ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 2:1 ბულგარეთი

ნიურნბერგში, გერმანიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ, ჩვენ ფეხბურთში მთავარი მოვლენა თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალი, ბათუმის დინამოს და გლაზგოს სელტიკის დაპირისპირება იყო.

შოტლანდიაში ბევრი არაფერი იცოდნენ საქართველოზე, მით უმეტეს ბათუმზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ევროპის საინფორმაციო სააგენტოებმა საქართველოს პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის შესახებ ცნობები გაავრცელეს, სელტიკმა ლამის გადაიფიქრა ბათუმში ჩასვლა.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ხელმძღვანელობამ, თბილისში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციას უეფასთან დაკავშირება და საქართველოში დანიშნული თამაშის თაობაზე შეშფოთების ოფიციალურად გამოთქმა მოსთხოვა. სელტიკის თავკაცებმა იცოდნენ, რომ ტერაქტის დღეს თბილისს უეფას უმაღლესი დონის დელეგაცია ესტუმრა ლენარტ იუჰანსონის ხელმძღვანელობით, მაგრამ ეს ცნობა არად ჩააგდეს და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვეს სიტუაციაში გარკვევა. გლაზგოელებმა დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილი მიიღეს: „საქართველოში საშინელი სიტუაციაა. ხალხს უკონტროლო იარაღი აქვს და თბილისში რომ იქნებით, ღამით ქალაქის შემოგარენში არ იაროთ“.

შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტ ჯიმ ფერის უეფას წარმომადგენელმა ედგარ ობერტიუფერმაც უპასუხა: „მცირე ხნის წინ თავად გახლდით ბათუმში ვარდარის და ობილიჩის მატჩებზე. იმავე დღეებში თბილისში ითამაშა ბოტევმა და ამ სამი კლუბიდან მასპინძლობის თაობაზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს, ხოლო როგორც თვითმხილველი, გპასუხობთ, რომ ბათუმში ყველაფერი რიგზეა“.

სარბიელის რედაქტორმა ზურაბ მეძველიამ, რომელიც იმ დღეებში გლაზგოში იმყოფებოდა, რეპორტაჟში „სკოტებს ჯოჯოხეთელი ბეტმენი აღელვებთ“, აღნიშნა:

„უეფას პასუხის მიუხედავად, შოტლანდიურმა გაზეთებმა ერთი ამბავი ატეხეს: საქართველოში ქურდობა მძვინვარებს, ძარცვა და დიფტერიაა, ხოლო სასტუმროში კარის შიგნიდან ჩაკეტვა საკმარისი არაა და ბარგი ყველამ ახლოს უნდა დაიდოს და მუდმივად აკონტროლოსო…

გაზეთი ჰერალდი წერდა: სამწუხაროდ, სელტიკის ბედს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი არა, უეფა წყვეტს და ისინი გვაიძულებენ ბათუმში ვითამაშოთო…

კლუბის წარმომადგენელმა პეტერ მაკლეანმა განაცხადა, დღემდე არ ვიცით ბათუმში ვთამაშობთ თუ თბილისში, ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიას, თუ არა, მაგ თამაშზე არ წავალთო. ის ბათუმის ნაცვლად შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე გამართვასაც ითხოვდა და ვერაფერს პასუხობდა გულშემატკივარს, რომელთაც გუნდის თანხლება სურთ…

დეილი რეკორდმა კი ბათუმელ ფეხბურთელებს BAT-MAN (ბათუმელი კაცები) უწოდა და ამ ახალ „მიგნებას“ მთელი შოტლანდია იმეორებს, მოკლედ, ბეტმენებს უწოდებენ“.

ასე იყო თუ ისე, გლაზგოს სელტიკი მაინც ეწვია ბათუმს. თამაშის გასაშუქებლად სარბიელმა მამუკა კვანტალიანი მიავლინა (1995 წლის 15 სექტემბერი):

„გლაზგოელები ბათუმში 13 სექტემბერს, ჩვიდმეტ საათზე ჩამოფრინდნენ, სასტუმრო ცისარტყელაში დაბინავდნენ, მოისვენეს და სტადიონს მიაშურეს სავარჯიშოდ. რვა იყო დაწყებული, ბათუმის სტადიონს სელტიკელები რომ მიადგნენ. სტუმრებმა ერთი საათი ივარჯიშეს, საკმაოდ ინტენსიურად. სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები მათ ტაშით შეხვდნენ და ტაშითვე გააცილეს, რამაც შოტლანდიელები აშკარად გააკვირვა და აშკარადვე ნასიამოვნები დატოვა…

ნაქებ შოტლანდიელ გულშემატკივართაგან ბათუმში მხოლოდ ორი ჩანს. ისინიც, თურმე, თურქეთში ისვენებდნენ და იქიდან ჩამოსულან ტაქსით. სხვებმა, ეტყობა, ყველაფერი დაიჯერეს, რაც შოტლანდიურ პრესაში იბეჭდებოდა“.

ბათუმელი ქომაგების სამწუხაროდ, სელტიკმა გაიმარჯვა, 3:2. პაატა მაჭუტაძემ დააწინაურა დინამო, თემურ ტუღუშმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, სტუმართა გერმანელმა ფორვარდმა ანდრეას თომმა დუბლი შეასრულა – 2:3.

ხუთი დღის შემდეგ, 19 სექტემბერს, სარბიელში გამოქვეყნდა ბრიტანული პრესის მიმოხილვა, რომელიც ასე იყო დასათაურებული: „შოტლანდიელი ჟურნალისტი ბეჰემოთის გავაში“. ამ წერილმა აჭარის მაშინდელ ხელისუფლებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თუ რატომ, ადვილად მიხვდებით. სტატიაში ეწერა:

„თავიდან უშუალოდ ფეხბურთზე: შოტლანდიურმა პრესამ ობიექტურად გააშუქა ბათუმისა და სელტიკის თამაში, დაწვრილებით აღწერა ყველა სახიფათო მომენტი ამა თუ იმ კართან, აღნიშნა, რომ ბათუმის გუნდს უპირატესობა ჰქონდა და რომ საქართველოში ფეხბურთის თამაში ეხერხებათ, მატჩის გმირად ანდრეას თომი გამოაცხადა და ძალიან დიდი სიხარული გამოთქვა სტუმრად უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვების გამო. სხვათა შორის, მატჩის წინ ადგილობრივ ტოტალიზატორებში ფავორიტად ქართველებს მიიჩნევდნენ…

შემდეგ კი დაიწყო ყველაზე უსიამოვნო. უმეტეს ნაწილს იმისას, რაც აქაურმა გაზეთებმა დაწერეს, შეგნებულად არ მოვიყვანთ ეთიკური მოსაზრებების გამო. პარასკევის დეილი რეკორდში გამოქვეყნებულია ჟურნალისტ ბილ ლეიკის სტატია, რომელსაც დიდი ვირთხის გამოსახულება „ამშვენებს“. სტატია იწყება ასე:

„ღმერთმა ექვსი დღის განმავლობაში შექმნა მსოფლიო, მეშვიდე დღეს კი იღლიიდან ოფლი გამოიწმინდა და ბათუმი გააკეთა. ჩვენ ვიყავით ღვთისგან მივიწყებულ ქალაქში. იქ ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა ბათუმი ბრაიტონს შეადარა. მე მას არ ვეთანხმები, ბათუმი უფრო სადამ ჰუსეინის დაბომბილ ქალაქს ჰგავს, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობაც გახლავთ ძროხა. ძროხები არიან ყველგან, დაწყებული აეროპორტიდან, სასტუმროს შესასვლელით დამთავრებული.

სასტუმრო სპუტნიკი, სადაც ჩვენ მოგვათავსეს, ის ადგილია, სადაც არც ტელეფონია, არც ტელევიზორი, აბაზანაში კი მხოლოდ აირწინაღით თუ შეხვალთ. ერთადერთი ტელეფონი ჰოლშია და ისიც იშვიათად მუშაობს. რაც შეეხება ქალაქს, მისი ყველაზე კარგი რაიონი ლტოლვილების ბარაკს მოგაგონებთ.

ოფლიანი და გაუპარსავი ბათუმელი კაცები, რატომღაც, ჯგუფ-ჯგუფად დადიან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვიღაც უნდა მივიდეს და უთხრას, რა აკეთონ. ერთადერთი, რამაც გამაოცა, ქალების ჩაცმულობა იყო. ჯინსიანი ქალების დანახვა იგივე იყო, უდაბნოში ყვავილი რომ მეპოვნა“.

წერილი ასეთ და უარეს ტონში გრძელდება, ხოლო ფინალი ამგვარი აქვს: „ბედნიერი ვარ, რომ მხოლოდ ერთი დღე დავყავი ამ ეგრეთ წოდებულ ქალაქში, სადაც მეორედ წასვლას მირჩევნია ბეჰემოტის უკანა ხვრელში შევძვრე ორი კვირით, თანაც მაშინ, როცა ამ ბეჰემოთს კუჭი აქვს აშლილი“.

შაბათს გაზეთში გამოქვეყნდა ინტერვიუ ალბანელ რუდი ვატასთან, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრებში წლეულს, 26 აპრილს, საქართველოში უკვე ნამყოფი გახლდათ. ვატას თქმით, ბათუმში ჩასვლამდე მას ეგონა, რომ ყველაზე უღიმღამო და უსახური ქვეყნიდან თავად იყო, მაგრამ ახლა აზრი შეიცვალა.

„წასვლამდე პანიკას აყოლილ ბიჭებს ვაწყნარებდი, ვეუბნებოდი, რომ თბილისში ნამყოფი ვარ, სადაც ფანტასტიკურ სასტუმროში მოგვათავსეს, მაგრამ იმისათვის, რაც ბათუმში ვნახე, მზად ნამდვილად არ ვიყავი“, – ამბობს ალბანელი. იგი ყვება, რომ სასტუმროს ნომერში არ იყო პირსახოცი, ტუალეტში კი კანალიზაციის მძაფრი სუნი იდგა. ასეთი სასტუმროები, ამბობს ვატა, თვით ოცი წლის წინანდელ ალბანეთშიც არ იყოო.

„ვარჯიშის შემდეგ დაბანა რომ დავაპირე, ისეთი წყალი წამოვიდა, მივხვდი რომ დაბანამდე უფრო სუფთა ვიყავი“ – თქვა ვატამ.

თავისი ქვეყნისა და საქართველოს შედარებისას იგი ამბობს, რომ მისი ალბანეთი რაღაც განვითარების გზაზე მაინც დგას, იქ კი, თუ რამე უნდათ, ყველაფერი უნდა დაანგრიონ და თავიდან დაიწყონო.

სელტიკის ოფიციალური პირები უეფაში საჩივრის შეტანას აპირებენ. მარტო ისიც კმარა აღსაშფოთებლად, რომ წამოსვლისას ჩვენი მწვრთნელი ორი საათით დააყოვნეს, რადგან შოტლანდიასთან სატელეფონო საუბრების გადასახადის დათვლა მანამდე ვერ მოახერხესო. მათი თქმით, სელტიკი მისი ისტორიის მანძილზე ამდენი ხნით არსად დაუყოვნებიათ.

ერთადერთი კმაყოფილი კაცი მწვრთნელი ტომ ბერნსი გახლდათ. მას ეამა, რომ ბათუმის ნახვის შემდეგ დაასკვნა, თურმე ჩვენ სამშობლოში რა ბედნიერები ვყოფილვართო.

სელტიკის ოფიციალურ პირთა აზრით, ისეთი ქალაქის გუნდი, როგორიც ბათუმია, ევროტურნირებთან ახლოსაც არ უნდა მიუშვან, რადგან ფეხბურთი, ბოლოს და ბოლოს, სპორტია, ის კი, რაც მათ გუნდს გადახდა, სპორტის საზღვრებს სცილდება.

შაბათის სტატია ასე მთავრდება: „სამყაროს ბოლოში დგას წარწერა, აქედან ბათუმამდე კიდევ თოთხმეტი მილია“.

ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ შოტლანდიელები, ეტყობა, ძლიერ პრეტენზიული ხალხია, რადგან გლაზგოს მეორე გუნდის, რეინჯერსის წარმომადგენელმა განაცხადა, გავეცანი სელტიკის გასაჭირის ამბავს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან შედარებით (რეინჯერსი ჩემპიონთა ლიგაში ბუქარესტის სტიაუას სტუმრობდა) სამოთხეში ყოფილანო“.

საპასუხო თამაში სელტიკმა იოლად მოიგო. 28 სექტემბერს, სელტიკ პარკზე გამართულ მატჩს 31 969 გულშემატკივარი დაესწრო და ბათუმელთა კარში გასული ოთხი გოლიც იხილა: ანდრეას თომმა კვლავ დუბლი შესრულა, თითო ბურთი კი საიმონ დონელიმ და ენდრიუ უოკერმა მიითვალეს – 4:0.

7 ოქტომბერს ბათუმის სტადიონმა კიდევ ერთ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლა, ამირან გოგიტიძე დინამოს და ტრაბზონსპორის ამხანაგური თამაშით გააცილეს. მასპინძლებმა 3:1 გაიმარჯვეს, გოლები ავთანდილ ღლონტმა, დავით მახარაძემ და დავით უჯმაჯურიძემ (პენალტით) შეაგდეს.

მეტოქეებს ორ-ორი ფეხბურთელი აკლდათ: ტრაბზონელებს შოთა და არჩილ არველაძეები, ბათუმლებს თემურ ტუღუში და ამირან მუჯირი. ოთხივე მათგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, შეკრება ერთი დღით ადრე დაიწყო.

წლების შემდეგ, თუ ვინმე ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მატჩების ჩამონათვალს შეადგენს, დიდი იმედი მაქვს, რომ ბულგარეთთან 1995 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში მოპოვებულ გამარჯვებას არ დაივიწყებს და ერთ-ერთ პირველ ადგილზე დაასახელებს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბულგარეთი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი იყო, ევრო 1996-ის VII შესარჩევ ჯგუფს კი დაუმარცხებლად, შვიდი გამარჯვებით და ერთი ფრით ლიდერობდა. მიუხედავად ამისა, ასეთი დონის ნაკრებმა საქართველოდან მწარე მოგონებების მეტი ვერაფერი წაიღო.

ქართველი გულშემატკივარი არათუ ელოდა მოგებას, ითხოვდა კიდეც. თუნდაც იმიტომ, რომ ყველას კარგად ახსოვდა ერთი წლის წინანდელი სტუმრობა სოფიაში, სადაც ბულგარელებმა საქართველოს ჰიმნს უსტვინეს და პირდაპირ რომ ვთქვა, არცთუ ლამაზად მოიხსენიეს ჩვენი ეროვნული გუნდი. ბულგარეთის დედაქალაქში გამართული დაპირისპირება ქართველთა მარცხით კი დასრულდა, მაგრამ იმ წაგებამ იმედი გააჩინა, მოტივაციაც გააორმაგა და ერთი წლის თავზე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის თამადობით მოთამაშე ბულგარელები, როგორც იქნა, დამარცხდნენ.

„დღეს ბულგარეთი ერთ-ერთი უძლიერესია ევროპაში და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ტექნიკური და პერსპექტიული ნაკრები გყავთ, მწამს რომ მოვიგებთ. ახლა ჩინებულ ფორმაში ვართ და ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, მათ შორის გერმანიასთან“, – განაცხადა სტუმართა ნახევარდაცვის ლიდერმა იორდან ლეჩკოვმა, რომელმაც თბილისში სტუმრობამდე, 7 ოქტომბერს, სოფიაში ალბანეთთან 3:0 მოგებულ მატჩში ანგარიში გახსნა.

„კარგი გუნდი გყავთ, თქვენების ძალა სოფიაშიც დავინახეთ, თუმცა თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედით“, – ეს უკვე ემილ კოსტადინოვის სიტყვებია. მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა, ისევე როგორც ქართველებს, ალბანელებსაც ორი გოლი გაუტანა, თან კვლავ ორი წუთის ინტერვალით, მე-80 და 82-ე წუთებზე.

1995 წლის შემოდგომით ლეჩკოვი და კოსტადინოვი პოპულარობით მხოლოდ ხრისტო სტოიჩკოვს თუ ჩამოუვარდებოდნენ. თბილისს ევროპის წლის ფეხბურთელიც ესტუმრა, მაგრამ სტოიჩკოვმა, რომელიც იმ ზაფხულს გადაბარგდა ბარსელონიდან იტალიის პარმაში, არათუ ქართველ, თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარიც არ ისურვა, ყველას ცივად ჩაუარა და სასტუმროს ნომერში ავიდა.

ლეჩკოვის და კოსტადინოვის გარდა სხვების საუბარშიც იგრძნობოდა, რომ სტუმრები თბილისში მხოლოდ სამ ქულას გეგმავდნენ. და რა განწყობა იყო საქართველოს ნაკრებში? შეიძლება ითქვას დადებითი, რადგან ლეგიონერები ჩინებულ ფორმაში იყვნენ.

თბილისის დინამოდან მანჩესტერ სიტიში იმ ზაფხულს გადასულმა გიორგი ქინქლაძემ ინგლისურ კარიერაში პირველი მატჩი სწორედ ოქტომბრის სანაკრებო შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიგო, მისმა კლუბმა ინგლისის ლიგის თასის მეორე წრეში უიკომბი 4:0 გაანადგურა, ქინქიმ კი ორი გოლი გაატანინა გერმანელ თავდამსხმელ უვე როსლერს.

გიორგი ნემსაძის ჰომბურგი გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა, გამარჯვების ბურთი კი ქართველმა ნახევარმცველმა შეაგდო.

გოლი გაიტანა ათენის აეკ-ში მოთამაშე თემურ ქეცბაიამაც, თასების მფლობელთა თასის მეთექვსმეტედფინალში, შვეიცარიის სიონთან შეხვედრაში.

ასევე ჩინებულად დაიწყეს მორიგი თურქული სეზონი ტრაბზონსპორის მთავარმა ვარსკვლავებმა, შოთა და არჩილ არველაძეებმა, მათ გოლი გოლზე გაჰქონდათ, თბილისში წამოსვლამდე კი შოთამ დუბლით დასაჯა თურქული ფეხბურთის ლომთალომად წოდებული სტამბოლის გალათასარაი. ტრაბზონსპორმა ის თამაში 4:1 მოიგო, ქართველები კი გულშემატკივრებმა ხელში აყვანილი გაიყვანეს მინდვრიდან.

6 ოქტომბერს, პარასკევს, ეროვნულმა ნაკრებმა დიღმის საწვრთნელი ბაზის კარი ამ შემადგენლობით შეაღო:

მეკარეები: აკაკი დევაძე (როსტოვის როსტსელმაში, რუსეთი), ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო)

მცველები: მურთაზ შელია (ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანია, რუსეთი), დიმიტრი კუდინოვი (ლიმასოლის არისი, კვიპროსი), გოჩა გუჯაბიძე (როსტსელმაში, რუსეთი), გიორგი ჩიხრაძე (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გიორგი ღუდუშაური (ზალმრორი, გერმანია), ბესიკ ბერაძე (სამტრედია)

ნახევარმცველები: გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გიორგი ნემსაძე (ჰომბურგი, გერმანია), გიორგი კილასონია (სანკტ-პეტერბურგის ლოკომოტივი, რუსეთი), კახი გოგიჩაიშვილი, გოჩა ჯამარაული (ორივე თბილისის დინამო), თემურ ტუღუში (ბათუმის დინამო), დავით ჯანაშია (სამტრედია)

თავდამსხმელები: შოთა და არჩილ არველაძეები (ტრაბზონსპორი, თურქეთი), მიხეილ ყაველაშვილი (სპარტაკ-ალანია, რუსეთი).

იმავე დღეს დაიწყო შეკრება ახალგაზრდულმა ნაკრებმა. შოთა ჭეიშვილის რჩეულმა ბიჭებმაც დიღომში დაიბანაკეს, საკალათბურთო დინამოს ბაზაზე. ოლიმპიური გუნდის მწვრთნელებმა ამ შემადგენლობას მოუყარეს თავი: გიორგი კიკნაძე, გივი დიდავა, ლევან ხომერიკი, გიორგი დემეტრაძე, ლევან კობიაშვილი (ყველა თბილისის დინამო), ალექსანდრე რეხვიაშვილი, მამუკა ბუცურეიშვილი, დავით ჩალაძე (სამივე რუსთავის მეტალურგი), ზვიად ჯელაძე, ვალტერ გუჩუა (ორივე სამტრედია), დავით კარიაული, პაატა ჯინჭარაძე (ორივე თბილისის მორკინალი), გიზო ჯელაძე (თბილისის შევარდენი 1906), ამირან მუჯირი (ბათუმის დინამო), დავით ჯანელიძე (თბილისის მრეტები), დავით გვარამაძე (ხაშურის ივერია) და მამია ჯიქია (ლინცის ლინცერ აკ, ავსტრია).

6 ოქტომბერს, საღამოს, გაირკვა რომ გერმანიის ნაკრების კარში ერთადერთი გოლის გამტანი თემურ ქეცბაია ბულგარეთთან ვერ ითამაშებდა. მან სიონთან მატჩში ფეხი იტკინა და მალევე დატოვა მინდორი.

მისი გამოკლება ჩივაძისთვის უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა, ხოლო ის, რომ კახი ცხადაძეს მომავალ წლამდე ვერ დაიხმარდა, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ აგვისტოში შეიტყო. ცხადაძე, ვინც ხანგრძლივ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, ბულგარეთთან მატჩისთვის მაინც ჩამოვიდა თბილისში.

სარბიელის ჟურნალისტთან მერაბ მამულაშვილთან საუბარში ცხადაძემ ტრავმაზე და თბილისის დინამოში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:

„ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა, რაც ტრავმა მივიღე. ექიმები მეუბნებიან, რომ ერთ თვეში სირბილს დავიწყებ. საერთო ჯამში დაახლოებით ნახევარი წელი გამიცდება და ალბათ, თებერვლისთვის განვაახლებ ვარჯიშს…

ნიურნბერგში, გერმანელებთან მატჩის შემდეგ, ეგიდიუს ბრაუნმა (გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი – ლ.გ.) ჩვენი გუნდი შეაქო და მთხოვა, კარგი იქნება თუ შენი ბიჭები თბილისში ბულგარელებს დაამარცხებენო. ეს უკვე ვუთხარი ჩვენებს და ვეცდებით გავახაროთ ბრაუნი, კარგი კაცია…

რაც შეეხება თბილისის დინამოში დაბრუნებას, ამის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ მე და მერაბ ჟორდანიამ. ის კლუბის გაძლიერებითაა დაინტერესებული და კარგია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს. ახლა აინტრახტში სამწლიან კონტრაქტს მთავაზობენ უკეთესი პირობებით, მაგრამ მერაბს შევპირდი, რომ გაზაფხულამდე ხელს არაფერს მოვაწერ. თუ თბილისში სათანადო პირობები იქნება, დაბრუნებაზე ბევრს არ ვიფიქრებ“.

მომდევნო დღეები მშვიდად გაილია: გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობდა, საღამოს წვრთნა კი ნახევარ მოედანზე ორმხრივი თამაშით სრულდებოდა, რომელშიც ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი და… ალექსანდრე ჩივაძე მონაწილეობდა.

სამშაბათს, 10 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა შეაბიჯეს. სამწუხაროდ, მასპინძლებმა ზედიზედ მეექვსე თამაში წააგეს – 1:2. ქართველთაგან ერთადერთი საპასუხო გოლი მამია ჯიქიამ შეაგდო უკანასკნელ წუთზე.

11 ოქტომბერი კი სპორტის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, სასიხარულო გამოდგა: დიდუბეში სტუმრობამდე ბევრი გულშემატკივარი სპორტის სასახლეს ეწვია, სადაც საკალათბურთო დაპირისპირებაში ქართველებმა 77:66 დაამარცხეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები. დიდებულად ითამაშა გია სანაძემ, რომელმაც ყველაზე მეტი, ოცდაოთხი ქულა შესძინა გუნდს, ვლადიმერ სტეფანიამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – თხუთმეტი ქულა და ცამეტი მოხსნა. ბოსნიელებთან გამარჯვებით გახარებული ხალხი ეროვნული სტადიონისკენ დაიძრა. საბურთალოდან დიდუბისკენ მიმავალ ათასობით გულშემატკივარს შორის ვიყავით მე და ჩემი მეგობრებიც…

საქართველოს დროით თვრამეტ საათზე ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სადებიუტო შესარჩევ ციკლში უკანასკნელი საშინაო მატჩი დაიწყო. ქართველებმა წითელი მაისურებით, შავი ტრუსებით და თეთრი გეტრებით შეაბიჯეს მინდორზე, ხოლო სტუმრებმა ძირითადი, მწვანე-თეთრ-წითელი ფორმით.

ბულგარელთა კაპიტანმა, ინგლისის რედინგში მოთამაშე ოცდათორმეტი წლის გოლკიპერმა ბორისლავ მიხაილოვმა (აგვისტოში მან ბოტევის შემადგენლობაში ითამაშა თბილისში, დინამოს წინააღმდეგ, სექტემბრის დასაწყისში კი ინგლისს მიაშურა) იმ დღეს ოთხმოცდამეათედ მოირგო ნაკრების მაისური, ჩვენი კარის დაცვა კი ჩივაძემ ირაკლი ზოიძეს ანდო, რაც ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. თბილისის დინამოელი ქვეყნის მთავარ გუნდში ერთწლიანი შესვენების შემდეგ გამოჩნდა. 1994 წლის სექტემბერში, მოლდოვასთან 0:1-ის შემდეგ, ნაკრების კარს მხოლოდ აკაკი დევაძე იცავდა.

„როცა ბულგარელები მოთელვაზე გამოვიდნენ, ეტყობოდათ, რომ ქედმაღლურად გვიყურებდნენ. ჩვენ კი რევანშის წყურვილი გვკლავდა, ძალიან გვინდოდა იმ გუნდის დამარცხება, სადაც ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი, ემილ კოსტადინოვი, იორდან ლეჩკოვი და ტრიფონ ივანოვი თამაშობდნენ…

ალექსანდრე ჩივაძე გვამხნევებდა, სოფიაში არწასაგები თამაში წავაგეთ და ახლა ნაღდად უნდა მოვიგოთო…

ოცდაორი წლის ვიყავი, ასეთ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება არ მქონდა და ჩივაძე განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა, ცდილობდა დაძაბულობა მოეხსნა. გასახდელიდან გასვლის წინ მითხრა, სტოიჩკოვი და ბალაკოვი ხშირად შენ ფლანგზე გადმოდიან, მაგრამ ისინი თამაშის გაგებაში არ არიან, შენ უფრო მაგარი ხარო. მის ნათქვამს სიცილი მოჰყვა…

კლუბში, ფაქტობრივად, თავდამსხმელი ვიყავი, ბულგარეთთან კი მწვრთნელმა მარჯვენა ფლანგის კონტროლი დამავალა“, – 11 ოქტომბრის მატჩი გიორგი ღუდუშაურმა წლების შემდეგ დავით თავართქილაძესთან საუბარში გაიხსენა (სარბიელი; 2004 წლის 23 სექტემბერი). ოცდაორი წლის ფეხბურთელისთვის ეს მეორე სანაკრებო თამაში იყო გაზაფხულზე, ალბანელებთან მოგებული მატჩის შემდეგ.

და როგორც ალბანეთთან ის თბილისური შეხვედრა, ეს თამაშიც დიდებულად დაიწყო: გოჩა ჯამარაულმა იოლად მოატყუა ერთი მეტოქე და დიდებული პასი მიაწოდა შოთა არველაძეს, რომელმაც მარტივად აუარა გვერდი მიხაილოვს და ანგარიში გახსნა – 1:0. „ჯამარამ ისეთი პასი მომცა, გოლი კი არა, ვერგატანა უფრო რთული იყო“, – თქვა თამაშის შემდეგ შოთა არველაძემ.

რამდენიმე წუთში ბულგარელთა მეკარე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მურთაზ შელიამ გამოსცადა, ქინქლაძის პასის შემდეგ მან უძლიერესად დაარტყა. მიხაილოვმა გაჭირვებით, თუმცა მაინც მოიგერია ბურთი.

მომდევნო ათ წუთში კი ჩვენებს ორჯერ გაუმართლათ: კრასიმირ ბალაკოვის ფლანგური გარღვევის და პასების შემდეგ ემილ კოსტადინოვმა ორჯერ შეაზანზარა ზოიძის კარის ძელი. მაგრამ ეს იყო და ეს, სტოიჩკოვის გვიან გოლამდე სტუმრებმა ვეღარაფერი მოახერხეს.

ეს იმიტომ, რომ მასპინძლები მშვენივრად თამაშობდნენ: მცველების უკან, ლიბეროდ გამწესებული დიმიტრი კუდინოვი კარგად აზღვევდა თანაგუნდელებს, გიორგი ჩიხრაძე იოლად გაუმკლავდა მადრიდის ატლეტიკოში მოთამაშე ლუბოსლავ პენევს, შელიამ უსაქმოდ დატოვა ხრისტო სტოიჩკოვი, ნემსაძემ კი, ვინც ჩივაძის დავალებით მალე კოსტადინოვთან გადაინაცვლა, საბოლოოდ გამოთიშა თამაშიდან თავდამსხმელი.

მეორე ნახევარში არჩილ არველაძის ნაცვლად მიხეილ ყაველაშვილი გამოჩნდა, რამდენიმე წამში კი შვეიცარიელმა არბიტრმა ურს მაიერმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა: კახი გოგიჩაიშვილმა ლამის მთელი მოედანი გადასერა, საჯარიმოში შეჭრილი კი ბორისლავ მიხაილოვმა წააქცია. მაიერმა მეკარე გააფრთხილა და ის პირველი უცხოელი გოლკიპერი გახდა, რომელიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ყვითელი ბარათით დაისაჯა.

პენალტის ნიშნულთან გიორგი ქინქლაძე დადგა, მოკლე გამორბენი და – 2:0!

სარბიელის მიმომხილველმა მამუკა ჩიხლაძემ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში ხაზგასმით აღნიშნა გოგიჩაიშვილის იერიში: „კახის საარაკო დრიბლინგის ბადალი ეროვნულ სტადიონზე ალბათ, კარგა ხანია არავის უნახავს“.

ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ბულგარელებმა გააქტიურება სცადეს, მაგრამ კინაღამ დაისაჯნენ: ყაველაშვილმა ორი კარგი შეტევა ვერ დააგვირგვინა, ჯამარაულის ნაცვლად თამაშში ჩართულმა გიორგი კილასონიამ კი ძელს მოარტყა ბურთი.

„შესვენებაზე ჩივაძემ გვითხრა ასე გააგრძელეთო და მართლა ასე მოხდა, თამაში ჩვენ მიგვყავდა. მეორე გოლის შემდეგ უფრო თავისუფლად ავთამაშდით, კიდევ შევქმენით რამდენიმე საგოლე მომენტი, გია კილასონიამ კი სულაც ძელს გაარტყა ბურთი“, – გიორგი ღუდუშაურის ზემოხსენებული ინტერვიუდან.

88-ე წუთზე თავის გოლი შეაგდო სტოიჩკოვმა: ზოიძე მოგერიებისას შეცდა და გამოცდილმა ვეტერანმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, 2:1.

თამაშის ერთ-ერთი უკანასკნელი ეპიზოდი კი ახლაც თვალწინ მიდგას: ბულგარელები ქაოსურად გვიტევდნენ, როცა ბურთი ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს აუტზე გადავარდა. იქვე მდგარმა ბიჭუნამ უმალ მიურბენინა ბულგარელებს, მაგრამ ტრიბუნების გამაყრუებელი ყვირილის შემდეგ – არ მისცე! არ მისცე! – ხელებგამოწვდილი სტოიჩკოვი სახტად დატოვა, ბურთი მოისროლა და ამით ძვირფასი წამებიც მოიგო.

წაგების შემდეგ სტუმრები საშინელ ხასიათზე იყვნენ. ლეჩკოვმა მოკლედ მოჭრა: ჩვენივე შეცდომების გამო დავმარცხდითო, ბალაკოვმაც იგივე თქვა, სტოიჩკოვმა კი თანაგუნდელი მცველები დაადანაშაულა, ხშირად ცდებოდნენო.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თამაშის ჩინებული ორგანიზაციისა და გულითადი მასპინძლობისთვის. გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას. პირველად ვნახე ამ ჯგუფში ჩვენი მეტოქის ასეთი ძლიერი, ლამაზი და გონივრული თამაში. იმედია მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. მარცხი კი, რა თქმა უნდა, ძალიან მეწყინა“, – ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ხრისტო იოსიფოვი.

„ბოლო ხანს თვითგვემა ლამის წესად გვექცა, ბულგარელთა სტუმრობამ კი ერთი სარგებელი მოგვიტანა: ნათლად დაგვანახა, რომ სხვადასხვა ჯურის ჩიტირეკიები თუ მკვეხარები სხვა ქვეყნებშიც მრავლად ყოფილან.

აგერ ხრისტო სტოიჩკოვი ავიღოთ: ესპანეთ-იტალია მოუვლია, მაგრამ პარიზშიც რომ წაიყვანო, ალბათ ისეთივე ხიხოდ დარჩება, როგორც მშობლიურ პლოვდივში იყო.

ბულგარელთა მწვრთნელმა დიმიტარ პენევმა კი იმისთანები იკადრა, კაი ქართველ ხეპრესაც რომ შეშურდებოდა: ჯერ კი გვაქო თავაზიანი ღიმილის თანხლებით, მერე კი გუდასაც მოხსნა პირი – ორი მთავარი მცველი ხომ მაკლდა, კოსტადინოვს რომ ძელები არ ეზანზარებინა, რას დაგვაკლებდით, იმასაც ვნახავდი და თქვენი პენალტიც სანახევროდ ჩემი მცველების, სანახევროდ კი მსაჯის ნამუსზე იყოს, თორემ იმ თქვენ გოგიჩაიშვილზე ნაწყენი სულაც არა ვარ, კაცი თავისთვის სადღაც გარბოდაო“, – წერს მამუკა ჩიხლაძე თამაშის მიმოხილვაში (სარბიელი; 1995 წლის 13 ოქტომბერი).

იმ სარბიელის პირველ გვერდს გიორგი ქინქლაძის და კალათბურთელი რეზო ჩხეიძის ფოტოები ამშვენებდა, მატჩების ანგარიშები და საერთო სათაური: 11 ოქტომბერი – გამარჯვების დღე-სასწაული.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება იზეიმა სადებიუტო საკვალიფიკაციო ტურნირში და ის ჩივაძის გუნდის მეხუთე წარმატება გამოდგა. მახსოვს, მაშინ გული დამწყდა, რომ ჩემმა საყვარელმა გუნდმა მეტი ვერ მოახერხა და მხოლოდ ხუთი თამაში მოიგო. 1995 წლის შემოდგომით ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთ საკვალიფიკაციო ციკლში ხუთი გამარჯვება საუკეთესო შედეგად დარჩებოდა.

გავიდა რამდენიმე დღე და საფეხბურთო და საკალათბურთო ეროვნული ნაკრები გუნდების ესტაფეტა მორაგბეებმა გადაიბარეს – ეროვნულ სტადიონზე გერმანიას 14:3 სძლიეს…

* * *

11 ოქტომბერი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 45 000
საქართველო 2:1 ბულგარეთი
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (2, გოჩა ჯამარაულის პასით), 2:0 გიორგი ქინქლაძე (48, პენ), 2:1 ხრისტო სტოიჩკოვი (88)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (ბესიკ ბერაძე 83), დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია (კაპ), გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კილასონია 75), არჩილ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ბულგარეთი: ბორისლავ მიხაილოვი (კაპ), ილიან კირიაკოვი, ტრიფონ ივანოვი (კრასიმირ ჩომაკოვი 57), ცანკო ცვეტანოვი, ზლატკო იანკოვი, ლუბოსლავ პენევი, ნასკო სირაკოვი (დანიელ ბორიმიროვი 51), იორდან ლეჩკოვი, ემილ კოსტადინოვი, ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი
მწვრთნელი: დიმიტარ პენევი
გაფრთხილება: გიორგი ნემსაძე, კახი გოგიჩაიშვილი, ბორისლავ მიხაილოვი, მურთაზ შელია
მსაჯები: ურს მაიერი; ზივანკო პოპოვიჩი, ერნსტ ფელდერი (შვეიცარია)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 25 სექტემბერი
ფოტო: ჟურნალი დებიუტი
* -2025 წლის 25 სექტემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian