1996: ოთხი კლუბით ევროპაში და დინამო ნემსაძის წინააღმდეგ

1996 წლის ზაფხული ტკბილად მაგონდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფავორიტი იტალიის ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ჯგუფში ჩარჩა, ინგლისში გამართული ევროჩემპიონატი მაინც მშვენიერი გამოდგა, უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ საფეხბურთო ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები გადავდგი – მაისის მიწურულს გაზეთ სტადიონის რედაქციას შევუერთდი შტატგარეშე კორესპონდენტად. მაშინ მხოლოდ უცხოურ ფეხბურთზე ვწერდი, ინგლისურიდან ვთარგმნიდი ინტერვიუებს და ახალ ამბებს, ინგლისი 1996-ის დღეებში კი თამაშების მიმოხილვა მევალებოდა. იმ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გამოცემა თბილისის დინამოს საკუთრებაში გადავიდა, სახელი შეიცვალა და საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის ისტორიაში პირველ ოფიციალურ გაზეთად გადაკეთდა – „თბილისის დინამო“ 1996 წლის ივლისიდან ნოემბრამდე გამოიცემოდა. თუ სწორად მახსოვს, ოცამდე ნომერი გამოვუშვით…

იმ დროს დინამოს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავდა: საქართველოს უცვლელმა ჩემპიონმა კიდევ ერთხელ, მიჯრით მეშვიდედ მოიგო ეროვნული პირველობა, 26 მაისს კი, თასის ფინალში, ისევ დაამარცხა ბათუმი და მორიგი დუბლი შეასრულა.

დინამოელებმა მეშვიდე ეროვნული ჩემპიონატი ზღაპრულად დაასრულეს: 22 მარტიდან დაწყებული ზედიზედ ცამეტი(!) თამაში მოიგეს, 12 აპრილიდან უკანასკნელი ტურის ჩათვლით ოთხ გოლზე ნაკლები არ გაუტანიათ, ბოლო ორ მეტოქეს კი, როგორც ასეთ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე, „საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს“: 21 მაისს, თასის ფინალამდე, ყვარელში 8:2 სძლიეს დურუჯს (ალექსანდრე იაშვილი – ჰეთ-თრიქი, გიორგი დემეტრაძე და ლევან ხომერიკი – დუბლები, გიორგი ანჩაბაძე), 31 მაისს კი ბოლნისის სიონს უმასპინძლეს და 8:0 მოუგეს (დემეტრაძე – პოკერი, ლევან ცქიტიშვილი – დუბლი, იაშვილი, ხომერიკი).

დინამოელთა საუკეთესო გოლეადორი ოცდაექვსი გოლით ალექსანდრე იაშვილი გახდა. ამ შედეგით ის თავისუფლად მოიგებდა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტულს, მაგრამ იმ სეზონში იაშვილი მხოლოდ მესამე იყო. ტორპედოს თავდასხმის ახალგაზრდა ლიდერმა მიხეილ აშვეთიამ ოცდათერთმეტი გოლით დაასრულა პირველობა, ზესტაფონის მარგვეთში მოთამაშე ზვიად ენდელაძეს კი მერაბ მეგრელაძის რეკორდის გამეორებამდე ერთადერთი ბურთი დააკლდა, ოცდაათ მატჩში ორმოცჯერ(!) დალაშქრა მეტოქეთა კარი.

რაც შეეხება უცხოეთში მოთამაშე ქართველებს, რამდენიმემ ტიტული მოიგო. მაგალითად თემურ ქეცბაიამ, რომელმაც ათენის აეკ-თან ერთად საბერძნეთის თასი აღმართა. დედაქალაქელებმა ფინალში 7:1 გაანადგურეს აპოლონი, ერთ-ერთი გოლი კი თემურმა გაიტანა.

შოთა და არჩილ არველაძეებს სულ ცოტა დააკლდათ თურქეთის ჩემპიონობამდე, მათი ტრაბზონსპორი, რომელიც სეზონის სტარტზე თურქეთის სუპერთასს დაეუფლა, მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ფენერბაჰჩეს. შენოლ გიუნეშის გაწვრთნილმა კლუბმა ყველაზე მეტი, 79 გოლით დაასრულა სეზონი და აქედან თითქმის მესამედი – ოცდახუთი, შოთასი იყო. არველაძე სუპერლიგ ერთის ბომბარდირი გახდა, თან ისე, რომ სეზონის მანძილზე ერთი პენალტიც არ შეუსრულებია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა უკანასკნელ ტურში, ესკიშეჰირსპორთან 7:1 მოგებულ შეხვედრაში ხუთი(!) გოლი გაიტანა, ყველა მეორე ნახევარში. შოთას მთავარი კონკურენტი ჩემპიონთა ბოსნიელი ცენტრფორვარდი ელვირ ბოლიჩი გახლდათ. ის პენალტებსაც ასრულებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ოცდაორ გოლზე მეტი ვერ მოაგროვა და მეორე ადგილზე დარჩა.

