ეროვნული ნაკრების ისტორია: პოლონეთი 4:1 საქართველო

1997 წლის ზაფხული პირველ რიგში საფრანგეთში გამართული ოთხთა ტურნირით მახსენდება. ფრანგები მსოფლიო ჩემპიონატის მისაღებად ემზადებოდნენ, სათანადო გამოცდილებისთვის კი ივნისის დასაწყისში სამ დიდებულ ნაკრებს უმასპინძლეს – მსოფლიოს ჩემპიონ ბრაზილიას, ვიცე-ჩემპიონ იტალიას და ინგლისს. ბოლო ორი გუნდი ჩვენი ეროვნული ნაკრების მეტოქე იყო საფრანგეთი 1998-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რის გამოც სარბიელი დაწვრილებით აშუქებდა იმ შეჯიბრებას, თამაშების შესახებ მე ვწერდი.

დაუვიწყარი მატჩები ვიხილეთ, ყველა თამაში ჩინებული გამოდგა, განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი ბრაზილია-იტალიის ჭიდილი დამამახსოვრდა, რომელიც 3:3 დასრულდა. მანამდე, მასპინძლებთან შეხვედრაში, რობერტო კარლოსმა „ხმელი ფოთოლიც“ გაგვახსენა – საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაუტანა ფაბიენ ბარტეზს.

იმ ტურნირზე სხვა დროს იყოს, ამ ჩანახატში კი კვლავ ქართულ ფეხბურთს მივუბრუნდები. ოთხთა ტურნირის დღეებში დავით ყიფიანის გუნდმა ორჯერ ითამაშა: ჯერ მოლდოვას დაუხვდა ბათუმში, შემდეგ კი პოლონეთში ჩავიდა.

7 ივნისს, მოლდოვის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ყიფიანმა ფეხბურთელები ორი დღით დაითხოვა და შეკრება 11 ივნისს, ვარშავაში გამგზავრების წინა დღეს განაახლა. იმ დროისთვის ვიცოდით, რომ პოლონელები ქართველებს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაუხვდებოდნენ. 31 მაისს გუნდი ხოჟუვში 0:2 დამარცხდა ინგლისის ნაკრებთან (ალან შირერი, ტედი შერინგემი). იმ მატჩიდან ერთი კვირის თავზე შეკრებილმა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გუნდის თავკაცს ანტონი პიეხნიჩეკს კარისკენ მიუთითა.

დავით კაკაბაძე, რომელიც პრაღაში რადიო თავისუფლებაში მუშაობდა და სარბიელს საინტერესო რეპორტაჟებს აწვდიდა, პოლონელ სპეციალისტს დაუკავშირდა. პიეხნიჩეკმა თქვა:

„ჩემთვის ქართველებთან მატჩს აღარ ენიჭება ის მნიშვნელობა, რაც გუშინ და გუშინწინ ჰქონდა, რადგან კვირის, ანუ 8 ივნისის შემდეგ ნაკრების მწვრთნელი აღარ ვარ. ცხადია, როგორც ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და პოლონელი, ეროვნული გუნდის მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ვიქნები…

ინგლისთან წაგების შემდეგ შევხვდი ფედერაციის პრეზიდიუმს, რომელშიც სამოცამდე კაცი იქნებოდა. მათგან მტრობა ან ანტიპათია არ მიგრძვნია, პირიქით, მამხნევებდნენ კიდეც. მაგრამ შინაგანმა ხმამ მიკარნახა და გადავწყვიტე წავსულიყავი, მემკვიდრისთვის ადგილი დროზე დამეთმო, რადგან ასეთ დაძაბულ ატმოსფეროში, გუნდის გარშემო რომ შეიქმნა, კიდევ ორი წელი ვერ ვიმუშავებდი…

არ ვიცი ვინ იქნება ჩემი მემკვიდრე, საქართველოსთან კი გუნდს ჩემი ყოფილი თანაშემწე და მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი კშიშტოფ პავლაკი გაიყვანს…

საქართველო ძალიან საინტერესო, ანგარიშგასაწევი და სახიფათო გუნდია, თანაც, როგორც ჩანს, ბოლო ხანს იბრუნებს იმ ავტორიტეტს, რომელიც უწინ ქართულ ფეხბურთს ჰქონდა“.

მთავარი მწვრთნელის დათხოვნას ფეხბურთელთა განდგომაც მოჰყვა. პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას ინგლისთან საშინაო მარცხით გამოეთიშა და არაერთმა ლეგიონერმაც საქართველოსთან ასპარეზობას შვებულების გახანგრძლივება არჩია: ტომაშ ვალდოხმა და ჰენრიკ ბალუშინსკიმ (ორივე ბოხუმი, გერმანია), ანჯეი ვოზნიაკმა (პორტუ, პორტუგალია), მარეკ იოზვიაკმა (გენგამი, საფრანგეთი), პაველ ვოიტალამ (ჰამბურგი, გერმანია), ნაკრების კაპიტანმა პიოტრ ნოვაკმა (მიუნხენ 1860, გერმანია), პიოტრ სვიერჩევსკიმ (ბასტია, საფრანგეთი), ანჯეი იუსკოვიაკმა (მიონხენგლადბახის ბორუსია, გერმანია), ვოიცეხ კოვალჩიკმა (სევილიის ბეტისი, ესპანეთი) და კრშიშტოფ ვარჟიხამ (ათენის პანათინაიკოსი, საბერძნეთი) შეკრება დატოვეს.

მეტოქის ბანაკიდან გავრცელებულ ამბებს დავით ყიფიანიც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ანტონი პიეხნიჩეკის გუნდიდან წასვლა საქართველოსთვის კარგიც არის და პირიქით, შესაძლოა, ცუდიც გამოდგეს:

„თამაშის წინ ასეთ ამბავს, წესით, გუნდში დეზორგანიზაცია შეაქვს, მაგრამ აქ მეორე მომენტიც არის: ახალი მწვრთნელი ახალ ფეხბურთელებს დაუძახებს, თავის გამოჩენის შანსს მისცემს და ისინიც თავს არ დაზოგავენ. პოლონეთი ისედაც ხისტად მოთამაშე გუნდია და თუ ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, თამაში მეტად მძიმე უნდა გამოდგეს. ახალი მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც ყველაფერს გააკეთებენ ნაკრებში დასამკვიდრებლად, ნებისმიერ ღონეს იხმარენ“.

ყიფიანის მოლოდინი, სამწუხაროდ, ახდა, თუმცა სანამ უშუალოდ თამაშის მთავარ მომენტებს შეგახსენებთ, სხვა ამბებზე დავწერ: ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები პოლონეთში 12 ივნისს გაემგზავრნენ. მურთაზ შელიას ნაცვლად, ვინც ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, ნაკრებს დისკვალიფიკაციამოხდილი კახი კალაძე დაემატა, გიორგი დემეტრაძე კი ვლადიმერ გუცაევის განკარგულებაში გადავიდა.

13 ივნისს, ქალაქ ვლოძისლავის პატარა სტადიონ ოდრაზე ახალგაზრდებმა ითამაშეს. საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით დაიწყო მატჩი: კარში დავით გვარამაძე ჩადგა, დაცვა ლევან სილაგაძემ, მამუკა წერეთელმა, გუნდის კაპიტანმა გივი დიდავამ და შალვა ხუჯაძემ გაამაგრეს, ნახევარდაცვაში ლევან ქებაძე, დავით ჩალაძე და ალეკო გოგობერიშვილი ვიხილეთ, შეტევაში კი გიორგი დემეტრაძის, მიხეილ ფოცხვერიას და ალექსანდრე იაშვილის სამეული.

პირველი ტაიმი პოლონელებმა დანიელ დუბიცკის გოლით მოიგეს, თუმცა დემეტრაძის ნაცვლად მოედანზე შესულმა მიხეილ აშვეთიამ 67-ე და 74-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და გუცაევის ბიჭებიც დაწინაურდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება ვერ იზეიმეს, რადგან მიროსლავ შიმკოვიაკმა 84-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში – 2:2.

იმავე საღამოს პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კშიშტოფ პავლაკის პრესკონფერენცია გაიმართა. მან თქვა:

„ანტონი პიეხნიჩეკის თამაშემწედ ერთ წელიწადს ვიმუშავე. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ მის მხარდამხარ გატარებული პერიოდი ჩემთვის დიდი სიამოვნებაც იყო და უზარმაზარი სკოლაც…

ნაკრებს რაც შეეხება, რაიმე სერიოზული ცვლილების შეტანას არ ვგეგმავ. გზა, რომელიც პიეხნიჩეკმა ჩვენთან, მის თანაშემწეებთან ერთად აირჩია, სწორად მიმაჩნია…

გამორიცხული არ არის ქართველებთან მატჩი ჩემთვის, როგორც ნაკრების ხელმძღვანელისთვის, ერთადერთი გამოდგეს. თავის დროზე, როცა პიეხნიჩეკის ასისტენტობა შემომთავაზეს, საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ ის გუნდს დატოვებდა, მეც გავყვებოდი. მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელებმა და, რაც მთავარია, თავად პიეხნიჩეკმა, ძალიან მთხოვეს, თუნდაც დროებით გავძღოლოდი გუნდს. მათ დამარწმუნეს, რომ შექმნილ ვითარებაში ეს ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა…

ქართველებმა ფეხბურთის თამაში რომ იციან, ეს უემბლიზეც დაამტკიცეს. წაგების მიუხედავად, მათ ტოლი არ დაუდეს ინგლისელებს და საგოლე მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინათ, მატჩი სხვა შედეგით დასრულდებოდა“.

14 ივნისს, თამაშის დღეს, გულშემატკივრებმა სასიამოვნო ინფორმაცია შეიტყვეს: ქართულმა ტელევიზიამ, ამჯერად პირველმა არხმა, ტრანსლაციის უფლება შეიძინა და ქომაგებსაც ნაკრების ზედიზედ მეორე საგარეო შეხვედრის პირდაპირ ეთერში ხილვის საშუალება მიეცათ. ტელევიზიის მესვეურებმა მატჩის გაძღოლა კოტე მახარაძეს ანდეს, ვინც ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს დროით 23:30 საათზე პირველმა არხმა რეპორტაჟი დაიწყო. მასპინძლებმა წითელი ფორმით ითამაშეს, ქართველებმა კი თეთრი მაისურებით, შორტებით და გეტრებით.

დავით ყიფიანმა ასეთი განლაგება აირჩია: კარი ირაკლი ზოიძეს ანდო, დაცვაში ნუგზარ ლობჟანიძე, კახი კალაძე და ლევან კობიაშვილი გაამწესა, ხოლო მათ უკან გუნდის კაპიტანი კახი ცხადაძე. საყრდენად გიორგი ნემსაძე ვიხილეთ, ფლანგებზე კახი გოგიჩაიშვილი და სარბიელის მიერ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე და გოჩა ჯამარაული კი ერთადერთი ფორვარდის, შოთა არველაძის უკან დადგნენ.

რაც შეეხებათ პოლონელებს, მათ შორის ყველაზე გამოცდილი კატოვიცეს გკს-ში მოთამაშე ადამ ლედვონი და ბელგიის გენკის ნახევარმცველი კრშიშტოფ ბუკალსკი იყვნენ, რომლებმაც იმ დღეს მხოლოდ მეთორმეტედ იასპარეზეს ნაკრებში. ძირითადი შემადგენლობის ხუთ წევრს ათი სანაკრებო მატჩიც არ ჰქონდა…

ქართველებმა კარგად დაიწყეს, თამამად ათამაშებდნენ ბურთს და უტევდნენ, 24-ე წუთზე კი გოლიც გაიტანეს: პოლონელებმა ცენტრში დაკარგეს ბურთი, ნუგზარ ლობჟანიძემ წაიწია და დაახლოებით ცენტრალურ წრესთან მისულმა შოთა არველაძე მოძებნა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან იოლად შეიჭრა საჯარიმოში და, მიუხედავად იმისა, რომ მცველი გადაეღობა, უძლიერესად დაარტყა. ვარშავის ლეგიის ოცდაერთი წლის მეკარე გრჟეგოჟ შამოტულსკი შეცდა, ბურთი ვერ მოიგერია – 0:1.

დაწინაურების შემდეგ ისე ჩანდა, თითქოს ქართველები უპირატესობას გაზრდიდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, მასპინძლებმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს!

ანგარიში 33-ე წუთზე გათანაბრდა, ორ წუთში კი პოლონელები დაწინაურდნენ კიდეც. პირველი ზუსტი დარტყმა, ლედვონის გოლი, გოგიჩაიშვილის და დაცვის უხეშ შეცდომას მოჰყვა. თბილისის დინამოელმა მარჯვენა ფრთაზე დაკარგა ბურთი, პოლონელებმა ორი პასით ზოიძესთან პირისპირ გაიყვანეს ნახევარმცველი, რომელმაც დიდებულად ისარგებლა მცველთა უყურადღებობით, მოშიშვლებული მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში და ძლიერი, ზუსტი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 1:1. იმ ეპიზოდში ლევან კობიაშვილმა დაცვაში დაბრუნება დაიგვიანა.

რაც შეეხება მიროსლავ ტრჟეჩიაკის მეორე გოლს, დავით კაკაბაძემ თამაშის მიმოხილვაში აღნიშნა:

„ნემსაძემ თანაგუნდელის ნაცვლად ბურთი მიხალსკის მიაწოდა, მან კი კარგად შენიშნა მარცხენა ფლანგზე გაჭრილი დემბინსკი. ამ უკანასკნელმა ჩაწოდება სცადა, მაგრამ ბურთი ხელზე მოხვდა ლობჟანიძეს და ისევ პოლონელს დაუბრუნდა. დემბინსკიმ კიდევ ერთხელ ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც კალაძესა და ცხადაძეს სრულიად უყურადღებოდ ჰყავდათ მიტოვებული ბუკალსკი. მასპინძელთა ნახევარმცველმა ასევე ეულად დარჩენილი ტრჟეჩიაკი მონახა, მან კი აუღელვებლად შეაგორა ბურთი შორეულ კუთხეში.

ასეთი გოლები მხოლოდ ვარჯიშის დროს თუ მინახავს, როცა გუნდი თავდასხმაში ახალ კომბინაციას ამუშავებს და მცველები მხოლოდ და მხოლოდ სტატისტების ფუნქციას ასრულებენ. ზემოაღწერილი სცენის შემდეგ ასეთმა ფიქრმა გამიელვა: ჩვენი მცველების ნაცვლად საჯარიმოში მუყაოს მანეკენები ან სულაც ბოძები რომ განეთავსებინათ, პოლონელები ასე ძლიერ ვერ გაილაღებდნენ, რადგან ის მანეკენები თუ ბოძები პოზიციურად მაინც იქნებოდა სწორად განლაგებული“.

შესვენებაზე ყიფიანმა გოგიჩაიშვილი და ჯამარაული შეცვალა. პირველის ნაცვლად მისივე თანაკლუბელი გიორგი კიკნაძე ჩაერთო თამაშში, გოჩას მაგიერ კი არჩილ არველაძე ვიხილეთ. სამწუხაროდ, მათი გამოჩენით ნაკრების თამაში ვერ გამოსწორდა, ზოიძის კარში კი კიდევ ორი გოლი გავიდა:

74-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. კობიაშვილი და ლედვონი ერთად შეიჭრნენ საჯარიმოში, ლევანმა ბურთი ფეხით დაფარა, პოლონელმა მარჯვენა მოიქნია და ქართველს წვივში მოარტყა, შემდეგ ეფექტურად დავარდა, ავსტრიელმა არბიტრმა გიუნტერ ბენკომ კი პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. ზოიძე კრშიშტოფ ბუკალსკის დარტყმის მიმართულებას კი მიუხვდა, მაგრამ ბურთი ვერ მოიგერია – 3:1.

91-ე წუთზე ჩვენმა დაცვამ კიდევ ერთხელ ითამაშა უთავბოლოდ, რასაც კრშიშტოფ ნოვაკის გოლი მოჰყვა – 4:1.

„კუხარსკიმ მარჯვნიდან მიაწოდა ბურთი შორეულ ძელთან მარტოდ მყოფ ნოვაკს, მან კი მიწაზე დაუშვებლად 4:1-მდე გაზარდა ანგარიში. ნოვაკისთვის ხელის შეშლა არავის უცდია, მეტიც, თუ თვალმა არ მომატყუა, მის გარშემო ექვსი-შვიდი მეტრის რადიუსში ზოიძის გარდა არცერთი ქართველი არ იმყოფებოდა“! – წერდა დავით კაკაბაძე კატოვიცედან გამოგზავნილ რეპორტაჟში.

პოლონელთა თავკაცმა პრესკონფერენციაზე თქვა, ჩვენ ფეხბურთში არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ზოგიერთი ჟურნალისტი გვიხატავსო. პავლაკს ერთ-ერთმა კორესპონდენტმა მიმართა, სირცხვილი არ არის ასეთ უსუსურ გუნდთან გამარჯვებას ამხელა მნიშვნელობას რომ ანიჭებთო, რაზეც მწვრთნელმა მიუგო, სუსტი გუნდი კია, მაგრამ 4:1 მოვიგეთ და მეტი რა უნდა გვექნაო.

რაც შეეხება დავით ყიფიანს, მან თქვა, რომ პირველი გაშვებული გოლის მერე დაცვაში პრობლემები გაგვიჩნდა, ურთიერთდაზღვევა დაირღვა და ფეხბურთელები დაიბნენო, შემდეგ კითხვას კი, თუ ვინ იყო პოლონეთის ნაკრებიდან ყველაზე სახიფათო მოთამაშე, დაუფიქრებლად, ირონიით უპასუხა: საქართველოს ნაკრები.

კატოვიცე, ილუზიების სასაფლაო – ასე დაასათაურა სარბიელმა პირველ გვერდზე გატანილი სარედაქციო წერილი, სადაც ნათქვამი იყო:

„ჩვენ ვართ მსოფლიო რეიტინგში ასმერამდენიმეღაცე ადგილზე მყოფი გუნდი, რომლის მეპატრონეებიც ამ მერამდენიმეღაცე ადგილს ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხსნიან, თუმცა ჩვენ წინ მდგომ ზაირსა, კონგოში თუ ლიბერიაში, დედა შვილს რომ არ აიყვანს, ისეთი მდგომარეობაა;

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებმა წერა არ იციან, ეროვნულმა გუნდმა კი თამაში იცის, მაგრამ მაინც ყველაფერს აგებს;

ჩვენ ვართ შემტევი ფეხბურთით მსოფლიოში, შეიძლება მხოლოდ ევროპაში, ბოლო-ბოლო ესენგეში მაინც, სახელგანთქმული ქვეყანა, რომლის ეროვნული გუნდიც ყოველთვის – შინ მოლდოვასთან თუ სტუმრად იტალიასთან – ერთი თავდამსხმელით თამაშობს, თან ისიც მოედნის ცენტრთან დარბის საწყალი, ეგებ ბურთი მოვიპოვოო.

არიან ქვეყნები, რომელთაც, გარკვეულ მიზეზთა გამო, არ ჰყავთ ძლიერი საფეხბურთო კლუბები, მაგრამ ჰყავთ ძლიერი ნაკრებები.

არიან ქვეყნები, თუმცა უფრო იშვიათად, რომელთაც ძლიერი კლუბები ჰყავთ, მაგრამ, აქაც გარკვეულ მიზეზთა გამო, არ ჰყავთ ძლიერი ნაკრები.

ჩვენ არ გვყავს არც კლუბები (გარკვეულწილად ობიექტურ მიზეზთა გამო) და არც ნაკრები“.

კატოვიცეში გამართულ მატჩს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე მალდინიც დაესწრო. საფრანგეთის ის მშვენიერი ოთხთა ტურნირი, რომლითაც დავიწყე ეს წერილი, მისმა გუნდმა ბოლო ადგილზე დაასრულა – იტალიამ ინგლისთან 0:2 წაგების შემდეგ ჯერ ბრაზილიასთან გაიყო ქულები – 3:3, შემდეგ საფრანგეთთან – 2:2. მალდინის სკუადრა აძურას მომდევნო მატჩი თბილისში ელოდა, 10 სექტემბერს და გამოცდილი სპეციალისტიც ამიტომ ეწვია კატოვიცეს, სურდა საქმეში ეხილა მომავალი მეტოქე.

დავით კაკაბაძე მრავლისმნახველ იტალიელს თამაშის შემდეგ გაესაუბრა:

„პირველ გაშვებულ გოლამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. გოლის მერე კი თქვენი გუნდის ცნობა შეუძლებელი იყო. საქართველოს ნაკრების ასეთი სუსტი თამაში ჩემთვის ძალიან მოულოდნელია…

ანგარიშის მიუხედავად, კატოვიცეში ტყუილად არ ჩამოვსულვარ. ახლა ჩვენი ყურადღება მთლიანად საქართველოს ნაკრებთან მატჩზე გვაქვს გადატანილი და ეს ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იყო. მომავალი შეხვედრა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.

პოლონური რეპორტაჟი სარბიელის კორესპონდენტმა ასე დაასრულა: „ბატონმა ჩეზარემ მატჩის დროს გაკეთებული ჩანაწერებით სავსე სქელტანიანი რვეული მიჩვენა და კიდევ ერთხელ გაიმეორა: იმპორტანტისიმო“!

იმ ზაფხულს ჩვენ ფეხბურთში ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა, თუმცა ყველაფერი გადაფარა ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებსა და ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრს შორის დაწყებულმა კონფლიქტმა, რომელიც კატოვიცეში 1:4 წაგებული შესარჩევი თამაშის გაგრძელება გამოდგა.

პოლონეთში წაგებული მატჩიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, 1997 წლის 8 აგვისტოს, ზუსტად 21:06 საათზე, საინფორმაციო სააგენტო როიტერმა ასეთი ცნობა გაავრცელა:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა უარყო ოთხი ფეხბურთელის არაპატრიოტობის და თვითმფრინავში მოწყობილი ღრეობის გამო მათი ნაკრებიდან ჩამოშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია ოთხი ფეხბურთელის ნაკრებიდან დათხოვნის თაობაზე – განუცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა როიტერის სააგენტოს.

მისმა მოადგილემ ნოდარ ანდრიაძემ ოთხშაბათს, 6 აგვისტოს, გაავრცელა ცნობა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაევალა კახი ცხადაძის, გოჩა ჯამარაულის, გიორგი ნემსაძის და მიხეილ ყაველაშვილის გუნდიდან გაშვება.

ახალკაცი იმ დღეებში საავადმყოფოში იყო და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რატომ გაჩნდა ორი განსხვავებული აზრი.

ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში პოლონეთთან 1:4 წაგების შემდეგ, ოთხ ფეხბურთელს ბრალად დასდო ბევრი ფულის მოთხოვნა და თვითმფრინავში ღრეობის მოწყობა.

„მათ იმდენი ფული მოითხოვეს, რომ არ იმსახურებდნენ. ამასთანავე, პოლონეთიდან მომავლებმა თვითმფრინავში ღრეობა მოაწყვეს“, – განუცხადა ანდრიაძემ როიტერს.

ფეხბურთელების კომენტარის მიღება ამ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა“.

როიტერის ეს განცხადება მეორე დღეს, 9 აგვისტოს, სარბიელის მეოთხე გვერდზე გამოქვეყნდა. იქვე დაიბეჭდა ინტერვიუები იმ ამბის მთავარ მოქმედ პირებთან, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნოდარ ანდრიაძესთან და ერთ-ერთ შერისხულთან, კახი ცხადაძესთან. ამასთანავე, გამოქვეყნდა ცხადაძის, ნემსაძის, ყაველაშვილის და ჯამარაულის ოფიციალური განცხადებაც.

ეროვნული გუნდის კაპიტანს ჟურნალისტმა ვახტანგ ბზიკაძემ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. სამართლიანობისთის უნდა აღვნიშნო, რომ საუბრის პირველი ნაწილი გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა ასეთი სათაურით: სკანდალი #2: ფედერაციაში ან გოიმები სხედან ან დამნაშავენი – ამბობს კახი ცხადაძე.

იმ ინტერვიუს წინასიტყვაობაში ინგლისურ გაზეთ სანში ცხადაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული არცთუ სასიამოვნო სათაურიცაა ნახსენები – This boy is a glass act (ეს ბიჭი ლოთი ყოფილა).

რატომ ცხადაძე და რატომ ინგლისური გამოცემა? საქმე ისაა, რომ კახის, რომელიც იმ დროს ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიაში თამაშობდა, ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედი იწვევდა.

ვახტანგ ბზიკაძესთან ინტერვიუმდე ორი დღით ადრე ცხადაძე ინგლისის დედაქალაქშიც იმყოფებოდა და ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები მოინახულა, მათ შორის მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი. ფეხბურთელის თქმით, ის ინგლისელებს 16 აგვისტოს კიდევ ერთ შეხვედრაზე მოელაპარაკა, რომელსაც ვლადიკავკაზური კლუბის პრეზიდენტიც დაესწრებოდა და სადაც ტრანსფერის ყველა საჭირო დოკუმენტი გაფორმდებოდა.

„ჩემგან დიდი მადლობა გადაეცით ანდრიაძეს და მთელ ფედერაციას, თუ ვესტ ჰემში სწორედ ამის გამო ვერ გადავალ“, – უთხრა ცხადაძემ სარბიელის ჟურნალისტს.

მალე რუსულმა სპორტულმა გაზეთმა სპორტ-ექსპრესმა ნოდარ ანდრიაძის განცხადება გაავრცელა, სადაც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნაკრების კაპიტანი და მისი რამდენიმე თანაგუნდელი არასპორტულ და არაეთიკურ საქციელში დაადანაშაულა.

„რას წარმოადგენს ანდრიაძე ქართულ ფეხბურთში? ჩემი აზრით, ნოლია. ვთვლი, რომ ქართული ფეხბურთის მშენებლობისთვის ერთი აგური მაინც დამიდვია. შესაძლოა, ანდრიაძეს ჩემზე მეტიც გაუკეთებია, მაგრამ რატომ უნდა გადაწყვიტოს მისმა ნათქვამმა ჩემი ბედი?

ნუთუ არ შერცხვა, ლოთობა რომ დამაბრალა? რამდენი კლუბი შემომივლია, თუ რომელიმე მეტყვის, რომ ოდესმე რეჟიმი დამირღვევია, ან ცხოვრებაში ერთხელ მაინც მთვრალი ვუნახივარ, თამაშს თავს დავანებებ.

ანდა, შეიძლება არაპატრიოტობა დასწამო ისეთ კაცს, ვინც 1994 წელს ნაკრებს ნიგერიაში წასასვლელი ფორმის ორი კომპლექტი და ბურთები ჩამოუტანა? კაცს, რომელსაც დინამო პრობლემის გაჩენისთანავე ურეკავდა? კაცს, რომელიც ამას საკუთარი ხარჯებით აკეთებდა? არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მაიძულებენ. სათქმელი სხვაც ბევრია და რაკი აქეთ შემოგვიტიეს, აღარაფერს დავმალავ“, – ასე იწყებოდა კახი ცხადაძის ხსენებული ინტერვიუ, სადაც კაპიტანმა პოლონეთთან თამაშის შემდგომი ამბებიც გაიხსენა, ასევე სხვა, სფფ-ის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული ადრინდელი უსიამოვნებები.

სანამ ნოდარ ანდრიაძის პასუხზე გადავალ, კახი ცხადაძის, გიორგი ნემსაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გოჩა ჯამარაულის განცხადებას შემოგთავაზებთ, რომელიც ოთხეულის თხოვნით ლამის ყველა სპორტულ გამოცემაში დაიბეჭდა:

„ქართულ პრესაში, შემდეგ კი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ნოდარ ანდრიაძის გამონათქვამი, რომელშიც ჩვენ – გიორგი ნემსაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, კახი ცხადაძეს და გოჩა ჯამარაულს გვბრალდება არასპორტული და არაეთიკური საქციელი.

მისი სიტყვებით 14 ივნისს, პოლონეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ, ვარშავიდან თბილისში მგზავრობისას, ჩვენ ვიმყოფებოდით არაფხიზელ მდგომარეობაში და ვითომცდა, ეს არ იყო ჩვენი მხრიდან რეჟიმის დარღვევის პირველი შემთხვევა;

რომ თითქოს ნაკრებში თამაშისთვის ვითხოვთ ზღაპრულ ჰონორარებს, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, თურმე გამოგვეცხადა სამუდამო დისკვალიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარასოდეს მიგვიწვევენ ეროვნულ ნაკრებში.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ამგვარი განცხადების შინაარსი სრულიად არ შეეფერება სიმართლეს და ბუნებრივია, შეურაცხმყოფელია თითოეული ჩვენგანისთვის.

მართალია გიორგი ნემსაძესთან და კახი ცხადაძესთან პირად სატელეფონო საუბრებში ბატონმა ნოდარ ანდრიაძემ უარყო ამ ცილისმწამებლური ბრალდების ავტორობა, მაგრამ რაკი ეს ცრუ ინფორმაცია უკვე გავრცელდა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მოვითხოვთ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით“.

სარბიელი ნოდარ ანდრიაძესაც დაუკავშირდა. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერვიუს დიქტოფონით ჩაწერა იუარა, თუმცა ფურცლებზე გადატანილი საუბრის სიმართლე ჟურნალისტებს ხელმოწერით დაუდასტურა. 9 აგვისტოს სარბიელმა ანდრიაძის ტექსტი ყოველგვარი სტილისტური ჩარევის გარეშე დაბეჭდა:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია

1.აღმასკომმა განიხილა პოლონეთ-საქართველოს მატჩის შედეგი და ეროვნული ნაკრების გამოსვლა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

2.ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას დაევალა მომდევნო აღმასკომზე წარმოედგინა იმ ფეხბურთელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც დაარღვიეს სპორტული რეჟიმი, ზნეობრივი და მორალური ნორმები (თვითმფრინავში მომხდარი ფაქტის გამო). სამწუხაროდ, ნაკრების ხელმძღვანელობას დღემდე არ წარმოუდგენია შესაბამისი მოხსენებითი ბარათი, რაც ქალაქ ქუთაისში ამა წლის 4 აგვისტოს გამართულ აღმასკომის სხდომაზე იქნა აღნიშნული, და კიდევ ერთხელ დაევალა აღმასკომის მდივანს (ზვიად დარასელი), მოითხოვოს ზემოთ აღნიშნული დადგენილების შესრულება.

როიტერის შესახებ

1.არავითარი საუბარი ჩემსა და ყიფიანს შორის, დასახელებული ფეხბურთელების შესახებ, არ ყოფილა. ეს არც შედის ჩემს კომპეტენციაში.

2.რაც შეეხება როიტერისთვის ოთხი ფეხბურთელის დასახელებას, ვაცხადებ: არც გვარები მიმიცია და არ მქონია საუბარი.

3.ფეხბურთელებმა თვითონაც კარგად იციან, რაც ჩაიდინეს. ისე, კიდევ ყველა არ არის დასახელებული.

4.ხუთ სექტემბერს ცნობილი იქნება დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელთა ვინაობა. ამას ნაკრების ხელმძღვანელობა წარმოადგენს.

5.აღმასკომს დისკვალიფიკაციის მიცემის უფლება არ გააჩნია. ამისთვის არსებობს სპეციალური სადისციპლინო კომიტეტი. აღმასკომი იტოვებს უფლებას, ის ფეხბურთელები, რომლებიც არღვევენ სპორტულ, ზნეობრივ და მორალურ პრინციპს, არ იმყოფებიან სპორტულ ფორმაში, რეკომენდაცია მისცეს ეროვნული გუნდის მწვრთნელებს გამოიყვანონ ისინი ნაკრების შემადგენლობიდან.

6.გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ფეხბურთის გადარჩენა, ამას კი ვერ გვიგებენ. თუ გვინდა ეროვნულ ნაკრებში დამყარდეს სრული წესრიგი, თვითოეული ფაქტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ღირსებას ეხება, უნდა გამოაშკარავდეს და სათანადო შეფასება მიეცეს.

რაც შეეხება ბოდიშს

რაც არ მითქვამს, იმაზე ბოდიშს არ მოვიხდი. მე ჩემი მოსაზრება გამაჩნია. საქართველოს ნაკრები იგებს 1:0 და მერე აგებს 1:4. აქედან ჩანს მათი პატრიოტობა.

მე პირადად დამევალა აღმასკომის მიერ მოლდოვასთან და პოლონეთთან მატჩებისწინა მომზადება. ვინ გამოვა და იტყვის, რომ ცუდად იყო ორგანიზებული? მათ წვრთნისთვის და დასვენებისთვის იდეალური პირობები ჰქონდათ. ყველა წვრილმანს – ტრანსპორტიდან მენიუმდე – 124 008 ლარი დასჭირდა.

9-11 ივნისის შეკრებაზე: როგორც შემდეგ გაირკვა, მოლდოვასთან მატჩის შემდეგ, 9-10-ში, ყველა ლეგიონერი ფეხბურთელი სახლში ყოფილა გაშვებული. აქედან დაიწყო რეჟიმის დარღვევა. ამაზე მწვრთნელებს უნდა მოეკითხოს.

კატეგორიულად მოვითხოვ ზემოთ თქმულის შესრულებას. თუ იტალიის თამაშამდე ნაკრების ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს დასასჯელ ფეხბურთელთა სიას, იმათი, ვინც ასეთი ზიანი მიაყენა ქართულ ფეხბურთს, მაშინ მწვრთნელთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ნოდარ ანდრიაძის მოთხოვნა ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობამ არ შეასრულა. ნაკრებიდან მოკვეთილთა სია არც იტალიის ნაკრების სტუმრობამდე გამოქვეყნდა და არც მას შემდეგ.

ვერც კახი ცხადაძე გადავიდა ვესტ ჰემ იუნაიტედში, ტრანსფერი ჩაიშალა. ყველაფრის მიუხედავად კონფლიქტი ნელ-ნელა ჩაცხრა, ხოლო მომდევნო წელს, როცა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა შეიცვალა, პოლონეთთან მატჩის შემდგომი ამბები საბოლოოდ დაივიწყეს.

1998 წლის ამბებზე მოგვიანებით დავწერ, ფედერაციის პირველკაცებსა და ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებაზე წერას კი შოთა არველაძის ავტობიოგრაფიიდან („გუშინ“) ამოწერილი რამდენიმე აბზაცით დავასრულებ:

„საქართველოს ნაკრებს, საზაფხულო შვებულების წინ, ბოლო თამაში კატოვიცეში გვქონდა, პოლონეთთან, სადაც ჩემი გოლით დავწინაურდით, მაგრამ მერე რა დაგვემართა, ახლაც ვერ ამიხსნია. გუნდი აბსოლუტურად მოირყა და 1:4 წავაგეთ.

ქართული პრესის რეაქცია ძალიან მწვავე იყო! გაზეთებში ისიც დაიწერა, ვითომ თამაშის შემდეგ თვითმფრინავში ღრეობა მოვაწყვეთ და ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი სტიუარდესებსაც ეფლირტავებოდაო.

მსგავსი არაფერი მომხდარა, უბრალოდ რამდენიმე ფეხბურთელმა ცოტა დალია, თემურ ქეცბაიამ კი ასეთი სადღეგრძელო წარმოთქვა: „იმ საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც ახლა ფეხზე დგას და დედას გვაგინებსო“.

ხალხს კი ხანდახან ტყუილი და ჭორი ურჩევნია სიმართლეს. ზოგმა დაიჯერა, რომ საქართველოს ნაკრებში ლოთები არიან, რომ ჩვენ თურმე წაგებული თამაშის შემდეგ თვითმფრინავში ვიქეიფეთ. მეორე დღეს ერთ-ერთ სპორტულ გაზეთში ჩემი, აჩის და გიოს კარიკატურები დახატეს, სადაც ხელში არყის ბოთლები გვეჭირა…

ნაკრების გარშემო დაძაბული ატმოსფერო შეიქმნა, ურთიერთობა დაიძაბა დათო ყიფიანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის“.

კატოვიცეში წაგების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ სექტემბერში ითამაშა. თბილისს ჩეზარე მალდინის გაწვრთნილი იტალია ესტუმრა, რომელაც ექვს შეხვედრაში თექვსმეტი ქულა ჰქონდა და ერთით უსწრებდა მდევარ ინგლისს. სკუადრა აძურა თბილისში სამ ქულას გეგმავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მაშინდელ ამბებს მომდევნო წერილში გავიხსენებ.

* * *
14 ივნისი, 1997. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. პოლონეთი, კატოვიცე, გკს. 1 022
პოლონეთი 4:1 საქართველო
გოლები: 0:1 შოთა არველაძე (24, ნუგზარ ლობჟანიძის პასით), 1:1 ადამ ლედვონი (32), 2:1 მიროსლავ ტრჟეჩიაკი (34), 3:1 კრშიშტოფ ბუკალსკი (74, პენ), 4:1 კრშიშტოფ ნოვაკი (90+1)
პოლონეთი: გრჟეგოჟ შამოტულსკი, პაველ სკრშიპეკი, მარიუშ კუკიელკა, რადოსლავ კალუჟნი, ადამ ლედვონი, რადოსლავ მიხალსკი (კაპ), კრშიშტოფ ნოვაკი, ტომაშ სოკოლოვსკი, კრშიშტოფ ბუკალსკი, იაცეკ დემბინსკი (ვალდემარ ადამჩიკი 90), მიროსლავ ტრჟეჩიაკი (ცეზარი კუხარსკი 62)
მწვრთნელი: კრშიშტოფ პავლაკი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, კახი ცხადაძე (კაპ), კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი (მიხეილ ყაველაშვილი 73), კახი გოგიჩაიშვილი (გიორგი კიკნაძე 46), გოჩა ჯამარაული (არჩილ არველაძე 46), გიორგი ნემსაძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
გაფრთხილება: ადამ ლედვონი, ლევან კობიაშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, გიორგი ნემსაძე
მსაჯები: გიუნტერ ბენკო; მანფრედ ცისერი, ვალტერ შლაუდინგერი (ავსტრია)

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 29 იანვარი
ფოტო: Pilka Nozna (პოლონეთი)
* – 2026 წლის 29 იანვარს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian