მსოფლიო თასის საინტერესო ამბები: დიორდი შაროში და ლეო მესი
ფიფას ოქროს თასის გათამაშების ისტორიაში, 1930 წლიდან დღემდე, სულ ორი ფეხბურთელია, რომელმაც ერთი მუნდიალის მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში გაიტანა გოლი.
პირველი, ვინც ეს შეძლო, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი უნგრელი, მეორე მსოფლიო ომამდელი ფეხბურთის ბრწყინვალე წარმომადგენელი დიორდი (ჯორჯი) შაროში გახლავთ.
1938 წელს, საფრანგეთში, მსოფლიოს III ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. ბუდაპეშტის ფერენცვაროშის ფორვარდმა ყველა მეტოქეს გაუტანა გოლი: მერვედფინალში დუბლი შეასრულა ჰოლანდიის ინდოეთთან (დღეს ინდონეზია) 6:0 მოგებულ შეხვედრაში; მეოთხედფინალში ერთი გოლი გაუტანა შვეიცარიას; ნახევარფინალში შვედების კარი დალაშქრა; ფინალში კი მეორე საპასუხო ბურთი შეუგდო მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას.
84 წლის შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში, კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შაროშის რეკორდი ლეო მესიმ გაიმეორა. დიადმა არგენტინელმა ფლეი ოფის ყველა ეტაპზე გაიტანა: ავსტრალიასთან (მერვედფინალში), ნიდერლანდებთან (მეოთხედფინალში), ხორვატიასთან (ნახევარფინალში) და ფრანგებთან დუბლი იმ დაუვიწყარ ფინალში.
შაროშის და მესის რეკორდი ვეღარ განმეორდება, რადგან წლევანდელი მსოფლიო თასიდან ფლეი ოფს კიდევ ერთი წრე, მეთექვსმეტედფინალი დაემატა…
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 1 აპრილი
ფოტოკოლაჟი: Storie di Calcio
