1997-ის ზაფხული: შოთა ამსტერდამში და მრეტები Vs თბილისის დინამო

„ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა მუშაობას გააგრძელებს, ჩვენ გადაყენებაზე საუბარი არც ყოფილა.

ფეხბურთელებს უსაფუძვლოდ არაფერს დავაბრალებთ, პასუხისმგებლობასაც თანაბრად გავინაწილებთ. იმას ვერაფრით ვიტყვით, რომ ბიჭებმა შეგნებულად არ ითამაშეს, მაგრამ კატოვიცემ დაგვანახა, რომ ნაკრების რამდენიმე წევრი ეროვნული გუნდის წინაშე მდგარ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მათ აღარ მოვიწვევთ.

ცვლილებები სხვაც იქნება, კერძოდ, შეიქმნება ეგრეთ წოდებული მწვრთნელთა საბჭო. საქართველოში ბევრი გამოცდილი სპეციალისტია და მათი აზრი ზოგიერთ საკითხში ნამდვილად შეგვეშველება.

დავით ყიფიანის არყოფნის მიზეზებზე კი ვერაფერს გეტყვით. გუშინ ისე შევთანხმდით, რომ აღმასკომის სხდომაზე ორივე ვიქნებოდით, მიზეზიც არ ჩანდა ყიფიანის არმოსვლისა. ალბათ შეუძლოდ შეიქნა, თორემ აუცილებლად მოვიდოდა“.

ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, რევაზ ძოძუაშვილმა ეს სიტყვები ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. სფფ-ის მაღალჩინოსნები 1997 წლის 20 ივნისს შეიკრიბნენ. სხდომამდე გავრცელდა ხმა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ყიფიანს და ძოძუაშვილს თანამდებობას დაატოვებინებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

სფფ-ის შენობასთან შეკრებილი ჟურნალისტები პრესკონფერენციას ელოდნენ, თუმცა ის არ შედგა. ძოძუაშვილის გარდა მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე ესაუბრა. ეროვნული გუნდის მწვრთნელებთან დაკავშირებით კითხვას მან ხუმრობით უპასუხა: „ისინი დავტუქსეთ, ყური ავუწიეთ და გავწკეპლეთ“, ეროვნულ ჩემპიონატის შესახებ კი თქვა:

„თუ რაიონების და ქალაქების სამართალდამცავი ორგანოები მატჩების წესით და რიგით ჩატარების გარანტიას არ წარმოადგენენ, იქ თამაშები არ გაიმართება. პირველ (უმაღლეს) ჯგუფში მოთამაშე გუნდებს ფედერაცია აუცილებლად მოსთხოვს საფეხბურთო ბაზებს, სტადიონებზე მინიმუმ ექვს ათას ინდივიდუალურ სკამს და სხვა სიკეთეებსაც. რაც შეეხება 250 ათასი ლარის გარანტიას, ამის დაწესებისგან დროებით თავი შევიკავეთ. ეროვნული ჩემპიონატი 8 აგვისტოს დაიწყება, თასის გათამაშების ფორმატი – ტერიტორიული პრინციპი, შეიცვლება და ჩვეულებრივი წილისყრა მოეწყობა, რაც შეეხება სუპერთასს, გათამაშება 4 აგვისტოს ქუთაისში დავგეგმეთ“.

მთავარი საკითხი კატოვიცეში გამართული შესარჩევი მატჩი იყო, მაგრამ აღმასკომის წევრებმა სხვა პრობლემებზეც ისაუბრეს. ეროვნული გუნდის პოლონურ კატასტროფაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გიორგი ქინქლაძის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერის გამო მრეტების და თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას შორის წარმოქმნილი გაუგებრობა. ამასთან დაკავშირებით ნოდარ ანდრიაძემ განაცხადა:

„ჩვენ ფიფას სიმართლე ვაცნობეთ. მათ საქმეში გარკვევა გვთხოვეს და ჩვენც ეს გავაკეთეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს საქმე ადრე გაარჩია. ორივე მხარის საბუთების შესწავლის შემდეგ სფფ-მ მრეტები გაამართლა. ამიტომ, ქინქლაძის ტრანსფერიდან ორმოცდაათი პროცენტის გადახდა დინამოს დაეკისრა.

დინამო, ალბათ, ყველაფერს გაასწორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი არ ასცდება. ჩვენ არ გვაქვს უფლება ქართული ფეხბურთი ერთი გუნდის ინტერესებს ვანაცვალოთ. რაც შეეხება შესაძლო სასჯელს, ის სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საქმე აქამდე არ მივა“.

მეორე დღეს, 21 ივნისს, სამხრეთი ამერიკის ჩემპიონატის ფლეი ოფი დაიწყო და მეც ბოლივიაში მიმდინარე ტურნირზე გადავერთე, კოპა ამერიკას სარბიელში მე ვაშუქებდი. იმ ზაფხულს რედაქციამ მძლავრი გენერატორი შეიძინა და უცხოური სატელევიზიო არხების წყალობით, ყველა სასურველ შეჯიბრებას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. მშვენიერი ტურნირი გამოდგა, დიდებული გუნდი ჰყავდა ბრაზილიას, მექსიკაც მესიმპათიურებოდა, მასპინძელ ბოლივიასაც არა უშავდა, აი არგენტინა კი ნამეტანი წვალობდა…

იმ დროს სარბიელი კვირაში ორჯერ გამოიცემოდა. ლექციებისგან თავისუფალი ვიყავი, სარედაქციო დავალების შესრულების შემდეგ კი უბანში ფეხბურთს ვთამაშობდი ან მატჩებს ვესწრებოდი.

22 ივნისს, შუადღით, მეგობრები ეროვნულ სტადიონზე წავედით, სადაც თბილისის მერანი 1991-მა ინტერტოტოს თასის გათამაშებაში პირველ მეტოქეს, მოსკოვის ტორპედოს უმასპინძლა. ის მერანი საქართველოს საზომებით ნამდვილად კარგი გუნდი იყო, რამდენიმე მშვენიერი ფეხბურთელიც ჰყავდა. მაგალითად მეკარე გუბაზ დოლიძე, ასევე მცველები კახა სიდამონიძე და ახალგაზრდული გუნდის წევრი შალვა ხუჯაძე, ნახევარდაცვაში ალეკო გოგობერიშვილი და გელა ქორიძე იდგნენ, შეტევაში კი ბადრი კვარაცხელია, სულიკო დავითაშვილი და დავით გოდერძიშვილი.

1996 წლის შემოდგომით თბილისის დინამომ უეფას თასის გათამაშებას გამოთიშა ტორპედო, მაგრამ იმ დღეს მათ გაიმარჯვეს – 2:0. რომ არა თბილისელთა მეკარე, რუსეთის ჩემპიონატის საშუალოზე დაბალი დონის კლუბი მესამე გოლსაც გაიტანდა, მაგრამ 70-ე წუთზე დოლიძემ იანკაუსკასის პენალტი მოიგერია.

თამაშის შემდეგ შევიტყვეთ, რომ მერანმა ფორმის სრული კომპლექტი ვერ მიიღო და ერთ-ერთი ფეხბურთელი, დავით ჯიშკარიანი, სულ ტყუილად იყო შეყვანილი განაცხადში, ხსენებული მიზეზის გამო წუთსაც ვერ ითამაშებდა. ეს ისე, რომ წარმოიდგინოთ რა პრობლემები იყო იმდროინდელ ქართულ კლუბებში. სხვათა შორის, მოსკოველთა მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე მეშვიდე ნომერმა, ბრაზილიელმა გარემარბმა კარლოს და როშამ ხუთი წლის შემდეგ თბილისის დინამოში გადმოინაცვლა და ჯერ გივი ნოდიას, შემდეგ კი ივო შუშაკის გაწვრთნილი კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახდა…

29 ივნისს ცხრამეტი წლის გავხდი, თბილისელებმა კი მეორედ ითამაშეს ინტერტოტოს თასზე, თესალონიკში 0:2 დამარცხდნენ საბერძნეთის ირაკლისთან. მატჩი იმავე სტადიონზე გაიმართა, სადაც 1980 წლის შემოდგომით, თასების მფლობელთა თასის მეთექვსმეტედფინალის პირველ მატჩში კასტორიამ დინამოს უმასპინძლა. იმ შეხვედრას ოც ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო, ირაკლისი-მერანი 1991-ის შეხვედრა კი, უეფას ოქმის მიხედვით, ზუსტად 259-მა გულშემატკივარმა იხილა.

ასევე 29 ივნისს დასრულდა კოპა ამერიკა: მარიო ზაგალოს გაწვრთნილმა ბრაზილიამ მასპინძელ ბოლივიას 3:1 მოუგო. სელესაო მეხუთედ გახდა სამხრეთი ამერიკის ჩემპიონი, მაგრამ პირველად სხვა ქვეყანაში. გოლები დენილსონმა, რონალდომ და ზე რობერტომ გაიტანეს. ლუის ნაზარიუ დე ლიმა, ვინც იმ დროს ჯერ კიდევ ბარსელონას ეკუთვნოდა, საუკეთესო მოთამაშის პრიზით დაჯილდოვდა, ბომბარდირის ოქროს ბუცი კი მექსიკელ ლუის ერნანდესს ერგო. ჩემი თაობის და უფროს გულშემატკივრებს ეს ქერათმიანი მექსიკელი საფრანგეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან გემახსოვრებათ…

„იცი აიაქსი რა არის? – ლამის გაჰყვირის შოთა – სულ რომ აღარ ვითამაშო ფეხბურთი, მარტო დღევანდელი დახვედრა და აიაქსში ყოფნა მეყოფა მოსაგონებლად! მთელი აიაქსის ისტორია თვალწინ გადაგვიშალეს – კინო იყო, ფოტო თუ ლიტერატურა… ყველა ცდილობს, რომ აიაქსელობას გაუსვას ხაზი… მოკლედ, აიაქსელობა, ვატყობ, ენით აუწერელი რამ ყოფილა“!

ამსტერდამიდან თბილისში დაბრუნებულმა შოთა არველაძემ ეს სიტყვები სარბიელის ჟურნალისტს მამუკა კვარაცხელიას უთხრა. საქართველოს ნაკრების ბომბარდირი რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრა ნიდერლანდების დედაქალაქში, სადაც ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ამსტერდამულ გრანდთან. აიაქსის დანიელმა თავკაცმა მორტენ ოლსენმა შოთა ორჯერ ნახა საქმეში, ჯერ ბათუმში, მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ, შემდეგ კი პოლონეთში. არველაძემ ორივე მატჩში გაიტანა გოლი და მთავარი მწვრთნელის გულიც მოიგო.

„მაისური ჯერ არ მოუციათ, მაგრამ 7 ივლისს პირველი ვარჯიშია დანიშნული და ყველაფერი მაშინ გაირკვევა. ჟურნალისტების გარდა კლუბის ხელმძღვანელებსაც შევხვდი, ზოგად საკითხებზე ვისაუბრეთ, მითხრეს, რომ აიაქსის მიზანი მხოლოდ პირველობაა“, – თქვა შოთამ. მისგანვე შევიტყვეთ, რომ არჩილიც ნიდერლანდებში გააგრძელებდა კარიერას:

„აჩიკო სიტყვიერად უკვე შეუთანხმდა ბრედას ხელმძღვანელობას და მალე კონტრაქტსაც გააფორმებს. რამდენიმე დღეში უკან ვბრუნდებით და ყველა საკითხი მაშინ მოგვარდება“.

აიაქსში გადასვლის წინა დღეები შოთამ წლების შემდეგ გამოცემულ ავტობიოგრაფიაში „გუშინ“ გაიხსენა:

„1997 წლის ზაფხულში თბილისიდან არსად წავსულვარ, დინამოს ბაზაზე ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი. ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს, ოღონდ ის ზაფხული განსხვავებული იყო, მე ხომ აიაქსში გადავდიოდი!

ამსტერდამში გამგზავრების წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ახალკაცს ვესტუმრე. ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი. ახალკაცმა ჯერ შემაქო: ყოჩაღ, აბა შენ იცი, ამხელა გუნდში საქართველოს როგორ წარმოაჩენო…

ერთი რჩევაც მომცა: გუნდში რომ მიხვალ, სტუმარივით არ მოიქცე, თავი ისე დაიჭირე თითქოს დიდი ხანია აიაქსში თამაშობ, ასე უფრო მალე მიგიღებს დიდი ფეხბურთი და წარმატებაც მალე მოვაო“.

ტყუპები 5 ივლისს, დილით გაემგზავრნენ, შუადღით კი მერანი 1991-მა სადებიუტო ევროსეზონში მესამე მეტოქეს უმასპინძლა. თემურ მახარაძის გაწვრთნილმა გუნდმა მალტის ფლორიანა 5:0 დაამარცხა. ქართველებმა ყველა გოლი შესვენების შემდეგ გაიტანეს: პირველი და მეორე ბურთები ბადრი კვარაცხელიამ შეაგდო (მეორე – თავურით), ამას ამბიძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა, მიხეილ მაზიაშვილის იერიშის შემდეგ ანგარიში 4:0 გახდა, მეხუთე ბურთი კი, ამბიძის პასით, სულიკო დავითაშვილმა მიითვალა.

უცნაურობის გარეშე არც ამ შეხვედრას ჩაუვლია: ფლორიანა ეროვნულ სტადიონზე საკმაოდ შელახული იკარუსით მივიდა, რომელსაც #81: ვარკეთილი-დიღმის მასივი ეწერა.

თბილისელებმა ინტერტოტოს თასზე ასპარეზობა 12 ივლისს დაასრულეს ავსტრიაში, 3:1 დაამარცხეს რიდი. გოლები მაზიაშვილმა, გოდერძიშვილმა და კვარაცხელიამ გაიტანეს. ამ ტურნირში ქართული კლუბი პირველად 1996 წლის ზაფხულში ვიხილეთ, მაგრამ ფოთის კოლხეთი 1913 ყველა შეხვედრაში დამარცხდა, მერანი 1991-მა კი აშკარად გააუმჯობესა შედეგი, ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა.

იმავე დღეებში შეუერთდა თემურ ქეცბაია ნიუკასლ იუნაიტედს. ჩრდილოინგლისურმა კლუბმა პრემიერლიგა მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება ნაადრევად დაიწყო. ნიუკასლელთა ამხანაგური მატჩების შესახებ ქართველმა გულშემატკივრებმა მალევე შევიტყვეთ. პირველი საწვრთნელი თამაში დუბლინში დაინიშნა პსვ ეინდჰოვენის წინააღმდეგ, შემდეგ ლივერპულის ტურნირი იყო, სადაც აიაქსიც ითამაშებდა, ოფიციალურ მატჩამდე კი სერია ა-ს ჩემპიონთან და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთან, ტურინის იუვენტუსთან სპარინგი დაიგეგმა. იტალიური ფეხბურთის ბებერი ქალბატონი 1997 წელს ასი წლის გახდა და მასავით შავ-თეთრი ზოლებით გაწყობილი მაისურით მოთამაშე ინგლისურ კლუბთან შეხვედრაც ამად ისურვა.

16 ივლისს ჩვენი ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა გადაინაცვლა დასავლეთ ევროპულ კლუბში, მიხეილ ყაველაშვილმა ციურიხის გრასჰოპერთან გააფორმა ერთლიანი კონტრაქტი. შვეიცარიის შრომის სამინისტროსგან ქვეყანაში მუშაობის ოფიციალური ნებართვის მიღებამდე თავდამსხმელი თბილისში დაბრუნდა და დიღომში, დინამოს ბაზაზე განაგრძო ვარჯიში.

„გრასჰოპერში მანჩესტერ სიტიმ გამანათხოვრა. იმ შემთხვევაში, თუ შვეიცარიელების იმედი გავამართლე და მეც კმაყოფილი დავრჩი პირობებით, გრასჰოპერი მილიონ დოლარს გადაიხდის და გამომისყიდის. ეს ტრანსფერიც იმავე ხალხის დახმარებით გამოვიდა, რომლებმაც ალანიიდან მანჩესტერ სიტის დამაკავშირეს“, – უთხრა ყაველაშვილმა კობა ინასარიძეს (სარბიელი; 1997 წლის 19 ივლისი).

რამდენიმე დღეში ფორვარდი შვეიცარიაში გაემგზავრა, მალე კი მას გიორგი ნემსაძეც შეუერთდა. ივნისში დაიწერა, რომ ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანი ზალცბურგის კაზინოში გააგრძელებდა კარიერას, შემდეგ მას იტალიის სერია ა-ში დაბრუნებული ლეჩე დაუკავშირეს, საბოლოოდ კი გიორგი ყაველაშვილის თანაკლუბელი გახდა.

„ამოვისუნთქე! 22 ივლისს ციურიხში, გრასჰოპერის ოფისში სამწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. პირობები სავსებით მისაღებია, ჩემი და კლუბის ინტერესები სრულად დაემთხვა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ტრაბზონსპორს მოვშორდი! შვეიცარიის ჩემპიონატი ორი ტურია რაც დაიწყო, განაცხადი უკვე გაკეთებული იყო და სხვა გზა არ მქონდა, ოცდამესამე ნომრით უნდა ვითამაშო“, – უთხრა ნემსაძემ მერაბ მამულაშვილს (სარბიელი; 1997 წლის 24 ივლისი). მალე გაირკვა, რომ გიორგის სანაცვლოდ გრასჰოპერმა ტრაბზონსპორს 275 ათასი დოლარი გადაუხადა.

23 ივლისს ორმა ქართულმა კლუბმა ითამაშა ევროთასებზე. თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელფასტელ ჯვაროსნებს – კრუზეიდერსს დაუპირისპირდა, კოლხეთი 1913 კი უეფას თასზე მინსკის დინამოს ესტუმრა. დავით ყიფიანის გაწვრთნილმა დინამომ იოლად გაიმარჯვა, გიორგი კიკნაძის, კახი გოგიჩაიშვილის და დავით მუჯირის გოლებს ჩრდილოირლანდიელებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს უპასუხეს ერთი ზუსტი დარტყმით – 3:1. რაც შეეხებათ ფოთელებს, სოსო ფილიას გუნდი 0:1 დამარცხდა.

ერთი კვირის შემდეგ საპასუხო თამაშები გაიმართა. ნუგზარ მიქაბერიძის და ზაველი ღაღანიძის გოლებით ფოთელებმა 2:1 გაიმარჯვეს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლით მეორე ეტაპზე ბელარუსები გავიდნენ.

დინამომ კი საშინაო თამაში უფრი შთამბეჭდავი ანგარიშით მოიგო – 5:1. ალექსანდრე იაშვილმა და დავით მუჯირმა დუბლები შეასრულეს, ბოლო ბურთი კი ლევან ხომერიკმა შეაგდო. იაშვილის პირველი გოლი, რომელიც მან 21-ე წუთზე გაუტანა დემიენ გრანტს, დინამოსთვის საიუბილეო, მე-100 გამოდგა ევროთასებზე.

ჩრდილოირლანდიელებთან ორი იოლი გამარჯვების შემდეგ საქართველოს საუკეთესო კლუბი გერმანიის ვიცე-ჩემპიონთან, ლევერკუზენის ბაიერთან თამაშებისთვის მზადებას შეუდგა, კლუბის ხელმძღვანელობამ კი მრეტებთან საქმისთვის მოიცალა. ვიცე-პრეზიდენტმა რომან შოთაძემ სარბიელთან ინტერვიუში თქვა:

„ვინც მრეტების და დინამოს კონტრაქტი წაიკითხა, შეიტყობდა, რომ მრეტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკუთვნოდა გიორგი ქინქლაძის ტრანსფერიდან წილი, თუ ფეხბურთელი დინამოში თამაშის დაწყების დღიდან ორ წელიწადში გაიყიდებოდა. ჩვენ კანონს ვიშველიებთ, მავანნი კი მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის აზრს ითვალისწინებენ. მრეტებს ერთი თეთრიც არ ეკუთვნის.

როცა ქინქლაძემ პირველად გააფორმა დინამოსთან კონტრაქტი, ასეთი შეთანხმება იყო: იმ სატრანსფერო თანხიდან, რომელსაც ფეხბურთელში გადაიხდიდნენ, ნაწილი მოთამაშეს ეკუთვნოდა, ნაწილი კი მენეჯერებს, რომლებიც საქმეს აკეთებდნენ.

ეს ტრანსფერი რომ ორი წლის განმავლობაში გახერხებულიყო, მრეტებს პრეტენზიის საფუძველი ექნებოდა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ის კონტრაქტიც შეცდომით გაეფორმებინათ თავის დროზე, რასაც იურისტებიც ამტკიცებენ.

სხვათა შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც ისევე უნდა ეგო პასუხი კონტრაქტის პირობების შესრულებაზე, როგორც დანარჩენ მხარეებს. რატომღაც, ამ ბოლო დრომდე არაფერს ამბობდნენ, ფედერაცია საქმეში მხოლოდ ექვსი თვის წინ ჩაერია“.

29 ივლისს ფიფამ თბილისში გამოაგზავნა ფაქსი, რომლითაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აცნობა, რომ თუ დინამო 15 აგვისტომდე არ დაფარავდა მრეტების დავალიანებას, კლუბი დაისჯებოდა.

„ფიფამ ბოლოჯერ გაგვაფრთხილა, ჩვენ კი დინამოს ბოლო შანსი მივეცით. თანხა 15 აგვისტომდე უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები გარდაუვალი იქნება. ეს ერთობ გულდასაწყვეტი ამბავია – განა დინამო სხვისია, ეს კლუბი ხომ ქართული ფეხბურთის სიამაყეა, მაგრამ… ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ დინამო პირველი ჯგუფიდან ჩამოქვეითდება, რაც ავტომატურად ევროთასებიდან გუნდის გამოთიშვას მოასწავებს. სანქციები ცალკე ფიფადანაც იქნება, რომელსაც ჩვენ, ფედერაციაც ვერ ავცდებით“ – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნოდარ ანდრიაძის ეს კომენტარი სარბიელმა 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.

იქვე დაიბეჭდა დინამოს ხელმძღვანელების მოკლე კომენტარი: „სიმართლე დინამოსკენაა. ეს საქმე მეტად კომპეტენტურ იურიდიულ სამსახურებს გადავეცით და ვინ მტყუანია, ვინ მართალი, ამას საზოგადოება უახლოეს ხანში შეიტყობს“.

თბილისის მრეტებს რაც შეეხება, კლუბის პრეზიდენტი ვაჟა ჩხაიძე იმ დღეებში გერმანიაში იყო და სარბიელის ჟურნალისტები მას ვერ დაუკავშირდნენ.

ივლისის მიწურულს ლივერპულის გუდისონ პარკმა ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ევერტონის, ლონდონის ჩელსის, ნიუკასლ იუნაიტედის და ამსტერდამის აიაქსის მონაწილეობით. ნახევარფინალში ევერტონმა 1:0 მოუგო აიაქსს, შოთა არველაძემ შეუცვლელად ითამაშა, ნიუკასლ იუნაიტედი კი, 1:1-ის შემდეგ, პენალტების სერიაში 1:3 დამარცხდა ჩელსისთან. თემურ ქეცბაია ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 76-ე წუთზე ფაუსტინო ასპრილიას დაუთმო ადგილი.

ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი და პირველი ოფიციალური გოლის ავტორი მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მხოლოდ ნახევარი საათით: არველაძე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, ქეცბაია კი 58-ე წუთზე. ამსტერდამელებმა 3:0 გაიმარჯვეს, პირველი გოლი ბენი მაკართიმ შოთას პასით გაიტანა…

ეროვნული სტადიონის განახლებაც ივლისის ბოლოს დაიწყო. ეს საქმე იტალიურმა კომპანია ფინეურო კონსალტინგმა ითავა, რომლის პრეზიდენტი ჯორჯო მიზერენდინო თანაშემწეებთან ერთად ეწვია საქართველოს. ითქვა, რომ პირველ ეტაპზე, ანუ სექტემბერში იტალიის ნაკრების სტუმრობამდე, დასავლეთ ტრიბუნაზე ხუთი ათასი ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდებოდა და საპატიო სტუმართა ლოჟაც მოეწყობოდა.

4 აგვისტოს, ეროვნული ჩემპიონატის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ქუთაისმა საქართველოს სუპერთასის მეორე გათამაშებას უმასპინძლა. დავით ყიფიანის დინამომ კვლავ დიდი ანგარიშით სძლია ბათუმს – 4:1: დავით მუჯირმა მე-20 წუთზე გაიტანა პირველი გოლი, შვიდ წუთში კახი გოგიჩაიშვილმა პენალტით გაზარდა უპირატესობა, 55-ე წუთზე კახი კალაძემ მესამედ დალაშქრა ნიკა ტოგონიძის კარი, მეოთხე ბურთი კი რატი ალექსიძემ შეაგდო 85-ე წუთზე. ერთადერთი საპასუხო გოლი ბათუმელებმა თერთმეტმეტრიანიდან შეაგდეს, შალვა აფხაზავამ დაარტყა ზუსტად.

ორ დღეში საქართველოს თასის პირველი გათამაშება დასრულდა ქალ ფეხბურთელთა შორის. მიხეილ ჯარმელაშვილის გაწვრთნილმა თბილისის ავაზამ ნანა იუნაშვილის ორი გოლით სძლია ბათუმს.

სუპერთასის მოგებიდან მესამე დღეს დინამო გერმანიაში გაემგზავრა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევერკუზენის ბაიერთან სათამაშოდ. იქამდე კლუბის იურისტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აპელაცია შეიტანა მრეტების საჩივართან დაკავშირებით.

10 აგვისტოს დინამო ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბს, ურბახს გაეჯიბრა და არც მეტი, არც ნაკლები, 10:0 მოუგო. სამი დღის შემდეგ კი დინამოელებმა ლევერკუზენის მთავარ საფეხბურთო არენაზე, ულრიხ ჰაბერლანდის სახელობის სტადიონზე შეაბიჯეს. ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონთან დაპირისპირება კრახით დასრულდა: ევროთასებზე ასპარეზობის ისტორიაში დინამომ პირველად გაუშვა ექვსი გოლი, ხუთბურთიანი სხვაობით კი მეორედ დამარცხდა – 1:6.

„აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი ქართული ფეხბურთისა“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა ვახტანგ ბზიკაძის მიერ ლევერკუზენიდან გამოგზავნილი რეპორტაჟი 14 აგვისტოს სარბიელის პირველ გვერდზე.

არ ვიცი რა უფრო საშინელია, ევრომატჩის 1:6 წაგება თუ ის ამბავი, რაც ორიოდ დღეში დაემართა ბათუმის დინამოს. შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილი კლუბი კვლავ თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ჩაერთო. საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელთა მეტოქე ერევნის არარატი იყო. პირველი თამაში ბათუმში გაიმართა და დინამომ 4:2 გაიმარჯვა, ჯუბა ჩუხუამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ავთანდილ ღლონტმა და გელა შეყილაძემ გაიტანეს. ჭეიშვილის გუნდმა კარგ ხასიათზე გააგრძელა საპასუხო თამაშისთვის მზადება, მაგრამ 20 აგვისტოს ყველაფერი შეიცვალა.

არარატთან მოგებულ მატჩში პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ითამაშა დავით სოლოღაშვილმა, არადა ის დისკვალიფიცირებული გახლდათ. ერთი წლით ადრე მან ფოთის კოლხეთი 1913-ის შემადგენლობაში ითამაშა ინტერტოტოს თასზე, სადაც ორი ყვითელი ბარათი მიიღო. მას ავტომატურად მიესაჯა მომდევნო თამაშის გამოტოვება. ამის შესახებ ბათუმში არაფერი იცოდნენ, ჰოდა, დინამოს, 4:2 მოგებიდან ოთხ დღეში კლუბს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა – 0:3. ამის შესახებ უეფამ ბათუმელებსაც აცნობა და ფეხბურთის ფედერაციასაც.

„ის, რომ სოლოღაშვილს არარატთან თამაშის უფლება არ ჰქონდა, ჩვენ არ ვიცოდით. უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ფოთის კოლხეთი 1913-ს, საიდანაც ის დავიმატეთ, ამის შესახებ ჩვენთვის არაფერი უცნობებიათ. თავად სოლოღაშვილი კი გაოგნებულია.

ჩვენ შარშან, 27 სექტემბრით დათარიღებული ცნობა მივიღეთ უეფადან, რომლითაც გვაუწყებდნენ, რომ მალხაზ მახარაძესა და ამირან მუჯირს შემდგომ ევრომატჩში თამაშის უფლება არ ექნებოდათ. ასეთივე ცნობა სოლოღაშვილის დისკვალიფიკაციის თაობაზე, წესით, კოლხეთი 1913-სა და ფეხბურთის ფედერაციასაც უნდა მიეღოთ.

ჩვენ არავინ გაგვაფრთხილა. წლევანდელი საევროპო განაცხადი რომ გავაგზავნეთ უეფაში, იქიდანაც არაფერი უთქვამთ სოლოღაშვილის გამო“, – ბათუმელთა ტექნიკური დირექტორის მევლუდ ცინარიძის კომენტარი სარბიელმა 21 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ჩემი თანამშრომლები სიტუაციის გასარკვევად ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდნენ. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ კობერიძემ მათ უთხრა, რომ დისკვალიფიცირებული სოლოღაშვილის თაობაზე ბათუმი უეფას მიერ დანიშნულ მატჩის კომისარს უნდა გაეფრთხილებინა, თუმცა ფიფას არბიტრმა თამაზ ლაცაბიძემ სარბიელის ჟურნალისტს სხვა რამ განუცხადა: „არც მსაჯი და არც მატჩის კომისარი არ არიან ვალდებულნი, ფეხბურთელს გაფრთხილებები უთვალონ და თამაშის წინ შეატყობინონ. ამ საკითხს უეფა აგვარებს“.

ლაცაბიძის სიტყვები გაზეთში გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, ამის გამო მსაჯს ფედერაციაში უსაყვედურეს, რადგან მეორე დღეს ის რედაქციაში გვეწვია და მოგვიბოდიშა:

„ის, რაც მე გითხარით, ჩემი აზრი იყო და მცდარი გამოდგა. როგორც ირკვევა, ყველა კომისარს გააჩნია უეფას წესდება, სადაც ერთ-ერთ პუნქტში მითითებულია – მოთამაშეთა დისკვალიფიკაციის შესახებ უეფა ატყობინებს კომისარს, კომისარი კი, თავის მხრივ, ვალდებულია გააფრთხილოს მსაჯი და კლუბი“.

საქმის ვითარებაში და პროცედურაში სრულყოფილად გასარკვევად სარბიელელი მამუკა კვანტალიანი უეფას დაუკავშირდა, ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელმა კი მას აუხსნა:

„მოთამაშის დისკვალიფიკაციის თაობაზე კლუბი ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის სამსახურს უნდა გაეფრთხილებინა. ამგვარ სიტუაციაში უეფა ყოველთვის ატყობინებს კლუბს და ფეხბურთის ფედერაციას. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე კლუბს იცვლის, ფეხბურთის ფედერაციაა ვალდებული მის ახალ გუნდს დისკვალიფიკაციის შესახებ აცნობოს. რაც შეეხებათ უეფას დელეგატებს, მათ ასეთ დავალებებს არ ვაძლევთ, ვაფრთხილებთ მხოლოდ კლუბს და ფეხბურთის ფედერაციას“.

საქართველოს თასის ფინალისტმა უეფას აპელაციით მიმართა. სფფ-მ შვეიცარიაში საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი დავით პეტრიაშვილი მიავლინა, მაგრამ ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოჰყვა – 0:3 ძალაში დარჩა. სხვათა შორის, ბათუმთან ერთად დაისაჯა პარი სენ-ჟერმენიც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა.

უეფას პრესსამსახურს ჩვენი რედაქციის თხოვნა უყურადღებოდ არ დაუტოვებია და როგორც კი სააპელაციო საბჭოს სხდომა დასრულდა, სარბიელმა შვეიცარიიდან ფაქსი მიიღო. მეორე დღეს გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში შავით თეთრზე ეწერა:

„დღეს უეფას სააპელაციო საბჭომ განიხილა კლუბების პარი სენ-ჟერმენის (საფრანგეთი) და დინამოს (ბათუმი, საქართველო) მიერ შეტანილი აპელაციები. საქმეთა გადახედვისა და კლუბების წარმომადგენელთა მოსმენის შემდეგ სააპელაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ამ კლუბებს 0:3 დამარცხებები ჩაეთვალათ.

1997 წლის 18 აგვისტოს უეფას საკონტროლო და სადისციპლინო კომიტეტმა შეცვალა 13 აგვისტოს ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო წრის პირველ მატჩში ბუქარესტის სტიაუას 3:2 გამარჯვება პარი სენ-ჟერმენთან 3:0-ით, ვინაიდან პარი სენ-ჟერმენმა ათამაშა დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ლორან ფურნიე.

1997 წლის 20 აგვისტოს უეფას საკონტროლო და სადისციპლინო კომიტეტმა ასევე 0:3-ით დასაჯა ბათუმის დინამო. ქართულმა გუნდმა ერევნის არარატთან (სომხეთი) 4:2 მოგებულ შეხვედრაში ათამაშა დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დავით სოლოღაშვილი. 1997 წლის 14 აგვისტოს გამართული ეს შეხვედრა გახლდათ ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების შესარჩევი ფაზის პირველი მატჩი.

უეფას სადისციპლინო წესების თანახმად, პარი სენ-ჟერმენსა და ბათუმის დინამოს, შესაბამისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირსა და თასების თასის პირველ ეტაპზე გასასვლელად, საპასუხო შეხვედრებში წმინდა ოთხბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებათ, მაგალითად 4:0 ან 5:1. თუ შეხვედრები 3:0 დასრულდება მათ სასარგებლოდ, დამატებითი დრო ან პენალტების სერია არ დაინიშნება“.

„თუ ღმერთმა გადმოგვხედა, მოგება შესაძლებელი იქნება, უეფას სასჯელზე კი რა უნდა ვთქვა? მომხდარი უეფას კი არა, ზოგიერთი დაუდევარი ქართველის ბრალია“ – თქვა დინამოს კაპიტანმა მალხაზ მახარაძემ ერევანში გამგზავრებამდე. ჰრაზდანზე გამართული საპასუხო თამაში ბათუმელებმა დიდებულად დაიწყეს, თენგიზ სიჭინავამ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში, 36-ე წუთზე კი ვანო მახარაძემ მეორე გოლი გაუტანა არარატს, მაგრამ ეს იყო და ეს, არარატმა ანგარიში შეინარჩუნა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ქართველებივით დასჯილმა პარი სენ-ჟერმენმა კი რუმინელებისგან ქვა ქვაზე არ დატოვა – 5:0! ფრანგებმა ოთხი გოლი შესვენებამდე გაიტანეს: რაიმ დუბლი შეასრულა, თითო ბურთი სიმონემ და მორისმა მიითვალეს, მეორე ტაიმის მეათე წუთზე კი რაიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

იმავე დღეს ითამაშა თბილისის დინამომაც, სხვათა შორის მთლიანად ყვითელი ფორმით და დავით მუჯირის მიერ მე-11 წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო. ყიფიანის ბიჭები უეფას თასზე გადაერთვნენ, კრისტოფ დაუმის ბაიერი კი მშვიდად შეხვდა თბილისურ მარცხს, რადგან მთავარი ამოცანა შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა.

მთავარი საკლუბო ევროტურნირის მონაწილეთა შორის აღმოჩნდა ნიუკასლ იუნაიტედიც. კენი დალგლიშის გუნდმა შინ 2:1 დაამარცხა ზაგრების კროაცია, მაგრამ ხორვატიის დედაქალაქშიც იგივე ანგარიშით წააგო, კროაციამ მეორე გოლი მეორე დამატებულ წუთზე გაიტანა. მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა და როცა პენალტების სერიას არაფერი უკლდა, მაქსიმირის ტრიბუნებზე შეკრებილი ათიათასობით ხორვატი თემურ ქეცბაიამ დაადუმა, ანგარიში გაათანაბრა და ნიუკასლ იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგაში შეუძღვა.

აგვისტოს ბოლო დღეს გამოირიცხა აკაკი დევაძის დაბრუნება ნაკრებში. იმ ზაფხულს არაერთხელ ითქვა, რომ ყიფიანი გამოცდილ გოლკიპერს იტალიის ნაკრებთან მატჩისთვის დააბრუნებდა გუნდში, მაგრამ ისრაელის ჩემპიონატის მესამე ტურში დევაძემ ტვინის შერყევა მიიღო და თბილისში შეკრების ნაცვლად საავადმყოფოში მოხვდა…

შოთა არველაძის აიაქსმა დიდებულად დაწყებული სეზონი მორიგი მეტოქის გაცამტვერებით განაგრძო. ერედივიზიეს პირველ ორ ტურში არნემის ვიტესთან და სიტარდის ფორტუნასთან 5:0-ების შემდეგ მორტენ ოლსენის კლუბმა უტრეხტში 7:1 გაიმარჯვა, მეხუთე გოლი ქართველმა ახალწვეულმა გაიტანა…

არხენტინოს ხუნიორსთან 4:2 მოგებული თამაშის შემდეგ ბოკა ხუნიორსის მეათე ნომერი დიეგო არმანდო მარადონა კიდევ ერთხელ შეამოწმეს დოპინგზე და დიადი არგენტინელიც მესამედ ჩავარდა, ისევ კოკაინზე. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის კარიერაც ამით დასრულდა, მას აღარ უთამაშია…

დიდი ამბავი იყო ლოზანაშიც, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2004 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის ასარჩევად ემზადებოდა. შვეიცარიას ყოველ დღე სტუმრობდა სახელგანთქმული დელეგაცია კანდიდატი ქალაქების მხარდასაჭერად…

მაგრამ 1997 წლის 31 აგვისტოს ყველა ამბავი, სპორტული და არასპორტული, პარიზიდან გავრცელებულმა ცნობამ გადაფარა: გამთენიისას ავტოკატასტროფაში დაიღუპა პრინცესა დიანა. პრინც ჩარლზის მეუღლე ოცდათექვსმეტი წლის იყო.

ტრაგედიის შესახებ დილით, რედაქციაში მორიგი თათბირის დროს შევიტყვეთ. 1 სექტემბრიდან სარბიელი კვირაში სამჯერ უნდა გამოსულიყო და მთავარ ოთახში შეკრებილი რედაქტორები და თანამშრომლები ორშაბათის პირველ, ოთხგვერდა ნომერს ვგეგმავდით. ზუსტად იმ წუთებში დაიწყო BBC-იმ პირდაპირი რეპორტაჟი პარიზიდან.

სექტემბრის პირველ დღეს მსოფლიოს ლამის ყველა გაზეთმა პირველ გვერდზე გაიტანა პრინცესა დიანას ფოტო. მათ შორის იყო სარბიელიც.

2 სექტემბერს კი ჩეზარე მალდინიმ ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელების სია დაასახელა. იტალიის ნაკრების მწვრთნელის რჩეულთა შორის მოხვდა ჩემი ფავორიტი რობერტო ბაჯო, რომელმაც იმ ზაფხულს მილანის ინტერიდან ბოლონიაში გადაინაცვლა.

„ღვთაებრივი ცხენისკუდა“ იტალია 1990-ის შემდეგ შემიყვარდა, იუვენტუსში გადასვლით კი მან სამუდამოდ მოიგო ჩემი გული. როგორც კი წავიკითხე, რომ ბაჯო თბილისში მოდიოდა და მას, ბოლოს და ბოლოს, ცოცხლად ვნახავდი, წამზომიც ჩაირთო.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 5 თებერვალი
ფოტო: ამსტერდამის აიაქსის ენციკლოპედია
* – 2026 წლის 5 თებერვალს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian