ნარინჯისფერი სასწაული მფრინავი თეფშით

უკრაინის ჩემპიონი და თასის მფლობელი დონეცკის შახტარი მალე 75 წლის იუბილეს იზეიმებს.
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ შახტარი XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მსოფლიოს ყველაზე პროგრესირებად კლუბად დაასახელა: 2001 წელს, ფისსფ-ის ტრადიციულ რეიტინგში, შახტარი საუკეთესო გუნდების ათასეულშიც არ ფიგურირებდა, ახლა კი მე-18 ადგილზეა.
მიუხედავად ამისა, კლუბის პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი თვლის, რომ მიზანი ჯერ არაა მიღწეული და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ეტაპის დასასრულია.
და რა არის ნარინჯისფერი სასწაულის მთავარი მიზანი?

პრეზიდენტი ამ თემაზე არ საუბრობს, თუმცა დონეცკში, ისევე, როგორც მთლიანად უკრაინაში, ყველამ იცის, რომ ის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე ოცნებობს. და რადგან რინატ ახმეტოვი და შახტარი ერთი და იგივე ცნებაა, გამოდის, რომ მთავარი მიზანი საუკეთესო საკლუბო ტურნირის მოგებაა.

2010-11 წლების ჩემპიონთა ლიგაში დონეცკელებმა 1/4-ფინალში გააღწიეს, სადაც მრავლისმნახველი რუმინელი სპეციალისტის მირჩა ლუჩესკუს გაწვრთნილი შახტარი მომავალ გამარჯვებულ ბარსელონასთან დამარცხდა. უკრაინულმა კლუბმა ლიგის ფლეი-ოფში მანამდე 1998-99 წლების სეზონში ითამაშა, როცა ვალერი ლობანოვსკის კიევის დინამო მიუნხენის ბაიერნმა შეაჩერა…

იმ დროს, როცა დინამო ტიტულს ტიტულზე იგებდა, დონეცკური კლუბი ჯერ კიდევ წარმატებისკენ მიმავალ გზას ადგა – კიეველთა ზეობის წლებში შახტარის ამჟამინდელი მფლობელი 4 წლის მისული იყო გუნდში. ის 1995 წელს გამოჩნდა სათავეში: ერთ-ერთი მატჩისას ტრიბუნაზე ააფეთქეს მაშინდელი პრეზიდენტი ახატ ბრაგინი, მცირე ხანში კი მისი ადგილი რინატ ახმეტოვმა დაიკავა. რამდენიმე წელიწადში ის გუნდის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.

უკრაინელი ჟურნალისტები დონეცკური კლუბის ისტორიას სამართლიანად ყოფენ ორ ნაწილად. პირველი ეტაპი 1936-1995 წლებია, მეორე კი ახმეტოვის მისვლის შემდგომ პერიოდი.

ათწლეულების მანძილზე შახტარი დინამოს ჩრდილში იყო. ნარინჯისფერები ახმეტოვის მმართველობის პირველ წლებშიც დედაქალაქელთა მდევრის როლში აღმოჩნდნენ, თუმცა ახალგაზრდა პრეზიდენტის და მისი გუნდის პოლიტიკამ, რეფორმებმა და რაც მთავარია, ფინანსებმა ძალთა თანაფარდობა დონეცკელთა სასარგებლოდ შეცვალა.

ზემოთქმულს ტიტულებიც ადასტურებენ: 2005 წლიდან შახტარმა 5-ჯერ მოიგო ჩემპიონატი, 2-ჯერ თასი აღმართა, 3-ჯერ – სუპერთასი, 2009 წელს კი უეფას თასის უკანასკნელ გათამაშებაში გაიმარჯვა!

პრესის ცნობით, რინატ ახმეტოვს 15 წელიწადი და 1,5 მილიარდი დოლარი დასჭირდა, რათა შახტარი ქვეყნის საუკეთესო და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ექცია.

1,5 მილიარდი დოლარი – ამ თანხაში მხოლოდ ტრანსფერებსა და ხელფასებში დახარჯულ ფულს არ ვგულისხმობთ. მაგალითად, დონბას არენის აგება, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია მსოფლიოში, 400 მილიონი დოლარი დაჯდა.

ამას გარდა, დიდი თანხა დაიხარჯა შახტარის საფეხბურთო აკადემიის დაარსება-გამართვაზე, რომლის წლიური ბიუჯეტი დღეს 10 მილიონი დოლარია. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თანამშრომელთა რაოდენობა ახმეტოვის მისვლის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა და დღეს 900-ს უდრის. მათ შორის საფეხბურთო სამყაროში კარგად ცნობილი არაერთი პიროვნებაა: კლუბის სამედიცინო განყოფილებას ესპანელი პროფესორი პაკო ბიოსკა ხელმძღვანელობს, სელექციონერთა დეპარტამენტის შეფი პორტუგალიელი ლუიშ გონსალვეშია, ბავშვთა აკადემიის კურატორი კი ჰოლანდიელი პატრიკ ვონ ლიუვენი. ამ უკანასკნელს, რომლის მეთვალყურეობით 7-19 წლის ასაკის 200 ბავშვი ვარჯიშობს, ერთადერთი რამ ავალია – ყოველ სეზონში პირველ გუნდს ერთი კონკურენტუნარიანი ბიჭი გაუზარდოს.

რატომ ხარჯავს უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანი (რინატ ახმეტოვის ქონება 17,8 მილიარდ დოლარს უტოლდება) ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს საფეხბურთო კლუბში?

ამ კითხვას ნარინჯისფერი სასწაულის მთავარი შემოქმედი ძალიან მარტივად პასუხობს: „ძალიან მიყვარს ფეხბურთი და შახტარი“!

უკრაინა, პოლონეთთან ერთად, გაისად ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევრო 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალურმა ჯგუფმა ის ქალაქები მოინახულა, სადაც ფინალური ეტაპის თამაშები გაიმართება. უეფას მაღალჩინოსანთა შეფასებით, დონეცკის დონბას არენა დღესდღეობით ერთადერთია, რომელიც 100%-ით მზადაა ტურნირის მისაღებად.

დონბას არენა შახტარის საკუთრებაა, გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს და ევრო 2012-ის 5 თამაშს უმასპინძლებს, მათ შორის 1/4-ფინალს და 1/2-ფინალს.

XXI საუკუნის კოლიზეუმი – ასე შეაფასეს ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის მესვეურებმა ეს სარბიელი ორი წლის წინ. უეფამ არენას უმაღლესი კატეგორია მიანიჭა, ეს კი ნიშნავს, რომ დონეცკში, შესაძლოა, რომელიმე ევროთასის ფინალიც გაიმართოს.

შახტარის პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა 400 მილიონი დოლარი დახარჯა იმ საოცრების ასაგებად, რომელსაც ჟურნალისტები ხატოვნად „მფრინავ თეფშსაც“ უწოდებენ. ნაგებობა არუპსპორტმა დააპროექტა, რომელიც სითი ოფ მანჩესტერით და ალიანც არენათიც იწონებს თავს.

სტადიონი თანამედროვე ამფითეატრია, 51 504 გულშემატკივარზეა გათვლილი და ყველა კუთხიდან საუკეთესო ხილვადობის გარანტიას იძლევა.

უეფა ელიტ-კლასის სტადიონებზე გულშემატკივართა ტრიბუნების 75%-ით გადახურვას ითხოვს, დონეცკის „მფრინავ თეფშზე“ კი ეს მაჩვენებელი 93%-ს უტოლდება. სახურავი რამდენიმე გრადუსითაა დახრილი, ეს კი თითქმის უნაკლო აკუსტიკის გარანტია.

მოსწავლეთათვის 4 ათასი ადგილია გამოყოფილი, უნარშეზღუდულთათვის – 196. ეს უკანასკნელნი მინდვრის კუთხეებში განლაგებული ზონით სარგებლობენ.

დონბას არენაზე 3 რესტორანი (პლატინის, ბრილიანტის, ოქროსი), 4 ვერცხლის ბარი და 53 სწრაფი კვების ობიექტია, სტადიონის შენობა კი თანამედროვე ფიტნეს-ცენტრს და დონეცკში ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ტრიბუნა-ლაუნჯსაც იტევს.

დონბას არენა 45 კორპორატიული ლოჟითაც (13 პრემიუმი, 32 სტანდარტული) იწონებს თავს. მინდვრის ხედიდან და მოცულობიდან გამომდინარე (8-26 კაცი), მათი წლიური არენდის ფასი 80-დან 425 ათას დოლარამდეა.

რაც შეეხება პრეს-ლოჟას, ის ჟურნალისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა – 1 159 კაცზეა გათვლილი და აქედან 424 მწერალი მედიისთვის. შედარებისთვის: სან სიროზე საამისოდ მხოლოდ 240 ადგილია გამოყოფილი, უემბლიზე – 400. ცხადია, მატჩების დროს ჟურნალისტებს სტადიონის კაფე-ბარი მასპინძლობს.

დონბას არენის უდიდესი პლუსია 92 კვადრატული მეტრის ორი 65-ათასფერიანი ტაბლო. ევროპაში ამ ზომის ეკრანებით მხოლოდ მიუნხენის ალიანც არენა და ლონდონის უემბლია აღჭურვილი. ამას გარდა, სტადიონის სხვადასხვა წერტილში 500 მონიტორია დამონტაჟებული, განათება კი 2 000 ლუქსია – უეფას სტანდარტებით 1 400 საკმარისია.

მინდვრის საფარზე ულტრათანამედროვე ტექნიკის დახმარებით ზრუნავენ – მეტრის სიღრმეზე საერთო ჯამში 38კმ სიგრძის სისტემა „სმარტია“ დამონტაჟებული, რომელიც ბალახის ზრდას და საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ღამით კი საფარს ბიონათურებით უვლიან.

მინდვრის ქვეშ, 12 მეტრის სიღრმეზე 145-ადგილიანი ვიპ-ავტოსადგომია, რომლითაც მხოლოდ ფეხბურთელები, კორპორატიული ლოჟების მფლობელები და კლუბის პრეზიდენტი სარგებლობენ.

დონბას არენის ერთ-ერთი მთავარი მშვენებაა შახტარის საკლუბო მუზეუმი: გემოვნებით მოწყობილ დიდ დარბაზში ის იშვიათი ექსპონატებია თავმოყრილი, რომლითაც კლუბი თავს იწონებს. მათ შორისაა პირველი, წითელ-ცისფერი მაისურიც, რომელიც გუნდს ჯერ კიდევ მაშინ ემოსა, როცა სტახანოვეცი ერქვა…

ახლა დონეცკელთა პრეზიდენტს და გულშემატკივრებს ერთადერთი ოცნება აქვთ: შახტარი ჩემპიონთა თასისკენ გაფრინდეს. საამისოდ კლუბს ყველა პირობა აქვს შექმნილი, პირველ რიგში კი მფრინავი თეფში, რომელიც დონეცკში სამუდამოდ დაეშვა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 410 ივლისი)

ka_GEGeorgian