ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 0:2 გერმანია
ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 1994 წლის 22 იანვარს გაიმართა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში. ხოლო ჩემი საყვარელი, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო საკვალიფიკაციოში მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს რომ გაეჯიბრებოდა, ეს ორი დღის შემდეგ, 24 იანვარს შევიტყვე. ის დღე იმიტომ დამამახსოვრდა, რომ რადიოს დიქტორმა სწორედ იმ დროს ჩამოთვალა მეტოქეები, როცა სკოლაში წასვლის წინ საუზმეს ვასრულებდი. ბოლო მეტოქის, ყველაზე ძლიერის ხსენებამ – და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები – უბრალოდ გამაოგნა: პირველი ოფიციალური ტურნირი და ორი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონთან! უჰ, დიდებულია!
თავი სიზმარში მეგონა, სულ მალე დინამოზე გერმანია ითამაშებს და მე ამ თამაშს დავესწრები! სხვა ვარიანტის გაგონებაც არ მსურდა! წარმოსახვითი საათიც იმ წამიდან ჩაირთო. ვერ დავიჩემებ, რომ ყოველ დღე გერმანელების სტუმრობაზე ვფიქრობდი, მაგრამ სადაც უნდა ვყოფილიყავი: მეგობრებთან ერთად, სკოლაში, ვარჯიშზე თუ სოფელში, არდადეგებზე, ფეხბურთზე ჩემნაირად შეყვარებულების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ბუნდესგუნდთან ორი თამაში იყო.
იმ ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატსაც სხვა თვალით ვუყურე: გერმანია ხომ ფავორიტი იყო და ლამის ყველას ფინალში გვეგონა, მაგრამ მასთან ერთად იმ ტურნირზე თამაშობდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ბულგარეთიც.
ამ ორი გუნდის გზა მეოთხედფინალში გადაიკვეთა და 10 ივლისს, ისთ რუზერფორდიდან რეპორტაჟს მე და ძმაკაცმა ჩემთან ვუყურეთ. გერმანიის გამარჯვებისა კი გვჯეროდა, მაგრამ მაინც ბულგარეთისკენ ვიყავით. იმიტომ, რომ ამ წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში „ჩვენ“ იტალიას ხვდებოდა და დიმიტარ პენევის გუნდი უფრო „გვემეტებოდა“ სკუადრა აძურისთვის. ბოლოს და ბოლოს, სად გერმანიასთან ჭიდილი და სად ბულგარეთთან?
ლოთარ მათეუსმა პენალტით დააწინაურა გერმანია, მერე ხრისტო სტოიჩკოვმა ჯარიმით გაათანაბრა, ბოლოს კი ჰამბურგელი იორდან ლეჩკოვი გამოხტა და აუღებელი თავური დაარტყა! ბულგარეთმა 2:1 მოიგო, იმ ჩემპიონატის ერთ-ერთი სენსაცია მოახდინა და ფაქტიურად, იქვე დაასრულა თამაში – რობერტო ბაჯოს და „ჩვენმა“ იტალიამ ნახევარფინალში ცალი ფეხით აჯობა, მესამე ადგილისთვის მატჩში კი, შვედებთან, ბულგარელები ვალის მოსახდელად გავიდნენ მინდორზე. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
ის მსოფლიო ჩემპიონატი სხვა ამბავია და ისევ გერმანელების სტუმრობას დავუბრუნდები, რომელიც მაღალი დონის დასავლურ ფეხბურთთან ჩვენი ნაკრების პირველი შეხვედრა გამოდგა.
მე და ჩემი თანატოლები კი არა, ჩვენზე გაცილებით უფროსები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან გამარჯვება შეეძლო. კარგად მახსოვს, დინამოს სტადიონის ტრიბუნებზე, ეროვნული ჩემპიონატის თამაშების დროს, ლამის ყველა საქართველო-გერმანიის პაექრობის მოლოდინში იყო, მგონი, უფრო მეტს საუბრობდნენ სანაკრებო მატჩზე, ვიდრე კლუბების დაპირისპირებაზე. პრინციპში, მოედანზე ყველაფერი ნათელი იყო: იშვიათი გამონაკლისის გარდა, დინამოს წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა. ტრიბუნის „ავტორიტეტები“ საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ ასეთ არგუმენტებსაც იშველიებდნენ: კახი ცხადაძე ბუნდესლიგაში თამაშობს და კარგად იცის მაგათი ამბავი… გიორგი ქინქლაძეს გერმანელები ვერ დაიჭერენ… შოთა არველაძე სუპერფორმაშია…
თუმცა იყვნენ ისეთებიც, მსგავსი „პროგნოზები“ სასაცილოდ რომ არ ჰყოფნიდათ. მაგალითად ჩვენი მწვრთნელი, ცხონებული ალიკა მასწავლებელი, რომელთანაც ლამის ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვკამათობდი. მე ბრმად ვიმეორებდი სტადიონზე მოსმენილ „აზრებს“, ის კი, ყოფილი ფეხბურთელი, ღიმილით მისმენდა და ბოლოს ერთსა და იმავეს მეტყოდა: „ნუ პრაფესორობ! ჩვენ მაგათ კიდევ დიდხანს ვერ მოვუგებთ. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, თუ რა ცოტა რამ ვიცით გერმანელებთან შედარებით“! მიუხედავად ამისა, ჯიუტად ჩემს აზრზე ვიდექი.
საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის, 70-იანი წლების დიდი გერმანიის ნაკრების შეუცვლელი მცველის ბერტი ფოგთსის გაწვრთნილმა ბუნდესგუნდმა გადაჭედილ ეროვნულ სტადიონზე აუღელვებლად, მშვიდად გაიმარჯვა. გერმანელებისთვის ის მორიგი ოფიციალური მატჩი იყო, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ჩვენთვის კი მათი სტუმრობა ისტორიულ მოვლენად იქცა, რომელმაც ჩვენივე არასერიოზულობის გამო, დიდი იმედგაცრუება დაგვიტოვა. ერთი გაზეთის სათაურიც მახსოვს: საუკუნის მატჩი…
ყველაფრის მიუხედავად, პირადად ჩემთვის 1995 წლის 29 მარტის საღამო იმ ნაცრისფერი წლების ერთ-ერთი ფერადი მოგონებაა, მატჩამდელი და თამაშის შემდგომი ამბებით, იმ წლების ერთ-ერთ საუკეთესო გერმანელ და ევროპელ თავდამსხმელთან, იურგენ კლინსმანთან მოულოდნელი შეხვედრით, და ფეხბურთით, რომელსაც პირველად ვუყურე დინამოს სტადიონის მეორე იარუსის ერთ-ერთი უმაღლესი რიგიდან. იმდენი მაყურებელი, რაც მაშინ დაიტია ჩვენმა მთავარმა არენამ, არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ. ერთმა გაზეთმა მატჩის ოქმში 105 ათასი მაყურებელი ჩაწერა და ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოდ, გულშემატკივრები კიბეებზეც ისხდნენ, ტრიბუნებზე ხომ ერთი ადამიანისთვის სამყოფ ადგილსაც ვერ ნახავდით. ხომ გაგიგონიათ, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყოო, ჰოდა, ზუსტად ასე მახსენდება იმდღევანდელი ეროვნული სტადიონი…
ჩემთვის ასევე წარუშლელი მოგონებაა სპეციალურად ამ თამაშისთვის გამოცემული გაზეთებიც. როგორც მომავალ ჟურნალისტს, სპორტული პრესა უკვე იმ დროს მიყვარდა და ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისთვის დაბეჭდილ გაზეთებს ხელიდან როგორ გავუშვებდი?!
იმ წლებში ქვეყანას რომ არ ულხინდა, ამის შესახებ ლამის ყველა წინა წერილში დავწერე. ახლა ძნელი წარმოსადგენი კია, მაგრამ ცხოვრება მართლა ძალიან ჭირდა, ბოლოს და ბოლოს, ისეთი ელემენტარული რამ გვიხაროდა, როგორიც ელექტროენერგიის მოსვლაა. ის, ვისაც მძლავრი გენერატორი ედგა, შეძლებულ და საჭირო კაცად ითვლებოდა… მოჟამულ დღეებს სამეგობროს სპორტი გვიფერადებდა. ხოლო რაც შეეხება სპორტულ გაზეთებს, მაგალითად სარბიელი ხელიდან ხელში გადადიოდა – ძმაკაცთან ერთად საზიაროდ ვაგროვებდი, ქართული ფეხბურთი უფრო შიდა პირველობებზე წერდა და მაშინ ნაკლებად მაინტერესებდა, ლელო კი სულს ღაფავდა და იშვიათად, რომ მისკენ გამეხედა.
ერთ მშვენიერ დღეს, გერმანელების ჩამოსვლის წინ, ნაცნობ ჯიხურთან მისულმა, სტენდზე ყოველკვირეული გამოცემა 11X11 შევნიშნე. უმალ ვიყიდე, უშუალოდ მატჩის წინ კი არასპორტულმა გაზეთებმაც დაბეჭდეს სპეციალური საფეხბურთო დამატებები. ნამდვილად ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, თუ რამდენი გაზეთი გამოიცა კონკრეტულად ამ მატჩთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ჩემს არქივში სარბიელის და ქართული ფეხბურთის გარდა კიდევ შვიდი გაზეთია: 11X11, სტადიონი, რეზონანსი-სპორტი, ფეხბურთი საზღვრებს გარეშე, ფორტუნა, ასევე შანსის და კავკასიონის სპეციალური დამატებები. ეს გაზეთები დღეს, ოცდაათი წლის შემდეგ, ძალიან საინტერესოა. მინიმუმ იმას მაინც გვახსენებს, თუ რა განწყობით ველოდით გერმანიის ნაკრების სტუმრობას.
მაგალითად 11X11-ის მარტის ნომერი (#6) ავიღოთ, რომლის პირველ გვერდს ასეთი წარწერა ამშვენებს: „მხოლოდ გამარჯვება! რადგან ამ მატჩში ფრეც წაგების ტოლფასია“.
იქვე, ერთ-ერთ აბზაცში, შავით თეთრზე წერია: „ჩვენს მეტოქეს განსაკუთრებული პრობლემები თავდასხმის ხაზში აქვს. მათ იქ მხოლოდ ერთი საერთაშორისო კლასის ფორვარდი იურგენ კლინსმანი ჰყავთ და თუ ზაზა რევიშვილი, ხრისტო სტოიჩკოვის დარად, მის გაუვნებელყოფასაც შეძლებს, მაშინ გერმანელთა შეტევის ხაზის პოტენციალი მინიმუმადე დავა“.
ახლა რომ ვფიქრობ, რა მართალი იყო ჩვენი ალიკა მასწავლებელი! მე კი არა, აგერ პატივცემულ ჟურნალისტებსაც ერთი კაცი და მისი ნაბადი ეგონათ გერმანიის ნაკრები.
გაზეთი ფორტუნის სპეციალური გამოშვების (1995 წლის 27-29 მარტი; #4) პირველ გვერდზე ასეთი ქვესათაურია: „კახი ცხადაძე გერმანელებთან ორი მატჩის ჯამში ექვსი ქულის აღებას აპირებს“, ხოლო მეორე გვერდზე ეროვნული გუნდის უფროსის, ლეგენდარული რამაზ შენგელიას ინტერვიუა: „გერმანიასთან არ შევრცხვებით“!
თავისუფალი გაზეთი ფეხბურთი საზღვრებს გარეშე (1995 წლის 28 მარტი-4 აპრილი; #4) მთლიანად მატჩს, უფრო კონკრეტულად კი გერმანიის ნაკრებს მიეძღვნა. რედაქციამ მკითხველს ამომწურავი ცნობები მიაწოდა მეტოქის შესახებ, დაწყებული პირველი მწვრთნელით, ბუნდესგუნდის მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობის მიმოხილვებით გაგრძელებული და მიუნხენის ბაიერნზე ჩანახატით დასრულებული. საინტერესოა, რომ პირველ გვერდს 1979 წელს თბილისში, დინამოს სტადიონზე გადაღებული დიდი ფოტო ამშვენებს, კადრი საბჭოთა კავშირის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთა მატჩიდან, ვიტალი დარასელიას და კარლ-ჰაინც ფიორსტერის ორთაბრძოლა.
კიდევ ერთი დამოუკიდებელი გაზეთი, თორმეტგვერდიანი სტადიონი (1995 წლის 29 მარტი; #3) პირველ რვა გვერდს საქართველო-გერმანიის პაექრობას და მეტოქეს უთმობს: გერმანული ფეხბურთის ისტორია, სახელოვანი მოთამაშეები, ბუნდესგუნდი ევროპის ჩემპიონატებზე და საინტერესო სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის გერმანია მარტის თვეში. იმ მონაცემებს თუ ვენდობით, 29 მარტს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონები მესამედ ითამაშებედნენ: 1925 წელს გერმანელები ამსტერდამში მასპინძლებთან 1:2 დამარცხებულან, 1972 წელს კი ბუდაპეშტში უჯობნიათ უნგრელებისთვის, პაულ ბრაიტნერის და ული ჰიონესის გოლებით…
გაზეთ შანსის სპეციალური დამატების, ფეხბურთის (1995 წლის მარტი) პირველ გვერდს გერმანიის ნაკრების ფოტო და ქართულ-გერმანული წარწერა ამშვენებს: Willkommen Liebe Gaste! მშვიდობა თქვენს მობრძანებას!
ამავე გამოცემის მეორე გვერდზეა გერმანულ ენაზე დაბეჭდილი წერილი: შანსი მიესალმება გრანდებს გერმანიიდან, Wir Begrussen die Granden, ხოლო მესამე გვერდზე ნომრის რედაქტორის ვახტანგ ჟღენტის ჩანახატია „აბა, თქვენ იცით, ნენა! ოლღას, ილიკოს, ილარიონისა და ზურიკელას გასაუბრება მატჩის წინ“.
ამ ოთხგვერდიანი გამოცემის დანარჩენი ადგილი ვეტერანი ფეხბურთელების, სპორტსმენების, მწერლების, მსახიობების და პარლამენტარების პროგნოზებითაა შევსებული. საინტერესოდ მეჩვენა რევაზ ძოძუაშვილის სიტყვები:
„როგორც პროფესიონალი, ერთი გოლის უპირატესობას მეტოქეს ვანიჭებ. ვთვლი, რომ ჩვენთვის ფრეც დიდი მიღწევა იქნება. მთავარია, როგორ ფორმაში არიან ჩვენი ლეგიონერები და თუ იქნა ის ენთუზიაზმი, როგორც უელსთან მატჩში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
გაზეთმა კავკასიონმა სპეციალურად ამ თამაშისთვის რვაგვერდიანი დამატება მატჩი დაბეჭდა, რომლის ბოლო გვერდი სპორტულ ჟურნალისტებს დაეთმოთ: ჯამლეტ ხუხაშვილმა, ნუგზარ ჯუღელმა, თემურ ჯაფარიძემ, თენგიზ პაჭკორიამ და მათმა ახალგაზრდა კოლეგებმა კარსმომდგარ თამაშზე ისაუბრეს.
იქვე დაიბეჭდა პოპულარული მსახიობის გურამ ლორთქიფანიძის კომენტარი:
„1937 წლიდან მოყოლებული მატჩი არ გამომიტოვებია! მე ძველი ფეხბურთელი ვარ! პირველი მერცხალი ხომ გახსოვთ? როგორ ვთამაშობდით ფეხბურთს მე, დოდო აბაშიძე – ჩვენი კაპიტანი, დიმა ჯაიანი…
ბილეთი უკვე მაქვს! კოტე მახარაძეს ველაპარაკე, მითხრა, მოვიგებთო! ჯუღელსაც და ხუხაშვილსაც იგივე უთქვამთ. ბევრი ფიქრობს, რომ მოვიგებთ. ხომ გეუბნებით, ჩვენ შერეკილები ვართ, კარგი გაგებით!
ნებისმიერი ანგარიში მაკმაყოფილებს ჩვენს სასარგებლოდ, ერთით ნოლიდან დაწყებული, ოცდაათით ნოლით დამთავრებული.
პირველ მერცხალში დოდო აბაშიძე რომ ამბობს, შორს არაა ბიჭებო ის დრო, ფეხბურთელებს ხელის გულზე რომ გვატარებენო… ჰოდა, მოვიდა ის დრო“!
ასეთი პროგნოზები და ერთჯერადი გამოცემები გულშემატკივრებში კარგ განწყობას ქმნიდა, 22 მარტს, სანაკრებო შესვენებამდე გამართულმა ეროვნული პირველობის ბოლო ტურმა კი რამდენიმე კარგი თამაშიც გვაჩუქა. მაგალითად მურთაზ ხურცილავას მომზადებულმა სამტრედიამ თელავის კახეთს სტუმრად 5:2 აჯობა, თერჯოლის საპოვნელამ 3:2 მოუგო თბილისის შევარდენი 1906-ს, წყალტუბოს სამგურალის და ბათუმის მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის დინამომ ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლა ქუთაისის ტორპედოს და 4:2 მოუგო.
ამ მატჩში პირველი და უკანასკნელი გოლი იმერლებმა შეაგდეს: ჯერ მამუკა ხუნდაძემ გამოიჩინა თავი, ბოლოს ვეტერანმა მერაბ მეგრელაძემ, ტორპედოელთა ბურთებს შორის კი გიორგი ანჩაბაძემ და გოჩა ჯამარაულმა დუბლები შეასრულეს…
მეორე დღეს, ხუთშაბათს, 23 მარტს, შუადღით, დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული გუნდი შევიდა, ალექსანდრე ჩივაძემ პირველი ვარჯიში საღამოს დანიშნა. მთავარ მწვრთნელს პირველი უსიამოვნო ცნობა შეკრების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს: ათენის აეკ-ის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ქეცბაია სათასო მატჩში დაშავდა და გერმანიასთან მისი თამაში გამოირიცხა.
პარასკევს, 24 მარტს, ბაზის გარშემო შეიარაღებული დაცვა გამოჩნდა. როგორც ჩანს, წინა დღით სტუმრად მყოფი ათობით გულშემატკივარი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას არ მოეწონა და ასეთი გზით გადაჭრა პრობლემა. ახალგაზრდები, ფეხბურთელების ძმაკაცები, უბნელები თუ უბრალო ნაცნობები მხოლოდ ერთი მიზნით მიდიოდნენ ბაზაზე, იქნებ ბიჭებისგან მაინც ეშოვათ ბილეთები.
შაბათს, 25 მარტს, დილის ვარჯიშის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემ ჟურნალისტებს უმასპინძლა. შეხვედრაზე სპორტული მედიის 58(!) წარმომადგენელი მივიდა, რომლებმაც საერთო ჯამში… ხუთი(!) კითხვა დაუსვეს მთავარ მწვრთნელს:
„ეროვნული გუნდი ახალგაზრდულის თამაშს არ დაესწრება. რუსთავში სტუმრობა ჩვენს გეგმაში არ შედის…
გერმანიის ნაკრების ყველა შესარჩევი მატჩის ვიდეოფირი გვაქვს, ასევე ესპანეთთან ამხანაგურის ჩანაწერი. ერთს გეტყვით: ასეთი სრულყოფილი ნაკრები კარგა ხანია არ მინახავს – სუსტი წერტილი არ აქვს…
ფსიქოლოგიურ სტრესზე ჩვენმა მეტოქემ იფიქროს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისთვის ხომ კატასტროფის ტოლფასი იქნება საქართველოსთან წაგება…
იქნება თუ არა პრემიები? ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. ღმერთმა ქნას, საქმე საპრემიოდ იყოს და…
ქართველები მაქსიმალისტები ვართ. ძალიან გთხოვთ, ნურაფერს გადავაჭარბებთ და ამ შემთხვევაშიც რეალისტები ვიყოთ“.
ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა „ჟურნალისტმა“ ჩივაძეს თავის წიგნი აჩუქა, თამაშამდე წაიკითხეთ და აუცილებლად მოიგებთო. მწვრთნელის კითხვაზე, რაზეა წიგნიო, ავტორმა უპასუხა – თუ როგორ ეხმარებიან უცხოპლანეტელები ქართველებს…
კვირას, 26 მარტს, საღამოს ვარჯიშის ნაცვლად ეროვნული ნაკრები თბილისის დინამოს შერეულ შემადგენლობას დაუპირისპირდა. ჩივაძის ბიჭებმა მიხეილ ყაველაშვილის გოლით მოიგეს. იმ მცირერიცხოვან მაყურებელთა შორის, რომლებმაც ამ პაექრობას თვალი ადევნეს, საბერძნეთიდან რამდენიმე საათით ადრე ჩამოსული თემურ ქეცბაიაც იყო…
საქართველო გერმანიის ნაკრების სტუმრობას 27 მარტს ელის. საფეხბურთო მაღალჩინოსნები კი არა, ლამის თითოეული მოქალაქე მათ მოლოდინშია, დედაქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელებით დაწყებული ქვეყნის პირველი პირით დასრულებული.
„ეგრეთ წოდებული კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ: მინდვრის ნაწილი შევცვალეთ… ახალი, აიბიემის სისტემის ტაბლო დავამონტაჟეთ… პირველი და მეორე იარუსის სარტყელი დინამოს ფერებში, ლურჯად შევღებეთ… შეიცვალა სკამები ჟურნალისტების ლოჟაში, მატჩის დროს მათ გამაგრილებელ სასმელსაც დავახვედრებთ… სტუმრების მოთხოვნით, დავამატეთ პროჟექტორები… რაც შეეხება სტადიონის ელექტროენერგიით მომარაგებას, საქენერგო საქმის კურსშია, მზადაა და მჯერა, გაუთვალისწინებელი პრობლემები არ გვექნება“, – ეროვნული სტადიონის დირექტორი ნუკრი კაკილაშვილი ისტორიული მატჩის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გახლდათ.
დასრულდა თუ არა მისი გამოსვლა ტელევიზიაში, თბილისის აეროპორტში ავიაკომპანია კონდორის კუთვნილი ბოინგი დაეშვა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ბერტი ფოგთსი გერმანიის ნაკრებს საქართველოს დედაქალაქში ჩამოუძღვა.
მთავარმა მწვრთნელმა თბილისში ჩვიდმეტი ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: ანდრეას კეპკე (ფრანკფურტის აინტრახტი), ოლივერ რეკი (ბრემენის ვერდერი)
მცველები: თომას ჰელმერი, მარკუს ბაბელი, კრისტიან ციგე (სამივე მიუნხენის ბაიერნი), იურგენ კოლერი (ტურინის იუვენტუსი, იტალია), შტეფან როიტერი (დორტმუნდის ბორუსია), რალფ ვებერი (აინტრახტი), ქრისტიან ვიორნსი (ლევერკუზენის ბაიერი)
ნახევარმცველები: ანდრეას მიოლერი, შტეფან ფროინდი (ორივე დორტმუნდის ბორუსია), დიტერ აილტსი, მარიო ბასლერი (ორივე ვერდერი), თომას ჰესლერი (კარლსრუე)
თავდამსხმელები: იურგენ კლინსმანი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი), ჰაიკო ჰერლიხი (მიონხენგლადბახის ბორუსია), ულფ კირსტენი (ბაიერი).
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გერმანელებს პირდაპირ ტრაპთან დაახვედრეს ავტობუსები. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია გათამაშდა სასტუმრო მეტეხშიც, მასპინძლებმა სტუმრები დამხვდურებს მოარიდეს და ნომრებამდე რეგისტრაციის გარეშე მიაცილეს. გუნდთან ერთად დაბინავდნენ ჟურნალისტებიც და ეს ფაქტი კიკერმა საგანგებოდ აღნიშნა. აღმოჩნდა, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გერმანიის ნაკრებს და მედიას ერთმა სასტუმრომ უმასპინძლა.
ოფიციალურ პრესკონფერენციამდე სტუმრები მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. ბერტი ფოგთსი: „მწვრთნელთა კოლეგიის წევრებმა ნახეს საქართველოს თამაშები ბულგარეთთან, ალბანეთთან და უელსთან. თბილისში მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და შესაბამისად, მოგებაც ძალიან მინდა“.
ანდრეას მიოლერი: „საქართველოს ნაკრების შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი. რაც მსმენია სულ ის არის, რომ ბუნდესლიგაში ერთი ქართველი თამაშობს“.
ოლივერ რეკი: „თბილისში 1987 წელს ვიყავი, როცა დინამოს წინააღმდეგ ვერდერის კარს ვიცავდი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ვიცი, რომ თქვენი ფეხბურთის კლასიც ამაღლდა. პროგნოზისგან კი თავს შევიკავებ, ძნელი სათქმელია თუ როგორ დასრულდება მატჩი“.
ამის შემდეგ სასტუმრო მეტეხის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს და მათზე გაცილებით მეტ გულშემატკივარს შენობიდან გასვლა მოსთხოვა, აქაოდა გერმანელთა დელეგაციის ხელმძღვანელებმა გვთხოვესო. იმ წუთებში კიდევ ორი ამბავი გაირკვა: ფოგთსმა იმავე საღამოს ერთი, ხოლო მეორე დღეს ორი ვარჯიში დანიშნა, და მეორე – მთავარმა მწვრთნელმა თანამემამულე ჟურნალისტები თამაშისწინა პრესკონფერენციაზე მეტეხში დაიბარა. ამ შეხვედრაზე დასწრება ქართულ მედიასაც შეეძლო.
28 მარტს, შუადღით, პირველი ვარჯიშის შემდეგ, გერმანული ჟურნალ-გაზეთების მიმომხილველთა კითხვებს ბერტი ფოგთსმა, იურგენ კლინსმანმა, თომას ჰელმერმა და მარიო ბასლერმა უპასუხეს.
იურგენ კლინსმანი: „უდავოდ ძნელი მატჩი გველის, ჩვენ ვნახეთ ქართველების თამაში უელსთან და თუ ხვალ თავიდანვე პრესინგს არ მივმართეთ და შეხვედრის ბატონ-პატრონები არ გავხდით, ძალიან გაგვიჭირდება“.
თომას ჰელმერი: „როგორც ბეკენბაუერი ამბობს, საქართველოსნაირ გუნდებს თუ მოვუგებთ, ეს ნორმალურია, აი წაგება კი კატასტროფაა… ამ ქვეყანაში პირველად ვარ და მის შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა თუ ოდესმე გერმანიის ნაკრებს შინ თამაშს აუკრძალავენ, მეტოქეების თბილისში მასპინძლობას ვისურვებდი. აეროპორტიდან მოყოლებული, სადაც მივედით, ყველგან ოვაციით შეგვხვდნენ და ეს ძალიან სასიამოვნოა“.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ თითქმის ყველა გერმანელი და ქართველი ჟურნალისტი რუსთავში გაემგზავრა, ახალგაზრდულ ნაკრებთა პაექრობას მეტალურგის სტადიონმა უმასპინძლა.
შოთა ჭეიშვილმა ასეთი ძირითადი შემადგენლობა შეარჩია: დავით ჯანელიძე, ზვიად პაპიძე, ალექსანდრე ბურნაძე, დავით კარიაული, მამუკა ბუცურეიშვილი, გიორგი კიკნაძე, გიორგი ღუდუშაური, ზვიად ჯელაძე, ვახტანგ იაგორაშვილი, გიორგი ანჩაბაძე, ალექსანდრე იაშვილი. მეორე ტაიმის დასაწყისში ბუცურეიშვილი ლევან ცქიტიშვილმა შეცვალა, 81-ე წუთზე კი ლევან ხომერიკი გამოჩნდა იაშვილის ნაცვლად.
რაც შეეხებათ გერმანელებს, გამოცდილმა ჰანეს ლიორმა ამ ბიჭებზე შეაჩერა არჩევანი: კრისტიან ფიდლერი (ბერლინის ჰერტა), მაქს ებერი (ბოხუმი), უვე ელერსი და რენე შნაიდერი (ორივე როსტოკის ჰანზა), იენს ნოვოტნი (კარლსრუე), ოლივერ შმიდტი და კარსტენ რამელოვი (ორივე ჰერტა), მარკუს ფელდჰოფი (უერდინგენის ბაიერი), ალექსანდრ ციკლერი და კრისტიან ნერლინგერი (ორივე მიუნხენის ბაიერნი), ანდრეას ნოიენდორფი (ლევერკუზენის ბაიერი). მე-10 წუთზე ნოვოტნი დაშავდა და მწვრთნელმა დრეზდენის დინამოელით, რენე ბიუჰელით შეცვალა, 85-ე წუთზე კი რენე რიდლევიჩმა დაიკავა ნოიენდორფის ადგილი.
ჭეიშვილის გუნდი 0:2 დამარცხდა. ბუნდესლიგის ამომავალმა ვარსკვლავმა ალექსანდრ ციკლერმა 25-ე და 86-ე წუთებზე დალაშქრა დავით ჯანელიძის კარი, პირველად კონტრშეტევა დააგვირგვინა, მეორედ კი ქართველი მცველების მიერ ცუდად მოგერიებული ბურთი დაამუშავა და ლამაზი გოლი შეაგდო. საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდოები, თიხის ნაკეთობები, სტუმართაგან მას, მასპინძლებიდან კი გუნდის კაპიტანს, გიორგი კიკნაძეს გადაეცათ.
მეორე დღეს, ოთხშაბათს, 29 მარტს, თბილისის დროით 21 საათზე, ინგლისელმა მსაჯმა მარტინ ბოდენმა სასტვენს ჩაბერა და იმ შეხვედრის დაწყება ბრძანა, რომელიც ბევრმა ქართველმა საუკუნის მატჩად მონათლა.
მე და ჩემი მეგობრები სტადიონისკენ სამი საათით ადრე წავედით, ცაბაძის ქუჩაზე ცხენოსანი პოლიცია შეგვხვდა, მერე უსაფრთხოების სამი კორდონი გავიარეთ და მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე ტრიბუნაზე ჩვენი ადგილი დავიკავეთ. არც მანამდე და არც მას შემდეგ სტადიონზე ასე ადრე არ მივსულვარ. ამავდროულად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ზუსტად იმ ადგილზე დავჯექი, რომელიც ბილეთზე იყო მითითებული, მანამდე ბილეთებს მხოლოდ არენის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიყენებდი.
საქართველოს ნაკრებმა წითელი მაისურებით შეაბიჯა მინდორზე. ალექსანდრე ჩივაძემ 4-3-3 ტაქტიკური განლაგება აირჩია: აკაკი დევაძის წინ გუნდის კაპიტანი კახი ცხადაძე დააყენა, რომელსაც ზაზა რევიშვილის, მურთაზ შელიას და გიორგი ჩიხრაძის დაცვის სამეულის დაზღვევა დაავალა; ნახევარდაცვის ფლანგებზე კახი გოგიჩაიშვილი (მეათე მატჩი ნაკრებში) და რევაზ არველაძე თამაშობდნენ, მათ შუაში კი დიმიტრი კუდინოვი იდგა, რომელსაც შეტევები უნდა ჩაეშალა. შოთა არველაძე ეული ფორვარდი იყო, რომელსაც გიორგი ქინქლაძე და გოჩა ჯამარაული (მეათე მატჩი) ფლანგებიდან უნდა დახმარებოდნენ.
ფოგთსმა კლასიკური 4-4-2 სქემა აირჩია: კარი ანდრეას კეპკეს ანდო; დაცვაში შტეფან როიტერი, თომას ჰელმერი, იურგენ კოლერი და მარკუს ბაბელი გაამწესა; ნახევარდაცვაში მარიო ბასლერი, ანდრეას მიოლერი (ორმოცდამეათე მატჩი), დიტერ აილტსი და რალფ ვებერი, თავდასხმაში კი კაპიტან იურგენ კლინსმანს დებიუტანტი ჰაიკო ჰერლიხი შეუწყვილა.
მოლოდინი, რომ მეტოქე პირველივე წუთიდან ჩვენს ნახევარზე დამკვიდრდებოდა, არ გამართლდა: ქართველები ხშირად უახლოვდებოდნენ გერმანელთა საჯარიმოს, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს მაქსიმუმი იყო. ბიჭებს ჯერ კიდევ ჰიმნების დროს ეტყობოდათ, რომ ძალიან ნერვიულობდნენ, რაც დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან უშლიდათ ხელს.
ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა: ბასლერმა კუთხური მოიპოვა, თავად ჩააწოდა ბურთი, ჩიხრაძესა და შელიას შორის მოქცეულმა კლინსმანმა კი მეურვეებს ახტომა დაასწრო და ძლიერი თავურით დალაშქრა დევაძის კარი – 0:1.
მალე, რამდენიმე წამის ინტერვალით, მსაჯმა როიტერს და ვებერს ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში იყო. ტაიმის უკანასკნელ წუთს შოთა არველაძემ გაიელვა – მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი აკენწლა, ჰელმერს კი გასცდა, მაგრამ ეს იყო და ეს, კეპკეს მიახლოვებულმა სათანადოდ ვეღარ დაარტყა, ხელი შეუშალეს.
ამ მომენტს კიდევ ერთი იერიშის მცდელობა მოჰყვა, მაგრამ სტუმრებმა რეზო არველაძის პასი ჩაჭრეს და მეორე საგოლე შეტევაც დაიწყეს: ბურთი როიტერმა მოიგდო და ლამის მთელი მოედანი გადასერა. კუდინოვმა ის ვერ შეაჩერა, როიტერმა კი საჯარიმოსთან მარცხნივ მდგარ ჰერლიხს დაუგორა ბურთი. ახალგაზრდა გერმანელზე შელია გადავიდა და ერთი შეხედვით თავდასხმაც თითქოს დასრულდა, მაგრამ ბურთი კლინსმანთან აღმოჩნდა, კაპიტანმა კი ნახევარბრუნში დაარტყა. ცხადაძემ სცადა დაზღვევა, მაგრამ დააგვიანა, ბურთი დევაძისგან მარჯვენა კუთხეში შევარდა, 0:2.
საერთო სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მეტოქეები მონაცვლეობით უტევდნენ. იმ წუთებში საუკეთესო იყო აკაკი დევაძე, რომელმაც ჯერ ჰერლიხის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი დაიჭირა მაღალ ნახტომში, მერე კი ფროინდის დარტყმა მოიგერია ეფექტურად. ეს უკანასკნელი ვებერის ნაცვლად გამოჩნდა.
65-ე წუთზე ფროინდმა რევიშვილი წააქცია და ბოდენმაც საჯარიმო დარტყმა დანიშნა. კარამდე არც ისე შორია, ბურთთან რეზო არველაძე და გიორგი ქინქლაძე დგანან… გათამაშება, მასპინძელთა ათიანის ძლიერი დარტყმა და კეპკე მუშტებით იგერიებს ბურთს. ეს იყო ჩვენების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შეტევა.
უკანასკნელ ხუთ წუთში ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა: ჯერ კლინსმანი შეიჭრა მარჯვნიდან და თანაგუნდელზე პასი სცადა, თუმცა დევაძე ჩანაფიქრს მიუხვდა და ნახტომით ჩაჭრა გადაცემა. სულ ბოლოს კი ქინქლაძემ დიდებული პასით შეატოვა გოგრიჭიანი (მან ჯამარაული შეცვალა) კეპკეს, მაგრამ გოჩას მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ცხადაძის თანაკლუბელმა, ფრანკფურტის აინტრახტის გოლკიპერმა ფეხებით მოიგერია. ამით ყველაფერი დასრულდა – მეტოქემ ისტორიაში 350-ე თამაში მოიგო.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მწვრთნელებმა მონაცვლეობით უპასუხეს. ბერტი ფოგთსი:
„ვფიქრობ, ძლიერ მეტოქესთან დამსახურებულად გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით მეორე ტაიმით ვარ კმაყოფილი. ჩემი გუნდი გავაფრთხილე, გოლი არაფრით გაატანინოთ, თორემ გაგვიჭირდება-მეთქი. საქართველოს ნაკრები კარგად მომზადებული, დიდი შესაძლებლობების გუნდია, მაგრამ ფეხბურთში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გატანილ გოლს, ამაში კი ჩვენ ვივარგეთ…
მეტოქის შემადგენლობიდან მომეწონა ჯამარაული, ქინქლაძე და შოთა არველაძე. საერთოდ კი, ყველა ფეხბურთელი ტექნიკური გყავთ…
კლინსმანთან და ჰერლიხთან ერთად ბასლერმა კარგი ტრიო შექმნა. სამწუხაროა, რომ ჰერლიხმა გოლი ვერ გაიტანა…
ბეკენბაუერმა რაც თქვა (რომ ალბანეთთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან თამაში გერმანიისთვის სახეირო არ არის – ლ.გ.), მის ნაცვლად ბოდიშს გიხდით. მაგრამ დავძენ, რომ მისი სიტყვები პირდაპირ არ უნდა გაიგოთ. მან თამაშების ჩატარების დრო და სხვა საორგანიზაციო საკითხები იგულისხმა…
შტეფან ეფენბერგი? მასზე პატივცემული საზოგადოების წინაშე საუბარიც არ მსურს“.
ალექსანდრე ჩივაძე: „მეორე ტაიმში ანგარიში მეტიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ალბათ შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება სათანადო ვერ იყო…
ქინქლაძისთვის მარჯვნივ თამაში არ დამივალებია. უბრალოდ, სიტუაციიდან გამომდინარე გადადიოდა ამ ფლანგზე. მას გუნდში თავის ამპლუა აქვს…
ჩემი გუნდიდან დევაძეს გამოვყოფდი“.
სანამ ტრიბუნიდან ჩავედი, საკმაო დრო გავიდა. ვიფიქრე, გუნდების ავტობუსებთან მივალ, იქნებ რომელიმე გერმანელს თვალი მოვკრა-მეთქი. მაშინ არ იყო უსაფრთხოების ისეთი წესები, როგორცი ახლაა, თუ ცოტას იეშმაკებდი, ყველგან შეძვრებოდი. თან, სხვა დრო იყო, ყველას სახლისკენ ეჩქარებოდა… მოკლედ, მივუახლოვდი გერმანელების ავტობუსს და თვალებს არ დავუჯერე: იურგენ კლინსმანი კარის წინ იდგა და ვიღაცას ესაუბრებოდა. მალე იმ „ვიღაცაში“ დავით ქლიბაძე შევიცანი, კომენტარს წერდა… შორიახლოს გავჩერდი, კლინსმანს ვუსმენდი და თან ვათვალიერებდი, ხუმრობა ხომ არ იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში იდგა. ყველაზე ძალიან კი იმაზე ვნანობდი, რომ ძმაკაცის ნაჩუქარი გერმანული ჟურნალი შინ დავტოვე. იქ კლინსმანის ფოტო იყო დაბეჭდილი… ვერც ვიფიქრებდი სუპერვარსკვლავს ასე ახლოდან, თავისუფლად თუ ვნახავდი. როცა ბატონმა დავითმა ინტერვიუს ჩაწერა დაასრულა, კლინსმანმა ხელი ჩამოართვა და ავტობუსში ავიდა, მე კი სახლისკენ გავწიე და გზად მხოლოდ მისი ხელმოწერის გარეშე დარჩენილ ფოტოზე ვფიქრობდი.
თუ 29 მარტს, თამაშის დღეს, სარბიელი ვარდისფერ ქაღალდზე დაიბეჭდა, მომდევნო, 31 მარტის ნომერი მწვანე ფურცელზე გამოიცა. თამაშის მიმოხილვა ჟურნალისტმა მამუკა ჩიხლაძემ ასე დაასრულა:
„საუკუნის მატჩი, ჩვენვე რომ გამოვიგონეთ, არ შედგა. სამაგიეროდ, წელს კიდევ ხუთჯერ გვაქვს სათამაშო და უნდა ვეცადოთ უელსთან და ალბანეთთან მოგებებით მოპოვებული ავტორიტეტი ქარს არ გავატანოთ. გერმანიასთან წაგება კი არავისთვისაა სასირცხვილო. ძლიერი გუნდები ამ საუკუნის ბოლომდეც მრავლად გვეწვევიან და დღეისთვის მიუღწევლის მიღწევას მაშინ შევეცდებით“.
სარბიელმა მკითხველს მონაწილეთა კიკერისეული შეფასებებიც შესთავაზა (1 – უმაღლესი, 5 – ყველაზე დაბალი).
ქართველები: დევაძე – 2,5, ცხადაძე – 3, რევიშვილი – 4, შელია – 4, ჩიხრაძე – 4, რევაზ არველაძე – 4, გოგიჩაიშვილი – 2, ქინქლაძე – 2, ჯამარაული – 3,5, კუდინოვი – 3,5, შოთა არველაძე – 3. ყაველაშვილი (გოგიჩაიშვილის და ჯამარაულის მსგავსად მანაც მეათედ ითამაშა ნაკრებში) და გოგრიჭიანი შეფასების გარეშე.
გერმანელები: კეპკე – 2, ჰელმერი – 3, კოლერი – 3, ბაბელი – 3, როიტერი – 2,5, ბასლერი – 2,5, აილტსი – 2, მიოლერი – 5, ვებერი – 4, ფროინდი – 3, კლინსმანი – 1,5, ჰერლიხი – 3,5.
კიკერის ჟურნალისტმა ვოლფგანგ ტობინმა თბილისური მატჩის მიმოხილვაში – კლინსმანი გემს სწორი მიმართულებით მიაცურებს – აღნიშნა (წერილის თარგმანი სარბიელში დაიბეჭდა):
„საქართველოს ნაკრებთან გამართული პირველი მატჩი წარმატებული გამოდგა. გაზაფხულის საამო ამინდში იურგენ კლინსმანის კაპიტნობით, რომელიც ნაკრების არწივიანი მაისურით 72-ე მატჩს ატარებდა, გერმანელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეოთხე გამარჯვება მიითვალეს…
სამი მცველი, წყნარი და საქმიანი ლიბერო ცხადაძის მეთაურობით, კლინსმანისა და ჰერლიხის მეურვეობით იყო დაკავებული…
აგრესიულმა ტაქტიკამ მატჩის დასაწყისშივე გამოიღო ნაყოფი. ბასლერის აქტიური მოქმედების წყალობით ნახევარდაცვას ხელ-ფეხი გაეხსნა. თავისუფლებამონიჭებულმა როიტერმა კლინსმანს გოლიც გაატანინა. ეს იყო ნაკრების მეასე ბურთი ბერტი ფოგთსის მეთაურობით…
ქართველებმა კულისებს მიღმა მომზადებული რამდენიმე მაღალტექნიკური შოუ წარუდგინეს მეტოქეს, მაგრამ უშედეგოდ. თავდასხმაში ეულად მყოფ შოთა არველაძეს მონაცვლეობით ეშველებოდნენ ჯამარაული და ქინქლაძე. ამან პრობლემები შეუქმნა გერმანელთა დაცვას, მით უმეტეს, რომ გოგიჩაიშვილი თითქმის ყოველთვის სჯობნიდა ტექნიკურად ვებერს და მის ზურგს უკან მოქმედებდა. ნახევარდაცვის ეს ჩავარდნა ბაბელს უნდა ესწორებინა ხოლმე, მაგრამ მან არასწორი პოზიციური თამაშის გამო თავი ვერ გაართვა ამ ამოცანას“.
კიკერშივე გამოქვეყნდა რამდენიმე საინტერესო ცნობა:
„თბილისის სასტუმროდან სატელეფონო საუბარი, სულ მცირე, ოცდასამი გერმანული მარკა ღირდა. ფული მაშინაც უნდა გადაგეხადა, როცა აბონენტს ვერ დაუკავშირდებოდი…
გერმანიის ნაკრებმა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით საქართველოში ოცდახუთი ყუთი შპრიცები, ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები ჩაიტანა. ჰუმანიტარული დახმარება ცისფერჩაფხუტიანებმა გაანაწილეს…
ბოლო ხნის მანძილზე პირველად მოხდა, რომ გერმანიის ჰიმნისთვის არ უსტვენიათ, პირიქით, ტაშიც კი დაუკრეს. საერთოდ, ასე გადაჭედილი სტადიონი არსად გვინახავს, ოღონდ თავიანთ გუნდს, ასი ათასი კაცის კვალობაზე, ერთობ უცნაურად ქომაგობდნენ“.
გაზეთ რეზონანსის დამატება სპორტმა გერმანელებთან მატჩს აპრილის ნომერში ოთხგვერდიანი ფოტოკოლაჟი დაურთო. ჩანახატი – პური, შოკოლადი და ფეხბურთი – იმხანად ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა მწერალმა აკა მორჩილაძემ მოამზადა:
„ისევ მილიცია, ჩხრეკვა სექტორის ასასვლელებში. საათნახევრით ადრე ტრიბუნები სავსეა, ხალხი მოდის და მოდის…
ცედეეფის კიკინებიანი ტიპები, ჩვენი გენერლები, პლაშიანი კაცები, რაციები, ზღაპარი, ზღაპარი, ყველაფერი ერთმანეთშია არეული…
შმოტკები და სტრიჟკების პარადი იქ, ქვემოთ. ზემოთ სართულიანები და ნერვიულობა…
ჯიმი მიქელაძე გენერლის ფორმაში დასავლეთ ტრიბუნას ზვერავს, შორიახლო ჩოხიანი ბავშვები, ვიღაც ძია წამალს სვამს და კოლას აყოლებს…
ტაბლოზე რეკლამა: დალიეთ მიშა მესხი…
სარბენ ბილიკზე ჯარი შემობუნძულდა. უბედურებაა, როცა ნაცია დასცინის თავისი ჯარის ჩაცმულობას. ესენი სტალინგრადიდან გამოიქცნენ? კითხულობს ვიღაც. აბანოში მიყავთ – არ ინდობს სხვა. ჯარი კი ბედნიერია, ფეხბურთს მაინც უყურებს…
და ჰა, დაიწყო პირველი ქართული ტალღაც: მეთორმეტედან პირველ სექტორამდე გნიასი, სტვენა და მეგობრობა…
გარეთ ბნელა. გოსკინპრომთან ხალხი იქსაქსება. გარშემო ჩაბნელებული ქალაქი, გერმანიის საელჩოსთან ხეზე პლაკატია მიკრული: საქართველო-გერმანია 3:0“…
გერმანიის ნაკრები თამაშის დასრულებისთანავე გაემგზავრა თბილისიდან და საქართველოს დედაქალაქმაც ჩვეული ცხოვრება განაგრძო: უშუქობა, სიცივე, დანაშაული ლამის ყოველ დღე…
ერთ თვეში ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ ითამაშა ბორის პაიჭაძის სახელობის სარბიელზე და ფეხბურთის მოყვარულებმაც დროებით დავივიწყეთ მოსაწყენი რეალობა. ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა ალბანელთა კარში გატანილი ორი გოლი გაცილებით ნაკლებმა გულშემატკივარმა იხილა – გენერლებმა, პარლამენტარებმა, ჩვენი ესტრადის ვარსკვლავებმა და იმ დროების კარგმა ბიჭებმა ალბანელების სანახავად თავი აღარ შეიწუხეს…
* * *
29 მარტი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 105 000
საქართველო 0:2 გერმანია
გოლები: 0:1 იურგენ კლინსმანი (24), 0:2 იურგენ კლინსმანი (45)
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, დიმიტრი კუდინოვი, გოჩა ჯამარაული (გოჩა გოგრიჭიანი 62), რევაზ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 77), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გერმანია: ანდრეას კეპკე, თომას ჰელმერი, იურგენ კოლერი, მარკუს ბაბელი, შტეფან როიტერი, დიტერ აილტსი, რალფ ვებერი (შტეფან ფროინდი 46), მარიო ბასლერი, ანდრეას მიოლერი, იურგენ კლინსმანი (კაპ), ჰაიკო ჰერლიხი
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი
გაფრთხილება: შტეფან როიტერი, რალფ ვებერი, მარკუს ბაბელი, შტეფან ფროინდი, იურგენ კოლერი
მსაჯები: მარტინ ბოდენი; ს.ბენეტი, რ.პერსონი (ინგლისი)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 21 აგვისტო
ფოტო: ჟურნალი დებიუტი
* – 2025 წლის 14 და 21 აგვისტოს წერილი ორ ნაწილად გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე