სკოპიე 2025: არის პირველი მედალი – ბრინჯაო!
საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა გუნდმა ჩრდილოეთი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს პირველი ჯილდო მოიპოვა: ძიუდოისტი საბა ბოლქვაძე 50კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა!
სკოპიეში ორმოცდაათი გუნდი ასპარეზობს და ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება ოცდაათმა ნაკრებმა შეძლო. საბას დამსახურებით, მათ შორის არის საქართველოც.
საბა წელიწადნახევარია, რაც საერთაშორისო ტურნირებში გამოდის და დღეს მესამე მედალი მოიგო. შარშან, უნგრეთის ქალაქ დიორში, კადეტთა ევროპის თასზე ბრინჯაოს დაეუფლა, წელს, აპრილში, თბილისში გამართულ გუნდურ ევროპის თასზე კი ვერცხლს. რომ არა ესპანელ ალეხანდრო ჩიარონისთან დასანანი მარცხი მეოთხედფინალში, ქართველი ფალავანი ოქროს მედალსაც შეუტევდა. ბრინჯაოს მედლისთვის საბამ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კოენ მაკკეი ჯილბერტს იპონით სძლია, მანამდე კი უკრაინელ კირილ სტეცს აჯობა.
იანე სანდანსკის სახელობის სპორტული ცენტრის დიდ დარბაზში გაშლილ ტატამზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა კიდევ ერთმა ქართველმა, 55კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი გულიამ. სამწუხაროდ, ნიჭიერ სპორტსმენს სულ ცოტა დააკლდა მედლამდე, შვეიცარიელ სილვანო კორისთან დამარცხდა. მანამდე გულიამ თურქ აიქუთ გიურს და ისრაელელ ტომ დუბროვსკის სძლია. შემდეგ მეოთხედფინალში ხორვატ კრისტიან ბუტუჩისთან წააგო, დამამშვიდებელ წრეში გადართულმა კი ბერძენ პეტროს ზაიმიდისს, მცირე ხანში კი სომხეთის წარმომადგენელს, შავარშ ნაჰაპეტიანს სძლია.
სკოპიეს ოლიმპიურ აუზში ჩვენი გუნდიდან დღეს მხოლოდ სალი შჩერბაევა ვიხილეთ. მან 400 მეტრი თავისუფალი სტილით 4:46.37 წუთში დაფარა, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელად ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა.
ნევენა გეორგიევას სახელობის სასწავლებლის სპორტულ დარბაზში ასპარეზობა დაასრულეს ბადმინტონის ნაკრების წევრებმა დანიელ ვაგარშაკიანმა და ქეთევან წამალაიძემ. სამწუხაროდ, მათ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს. ვაგარშაკიანმა დღეს ორი მატჩი გამართა: პირველად ორ სეტში, 6:21, 6:21 დამარცხდა ნიდერლანდების წარმომადგენელ ვიჰაან შაჰთან, ჯგუფის უკანასკნელ დაპირისპირებაში კი სომეხ გორ იენოკიანს სძლია – 2:1 (18:21, 21:16, 21:18) და ჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
მაგიდის ჩოგბურთელებმა კი დღეს ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრები გამართეს. ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა ერთხელ ითამაშა და ისლანდიელ კრისტიან აგუსტ არმანს აჯობა – 3:0 (11:7, 11:7, 13:11). ხვალ მას ორი მეტოქე ელის, დილით პოლონელ პატრიკ ზივორდნეკს ხვდება, შუადღით კი ლიეტუველ მარტინ ფრიზელს.
ორ მეტოქეს დაუპირისპირდა მარიამ გორგაძე: ისრაელის გუნდის წევრთან, პოლინა ტერნოვიხთან 0:3 დამარცხდა (10:12, 3:11, 7:11), რამდენიმე საათში კი კოსოვოელ იონა ჰაშანის 3:0 სძლია (11:3, 11:3, 11:0). ხვალ მარიამის მეტოქე უნგრელი იოჰანა პეტერი იქნება.
დღესვე გაითამაშეს მედლების პირველი კომპლექტი ველომრბოლებმა. ქალაქ კუმანოვოში გამართულ საგზატკეცილო რბოლაში შვეიცარიელმა იანის ბერთოდმა გაიმარჯვა, საქართველოს ნაკრების წევრებმა მათე ფირანიშვილმა, ზურა კილაძემ და ლუკა მაზმიშვილმა კი 98 სპორტსმენს შორის, შესაბამისად 67-ე, 77-ე და მე-80 ადგილები დაიკავეს.
23 ივლისს სკოპიეში კიდევ უფრო მეტ ქართველს ვიხილავთ. მაგიდის ჩოგბურთელების გარდა, რომლებიც ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ, ტყვიის მსროლელები სანდრო ხოსიტაშვილი და ლიზი აღნიაშვილი (პნევმატური პისტოლეტი), ტაეკვონდოისტები ვიოლა ცეცხლაძე (44კგ), ხატია გაროზაშვილი (49კგ) და მათე კვანტიძე (48კგ), ტანმოვარჯიშეები მარია ჟვანია, მარიამ პატარიძე და ლიზი გვალია (ყველა მრავალჭიდი), მოცურავეები ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა (თავისუფალი სტილი, 200 მეტრი) და ძიუდოისტები მარიამ წურწუმია (48კგ), ვახტანგ ჭიაბერაშვილი (60კგ) და გიორგი ბაბუციძე (66კგ) იასპარეზებენ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი წარმატებების წყალობით საქართველოს გუნდის მონაგარი გაიზრდება.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 22 ივლისი
სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი