2018: სანაკრებო წელიწადი – 17 და 16-წლამდელები

საფეხბურთო წელიწადის შესაფასებლად დეკემბერი ზედგამოჭრილია. ჩვენში საკლუბო სეზონი დასრულებულია და სანაკრებო ხომ თავისთავად – ეროვნულზე რომ არაფერი ვთქვათ, ასაკობრივებიც აღარ თამაშობენ.
როგორი იყო 2018 წელი ქართული ფეხბურთისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ნაკრები გუნდების შეფასებით ვეცდებით, მიმოხილვას კი უმცროსებით – 17 და 16-წლამდელებით დავიწყებთ.

უეფას ეგიდით ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის ტარდება. და რადგან 16-წლამდელები ამ გუნდისთვის გარდამავალ, მოსამზადებელ ეტაპად განიხილებიან, ამ ორი ნაკრების წლევანდელ მატჩებს ერთად შევაფასებთ.

U17:   +5        =2        -10       26:41
U16:   +4        =1        -6         12:21

უარყოფითი – მხოლოდ ასე თუ მოვიხსენიებთ 17 და 16-წლამდელთა შედეგებს. თავად განსაჯეთ: 17-წლამდელებმა მარტში ევრო 2018-ის ელიტ-რაუნდი ჩააგდეს, ოქტომბერში კი კატასტროფულად დაასრულეს ევრო 2019-ის საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 წაგება, მათ შორის რუსეთთან 1:7. პირველად 2016 წლის შემდეგ გუნდმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

17-წლამდელებმა გიორგი ნემსაძის და ზვიად ჯელაძის ხელმძღვანელობით ითამაშეს. ჯელაძემ, რომელიც პარალელურად 16-წლამდელებსაც წვრთნიდა, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის ადგილი მარტში, პოლონეთში გამართული ელიტ-რაუნდის შემდეგ დაიკავა.

მწვრთნელების შედეგი ასეთია:
გიორგი ნემსაძე (U17)                    +4        =1        -5         21:25
ზვიად ჯელაძე (U17, U16)             +5        =2        -11       17:37

უეფას ეგიდით გამართული მატჩების გარდა ნემსაძე-ჯელაძის გაწვრთნილმა ასაკობრივებმა ვერც ამხანაგურებსა თუ საერთაშორისო შეჯიბრებში გამოიჩინეს თავი. მათ შორის 16-წლამდელთა შორის თბილისში გამართულ ოთხთა ტურნირსაც ვგულისხმობთ, სადაც მასპინძლები მეორეზე გავიდნენ – გადამწყვეტი შეხვედრა 0:3 დათმეს ბელარუსთან.

2018 წელი ეგრეთ წოდებული „არასაფეხბურთო“ ანგარიშებით წაგებული მატჩებითაც გამორჩეულია. დანიაში, რუსეთთან 1:7-მდე 17-წლამდელები 28 იანვარს მინსკში, უეფას განვითარების თასზე სლოვაკეთთან 1:8 განადგურდნენ. ავსტრიასთან თბილისური 1:4-იც უნდა გავიხსენოთ (თებერვალში), ასევე 16-წლამდელების ორი მარცხი აპრილში თურქეთთან – 0:3 და 0:4.

ასეთი მონაცემების შემდეგ 2018 წლის შედეგების უარყოფითად მოხსენიება, ვფიქრობთ, ლოგიკურია.

მდგომარეობა დამაფიქრებელია და აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა საერთო სურათი ძალიან რომ არ ჩაგვიმუქდეს, დადებითზეც ვთქვათ: 17-წლამდელებში რამდენიმე იმედისმომცემი ფეხბურთელია, რომელთაც კარგი შანსი აქვთ ახლო მომავალში თამამად შეაბიჯონ დიდ ფეხბურთში.

მაგალითად, ალექსანდრე ჩივაძის პრემიის შარშანდელი ლაურეატები ხვიჩა კვარაცხელია (6 სანაკრებო გოლი), ზურაბ დავითაშვილი (გუნდის ბომბარდირი 9 ბურთით) და გიორგი გულიაშვილი (4 ზუსტი დარტყმა) ვახსენოთ, ასევე თბილისის დინამოელი თორნიკე მორჩილაძე (16-წლამდელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე – 5 გოლი); გუნდის კაპიტანი, საბურთალოელი ნიკა ტალახაძე; გერმანიის მაგდებურგის 17-წლამდელთა ერთ-ერთი ლიდერი შალვა ოგბაიძე…

2019 წელს 17-წლამდელებს ერთადერთი ოფიციალური ტურნირი ელით: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. ქართველები 13-19 ნოემბერს პორტუგალიაში მასპინძლების, უკრაინელების და ალბანელების მხარდამხარ ითამაშებენ.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 10 დეკემბერი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian