ეროვნული ნაკრების ისტორია: ჯვაროსნების პირველი თასი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში ერთადერთი ჯილდო 1998 წლის თებერვალში მოიგო. ვლადიმერ გუცაევის მომზადებულმა გუნდმა მალტის ოთხთა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა და როთმენსის თასი აღმართა. ეს წერილი სწორედ მაშინდელ ამბებზეა: ახალი მთავარი მწვრთნელის სანაკრებო დებიუტზე, კუნძულზე მიჯრით მოგებულ სამ თამაშზე და ზოგადად იმ დღეებზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი მეორე ტერორისტული აქტითაც გვახსოვს.
დარწმუნებული ვარ გუცაევი ნაკრებში თამაშს არ მაღირსებს – ამ სათაურით გამოქვეყნდა 28 იანვარს, გაზეთ 11X11-ში ზაზა ჯანაშიას ინტერვიუ. მოსკოვის ლოკომოტივის ცენტრალურ თავდამსხმელს, რუსეთის თასის ორგზის გამარჯვებულს, ჟურნალისტი ნიკა მჟავანაძე ესაუბრა.
იმ წლების რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი სეზონის წინ იტალიაში ემზადებოდა. ზაზა ჯანაშიას მცირე ტრავმა აწუხებდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ამხანაგურ შეხვედრებს კი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. 21 წლის ფეხბურთელი მოსკოვურ კლუბში იმდენად კარგად თამაშობდა, რომ სტამბოლის გალათასარაის ყურადღებაც მიიპყრო, თუმცა თურქულ გრანდში გადასვლას მან ლოკომოტივში დარჩენა არჩია. ხსენებულ ინტერვიუში ზაზამ საკლუბო ამბების გარდა ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა, ნაკრების ახალი მწვრთნელის შესახებ კი თქვა:
„გუცაევის დანიშვნა ნამდვილად არ იმოქმედებს ჩემზე კარგად. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ნაკრებში თამაშს არ მაღირსებს, ძალზე სკეპტიკურადაა განწყობილი ჩემს მიმართ. ამის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა. რა თქმა უნდა, დავით ყიფიანის დროს მეტი შანსი მქონდა ეროვნულ გუნდში მოხვედრისა, მაგრამ მაინც ვეცდები ჩემი კარგი თამაშით ყველას დავუმტკიცო, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ. ალბათ, ამას ანგარიშს გაუწევს ნაკრების ხელმძღვანელობაც და დამიძახებენ ქვეყნის უპირველეს გუნდში“.
ამ ინტერვიუდან ორ დღეში ვლადიმერ გუცაევმა პირველ შეკრებაზე მიწვეულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. მალტის ოთხთა საერთაშორისო ტურნირის განაცხადისთვის მთავარმა მწვრთნელმა 20 ფეხბურთელი შეარჩია. ზაზა ჯანაშია მათ შორის ვერ მოხვდა:
მეკარეები: ნიკა ტოგონიძე (ბათუმის დინამო), დავით გვარამაძე (რიგის სკონტო, ლატვია)
მცველები: გივი დიდავა (თბილისის დინამო), გელა შეყილაძე (ბათუმის დინამო), ლევან სილაგაძე (სკონტო, ლატვია), მურთაზ შელია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), ვახტანგ ხვადაგიანი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), გიორგი ჩიხრაძე (ვუჰანის ციანვეი უანდაო, ჩინეთი)
ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე (ორივე თბილისის დინამო), გიორგი ნემსაძე (ციურიხის გრასჰოპერი, შვეიცარია), გოგა გახოკიძე (ალანია, რუსეთი), გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გოჩა ჯამარაული (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია)
თავდამსხმელები: შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), მიხეილ ყაველაშვილი (გრასჰოპერი, შვეიცარია), ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია).
ყურადღება მიიქცია კაპიტნის, კახი ცხადაძის არყოფნამაც. ვლადიმერ გუცაევმა განმარტა, რომ ის ერთადერთი მიზეზით არ გამოიძახა – კახი უკლუბოდ იყო, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და უმჯობესი იქნებოდა თუ ჯერ კარიერის მთავარ პრობლემას გადაჭრიდა:
„კახის ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ვიცი მისი შესაძლებლობები, გამოცდილება. მალტის ტურნირი მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, ამიტომ, უმჯობესია ჯერ კლუბი მონახოს და როცა ეს საკითხი მოგვარდება, ნაკრებშიც უპრობლემოდ დაბრუნდება“. რამდენიმე დღეში კაპიტანმა მანჩესტერ სიტისთან გააფორმა კონტრაქტი.
როცა გუცაევმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა, თბილისის დინამო ჯერ კიდევ მოსკოვში იყო, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე ასპარეზობდა. დავით ყიფიანის გუნდმა ტურნირი მეოთხედფინალში, კიევის დინამოსთან 0:1 წაგებით დაასრულა. როგორც კი დინამო თბილისში დაბრუნდა, გივი დიდავამ, ლევან ცქიტიშვილმა და გიორგი კიკნაძემ გუცაევის განკარგულებაში გადაინაცვლეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ ჯერ კიდევ დეკემბრის მიწურულს, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ თქვა, რომ ნაკრები თბილისის დინამოს დიღმის საწვრთნელი ბაზით აღარ ისარგებლებდა. ასეც მოხდა, გუცაევის ბიჭები წლის პირველი მატჩებისთვის მცხეთაში ვარჯიშობდნენ. სათქმელია, რომ თბილისში მხოლოდ ნაკრების ნახევარი შეიკრიბა, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეები, ასევე ვლადიკავკაზის ალანიაში და რიგის სკონტოში მოთამაშეები. დანარჩენები გუნდს მალტაზე შეუერთდნენ ლევან კობიაშვილის გამოკლებით. ალანიიდან ფრაიბურგში ნახევარი წლით განათხოვრებულმა მცველმა ტურნირი საერთოდ გამოტოვა.
ნაკრები მალტისკენ 4 თებერვალს გაემგზავრა, გზად კი მოსკოვში შეჩერდა. გუცაევმა ჯერ კიდევ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ იქ რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბორის იგნატიევს შეხვდებოდა და საბოლოოდ შეათანხმებდა ამხანაგური მატჩის დეტალებს. რუსებმა ქართველებთან თბილისში შეჯიბრების სურვილი იანვრის დასაწყისში, ბელგიაში, ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ გამოთქვეს.
5 თებერვალს, მალტის დროით 18 საათზე, ეროვნული გუნდის ისტორიაში მეხუთე მთავარმა მწვრთნელმა პირველად ავარჯიშა ნაკრები. გუცაევმა იმ დღესვე შეიტყო, რომ გიორგი ქინქლაძე პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებდა. მანჩესტერ სიტის ლიდერს კბილის რთული ოპერაცია გაუკეთეს და ექიმებმა ორი დღით შინ დარჩენა ურჩიეს. ყველა სხვა ფეხბურთელი მწვრთნელის განკარგულებაში იყო.
საქართველოს ნაკრებს პირველი შეხვედრა რევაზ ძოძუაშვილის მომზადებულ ლატვიასთან უწევდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილ გუნდს ხვდებოდა. შემდეგი მოწინააღმდეგე ალბანეთი იყო, ჩვენი მეორე მეტოქე ევრო 2000-ის შესარჩევში, როთმენსის თასის გათამაშება კი მასპინძლებთან ჯახით სრულდებოდა.
ვლადიმერ გუცაევის გადაწყვეტილებით, პირველი თამაში გუნდმა 4-4-2 ტაქტიკური განლაგებით დაიწყო: მწვრთნელმა კარი ნიკა ტოგონიძეს ანდო, დაცვის მარჯვენა ფლანგზე მისი თანაკლუბელი გელა შეყილაძე დააყენა, მარცხნივ გიორგი ჩიხრაძე, ცენტრი მურთაზ შელიას და კახი კალაძის წყვილით გაამაგრა, ნახევარდაცვაში გოგა გახოკიძის, გიორგი ნემსაძის, გოჩა ჯამარაულის და თემურ ქეცბაიას ოთხეული გაამწესა, შეტევაში კი ტყუპები – შოთა და არჩილ არველაძეები. კაპიტნის სამკლაური, როგორც ყველაზე გამოცდილმა, ნემსაძემ მოირგო.
ძოძუაშვილმა რომ კარგად იცოდა ქართველების შესაძლებლობები, ეს მისი გადაწყვეტილებითაც გამოჩნდა. ლატვიელები ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ ჩვენებს და ძალიან მჭიდროდ, მაგრამ უხეშობის გარეშე ეთამაშებოდნენ. შოთას პირადად მეურვეობდა ნაკრების დებიუტანტი, რიგის სკონტოს 19 წლის მცველი იურის ლაიზანსი. აიაქსელი რამდენჯერმე კი დაუსხლტა მას, მაგრამ გოლი ვერ შეაგდო. მწვრთნელმა ტყუპები შესვენებაზე შეცვალა, მათ მალტაზე აღარც უთამაშიათ. აიაქსი და ბრედა გუცაევს რამდენიმე დღით ადრე შეუთანხმდნენ, რომ შოთა და არჩილი მხოლოდ საწყის შეხვედრაში მიიღებდნენ მონაწილეობას.
შოთა ალექსანდრე იაშვილმა შეცვალა, არჩილის ნაცვლად კი მიხეილ ყაველაშვილი ჩაერთო თამაშში და ლატვიელებმაც ვეღარ გაძლეს – დაცვა აირია, ქართველები საჯარიმოსთან შედარებით თავისუფლად იღებდნენ ბურთს და მალე ანგარიშიც გახსნეს.
55-ე წუთზე ბალტიისპირელებმა უხეიროდ მოიგერიეს ბურთი, რომელიც საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან გახოკიძეს მიუგორდა. მან იოლად მოატყუა ოლეგს ბლაგონადეჟდნისი და ბურთი ჯამარაულს მიაწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 1:0.
საქართველოს ნაკრებს ხუთ წუთში მეორე გოლის გატანა მართებდა, მაგრამ ჩინებულად გათამაშებული კომბინაცია ქეცბაიამ ვერ დააგვირგვინა. 72-ე წუთზე მეტოქემ მაინც დაიწყო ცენტრიდან თამაში: ჯამარაულმა შეცვლაზე შესული ალექსანდრს ისაკოვსი შავ დღეში ჩააგდო და დუბლი შეასრულა – 2:0.
86-ე წუთზე ლატვიელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. კალაძემ მეტოქის კიდევ ერთი დებიუტანტი, შეცვლაზე შესული სკონტოელი იგორს სლესარჩუკსი მოცელა და მალტელმა ალფრედ მიკალეფმაც სამართლიანად მიუთითა პენალტის ნიშნულისკენ. ბლეიდელისი ზუსტი იყო – 2:1.
„პირველ ტაიმში თავდასხმაში მე და შოთამ ვითამაშეთ. გუცაევმა თამაშის წინ გვითხრა, რომ მეორე ნახევარში შეგვცვლიდა, რადგან მეც და შოთასაც მეორე დღეს ნიდერლანდების ჩემპიონატში უნდა გვეთამაშა… პირველი ტაიმი ვერა და ვერ ავაწყვეთ. რაც არ უნდა იყოს, ყველანი პირველი წრის შესვენების შემდეგ შევიკრიბეთ და შეუთამაშებლებიც ვიყავით. მეორე ტაიმი კი კარგი საყურებელი გამოდგა. როგორ არ გამოყავთ ჯამარა ტრაბზონსპორში, ძალზე მიკვირს. ისეთი გოლები შეაგდო, ფორვარდებს რომ შეშურდებოდათ“, – ასეთი იყო არჩილ არველაძის კომენტარი (გაზეთი საქართველოს სპორტი; 1998 წლის 10 თებერვალი).
პირველი ტურის მეორე შეხვედრაში მალტელებმა და ალბანელებმა 1:1 ითამაშეს. მასპინძლები მეორე წუთზე დაწინაურდნენ, სტუმრებმა კი მხოლოდ თამაშის მიწურულს გადაარჩინეს ქულა. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე სწორედ ალბანეთი იყო.
გუცაევმა საგრძნობლად გადაახალისა შემადგენლობა და ტაქტიკური განლაგებაც შეცვალა. ნაკრების კარში პირველად გამოჩნდა 22 წლის დავით გვარამაძე, სამკაციან დაცვაში კი მარჯვნიდან მარცხნივ ჩიხრაძე, ლევან სილაგაძე და შელია დადგნენ. მათი დაზღვევა კალაძეს დაევალა, ხოლო შეყილაძე მწვრთნელმა საყრდენ ნახევარმცველად გამოსცადა. გუცაევმა ჯამარაული ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე გადასწია, მარცხენა კვლავ ქეცბაიას ანდო, ხოლო გუნდის კაპიტან ნემსაძეს გამთამაშებლობა დაავალა. ყაველაშვილმა და იაშვილმა ამჯერად ძირითადი შემადგენლობიდან შეუტიეს მეტოქის კარს.
სარბიელელი კობა ინასარიძე, ვინც მალტაზე გახლდათ ნაკრებთან ერთად, მატჩის მიმოხილვაში წერდა:
„მწვრთნელმა ფეხბურთელებს შეუფუცხუნა და ალბათ ამიტომაც, მათ ალბანელებთან იმ ჟინით ითამაშეს, ბალტიისპირელებთან რომ აკლდათ. მთელი პირველი ტაიმი ჩვენების უპირატესობით წარიმართა. ნემსაძე კვლავ შეუდარებელი იყო, დაცვაც გონივრულად თამაშობდა დაზღვევაზე და პერსონალური მეურვეობისას ფლანგებზე. ქეცბაიამ ჯამარაულთან ერთად მეტოქეს თავბედი აწყევლინა. შეყილაძეც საიმედოდ თამაშობდა, თავდასხმა კი ყველაზე უკეთ ირჯებოდა – ყაველაშვილი-იაშვილის დუეტი ლატვიასთან თამაშის შემდეგ ნიდერლანდებში გამგზავრებულ ტყუპ არველაძეებზე აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. შესვენებამდე შექმნილი დაახლოებით რვა რეალური საგოლე მომენტიც ამათი დამსახურებაა“.
ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა თემურ ქეცბაიამ, კუთხურის მარცხენა ალამთან ახლოს დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან პირდაპირ არიან ბექაჯის კარში შეაგდო ბურთი – 1:0. სტანდარტული მდგომარეობა იაშვილის წაქცევის გამო დაინიშნა, გოლი კი მართლაც ეფექტური გამოდგა. შოთა არველაძის შემდეგ თემური გახდა მეორე, რომელმაც ნაკრებში 10 გოლი მოაგროვა.
ათ წუთში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაორმაგდა. მიხეილ ყაველაშვილმაც ლამაზად დაარტყა, უმწეო ბექაიმ მხოლოდ ხელები გაშალა, თუმცა იმ კომბინაციაში იაშვილმა და ჯამარაულმაც დიდი როლი ითამაშეს. ფრაიბურგის ახალწვეულმა მარცხენა ფლანგზე ილირ შულკუს თავზე გადაუგდო ბურთი და ერთი შეხებით მიაწოდა ჯამარაულს, რომელმაც საჯარიმოში შეჭრილი ყაველაშვილი მოძებნა. მან ნახევარბრუნში, უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა შეტევა – 2:0.
ტაიმის ბოლომდე ქართველებმა მესამე გოლი გაიტანეს: იაშვილმა მკერდით მიიღო ბურთი და ლამაზად შეაგდო, მაგრამ მალტელმა არბიტრმა ჩარლზ აგიუსმა ფორვარდი ხელით თამაშში დაადანაშაულა და გოლი არ ჩათვალა.
იაშვილმა მაინც გაიხარა და 71-ე წუთზე ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი ბურთი შეაგდო – 3:0. საგოლე გადაცემა კვლავ ჯამარაულმა შეასრულა.
„ასეთი სიხარული არასდროს მიგრძვნია, არადა, გამოხატვაც ვერ შევძელი, ერთი ხელი ავიქნიე და ეგ იყო. იქვე ჯამარაული იდგა და მიღიმოდა, იცოდა გულში რა ცეცხლიც მიტრიალებდა. არა, სიტყვით ვერ გადმოვცემ, როგორ გამიხარდა პირველი გოლი ნაკრებში“, – ალექსანდრე იაშვილის ეს სიტყვები გაზეთ საქართველოს სპორტში (1998 წლის 13 თებერვალი) გამოქვეყნდა. ფრაიბურგის 20 წლის შემტევს მამუკა კვარაცხელია ესაუბრა.
„ჩემი აზრით, ეს იყო უინტერესო თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა ალბანელებმა წინააღმდეგობა ვერ გაგვიწიეს“, – თქვა თამაშის შემდეგ ნემსაძემ, რომელმაც ეროვნულ გუნდში 30-ე მატჩი ჩინებული ასპარეზობით აღნიშნა.
დღის მეორე შეხვედრაში მალტელებმა 2:1 სძლიეს ლატვიას და უკანასკნელი ტურის წინ თასის მოგების შანსი შეინარჩუნეს. საამისოდ მათ აუცილებლად უნდა მოეგოთ ქართველებთან. სათქმელია, რომ შეხვედრის მთავარი არბიტრი ოთარ გუნთაძე გახლდათ. თამაშის დაწყებამდე ძოძუაშვილი ქართველებს ეხუმრებოდა, პირველი ადგილი თუ გინდათ, აგერაა გუნთაძე, მიდით, საქმე ჩააწყვეთო…
„საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ედუარდ შევარდნაძეს
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდი შეაძრწუნა თქვენს მიმართ ჩადენილმა ტერორისტულმა აქტმა.
გისურვებთ ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას ქართული ფეხბურთისა და საერთოდ, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ამ მძიმე პერიოდში.
ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდის სახელით: ალექსანდრე ჩივაძე, დავით კვინიკაძე, ვლადიმერ გუცაევი, გიორგი ნემსაძე
კუნძული მალტა; 1998 წლის 10 თებერვალი“
ამ დეპეშით გამოეხმაურა ქართული ფეხბურთის მმართველი სახლი და პირველი გუნდი რამდენიმე საათით ადრე, 9 თებერვალს, ღამით, თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ხეივანში პრეზიდენტზე მოწყობილ ტერორისტულ აქტს.
21-კაციანმა ჯგუფმა, რომელთა შორის ექვსი ჩეჩენიც იყო, შევარდნაძის ლიკვიდაცია სცადა. მოგვიანებით, გამოძიების დასრულების შემდეგ, ჯგუფის გეგმაც გამჟღავნდა: ქვეყნის პირველი პირის მკვლელობის შემდეგ ამბოხების დაწყება და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების აღდგენა. შეიარაღებულ თავდამსხმელებს გამსახურდიას გვარდიის პოლკოვნიკი, 30 წლის გოჩა ესებუა მეთაურობდა.
თავდასხმა ზუსტად იმ წამს დაიწყო, როგორც კი პრეზიდენტის მერსედესი ხეივანში აღმართულ სამასი არაგველის მემორიალს გაუსწორდა. პირველი ჭურვი ავტომობილის წინა საბურავთან აფეთქდა, მეორემ კი ძრავი დააზიანა. ყუმბარმტყორცნების გარდა ტერორისტებმა ესკორტს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებიც ესროლეს, ავტომატების ჯერზე რომ არაფერი ვთქვა.
პრეზიდენტის მერსედესმა ინერციით იარა და მოშორებით გაჩერდა, დაცვის ჯიპები და პოლიციის მანქანები კი იქვე შეჩერდნენ. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, ასევე პრეზიდენტის პირადმა დაცვამ თავდასხმას ცეცხლით უპასუხა. სამწუხაროდ, შეტაკებას დაცვის წევრი კახა შევარდენიძე, ხოლო სპეცდანიშნულების რაზმიდან დავით კოკაური შეეწირნენ. საპასუხო სროლის დროს ჩეჩენი ტერორისტი, გვარად ჯანგალიევი მოკლეს.
პრეზიდენტი გადარჩა. თავდასხმის დეტალები მან მოგვიანებით გაიხსენა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმში „9 თებერვლის სისხლიანი ტერაქტი შევარდნაძის წინააღმდეგ“. კარგად მახსოვს, სარბიელის რედაქციაში ვიყავით და მომდევნო ნომრის დაკაბადონებას ვამთავრებდით, როცა საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა მომხდარის შესახებ გვამცნო. საინფორმაციო გამოშვება მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გაგრძელდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა წერილი ქვეყნის პრეზიდენტის სახელზე 10 თებერვალს, დილით გაიგზავნა, შუადღით კი სფფ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩივაძე და გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე უკვე ატარიში, ტა ქალის საპატიო სტუმართა ლოჟაში ისხდნენ.
პირველად ლატვიელებმა და ალბანელებმა ითამაშეს. ჯერ ბალტიისპირელები იგებდნენ, შემდეგ ბალკანელები, საბოლოოდ კი ფრე – 2:2. რამდენიმე წუთში გადამწყვეტი შეხვედრაც დაიწყო – საქართველო მასპინძელთა პირისპირ.
გიორგი ქინქლაძემ, რომელიც ალბანელებთან თამაშის დაწყებამდე შეუერთდა გუნდს და იმ შეხვედრის განაცხადშიც მოხვდა, მალტელებთან დაპირისპირება ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მან იაშვილის ადგილი დაიკავა, თუმცა გიორგის ერთადერთი ცენტრფორვარდის, მიხეილ ყაველაშვილის ბურთით მომარაგება უფრო ევალებოდა, ვიდრე გოლების გატანა. სხვა მხრივ ტაქტიკური განლაგება და შემადგენლობა იგივე იყო, რაც ალბანელთა წინააღმდეგ.
მატჩის წინ ვლადიმერ გუცაევი შიშობდა, რომ მასპინძლები ყველაფერს იღონებდნენ თასის მოსაგებად და, ალბათ, მსაჯსაც დაიხმარდნენ. მწვრთნელის წინათგრძნობა ახდა. კობა ინასარიძემ სარბიელში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში „თორმეტი თერთმეტზე“ აღნიშნა:
„ფეხბურთის დაუწერელი კანონია, მსაჯი ოდნავ სიმპათიით ყოველთვის მასპინძლისკენაა, მაგრამ ასეთი ჩაგვრა კარგა ხანია არ მინახავს. ალბანელ პრეგას ერთთავად უმოწყალოდ გვარამაძის კარისკენ ჰქონდა ხელი გაშვერილი, უსტვენდა და უსტვენდა, უსამართლო ყვითლებიც აუფრიალა ქართველებს, საბოლოოდ კი მაინც თვითონ დარჩა წაგებულ-გალანძღული, მალტელებთან ერთად. აშკარა თამაშგარე მდგომარეობის გატარება გნებავთ, მოგონილი პენალტი, რამდენიმე უხეშობაზე თვალის დახუჭვა, მალტელების კარში ორი ათასპროცენტიანი პენალტის არდანიშვნა – ყველაფერი პრეგას სინდისზეა“.
მასპინძლებმა პირველი სახიფათო მომენტი ალბანელი არბიტრის დახმარების გარეშე შექმნეს პირველივე წუთზე: ბირკირკარას 19 წლის შემტევმა ჩაკს ნვოკომ ჯილბერტ აგიუსი გაიყვანა კარგ პოზიციაზე. მან ახლო მანძილიდან, ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ გვარამაძეს ვერ აჯობა, რომელმაც გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
ქართველები მალე მოეგნენ გონს და თამაშიც გაათანაბრეს, მე-13 წუთზე კი გოლით დაასრულეს სწრაფად გათამაშებული კონტრშეტევა: მალტელებს ნემსაძემ აართვა ბურთი, შემდეგ ჯამარაულს გადააწოდა, გოჩამ კი მშვენიერი პასით ლამის ნახევარი მალტის ნაკრები უსაქმოდ დატოვა, ყაველაშვილი მეკარეს შეატოვა და მანაც აუღელვებლად დალაშქრა მარიო მუსკეტის კარი – 1:0.
ის ორი პენალტი კი, რომელზეც სარბიელის ჟურნალისტმა დაწერა, შესვენებამდე უნდა დანიშნულიყო, თუმცა ბუჯარ პრეგამ ვერც ქეცბაიას და ვერც ყაველაშვილის წინააღმდეგ უხეშობა ვერ შენიშნა.
მეორე ტაიმში გუცაევმა ჩიხრაძის ნაცვლად ალექსანდრე იაშვილი ჩართო თამაშში და თავდასხმა გააძლიერა, საპასუხოდ კი ალბანელი არბიტრისგან მოგონილი პენალტი მიიღო: ჯო ბრინკეტის დარტყმული ბურთი ლევან სილაგაძეს ზურგში მოხვდა, თუმცა მსაჯმა ხელით თამაში აღნიშნა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ჯონათან მაგრი-ოვერენდმა, ვინც სულ მეორედ თამაშობდა ნაკრებში, ზუსტად დაარტყა – 1:1.
„ამის შემდეგ უნდა გენახათ, რა ხდებოდა ტა ქალიზე, მალტელები ცენტრის ხაზს ვერ სცდებოდნენ. ქართველები საშინლად გამწარდნენ – ფეხებშუა ბურთის გაძვრენას, ქუსლურებს, მახვილგონივრულ პასებს, ტექნიკის დემონსტრირებას დიდი ფიზიკური ძალა, დასწრებაზე თამაში დაურთეს და მალტელები შოკში აღმოჩნდნენ. ცხადზე ცხადი გახლდათ – ეს თამაში ჩვენების გამარჯვებით დამთავრდებოდა, მსაჯიც უძლური იყო რაიმე ეღონა, ბოლოს კი ჯამარაულის მარჯვენამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა“, – წერდა ინასარიძე ზემოხსენებულ წერილში.
რაც შეეხება ქართველთა მეორე გოლს: შეტევაში ჩართულმა კალაძემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში, იაშვილმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი გოჩას გადაუგდო, ჯამარაულმა კი საჯარიმოს კუთხიდან შეუჩერებლად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა – 2:1. საქართველოს ნაკრები 71-ე წუთზე დაწინაურდა.
ოთხ წუთში მალტელთა კარის ბადე მესამედ შეირხა – გვარამაძემ ქეცბაიას გადაუგდო ბურთი, მათ თითქმის ორმოცი მეტრი ირბინა და საჯარიმოში შეჭრილი წააქციეს. ერთი შეხედვით პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა ბურთი ყაველაშვილმა მოიხელთა და წამში ზუსტადაც დაარტყა – 3:1.
თამაშის ბოლომდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა, ალბანელი არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერცხლისფერი თასი გადაეცა. ჩვენმა გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა, მალტის ნაკრებმა კი საიუბილეო, მე-200 საერთაშორისო თამაში საკუთარ კედლებში წააგო.
ბუნდესლიგის კაიზერსლაუტერნის, შტუტგარტის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ოლიმპიური გუნდის, ალჟირის, ნორვეგიის, მალტის, სლოვენიის და რუსეთის ნაკრები გუნდების შემდეგ საქართველო როთმენსის თასის IX გათამაშების ჩემპიონი გახდა.
მერე იყო სამახსოვრო ფოტოები მოედნის ცენტრში და ტა ქალის გასახდელში. მომდევნო დღეს საქართველოს დელეგაცია მოსკოვის გავლით თბილისში დაბრუნდა.
* * *
6 თებერვალი, 1998. საერთაშორისო ტურნირი – როთმენსის თასი. მალტა, ატარი, ტა ქალი. 3 000
ლატვია 1:2 საქართველო
გოლები: 0:1 გოჩა ჯამარაული (50, გოგა გახოკიძის პასით), 0:2 გოჩა ჯამარაული (71), 1:2 იმანტს ბლეიდელისი (86, პენ)
ლატვია: რაიმონდს ლაიზანსი, არტურს ზაკრეშევსკისი, ვიტალის ასტაფიევსი (იგორს სლესარჩუკსი 62), იურის ლაიზანსი, ვალენტინს ლობანოვსი, ოლეგს ბლაგონადეჟდნისი, ალექსანდრს ისაკოვსი (ნიკოლაის პოლიაკოვსი 79), იმანტს ბლეიდელისი, მარიანს პაჰარსი, არმანდს ზეიბერლინში, იანის რინკუსი (ვიკტორს ლუკაშევიჩსი 46)
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი (საქართველო)
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, გელა შეყილაძე, კახი კალაძე, მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე (კაპ) (გიორგი კიკნაძე 80), თემურ ქეცბაია (ლევან ცქიტიშვილი 81), გოჩა ჯამარაული (ლევან სილაგაძე 70), არჩილ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46), შოთა არველაძე (ალექსანდრე იაშვილი 46)
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი
მსაჯი: ალფრედ მიკალეფი (მალტა)
8 თებერვალი, 1998. საერთაშორისო ტურნირი – როთმენსის თასი. მალტა, ატარი, ტა ქალი. 750
ალბანეთი 0:3 საქართველო
გოლები: 0:1 თემურ ქეცბაია (19, ჯარიმა), 0:2 მიხეილ ყაველაშვილი (29, გოჩა ჯამარაულის პასით), 0:3 ალექსანდრე იაშვილი (71, გოჩა ჯამარაულის პასით)
ალბანეთი: არიან ბექაჯი (არმირ გრიმაჯი 79), ილირ შულკუ, რუდი ვატა, არიან პეჩო, ბლედარ კოლა, ერვინ ფაკაჯი, მაჰირ ჰალილი, ალტინ ლალა, ალბან ბუში, იგლი ტარე, ალტინ რაკლი (ალპინ გალო 74)
მწვრთნელი: ასტრიტ ჰაფიზი
საქართველო: დავით გვარამაძე, გიორგი ჩიხრაძე, მურთაზ შელია, ლევან სილაგაძე, კახი კალაძე, გელა შეყილაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კიკნაძე 74), გიორგი ნემსაძე (კაპ), თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, ალექსანდრე იაშვილი
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: მურთაზ შელია, ალექსანდრე იაშვილი
მსაჯი: ჩარლზ აგიუსი (მალტა)
10 თებერვალი, 1998. საერთაშორისო ტურნირი – როთმენსის თასი. მალტა, ატარი, ტა ქალი. 2 500
მალტა 1:3 საქართველო
გოლები: 0:1 მიხეილ ყაველაშვილი (13, გოჩა ჯამარაულის პასით), 1:1 ჯონათან მაგრი-ოვერენდი (56, პენ), 1:2 გოჩა ჯამარაული (71, ალექსანდრე იაშვილის პასით), 1:3 მიხეილ ყაველაშვილი (75)
მალტა: მარიო მუსკეტი, ჯეფრი ჩეტკუტი, ჯონათან მაგრი-ოვერენდი, ჯო სენტ-ფურნიე (უბერტ სუდა 46, დევიდ კარაბოტი 73), პოლ სიქსმითი, ჩაკს ნვოკო, ნიკი სალიბა (კაპ) (სტეფან გილიო 65), ჯილბერტ აგიუსი (სტეფან სულტანა 83), ნოელ ტერნერი, ჯო ბრინკეტი, ანტუან ზარა
მწვრთნელი: იოსიფ ილიჩი (იუგოსლავია)
საქართველო: დავით გვარამაძე, გიორგი ჩიხრაძე (ალექსანდრე იაშვილი 46), მურთაზ შელია, ლევან სილაგაძე (ვახტანგ ხვადაგიანი 78), კახი კალაძე (ლევან ცქიტიშვილი 78), გელა შეყილაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კიკნაძე 74), გიორგი ნემსაძე (კაპ), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი (გოგა გახოკიძე 78)
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
მსაჯი: ბუჯარ პრეგა (ალბანეთი)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 9 აპრილი
ფოტო: დავით თაბაგარი
* – 2026 წლის 9 აპრილს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