სეზონის დასრულების შემდეგ, როცა ინდივიდუალური ჯილდოები დაარიგეს, შოთა არველაძეს ერთბაშად ოთხი პრიზი უბოძეს: საუკეთესო ბომბარდირის, სეზონის ნომერ პირველი ფეხბურთელის და უძლიერესი ლეგიონერის, ასევე ულამაზესი გოლისთვის დაწესებული. სხვათა შორის, ამ ჯილდოზე ათი გოლი იყო ნომინირებული და მათგან ექვსის ავტორი შოთა გახლდათ. თურქეთის ჩემპიონატის ქართველი გოლეადორი საბოლოო ჯამში დენიზლისპორთან შეხვედრაში ლამის მოედნის ცენტრიდან გატანილი გოლისთვის დაჯილდოვდა. იმ დღეებში დაიწერა, რომ მისი გადაბირება ესპანეთის და იტალიის რამდენიმე კლუბმა ისურვა, მათ შორის მადრიდის ატლეტიკომ, სევილიამ და ფლორენციის ფიორენტინამ…

ქეცბაიას და არველაძის წარმატებების მიუხედავად, საქართველოს 1995-1996 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე ის გახდა, რომლის კლუბი პრემიერლიგიდან გავარდა. გაზეთ სარბიელის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში გიორგი ქინქლაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა: მანჩესტერ სიტის ლიდერმა 177 ქულა მოაგროვა, მეორე ქეცბაია იყო 98 ქულით, მესამე კი შოთა არველაძე – 55. რეფერენდუმში ორმოცდაორი ჟურნალისტი მონაწილეობდა და მათგან ოცდარვამ ქინქლაძე პირველ ადგილზე დაასახელა.

სარბიელმა 31 მაისს გააცნო გამოკითხვის შედეგები გულშემატკივრებს, რამდენიმე დღეში კი პოპულარული ინგლისური საფეხბურთო ჟურნალის უორლდ სოკერის სპეციალური ნომერი გამოიცა, რომელიც ევრო 1996-ს მიეძღვნა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა „უიღბლოთა ნაკრებიც“ შემოგვთავაზეს, იმ ფეხბურთელთა გუნდი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდნენ. ქინქლაძე იმ გუნდის „ძირითად შემადგენლობაში“ მოხვდა ბელგიის ნაკრების გოლკიპერ მიშელ პრიუდომთან და ამ ვარსკვლავებთან ერთად: ფრანკო ბარეზი (იტალია), პატრიკ ანდერსონი (შვედეთი), ფილიპ ალბერი (ბელგია), გრემ ლე სო (ინგლისი), დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია), რობერტო ბაჯო (იტალია), ერიკ კანტონა (საფრანგეთი), იარი ლიტმანენი (ფინეთი) და ჯანლუკა ვიალი (იტალია). „უიღბლოთა ნაკრების“ სათადარიგო შემადგენლობა ასეთი იყო: რაიან გიგზი (უელსი), დავიდ ჟინოლა (საფრანგეთი), მარკ ოვერმარსი (ნიდერლანდები), რაული (ესპანეთი), მეჰო კოდრო (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და პრედრაგ მიატოვიჩი (იუგოსლავია).

სარბიელის სეზონის რჩეულის დაჯილდოების ცერემონია 20 ივნისს გაიმართა კლუბ ჩემპიონში. ღონისძიებას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე და ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ვლადიმერ გუცაევიც დაესწრნენ. ეს უკანასკნელნი ფეხბურთის ფედერაციამ ინგლისში მიავლინა მომავალ მეტოქეებზე, ინგლისის და იტალიის ნაკრებ გუნდებზე დასაკვირვებლად. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მწვრთნელები საქართველოში დაბრუნდნენ.

„წარუმატებლობის მიუხედავად, იტალიის ნაკრებმა განვითარების მწვერვალს მიაღწია: ტაქტიკურად, შესრულებით, კოლექტიური თამაშით…

მათთან ურთულესი შეხვედრა გვექნება. გერმანიის ნაკრებთან მატჩში იტალიამ დაამტკიცა თავის ძალა. ამ გუნდის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ მოედნის ცენტრში არ ჰყავს რობერტო ბაჯოს დონის შემსრულებელი…

იტალიელებს პირველივე წუთიდან ბრძოლა უნდა გავუმართოთ და ინიციატივა არ უნდა დავუთმოთ. სხვაგვარად მათ ვერ მოვერევით. ასევე, ჩვენების ტექნიკა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და, ბუნებრივია, ფიზიკური მომზადების დონემ თამაშის ბოლომდე ბრძოლის საშუალება უნდა მოგვცეს…

რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, ინგლისურ ფეხბურთზე დიდი აზრის არ ვარ. ცნობილი დისკვალიფიკაციის შემდეგ (1985 წლის მაისში, ჩემპიონთა თასის ფინალის წინ, ეიზელზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ინგლისური კლუბების ევროთასებიდან ხუთი წლით მოკვეთა იგულისხმება – ლ.გ.) ისინი ძლიერ ჩამორჩნენ კონტინენტს. თუნდაც მათი ტაქტიკა ავიღოთ – 4-4-2, როდესაც მცველები ერთ ხაზზე თამაშობენ. ბევრჯერ ყოფილა როცა ასეთ ტაქტიკაზე ინგლისელები „დაუჭერიათ“, თუნდაც ჩვენ დინამოს…

შოტლანდიელებთან მატჩში ვენეიბლზმა ტაქტიკა შეცვალა, 3-5-2 სისტემით ათამაშა ნაკრები, მაგრამ შეხვედრის ბედი ახალმა ტაქტიკამ კი არა, მაკმანამანისა და გესქოინის ბრწყინვალე თამაშმა გადაწყვიტა…

საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს და ურთულესი თამაშები გველის“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა მერაბ მამულაშვილთან ინტერვიუში. საუბრის ჩანაწერი 22 ივნისის სარბიელში გამოქვეყნდა.

ერთ კვირაში ამავე გაზეთში დაიბეჭდა დინამოს პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ინტერვიუ. მან თბილისის დინამოს გეგმებზე, ასევე გიორგი ქინქლაძის მომავალ კლუბთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა:

„სავსებით რეალურია, რომ უეფას თასის გათამაშების პირველ ეტაპზე გიორგი ნემსაძემ და გოჩა ჯამარაულმა თბილისის დინამოს შემადგენლობაში ითამაშონ, სანამ ისინი სასურველ, მათი დონის კლუბებს არ მოძებნიან. ეს საკითხი ევროტურნირების წილისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვევა, ივლისის დასაწყისში…

გიორგი ანჩაბაძე ჯერ კიდევ იანვარში უნდა გამგზავრებულიყო ოლბორგში, ორწლიანი კონტრაქტიც მზად იყო, მაგრამ დავით ყიფიანის თხოვნით ის დინამოში დარჩა. არ მინდა დანიურ ფეხბურთს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ანჩაბაძე იმ ფეხბურთელად მიმაჩნია, რომელმაც უფრო პრესტიჟულ ჩემპიონატში უნდა ითამაშოს…

რაც შეეხება გიორგი ქინქლაძეს, ყველაზე სავარაუდოა, რომ ის ახალ სეზონსაც მანჩესტერ სიტიში დაიწყებს. თუმცა, ამას რომ ვამბობ, არაფერს ნიშნავს, რადგან ინგლისში ყოველ დღე შეიძლება რაღაც შეიცვალოს, ასე რომ, ნურაფერს გამოვრიცხავთ“.

29 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე ერთი დღით ადრე, ქართული კლუბის დებიუტი შედგა უეფას ინტერტოტოს თასზე: ფოთის კოლხეთი 1913-მა იუგოსლავიის ზემუნს ბათუმში უმასპინძლა. ბახვა ამბიძის გოლით ფოთელები იგებდნენ, საბოლოოდ კი მაინც სტუმრებმა გაიმარჯვეს – 2:3.

30 ივნისს, ევროპის X ჩემპიონატის ფინალში, ლონდონში, უემბლიზე, ჩვენი შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულმა გერმანიამ ოლივერ ბირჰოფის დუბლით 2:1 დაამარცხა ჩეხეთი და მესამედ მოიგო კონტინენტის პირველობა. ბირჰოფი შეცვლაზე შევიდა, მისი მეორე, გამარჯვების ბურთი კი ეგრეთ წოდებული „ოქროს გოლი“ გამოდგა – დამატებით დროში გადასული თამაში იმ გოლის გასვლისთანავე დასრულდა, 95-ე წუთზე. ანრი დელონეს სახელობის თასი პირველად ბუნდესგუნდის კაპიტანმა, თბილისში ორი გოლის გამტანმა იურგენ კლინსმანმა აღმართა.

იმავე დღეს თბილისის დინამო ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ესტონეთში გაემგზავრა, სადაც ევროტურნირების წილისყრამდე სამი საწვრთნელი შეხვედრაც გამართა: 2 ივლისს 1:1 ითამაშა ტალინის ფლორასთან, მეორე დღეს 8:1 დაამარცხა ფლორას დუბლშემადგენლობა, 6 ივლისს კი 1:0 სძლია ტალინის ნაკრებს.

6 ივლისს ქართული კლუბების ევრომეტოქეების შესახებაც შევიტყვეთ: უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოს ლუქსემბურგის გრევენმახერი ერგო, ვიცე-ჩემპიონ ზესტაფონის მარგვეთს – მალტის შლიემა უონდერერსი, თასების მფლობელთა თასზე გასულ ბათუმს კი ფარერის კუნძულების HB1904.

7 ივლისს კოლხეთი 1913-მა მეორედ ითამაშა ინტერტოტოს თასზე და კვლავ დამარცხდა, ამჯერად ფინეთის ქალაქ იაკობშტადში, იაროსთან – 0:2. იმავე დღეს მერაბ ჟორდანიამ დაადასტურა, რომ ვლადიკავკაზის ალანიიდან გოჩა ჯამარაულის გათავისუფლების ცნობა მიიღო და ის ევროთასებზე დინამოს შემადგენლობაში ითამაშებდა.

13 ივლისს, ინტერტოტოს თასის მესამე ტურში, კოლხეთი 1913 საფრანგეთის გინგამს ფოთში დაუხვდა, მაგრამ მაინც ვერას გახდა – 3:1 სტუმართა სასარგებლოდ. ფრანგებს ერთადერთი გოლი ბახვა ამბიძემ გაუტანა, ფოთელთაგან საუკეთესო კი უდავოდ გოგა გახოკიძე იყო, რომელიც დინამოდან იყო განათხოვრებული ზღვისპირა კლუბში. მან იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ გინგამის ხელმძღვანელების ყურადღებაც მიიქცია, რომლებმაც დინამოს ფეხბურთელის ტრანსფერზე მიმართეს.

იმავე დღეს დაბრუნდა საქართველოში დინამო. მთავარმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა ერთი დღით დაითხოვა ფეხბურთელები, 15 ივლისიდან კი, გრევენმახერთან მატჩამდე, გუნდი ბაზაზე გამოკეტა და მოთამაშეებთან ურთიერთობა ყველას აუკრძალა, მათ შორის ჟურნალისტებს.

ლუქსემბურგის კლუბი თბილისში ერთი დღის შემდეგ ჩამოვიდა. როგორც დინამოს ოფიციალური გაზეთის კორესპონდენტი, თანამშრომელთან ერთად მათ აეროპორტში დავხვდი, შემდეგ კი სასტუმრო მეტეხშიც მივაცილე. გრევენმახერის წარმომადგენელმა კლუბის რამდენიმე საპრეზენტაციო ბუკლეტი გადმომცა, რომელიც რამდენიმე საათში დავით ყიფიანს მივუტანეთ ბაზაზე.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებამ კლუბს სასურველი შედეგი მოუტანა: ალექსანდრე იაშვილის დუბლით, კახი გოგიჩაიშვილის და გიორგი დემეტრაძის გვიანი გოლებით დინამომ 4:0 მოიგო. იმავე დღეს ზესტაფონმა მალტაზე 3:1 დაამარცხა შლიემა უონდერერსი, მეორე დღეს კი სარბიელმა ასე დაასათაურა ამ ორი ევრომატჩის მიმოხილვა:

„პირველი წრე გავიარეთ! ოთხშაბათს, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უეფას თასზე ერთდროულად ორმა ჩვენმა კლუბმა მიაღწია გამარჯვებას, რითაც, ფაქტიურად, გაინაღდა შემდეგ წრეში გასვლა“.

სარბიელის მილოცვა ნაჩქარევი გამოდგა, რადგან მხოლოდ დინამომ დაძლია ლუქსემბურგელთა წინააღმდეგობა და სტუმრად 2:2-ის მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში 6:2 გაიმარჯვა. ზესტაფონმა კი შინ 0:3 წააგო!

„ჩვენც მწარედ მოგვატყუეს… ერთი კვირის წინ იყო, პირველი წრე გავიარეთო, რომ ვხარობდით. თურმე სადა ხარ! ვაღიარებთ, ჯეროვნად არც ჩვენ გვცოდნია ქართული საკლუბო ფეხბურთის ნამდვილი „ძალა“. გუშინ ზესტაფონის მარგვეთმა შეუძლებელი შეძლო და შინ 0:3 წაგებით სამარცხვინოდ გამოეთიშა უეფას თასის გათამაშებას“ – ეს სიტყვებიც სარბიელმა დაწერა, 1996 წლის 25 ივლისის ნომრის პირველ გვერდზე. იქვე დაბეჭდილი ცნობით გულშემატკივრებმა ისიც შეიტყვეს, რომ მალტის კლუბებისთვის ზესტაფონში გამართული მატჩი 103-ე საგარეო ევროშეხვედრა იყო, მაგრამ პირველი მოგება დიდი ანგარიშით!

იმ დროისთვის ფოთის კოლხეთი 1913-საც დაესრულებინა ინტერტოტოს თასზე თამაში: სოსო ფილიას გაწვრთნილმა კლუბმა ჯგუფის მეოთხე შეხვედრაც წააგო, ბუქარესტში დინამოსთან – 0:2.

27 ივლისს დინამოს მომდევნო ევრომეტოქის ვინაობა გაირკვა – ნორვეგიის მიოლდე, 28 ივლისს კი ბათუმში პირველად გათამაშდა საქართველოს სუპერთასი, რომლის დაარსების ინიციატორი გაზეთი რეზონანსი იყო. საქართველოს ჩემპიონმა დინამომ იოლად დაამარცხა თასის ფინალისტი ბათუმი – 4:0. დავით ყიზილაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს. ამ შეხვედრაში ორივე კლუბმა სპეციალურად ამ მატჩისთვის რეზონანსის მიერ დამზადებული მაისურებით ითამაშა.

1 აგვისტოს VIII ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, დინამომ 6:0 გაანადგურა წყალტუბოს სამგურალი. იმერლების სტუმრობამდე და მათთან გამარჯვების შემდეგ კი დავით ყიფიანის გუნდმა ორჯერ ითამაშა, თუმცა იმ საერთაშორისო შეხვედრების შესახებ მაშინდელ პრესაში დაიწერა თუ არა, ზუსტად არ მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ორივე მატჩი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შედგა. ივლისის მიწურულს თბილისს აშგაბატის კოპეტდაღი ეწვია, რომელმაც 30 ივლისს და 2 აგვისტოს ორჯერ ითამაშა დინამოს წინააღმდეგ, მეორედ თურქმენეთის ნაკრების სახელით. ამ თამაშებს იმიტომ დავესწარი, რომ რედაქციამ მატჩების მიმოხილვა დამავალა. კოპეტდაღთან თამაში დინამოელებმა ლევან ხომერიკის და გელა ინალიშვილის გოლებით მოიგეს – 2:0, მეორე მატჩი კი თურქმენეთის ნაკრებთან იგივე ანგარიშით, დემეტრაძის და ხომერიკის ზუსტი დარტყმებით.

6 აგვისტოს, უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამომ 2:1 დაამარცხა მიოლდე. მე-19 წუთისთვის მასპინძლები ორი ბურთით იგებდნენ, ანგარიში კახი გოგიჩაიშვილმა გახსნა, მეორე ბურთი კი იაშვილმა შეაგდო. მახსოვს, თანამშრომელმა მითხრა, მგონი გრევენმახერს „გავიმეორებთო“, მაგრამ სტუმრებმა ნელ-ნელა გამართეს თამაში და ერთი ბურთი გაქვითეს კიდეც.

არცთუ დამაჯერებელი ანგარიშის გამო ბევრი ნერვიულობდა, ძალიან გაუჭირდება დინამოს მიოლდეშიო, მაგრამ ყიფიანი პრესკონფერენციაზე თავდაჯერებული გახლდათ: ჩემი ბიჭების მჯერა, ვიცი, დავძლევთ ამ ეტაპს და თუ ვინმემ უნდა ინერვიულოს, ეს მხოლოდ მეტოქეაო. რაც შეეხება სტუმართა მთავარ მწვრთნელს ააგე ჰარეიდეს, მისი ერთი ფრაზა დამამახსოვრდა: რამდენიმე დღის წინ ჩვენი მთავარი ვარსკვლავი ოლე-გუნარ სულშერი მანჩესტერ იუნაიტედში გავყიდეთ, თორემ ის რომ გვყოლოდა, თბილისში არ დავმარცხდებოდითო. ორი კვირის შემდეგ მიოლდეში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა და დინამომაც, 1987 წლის შემდეგ პირველად, ევროთასებზე ორი ეტაპი დაძლია.

სკანდინავიელებთან ორი დაპირისპირების შუაში კი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ის ცნობილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც 1996 წლის ზაფხულის ყველაზე ხმაურიან საფეხბურთო ამბად იქცა და რომლის მსვლელობის დროს კლუბის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გიორგი ნემსაძე ტრაბზონსპორში თვითნებურად გადასვლაში დაადანაშაულა.

„ნემსაძემ დინამოს სამი მილიონი დოლარი დააკარგვინა“ – ასე დაასათაურა სარბიელმა 1996 წლის 13 აგვისტოს გამოცემულ ნომერში იმ პრესკონფერენციის მიმოხილვა. ჟურნალისტებთან შეხვედრა დავით ქლიბაძემ გახსნა, რომელსაც მაშინ პრესასთან ურთიერთობა ევალებოდა. შემდეგ დავით ყიფიანმა გუნდზე და ფეხბურთელებზე ილაპარაკა, შეხვედრა კი მერაბ ჟორდანიას ვრცელი მონოლოგით დასრულდა:

„ის, რაც მოხდა, ჩემი ლოიალობის ბრალია. მხედველობაში მაქვს გიორგი ნემსაძის საკითხი. იგი მანჩესტერ სიტიში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ თურქეთში ამოჰყო თავი. ნემსაძემ ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად მართალია დინამოსთან. ასეთ რამეს ძველი თაობის დინამოელები არ ამბობდნენ, თავს მუდმივად ვალში თვლიდნენ…

შარშან ნემსაძე თვითნებურად გაემგზავრა ჰომბურგში, ეს მაშინ, როცა ჩვენს კლუბთან ჯერ კიდევ ჰქონდა კონტრაქტი. მან გერმანულ კლუბთან მოაწერა ხელი კონტრაქტს და შემდეგღა გვთხოვა, რომ მისი გადასვლისთვის ხელი არ შეგვეშალა. მე მივეცი ამის უფლება და ერთი წლით გავანათხოვრეთ ჰომბურგში. იმ დროისთვის ნემსაძეს კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი ჩვენთან დადებული კონტრაქტის გასვლამდე. საჭიროდ არ ჩავთვალეთ კონტრაქტის გაგრძელება, ეს ვერ ვაკადრეთ ფეხბურთელს.

წელს, გრევენმახერთან თამაშის წინ გამოჩნდა, რომ ნემსაძეს შეცდომა დაუშვია ჰომბურგთან ხელშეკრულების გაფორმებისას და ამ კლუბს მასზე პრეტენზიები ჰქონდა. ჩვენ ესტონეთში შეკრებაზე წავიყვანეთ ნემსაძე და ამასობაში საქმეში ადვოკატები ჩავრიეთ. შედეგად, 18 ივლისს გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან მივიღეთ სატრანსფერო სერთიფიკატი, რომლითაც გვაცნობეს, რომ გერმანულ მხარეს ნემსაძეზე არავითარი უფლება აღარ ჰქონდა.

მასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ევროტურნირიდან დინამოს გავარდნის შემდეგ ნემსაძე სიტიში გააგრძელებდა თამაშს. ის კმაყოფილი იყო პირობებით. ლაპარაკი იყო წლიურად 255 ათას დოლარზე, რაც თვეში ოცდაორ-ოცდასამ ათას დოლარს შეადგენს. გერმანიაში თამაშისას ნემსაძის ხელფასი სულ ათასხუთასი მარკა იყო თვეში, რაც ათასი დოლარია. ესე იგი, იმაზე ნაკლები გასამრჯელოსთვის თამაშობდა, რასაც დინამოში მიიღებდა.

სიტისთან გარიგებაში მონაწილეობას იღებდნენ შუამავლები. ის ხალხი კლუბსა და ფეხბურთელს უთანხმდება და მერე თავის წილსაც ითხოვს. ნემსაძე მოსკოვში გაემგზავრა, აიღო ინგლისის ვიზა და ამის შემდეგ ჩვენ შორის კვლავ შედგა ლაპარაკი, სადაც დამიმოწმა – როცა ვეტყოდი, ინგლისში გაემგზავრებოდა. მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტს მხოლოდ ნემსაძის ხელმოწერა აკლდა. როცა შევატყობინეთ, რომ ინგლისში უნდა წასულიყო, დაგვემალა და შემდეგ გავიგეთ, რომ გერმანიაში წავიდა და იქიდან თურქეთში გაემგზავრა.

გოგიჩაიშვილსაც და ჯამარაულსაც იგივე პირობებს სთავაზობდნენ, რასაც ნემსაძეს. იმის გარდა, რასაც ფეხბურთელებს გადაუხდიდნენ, თბილისის დინამოს თითოეულში მილიონი დოლარი უნდა მიეღო. ასე რომ, ნემსაძის ამ საქციელმა სამი მილიონი დოლარი დაგვაკარგინა, რადგან იმ კომპანიამ, რომელიც ჩვენი პარტნიორია, განაცხადა, რომ დაინტერესებული არ არის ავტორიტეტი დაკარგოს. ინგლისის ბაზარზე ფეხის ხელახლა მოკიდება უბრალო საქმე არ არის…

არ მინდა მომხდარში ვინმე დავადანაშაულო, მსურს საკუთარი შეცდომა ვაღიარო“.

ამის შემდეგ მერაბ ჟორდანიამ საქართველოს პრეზიდენტის იმ სპეციალურ ბრძანებაზეც ისაუბრა, რომლითაც დინამოს საგადასახადო შეღავათები მიენიჭა, მაგრამ დაახლოებით ნახევარ წელიწადში გაუქმდა, რის გამოც კლუბი, პრეზიდენტის თქმით, რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა. პრესკონფერენციის ბოლოს კი მერაბ ჟორდანია კიდევ ერთხელ შეეხო ნემსაძის ტრანსფერს:

„არ მინდა დავიჯერო, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ საქმეში ჩვენიანების ხელი ურევია. ესენი ვაჟა ჟვანია, ჯემალ ჩიმაკაძე და, შეიძლება, ტყუპებიც არიან. ისინი მორალურად გაუმართლებლად მოიქცნენ. მათ ადგილზე მე არ მივცემდი ნემსაძეს იმის უფლებას, რაც გააკეთა. არც თურქებს მივცემდი გარიგების უფლებას. ბოლოს და ბოლოს, დავრეკავდი თბილისში და გავარკვევდი სიტუაციას“.

სარბიელმა ნემსაძესთან დაკავშირება და სიტუაციაში გარკვევა სცადა, თუმცა იმ დღეებში ის კლუბთან ერთად სტამბოლში იყო გალათასარაისთან სათამაშოდ. ჟურნალისტი ფეხბურთელის მეუღლეს, რუსიკოს ესაუბრა, რომლის კომენტარი 17 აგვისტოს გამოქვეყნდა:

„პრესასა და ტელევიზიაში გიორგის შესახებ დაწერილმა და ნათქვამმა ჩვენამდეც მოაღწია და გაოცებულნი დაგვტოვა. გიორგის არ სჯერა, რომ მერაბ ჟორდანია მის საქციელს ესოდენ უარყოფითად აფასებს. ის თბილისში თვის ბოლოს, 19 აგვისტოს ჩამოვა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ნორვეგიელებთან მატჩის წინ, დაელაპარაკება და ყველაფერს გაარკვევს. მანამდე კი საქმის წინასწარ შეფასებას ერიდება და ინტერვიუს მიცემასაც გაუმართლებლად მიიჩნევს. ასე შეიძლება საქმე უფრო გამწვავდეს, ეს კი გიორგის არ უნდა. ვიმეორებ: გიორგის ჟორდანიასთან დალაპარაკება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და იმედი მაქვს საქმეც მოგვარდება“.

ჟორდანიას პრესკონფერენციამ, განსაკუთრებით კი შეხვედრის მიწურულს გაკეთებულმა განცხადებამ ძალზე გააკვირვა შოთა არველაძე. თბილისში, ეროვნული ნაკრების შეკრებისთვის ჩამოსული თავდამსხმელი ამ თემაზე სარბიელის ჟურნალისტთან, მერაბ მამულაშვილთან ასეთი კომენტარით შემოიფარგლა (1996 წლის 29 აგვისტო):

„გიორგი თავის საქმეზე თავად გაგცემთ პასუხს, მე კი იმას გეტყვით, რომ მე, აჩიკო და ჯემალ ჩიმაკაძე გარიგებაში არ ვმონაწილეობდით.

თავის დროზე, როცა ტრაბზონი გიორგით დაინტერესდა, ბუნებრივია, მეც მკითხეს როგორი ფეხბურთელიაო. მეც ვუთხარი რაც იყო, რა, უნდა დამემალა და ცუდიაო, ეს მეთქვა? მაგრამ ეს ხომ გარიგებაში მონაწილეობას არ ნიშნავს? ამაში დარწმუნება იოლად შეიძლება, თუკი 16 აპრილის სარბიელს გადაფურცლავთ. იქ დასახელებულია იმ ფეხბურთელთა გვარები, რომელთა შეძენაც თურქებს სურდათ და მათ შორის ნემსაძეც არის დასახელებული. ვფიქრობ, ამით ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ან კი, მე რა მონაწილეობა უნდა მიმეღო გადასვლაში, გუნდის ხელმძღვანელი ვარ თუ მენეჯერი?! ამ ბრალდებით ჩემი ოჯახი შეურაცხყოფილია. მაგრამ ჩვენ არ ვნერვიულობთ, ღმერთი ყველაფერს ხედავს და იცის, რა როგორ მოხდა.

ან კი ნემსაძე ის კაცია, ზედმეტი ორმოცდაათი ათასი დოლარისთვის ძმაკაცებს საქმე გაუფუჭოს? ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად დასრულდეს. მაგრამ ჩვენს მიმართ წაყენებული ბრალდებები რომ უსაფუძვლოა, ეს ნაღდია“.

თავად გიორგიმ, რომელიც შოთასთან ერთად ყველაზე ადრე, ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა თბილისში ნორვეგიასთან მატჩისთვის, იმ დღეებში მხოლოდ ეს თქვა: „როცა მე და ჟორდანია ყველაფერს გავარკვევთ, მაშინ ვიტყვი, რა როგორ იყო. მანამდე კი ამის შესახებ საუბარი გაუმართლებლად მიმაჩნია“.

აგვისტოს მუწურულს „ნემსაძის საქმეს“ მერაბ ჟორდანიას მიერ ხსენებული ვაჟა ჟვანიაც გამოეხმაურა, რომელიც იმ დროს საფეხბურთო დინამოს საქმეებს ჩამოშორებული გახლდათ, მხოლოდ საკალათბურთო დინამოს კურირებდა. სწორედ ამიტომ მან ჟურნალისტებს საკალათბურთო დინამოს ბაზაზე უმასპინძლა კლუბის მთავარ მწვრთნელთან, ლევან მოსეშვილთან ერთად. მოსეშვილი, ცხადია, მხოლოდ საკალათბურთო ამბებს შეეხო, ჟვანიამ კი შეძლებისდაგვარად ვრცლად ისაუბრა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ტრაბზონსპორში ხმაურიანი გადასვლის დეტალებზე (სარბიელი; 1996 წლის 31 აგვისტო):

„ალბათ ყველას გაინტერესებთ მართალ-მტყუანი ნემსაძის საქმეში. გეხსომებათ, ერთი აჟიოტაჟი ატეხეს ჩემზე, ნემსაძის ტრაბზონსპორში გადასვლაზე და იმაზე, რომ დინამომ სამი მილიონი დოლარი დაკარგა – ჟვანია, ტყუპი არველაძეები და ჯემალ ჩიმაკაძე არიან დამნაშავენიო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე მართალი ვარ. ახლა ყველაფერს გიამბობთ და თავად განსაჯეთ:

ნემსაძეს ჰომბურგთან კონტრაქტი 30 ივნისს დაუმთავრდა. აუსტრია მას ოთხას ათას მარკას სთავაზობდა ერთ წელიწადში, აქედან თბილისის დინამო არაფერს იღებდა. მერაბ ჟორდანია იგივე პირობით გიორგის მანჩესტერ სიტიში უშვებდა, თანაც დინამო ამ ტრანსფერიდან ერთ მილიონ დოლარს მიიღებდა.

ნემსაძე და დინამო ფაქტიურად შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ საკამათო გახდა იმ სატრანსფერო მილიონიდან რამდენი პროცენტი უნდა აეღო გიორგის – ათი თუ ოცი. მან დინამოს ხელმძღვანელებს ასეთი წინადადებით მიმართა – ამ თანხის ნაცვლად ოთხოთახიანი ბინა მიყიდეთო, მაგრამ უარი მიიღო. ასეთივე პასუხი მიიღო მანქანაზეც.

დინამოს ხელმძღვანელებმა ნემსაძეს უთხრეს, ჰომბურგთან კონტრაქტში რაღაც პრობლემებია, ჩვენ ადვოკატი დავიქირავეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაშიც დიდი თანხა დაიხარჯაო. ნემსაძე გაბრაზდა, აიღო ბილეთი, გერმანიაში გაემგზავრა და 18 ივლისს ჰომბურგში ჩავიდა. აღმოჩნდა, რომ მას არავითარი პრობლემა არ ჰქონდა ჰომბურგთან და 30 ივნისიდან თავისუფალი იყო.

შემდეგ, გერმანიაშივე, გიორგი ტრაბზონსპორის ხელმძღვანელობას შეხვდა და გულისტკივილით აუხსნა საქმის ვითარება. იმავე დღეს მიმართეს წინადადებით, ტრაბზონსპორში გადასულიყო და ბეშიქთაშთან საკონტროლო მატჩშიც ათამაშეს. ის თამაში 1:1 დამთავრდა, ნემსაძე ძლიერ მოეწონათ და მაშინვე შესთავაზეს 360-ათასდოლარიანი კონტრაქტი, ამ თანხას იგი ერთი წლის განმავლობაში მიიღებდა.

ამის შემდეგ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნემსაძის სატრანსფერო ფურცლის მოთხოვნა მოვიდა. ჩვენმა ფედერაციამ უპასუხა, ვერაფერს გავცემთ, რადგან 29 ივლისს დანიშნულია სატრანსფერო კომისიის სხდომა, რომელსაც მერაბ ჟორდანია უხელმძღვანელებსო.

დინამოს თქმით ნემსაძეა დამნაშავე, მას ან დისკვალიფიკაცია ელის ან ფულადი ჯარიმა. მერაბ ჟორდანია ამბობს, მან ჩვენს მიერ შეთავაზებულ თანხაზე ორმოცდაათი-სამოცი ათასით მეტი აიღოო. ჩემი აზრით ნემსაძემ მხოლოდ იზარალა თურქეთში წასვლით, რადგან დინამო, მათი თქმით, 360 ათასი დოლარის გარდა, მისთვის ბინას ყიდულობდა.

გიორგი 26 ივლისს დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. მე ვუპასუხე, რომ არ მაქვს ამის უფლება, რადგან ახლა მხოლოდ კალათბურთის დინამოს პრეზიდენტი ვარ-მეთქი. მან კი მითხრა, თუ დამეხმარები, მე, ჩემის მხრივ, საკალათბურთო დინამოს დავეხმარებიო. 27 ივლისს ნემსაძემ თურქეთიდან გამომიგზავნა მინდობილობა და სხვა საბუთები, რომლებიც უფლებას მაძლევდა მისი სახელით მემოქმედა.

29-ში სფფ-ს კომისიის სხდომა დაინიშნა, 30-ში კი უეფას თასზე განაცხადების წარდგენა მთავრდებოდა. ნოდარ ახალკაცს ყველა ოფიციალური დოკუმენტი წარვუდგინე ნემსაძის ტრანსფერის თაობაზე. იქვე ვნახე მერაბ ჟორდანიაც, რომელმაც მითხრა: ნემსაძეს ან აუკრძალავენ თამაშს, ანაც ინგლისში წავაო.

ახალკაცმა თქვა, ჟვანია ტრანსფერს მიიღებს, ოღონდ სხდომაზე ნუ შემოვაო. მე არ დავსწრებივარ სხდომას. ჩემი აზრით, სხდომაზე ახალკაცმა ჟორდანიას ჩემს მიერ წარდგენილი დოკუმენტები აჩვენა და მე და მერაბი გადაგვკიდა ერთმანეთს, ჩვენ კი ბავშვობიდან ძმაკაცები ვართ. ჩემსა და მერაბს შორის შეხლა-შემოხლაც კი მოხდა…

ამის შემდეგ, ოც წუთში, მივიღე ტრანსფერის ფურცელი და გავაგზავნე თურქეთში. რაც შეეხებათ ჯემალ ჩიმაკაძესა და ტყუპებს, შოთას „დანაშაული“ მხოლოდ ისაა, რომ იგი თარჯიმნის როლს ასრულებდა თურქებსა და ნემსაძის მოლაპარაკებისას, რაკი ამ უკანასკნელმა თურქული არ იცოდა…

შემდეგ მე ჩავედი ტრაბზონში და ავიღე დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც თუ ნემსაძე ერთი წლის შემდეგ კვლავ მოინდომებს ტრაბზონსპორში დარჩენას, მოლაპარაკებას მეც დავესწრები.

აი, ასე იყო ყველაფერი. მე მართალი ვარ დინამოსთან. და რაც ჩემზე დაწერეს, ჭორია. დინამოსთან უსიამოვნებები არ მინდა, მე მხოლოდ თავს ვიცავ.

რაც შეეხება ახალკაცთან ჩემს ურთიერთობას, ყველა ასე იტყვის – ჟვანია ახალკაცზე გადაკიდებულიაო. ალბათ გახსოვთ, უეფას მიერ ფედერაციაში გამოგზავნილ თანხებზე რომ ვედავებოდი. ჩემი დაჟინების შემდეგ დინამომაც მიიღო საკომპენსაციო თანხა და ბათუმმაც, განსაკუთრებით ამ უკანასკნელებს გაუხარდათ, პირდაპირ ციდან ჩამოგვივარდა ფულიო…

ახლა მეორე საკითხი: 1992 წელს, როდესაც გუნდის სათავეში დინამოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მოვიდა, შპს დინამო ჩამოაყალიბეს და მასში წილით შევიდნენ ფირმა ბერმუხა, დინამოს საბჭო და მერაბ ჟორდანია. ბუნებრივია, მოგებიდან ყველას ეკუთვნოდა წილი: ბერმუხას ოთხმოცი პროცენტი, დინამოს საბჭოს – ათი, მერაბ ჟორდანიასაც – ათი. ჩვენ დინამოს საბჭოს ამ ათ პროცენტს ვითხოვთ, საკალათბურთო დინამო რომ არ დაიღუპოს.

გეტყვით, რომ მარტო იმ ექვსი თვის მანძილზე, როცა სახელმწიფოს მეთაურმა დინამოს კომერციულ საქმიანობაში პრიორიტეტი მიანიჭა, სახელმწიფო ბიუჯეტმა თვრამეტი მილიონი დოლარი დაკარგა. მე წინააღმდეგი ვიყავი ამ დადგენილების მიღებისა, რადგან სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ უნდა ზარალდებოდეს.

ასე იყო თუ ისე, ის ათი პროცენტი დინამოს საბჭოს ჯერაც არ მიუღია. არადა, იღუპება კალათბურთელთა დინამო, ასეთი ტრადიციების გუნდი, ამ თანხით კი შეიძლება მისი გადარჩენა“.

ვაჟა ჟვანიას ამ პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიაში გაემგზავრა. იმ ზაფხულის მთავარი ქართული საფეხბურთო სკანდალი დროებით სანაკრებო შეკრებამ გადაფარა…

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 30 ოქტომბერი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2025 წლის 30 ოქტომბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian