1998 წლის მაისი: ჩვენი ფეხბურთი რუსების პირველ სტუმრობამდე
1998 წლის მაისი ტკბილად მაგონდება: უნივერსიტეტში სწავლას სარბიელში მუშაობას ვუთავსებდი, სადაც საყვარელი საქმით გახლდით დაკავებული – ფეხბურთზე ვწერდი. კვირაში ერთხელ ევროთასების გადამწყვეტი მატჩები იმართებოდა და რადგან დღის მეორე ნახევარში მივდიოდი რედაქციაში, ღამით, ფინალების დასრულების შემდეგ, მოკლე მიმოხილვებს ვამზადებდი.
სწორედ იქ, ალექსანდრე ყაზბეგის ნომერ 42-ში, მეოთხე სართულის ყველაზე დიდ ოთახში ვნახე უეფას თასის დიდებული გადამწყვეტი მატჩი, სერია ა-ს გრანდების ჭიდილი – ინტერი-ლაციო, ასევე თასების მფლობელთა თასის ბოლოსწინა ფინალი ლონდონის ჩელსის და შტუტგარტს შორის, სულ ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგა იყო, ფინიშის ხაზთან ზედიზედ მესამედ მისული ჩემი ფავორიტი იუვენტუსის და მადრიდის რეალის დაპირისპირება.
იმ ზაფხულს საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა და სარბიელის უცხოური ფეხბურთის რედაქციის თანამშრომლებმა მუნდიალის წინ თითოეულ ჯგუფზე სპეციალური ჩანართების მომზადებაც დავიწყეთ. კვირაში ორჯერ დამატებით, რვაგვერდიან გაზეთს ვთავაზობდით მკითხველს: მსოფლიო ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს მიმოვიხილავდით, ფეხბურთელებს ვაფასებდით, სხვადასხვა ისტორიებს ვიხსენებდით…
წლის მთავარი ტურნირის მოახლოებასთან ერთად საინტერესოდ ვითარდებოდა ამბები ქართულ ფეხბურთშიც. ტუნისში სტუმრობის შემდეგ ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილმა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთთან ამხანაგური მატჩისთვის დაიწყო მზადება, საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება დასრულდა, შეიცვალა დინამოს მთავარი მწვრთნელი, დროგამოშვებით კი ფედერაციის ყრილობა და დინამო-მრეტების დაპირისპირებაც თავს გვახსენებდა.
რაც შეეხებათ ლეგიონერებს, თემურ ქეცბაია ნიუკასლ იუნაიტედის შემადგენლობაში ლონდონის არსენალთან ასოციაციის თასის ფინალისთვის ემზადებოდა, შოთა არველაძის აიაქსს პსვ ეინდჰოვენთან გადამწყვეტი სათასო პაექრობა ელოდა, გიორგი ნემსაძე და მიხეილ ყაველაშვილი გრასჰოპერის მაისურით შვეიცარიის ჩემპიონობას უახლოვდებოდნენ, კახი კალაძე კი ვალერი ლობანოვსკის მაგარ კიევის დინამოში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ლამის ყველა შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ირჯებოდა. კარგ უცხოურ ჩემპიონატში მოთამაშე ქართველებს მაისის მიწურულს გელა შეყილაძეც შეუერთდა – ბათუმის დინამოს საუკეთესო მცველმა ბელგიის ლიერსთან გააფორმა ხელშეკრულება…
დღევანდელ ჩანახატში 1997-1998 წლების სეზონის უკანასკნელ თვეს, მაისში განვითარებულ ამბებს გავიხსენებ, ყველაფერ საინტერესოს, რაც რუსების თბილისში ჩამოსვლას წინ უძღოდა.
„გვარამაძეს არ უნდა დაეტოვებინა კარი, რადგანაც მცველი იბრძოდა. თუმცა, გადარჩენის შანსი კიდევ იყო, სილაგაძეს შეეძლო ბურთის გადაგდება. ერთმანეთის იმედად დარჩნენ… გვარამაძე რომ არ გამოსულიყო, მაშინ სილაგაძე განმუხტავდა ვითარებას, მეკარის გამოსვლამ კი მცველი დააბნია…
კალაძის ადგილი ფლანგზე არ არის. თავადაც თქვა, შუაში მირჩევნიაო. მარცხენა მცველად მისი დაყენება კი იმად იყო საჭირო, რომ დავრწმუნებულიყავი: იქ კალაძე ნაკლებად ეფექტურია. რუსებთან, შესაძლოა, კვლავ შუაში ვათამაშოთ…
კობიაშვილის შეცვლას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ შესვენებაზე მითხრა დავიღალეო. წინა დღეს მთელი მატჩი ითამაშა…
ჯამარაულს ერთი დავალება ჰქონდა – მარჯვენა ფრთაზე თამაში. ვერ გავიგე შუაში რა უნდოდა. სწორედ ამის შედეგი იყო „კვადრატები“ და ბურთის გაგორება, ასეთი თამაში კი ჩვენ არ გვჭირდება. მისი მთავარი ფუნქცია ფლანგის გაკონტროლება იყო. კი ბატონო, შეასრულოს ეს და მერე შუაშიც შევიდეს, გოლებიც იქიდან გაიტანოს…
ქინქლაძემ დაამტკიცა თავის სიძლიერე, ყველას დაანახა, რამხელა პოტენციის მქონე ფეხბურთელია. გიოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ძელს მორტყმული ბურთი გაიხსენეთ, გოლი, რომელიც ერთი სიამოვნება იყო! მაგრამ მაინც, იგი ისეთი ფეხბურთელია, რომლის მთავარი მოვალეობა შეტევის ორგანიზებაა. თამაშში რომ ოცჯერ იღებს ბურთს, ასე არ შეიძლება, მინიმუმ ასჯერ მაინც უნდა დაეუფლოს. ზიდანი აიღეთ, ქინქლაძის ამპლუისა არ არის? მოედანს როცა ტოვებს, სულ ოფლშია, გიო კი მზად არაა ასე ითამაშოს. როგორც მითხრეს, აიაქსში თუ გადავიდა, ოლსენი მარცხენა ნახევარმცველად უპირებს გამწესებას. არ ვიცი რამდენად შეეწყობა ახალ პოზიციას, ჯერჯერობით კი ცენტრში მისი გარჯა ყველაფერს სჯობს…
ვფიქრობ, დღეს ქეცბაია და შოთა არველაძე თავდასხმაში დანარჩენებზე უკეთ არიან მომზადებულნი. ჰოდა, მივეცი საშუალება ერთმანეთს გაუგონ, შეთამაშდნენ. მომავალში გამოგვადგება, ორივეს გოლის გატანის ალღო აქვს…
რუსებთან თამაშისგან ძალიან ბევრს ველი. მათთან და უკრაინელებთან გამოჩნდება ჩვენი ძალა. მეტად ძლიერი მეტოქეები არიან, მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ, ძლიერ კლუბებში თამაშობენ. ამ შეხვედრებში უნდა გამოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები ბიჭებმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები, ალბათ, არ იქნება. გამოვიყენებ გახოკიძეს, კობიაშვილი, შესაძლოა, დაცვაში დავწიოთ… ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით“.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა ტუნისთან 1:1 კობა ინასარიძესთან საუბრის დროს შეაფასა. ინტერვიუ 7 მაისს გამოქვეყნდა სარბიელში, რუსეთთან თბილისში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩამდე ოცი დღით ადრე.
დაახლოებით იმავე დღეებში გავრცელდა ხმები თბილისის დინამოდან დავით ყიფიანის წასვლის შესახებ. ამბობდნენ, რომ მთავარ მწვრთნელს რამდენიმე ფეხბურთელთან უთანხმოება მოუვიდა, მაგრამ ჭორები დინამოს მესვეურებმა უარყვეს, საქმეში გასარკვევად კი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პრესკონფერენცია დანიშნეს. ჟურნალისტებთან შეხვედრა თავად ყიფიანმა გახსნა:
„სახელით, კაცობით, პროფესიონალიზმით მურთაზ ხურცილავა ის პიროვნებაა, რომელიც ღირსია დინამო ჩაიბაროს. წარმატება მინდა ვუსურვო! მქონდა ბედნიერება, მურთაზთან ერთად ბურთიც მეგორებინა და კიდეც მემუშავა. კარგად ვიცნობ ამ კაცს…
რაც შემეხება მე, დასამალი რაა, არც კლუბის ხელმძღვანელობასთან და არც ფეხბურთელებთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. შვიდი წლის წინ თავის მძიმე ოპერაცია გადავიტანე და ექიმებმა მირჩიეს საქმეს სანერვიულოდ ნუ გაიხდიო. ახლაც ასეთი რეკომენდაცია მომცეს და აქტიურ მუშაობას დროებით შევეშვი. კლუბში დავრჩები, შემდეგ კი ცხოვრება გვიჩვენებს“.
დავით ყიფიანის შემდეგ მურთაზ ხურცილავამ ისაუბრა. დინამოს ახალმა თავკაცმა თქვა, გუნდთან შესაგუებლად და სიტუაციაში სათანადოდ გასარკვევად დრო მჭირდება, სწორედ ამიტომ ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში შემადგენლობას კვლავ ყიფიანის თანაშემწე, ნოდარ აკობია დააყენებს, მე მხოლოდ დავაკვირდები ბიჭებსო.
მთავარი მწვრთნელის შემდეგ სტუმრებს დინამოს დირექტორატის წევრმა, ვიცე-პრეზიდენტმა რომან შოთაძემ მიმართა, რომელმაც დაადასტურა, რომ ხურცილავასთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. რაც შეეხება მრეტებთან გიორგი ქინქლაძის ტრანსფერის გამო დაწყებულ სასამართლო დავას, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კლუბი საქმის დასრულებამდე არაფერს გადაიხდიდა.
პრესკონფერენცია დავით ყიფიანის მონოლოგით დასრულდა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირება, ივლისში დანიშნული სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ კი თქვა:
„მინდა ახლავე ყველაფერს ნათელი მოვფინო. ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი თავის წამოყენებას არ ვაპირებ, მხარს კი ერთადერთ კაცს დავუჭერ. მერაბ ჟორდანია – აი, ვინ მესახება მომავალ პრეზიდენტად. თუ კანდიდატურა წამოაყენა, იცოდეთ, მისი მომხრე ვიქნები. ეს იმად არ მითქვამს, რომ მერაბ ჟორდანია, დინამოს პრეზიდენტობის გარდა, ჩემი მეგობარია. უბრალოდ, ვხედავ, რომ ის საქმეს გააკეთებს. თუმცა, ძალიან ძნელია ნოდარ ახალკაცის შემდეგ ღირსეული პრეზიდენტი იყო. მოკლედ, მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობა მსურს“.
1998 წლის 7 მაისს სარბიელმა უცვლელად დაბეჭდა თბილისის მრეტების დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარის ფრიდრიხ ბოიმელის ვრცელი წერილი სათაურით „ფკ დინამო თბილისის მიერ სადავო საკითხის სასამართლოში გადატანის შესახებ“. ბოიმელმა სფფ-ის გენერალურ მდივანს დავით კვინიკაძესაც მიმართა და სცადა დეტალურად აეხსნა დეტალები, რის საფუძველზეც ითხოვდა მრეტები მანჩესტერ სიტის მიერ თბილისის დინამოსთვის გადახდილი სატრანსფერო თანხის სოლიდურ ნაწილს.
დინამო საკუთარი სიმართლის დაცვას სასამართლოს გზით ცდილობდა. ქვეყნის უცვლელმა ჩემპიონმა, რომელიც მიჯრით მეცხრე ტიტულს უახლოვდებოდა, ვაკის რაიონულ სასამართლოს 25 აპრილს მიმართა. პირველი სხდომა 6 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ 12 მაისისთვის გადაიტანეს. რომან შოთაძის, შესაბამისად დინამოს პოზიცია ასეთი იყო:
„ჩვენ სხვისი გაფუჭებული საქმის გამოსწორება გვიწევს, რადგან დინამოს ახლანდელმა ხელმძღვანელებმა მრეტები-დინამოს შორის არსებული კონტრაქტის ამბავი 1995 წელს შეიტყვეს. გადაჭრით არასდროს გვითქვამს, ფულს არ გადაგიხდითო. გაარჩიოს სასამართლომ საქმე და მტყუანმა ზღოს ყველაფერი. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში მართლები ვართ და უკან რატომ უნდა დავიხიოთ“?
8 მაისს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა, რომელმაც მრეტები-დინამოს საქმის გარდა 24 ივლისს დანიშნული საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დეტალებზე იმსჯელა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, მანდატების განაწილება იყო. სფფ-ის ხელმძღვანელებმა ადრე არჩეულ პრინციპს არ უღალატეს და თითო სუბიექტს თითო ხმის უფლება მისცეს. ასევე, მანდატი დაუმტკიცდათ აღმასრულებელი კომიტეტის თითოეულ წევრს, კლუბების წარმომადგენლებს, მსაჯთა კორპუსს, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირს, იუსტიციის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს, ინვალიდთა ფეხბურთის ასოციაციას და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას.
იმავე დღეს, საღამოს, ისიც გაირკვა, რომ გიორგი ქინქლაძე კარიერას ამსტერდამის აიაქსში გააგრძელებდა:
„პირველებმა, მგონი, თქვენ გაიგეთ ეს ამბავი. ჯერ სიტის გულშემატკივრებმაც არ იციან აიაქსთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. სამს პლუს ერთზე შევთანხმდით, ხელმოწერას აიაქსის პრეზიდენტი, ფინანსურ საქმეთა გამგებელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაესწრო. მაისურის გადაცემა და ოფიციალური წარდგენა მოგვიანებით გაიმართება, ერთ-ერთი თამაშის შემდეგ“, – უთხრა გიომ სარბიელს.
აიაქსმა ჯერ კიდევ აპრილში გაინაღდა ერედივიზიეს ჩემპიონის ტიტული, ქართველი გამთამაშებელი კი 10 მაისს, უტრეხტთან საშინაო თამაშის შემდეგ წარადგინა. ქინქლაძეს მე-11 ნომრით დამშვენებული თეთრ-წითელი საკლუბო მაისური მთავარმა მწვრთნელმა, დანიელმა სპეციალისტმა მორტენ ოლსენმა გადასცა.
მეორე დღეს, ორშაბათს, 11 მაისს, ვლადიმერ გუცაევმა რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გვამცნო:
მეკარეები: დავით გვარამაძე, ნიკა ტოგონიძე
მცველები: ნუგზარ ლობჟანიძე, გელა შეყილაძე, გივი დიდავა, ლევან სილაგაძე, კახი ცხადაძე, მიხეილ ქობულაძე
ნახევარმცველები: გოგა გახოკიძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი
თავდამსხმელები: შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, თემურ ქეცბაია, მიხეილ ფოცხვერია და… ზაზა ჯანაშია!
მოსკოვის ლოკომოტივის ლიდერს მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთი შანსი მისცა, ფოთის კოლხეთი 1913-ში მოთამაშე ქობულაძის შესახებ კი თქვა, რომ მისი თანაშემწეები ფეხბურთელს რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ახალგაზრდა მცველის შესახებ ფოთელთა თავკაცს, სოსო ფილიასაც ესაუბრნენ და გამოცდაც გადაწყვიტეს. წინასწარ გეტყვით, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილ ქობულაძეს სადებიუტო სანაკრებო შეკრება გაუცდა.
სამშაბათს, 12 მაისს, თბილისის დინამომ ლანჩხუთის გურია 6:0 გაანადგურა, უახლოესმა მდევარმა ბათუმის დინამომ კი რუსთავში დაკარგა ქულები (1:1) და IX ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დედაქალაქური კლუბი ჩემპიონი გახდა! დინამომ, რომელსაც ბათუმელებზე ერთი მატჩით ნაკლები ჰქონდა გამართული, მიჯრით მეცხრედ მოიგო საქართველოს უძლიერესი კლუბის წოდება.
ერთი დღის შემდეგ, როცა საქართველოში კიდევ ერთხელ შესვეს ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო და თვალზე ცრემლით მოიგონეს დიუსელდორფი და 13 მაისი, ლონდონის ჩელსიმ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჯანფრანკო ძოლას ერთადერთი გოლით დაამარცხა შტუტგარტი და 28 წლის შემდეგ პირველი საერთაშორისო ტიტული, თასების მფლობელთა თასი მოიგო.
20 მაისს რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა პოლონეთთან და საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოძახებული ფეხბურთელები გაგვაცნო, ხოლო ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში ქართველთა ერთ-ერთმა მეტოქემ ნორვეგიამ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომ ემზადებოდა, მექსიკა 5:2 გაანადგურა.
იმავე საღამოს ამსტერდამ არენაზე ჩემპიონთა თასის მორიგი მფლობელი გამოვლინდა: იუვენტუსმა ზედიზედ მეორე ფინალი წააგო, ამჯერად მადრიდის რეალთან – 0:1. სამეფო კლუბმა 32 წლის შემდეგ პირველად მოიგო მთავარი საკლუბო ჯილდო, ისტორიული გოლი იუგოსლავიელმა პრედრაგ მიატოვიჩმა გაიტანა.
დღის მთავარ სპორტულ მოვლენად მაინც ჩვენი მორაგბეების მიერ რუსთა ძლევა იქცა – კლოდ სორელის მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმში გატეხეს მეტოქე (პირველი ნახევარი 6:6 დასრულდა), 12:6 გაიმარჯვეს და უზომოდ გაახარეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი ოც ათასამდე გულშემატკივარი.
22 მაისს ოფიციალურად დასრულდა IX ეროვნული ჩემპიონატი. 61 ქულით ბათუმის დინამომ, ისტორიაში პირველად, მეორე ადგილი დაიკავა – ათი ქულით ჩამორჩა ჩემპიონს, მესამეზე კი ფოთის კოლხეთი 1913 გავიდა 57 ქულით. უმაღლესი ლიგიდან ჭიათურის მაღაროელი და ზესტაფონის მარგვეთი დაქვეითდნენ, მესამე უიღბლო კი ბოლნისის სიონის და ლანჩხუთის გურიის პაექრობას უნდა გამოევლინა.
ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი თბილისის დინამოელი ლევან ხომერიკი გახდა 23 გოლით. საინტერესოა, რომ ლევანს, ტრავმის გამო, ბოლო მატჩები გაუცდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პირველობაში ვერავინ შეეცილა. მისი თანაგუნდელი დავით მუჯირი 18 ზუსტი დარტყმით მეორე იყო, ზუგდიდის ოდიშში მოთამაშე ჯუმბერ კალანდაძემ და ტორპედოელმა გია მეგრელაძემ კი 17-17 ბურთი გაიტანეს.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: თბილისის დინამოელმა პირველად მოიგო ბომბარდირის წოდება ერთპიროვნულად. პირველ ეროვნულ ჩემპიონატში გია გურულმა გოლეადორის ჯილდო რუსთავის გორდას თავდამსხმელს მამუკა ფანცულაიას გაუყო, 1996-1997 წლების სეზონში კი გიორგი დემეტრაძემ და ბათუმელმა დავით უჯმაჯურიძემ გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი.
ეროვნული ჩემპიონატის დასრულებისთანავე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ 26 მაისს დანიშნული თასის ფინალი საღამოს გაიმართებოდა. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, გაირკვა, რომ მათ თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი ომარ თეთრაძე ვერ დაეხმარებოდა. ბორის იგნატიევის თქმით, გამოცდილ მცველს ძველი ტრავმა ისე გაუმიზეზდა, რომ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ფედერაცია აბუჩად გვიგდებს – ასე დაასათაურა სარბიელმა (1998 წლის 25 მაისი) 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ გმირის ილია დათუნაშვილის ინტერვიუ. ვეტერანი ფეხბურთელი ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რამდენიმე დღით ადრე ოფიციალურად დარეგისტრირდა. დათუნაშვილმა ჩვენი ფეხბურთი მიმოიხილა, მმართველ სახლს კი მუშაობის სტილი დაუწუნა. ბატონმა ილიამ თქვა:
„არავის ვეწინააღმდეგები. ვისაც ვინ უნდა, იმას მისცეს ხმა. პრეზიდენტობის იმედი რომ არ მქონდეს, კანდიდატურას არც წამოვაყენებდი. მანდატების მქონეთ ერთს ვურჩევ – სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, სანამ ხელს აწევენ. ჩემი სურვილი ფეხბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარეობს. პრეზიდენტობა შემიძლია, სურვილიც მაქვს და მოქალაქეთა კავშირის მხარდაჭერის იმედიც, მე ამ კავშირის წევრი ვარ“.
ჟურნალისტებმა ვიცოდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 მაისს იწყებდა შეკრებას, მაგრამ წლის მეხუთე ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაიწყო, თან არასრული შემადგენლობით. მცხეთაში, არმაზის სტადიონზე პირველ დღეს მხოლოდ რვა ფეხბურთელი მივიდა: კახი ცხადაძე, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, გოგა გახოკიძე, გოჩა ჯამარაული, არჩილ არველაძე, დავით ჩალაძე და გიორგი ღუდუშაური. უკანასკნელ ორს მთავარმა მწვრთნელმა სამი დღით ადრე უხმო.
მეორე დღეს, 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, ნაკრებს გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილიც დაემატნენ. მცხეთის ვარჯიშებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მეკარე გიორგი ნიკურაძეც მონაწილეობდა.
საწვრთნელი პროცესი სახალისო რომ ყოფილიყო, მთავარმა მწვრთნელმა ასეთი რამ მოიფიქრა: თუ ბიჭები საჯარიმო ხაზიდან ათი ცდიდან სამს მაინც გაუტანდნენ ახალწვეულ გოლკიპერს, ის ათჯერ აიზიდებოდა, საპირისპირო შემთხვევაში კი ფეხბურთელები „დაისჯებოდნენ“. პირველი ორი სერია ნიკურაძემ მოიგო, თუმცა მერე ბიჭები გაბრაზდნენ და…
ვარჯიშის მიწურულს გუცაევმა ნაკრები ორად გაყო. ერთ მხარეს ქეცბაია, ქინქლაძე, არველაძე და ცხადაძე მოხვდნენ, მეორე ოთხეულში კი ჯამარაული, გახოკიძე, ჩალაძე და ღუდუშაური. ნახევარსაათიანი მინი-ფეხბურთი მოგებულის გარეშე დასრულდა, რადგან ორი ბურთით დაწინაურებმა ვერცერთმა შეძლო. ერთი გოლი კი არაფერს ნიშნავდა, ასეთი იყო წესი.
„1996 წელს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევდნენ. არ წავედი. მე ქართველი ვარ და საქართველოს ღირსებას უნდა ვიცავდე“, – უთხრა 19 წლის დავით ხმელიძემ სარბიელელ მამუკა კვანტალიანს, რომელმაც ახალგაზრდული ნაკრების ახალწვეული მეკარე ვერ იცნო. გიგლა იმნაძის რჩეული ბიჭებიც მცხეთაში ვარჯიშობდნენ, ეროვნულის მხარდამხარ. სოჭის ჟემჩუჟინის ქართველი გოლკიპერი ფეხბურთზე მწერალმა ჟურნალისტებმა პირველად სწორედ იქ, საქართველოს ძველ დედაქალაქში იხილეს.
26 მაისს გუცაევის ნაკრების მომავალმა მეტოქემ ნორვეგიამ მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა – საუდის არაბეთს 6(!) უპასუხო ბურთი გაუტანა, რუსეთის ნაკრები კი პოლონეთთან 1:3 დამარცხდა.
მთავარი სანახაობა თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ვიხილეთ: ბათუმის დინამომ დამატებით დროში გატეხა მურთაზ ხურცილავას ხელმძღვანელობით მოთამაშე თბილისის დინამო და ისტორიაში პირველად მოიგო საქართველოს თასი. მანამდე ზღვისპირელებმა მიჯრით სამი ფინალი წააგეს დავით ყიფიანის დინამოსთან.
აჭარლები ალექსანდრე კანტიძემ დააწინაურა მე-15 წუთზე, ზუსტად ოც წუთში რატი ალექსიძემ წონასწორობა აღადგინა, დამატებითი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე კი დავით ჭიჭვეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1. ლანჩხუთის გურიის და თბილისის დინამოს შემდეგ ბათუმის დინამო მესამე კლუბი გახდა, რომელმაც საქართველოს თასი მოიგო.
„ნაკრები ახლა ჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად აღმოვფხვრათ პრობლემები. ყოველმხრივ დაბალანსებული გუნდი უნდა შევქმნათ. ეს ნებისმიერს ეხება – მეკარიდან დაწყებული თავდამსხმელით დამთავრებული. ყველანი ვალდებულნი ვართ საქართველოს ღირსება დავიცვათ, სექტემბერს ყოველმხრივ მომზადებულნი უნდა შევხვდეთ.
აქვს თუ არა პოლიტიკური დატვირთვა ამ მატჩს? პოლიტიკა არაფერ შუაშია, უბრალოდ, მეტოქეს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მათზე ძლიერები ვართ. ისტორიაც რომ გავიხსენოთ, მოსკოვური გუნდების ჩამოსვლას სიმძაფრე არასდროს აკლდა“, – ეს სიტყვები ვლადიმერ გუცაევმა 28 მაისს, კრწანისის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს თამაშამდე ორი დღით ადრე შეხვდა.
სპორტული მედიის სტუმრობას ფეხბურთელებიც დაესწრნენ, მათ შორის შოთა არველაძე, რომელმაც აიაქსში სადებიუტო სეზონი დუბლით დაასრულა, აპრილში აღმართულ ერედივიზიეს ჩემპიონის სინს მაისის მიწურულს ნიდერლანდების თასიც დაურთო. პსვ ეინდჰოვენთან 5:0 მოგებულ ფინალში მან გოლიც გაიტანა.
„ვფიქრობ, ამ თამაშში არავითარი პოლიტიკა არ დევს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ მათზე კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. დავამტკიცოთ და მორჩა“, – თქვა შოთამ. ამავე საკითხზე ცხადაძემ და ქეცბაიამაც გამოთქვეს აზრი. შემდეგ გუცაევმა განაცხადა, დროა პოლიტიკაზე საუბარი დავასრულოთო, რასაც შოთას ხუმრობა მოჰყვა – მოდით ახლა ეკონომიკაზე გადავერთოთო…
რუსეთის ნაკრები იმავე საღამოს გვესტუმრა, მე პაატა თოთაძესთან ერთად მიმავლინეს აეროპორტში. სტუმართა დელეგაციას, ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს, უამრავ კოლეგასთან ერთად დავხვდით. უცნობი მიზეზის გამო რუსების თვითმფრინავი დაგეგმილზე ორი საათით გვიან დაეშვა საქართველოს დედაქალაქში და ამის გამო პრესკონფერენცია გაუქმდა. მეტოქეთა მწვრთნელს და ფეხბურთელებს იქვე გავესაუბრეთ.
„ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში გერასიმენკო არ ითამაშებს, ის უკვე გავათავისუფლეთ. სხვები ჯანმრთელად არიან, ძირითად შემადგენლობას კი მატჩის დღეს, დილით მოვიფიქრებ. საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაში ვნახე, მაგალითად იტალიასთან და პოლონეთთან თბილისში და შემიძლია ვთქვა, რომ რთული შეხვედრა გველის. ბოლო მატჩში ბევრი ხარვეზი დავინახეთ, თუმცა ამხანაგური თამაშები სწორედ ამიტომაა, რომ ნაკლი დროულად შევნიშნოთ“, – გვითხრა რუსების მთავარმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა.
ფეხბურთელებს ბევრი არ უსაუბრიათ, მხოლოდ ის დამამახსოვრდა, რაც დმიტრი ალენიჩევმა და ანდრეი ტიხონოვმა მითხრეს: თბილისური პაექრობა, სავარაუდოდ, ფრედ დასრულდებაო. ალენიჩევმა ანგარიშიც გამოიცნო.
რუსეთის ნაკრები აეროპორტიდან პირდაპირ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ გაეშურა, ფეხბურთის ფედერაციამ სტუმრები საქართველოს ეროვნული ნაკრების სიახლოვეს დააბინავა.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 23 აპრილი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 23 აპრილს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
