ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – 125
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ პირველად 90-იანი წლების დასაწყისში წავიკითხე, ჯერაც სკოლის მოსწავლემ და „ერთი ნახვით“ შემიყვარდა. სახელწოდება ბავშვური კია, მაგრამ სულაც არაა პატარებისთვის განკუთვნილი და თუ რატომ, ამის შესახებ არაერთხელ დაწერეს ჭკვიანმა ადამიანებმა.
მოგვიანებით ამ დიადი ფრანგის კიდევ რამდენიმე წიგნი წავიკითხე, შემდეგ ისიც აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ერთ დღეს დავბადებულვართ, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ეს უცნაური და მრავალმხრივ ნიჭიერი კაცი ათწლეულებია ჩემი ფავორიტი ავტორების სიის სათავეშია.
სტუდენტობის წლებში „პატარა უფლისწულის“ ქართული გამოცემების შეგროვება დავიწყე. მოგვიანებით, როცა უცხოეთში მოვხვდი, კოლექციას იქაური წიგნებიც შევმატე. მაგალითად ახლახანს სლოვაკეთიდან, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე გახლდით, რამდენიმე გამოცემა ჩამოვიტანე. და ასე, თვალსა და ხელს შუა, „პატარა უფლისწულების“ რაოდენობამ რამდენიმე ასეულს გადააჭარბა. სხვათა შორის, კოლექციის გამდიდრება-გამრავალფეროვნებაში ძალიან დამეხმარა 2018 წლის შემოდგომით ბათუმში გამართული საჭადრაკო ოლიმპიადა. იმ ამბავზე შარშან თუ შარშანწინ დავწერე…
ამ გადარეულ საუკუნეში ჯერ წელიწადი არ გასულა, „პატარა უფლისწული“ რამდენჯერმე რომ არ გადამეკითხა. გამონაკლისი არც 2025-ია და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის 125-ე დაბადების დღეს ქვემოთ მოყვანილი პატარა ეპიზოდით გამოვეხმაურები. თანდართული ფოტო კი ერთი ახალი ფრანგული გამოცემიდანაა, რომელიც შარშან, პარიზის ოლიმპიადის შემდეგ მისახსოვრა უფროსმა მეგობარმა.
გეცოდინებათ: „პატარა უფლისწული“ მეორე ყველაზე ხშირად და მრავალ ენასა თუ დიალექტზე თარგმნილი ნაწარმოებია ბიბლიის შემდეგ. ჩემს კოლექციაში, მაგალითად, მეგრული და ლაზური თარგმანებიცაა, კონკრეტულად ეს გამოცემა კი ორენოვანია, ფრანგულ-ძველეგვიპტური. უფრო სწორად ფრანგულიდან ძველეგვიპტურ იეროგლიფებზეა თარგმნილი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ კოლექციის ერთ-ერთ მარგალიტად მიმაჩნია.
„პატარა უფლისწულის“ შესახებ კიდევ ბევრს დავწერდი უდიდესი სიამოვნებით, მაგრამ დღეს მის ავტორს გაუმარჯოს. ასეთ პატარა მოთხრობაში რომ ამხელა სიყვარულს ჩააქსოვ, ესე იგი ძალიან დიდი ხარ. დიადი.
* * *
…პატარა უფლისწული გაოცებას ვერ ფარავდა. ასეთ პაწაწინა პლანეტაზე მეფე ვისი ან რისი გამგებელი უნდა ყოფილიყო?
-თქვენო უდიდებულესობავ, – მიმართა მან მეფეს, – მაპატიეთ რომ კითხვას გიბედავთ…
-გიბრძანებ შემეკითხო, – აღარ დააცალა მეფემ.
-თქვენო უდიდებულესობავ, რისი მეუფე ბრძანდებით?
-ყველაფრის, – მხრები აიჩეჩა მეფემ.
-ყველაფრის?
მეფემ ხელით მოხაზა საკუთარი პლანეტა, სხვა პლანეტები და ვარსკვლავები.
-ამ ყველაფრის? – შეეკითხა პატარა უფლისწული.
-დიახ! – უპასუხა მეფემ, რადგან არა მხოლოდ აბსოლუტური, არამედ საყოველთაო მონარქიც გახლდათ.
-ვარსკვლავებიც გემორჩილებიან?
-რა თქმა უნდა, – თქვა მეფემ, – უყოყმანოდ მემორჩილებიან. ურჩობას ვერ ვიტან!
მეფეებისთვის სამყარო ერთობ მარტივია. მათ რომ ჰკითხო, ყოველი ადამიანი მათი ქვეშევრდომია.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 29 ივნისი