ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 0:0 იტალია (II ნაწილი)
9 სექტემბერს საბოლოოდ გაირკვა, რომ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი პირდაპირ რეპორტაჟს არ გადასცემოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტელეტრანსლაციის სანაცვლოდ ორმოცდაათი ათასი დოლარი მოითხოვა, მაუწყებელმა კი თანხა ვერ გადაიხადა.
თბილისელი გულშემატკივრების იმ ნაწილმა, რომლებმაც ბილეთში ათი, ოცი ან ოცდაათი ლარი ვერ გადაიხადა, თუმცა სხვადასხვა საკაბელო ტელეარხებით სარგებლობდა, მატჩი იტალიური RAIUNO-ს ეთერში იხილა, დანარჩენები კი ტელეეკრანებს საათის დაგვიანებით მიუსხდნენ. პირველმა არხმა თამაშის ჩვენება საათის დაგვიანებით, ჩვენი დროით ოცდაორი საათიდან დაიწყო, როცა გუნდები მეორე ტაიმისთვის შევიდნენ მინდორზე.
„ოთხშაბათს საქართველოში იტალიელთა შეტევას, ალბათ, ჯანფრანკო ძოლა გაუძღვება. იტალიის ნაკრებს სამი ქულა სჭირდება, რათა ოქტომბერში, რომში, ინგლისთან ფრეზეც თანახმა იყოს.
ჩეზარე მალდინის მეტოქე აღელვებს. ეს ის ნაკრებია, რომელსაც ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, პერუჯაში, ბედმა არ გაუღიმა, თორემ ფრეს ითამაშებდა. მაშინ იტალიის ძლივს მოგებულმა 1:0-მა მალდინის წინამორბედის, არიგო საკის გადადგომა დააჩქარა.
იტალიელები თვლიან, რომ გარდა თბილისის შემაშინებელი სტადიონის უპირატესობისა, საქართველოს ერთი წლის წინანდელზე უკეთესი გუნდიც ჰყავს, რადგან კარგ უცხოურ კლუბებში ახლა მეტი ფეხბურთელი თამაშობს.
საგანგებო ყურადღებას მანჩესტერ სიტის გამთამაშებელი გიორგი ქინქლაძე მოითხოვს, თუმცა იტალიელები ნიუკასლ იუნაიტედის შემტევ ნახევარმცველ თემურ ქეცბაიასაც უნდა უფრთხოდნენ. მასპინძელთა გუნდი გასულ წელზე უკეთ თამაშს შეეცდება. პერუჯაში ქართველებს მხოლოდ მეკარის საიმედო თამაშმა შეუშალა ანგარიშის გათანაბრებაში ხელი“. ეს მოკლე ცნობა სააგენტო როიტერმა სამშაბათს, 9 სექტემბერს გაავრცელა.
სარბიელის ჟურნალისტებმა სავარაუდო შემადგენლობებიც შევთავაზეთ მკითხველს და როიტერის აზრიც გავიზიარეთ – ჯანფრანკო ძოლა ძირითად შემადგენლობაში დავასახელეთ, თუმცა ლაციოში მოთამაშე პიერლუიჯი კაზირაგისთან ერთად. ჩვენი სავარაუდო შემადგენლობები ასეთი იყო:
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, გელა შეყილაძე, მურთაზ შელია, კახი ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე.
იტალია: ანჯელო პერუცი, კრისტიან პანუჩი, ალესანდრო ნესტა, ჩირო ფერარა, პაოლო მალდინი, დინო ბაჯო, რობერტო დი მატეო, ანტონიო კონტე, ანჯელო დი ლივიო, ჯანფრანკო ძოლა, პიერლუიჯი კაზირაგი.
სარბიელელებმა დავით ყიფიანის რჩეული თერთმეტეული გამოვიცანით, მაგრამ სტუმართა შორის სამ მოთამაშეში შევცდით. ჩეზარე მალდინიმ ძირითად შემადგენლობაში მარჯვენა მცველად ფაბიო კანავარო ათამაშა „ჩვენი“ კრისტიან პანუჩის ნაცვლად, ანტონიო კონტეს ადგილი უფრო გამოცდილ ატილიო ლომბარდოს ანდო, ხოლო ძოლას მეწყვილედ კაზირაგი კი არა, სეზონის წინ იუვენტუსიდან მადრიდის ატლეტიკოში გადასული კრისტიან ვიერი შეარჩია.
ეროვნული ნაკრების მხარდამხარ, იტალიასთან სათამაშოდ ემზადებოდა ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილი ახალგაზრდული გუნდი. ისინიც დიღომში შეიკრიბნენ, საკალათბურთო დინამოს ბაზაზე, თუმცა სავარჯიშოდ მცხეთაში დაიარებოდნენ. რაც შეეხება იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს, ევროპის ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულებმა მატჩამდე ორჯერ ივარჯიშეს: 8 სექტემბერს რუსთავში, თამაშის მასპინძელ ფოლადზე, 9 სექტემბერს კი თბილისში, შევარდენზე.
10 სექტემბერს, შუადღით, ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, ფოლადის ტრიბუნები სრულად შეივსო. ვლადიმერ გუცაევმა ასეთი შემადგენლობა დაუპირისპირა იტალიას:
კარში – დავით გვარამაძე; დაცვაში ლევან სილაგაძე, ლევან ცქიტიშვილი, გივი დიდავა და შალვა ხუჯაძე; ნახევარდაცვაში ზაზა ზირაქიშვილი, კაპიტანი გიორგი კიკნაძე, დავით მუჯირი და მიხეილ ფოცხვერია; თავდასხმაში კი მიხეილ აშვეთიას რატი ალექსიძე შეუწყვილა.
როსანო ჯამპალიას თერთმეტეული კი ასეთი იყო: ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო პისტონე, ფრანჩესკო კოკო, ალესიო ტაკინარდი, ლუიჯი სარტორი, ალესანდრო გრანდონი, მასიმო ამბროზინი, ჯონათან ბაკინი, კრისტიანო ლუკარელი, სტეფანო ფიორე და კლაუდიო ბელუჩი.
ალექსიძემ და ზირაქიშვილმა პირველად ითამაშეს ძირითად შემადგენლობაში. თუ რატიმ მწვრთნელის ნდობა გაამართლა, ზაზას თამაში არ წაუვიდა და გუცაევმაც მე-20 წუთზე შეცვალა, ლევან ქებაძე ჩართო თამაშში. შეხვედრის მიწურულს ედიკ საჯაია გამოჩნდა ალექსიძის ნაცვლად, 78-ე წუთზე კი ალეკო გოგობერიშვილმა დაიკავა მუჯირის ადგილი.
იმ დროს, როცა გუცაევმა ყველა ცვლილება გამოიყენა, ჩვენი გუნდი ორი ბურთით იგებდა: 59-ე წუთზე გიორგი კიკნაძემ დალაშქრა ბუფონის კარი – ეფექტურად გაუტანა პარმის კარის დარაჯს, ხუთ წუთში კი მისი პასით ქებაძემ მეორედ დაამწუხრა იტალიელები.
68-ე წუთზე ფოცხვერიამ და კოკომ იჩხუბეს, რის გამოც შვეიცარიელმა მსაჯმა ორივე მიაბრძანა მინდვრიდან. 89-ე წუთზე სტუმრები საერთოდ ცხრანი დარჩნენ, რადგან ჯონათან ბაკინიმ ვერ მოთოკა ნერვები და წითელი ბარათიც აუფრიალეს.
პრესკონფერენცია არ გაიმართა, ორივე გუნდს თბილისში, ეროვნულ ნაკრებთა მატჩზე მიეჩქარებოდა. ვლადიმერ გუცაევი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩემი დავალება, ფაქტობრივად, უნაკლოდ შეასრულეს. ყურადღება უმთავრესად ბრძოლაზე გავამახვილეთ, შესაბამისად, არაფერს ვუთმობდით იტალიელებს და მომენტებში ვაჯობეთ კიდეც. დღევანდელი შედეგი იმის დასტურია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდობა გვეზრდება“.
ვახტანგ ბზიკაძემ თამაშის მიმოხილვაში დაწერა: „მაშინ, როცა ამ სტრიქონებს ვწერდი, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ იტალიას უძალიანდებოდა.
სიმართლეს ვიტყვი, დიდი ვერაფერი ხვედრი გახლდათ: წლები გაივლის, იქნებ ათწლეულებიც და იტალიელები მეორედ ან გვეწვევიან, ან – არა. იმ წუთებში კი ცხრა მთის იქიდან თბილისს მოახლოებული იტალიელები ჩემგან ათამდე კილომეტრით თუ იყვნენ დაშორებულნი და გნებავთ დამძრახეთ, არ ვნანობდი. მიზეზი? ის დიდი სიხარული, რომელიც გუცაევმა და მისმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გვაჩუქა, ის სიამაყე, რასაც მეც შევუერთდი.
მოგებას წინ ბევრი ოფლისღვრა, არაერთი ღამის ტეხვა და ფიქრიანი შრომა უძღოდა. მაინც კი ისე გამოჩნდა, თითქოს ამ გამარჯვების რწმენა მინდორზევე წამიწამ შეძენილი თავდაჯერებით ჩამოიქნა და თავდაუზოგავი ბრძოლით გამოიჭედა. სხვაგვარად არც იქნებოდა.
მე-4 წუთზე მუჯირის შორეული დარტყმა, 24-ზე ძელს გარტყმული ჯარიმა, 30-ზე ბუფონის ხელიდან გავარდნილი ქებაძის ჩაწოდება, ათ წუთში აშვეთიას მიერ აცილებული თავური და ბოლოს ხუჯაძის აცდენილივე ჯარიმა დღეს უკვე აღარავის ემახსოვრება, ისევე, როგორც გვარამაძის მიერ მოგერიებული ლუკარელის ჯარიმა, ბელუჩის დარტყმული და ფიორეს დამატებული, ამათი კომბინაციის ბოლო – ბელუჩის თავური და ტაიმის მიწურულს ტაკინარდის შორეული, აცილებული დარტყმა…
ამ თამაშს ბევრი გმირი ჰყავს. ბევრი კი არა, უკლებლივ ყველა. ყველამ მოიგო ეს თამაში: მშვიდმა, სანდო-საიმედო გვარამაძემ, ლუკარელიზე აკრულმა სილაგაძემ, დამზღვევმა და თითქმის გაუვალმა ცქიტიშვილმა, ყველგანმყოფმა დიდავამ და ხუჯაძემ, შეცვლაზე ბრწყინვალედ ჩართულმა, თამაშში სიმწვავის შემტანმა ქებაძემ, ორი გოლის შემოქმედმა კიკნაძემ, ბოლომდე დახარჯულმა ალექსიძემ, დამრტყმელმა და მოპასე მუჯირმა, რვაფეხა დრიბლიორმა ფოცხვერიამ, უგოლოდ გარჯილმა მეგოლე აშვეთიამ და სხვებმაც, თავის გამოსაჩენად ნაკლები დრო რომ ჰქონდათ“.
მოგვიანებით სარბიელის გამომცემელმა ზურაბ ფოცხვერიამ იტალიური ყოველკვირეული ჟურნალი გუერინ სპორტივოს მორიგი ნომრები მიიღო. ერთ-ერთში ეროვნული და ახალგაზრდული გუნდების მატჩების მიმოხილვა იყო გამოქვეყნებული. რუსთავში გამართული შეხვედრის მონაწილეები ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა ასე შეაფასეს:
გვარამაძე – 6,5; დიდავა – 6; ცქიტიშვილი – 6,5; სილაგაძე – 6,5; ხუჯაძე – 6; ზირაქიშვილი – 5,5; კიკნაძე – 7; მუჯირი – 6,5; ალექსიძე – 6; აშვეთია – 6; ფოცხვერია – 6,5. შეცვლაზე შესულთაგან ქულა მხოლოდ ლევან ქებაძემ მიიღო – 6,5, ალეკო გოგობერიშვილმა და ედიკ საჯაიამ კი რამდენიმე წუთი გაატარეს მინდორზე და ამიტომაც დარჩნენ შეფასების გარეშე. რაც შეეხება იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს, გუერინ სპორტივომ ყველაზე მაღალი ქულა – 6, ჯანლუიჯი ბუფონს დაუწერა, ყველაზე დაბალი – 4 კი ფრანჩესკო კოკოს. დანარჩენებმა 5 ან 5,5 ქულა დაიმსახურეს.
10 სექტემბერს სარედაქციო დავალებისგან თავისუფალი გახლდით და ვახო ბზიკაძისგან განსხვავებით, იტალიასთან მატჩის სანახავად წავედი, რა თქმა უნდა მეგობრებთან ერთად. ბილეთები სამხრეთი ტრიბუნის პირველ იარუსზე გვქონდა, დაახლოებით იმ თაღის თავზე, სადაც სახანძრო და სასწრაფო დახმარების ავტომობილები ჩერდებიან. იცით რატომ დავაკონკრეტე ჩვენი ადგილები? იმიტომ, რომ თამაშის დაწყებამდე ტრიბუნებზე ადიდასის ბურთები ისროლეს, რომელსაც „მაგთი“ და ნომრები 25 00 00 და 25 11 11 ეწერა. საქმე ისაა, რომ მაგთიმ იმ დღეებში დაიწყო ოპერირება საქართველოში და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონების ვიზიტიც სარეკლამოდ გამოიყენა.
ერთ-ერთი ბურთი ზუსტად იმ სექტორისკენ ისროლეს, სადაც ჩვენ ვისხედით. ისე მოხდა, რომ საჩუქრის ხელში ჩასაგდებად ყველა ლამის ერთდროულად ავხტით და ერთმანეთს ხელი შევუშალეთ. საბედნიეროდ, ჩემმა მეგობარმა ბურთი მაინც დაიჭირა, თამაშის შემდეგ კი ჯანფრანკო ძოლას, ალესანდრო ნესტას, ჩირო ფერარას (ეს სამი ნამდვილად მახსოვს) და სხვა იტალიელებს მასზე ხელი მოვაწერინეთ.
ბურთის პატრონმა კი თქვა მას ხელს ვერავინ დააკარებსო, მაგრამ პატარა ბიჭების ამბავი მოგეხსენებათ, როცა ჩემი მეგობარი შინ არ იყო, მისი ვაჟი ეზოში მეგობრებთან ერთად თამაშობდა და „სუვენირიც“ გვარიანად გაცვდა. წლების შემდეგ, როცა ჩვენი საერთო ძმაკაცი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მცირე ხნით დაბრუნდა და ჩემთან, ოჯახში, ბავშვობის წლები და მათ შორის იტალიასთან თბილისური მატჩი გავიხსენეთ, ბურთის მფლობელმა სამუდამოდ მისახსოვრა 1997 წლის 10 სექტემბრის „ნადავლი“, შენთან უკეთესად შეინახებაო. ისტორიული ბურთის გადაცემის „საზეიმო ცერემონია“ ამ მატჩიდან თითქმის ოცი წლის თავზე შედგა და მას შემდეგ ის ადიდასი ჩემი საფეხბურთო კოლექციის ერთ-ერთი უსაყვარლესი ექსპონატია.
1997 წლის 10 სექტემბერს კი ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი 51 117 მაყურებელი და ტელეეკრანებთან მოკალათებული კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი დაუვიწყარი შედეგის მოწმე გახდა, საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონთან გამართულ მეექვსე ჭიდილში. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ევრო 1996-ის შესარჩევში ჩვენი გუნდი ორჯერ დამარცხდა გერმანიასთან, სკუადრა აძურასთან 0:0-მდე კი ქართველებს ჯერ იტალიელებმა, შემდეგ კი ინგლისელებმა (ორჯერ) გვაჯობეს.
და რაც არანაკლებ საინტერესოა: ეს იყო ჩვენი ეროვნული გუნდის პირველი ფრე შესარჩევ ტურნირებში. სადებიუტო ევროსაკვალიფიკაციოში ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ხუთი თამაში მოიგო და ამდენივე წააგო, საფრანგეთი 1998-ის შესარჩევში კი, იტალიელთა სტუმრობამდე, „ჯვაროსნებმა“ ერთხელ გაგვახარეს, ოთხჯერ კი გული დაგვწყვიტეს.
„ძალიან მომეწონა ქართველთა გუნდი. მათი კარგი თამაში ჩვენთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“, – თქვა თამაშის შემდეგ ჯანფრანკო ძოლამ, რომელიც იმ საღამოს ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. სხვა თუ არაფერი, თამაშის სტარტზე ჩვენი კარის ხარიხა შეაზანზარა და საფინალო სასტვენამდე გვარიანი პრობლემები შეუქმნა მცველებს.
საქართველოს ნაკრების მცველები კი, უნდა ვაღიარო, საიმედონი იყვნენ. დავით ყიფიანმა კვლავ ნაცადი ტაქტიკური განლაგება აირჩია: მარჯვენა ფლანგზე გელა შეყილაძე ათამაშა, ცენტრში მურთაზ შელია, მარცხნივ გიორგი ჩიხრაძე, ხოლო მათი დაზღვევა კაპიტანს, კახი ცხადაძეს დაავალა. ამ უკანასკნელმა იმ დღეს ოცდამეორედ ითამაშა ნაკრებში და მეოცედ უკაპიტნა გუნდს. ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენმა გუნდმა შინდისფერი მაისურებით, შავი ტრუსებით და თეთრი გეტრებით ითამაშა, სტუმრებმა კი ტრადიციული ფორმით – ლურჯი გეტრები და მაისურები და თეთრი შორტები.
ცხადაძე თამაშის დასაწყისში დაშავდა და მე-13 წუთზე კაპიტანი კახი კალაძემ შეცვალა. დინამოელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედად ითვლებოდა, ლამის ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იტალიასთან მატჩში კალაძე მშვენიერი იყო. დავით ყიფიანმა მას კრისტიან ვიერის მეურვეობა დაავალა და კახიმაც ბრწყინვალედ შეასრულა ამოცანა.
ილია ბაბუნაშვილმა თამაშის მიმოხილვაში კალაძის შესახებ დაწერა (სარბიელი; 1997 წლის 11 სექტემბერი): „ქება და დიდება ოცი წლის ბიჭს, რომელიც ეროვნულ გუნდში სულ მეორედ ათამაშეს (ეს კახის მეორე ოფიციალური მატჩი იყო ნაკრებში, ამხანაგურების ჩათვლით კი მეხუთე – ლ.გ.), თანაც, შეცვლაზე შესულს ურთულესი ამოცანა დააკისრეს – კრისტიან ვიერის გაუფერულება. კახამ უშიშრად და ზუსტად იმოქმედა. შეიძლება ახლავე ითქვას, რომ ეროვნულ გუნდს ძლიერი და საიმედო მცველი ეზრდება“.
მასპინძელთა დაცვას მეორე ნახევარში უფრო დიდი ჯაფა დაადგა, რადგან შესვენების შემდეგ ჩეზარე მალდინის ბიჭები მხოლოდ უტევდნენ, მასპინძლები კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავს იცავდნენ.
თამაშის დაწყებიდან ერთ საათში, როცა შეატყო ვიერი გოლის გამტანი არ იყო, ჩეზარე მალდინიმ მადრიდის ატლეტიკოს ოცდაოთხი წლის თავდამსხმელი პიერლუიჯი კაზირაგით შეცვალა. ამ უკანასკნელს მალევე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მას შემდეგ რაც ნიკა ტოგონიძემ ცუდად მოიგერია ანჯელო დი ლივიოს მიერ მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებული (თუ გნებავთ დარტყმული) ბურთი, მაგრამ კაზირაგის მცდელობას კვლავ მეკარე გადაეღობა.
73-ე წუთზე სტუმართა თავკაცმა რობერტო ბაჯოც ჩართო შეტევაში. ლეგენდარული ათიანის გამოჩენით იტალიელთა თავდასხმები კიდევ უფრო სახიფათო გახდა. მორიგი მწვავე იერიში სწორედ ბაჯომ დაიწყო, საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, ხოლო მას შემდეგ, რაც ლევან კობიაშვილმა თავით გამოიტანა, ფილიპო ინძაგიმ ერთი შეხებით დაამატა. ტოგონიძე ისევ საიმედო იყო! ინძაგი, ვინც ორი თვით ადრე შეუერთდა იუვენტუსს ბერგამოს ატალანტადან, ძოლას ნაცვლად შევიდა მინდორზე.
„საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ასეთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მობილიზება ძნელი რომ არის, ვფიქრობ, არავისთვისაა საეჭვო. თანაც, ბოლო დროს ბათუმის წარუმატებლობა ჩემზე გარკვეულწილად გავლენას ახდენდა, მაგრამ შეკრებაზე ნაკრებში ისეთი განწყობა შეიქმნა, რომ თითოეული ჩვენგანი კარგად მოემზადა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად. მადლიერი ვარ ირაკლი ზოიძის და ნიკა ჩხეიძის, მათი თანადგომა ასეთი შეხვედრის წინ ბევრს ნიშნავდა და მეც მატჩისთვის მობილიზება შევძელი“, – თქვა ოცდაექვსი წლის ნიკა ტოგონიძემ. ბათუმის გოლკიპერმა იმ დღეს მეოთხედ ითამაშა ნაკრებში, მაგრამ პირველად შესარჩევ ეტაპზე და ოფიციალური დებიუტი შესანიშნავად აღნიშნა.
ოცდაოთხი წლის შოთა არველაძე კი ოცდამეოთხედ ვიხილეთ ეროვნულ გუნდში. ამსტერდამის აიაქსში გადასულმა ცენტრფორვარდმა დიდებულად დაიწყო ერედივიზიე, გოლი გოლზე გაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ანჯელო პერუცი ვერ დაამწუხრა, ტყუპისცალ აჩიკოსთან ერთად გვარიანად შეაწუხა გამოცდილი იტალიელები. ერთ მომენტში, მოედნის ცენტრში, თუმცა მინდვრის კიდესთან, აჩიკომ დიდებულად ითამაშა და ძალიან ლამაზად დააბზრიალა მცველები. ახლაც მახსოვს მის ფინტებს ტრიბუნები როგორი აპლოდისმენტებით შეხვდნენ…
ავტობიოგრაფიაში „გუშინ“ შოთამ სკუადრა აძურასთან თამაში ასე გაიხსენა:
„ყიფიანმა ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად მოგვამზადა. აქცენტი უფრო ამ ასპექტზე გადაიტანა, ვიდრე ტაქტიკაზე, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ საქართველოს ნაკრების ძალა ინდივიდუალიზმი იყო და მოკლე დროში გუნდის სტილის შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა…
საქართველო მაშინაც დაულაგებელი ქვეყანა იყო. თბილისი, აეროპორტიდან სასტუმრომდე, ჩაბნელებული დაგვხვდა. იტალიის ნაკრები სასტუმრო მეტეხში ცხოვრობდა და როგორც კი შენობაში შევიდნენ, სასტუმროც გაანათეს…
იტალიას მართლაც ღირსეულად ვეთამაშეთ. პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, რობერტო ბაჯო და კრისტიან ვიერი… ამ დიდებულ გუნდს არაფერი დავუთმეთ და მათთვის ძალიან საჭირო ორი ქულა წავართვით. პირველ ტაიმში კახა ცხადაძე ისე დაშავდა, რომ შეცვალეს და ყიფიანმა მის მაგივრად ცხრამეტი წლის კახა კალაძე შეუშვა მინდორზე. კახა მაშინ თბილისის დინამოს ფეხბურთელი იყო და ნაკრებში ერთი-ორი მატჩი თუ ექნებოდა ჩატარებული, მაგრამ კრისტიან ვიერის წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა…
იტალიელთა კართან რამდენიმე მწვავე იერიში მივიტანეთ, აჩიმ ერთხელ „დირკა“ გაუძვრინა პაოლო მალდინის, ერთხელაც მე და აჩიმ „კედელი“ გავითამაშეთ და ჩემი დარტყმა სულ ცოტათი აცდა კარს. გულშემატკივრებს ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალ დონეზე თამაში შეუძლია…
იტალია ფლეი ოფში რუსეთთან სათამაშოდ გავუშვით, ხალხმა კი მაგრად გაიხარა, მთელი სტადიონი ფეხზე დამდგარი გვიკრავდა ტაშს და ასე გვაცილებდა მინდვრიდან“.
მატჩის მიმოხილვის დასასრულს ილია ბაბუნაშვილმა აღნიშნა (სარბიელი; 1997 წლის 11 სექტემბერი):
„რეალისტი გამხდარა ქართველი ხალხი. აბა, რას მივაწეროთ ის ოვაცია, საფინალო სასტვენის შემდეგ რომ გაიმართა?! შინ ფრედ ვითამაშეთ, ხალხმა კი ჩირაღდნები აანთო. გინახავთ, ადრე თბილისის სტადიონზე ვინმეს ფრე გაჰხარებოდეს? ახლა გაუხარდათ და ამ სიხარულის საბაბი სრულიად გასაგებია: შეურაცხმყოფელი და დამღლელი წაგებების შემდეგ ფრე, თან იტალიასთან.
თამაშის წინა დღეებში ყველა იმას ამბობდა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონები ჩამოდიანო. უცნაური რამ გამოდის: ერთი მხრივ, ამის მთქმელთ კარგად მოგვეხსენებოდა, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იმ იტალიელ ბიჭებს შორის, ჩვენს ეროვნულზე რომ უნდა ეთამაშათ, არავინ იყო. იტალია მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახლდათ 1934, 1938 და 1982 წლებში. ასე რომ, სამჯერ ჩემპიონობაზე თქმული, ბუნებრივია, პირობითობა გახლდათ. მეორე მხრივ, ქვეყანა, რომლის ნაკრები სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონია, კლუბები კი ყველაფრის უამრავჯერ მფლობელნი არიან, დიახაც ძლიერია, ძალიან ძლიერი.
იტალია ის ქვეყანაა, რომელსაც დედამიწაზე ერთი-ორი თუ ჰყავს თანასწორი.
იტალია ის ქვეყანაა, რომელიც, როგორც წესი, იმარჯვებს. და მაინც, უნდა გაგვხარებოდა?“
ვერ გეტყვით ვინმეს ეწყინა თუ არა, მაგრამ მე კი ძალიან გამიხარდა ის 0:0. და დღესაც, ამდენი წლის შემდეგაც ვთვლი, რომ იტალიის ნაკრებთან ის არწაგებული თამაში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.
თბილისური თამაშის შედეგმა ქართველებზე არანაკლებ ინგლისელები გაახარა. როცა ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე საფინალო სასტვენი გაისმა, გლენ ჰოდლის ბიჭები უემბლის გასახდელში იდგნენ და მოლდოვასთან მატჩისთვის ემზადებოდნენ. მინდორზე გასვლის წინ მათ იცოდნენ, რომ თუ იმ საღამოს სამ ქულას აიღებდნენ, 11 ოქტომბერს, უკანასკნელი შესარჩევი მატჩის წინ რომში, ოლიმპიკოზე, იტალიასთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ, მათთვის ფრეც კი დიდებული შედეგი იქნებოდა.
გლენ ჰოდლის ინგლისმა ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ოთხი გოლი მიართვა მოლდოვის ნაკრებს. პირველ ტაიმში პოლ სქოულზმა და იან რაიტმა გაახარეს ფანები, შესვენების შემდეგ კი პოლ გესქოინმა და იმავე რაიტმა. 4:0 – მეექვსე გამარჯვება, თვრამეტი ქულა და პირველი ადგილი ჯგუფში.
„ადრე ვთქვი ქართველების დიდი იმედი მაქვს, იტალიას თბილისში ქულებს დააკარგვინებენ-მეთქი, მაგრამ მართალი გითხრათ, ამისა ნაკლებად მჯეროდა. თუმცა მოხდა ის, რასაც ახლა ყოველი ჩვენგანი ისურვებდა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რაოდენ საჭირო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ინგლისმა თბილისში“, – თქვა ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გლენ ჰოდლმა მოლდოველებთან გამარჯვების და ჯგუფში დაწინაურების შემდეგ.
იტალიასთან მატჩს დეილი სტარიც გამოეხმაურა: „ქეცბაია სიტყვის კაცი ყოფილა – თემური ნიუკასლელებს დაპირდა, იტალიელებს ქულებს დავაკარგვინებთო და სიტყვა შეასრულა კიდეც“.
თუ ინგლისელი ჟურნალისტები სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყვნენ, იტალიური გამოცემები ნაკრებს და მთავარ მწვრთნელს არ ინდობდნენ. იქაური პრესის მიმოხილვა სარბიელის მორიგი ნომრისთვის მოვამზადე სათაურით „ვისთვის შოკი, ვისთვის შვება – იტალიური და ინგლისური პრესა თბილისის მატჩზე“:
„თბილისში დაკარგულმა ორმა ქულამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის მებრძოლ იტალიას საქმე ძლიერ რომ გაუფუჭა, ამაზე არც ღირს საუბარი, ისედაც ყველამ იცის. ქართველებმა აპენინელებს კი წაუხდინეს ხასიათი, მაგრამ სამაგიეროდ, ინგლისელებს ერთიორად გამოუკეთეს გონება.
აი, ჩეზარე მალდინის კი, რაც სკუადრა აძურა ჩაიბარა, ასეთი კრიტიკა თავს არ დასტეხია. თითქმის ყველა იტალიელი მას გადამეტებული დაცვისთვის აკრიტიკებს, უფროსი მალდინი კი თავისას არ იშლის. ისე, ფაქტი ჯიუტია: რაც ის მთავარი მწვრთნელია, იტალიას შესარჩევში გოლი რაა, ის არ გაუშვია – ზედიზედ ხუთი ოფიციალური მატჩია ანჯელო პერუცის კარის ბადეს მხოლოდ ნიავი არხევს.
პრესა ჩეზარე მალდინის კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ყველაზე პოპულარულმა გამოცემა გაძეტა დელო სპორტმა პირველ გვერდზე დიდი ასოებით დაწერა, რომ პოლონეთსა და საქართველოში დაკარგულმა ქულებმა უემბლიზე ინგლისელებთან გამარჯვებას ფასი დაუკარგა:
„იტალიამ ჩეზარეს გამო ოთხი ქულა უაზროდ დაკარგა, ხოლო ინგლისმა იმავე მეტოქეებთან მაქსიმუმი აიღო. ამით ჰოდლმა და მისმა ბიჭებმა ირიბი, თუმც კი სრულფასოვანი რევანში აიღეს იტალიასთან და გადამწყვეტი მომენტის წინ ჩამოიტოვეს მეტოქე“. იქვე ისიც ეწერა, ჩეზარეს დაავიწყდა, რომ თბილისში ფრე და წაგება ერთი და იგივე იყოო.
ლა რეპუბლიკამ, რომლის რედაქცია მარადიულ ქალაქშია, შედარებით დიპლომატიური ტონი არჩია: „მართალია ორი ქულა დაკვარგეთ, მაგრამ იტალია ჯერ არ დაღუპულა, შანსები კიდევ გვაქვს, ამიტომ წინასწარ ვაი-ვიშს სჯობს 11 ოქტომბრისთვის გვარიანად მოვემზადოთ“.
დედაქალაქელებისგან განსხვავებით ტურინში გამომავალმა ტუტოსპორტმა არც აცია, არც აცხელა და ჩეზარე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა – მცველი იყო და გასაგებია კარის უსაფრთხოება რომ ევალებოდა, მაგრამ მწვრთნელია და გაუგებარია გოლის შიში რატომ ვერ მოიშალაო. იმავე გამოცემის თქმით, ჩეზარემ ფეხბურთელებს გაშვებული გოლის ისეთი სინდრომი შეჰყარა, პირველ წუთებზე ჩამორჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, იტალიამ თამაში ვეღარც გადაარჩინოსო“.
ზემოთ გუერინ სპორტივო ვახსენე და ბარემ საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრების წევრთა შეფასებებიც გავიხსენოთ:
საქართველო: ნიკა ტოგონიძე – 7,5; გელა შეყილაძე – 5,5; მურთაზ შელია – 5,5; კახი ცხადაძე – შეფასების გარეშე; კახი კალაძე- 5,5; გიორგი ჩიხრაძე – 5,5; ლევან კობიაშვილი – 6,5; თემურ ქეცბაია – 7; მიხეილ ყაველაშვილი – 6,5; გიორგი ქინქლაძე – 6,5; კახი გოგიჩაიშვილი – 6; არჩილ არველაძე – 6,5; გიორგი დარასელია – შეფასების გარეშე; შოთა არველაძე – 5,5.
იტალია: ანჯელო პერუცი – 6; ფაბიო კანავარო – 5,5; ალესანდრო ნესტა – 6; ჩირო ფერარა – 5,5; პაოლო მალდინი – 5,5; ანჯელო დი ლივიო – 5,5; ატილიო ლომბარდო – 5; რობერტო ბაჯო – შეფასების გარეშე; რობერტო დი მატეო – 5,5; დინო ბაჯო – 6; კრისტიან ვიერი – 5,5; პიერლუიჯი კაზირაგი – 5; ჯანფრანკო ძოლა – 5,5; ფილიპო ინძაგი – შეფასების გარეშე.
საქართველო-იტალიის თბილისური თამაშის მიმოხილვას გიო ახვლედიანის საავტორო სვეტით დავასრულებ. Forza Georgia! ტრადიციულად შაბათის სარბიელში გამოქვეყნდა:
„ალბათ არავის გაუკვირდება – ეს ზღაპრული ოთხშაბათი იყო. გამოსულა ხოლმე-მეთქი, ვწერდი წინა შაბათის სვეტში. გამოსულა ხოლმე-მეთქი და გამოვიდა. რა სჯობია ამას? რა თქმა უნდა, არაფერი.
რამდენი ხანია არ ყოფილა ასე. რამდენი ხანია არავისთვის შეგვიშლია ხელი.
რამდენი ხანია გაზეთებისთვის ცეცხლი არ წაგვიკიდებია თამაშის შემდეგ და რამდენი ხანია ასე არ გვიყვირია.
გოლი არ გასულა, მაგრამ თავდაცვა იყო თავგანწირული და თავდადებული. ვგრძნობდი, ვერ გავიტანდით, მაგრამ რომ არ გავუშვით, ეს ზღაპრული იყო. მე მგონია, რომ ეს დიდი გამარჯვება იყო, არაადამიანური ძალების ხარჯვით მოპოვებული. გამოვიდა.
გვარიანად ჩავუფლავეთ საქმე დიდი საფეხბურთო ქვეყნის გუნდს. იტალიელთა კვალიფიკაცია, მათი ოსტატობა, ფეხბურთის ცოდნა მისაბაძია. ჩვენ ნაკრებს ერთადერთი შანსი უნდა ჰქონოდა – არ გაეშვა და ასეც მოხდა.
ეს ისტორიული ფრეა. პირველი ფრე, რაც საქართველოს გუნდი შესარჩევებს თამაშობს.
არა, არა, ეს საუცხოო იყო! ამგვარი მონდომება, ამგვარი ცდა საკუთარი ოსტატობის წარმოჩენისა ფეხბურთელთა მხრიდან ბოლოს როდის იყო, აღარც კი მახსოვს. და ეს მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად დაუხვეწავი და შეუთამაშებელი გუნდია, რომელსაც არსენალში არანაირი საფეხბურთო ფანდი არ აქვს, გარდა მოთამაშეთა პირადი ფანდებისა.
მაგრამ მოთამაშეც არის და მოთამაშეც – ჯანი ჩვენ ბიჭებს აშკარად მეტი აქვთ, ვიდრე ჰქონდათ და ახლა მე არ მოვყვები, ვინ როგორ ითამაშა, ვის გამოცვლას მოითხოვდა ფანობა და ვის თამაშს, ვინ ივარგა და ვინ გაიბლანდა. გუნდმა თავი დადო.
ზოგადად, არჩევანი სწორი იყო – იტალიელებს არ უყვართ, როცა კარში ჩაუდგებიან ხოლმე, მაგრამ არჩევანი მხოლოდ ზოგადად იყო სწორი.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა გვარიანი ჩხვლეტები გასწია. სხვა საკითხია, რომ მეორეში ვეღარ გასწვდა ამას, რაც ჩვენი ფიზიკური და ტაქტიკური ჩამორჩენის ბრალია. ჩვენს ტექნიკურ ილეთებში იყო ძალიან ბევრი წუნი, თუმცა იყო ლამაზი ფინტებიც. ფინტი, თავისთავად, დიდებული რამ არის, მაგრამ ფინტი არ არის ფერწერული ტილო, ფინტი – ერთი მონასმია და მას გაგრძელება უნდა.
კარგი ფორმა თითქმის ყველა ქართველმა აჩვენა. თავგანწირვა – ყველამ. ეს მგონი პირველად იყო, რომ ყველა ქართველი ერთმანეთს ეხმარებოდა. ეს გუნდური თავგანწირვა და ჯიგარი იყო.
და ამათ გვერდით იყო ქართველი ფანობა, რომელმაც იქომაგა ჯიგრიანად, ღირსეულად და როგორც იქნა, ნელ-ნელა და მძიმედ, მაგრამ მაინც შეუდგა ნამდვილი ქომაგობის გზას.
ჩვენ გუნდში იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელმაც პრაქტიკურად უშეცდომოდ და მაღალ დონეზე ითამაშა.
გელა შეყილაძე და მურთაზ შელია, ალბათ, საუკეთესონი იყვნენ. და საერთოდ, ჩვენ მცველებს ხოტბა ეკუთვნით. ქება ეკუთვნით იმათაც, ვინც მცველებს ეხმარებოდა. და ცალ-ცალკე ყველა საქებარია.
პუბლიკა ყაველას აკრიტიკებდა. მას მართლაც ბევრი წუნი ჰქონდა, ბევრი კარგად წამოწყებული შეტევა ჩაშალა ამ უზუსტობებმა, მაგრამ ყაველა წამით არ გაჩერებულა – მან ძალიან ბევრი იმუშავა.
და კიდევ ერთი რამ: აჩი ნამდვილი აღმოჩენა იყო. ასეთი აჩი მე არ მინახავს. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმს ბოლომდე ვერ გაწვდა და შეცვლა ითხოვა. მაგრამ ეს არაფერი – აჩი საუცხოო იყო.
ერთხელ შოთამ თქვა, აჩის ყოველთვის ჩემზე უკეთესი მონაცემები ჰქონდა, უბრალოდ ბედმა უმუხთლაო. ძმამ ძმისა უკეთ იცის. აჩიმ კი მართლაც საუცხოოდ ითამაშა.
ნიკა ტოგონიძე პირველად იდგა ნაკრების კარში ოფიციალურ თამაშში. მას ნევრიულობა ეტყობოდა, მაგრამ გასაოცარი ჯიგრითა და მონდომებით ირჯებოდა. მთლად დახვეწილი არ იყო, მაგრამ ბურთს უხვდებოდა და გვიხსნა კიდეც.
ეს ფრე სასახელო და დიადი იყო ჩვენი საფეხბურთო ფსიქოლოგიისთვის.
Forza Georgia!
გუცაევის მშვენიერი გუნდი კი, ნამდვილი, ჭკვიანი, მოხერხებული და ვაჟკაცური გუნდი, ცალკე სვეტის თემაა“.
ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მატჩები ერთი თვის შემდეგ, 11 ოქტომბერს დასრულდა: ქართველებმა თბილისში პოლონელები გაანადგურეს, რომში კი იტალია ინგლისს დაუხვდა. დავით ყიფიანის გუნდის მომდევნო ორ მატჩზე, მოლდოვაში გამარჯვებაზე და პოლონელებთან შთამბეჭდავ მოგებაზე მომდევნო წერილებში დავწერ, დღევანდელ ჩანახატს კი მარადიულ ქალაქში გათამაშებული საფეხბურთო კლასიკით დავასრულებ.
ჩეზარე მალდინის იტალიამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კარგად ორგანიზებული ინგლისელთა დაცვა ვერ გაარღვია და მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ მეექვსე შესარჩევ მატჩში არ გაუშვა გოლი, ვერც თავად გაიტანა – 0:0. ამ შედეგით მისმა გუნდმა ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა. ინგლისმა კი რვა შეხვედრაში მოპოვებული ცხრამეტი ქულით გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. იტალიამ, რომელიც კონკურენტს ქულით ჩამორჩა, ფლეი ოფში გადაინაცვლა.
1997 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩეზარე მალდინის გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა, სკუადრა აძურას მეტოქედ რუსეთი ერგო. პირველი მატჩი 29 ოქტომბერს შედგა მოსკოვში, სიცივესა და თოვლში, საპასუხო კი 15 ნოემბერს ნეაპოლში, სან პაოლოზე. მოსკოვური ჭიდილი 1:1 დასრულდა: კრისტიან ვიერიმ 49-ე წუთზე კი გახსნა ანგარიში, მაგრამ დინამოს სტადიონის ტაბლოზე სამ წუთში საყაიმო ანგარიში ენთო – ფაბიო კანავარომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
ნეაპოლური მატჩის წინ ტიფოზებს ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდათ. ევრო 1996-ზე განცდილი კრახის შემდეგ (არიგო საკის გუნდი ჯგუფში ჩარჩა) არავის სურდა მეორე დიდი ტურნირის ჩაგდება. მათდა საბედნიეროდ, იტალიამ გაიხარა – 53-ე წუთზე პიერლუიჯი კაზირაგიმ სერგეი ოვჩინიკოვს ერთადერთი გოლი გაუტანა და აპენინელებიც ფინალისტებს შეუერთდნენ.
იტალია-რუსეთის ორ მატჩს მეც ტიფოზებივით მოუთმენლად ველოდი და სკუადრა აძურას საფრანგეთში მოხვედრით, მათსავით სულით და გულით გავიხარებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ოქტომბერში უსაყვარლესი ბებია გარდამეცვალა. უდიდესმა დანაკარგმა კი ჩემი ფავორიტი იტალიელების მაშინდელი გამარჯვება გამიუფერულა.
* * *
10 სექტემბერი, 1997. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 51 117
საქართველო 0:0 იტალია
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, გელა შეყილაძე, მურთაზ შელია, კახი ცხადაძე (კაპ) (კახი კალაძე 13), გიორგი ჩიხრაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ქინქლაძე (კახი გოგიჩაიშვილი 65), არჩილ არველაძე (გიორგი დარასელია 79), შოთა არველაძე
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
იტალია: ანჯელო პერუცი, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, ჩირო ფერარა, პაოლო მალდინი (კაპ), ანჯელო დი ლივიო, ატილიო ლომბარდო (რობერტო ბაჯო 73), რობერტო დი მატეო, დინო ბაჯო, კრისტიან ვიერი (პიერლუიჯი კაზირაგი 64), ჯანფრანკო ძოლა (ფილიპო ინძაგი 80)
მწვრთნელი: ჩეზარე მალდინი
გაფრთხილება: გელა შეყილაძე, არჩილ არველაძე, რობერტო დი მატეო, ფაბიო კანავარო
მსაჯები: რუნე პედერსენი; ტორე ალანდი, ოლა ბიერსენი (ნორვეგია)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 19 თებერვალი
ფოტო: ელდარ მალხაზიშვილი
* – 2026 წლის 19 თებერვალს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
