3:0 ბულგარეთთან: 11 ფაქტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთის ნაკრებთან საშინელ სტატისტიკას ნელ-ნელა აუმჯობესებს: „ჯვაროსნებმა“ ბოლო სამ თამაშში მეორედ დაამარცხეს მეტოქე და კვლავ დიდი ანგარიშით. დღევანდელი თამაში რამდენიმე საინტერესო ფაქტით იყო გამორჩეული, მათგან 11 ყველაზე მნიშვნელოვანი კი ასეთია:

1: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ითამაშა 7 სექტემბერს. შარშან ჩვენმა გუნდმა ვაკეში, მიხეილ მესხზე ჩეხეთს უმასპინძლა და ის თამაშიც დიდი ანგარიშით მოიგო, 4:1 (ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ იმ მატჩშიც გაიტანეს). ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველი შესარჩევი მატჩი სწორედ 7 სექტემბერს გამართა, 1994 წელს მოლდოვასთან თბილისში.

2: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში 125-ედ ითამაშა შინ, საქართველოში და 55-ედ გაიმარჯვა.

3: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეხუთედ ითამაშა შინ, ასეთი რამ კი ისტორიაში სულ მეორედ მოხდა. პირველად 2001 წელს: თბილისში უკრაინასთან (0:0), რუმინეთთან (0:2) და ისრაელთან (3:2), შემდეგ ქუთაისში აზერბაიჯანთან (1:0) და კვლავ თბილისში იტალიასთან (1:2).

4: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი თბილისში პირველად მოიგო 2012 წლის 7 სექტემბრის შემდეგ. ცამეტი წლის წინ ქართველებმა თორნიკე ოქრიაშვილის გოლით ბელარუსს სძლიეს, 1:0. იმ დროს გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

5: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წელს მე-3 მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით (3 და მეტი ბურთის სხვაობით), ასეთი რამ კი ჩვენი გუნდის ისტორიაში მეოთხედ მოხდა 2018, 2022 და 2023 წლების შემდეგ.

6: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის თამაში დიდი ანგარიშით 2000 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო. ოცდახუთი წლის წინ ქართველებმა კაუნასში ლიეტუვას 4:0 სძლიეს. თუ მხოლოდ თბილისში გამართულ მატჩებს გავითვალისწინებთ, მაშინ კიდევ უფრო შორს უნდა გავიხედოთ: 1997 წლის 11 ოქტომბერს საქართველომ 3:0 სძლია პოლონეთს.

7: ვილი სანიოლისთვის ეს 50-ე მატჩი იქნებოდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომ არა თურქეთთან თამაშში მიღებული წითელი ბარათი. ფრანგი სპეციალისტის ნაცვლად დღეს ჩვენ გუნდს ზურაბ ხიზანიშვილმა უხელმძღვანელა და ის გახდა 22-ე, ვინც „ჯვაროსნები“ თუნდაც ერთ მატჩში გაწვრთნა. ასევე: ხიზანიშვილი გახდა მესამე თემურ ქეცბაიას და კახი ცხადაძის შემდეგ, რომელსაც ნაკრების ხელმძღვანელობამდე უთამაშია კიდეც გუნდში.

8: ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ნაკრების ისტორიაში 28-ე კაპიტანია. საინტერესოა, რომ 2025 წელს ნაკრებს უკვე სამი ახალი კაპიტანი ჰყავდა (ხვიჩამდე ოთარ კიტეიშვილი და ლაშა დვალი), ასეთი რამ კი ჩვენი გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა. ასევე პირველად მოხდა, რომ კალენდარულ წელიწადში „ჯვაროსნები“ ხუთმა მოთამაშემ გაიყვანა მინდორზე.

9: ხვიჩა კვარაცხელია მესამეა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მინიმუმ 20 გოლი გაიტანა. პირველი, ვინც ეს შეძლო, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეა. მან 26 გოლით დაასრულა კარიერა, მეორედ კი 20-გოლიანი ზღვარი გიორგი მიქაუტაძემ გადალახა.

10: გიორგი მამარდაშვილმა მე-10 სანაკრებო მატჩში არ გაუშვა გოლი. ჩვენი გუნდის ისტორიაში მხოლოდ ოთხი გოლკიპერია, რომელმაც მინიმუმ 10 მატჩში შეძლო კარის „მშრალად შენახვა“: მამარდაშვილი (10-ჯერ), გიორგი ლომაია (11), ნუკრი რევიშვილი (12) და რეკორდსმენი გიორგი ლორია (31).

11: ოთარ კაკაბაძემ 75-ედ ითამაშა ნაკრებში და გახდა მეშვიდე, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია, გურამ კაშიას, ლევან კობიაშვილის, ჯაბა კანკავას, ზურაბ ხიზანიშვილის, კახი კალაძის და გიორგი ლორიას შემდეგ. კაკაბაძის დებიუტი ზუსტად ათი წლის წინ შედგა, 2015 წლის 8 ოქტომბერს გიბრალტართან 4:0 მოგებულ შეხვედრაში.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 7 სექტემბერი
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ka_GEGeorgian