1995: ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში, სამი კლუბით ევროპაზე და ტერაქტი

საქართველოს ჩემპიონი თბილისის დინამო, ვიცე-ჩემპიონი სამტრედია და თასის გათამაშების ფინალისტი ბათუმის დინამო. 1995-1996 წლების ევროპის საკლუბო ტურნირებში უეფამ საქართველოდან ეს სამეული დაუშვა. იქიდან გამომდინარე, რომ წინა ორ ევროსეზონში ჩვენ ქვეყანას მხოლოდ თბილისის დინამო წარადგენდა, ერთბაშად სამი კლუბის გასვლა ევროსარბიელზე უკვე დიდი გამარჯვება იყო, არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, ზოგადად, ქვეყნისაც.

არაერთი მიზეზის გამო (მძიმე ეკონომიკური სიტუაცია თუ კრიმინოგენული ვითარება, სამოქალაქო ომები…) უეფა ეჭვის თვალით უყურებდა ქართული კლუბების ევროთასებზე ასპარეზობის შანსებს. თუ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველ ათწლეულს მოესწარით, ისიც გემახსოვრებათ, რომ 1992 წლის ზაფხულში უეფამ ქართული კლუბები ევროთასების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხსნა საერთაშორისო სარბიელიდან, 1993 წელს კი მხოლოდ ფედერაციის მაღალჩინოსნების მცდელობების შემდეგ დაუშვა ერთადერთი ქართული კლუბი ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

1995 წლის ზაფხულში, კონკრეტულად კი ივნისის მიწურულს, უეფამ კვლავ მოავლინა რამდენიმე წარმომადგენელი სიტუაციის შესაფასებლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. დელეგაციას აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების კურატორი ერიხ ეპლე ხელმძღვანელობდა.

სტუმრებმა, ფედერაციის პრეზიდენტთან ნოდარ ახალკაცთან და გენერალურ მდივანთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ლამის მთელი საქართველო მოიარეს: ბათუმში აჭარის მთავრობის მეთაურს ასლან აბაშიძეს ესტუმრნენ, მოინახულეს სამტრედიის სტადიონი, ასევე ქალაქი წყალტუბო, თბილისში კი კიდევ ერთხელ დაათვალიერეს ეროვნული სარბიელი და დიღმის საწვრთნელი ბაზა, ხოლო ვიზიტის მიწურულს მათ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ვახტანგ გოგუაძემ უმასპინძლა.

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საბოლოო პასუხი 3 ივლისს შეატყობინა: 1995-1996 წლების სეზონში თბილისის დინამო და სამტრედია უეფას თასის გათამაშებაში დაუშვა, ბათუმის დინამო კი თასების მფლობელთა თასზე.

„საკმარისი იყო ინსბრუკის ტიროლთან ან ლინფილდის შემდეგ კოპენჰაგენთან ერთი გამარჯვება და უეფას კოეფიციენტების ცხრილში 24-ე ადგილზე მყოფ კვიპროსს გადავუსწრებდით და კვლავ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მოვიპოვებდით. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ ევროთასებზე სამი გუნდით გასვლა მაინც წარმატებაა“, – განაცხადა საქართველოს უცვლელი ჩემპიონის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ შვეიცარიაში, ევროთასების წილისყრაზე გამგზავრების წინ. მანვე ისიც დაადასტურა, რომ უეფაში სტუმრობის შემდეგ ჟენევაში გიორგი ქინქლაძის მსურველი კლუბების წარმომადგენლებსაც შეხვდებოდა. დინამოს ლიდერის გადაბირება, ჟორდანიასვე თქმით, იტალიის სერია ა-ს ერთ-ერთ წამყვან კლუბს, ინგლისის პრემიერლიგის მანჩესტერ სიტის და ტოტენჰემ ჰოთსფურს, გერმანულ ფრაიბურგს და მადრიდულ გრანდებს, ატლეტიკოს და რეალს სურდათ.

8 ივლისს, ჟენევაში, სასტუმრო ჰილტონში ქართული კლუბების ევრომეტოქეები გაირკვა: თბილისის დინამოს პლოვდივის ბოტევი ერგო, სამტრედიას სკოპიეს ვარდარი, ბათუმის დინამოს კი ბელგრადის ობილიჩი. წილისყრით გადაწყდა, რომ სამივე ქართული კლუბი პირველ შეხვედრას მეტოქის მოედანზე გამართავდა.

გავიდა ზუსტად ათი დღე და 1995 წლის 18 ივლისს სარბიელმა პირველი გვერდი ათწლეულის ტრანსფერს დაუთმო: გიორგი ქინქლაძის დიდ ფოტოს თან სდევდა წარწერა 3 200 000 $, მარჯვენა მხარეს კი ზურაბ მეძველიას მიერ ლონდონიდან გამოგზავნილი რეპორტაჟი იყო დაბეჭდილი სათაურით „გუშინ გიორგი ქინქლაძემ პირველად ჩაიცვა მანჩესტერ სიტის ცისფერი ფორმა“.

ინგლისის დედაქალაქიდან გამოგზავნილ წერილში სარბიელის რედაქტორი წერდა:

„შაბათს ლონდონის დიდი გაზეთების პირველ გვერდებზე დაიბეჭდა ფოტოები მყვირალა სათაურებით: „ბოლმა ორმილიონიანი სენსაციური საჩუქარი მიიღო“, „ქართველი ყველას გონებაში უტრიალებს“, „ბრწყინვალე შენაძენი“ და მისთანები…

პარასკევს, 14 ივლისს, ლონდონის დროით 11:45 საათზე ჰოთროუს აეროპორტში მერაბ ჟორდანიას შევხვდი. იგი ჟენევიდან ჩამოსულიყო და მოსკოვიდან გამომგზავრებულ ქინქლაძეს ელოდა. მალე გიორგიც გამოჩნდა და იმავ წუთს მანჩესტერ სიტის წარმომადგენლებმა ორივე მანქანაში ჩაისხეს და სხვა აეროპორტში გაეშურნენ მანჩესტერში გასაფრენად. დანარჩენი უკვე გაზეთებიდან შევიტყვე: საღამოს ქინქლაძე და ჟორდანია მანჩესტერს ჩაფრინდნენ. მანამდე კი მეინ როუდის სტადიონზე მანჩესტერ სიტისთან მწვრთნელობის სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ალან ბოლმა.

ქინქლაძე ბოლის პირველი შენაძენი გამოდგა. გიორგიმ 18 საათსა და 45 წუთზე მოაწერა ხელი მანჩესტერ სიტისთან სამწლიან კონტრაქტს. გაზეთები აღნიშნავენ, რომ ქინქლაძე გუნდს 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 3 200 000 დოლარი) დაუჯდა და იქვე, შედარებისთვის, მარკ დეგრიზი მოჰყავთ: შეფილდ უენსდიმ ბელგიის ნაკრების კაპიტანი 1,5 მილიონ გირვანქად შეიძინაო.

ქინქლაძის სიტიში გადასვლა ამ კლუბის თავმჯდომარის, 70-იანი წლების ინგლისის ნაკრების მოთამაშის ფრენსის ლის მოწადინების შედეგია. ლიმ განაცხადა, ბოლო ექვსი თვეა ქინქლაძის ხელში ჩაგდებას ვცდილობ, იგი ბრწყინვალე ფეხბურთელიაო. მისი თქმით, ქინქლაძეს მასთან რეკომენდაცია გაუწია იან რაშმა, გაზეთები კი წერენ, რომ 22 წლის ქართველი უელსთან ჩატარებულმა ორმა სპექტაკლმა გამოიყვანა ევროპულ სარბიელზე. სწორედ ლის დაჟინების წყალობითაა, რომ ქინქლაძე სიტიშია და არა მანჩესტერ იუნაიტედში, ლიდსში, ტოტენჰემში ან ესპანურ კლუბებში.

ლი იგონებს: „როდესაც კარდიფში ქინქლაძემ საუთჰოლს ბრწყინვალე გოლი გაუტანა, მივხვდი, რომ ეს ბიჭი ხელიდან არ უნდა გამეშვა“. იგი სპეციალურად ჩავიდა ჟენევაში, რათა ჟორდანიას მოლაპარაკებოდა.

მანჩესტერ სიტის ახალი მწვრთნელი ალან ბოლი კი ინდეფენდენთში წერს: „ქინქლაძის თამაში არ მენახა და როდესაც ჩემთან რეკომენდაცია გაუწიეს, ვიდეო ჩავრთე მისი თამაშის სანახავად. ზუსტად ხუთ წუთში გამოვრთე: ჩემი აზრით, ეს ბიჭი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი გახდება“.

კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟორდანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი დარწმუნებულია ქინქლაძის წარმატებაში.

გუშინ საღამოს კლუბის ოფისში დავრეკე ქინქლაძესთან გამოსალაპარაკებლად, მაგრამ მომიგეს – გიორგი გუნდთან ერთად ვარჯიშობსო. ასე რომ, ინტერვიუ მცირე ხნით გადაიდო“.

სარბიელის იმავე ნომერში, მესამე გვერდზე დაიბეჭდა სფფ-ის გენერალური მდივნის დავით კვინიკაძის ინტერვიუ. ჩვენი ფეხბურთის მაღალჩინოსანს ჟურნალისტი ილია ბაბუნაშვილი ესაუბრა. კვინიკაძემ არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილა, მათ შორის ერიხ ეპლეს და უეფას წარმომადგენლების ვიზიტი, დაპირისპირება პარლამენტის სპორტის და ტურიზმის კომიტეტთან, ასევე შიდა ასპარეზზე შექმნილი პრობლემები:

„პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისია, რომელიც ვალდებულია კანონზე იმუშაოს, პირიქით, ხელს გვიშლის. ამ კომისიას დღემდე პარლამენტში მხოლოდ ორი საკითხი აქვს გატანილი, ისიც ერთი ტურიზმზე და მეორე რაღაც ფირმების გადასახადებისგან გათავისუფლებაზე…

ამასწინათ საქართველოში გახლდათ უეფას წარმომადგენელი ერიხ ეპლე, რომელიც ჩვენ პარლამენტის სპიკერს ვახტანგ გოგუაძეს შევახვედრეთ. გაიმართა საუბარი ფიფას საქმიანობის სტრატეგიაზე, ფედერაციებთან დამოკიდებულებაზე. ბატონმა ნოდარ ახალკაცმა ილაპარაკა ჩვენ ნაკრებზე, კლუბებზე. შეხვედრა სპიკერმა ერთობ გულთბილად წარმართა და ამ დროს ბეჟან ხურციძემ (პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე – ლ.გ.) ეპლეს ჰკითხა, თქვენ რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დახმარებას უგზავნით, ამათ იქედან ბიუჯეტში ბეგარის გადახდა არ უნდათ და მართლები თუ არიანო. გაოცებულმა უეფას წარმომადგენელმა უპასუხა, დახმარებასთან გადასახადი რა შუაშიაო, რაზეც ხურციძე ჯერ თარჯიმანს გაუწყრა, არასწორად თარგმნითო, შემდეგ კი ეპლეს დაემუქრა, თქვენი პასუხის შესახებ ლენარტ იუჰანსონს მოვახსენებო. ბატონმა ვახტანგ გოგუაძემ მდგომარეობის გამოკეთება სცადა… იმედი გვაქვს, ახლადარჩეულ პარლამენტს ეყოლება სპორტისა და ტურიზმის ისეთი კომისია, ფეხბურთის საკითხებს გულთან ახლოს რომ მიიტანს…

უეფადან დაგვირეკეს და პირდაპირ გვითხრეს, რომ 22 აგვისტოს, დინამოს და ბოტევის საპასუხო მატჩზე თბილისს მოვლინებული კომისარი, თავის უშუალო მოვალეობის გარდა, სტადიონსაც შეამოწმებს და ნახავს, გავითვალისწინეთ თუ არა უეფას შენიშვნები. თუ მას სტადიონის მდგომარეობა არ მოეწონება, აქ ვერც დინამო ითამაშებს და ვერც საქართველოს ნაკრები…

ბათუმში უეფას კომისიას თავად ვახლდი. იქ შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინეს, იმავე დღეს აჰყარეს ძველი სკამები და ახალი, პლასტმასის, თითოადგილიანი სკამების დაყენებას შეუდგნენ, ასევე შეუკვეთეს ახალი ელექტროტაბლო, დაიწყეს განათებაზე ზრუნვა. აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე სამჯერ შეხვდა კომისიას, აქედან ერთხელ სტადიონზე და ერთხელ აეროპორტში…

ალექსანდრე ჩივაძე მოწადინებულია, რომ გერმანიასთან შეხვედრის წინ საკონტროლო თამაში გაიმართოს. მივმართეთ რამდენიმე ფედერაციას, მაგრამ თანხმობას ჯერ ვერ მივაღწიეთ“.

2 აგვისტოს მეშვიდე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა თბილისის დინამოს და სამტრედიას პირველ ტურებში არ უთამაშიათ. კლუბების თხოვნით, ფეხბურთის ფედერაციამ გუნდებს მატჩები გადაუვადა. ევროპის საკლუბო ტურნირების მონაწილეებიდან იმ დღეს მოედანზე მხოლოდ ბათუმის დინამო გავიდა. ვალერიან ჩხარტიშვილის გუნდმა კრიზისში მყოფ ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და იოლად აჯობა – 3:0, პაატა მაჭუტაძემ, თემურ ტუღუშმა და ზურაბ მინდაძემ თითო ბურთი გაიტანეს.

საქართველოს ჩემპიონმა ივლისის ბოლო კვირა თურქეთში გაატარა, სადაც რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა, მათ შორის ორჯერ ტრაბზონსპორთან. პირველი შეხვედრა დინამოელებმა ბათუმიდან გადაბირებული ლევან ხომერიკის და გუნდში დაბრუნებული კახი კაჭარავას გოლებით 2:0 მოიგეს, მეორე კი 1:2 დათმეს. ის ერთადერთი ბურთიც ხომერიკმა გაიტანა. თბილისში დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ დინამოს მესვეურებმა უპატრონოდ მიტოვებული საკალათბურთო დინამო შეიფარეს და გუნდის აღორძინება გადაწყვიტეს.

„ამ ცოტა ხნის წინ ჩვენი დირექტორატის წევრები საკალათბურთო დინამოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მანამდე გადავხედეთ ჩვენ მდგომარეობას და მივხვდით, რომ საკალათბურთო დინამოს პატრონობაც შეგვძლებია. უდავოა, რომ ამაში ხელი შეგვიწყო სახელმწიფო მეთაურის ბრძანებამაც, რომლის მიხედვით დინამოსთვის ფინანსური შეღავათებია გათვალისწინებული. საქმის ბოლომდე გარკვევისთვის ჯერ ვერ მოვიცალე, ახლა ბულგარელებთან მატჩით ვარ დაკავებული, პლოვდივიდან დაბრუნების შემდეგ კი ამ საკითხს დაწვრილებით მივხედავ. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე და ვეცდებით დინამოს ძველი დიდება დავუბრუნოთ. ამისთვის არაფერს დავიშურებთ“, – განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.

სანამ დინამო ევროთამაშებისთვის თურქეთში ემზადებოდა, სამტრედიამ რუსეთში, მოსკოვთან ახლოს გაიარა შეკრება და ორი ამხანაგური მატჩიც გამართა. მურთაზ ხურცილავას გუნდი პირველად ტორპედოს გაეჯიბრა და 3:2 გაიმარჯვა, პირველი ორი გოლი დავით ჯანაშიამ და გია ჯიშკარიანმა შეაგდეს, გამარჯვების ბურთი კი 2:2-ზე ზაზა ჯანაშიამ „მაკრატელათი“ გაიტანა. მეორე თამაშში სამტრედიამ ლოკომოტივი დაამარცხა – 3:1.

8 აგვისტოს საქართველოს ორი უძლიერესი კლუბი უეფას თასის გათამაშებაში ჩაერთო: ჩემპიონმა პლოვდივში ითამაშა ბოტევთან, ვიცე-ჩემპიონმა კი ჩრდილოეთი მაკედონიის დედაქალაქში, სკოპიეში, ვარდართან. ორივე 0:1 დამარცხდა.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტი დინამოს უფერული თამაში გამოდგა. იმ მატჩიდან მხოლოდ ამ ფაქტს თუ გამოვარჩევ: იმ დღეს პირველად ითამაშა ევროპის საკლუბო ტურნირებში კახი კალაძემ, ჩემპიონთა თასის მფლობელმა პირველმა ქართველმა ფეხბურთელმა. ის 86-ე წუთზე ჩაერთო თამაშში გიორგი დემეტრაძის ნაცვლად. მასთან ერთად შევიდა მინდორზე ვეტერანი გრიგოლ ცაავა, რომელმაც გოგა გახოკიძე შეცვალა… აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბოტევის კარს ბულგარეთის ნაკრების ძირითადი გოლკიპერი ბორისლავ მიხაილოვი იცავდა. ორი კვირის შემდეგ ის თბილისში საპასუხო შეხვედრაშიც ვიხილეთ, ოქტომბერში კი ნაკრების შემადგენლობაში ეწვია საქართველოს დედაქალაქს, თუმცა იმ დროს უკვე სხვა კლუბში თამაშობდა…

„მხოლოდ იღბალს, ირაკლი ზოიძის ოსტატობას და მამუკა მაჭავარიანის კარგ თამაშს უნდა მივაწეროთ, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ დავმარცხდით. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს, სხვანაირად აქ არ გამოვა, საერთო საქმეზეა საუბარი, დინამო ხომ მარტო ჩვენი გუნდი არ არის, იგი მთელი საქართველოსია“, – ასეთი იყო კლუბის ტექნიკური დირექტორის ვაჟა ჟვანიას კომენტარი, პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ კი განაცხადა:

„მართალი გითხრათ, თურქეთის ტურნეს შემდეგ იმედიანად ვიყავი, მაგრამ იმან, რაც ბულგარეთში ვნახე, ძალიან დამაფიქრა. ახლა სასწრაფოდ ლონდონს მივემგზავრები, მანჩესტერ სიტიდან გვაცნობეს, რომ გიორგის და ჩემი ჩასვლა სასწრაფოა, რაღაც ფორმალური საკითხია მოსაგვარებელი. იმ საქმეს რომ მოვითავებ, კოპენჰაგენში უნდა გავფრინდე, რათა ბრონდბიუს ხელმძღვანელებს შევხვდე და გოჩა ჯამარაულის კონტრაქტზე დაველაპარაკო. მათ ძალიან სურთ ჯამარაულის შეძენა. მართალია დანიის ჩემპიონატი უკვე დაიწყო, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა 15 აგვისტომდე ღიაა, ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია“.

ჯამარაულის ტრანსფერი საბოლოო ჯამში ვერ შედგა, 10 აგვისტოს კი მესამე ქართულმა კლუბმაც გამართა ევრომატჩი: თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბათუმის დინამომ ბელგრადში 1:0 დაამარცხა ობილიჩი, გამარჯვების გოლი პაატა მაჭუტაძემ 70-ე წუთზე შეაგდო. ის გახდა პირველი, რომელმაც თბილისის დინამოს გარდა სხვა ქართული კლუბის მაისურით გაიტანა გოლი ევროპის საკლუბო ტურნირებში.

„გაეროს გადაწყვეტილებით, ბელგრადის აეროპორტი ჩარტერულ რეისებს არ იღებს, რის გამოც ჯერ ოდესაში ჩავფრინდით, შემდეგ კი სოფიაში. ბულგარეთის დედაქალაქში ობილიჩის პრეზიდენტმა მერსედესის ავტობუსი დაგვახვედრა და დარჩენილი 380 კილომეტრი ასე ვიმგზავრეთ…

დიდებულად ითამაშა ასლან ბალაძემ, არაერთხელ გადაგვარჩინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მინდა, რომ ვინმე გამოვყო, რაკიღა ეს იყო ერთი მიზნისთვის, გამარჯვებისთვის თავგამოდებული გუნდის თამაში. ამიტომ, ასე ვიტყვი: ყველამ კარგად ითამაშა…

ერთადერთი გოლი კონტრშეტევით გავიტანეთ: ზურაბ მინდაძემ ჩინებული პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა პაატა მაჭუტაძე და მანაც გვასახელა…

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გვიან ღამით ჩამოვფრინდით, ბატონი ასლანი აეროპორტში შეგვეგება, მეორე დღეს კი დიდი მიღებაც მოგვიწყო. იგი სისხლხორცეულადაა დაინტერესებული ფეხბურთის განვითარებით და ამას ყოველდღიური საქმითაც ადასტურებს, სტადიონის რეკონსტრუქციას ხომ პირადად ხელმძღვანელობს…

არ მინდა პირფერობაში ჩამომერთვას, მაგრამ რასაც ასლან აბაშიძე ახლა ქართული ფეხბურთისთვის აკეთებს, ამას მხოლოდ საშვილიშვილო ღვაწლი თუ შეიძლება ეწოდოს. სტადიონის რეკონსტრუქციას მხოლოდ ზღაპრის სიუჟეტს თუ შევადრი: დილით რომ ამოთხრილი ორმოა, საღამოს იქ უკვე შენობა დგას…

ჟურნალისტებისთვის ნაღდი სამოთხე კეთდება: გადახურული პრესლოჟა ტელეფონებით, ფაქსით და ტელექსით, თანაც, ყველაზე კარგად საყურებელი ადგილიდან. ტრიბუნებზე დამონტაჟდება ოცდახუთი ათასი ცალკე დასაჯდომი სკამი, იქვე იქნება ხუთი ათასი ფეხზე დასადგომი ადგილი… მოკლედ, განმეორებითი მატჩისთვის ბათუმი სტუმრებს ელის“, – ეს ბათუმის დინამოს პრეზიდენტის თამაზ ცინარიძის სიტყვებია.

რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ 6 სექტემბერს, გერმანიის წინააღმდეგ, ეროვნული გუნდის კაპიტანი კახი ცხადაძე ვერ ითამაშებდა. ფრანკფურტის აინტრახტის მცველმა მუხლი იტკინა და როგორც მაშინ დაიწერა, მინიმუმ ხუთი-ექვსი თვე გაუცდებოდა.

15 აგვისტოს დინამომ პირველად ითამაშა ეროვნულ ჩემპიონატში. დავით ყიფიანის გუნდი ფოთს ესტუმრა. გივი დიდავას გოლით თბილისელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ თამაში საბოლოოდ 1:1 დასრულდა, საპასუხო ბურთი თამაზ კიკლიაშვილმა გაიტანა. სამი დღის შემდეგ დინამომ კიდევ ერთხელ ითამაშა, თუმცა ამხანაგურად, ბაზაზე: რუსთავის მეტალურგს 3:2 მოუგო.

19 აგვისტოს კი ინგლისის პრემიერლიგა დაიწყო და გიორგი ქინქლაძემ პირველად ითამაშა მანჩესტერ სიტის მაისურით. მეინ როუდს ტოტენჰემ ჰოთსფური ეწვია. მატჩი, რომელსაც ოცდაათ ათასზე მეტი ფანი დაესწრო, 1:1 დასრულდა. ანგარიში ლონდონელთა ლიდერმა ტედი შერინგემმა გახსნა, საპასუხო გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში სიტის გერმანელმა თავდამსხმელმა უვე როსლერმა გაიტანა. ქინქლაძემ, საერთო შეფასებით, მშვენივრად ითამაშა.

ობზერვერი: „ქინქლაძემ გამოავლინა მოედნის საოცარი ხედვა, მშვენიერი დრიბლინგი, უნაკლო თამაში მარცხენა ფეხით და, რაც მთავარია, იგი არასდროს კარგავს წონასწორობას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა უცოდინარობის გამო ვინმე რუსს უწოდებს“.

სანდი თაიმსი: „ქინქლაძე მომავალი ლაიამ ბრეიდია“.

თავად გიორგის აზრი პრემიერლიგაში სადებიუტო თამაშზე ასეთი იყო: „მსგავს ტემპში არასდროს მითამაშია, კიდევ კარგი ერთი-ორჯერ მაინც ვივარჯიშე გუნდთან, თორემ ძალიან გამიჭირდებოდა. საერთოდ, საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ის უფრო მიხარია, რომ მწვრთნელს მოვეწონე“ (სარბიელი; 1995 წლის 22 აგვისტო).

ქინქლაძის კარგი დებიუტი სანაკრებო შეკრებამდე დარჩენილ სამ ტურში ცუდად გაგრძელდა: მისი მონდომების მიუხედავად, მანჩესტერ სიტი ყველა შემთხვევაში დამარცხდა – ქოვენთრი სიტისთან 1:2, ქუინზ პარკ რეინჯერსთან 0:1, ევერტონთან მეინ როუდზე 0:2…

ვერც ქართული კლუბების საპასუხო ევროთამაშებით გავიხარეთ: თბილისის დინამომ საშინაო თამაშიც 0:1 წააგო ბოტევთან, სამტრედიამ კი ვარდარს ბათუმში უმასპინძლა (უეფამ არ დართო სამტრედიაში თამაშის უფლება) და 0:2 დამარცხდა.

სამაგიეროდ, იყოჩაღა თასის ფინალისტმა ბათუმის დინამომ და, მიუხედავად იმისა, რომ შინ, გადავსებულ სტადიონზე 2:2 ითამაშა ობილიჩთან, ორი თამაშის ჯამში 3:2 აჯობა მეტოქეს და მეთექვსმეტედფინალში გავიდა. სათქმელია, რომ ბათუმელებმა პირველი ტაიმი 0:2 წააგეს, თუმცა შესვენების შემდეგ ჯერ პაატა მაჭუტაძემ, შემდეგ კი ამირან მუჯირმა საპასუხო გოლები გაიტანეს.

ვალერიან ჩხარტიშვილის გუნდს მომდევნო მეტოქედ ჩემპიონთა თასის მფლობელი პირველი ბრიტანული კლუბი, გლაზგოს სელტიკი ერგო და კლუბიც შოტლანდიელებთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა, ბოტევთან დამარცხებულმა დინამომ კი ესპანეთს მიაშურა. დავით ყიფიანის გუნდი 26 აგვისტოს სან-სებასტიანში რეალ სოსიედადს გაეჯიბრა და 0:2 დამარცხდა. 28 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონი ვალიადოლიდს შეხვდა. ისევ მარცხი, ამჯერად 1:4…

29 აგვისტოს საქართველოს მთავრობა ქვეყნის კონსტიტუციის მიღების აღსანიშნავად ემზადებოდა, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები – უეფას თავკაცის ლენარტ იუჰანსონის და ევროფეხბურთის მმართველი სახლის სხვა მაღალჩინოსნების მასპინძლობისთვის, როცა თბილისი საშინელი აფეთქების ხმამ გააყრუა: იმელის შენობასთან საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოკვლა სცადეს, ერთ-ერთ მანქანაში დამონტაჟებული ნაღმი ზუსტად მაშინ აფეთქდა, როცა ქვეყნის მეთაურის ავტომობილი შენობის ეზოდან გადიოდა.

შევარდნაძე თავდასხმას გადაურჩა, საღამოს კი უეფას დელეგაციაც ჩამოვიდა. ლენარტ იუჰანსონს თან ახლდნენ გენერალური მდივანი გერჰარდ აიგნერი, ევროპის ბიუროს გენერალური დირექტორი ერიხ ეპლე და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ-რავნ ომდალი.

ევროპელი სტუმრები ედუარდ შევარდნაძეს უნდა მიეღო, თუმცა ტერორისტული აქტის გამო შეხვედრა გაუქმდა. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოთარ ფაცაციამ უმასპინძლა. მოგვიანებით უეფას დელეგაცია სასტუმრო მეტეხში ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებს შეხვდა, სულ ბოლოს კი ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელიც უეფას პრეზიდენტმა ერთგვარი წინასწარმეტყველებით დაასრულა: „პატარა ქვეყნების ბედია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება. ეს შეუქცევადი პროცესია და გირჩევთ აქცენტი ბავშვთა ფეხბურთზე გააკეთოთ“.

უეფას დელეგაცია 30 აგვისტოს, დილით გაემგზავრა ერევანში, შუადღით კი მეშვიდე ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის ცენტრალური თამაში გაიმართა ბათუმში, დინამო სამტრედიას დაუხვდა. უხვგოლიანი შეხვედრა იმერლების გამარჯვებით დასრულდა, 4:3. გოგიაშვილის დუბლს, დავით ჯანაშიას და იონანიძის ბურთებს მასპინძლებმა მხოლოდ თემურ ტუღუშის ორი გოლით და როსტომ თორღაშვილის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

საღამოს კი ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები კვლავ სასტუმრო მეტეხში შეიკრიბნენ, ამჯერად ეროვნული გუნდის თავკაცის ალექსანდრე ჩივაძის პრესკონფერენციის გასაშუქებლად. მთავარმა მწვრთნელმა თავდაპირველად თქვა, რომ ამხანაგური მატჩი, ფედერაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შედგა, შემდეგ კი განაცხადა:

„გერმანიის ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას ხვალიდან დავიწყებთ. ბიჭები დიღომში, დინამოს ბაზაზე შეიკრიბებიან, მათ შორის თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ჩიხრაძე, შოთა არველაძე… ისინი დღეს ჩამოვლენ თბილისში…

გერმანიაში 2 სექტემბერს გავემგზავრებით. გიორგი ქინქლაძე, დიმიტრი კუდინოვი და გიორგი ნემსაძე იქ შემოგვიერთდებიან…

დავით ყიზილაშვილის მოწვევისგან ამჯერად თავი შევიკავეთ. ახალ სეზონში მას ხეირიანად ჯერ არ უთამაშია და სათანადო ფორმაში არ არის“.

ალექსანდრე ჩივაძემ ისიც დაადასტურა, რომ ტრავმების გამო გუნდს ზაზა რევიშვილი, გოჩა ჯამარაული და გელა ინალიშვილი ვერ დაეხმარებოდნენ, სამაგიეროდ, ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები გიორგი ღუდუშაური და არჩილ არველაძე ივარჯიშებდნენ ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

თუ მარტში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონების სტუმრობის წინ, არაერთმა ქართულმა გაზეთმა გამოსცა სპეციალური დამატება, ამჯერად მხოლოდ ერთი დაისტამბა, სარეკლამო სააგენტო ფენიქსის გამოცემა „საფეხბურთო რუბიკონთან“. ერთჯერადი ნომერი სპორტულმა ჟურნალისტმა მიხეილ აბაიშვილმა და სტატისტიკოსმა რევაზ შენგელიამ შეადგინეს. საინტერესო ინფორმაციებთან ერთად გაზეთი ქომაგებს სამი კითხვისგან შემდგარ კონკურსსაც სთავაზობდა: მკითხველს 6 სექტემბრის მატჩის საბოლოო ანგარიში და ორივე გუნდიდან პირველი გოლების ავტორები უნდა გამოეცნო. გამარჯვებულებისთვის ასი ამერიკული დოლარი და სამი ფოტოაპარატი პოლაროიდი იყო დაწესებული…

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 11 სექტემბერი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2025 წლის 11 სექტემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian