ხვიჩა, კვლავ ნომერ პირველი!

ჩვენმა პროფესიულმა კავშირმა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, 2025 წლის შედეგები შეაჯამა და დღეს რჩეულები დაასახელა. ყველაზე მეტი ჯილდო ძიუდოისტებს ერგოთ: საუკეთესო ქალთა შორის – ყველაფრის მომგები ეთერ ლიპარტელიანი; გუნდი – შერეული ნაკრები, მსოფლიო პირველობის ტრიუმფატორი; წლის მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი; საუკეთესო ფედერაცია – ძიუდოს ეროვნული ფედერაცია… ვაჟ პარასპორტსმენადაც ძიუდოისტი ვაღიარეთ – გიორგი ქალდანი.

მათი ტრიუმფი მოსალოდნელი იყო. ძიუდოისტებს მართლაც ყველაზე წარმატებული წელი ჰქონდათ, ისევე როგორც პარასპორტსმენ ქალთა შორის გამარჯვებულს, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილს და წლის ახალგაზრდად აღიარებულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, მსოფლიოს ჩემპიონ ვახტანგ ლოლუას.

რაც შეეხება ნომერ პირველ ვაჟ ათლეტს, ამ საპატიო წოდების მთავარ კანდიდატებად ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და ხვიჩა კვარაცხელია ითვლებოდნენ.

2025 წელი ბაზაძისთვის დიდებულად დასრულდა. ის მეოთხე ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო, მაგრამ პირველი, რომელმაც ამ წარმატებას პირად პირველობაში მიაღწია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს სახელით.

სანდრომდე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ გურამ კოსტავა (დაშნა; 1961 და 1967), ნუგზარ ასათიანი (ხმალი; 1965) და ვლადიმერ აფციაური (რაპირა; 1982), თუმცა თითოეული მათგანი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში დაეუფლა ოქროს მედალს.

ამ ტრიუმფისთვის სანდრო ჯერ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად, შემდეგ კი სპორტის სამინისტრომ.

მე კი მიმაჩნდა, რომ 2025 წლის შედეგებით საქართველოს საუკეთესო ვაჟი ათლეტის ტიტულს ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებდა. იმიტომ, რომ განვლილ თორმეტ თვეში ხვიჩა საფრანგეთის ლიგა 1-ის და იტალიის სერია ა-ს ჩემპიონი გახდა; დაეუფლა საფრანგეთის თასს; აღმართა ჩემპიონთა თასი; მოიგო ევროპის სუპერთასი; წლის ბოლოს საკონტინენტთაშორისო თასიც ჩაიბარა, ზაფხულში კი ფიფას მიერ პირველად ორგანიზებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. არც მეტი, არც ნაკლები – ექვსი ტიტული ერთ წელიწადში!

იმასაც შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ, პირველმა ქართველთა შორის, ჯერ ჩემპიონთა ლიგის, შემდეგ კი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გაიტანა გოლი. როგორია? ამას გარდა, ეროვნული გუნდის კაპიტნად აირჩიეს, ეს ფაქტიც ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. ასევე, პარიზელთა მარცხენა გარემარბი რამდენჯერმე დასახელდა ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო საქართველოს წლის ფეხბურთელად ჯერ ჟურნალისტებმა ავირჩიეთ, შემდეგ კი ფედერაციამ.

ასეთი წარმატებული და ტიტულებით დახუნძლული წელიწადი არათუ რომელიმე ფეხბურთელს, ნებისმიერი სხვა სახეობის წარმომადგენელსაც არ ჰქონია. ხვიჩას რომ ერთი ან ორი პრიზი მოეგო, კიდევ ჰო, ფეხბურთელებისგან გვახსოვს ასეთი რამ, მაგრამ ექვსი ჯილდო და მათ შორის სამი უმაღლესი საერთაშორისო თასი? არნახული ამბავია!

ყოველივეს გათვალისწინებით ძალიან გამიკვირდა, როცა დეკემბერში, ჯერ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, შემდეგ კი სპორტის სამინისტროს წლის შემაჯამებელ საღამოებზე ხვიჩა პრიზის გარეშე დარჩა. მაინცა და მაინც წლის სპორტსმენისთვის განკუთვნილ თასებს არ ვგულისხმობ, სიმბოლური ჯილდო მაქვს მხედველობაში, პირობითად „წლის ლეგიონერად“ აღიარება ან რაიმე მსგავსი. ამით იმ ლამაზ ცერემონიებს არაფერი დააკლდებოდა, მაგრამ ორივე საღამომ ყველაზე წარმატებული ფეხბურთელის ხსენების გარეშე ჩაიარა და ამან, დასამალი რაა, გამაკვირვა და გული დამწყვიტა.

ჩვენი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმი რომ დაიწყო, ვიფიქრე, ვაითუ ჩვენ, მე და ჩემმა კოლეგებმაც სათანადოდ არ დავაფასოთ ეს ოქროს ბიჭი-მეთქი, მაგრამ დაითვალეს გამოკითხვის შედეგები და აღმოჩნდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ის იმსახურებდა 2025 წლის საუკეთესო ვაჟი სპორტსმენის წოდებას, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში, პარიზული კლუბი კი, თავის მხრივ, უკონკურენტო გახლდათ მსოფლიოში.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ხვიჩას საქართველოს სახელით არაფერი მოუგია. კი ბატონო, ასეა: ის ფრანგული კლუბის ფეხბურთელის რანგში დაეუფლა ტიტულებს. იმ ექვსი ტრიუმფის აღსანიშნავად, არც საქართველოს დროშა აღუმართავთ და არც ჰიმნი დაუკრავთ. და რა მერე? კვარაცხელია ნებისმიერ უცხოურ კლუბში, ნაპოლი იყო ეს თუ პარი სენ-ჟერმენია ახლა, ცხადია ქართველი შემტევია და პირადად ჩემთვის ბევრი არაფერია სპორტში იმაზე ლამაზი სანახავი, ვიდრე საქართველოს დროშამოხვეული ბიჭის მიერ ჩახუტებული ჩემპიონთა თასია. რაც ხვიჩას ნაპოლიში გადასვლის პირველი დღიდან სიხარული მოუნიჭებია, იმას ვერაფერს შევადარებ!

მეოთხე წელიწადია ასეთი კაცი გვყავს მსოფლიო სარბიელზე, ძალიან წარმატებული და ფენომენალური ნიჭის მქონე ბიჭი. ჰოდა, სანამ დრო გვაქვს, ვისიამოვნოთ მისი ფეხბურთით და გოლებით, მასთან ერთად გავიხაროთ თასებით და როცა დაიმსახურებს, ვაღიაროთ და პრიზიც ჩავახუტოთ. ნამდვილად არაა ლამაზი ასეთი წელიწადის შემდეგ სპორტსმენის უყურადღებოდ დატოვება.

მიხარია, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ყველაფერი ზუსტად შეაფასა. ჩვენმა ერთსულოვნებამ ძალიან გამახარა და ეს პატარა ტექსტიც ამიტომ დავწერე.

P.S. ხვიჩა კვარაცხელიამ მეორედ მოიგო საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის წოდება, პირველად 2023 წელს. ის პირველი ფეხბურთელია, რომელიც მეორედ გახდა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რჩეული. სსჟა-ს პირველ, 1964 წლის რეფერენდუმში სლავა მეტრეველმა გაიმარჯვა, 1967 წელს მურთაზ ხურცილავამ, 1981 წელს რამაზ შენგელიამ, ხოლო 2024 წელს გიორგი მამარდაშვილმა.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 31 იანვარი

ka_GEGeorgian