ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 5:0 უელსი

„საქართველოში წვიმიანი დღე იყო და ქართველთა გოლებიც უმოწყალოდ დაეწვიმა უელსს. თუ გულახდილნი ვიქნებით, მარცხი უარესიც შეიძლება ყოფილიყო, რადგან ქართველები ერთობ მარჯვედ და ზუსტად ათამაშებდნენ ბურთს, ზოგჯერ გადასარევადაც“, – BBC-ის რადიომაუწყებლობა, 1994 წლის 16 ნოემბერი.

„საქართველოს ნაკრები უფრო შემძლე აღმოჩნდა, ვიდრე მაიკ სმიტს (უელსელთა მთავარი მწვრთნელი) ეგონა. ვიცოდით, რომ ქართველები ინდივიდუალურად ძლიერები არიან, მაგრამ ოთხშაბათს ამან ხუთმაგად გაამართლა! მატჩის შემდეგ სმიტმა თქვა, ჩვენ გაგვანადგურეს და ახლა მხოლოდ ბრენდი თუ მიშველისო… თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე და შოთა არველაძე უელსის სხეულში ეკლებივით იყვნენ გაჩხერილნი“, – გაზეთი თაიმსი, 1994 წლის 17 ნოემბერი.

„მასუკან, რაც უელსმა 1953 წელს საფრანგეთთან 1:6 წააგო, ასეთი საშინელი მარცხი აღარ უწვნევია. გავრცელდა ცნობა, რომ შესაძლოა, ნაკრებში ტერი იორატი დააბრუნონ. თბილისში განადგურების შემდეგ სმიტის მომავალი გაურკვეველია“, – გაზეთი დეილი მირორი, 1994 წლის 17 ნოემბერი.

ასე გამოეხმაურნენ ბრიტანეთში უელსის ნაკრების თბილისურ კატასტროფას. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, 1994 წლის 16 ნოემბერს, უელსი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 0:5 განადგურდა. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი ოფიციალური გამარჯვება და, როგორც არაერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, იმ საკვალიფიკაციო ეტაპის უდიდესი მოულოდნელობა.

თამაში, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს ნაკრების ისტორიაში, შესაძლოა არც შემდგარიყო. მიზეზი გაუგებრობაა და ამაზე დაწერა კიდეც სარბიელმა (1994 წლის 19-27 ნოემბერი):

„უელსის ნაკრების თბილისში ჩამოსვლას ერთი უსიამოვნო ისტორია უძღოდა. თავდაპირველად მეტოქის ავიაკომპანია ორბის თვითმფრინავით ჩამოსვლაზე იყო ლაპარაკი. როდესაც ორბი ლონდონში ბინადადებულ ფირმა ჯორჯიან ბიზნეს ტრეველ ლიმიტთან (ეს ნახევრადქართული ფირმა სთავაზობდა უელსელებს ორბით საქართველოში ჩაყვანას) ვაჭრობისას ვერ მორიგდა, შუამავალმა უკრაინული ან რუსული ავიაკომპანიის ძებნა დაიწყო. მოიძია კიდეც, მაგრამ რადგან საქართველოს ავიაციის დეპარტამენტიდან თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა ნამდენიმე დღით დაუგვიანეს და 8 ნოემბერს, მხოლოდ საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის ჩარევის შემდეგღა აღირსეს, ასეთი რამ მოიწერა: „უკვე ძლიერ გვიანაა, უელსელები ვეღარ ჩამოგვყავს. სამწუხაროდ, თამაში ჩაიშალა“.

ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ასეთი პასუხი დიდ ნერვიულობად დაუჯდა. საქმეში საქართველოს ხელისუფლებაც ჩაერია. თურმე უელსელებს ამაზე არაფერი სცოდნიათ და დამშვიდებულნი, წითელი მაისურებით გეთამაშებითო, ჩვენებს ამას უთანხმებდნენ.

11 ნოემბერს საქმე სახელმწიფოს მეთაურამდე უნდა მისულიყო, რომ უელსიდან დარეკეს, ყველაფერი გავარკვიეთ და ინგლისური ავიაკომპანიის თვითმფრინავით მოვფრინავთო.

არეულობის დროს საქმეს ვერ უძღვებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, რომელმაც აპენდიციტის ექვსაათიანი ოპერაცია გაიკეთა ქირურგიის ინსტიტუტში“.

უელსის ნაკრების თვითმფრინავი საქართველოს ჩაბნელებულ დედაქალაქში დაგეგმილზე ორი საათით გვიან დაეშვა. სტუმართა შორის არ იყო მათი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ინგლისის პრემიერლიგის ამომავალი ვარსკვლავი რაიან გიგზი. ის ოთხი დღით ადრე, მანჩესტერულ დერბიში დაშავდა და სანაკრებო შეკრებისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

მთავარმა მწვრთნელმა მაიკ სმიტმა, ვინც თბილისს პირველად ივლისში ეწვია მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდის დასაზვერად, აეროპორტში მისულ რამდენიმე ქართველ რეპორტიორს მხოლოდ ეს უთხრა:

„სტუმრად მოგება ძნელია, მაგრამ საამისოდ ყველა ღონეს ვიხმართ. საქართველოს ბულგარეთში ნათამაშები ძალიან მომეწონა, თქვენ გუნდს კარგად ვიცნობ“.

მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ უელსის ნაკრების ლიდერები, ლივერპულის ლეგენდა და ვეტერანი იან რაში და მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი მარკ ჰიუზი.

რაშმა თქვა: „საქართველო კარგი გუნდია. მეტისმეტად რთული მატჩი გველის. მოლდოვაში წაგების შემდეგ მხოლოდ მოგება გვჭირდება. ანგარიში ჩემთვის სულერთია, მთავარია სამი ქულა მოვიპოვოთ“.

რაც შეეხება ჰიუზს, მან განაცხადა: „თქვენ ნაკრებზე ბევრი რამ არ ვიცი… მოსაგებად ძალღონეს არ დავიშურებთ, ანგარიშისა კი წინასწარ რა გითხრათ“.

გაზეთი სარბიელი: „ფეხბურთელები აეროპორტიდან სასტუმრო მეტეხში გაემგზავრნენ, მათი მთავარი მწვრთნელი კი დარჩა და სანამ მუშების გარეშე დარჩენილ ავიასადგურში მთელი ბარგი-ბარხანა, რომელშიც სამი დღის სასმელ-საჭმელიც იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ავტობუსში არ ჩატვირთა, ფეხი არ მოიცვალა.

ბრიტანელ სტუმრებს სასტუმროც ჩაბნელებული დახვდათ. ერთი თუ ორი ნათურა მხოლოდ ფოიეს ანათებდა, თუმცა ოც წუთში შუქი აინთო. დაბინავებამ დრო წაიღო და უელსის გუნდმა ეროვნულ სტადიონზე ღამის პირველის ნახევარზეღა მიაღწია. ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა. სტუმრებმა მეორე დილით შევარდენზეც ივარჯიშეს“.

საინტერესოა, თუ როგორ ემზადებოდა ჩვენი გუნდი მესამე ოფიციალური მატჩისთვის. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ რჩეულები 11 ნოემბერს, ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის დასრულების შემდეგ შეკრიბა.

იმ დროისთვის ლიდერი დინამო იყო, რომელიც ერთი ქულით უსწრებდა სამტრედიას. თუმცა იმერლებს დედაქალაქელებზე მატჩით ნაკლები ჰქონდათ გამართული.

დინამო ნოემბერს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. 28 ოქტომბერს, ხაშურის ივერიასთან 3:1 გამარჯვების შემდეგ, კლუბი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა: შოთა და არჩილ არველაძეებმა კვლავ თურქეთს მიაშურეს და წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმეს ტრაბზონსპორთან, მათი უფროსი ძმა რეზო კი, გელა ინალიშვილთან ერთად, გერმანიაში გაემგზავრა ტენის ბორუსიაში სათამაშოდ. სხვათა შორის, დინამომ ივერია ტყუპების და ინალიშვილის გოლებით დაამარცხა…

ბულგარეთის ნაკრებთან მატჩამდე, თბილისში სამტრედიასთან წაგების შემდეგ, დინამო მთავარმა მწვრთნელმა გივი ნოდიამ დატოვა. ამის შესახებ წინა წერილში დავწერე. ოქტომბრის დარჩენილ მატჩებში დინამოს თემურ ჩხაიძემ უხელმძღვანელა, 30 ოქტომბერს კი კლუბის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა: ვეტერანი დინამოელი სერგო კუტივაძე, ვინც 70-80-იან წლებში ნოდარ ახალკაცის თანაშემწე გახლდათ, მცირე ხნით კი გუნდის უფროსიც.

„არ ველოდი, ბევრი ვიფიქრე… ძნელია მიხვიდე გუნდში, საიდანაც რამდენიმე საუკეთესო მოთამაშე წავიდა. თუმცა, კარგი ახალგაზრდები გვყავს და შევეცდები ყველაფერი გავაკეთო, რომ დანაკლისმა შედეგებზე არ იმოქმედოს“, – ასეთი იყო სერგო კუტივაძის პირველი კომენტარი.

დინამოს პრეზიდენტმა განაცხადა: „იდეა ჩემი იყო. კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განვიხილეთ და საბოლოოდ დირექტორატმა არჩევანი სერგო კუტივაძეზე შეაჩერა. მას არასოდეს უმუშავია მთავარ მწვრთნელად, მაგრამ მცოდნე და ერუდირებული კაცია, არაერთი სხვა დადებითი თვისებაც აქვს. პირადად მე წლების წინ მიმუშავია მასთან და ისიც ვიცი, რომ დინამოს მთავარ წარმატებებში ბატონ სერგოს უდიდესი წვლილი მიუძღვის“.

მერაბ ჟორდანიამ ასევე დაადასტურა, რომ ზამთარში დინამოს კიდევ ორი ფეხბურთელი დატოვებდა, მცველი ზაზა რევიშვილი და თავდამსხმელი მიხეილ ყაველაშვილი. გადაწყვეტილი იყო, რომ ისინი ვლადიკავკაზის ალანიას ახალი სეზონის დაწყებამდე, იანვარში, პირდაპირ მოსამზადებელ ეტაპზე შეუერთდებოდნენ.

სერგო კუტივაძის დებიუტი 6 ნოემბერს შედგა რუსთავში. დინამომ 4:1 გაიმარჯვა: მიხეილ ყაველაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი გიორგი ნემსაძემ და ოთარ კორღალიძემ შეაგდეს. ეს უკანასკნელი ექვსწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა დინამოში. კორღალიძესთან ერთად ვიხილეთ მცველი ბესიკ ბერაძე, რომელიც მანამდე ტრაბზონსპორში თამაშობდა.

10 ნოემბერს, ეროვნული ნაკრების შეკრებამდე ერთი დღით ადრე, დინამომ წინასწარ ჩაატარა მეთორმეტე ტურის მატჩი, ზუგდიდის დინამოს უმასპინძლა და ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა: ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა, დანარჩენი გოლები კი ყაველაშვილმა, გიორგი ქინქლაძემ და რევიშვილმა მიითვალეს.

ბერაძესთან და კორღალიძესთან ერთად ამ შეხვედრაში კიდევ ერთმა ვეტერანმა ითამაშა, ერთადერთმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა, ვინც კლუბს კუტივაძის თხოვნით დაუბრუნდა…

11 ნოემბრიდან კი ეროვნული ნაკრების შეკრებაც დაიწყო. ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების შესახებ ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა:

„გია გურული აღარ მოვიწვიეთ, დიმიტრი კუდინოვს კი ტრავმა აწუხებს. რამდენიმე საათში შემოგვიერთდებიან თემურ ქეცბაია და გოჩა გოგრიჭიანი. ახლა მხოლოდ იმას გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბოლოს და ბოლოს შედეგიანად ვითამაშოთ და გულშემატკივრები გავახაროთ“.

შეკრების მეორე დღეს ჩივაძემ გუნდს რამდენიმე დინამოელი დაამატა, შემადგენლობა ორად გაყო და დაახლოებით ნახევარსაათიანი ტაიმები ათამაშა. მათ, რომელთაც პირობითად ეროვნული გუნდი ერქვათ, 1:2 წააგეს – არჩილ არველაძის და ალექსანდრე იაშვილის გოლებს მხოლოდ კახი გოგიჩაიშვილმა უპასუხა. რაც შეეხება შემადგენლობას, ის ასეთი იყო:

I ტაიმი: აკაკი დევაძე, ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე, მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, ზაზა რევიშვილი, გელა ინალიშვილი, გიორგი ქინქლაძე, კახი გოგიჩაიშვილი, შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი.

II ტაიმი: ირაკლი ზოიძე, რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ნუგზარ ლობჟანიძე, გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, ქინქლაძე, ჩიხრაძე, შოთა არველაძე, ყაველაშვილი.

15 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე საქართველოს და უელსის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ბულგარეთში 0:1-ის შემდეგ შოთა ჭეიშვილის გუნდი კვლავ მინიმალური სხვაობით დამარცხდა, 1:2. ტვიდის და ჯოუნზის გოლებს მხოლოდ გიორგი ანჩაბაძემ უპასუხა ზუსტი თერთმეტმეტრიანით.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: დავით ჯანელიძე, რომეო გოგიტაძე (ალექსანდრე რეხვიაშვილი 36), ალექსანდრე ბურნაძე (გურამ ასპინძელაშვილი 72), ზვიად პაპიძე, მამუკა ბუცურეიშვილი, გიორგი კიკნაძე, გიორგი ღუდუშაური, ამირან მუჯირი, ზაზა ჯანაშია, გიორგი ანჩაბაძე, არჩილ არველაძე. გუნდმა მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა, თურქმა არბიტრმა ჯანაშიას 78-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა.

„უელსელთა მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა მათმა ფიზიკურმა სიძლიერემ. რაც შეეხება ზაზა ჯანაშიას გაძევებას, მისი საქციელი ღალატის ტოლფასი იყო. მას კატეგორიულად ავუკრძალეთ ფლანგზე გადასვლა, შესვენებაზეც ვუთხარით, მაგრამ არ შეისმინა“, – ასეთი იყო შოთა ჭეიშვილის კომენტარი.

ეროვნული გუნდების თამაში კი საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყო. ასე ადრე ჩვენ ნაკრებს, მგონი, არასდროს უთამაშია, ყოველ შემთხვევაში მე მსგავსი არაფერი მაგონდება. რაც შეეხება უელსს, მატჩი მათი დროით დილის 10 საათზე დაიწყო და დიდი ალბათობით, ეს ბრიტანელთათვისაც ყველაზე ადრეული თამაში იყო.

ჩივაძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობა შეარჩია: კარი აკაკი დევაძეს ანდო, დაცვის მარჯვენა ფლანგი ზაზა რევიშვილს ჩააბარა, ცენტრში კახი ცხადაძეს მურთაზ შელია შეუწყვილა, მარცხნივ კი გიორგი ჩიხრაძე გაამწესა. მათ წინ გიორგი ნემსაძე დადგა, ნახევარდაცვაში მარჯვნიდან მარცხნივ კახი გოგიჩაიშვილმა, გიორგი ქინქლაძემ და თემურ ქეცბაიამ ითამაშეს, თავდასხმაში კი შოთა არველაძემ და გოჩა გოგრიჭიანმა. ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი სანაკრებო თამაში იყო ლიეტუვასთან 1990 წლის ამხანაგურის შემდეგ, ცხადაძემ, შელიამ და ქინქლაძემ კი მეათედ მოირგეს ნაკრების მაისური. ჩვენი გუნდის რეკორდსმენი ამ მხრივ კვლავ ნემსაძე გახლდათ, რომელიც იმ დღეს მეთოთხმეტედ გავიდა მინდორზე. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებმა თეთრი მაისურებით, შავი შორტებით და თეთრი გეტრებით ითამაშა, უელსელებმა კი მთლიანად წითელი ფორმით.

ბრიტანელთა შორის ყველაზე გამოცდილი მეკარე იყო, ევერტონის გოლკიპერი ნევილ საუთჰოლი, რომელმაც 77-ედ ითამაშა ნაკრებში. რაც შეეხება ყველაზე სახელოვანს და ტიტულიანს, ლივერპულის ოცდაცამეტი წლის თავდამსხმელისთვის, იან რაშისთვის ეს იყო 68-ე სანაკრებო მატჩი.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა მწვავედ შეუტია: ქეცბაიას და გოგრიჭიანს საუთჰოლმა აჯობა, შოთა არველაძემ კი ორჯერ ვერ დააგვირგვინა შეტევა.

კარგად ირჯებოდა დაცვის ოთხეული ცხადაძის მეთაურობით, რევიშვილი კი, ვისაც მთელი ფლანგი ებარა, შეტევაშიც ჩინებულად ერთვებოდა. ასევე მშვენიერი იყო გიორგი ნემსაძე, რომელიც უელსელებს ხშირად უშლიდა იერიშებს და ქინქლაძეს გრძელი პასებით ამარაგებდა. თავდასხმაში არ გაჩერებულა გოგრიჭიანი, რომელიც მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლი 29-ე წუთზე ასე გავიდა: არველაძემ და გოგრიჭიანმა გაითამაშეს ბურთი, ამ უკანასკნელმა მარჯვნივ გადააწოდა რევიშვილს, მან კი საპირისპირო ფლანგზე ჩააწოდა. ქეცბაიამ ერთი შეხებით მიიღო ბურთი და წამით ადრე, ვიდრე ალან ნეილსონი ხელს შეუშლიდა, მარჯვენათი დაარტყა. ბურთი კრის კოულმენსა და ნევილ საუთჰოლს შორის გაძვრა და უელსის ნაკრების კარის ცხრიანში შეფრინდა – 1:0!

რამდენიმე წუთში უელსელთა კაპიტანმა ბარი ჰორნმა ქინქლაძეს იდაყვი ჩააზილა. ცხადაძე თანაგუნდელს გამოექომაგა და ფრანგი არბიტრისგან ყვითელი ბარათიც მიიღო. ჩვენი კაპიტანი ზედიზედ მეორე მატჩში გააფრთხილეს და შედეგად, მისი ასპარეზობა მომდევნო შეხვედრაში, ტირანაში ალბანეთთან, გამოირიცხა.

თუმცა ეს იმ წუთებში არავის ადარდებდა, რადგან საქართველოს ნაკრები იგებდა და სახიფათოდ უტევდა. შესვენებამდე ოთხი წუთით ადრე ალექსანდრე ჩივაძის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა: ნემსაძემ უელსელთა მორიგი შეტევა ჩაჭრა, ქინქლაძეს დაუგორა ბურთი და გიორგიმაც კონტრიერიში საუთჰოლის დასჯით დააგვირგვინა – 2:0!

ის უმძიმესი ტრავმა, რის გამოც ნემსაძემ საკაცით დატოვა მოედანი და თვეები გაატარა მინდორს მიღმა, სწორედ ამ გოლს მოჰყვა, უფრო კონკრეტულად კი გოლის აღნიშვნას. ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგიმ ის ეპიზოდი ასე გაიხსენა: „გახარებული მივეჭერი ქინქლაძეს, ბიჭებიც შემოგვეხვივნენ… უცებ ვიღაცის ბუცი მომხვდა მუხლში და შემომიტრიალა. ძლივს ჩავისვი, მაგრამ თამაში ვეღარ გავაგრძელე“. მთავარმა მწვრთნელმა მის ნაცვლად გელა ინალიშვილი ჩართო თამაშში…

ქართველებმა მეორე ტაიმი უკეთესად დაიწყეს, ქეცბაიას მეორე ბურთის შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ ნანატრი გამარჯვება დროის საქმე იყო. საუთჰოლის კარში მესამე გოლი ასე გავიდა: უკანდახეულმა გოგრიჭიანმა გოგიჩაიშვილს გაუთამაშა, კახიმ საპირისპირო ფლანგზე ქეცბაია მოძებნა, თემურმა რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, შეცვლაზე შესული კრის საიმონსი ჩამოიშორა და ულამაზესი დარტყმით ჩააბზრიალა ბურთი საუთჰოლისგან მარცხენა ზედა კუთხეში – 3:0! ტაბლო 48-ე წუთს აჩვენებდა.

ათ წუთში გაიხარა მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ გოჩა გოგრიჭიანმა: მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და შოთა არველაძეს მიუვიდა, რომელმაც ისევ გოჩას დაუბრუნა, მისი მეორე მცდელობა კი შედეგიანი გამოდგა – 4:0!

65-ე წუთზე სხვაობა ხუთბურთიანი გახდა: ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ ნაკრებში მესამე, მაგრამ პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა – 5:0! ამის შემდეგ ჩივაძის გუნდი თითქოს მოეშვა. უელსი შედარებით გააქტიურდა, მაგრამ 1994 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მეკარე და დაცვა ისეთივე კარგები იყვნენ, როგორც ნახევარმცველები და ფორვარდები.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მაიკ სმიტი დიდხანს არ გაჩერდა, თქვა, რომ კატასტროფული ანგარიშის შემდეგ სალაპარაკო არაფერია და რომ ის და მისი ფეხბურთელები უბრალოდ შერცხვნენ.

სამაგიეროდ, ალექსანდრე ჩივაძემ უპასუხა ყველა კითხვას:

„ასეთი გამარჯვების შემდეგ ძნელია საერთო შთაბეჭდილებაზე საუბარი, ჩვენ ყველანი კმაყოფილები ვართ…

როგორც იქნა გუნდმა თავის თამაში აჩვენა და უპირატესობა გატანილ გოლებშიც ასახა. ადრე არაერთხელ ვახსენე პირველი გოლის ფაქტორი და დღეს ყველამ ერთად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის თანამედროვე ფეხბურთში…

ევროპაში სუსტი გუნდი აღარ არსებობს, უელსი კი ნამდვილად კარგი ნაკრებია. აქედან გამომდინარე, ჩვენი გამარჯვება უფრო დასაფასებელია…

თამაშის წინ გოგრიჭიანის გამო ვშიშობდი, მას ხომ არასდროს უთამაშია ამ თაობის ფეხბურთელებთან. მაინც გავრისკეთ და გაგვიმართლა – დღეს გოჩა ერთ-ერთი გამორჩეული იყო…

მომდევნო თამაში ალბანეთში გველის. რთული შეხვედრა იქნება და ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ გიორგი ნემსაძე და კახი ცხადაძე ვერ დაგვეხმარებიან. პირველს მძიმე ტრავმა აქვს და მისი საბოლოო მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაირკვევა, კაპიტანმა კი მეორე გაფრთხილება მიიღო და თამაში უნდა გამოტოვოს…

ჩვენ მომავალშიც იმ ფეხბურთელებს დავეყრდნობით, რომლებსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ. ეს ფაქტორი თანამედროვე ფეხბურთში ბევრს ნიშნავს“.

გაზეთმა რეზონანსმა უელსთან 5:0 ტრიუმფს ჟურნალისტ სოლომონ გულისაშვილის ვრცელი მიმოხილვა და შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟი დაუთმო, ამავდროულად შეხვედრა ევროპის წლის მატჩად დაასახელა, სარბიელის 1994 წლის 19-27 ნოემბრის რიგით 62-ე ნომერში გამოქვეყნებულ თამაშის განხილვაში კი მამუკა ჩიხლაძემ დაწერა:

„მზემ მაშინღა გამოანათა, როცა მინდორი უკანასკნელმა ფეხბურთელმა დატოვა. ქართველების ნაჯაფარმა კაპიტანმა ინტერვიუები ჩამოარიგა, ტაშის გრიალში გვირაბში გაუჩინარდა და სტადიონის თავზეც ინათა.

ბუნებამაც მოიცალა საზეიმოდ, მაგრამ ამ ქვეყანაში ადამიანებს ხომ კარგა ხანია სიხარული გადაავიწყდათ. იმდღევანდლის ბადალი გამარჯვებების შემდეგ ძველ დროში სტადიონი უმალ ქაღალდის მაშხალებით აბრდღვიალდებოდა, მერე მახლობელ ქუჩებს მოედებოდა ხალხი საზეიმო მსვლელობებით, შეღამებულზე კი ნადიმებიც ბლომად გაიმართებოდა. ახლა კი ორმოციოდე ათასმა კაცმა ხუთწუთიანი ოვაცია მოაწყო, მერე უცებ რეალობას დაუბრუნდა და თავის გაყინულ და ჩაბნელებულ ბინებს მიაშურა. მზეც მაშინვე დაუბრუნდა ღრუბლების საუფლოს.

არადა, საზეიმო იმ დღეს მართლაც გვქონდა, თუნდაც ფეხბურთში. ბოლო დროს ხომ მაინც პირველად დავამტკიცეთ, რომ ის ხალხი არ ვართ, ვისაც არ დაეზარება დაგვამარცხოს და თავში ხელი წამოგვარტყას. მაგრამ, ეტყობა, სიხარულისა და ზეიმის უნარი მხოლოდ იმ რჩეულთა კასტას შერჩენია ჩვენში, ფილარმონიაში, გალა-კონცერტებზე თუ მეტეხში ან სხვა დიდ სატრაპეზოში – პრეზენტაციებსა და მიღებებზე რომ იკრიბება, და არა საფეხბურთო თემს – თამაშიდან თამაშამდე ბილეთის ფასი რომ აღელვებს და თამაშის შემდეგ – შინ დაბრუნების პრობლემა“.

ნაკრების პირველი ოფიციალური გამარჯვება ეროვნული სტადიონის ძველ, ხის სკამებზე თავისუფლად დატეულმა ორმოცდახუთ ათასამდე გულშემატკივარმა იხილა. მათ შორის გახლდით მეც. კლასელებთან ერთად დავესწარი თამაშს და ახლაც ზუსტად მახსოვს ის ადგილი, საიდანაც ჩემი საყვარელი გუნდის ხუთი გოლი ვნახე – სამხრეთი ტრიბუნის მეორე იარუსი, პირველი სექტორი, ოცდამეერთე რიგი, ოცდამეორე ადგილი. ბილეთი დღემდე შენახული მაქვს.

სათუთად ვინახავ ავტოგრაფსაც, მატჩის შემდეგ, უელსის ნაკრების ავტობუსში მოხვედრილმა რომ გამოვართვი იან რაშს. მეგობრისგან ნაჩუქარი გერმანული ჟურნალი, რომელშიც ლივერპულელის დიდი ფერადი ფოტო დაებეჭდათ, ყოველი შემთხვევისთვის წავიღე დიდუბეში. დიდად არ მეიმედებოდა რომ უელსელს ვნახავდი, მაგრამ ვიფიქრე, იყოს, იქნება და სადმე გადავეყარო რაშს და ეგებ, ხელიც მომიწეროს-მეთქი.

იმ დროს, მოგეხსენებათ, გუნდების უსაფრთხოებას არ ექცეოდა ისეთი ყურადღება, როგორც ახლა და მატჩის შემდეგ მე, რიგითი გულშემატკივარი, ყველანაირი საშვის გარეშე, უპრობლემოდ მივედი სტუმართა ავტობუსთან. იან რაში ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა გასახდელიდან. ავტობუსის კართან ჟურნალი და კალამი მივაწოდე, მან კი ხელით მანიშნა, ამომყევიო. ავედი. რაში მეორე რიგში მოკალათდა და სანამ ჟურნალი გადაათვალიერა და ავტოგრაფი დამიტოვა, ამასობაში ავტობუსიც დაიძრა. სტადიონის ჭიშკარში რომ გავედით, მძღოლს ვანიშნე ჩამიშვი-მეთქი, მაგრამ იმან, აქ კარს ვერ გაგიღებო და მეც, ავტობუსის ბოლო რიგში მოკალათებულმა, უელსელებთან ერთად ვიმგზავრე მეტეხამდე. იქ კი რაშს ავტოგრაფისთვის მადლობა გადავუხადე და სახლისკენ გავწიე.

მოგვიანებით დიდი თავდამსხმელის ავტოგრაფი ჩარჩოში ჩავსვი და წლების მანძილზე ოთახში მეკიდა. დღეს ის უელსთან მატჩის საქაღალდეში მიდევს, სიყვითლეშეპარულ გაზეთებთან, რამდენიმე ფოტოსთან, ოფიციალურ პროგრამასთან და იმ ვარდისფერ ბილეთთან ერთად, დროგამოშვებით ტკბილ მოგონებებს რომ აღვიძებს.

* * *

16 ნოემბერი, 1994. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 45 000
საქართველო 5:0 უელსი
გოლები: 1:0 თემურ ქეცბაია (31, ზაზა რევიშვილის პასით), 2:0 გიორგი ქინქლაძე (41, გიორგი ნემსაძის პასით), 3:0 თემურ ქეცბაია (48, კახი გოგიჩაიშვილის პასით), 4:0 გოჩა გოგრიჭიანი (58, შოთა არველაძის პასით), 5:0 შოთა არველაძე (65)
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი 42), გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია (მიხეილ ყაველაშვილი 74), გოჩა გოგრიჭიანი, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
უელსი: ნევილ საუთჰოლი, ალან ნეილსონი (კრის საიმონსი 46), მარკ ბოუენი, ენდი მელვილი, კრის კოულმენი, დევიდ ფილიპსი, ბარი ჰორნი (კაპ), დინ სონდერსი, იან რაში, მარკ ჰიუზი, გარი სპიდი
მწვრთნელი: მაიკ სმიტი
გაფრთხილება: კახი ცხადაძე, გარი სპიდი, მარკ ჰიუზი
მსაჯები: ალენ სარსი; დავიდ კოტრელი, ალენ გურო (საფრანგეთი)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 31 ივლისი
ფოტო: გაზეთი სარბიელი
* – 2025 წლის 31 ივლისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian