1998: ახალი კაცი ეროვნულ ნაკრებში – ყიფიანი გუცაევმა შეცვალა

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1997 წლის 4 დეკემბრის ბრძანებამ ნომრით 709 ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის 21 ნოემბრის ბრძანება #5351, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის და გენერალური მდივნისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებდა.

პრეზიდენტის ეს ნაბიჯი იძულებითი იყო. მას განუმარტეს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ დაშვებული უპატიებელი შეცდომის გამოსწორების სხვა სამართლებრივი გზა უბრალოდ არ არსებობდა. თუ პრეზიდენტი საგანგებო ბრძანებით არ გააუქმებდა იუსტიციის სამინისტროს და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხსენებულ ბრძანებას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფიფას სასჯელი არ ასცდებოდა. საერთაშორისო სკანდალი კი, ისედაც პრობლემებში ჩაფლული ქვეყნის პრეზიდენტს ნამდვილად არ სჭირდებოდა.

შევარდნაძის გადაწყვეტილებამ აშკარად გააღიზიანა კახი ასათიანი. სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანების კომენტარისგან თავი შეიკავა, ინტერვიუებზე კი უარი თქვა.

ჟურნალისტების კითხვებს მისმა პირველმა მოადგილემ, იმავდროულად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯანო ბაგრატიონმა უპასუხა. მისი საუბრიდან აშკარად ჩანდა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის მოულოდნელობა იყო ფეხბურთის ფედერაციაზე განხორციელებული შეტევის ასეთი დასასრული:

„სავსებით ვეთანხმები ედუარდ შევარდნაძის ბრძანებას. ყველაფერი ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გაკეთდა. ვნებების დასაოკებლად ამგვარი ბრძანება დროული იყო. დაპირისპირება ძალიან გაჯანჯლდა, აუცილებელი გახდა ჩვენ შორის ურთიერთობის დარეგულირება, ხალხს მოსწყინდა ამდენი დავიდარაბა…

არ მიმაჩნია, რომ დეპარტამენტი დაიჩაგრა. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, სულ უფეხბურთოდ რომ დავრჩენილიყავით. ეს კატასტროფა იქნებოდა! დეპარტამენტი საქართველოს კანონების შესაბამისად მოქმედებდა, უკანონო არაფერი გაგვიკეთებია…

ფიფამ, რატომღაც, სხვანაირად ჩათვალა. მგონი, ცოტა ზედმეტი მოუვიდათ ასეთი შინაარსის ფაქსი რომ გამოაგზავნეს. ჩვენ დარწმუნებულნი არ ვიყავით, ფიფადან ასეთი ფაქსი თუ მოვიდოდა, რადიკალური პოზიცია ნამდვილად მოულოდნელი იყო. იოზეფ ბლატერის ხელმოწერილი ფაქსი ხერხი იყო თუ სხვა რამ, ახლაც ვერ გამიგია…

მოკლედ, მთავარია, რომ ემოციები ჩაცხრა. ახლა მოსალაპარაკებლად დასხდომაა საჭირო და საქმის სასიკეთოდ შემობრუნება. საამისოდ პირველი ნაბიჯი პრეზიდენტმა უკვე გადადგა. ჩვენც მხარს ავუბამთ“.

დეპარტამენტთან დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მომზადებას შეუდგა. იმ შეხვედრას ორი მთავარი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი: თუ ვინ იქნებოდა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ყიფიანის გადაწყვეტილების შემდეგ და როდის გაიმართებოდა ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა.

პოლონეთთან თბილისში 3:0 გამარჯვების წინ დავით ყიფიანმა თქვა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აღარ დარჩებოდა. ჩვენი ფეხბურთის სამზარეულოში ჩახედულმა ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა კარგად იცოდნენ, რომ მისი და ფედერაციის მესვეურების ურთიერთობა იდეალური ნამდვილად არ იყო. მეტიც, მას კარგიც არ ეთქმოდა. ქართული ფეხბურთის მაღალჩინოსნები მთავარი მწვრთნელისგან მეტ სიმკაცრეს ითხოვდნენ, ყიფიანი კი მათ განზე გადგომას სთხოვდა.

1997 წლის 23 დეკემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა დინამოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელი ზაურ კალოევი. ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც 50-იან წლებში შეუერთდა დინამოს, 1959 და 1960 წლებში საკავშირო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის საჩემპიონო სეზონში, 1964 წლის დასაწყისში გამოეთხოვა კლუბს, რომლის მაისურით ასზე მეტი გოლი გაიტანა…

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შოთა იამანიძის ქუჩის ხუთ ნომერში 25 დეკემბერს, დილიდან შეიკრიბნენ. ყველას აინტერესებდა დაესწრებოდა თუ არა სხდომას სფფ-ის პრეზიდენტი, მაგრამ ნოდარ ახალკაცი არ გამოჩენილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ექიმებმა მკაცრად აუკრძალეს ნერვიულობა და ამიტომაც ჩაიარა იმ შეხვედრამ მის გარეშე.

ჟურნალისტი მამუკა კვანტალიანი 27 დეკემბერს სარბიელში გამოქვეყნებულ წერილში „25 დეკემბრის არასაშობაო აჟიოტაჟი დიდუბეში“ წერს:

„აღმასკომამდე ქალაქში ჭორად მოარულ მრავალ ვერსიას გაიგონებდით. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლდათ – აღმასკომის სხდომა მთლიანად ფარსი იქნება და ფედერაციას უკვე ყველაფერი გათვლილ-გადაწყვეტილი აქვსო. მართლაც, აღმასკომი წინასწარ შეთხზული სცენარით დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, ფედერაციასთან შეკრებილთა უმეტესობას ასე მოეჩვენა.

ფეხბურთის მამებმა თავყრილობა დათქმულ დროს დაიწყეს. გასულ წელთან შედარებით, ფედერაციასთან შეკრებილ ჟურნალისტებს უკეთესი სამუშაო პირობები შეგვექმნა. ფედერაციის თანამშრომლებს წელს შესასვლელი კარი არ ჩაურაზავთ, ის კი არა, შენობაში შესვლისა და მეორე სართულის დერეფანში დგომის უფლებაც მოგვცეს. იქაურთა მოწყალება აღმასკომზე მოსულმა დავით ყიფიანმაც შენიშნა, დერეფანში თავმოყრილთ მოგვესალმა და სიტყვაც შეგვაწია – წელს პროგრესისთვის მიგიღწევიათო.

აღმასკომი დაიწყო თუ არა, მთავარ კაბინეტში ვიდეოოპერატორები და ფოტოკორესპონდენტები შეუშვეს, სამუშაო სიტუაცია დააფიქსირებინეს და ბოდიშის მოხდით ისევ გარეთ გამოისტუმრეს. ამის შემდეგ ჯადოსნური კარი ჩაიკეტა“.

პირველ საკითხად საშეჯიბრო განყოფილების ანგარიში იყო ჩანიშნული, შემდეგ კი სადისციპლინო კომიტეტის მოხსენება. მალე გაირკვა, რომ ჭიათურის მაღაროელსა და თბილისის დინამოს (27 ოქტომბერს – 1:1) შორის მომხდარი ინციდენტის გამო ქვეყნის ჩემპიონს გათამაშების ცხრილში 5 ქულა დააკლდა, დედაქალაქელთა მთავარ მწვრთნელს დავით ყიფიანს ემოციების საჯაროდ გამოხატვა და ხელების ქნევა არ აპატიეს.

ამის შემდეგ ნაკრები გუნდების თავკაცების დრო დადგა. აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე პირველად ეროვნულის თავკაცი წარსდგა. ყიფიანმა მოკლედ ისაუბრა, შემდეგ დარბაზი დატოვა და ფოიეში შეკრებილი ჟურნალისტები მეორე დღეს, პარასკევს, 26 დეკემბერს, 13 საათზე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მიიპატიჟა, მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ, ჩემ სათქმელს იქ ვიტყვიო.

დაახლოებით ერთ საათში თავყრილობა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები ჟურნალისტებს სფფ-ის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ კობერიძემ გააცნო:

„ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ვლადიმერ გუცაევი. აღმასკომმა ყიფიანს გაწეული მუშაობა დადებითად შეუფასა, მადლობა მოახსენა, მაგრამ მანდატის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

მან, ფაქტობრივად, გააგრძელა ჩივაძის საქმე, ნაკრებს ახალი სული ვერ შთაბერა. იყო ცალკეული უდისციპლინობებიც, რამაც პოლონური ფიასკო გამოიწვია. აღმასკომმა გაითვალისწინა გუცაევის დამსახურება და მიღწევები, ამიტომ საბოლოოდ მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა.

ახალგაზრდული გუნდი გიგლა იმნაძეს ჩააბარეს, 18-წლამდელებში ვახტანგ კოპალეიშვილი დატოვეს, 16-წლამდელები ოთარ შენგელიას ანდეს, ხოლო ახალი, 14-წლიანთა ნაკრები თენგიზ სულაქველიძის ხელმძღვანელობით გაიწვრთნება.

აღმასკომმა ანდრო ჟორდანიას სახელობის პრემია აწ უკვე ეროვნული გუნდის თავკაცს ვლადიმერ გუცაევს უბოძა. შარშან პრემია არავისთვის მიუციათ – ღირსად არავინ ცნეს“.

იმავე დღეს გაირკვა მეორე მთავარი საკითხიც: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყრილობა 1998 წლის 24 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დანიშნა. იქვე ითქვა, რომ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში აუცილებლად ჩაერთვებოდა სახელმწიფო კომისია.

ნოდარ კობერიძის შემდეგ ჟურნალისტებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე შეხვდა, რომელმაც ერთი საინტერესო ინფორმაცია ამცნო შეკრებილებს. გადაწყდა, რომ 1998 წლიდან ნაკრები დინამოს ბაზაზე აღარ ივარჯიშებდა:

„დინამოს თავკაცებს მადლობას მოვახსენებთ გაწეული დახმარებისთვის. ნაკრებს თავის ბაზა ექნება. ოქროყანაში, სამთავრობო აგარაკები რომ არის, ტერიტორიის და სახლების ნაწილი დაგვეთმობა. ამაზე ბატონმა პრეზიდენტმა უკვე დაადო რეზოლუცია. ფიფა და უეფა კი იქაურობის მოსაწყობად თანხებს გადმოგვირიცხავენ და კეთილმოწყობილი ბაზაც მალე გვექნება“.

იმ ჟურნალისტების უმრავლესობა, რომლებმაც ვლადიმერ გუცაევს ფედერაციასთან მიულოცეს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, მეორე დღეს დიღმის ბაზაზე, ყიფიანის პრესკონფერენციაზე შეიკრიბა. თბილისის დინამოს თავკაცთან ერთად მედიის წარმომადგენლებს კლუბის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია და ვიცე-პრეზიდენტი რომან შოთაძეც დახვდნენ. დავით ყიფიანმა თქვა:

„აღმასკომს ნაკრებში 25 მარტიდან 11 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში მოვახსენე. ჩემი საქმიანობა დადებითად შეაფასეს, მაგრამ თანამშრომლობა რომ აღარ შემომთავაზეს, მიზეზად ეს მითხრეს, ფედერაციასა და ნაკრების მოთამაშეთა შორის კონტაქტი ვერ უზრუნველყავი, თანაც, გუნდის და ნაკრების მუშაობის შეთავსება არ შეიძლებაო.

დინამოს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაც ამის წინააღმდეგი იყო, ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ კი მაინც დათანხმდა. თუმცა, მხოლოდ ციკლის დასრულებამდე. ამის აღნიშვნა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან არალოგიკურია მწვრთნელის მუშაობა გაკმაყოფილებდეს და მასთან ურთიერთობა გაწყვიტო აბსურდული მიზეზით – ვერ უზრუნველყო ფედერაციასთან ნაკრების წევრთა კონტაქტი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

აღმასკომზე ზეწოლაც იყო, ჩემი მუშაობა არადამაკმაყოფილებად რომ ეცნოთ. ეს აზრი კვინიკაძისგან მოდიოდა. თურმე ჩემი მწვრთნელობისას არაფერი გაკეთებულა, ნაკრები ძველი შემადგენლობით თამაშობდა და სასიკეთო ძვრებიც არ ყოფილა.

ფაქტებს მოვიშველიებ: ჩემი მისვლისას ნაკრების ანგარიშზე ქვეჯგუფში ქულა არ ირიცხებოდა, 11 ოქტომბერს კი 10 ქულა გვქონდა. გაიხსენეთ, 1996 წლის ბოლოს ფიფას კლასიფიკაციაში ჩვენ ასეულშიც ვერ მოვხვდით, წელს კი 69-ე ადგილზე დავწინაურდით. აი, ამით ვუპასუხებ ზოგიერთ პასუხისმგებელ მუშაკს, რომლებიც გაიძახიან, ნაკრებს პროგრესი არ განუცდიაო.

აღმასკომზე უცნაური შთაბეჭდილება შემექმნა – თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი, მათ შორის ჩემი ბედიც. დღის წესრიგში მწვრთნელთა არჩევა იყო, მაგრამ რას უნდა მივაწეროთ აღმასკომამდე ორი დღით ადრე ფედერაციიდან უეფაში, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფების კენჭისყრაზე სია რომ გააგზავნეს და მე მასში არ ვიყავი? ამ კითხვაზე ჩივაძემ, კვინიკაძემ და ანდრიაძემ ვერაფერი მიპასუხეს, არაფერი ვიცითო. ესე იგი, ჩემი ვარაუდი, რომ აღმასკომამდე გადაწყვიტეს ყველაფერი, მართალი ყოფილა“ (სარბიელი; 1997 წლის 27 დეკემბერი).

მერაბ ჟორდანიამ და რომან შოთაძემ მხოლოდ კლუბში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, თუმცა ჟორდანიამ კითხვას, აპირებთ თუ არა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებასო, ასე უპასუხა:

„ჯერ ასეთი სურვილი არ მქონია, მაგრამ თუ მსგავსი აზრი მომწიფდება, მაშინ იგი ყრილობას ახალკაცმა, ანაც საფეხბურთო სამყარომ უნდა მიაწოდოს. მე კი ახალკაცს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე არასდროს დავუპირისპირდები. პირიქით, ფედერაციის თავკაცებს მუდამ თანამშრომლობას ვთავაზობ. დაპირისპირება ჩვენი ფეხბურთისთვის დამღუპველია. ყოველ შემთხვევაში, სანამ საფეხბურთო სამყაროში კონფლიქტები იქნება, დინამო კანდიდატურას არ წარადგენს. ვაჟა ჟვანია ჩემი ბავშვობის მეგობარია და სწორედ ახალკაცთან უთანხმოების გამო იძულებული გახდა დინამოდან წასულიყო“.

დიღმის ბაზაზე გამართული პრესკონფერენცია დავით ყიფიანის ემოციური გამოსვლით დასრულდა:

„კიდევ კომპრომისებზე ფიქრი შეუძლებელია. არ უნდა იყოს ის კაცი მანდ და მორჩა ლაპარაკი, თუ გინდათ ფეხბურთს ეშველოს. „ტორმუზია“, დაწერეთ პირდაპირ ჩემი სიტყვები. თუ იქნება, მაგასაც ვნახავთ. ხომ ეგრე მოინდომეს, კაი ბატონო. ეს ჩემი აზრია. მაგას რომ უნდა, ყიფიანი მასე არასდროს იქნება, ყიფიანი მამამისთან არ ყოფილა მორჩილი“.

სარბიელელმა მერაბ მამულაშვილმა, რომელიც იმ პრესკონფერენციას დაესწრო და გაზეთში გამოქვეყნებული მასალა ასე დაასათაურა – „ყიფიანი მუხრუჭის წინააღმდეგ“, წერილის ბოლოს აღნიშნა:

„ყიფიანმა რომ არ გვისაყვედუროს, ჟურნალისტები ჩემს სიტყვებს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევთო, მის მიერ მოხსენიებული ნაცვალსახელები კონკრეტული გვარებით არ შემიცვლია. ვინ იცის, მე რომ მეგონა ყიფიანი ახალკაცზე საუბრობდა, მან სინამდვილეში ვინ იგულისხმა.

ასეა თუ ისე, ყიფიანის თქმით, ფედერაციის თავკაცთა აბსურდულმა ბრალდებებმა იგი კარგ ხასიათზე ნამდვილად არ დააყენა და ფედერაციამაც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქართველი საფეხბურთო მოღვაწისგან საახალწლოდ საარტილერიო ზალპი დაიმსახურა. ეს კი სულაც არ ჰგავს საზეიმო ფოიერვერკს. ეტყობა, საქმეს კვლავ შავ-თეთრი ელფერი ეძლევა“ (სარბიელი; 1997 წლის 27 დეკემბერი).

1997 წლის დეკემბრის ამბები, უფრო კონკრეტულად კი დავით ყიფიანის წასვლა ეროვნული გუნდიდან, ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემაც გაიხსენა ავტობიოგრაფიაში:

„საქართველოს ნაკრები გუნდს დაემსგავსა, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და დავიჭირეთ, მაგრამ რისი შექმნაც მოვახერხეთ, ისიც დაანგრიეს.

შევიტყვე, რომ დავით ყიფიანს მოხსნას უპირებდნენ და მის ნაცვლად ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელს, ვლადიმერ გუცაევს ნიშნავდნენ. მე და აჩიმ ეს ამბავი მეგობრებისგან შემთხვევით გავიგეთ. ისინი საქართველოს დელეგაციას ვიზის და ბილეთების აღებაში ეხმარებოდნენ. გვითხრეს, რომ ჩვენი დელეგაცია 2000 წლის კენჭისყრაზე ციურიხში მიემგზავრებოდა, სადაც მთავარი მწვრთელის ადგილზე, ყიფიანის ნაცვლად, გუცაევი ეწერა.

როგორც კი ეს გავიგეთ, ყიფიანთან მივედით და ყველაფერი ვუთხარით. გვითხრა ამის შესახებ უკვე ვიციო, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს ამბავი ჩვენგან გაიგო. უბრალოდ, არ შეიმჩნია, არ უნდოდა ჩვენთვის დაენახებინა გაწბილება და წყენა.

დათო ყიფიანი ფედერაციაში აღმასკომის სხდომას უნდა დასწრებოდა, რომელზეც მისი და ნაკრების გარჯა შეფასდებოდა. ყიფოს ვუთხარით, აღმასკომზე ნაკრების ფეხბურთელებიც წამოვალთ და გვერდში დაგიდგებით-მეთქი. ამაზე უარი გვითხრა.

აღმასკომზე მის მიერ გაწეული სამუშაო კარგად შეაფასეს, მაგრამ ნაკრებიდან მაინც გაუშვეს… გაუგებარი, სასაცილო და სამარცხვინო მიზეზით – ვერ უზრუნველყავი კონტაქტი ფედერაციასა და ნაკრების ფეხბურთელებს შორისო! ჩემი აზრით, ეს უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდება იყო“.

2008 წლის 22 ოქტომბერს გაზეთ ლელოში ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით კვინიკაძის მოგონება გამოქვეყნდა სათაურით „ჩივაძე, ყიფიანი, გუცაევი, მილუტინოვიჩი“. ნოდარ ახალკაცის ერთგულ თანამებრძოლს ჟურნალისტი დავით თავართქილაძე შეხვდა. სფფ-ის მაღალჩინოსანმა 1997 წლის მიწურულის ამბების შესახებ თქვა:

„ყიფიანის ხელში ჩვენმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთი 7:0 დაამარცხა, მერე შესარჩევში ინგლისთან სტუმრად 0:2 წააგო, შემდეგ შინ მოლდოვას 2:0 მოვუგეთ და დადგა პოლონეთში ჩასვლის დროც…

კატოვიცეში 1:4 წავაგეთ და სალაპარაკოც ბევრი არაფერია, ხოლო თბილისში რომ ვბრუნდებოდით, ფეხბურთელები თვითმფრინავში ძალიან ცუდად იქცეოდნენ. ბიჭებმა დალიეს და ზედმეტი მოუვიდათ. ერთ-ერთი სტიუარდესა ჩემთან მოვიდა და შემომჩივლა, თუ როგორ შეურაცხყოფდნენ მას ჩვენი ფეხბურთელები.

ხელმძღვანელობა, მათ შორის მთავარი მწვრთნელიც, წინა სალონში ვისხედით. ახალკაცს და ყიფიანს ეძინათ. გამოსავლის მოძებნას ძოძუაშვილი შეეცადა. მოვიდა ჩემთან და მითხრა – თუ ნებას დამრთავ, ერთი ბოთლი ვისკით მივალ ფეხბურთელებთან და ვეცდები დავაწყნაროო. ძოძუაშვილისთვის უარი არ მითქვამს და მისმა იდეამაც გაამართლა – სიტუაცია, ასე თუ ისე, დაწყნარდა…

ამ ამბის გამო ყიფიანი და ძოძუაშვილი მეორე დღეს ფედერაციაში დავიბარეთ და მკაცრი საყვედურიც ვუთხარით. ამ საკითხზე აღმასკომმაც იმსჯელა…

ყიფიანმა გუნდი ნული ქულით ჩაიბარა და შესარჩევი ციკლი 10-ით ჩაამთავრებინა, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ ნაკრებში სხვა მწვრთნელი მოგვეყვანა. ყიფიანის შეცვლა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ იმ დროს მწვრთნელები გუნდში სიტუაციას ვერ ფლობდნენ. მართალია მის დროს ნაკრებს ურიგო შედეგები არ ჰქონდა, მაგრამ შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ სიტუაცია უარესობისკენ წასულიყო. საჭიროდ ჩავთვალეთ ამ მდგომარეობის გამოსწორება. ნაკრების ფეხბურთელებს შორის სხვადასხვა დაჯგუფებაც კი იქმნებოდა…

სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედეთ. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდულის თავკაცი ვლადიმერ გუცაევი მოვიწვიეთ. თუმცა, იყო შიშიც – ეყოფოდა კი მას ავტორიტეტი საიმისოდ, რომ გადაეფარა რამდენიმე ფეხბურთელის პრივილეგირებული სანაკრებო მდგომარეობა“.

იმავე წერილში დავით კვინიკაძემ ნაკლებად ცნობილი ისტორიაც გაიხსენა:

„ახალკაცის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1997 წლის შემოდგომაზე, სიტყვიერი შეთანხმება იყო მიღწეული ბორა მილუტინოვიჩთან, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები უნდა გაეწვრთნა. ნოდარი პირადად შეხვდა მას, მოლაპარაკებები საქმიანად მიდიოდა, მაგრამ… სამწუხაროდ, ახალკაცს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა“.

სარბიელის 1997 წლის 27 დეკემბრის ნომერში ეროვნული გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან, ვლადიმერ გუცაევთან ინტერვიუ დაიბეჭდა – „გუცაევი ყველაფერს თავიდან იწყებს“. ნაკრების რიგით მეხუთე თავკაცს ჟურნალისტი კობა ინასარიძე შეხვდა:

„რომ გითხრათ საერთოდ არაფერი ვიცოდი ჩემი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე, მართალი არ ვიქნები. ვიცოდი, ოღონდ ეჭვის დონეზე. ბევრჯერ უთქვამთ, ვოვა, მართალია, თითქოს შენ გნიშნავენ მწვრთნელადო. მე კი მუდამ ვპასუხობდი, მერამდენე ხარ თუ იცი, ვინც ამას მეკითხება-მეთქი. ყველაფერი დღეს, 25 დეკემბერს გაირკვა…

უდიდესი ვალი მაკისრია საქართველოს წინაშე. ვეცდები, ჩემი ცოდნა შედეგით დავამტკიცო. საკუთარი იდეები მაქვს, ვნახოთ რა გამომივა…

გარანტიას ვერავის მივცემ, ვერ გეტყვით, მომავალ ციკლში უცილობლად პირველ ადგილს დავიკავებთ-მეთქი, მაგრამ გპირდებით, მსაჯის სასტვენიდან დაწყებული ბოლო წუთამდე იბრძოლებენ ეროვნული გუნდის ფეხბურთელები…

დავით ყიფიანთან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჩვენ მშვენიერი დამოკიდებულება გვაქვს და იმედია, ასეც გაგრძელდება. ვფიქრობ, ჩემი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა არაფერს შეცვლის ჩვენს ხანგრძლივ, ნაცად ურთიერთობებში“.

იმავე დღეებში საფეხბურთო წელიწადი შეაჯამა ფრანს ფუტბოლმა და „ოქროს ბურთის“ მორიგი მფლობელი გამოავლინა. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მილანის ინტერის ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს, რონალდოს ერგო. ლუის ნაზარიუ დე ლიმამ 222 ქულა მოაგროვა და დიდი უპირატესობით აჯობა მადრიდის რეალის იუგოსლავიელ თავდამსხმელ პრედრაგ მიატოვიჩს (68) და მესამე ადგილზე გასულ ზინედინ ზიდანს (63), რომელიც ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

საქართველოს 1997 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება კი მოკრივე გიორგი კანდელაკმა მოიპოვა. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველმა მსოფლიო ჩემპიონმა 369 ქულა მოაგროვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელდარ კურტანიძე მეორე ადგილზე გავიდა (282), ძიუდოისტი გიორგი ვაზაგაშვილი (240) კი მესამე იყო.

საუკეთესო ათეულში ორი ფეხბურთელი მოხვდა: შოთა არველაძემ 152 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო თემურ ქეცბაია (141) მას ორი საფეხურით ჩამორჩა. რაც შეეხება 1997 წლის საუკეთესო გუნდებს, სამბისტებისა და ქალ მოჭადრაკეთა გუნდის შემდეგ ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

ეროვნული ჩემპიონატის ლიდერმა თბილისის დინამომ მეორე წრისთვის მზადება შობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო, ძველით ახალი წლიდან რამდენიმე დღეში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი და რამდენიმე ჟურნალისტი ბელგიის ქალაქ გენტში გაემგზავრნენ.

ევრო 2000-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრა ამ ულამაზეს ქალაქში იყო დანიშნული. საქართველო მესამე კალათის უკანასკნელ საფეხბურზე განთესეს 27-ე ნომრად, ირლანდიის, შვეიცარიის, შვედეთის, ლიეტუვის, უკრაინის, სლოვაკეთის, ფინეთის და ისრაელის ნაკრები გუნდების შემდეგ.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 26 მარტი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2026 წლის 26 მარტს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian