კაირატი ლიგის კარიბჭესთან
დიდი იმედი მაქვს ასე არ მოხდება, მაგრამ მაინც, რადგან შანსი არსებობს, ვიტყვი: ყაზახეთის პრემიერლიგის გამარჯვებული კაირატი, შესაძლოა, ყველაზე აღმოსავლური კლუბი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს: ალმატიდან ჩინეთის საზღვრამდე დაახლოებით ოთხასი კილომეტრია.
გუშინ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო თამაშში, ალმატელები ბრატისლავაში 0:1 დამარცხდნენ სლოვანთან, მაგრამ პენალტების სერიაში 4:3 იყოჩაღეს და, ისტორიაში პირველად, ფლეი ოფში გავიდნენ. ჯგუფურ ეტაპამდე ყაზახებს სელტიკის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ: პირველი თამაში გლაზგოში ელით 20 აგვისტოს, საპასუხო კი 26-ში შინ.
სანამ კაირატის წლევანდელ ევროთავგადასავალზე დავწერ, გუშინდელ მატჩში მონაწილე ქართველებს ვახსენებ: ალმატელთა მცველი ლუკა გადრანი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა, გიორგი ზარია კი მეორე ტაიმში ჩართო თამაშში, მაგრამ დამატებით დროში გაიყვანა. რაც შეეხება სლოვანის ვეტერანს, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას, ვლადიმირ ვაისი მას ბოლომდე ენდო.
ახლა კვლავ კაირატზე: ალმატური კლუბი, რომლის დებიუტი საერთაშორისო საკლუბო შეჯიბრებებში 1997 წელს შედგა… აზიის თასების მფლობელთა თასზე, მხოლოდ მესამედ თამაშობს საუკეთესო ტურნირში და პირველად დაძლია სამი ეტაპი: სლოვაკებამდე სლოვენიის ოლიმპია და ფინეთის კუპსი დაამარცხა. კაირატის საუკეთესო ევრომიღწევა კი 2021-2022 წლების სეზონის კონფერენსლიგის ჯგუფია, სადაც ბაზელის (შვეიცარია), ყარაბაღის (აზერბაიჯანი) და ომონიის (კვიპროსი) წინააღმდეგ ერთი თამაშიც ვერ მოიგო.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრილ ერთადერთ ყაზახურ კლუბს, ეს ასტანაა, რომელიც ტურნირის ყველაზე აღმოსავლურ გუნდად რჩება. 2015-2016 წლების სეზონში ასტანამ ბენფიკასთან, ატლეტიკოსთან და გალათასარაისთან ერთად ითამაშა C ჯგუფში: ოთხი ფრე, ორი წაგება.
გუშინ დასრულებულ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვა საინტერესო ამბებიც მოხდა: კვიპროსის პაფოსმა კიევის დინამო დაიფრინა; დანიის კოპენჰაგენმა „კარის მეზობელი“, 28 კილომეტრით დაშორებული, ჩვენი იბერია 1999-ის ორჯერ მძლეველი მალმიო შეარცხვინა; ჟოზე მოურინიუს ფენერბაჰჩემ კი ჩემპიონთა თასის მფლობელი პირველი ნიდერლანდური კლუბი, როტერდამის ფეიენოორდი არ დაინდო.
ფლეი ოფის ყველაზე საინტერესო წყვილი ფენერბაჰჩე-ბენფიკა მგონია, აზერბაიჯანის ყარაბაღზე კი, რომელსაც ფერენცვაროშთან დუელი ელის, მოგვიანებით იყოს. აზერბაიჯანელებმა ჩრდილომაკედონიის შკენდიაც ორჯერ დაამარცხეს (მანამდე ირლანდიის შელბურნს აჯობეს) და თუ უნგრელებთან იყოჩაღეს, ისტორიაში მეორედ ითამაშებენ ლიგის ჯგუფში. ზოგადად ევროტურნირის ჯგუფი კი მათთვის უკვე ჩვეული ამბავია – ყარაბაღის სერია 2014-2015 წლების სეზონიდან იწყება…
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 13 აგვისტო