ორი სიტყვა ორ ივლისზე

დღეს ჩვენი, სპორტული ჟურნალისტების პროფესიული დღეა.
101 წლის წინ, 1924 წლის 2 ივლისს, პარიზის VIII ოლიმპიადის საზეიმო გახსნამდე სამი დღით ადრე, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია AIPS დაფუძნდა.
საფრანგეთის დედაქალაქში შეკრებილმა 27 ქვეყნის 79-მა ჟურნალისტმა პროფესიული საერთაშორისო კავშირის პირველ პრეზიდენტად ფრანგი კოლეგა, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფრანსუა ეტიენ რეიშელი აირჩია, ვიცე-პრეზიდენტად კი ბელგიელი კოლეგა ვიქტორ ბოინი.

სპორტის მოყვარულებს ეს გვარები, ვფიქრობ, ბევრს არაფერს გეტყვით, არადა ორივე ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის კაცი გახლავთ და ურიგო არ იქნება თუ მათ რამდენიმე სიტყვით მოვიგონებ. სხვა თუ არაფერი, სპორტული მედიის საერთაშორისო გაერთიანება რომ არსებობს, პირველ რიგში ამ ბატონების დამსახურებაა.

თავდაპირველად AIPS-ის პირველ პრეზიდენტს მივაგებ პატივს. 1894 წლის 16 ივნისს, როცა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი კონგრესი გაიმართა და სულმნათმა ბარონმა პიერ დე კუბერტენმა ოლიმპიური თამაშების აღორძინებაზე ისაუბრა, ფრანსუა ეტიენ რეიშელი ჟურნალისტებს კურირებდა, არადა მხოლოდ ოცდასამი წლის გახლდათ.

ორი წლის შემდეგ, 1896 წელს ათენში, პირველ ოლიმპიადაზე, ის უკვე მძლეოსანთა შეჯიბრში მონაწილეობდა, ოთხი წლის შემდეგ კი, მშობლიურ პარიზში გამართულ მეორე თამაშებზე ჩემპიონობაც იზეიმა… მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში.

კარიერის დასრულების შემდეგ მუსიე რეიშელი სპორტში დარჩა: თანამოაზრეებთან ერთად საფრანგეთის კრივის ფედერაცია და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია დააფუძნა, 101 წლის წინ, 1924 წლის 2 ივლისს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის პირველი პრეზიდენტიც გახდა.

ფრანსუა ეტიენ რეიშელი 1932 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შემდეგაც AIPS-ს ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ ბოინი ჩაუდგა სათავეში. წინამორბედის მსგავსად, ბელგიელიც წარმატებული სპორტსმენი იყო: წყალბურთელთა გუნდის შემადგენლობაში 1908 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა, 1912 წელს სტოკჰოლმში კი მესამე იყო. პირველი მსოფლიო ომის წლებში ვიქტორ ბოინი ბელგიის დედოფლის, ელიზაბეთის პირად პილოტობამდე დაწინაურდა, 1920 წელს კი, როცა ოლიმპიადას ანტვერპენმა უმასპინძლა, მან მოფარიკავეთა გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა და მეორე ადგილზე გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშების ოქროს მედალს ვერ შეწვდა, ვიქტორ ბოინი სამუდამოდ შევიდა ოლიმპიადების ისტორიაში, რადგან სპორტსმენთა ფიცი პირველმა სწორედ მან დადო! ეს ამბავი 1920 წელს, ანტვერპენში მოხდა, სადაც ვიქტორ ბოინი ბელგიის ოლიმპიური გუნდის მედროშეც გახლდათ.

AIPS-ზე და მის პრეზიდენტებზე კიდევ ბევრი საინტერესო რამის თქმა შეიძლება, მაგრამ დღეს მხოლოდ ამ ორ ბატონზე იყოს, 2 ივლისისადმი მიძღვნილ ამ პატარა ჩანახატს კი რამდენიმე სპორტული და არასპორტული ამბით დავამთავრებ:

1936 წლის 2 ივლისს ვეტერანი მთამსვლელი, უამრავი ალპინიადის ხელმძღვანელი, ბატონი შოთა მირიანაშვილი დაიბადა, 1981 წლის 2 ივლისს კი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური…

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმაც 2 ივლისს მოიგო ისტორიაში პირველი თამაში – 1991 წელს, როცა პირველად ითამაშა მეტოქის მოედანზე, კიშინიოვში მოლდოვა 4:2 დაამარცხა…

1904 წლის 2 ივლისს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი ჩოგბურთელი, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია ლაკოსტის დამაარსებელი რენე ლაკოსტი დაიბადა…

1994 წლის 2 ივლისს კი ძალიან არ გაუმართლა ანდრეს ესკობარს: კოლუმბიის ნაკრების მცველი, რომელიც მედელინის ერთ-ერთ ღამის კლუბში სასმელს მიირთმევდა, ვიღაც გადარეულმა ნაკრების მარცხში დაადანაშაულა და ექვსი ტყვია დაახალა…

2000 წლის 2 ივლისი კი ტიფოზების ტრაგედიაა: ევროჩემპიონატის ფინალში იტალიას სულ რამდენიმე წამი დააკლდა თასის მოგებამდე, საფრანგეთმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი დავიდ ტრეზეგემ ოქროს გოლი შეაგდო და ევროპის ორგზის ჩემპიონი იტალია კი არა, საფრანგეთი გახდა.

სხვა რა ვთქვა? ალბათ ის, რომ 2 ივლისს ერთბაშად სამმა სახელოვანმა მწერალმა მიაბარა სული უფალს: 1961 წელს ერნესტ ჰემინგუეიმ, 1977 წელს ვლადიმირ ნაბოკოვმა, 1999 წელს კი მარიო პიუზომ.

ამბობენ, რომ ასევე 2 ივლისს აღესრულა ფრანგი წინასწარმეტყველი მიშელ დე ნოსტრადამუსიც, თუმცა ამ საკითხზე მურვანიძის რეზოლუცია არ გვაქვს და ამიტომაც, ერთი საინტერესო ამბით დავასრულებ:

1900 წლის 2 ივლისს გრაფ ფერდინანდ ფონ ცეპელინის აგებულმა ხომალდმა ოც წუთზე ოდნავ მეტი იფრინა და ჰაერნაოსნობის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 2 ივლისი

ka_GEGeorgian