭუმბურიძის გოლებით მორკინალი დაამარცხა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი რუსთავის მეტალურგმა ბადრი კვარაცხელიას ერთადერთი გოლით ბაღდათის ბაასს სძლია.
ბენდელას თასის მეორე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად ჩემპიონთა ერთ-ერთი ლიდერი დავით სოლოღაშვილი აღიარეს, მორკინალის წევრი ვასილ მაისურაძე კი თორმეტი გოლით ბომბარდირი გახდა. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გოდერძი ნატროშვილს (ბენდელა) ერგო, დინამოელი ლევან ცქიტიშვილის გოლი კი ულამაზესად დაასახელეს…
7 მარტს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა შედგა, რომელმაც ასაკობრივი ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელები და მესამე ყრილობის თარიღი დაამტკიცა. ჩვენი ფეხბურთის მმართველებმა ოლიმპიური, ანუ ახალგაზრდული ნაკრები შოთა ჭეიშვილს ჩააბარეს, მის თანაშემწეებად კი ელგუჯა გუგუშვილი და ვახტანგ კოპალეიშვილი დანიშნეს. 18-წლამდელები ნიკა ამირეჯიბს ანდეს თენგიზ კაციასთან და თენგიზ სულაქველიძესთან ერთად, 16-წლამდელთა მთავარ მწვრთნელად გაიოზ დარსაძე დამტკიცდა, 14-წლამდელთა მომზადება კი ნოდარ აკობიას და გია გეგუჩაძეს დაევალათ. რაც შეეხება ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობას, მისი გამართვა 1994 წლის 17 სექტემბერს გადაწყდა.
მეხუთე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი 8 მარტს დაიწყო, თბილისის დინამომ მიხეილ ყაველაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გოლებით 2:0 დაამარცხა სამტრედია, 13 მარტს კი ყოფილმა დინამოელმა პირველი „ქართული გოლი“ გაიტანა გერმანიის ბუნდესლიგაში: კიოლნში გადაბარგებულმა რევაზ არველაძემ შტუტგარტის კარი 90-ე წუთზე დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:1.
მარტში დინამომ კიდევ ოთხჯერ ითამაშა და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა: ჩემპიონატში ზედიზედ სძლია შევარდენი 1906-ს (2:0), ქუთაისის ტორპედოს (3:1) და ბათუმს (3:2), 26 მარტს კი, თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში, მიწასთან გაასწორა წყალტუბოს სამგურალი – 11:0! იაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, გიორგი ნემსაძემ – დუბლი, თითო გოლი კი ყაველაშვილმა, რევიშვილმა, გელა ინალიშვილმა, გიორგი კიკნაძემ, დავით ნეფარიძემ და გიორგი ანჩაბაძემ შეაგდეს. საერთო ჯამში რვა დინამოელმა გამოიჩინა თავი, რაც, შესაძლოა, ტურნირის რეკორდიც იყოს…
5 აპრილს ფეხბურთის ფედერაციამ უეფადან სასიხარულო ფაქსი მიიღო: ევროპული ფეხბურთის მმართველმა სახლმა ქვეყნის უცვლელ ჩემპიონს ორწლიანი სასჯელი შეუმცირა! რენე ებერლეს ხელმოწერით მიღებულ წერილში აღნიშნული იყო, რომ თუ დინამო ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებდა, 1994-1995 წლების სეზონიდანვე ჩაერთვებოდა შესაბამის გათამაშებაში:
„ძვირფასო ბატონებო!
ჩვენ ვეყრდნობით თქვენი ფედერაციის მიერ უეფას აღმასრულებელი კომიტეტისადმი თბილისის დინამოს თაობაზე გამოგზავნილ მიმართვას, რაც შეიცავს თხოვნას შემცირდეს უეფას სადისციპლინო კომისიის სანქცია, რომელიც შედეგად მოჰყვა თქვენი გუნდისა და ლინფილდის 1993 წლის 18 აგვისტოს მატჩის ირგვლივ მომხდარ მოვლენებს.
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ეს საკითხი 1994 წლის 30 მარტს ბარსელონაში გამართულ სხდომაზე განიხილა და გაითვალისწინა თქვენი ფედერაციისა და კლუბის მიერ წამოყენებული არგუმენტები. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენი მიმართვა აღმასრულებელმა კომიტეტმა დააკმაყოფილა, მაგრამ მკაცრი გამონაკლისის სახით და იმ საგანგებო გარემოებათა და პრობლემათა გათვალისწინებით, ქართული ფეხბურთი რომ აწყდება.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო აღარ არის გაძევებული უეფას საკლუბო ტურნირებიდან და მას უფლება ეძლევა განაცხადი შეიტანოს 1994-1995 წლების საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად“.
„ჩვენი დისკვალიფიკაციის დღიდან დავიწყე ფიქრი რეაბილიტაციაზე, თუმცა ნაკლებად მჯეროდა წარმატებისა. უეფას გულისკენ მიმავალ გზაზე ბევრმა ადამიანმა გამიწია დახმარება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, გერმანელმა ადვოკატმა კრისტოფ შიკარტმა და ტრაბზონსპორის პრეზიდენტმა სადრი შენერმა. შიკარტი ცნობილია, როგორც „ჯადოქარი“, ბუნდესლიგაში მოუგვარებელ საქმეებს აგვარებს…
ბარსელონა-გალათასარაის მატჩის შემდეგ შევიტყვე, რომ გვეხსნებოდა დისკვალიფიკაცია და ორიოდ დღეში ამ ამბავს ოფიციალურ სახეს მისცემდნენ…
თბილისში ცოტა ხანს დავრჩები, ჩემს არყოფნაში კლუბს ბევრი პრობლემა დაუგროვდა და ალბათ, მალე კვლავ მომიწევს გამგზავრება მათ მოსაგვარებლად“, – განაცხადა დინამოს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ მამუკა კვარაცხელიასთან ინტერვიუში (სარბიელი; 1994 წლის 19 აპრილი).
მეორე დღეს, 20 აპრილს, თბილისს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია ეწვია ესპანელი პრეზიდენტის ხუან ანტონიო სამარანჩის ხელმძღვანელობით. საქართველოს მასთან ერთად ესტუმრნენ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი მარიო ვასკეს რანია და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი ჟაკ როხე.
„თქვენ ძლიერი ოლიმპიური კომიტეტი გყავთ, რომელსაც სუპერ ინტელექტუალი ხელმძღვანელობს. ამის დასტურია ისიც, რომ ის ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონია ჭადრაკში…
არ გვსურს ისეთ რამეს დაგპირდეთ, რასაც ვერ შეგისრულებთ. ჩვენ შესაძლებლობათა ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ. ერთი კი იცოდეთ, მსოფლიოს ოლიმპიური მოძრაობა თქვენს გვერდით არის…
ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოში, სოკ-ის დახმარებით, ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნება. ეს საშვილიშვილო საქმეა“, – განაცხადა ხუან ანტონიო სამარანჩმა მოსწავლეთა სასახლეში ოლიმპიურ ჩემპიონებთან და პრიზიორებთან, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან სტუმრობის მიწურულს.
შეხვედრას, რომელიც ჟურნალისტების თქმით „სუფრას უფრო ჰგავდა“, საქართველოს ვიცე-პრემიერი ირაკლი მენაღარიშვილი, პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე ბეჟან ხურციძე, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ასათიანი და სეოკ-ის პრეზიდენტი ნონა გაფრინდაშვილი დაესწრნენ…
დინამო კი გაახალგაზრდავებამ სულაც არ დაასუსტა, პირიქით, ზედიზედ მეხუთე ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე კლუბს ვერავინ აჩერებდა. გივი ნოდიას ბიჭებმა აპრილში მიჯრით ხუთი თამაში მოიგეს: ლანჩხუთის გურია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, 5:0 გაანადგურეს, გორის დილას 3:0 სძლიეს, ხაშურის ივერიას შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს, ზესტაფონის მარგვეთს 3:0 აჯობეს, შემდეგ კი მთავარ კონკურენტს, კოლხეთი 1913-ს უმასპინძლეს. იმ გაზაფხულზე ფოთელებიც დიდებულ ფორმაში იყვნენ, მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ გიგლა იმნაძის გუნდმა, დინამოს მსგავსად, ზედიზედ რვა თამაში მოიგო.
მეორე ეტაპის მთავარი თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე აპრილის ბოლო დღეს გაიმართა, ლიდერების დაპირისპირებას ათ ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა: ყაველაშვილის გოლი დავით ცომაიამ შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე გაქვითა. მეორე ტაიმში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და აშკარად უკეთესად მოთამაშე დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს: 50-ე და 59-ე წუთებზე ინალიშვილმა დუბლი შეასრულა, 70-ე წუთზე კი მეოთხე გოლი შეაგდო იაშვილმა. დინამოს უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეეძლო, მაგრამ 67-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა ანჩაბაძემ…
მეორე დღეს, 1 მაისს, სან მარინოს დიდი პრიზის გათამაშების დროს, ტრაგიკულად დაიღუპა ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი აირტონ სენა, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი ფაქსი მიიღო შვეიცარიიდან.
„უეფას პოზიცია ასეთია: თუ გვსურს, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საშინაო შეხვედრები თბილისში გამართოს, მაშინ ოფიციალურ მატჩამდე მინიმუმ ორი თვით ადრე აუცილებლად უნდა მოვაწყოთ საერთაშორისო მატჩი ევროპის რომელიმე ქვეყნის ნაკრებთან ან ძლიერ კლუბთან. ამ თამაშზე უეფა ოფიციალურ პირებს გამოაგზავნის, რომლებიც შეამოწმებენ ყველა დეტალს და უეფას პატაკს ჩააბარებენ, რის შემდეგაც უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით კვინიკაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი გერმანიაში სწორედ ზემოხსენებული თამაშის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად იმყოფებოდა.
20 მაისს კი პირველად დაიწერა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო საერთაშორისო მატჩს მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტთან, ნიგერიასთან ჩაატარებდა. რამდენიმე დღეში თამაშის თარიღი და მასპინძელი ქალაქიც გაირკვა – 11 ივნისი, იბადანი.
* * *
23 თებერვალი, 1994. ამხანაგური. ისრაელი, აშდოდი, იუიდ ალეფი. 1 500
ისრაელი 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 ელი ოჰანა (27), 2:0 ელი ოჰანა (77)
66-ე წუთზე ზაზა რევიშვილმა ვერ გაიტანა პენალტი (ბონი გინზბურგი)
ისრაელი: რაფი კოენი (ბონი გინზბურგი 46), ალონ ჰარაზი (ადორამ კეისი 46), ნირ კლინგერი (კაპ), ამირ შელახი, შიმონ ბიტონი, ალონ ჰაზანი (რან ბენ შიმონი 69), ეიალ ბერკოვიჩი (იციკ ზოჰარი 46), რონი ლევი, ავი ნიმნი (შალომ ტიკვა 46), ელი ოჰანა, რონენ ჰარაზი (რეუვენ ატარი 46, ამირ ტურგემანი 80)
მწვრთნელი: შლომო შარფი
საქართველო: აკაკი დევაძე, ბესიკ ბერაძე (დავით ჯანაშია 73), კახი ცხადაძე (კაპ), ნუგზარ ლობჟანიძე, გია ჯიშკარიანი, ზაზა რევიშვილი, გიორგი ნემსაძე, თემურ ტუღუში (გია გურული 46), შოთა არველაძე, არჩილ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46), გოჩა ჯამარაული
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: კახი ცხადაძე, გოჩა ჯამარაული
მსაჯები: დაუდ ზუჰეელი; იაკობ ბენ შემო, ჩანან ზონტაგი (ისრაელი)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 5 ივნისი
ფოტო: მატჩის ოფიციალური პროგრამა
* – 2025 წლის 5 ივნისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე