ეროვნული ნაკრების ისტორია: უკრაინა 4:0 საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მოახლოებასთან ერთად გახშირდა პოლემიკა სფფ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, თბილისის დინამოს პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას მომხრეებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის.
მას შემდეგ, რაც ჟორდანია ოფიციალურად დარეგისტრირდა პრეზიდენტობის კანდიდატად, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დინამოს ხელმძღვანელები კლუბის თანხებს არასათანადოდ განკარგავდნენ. ანდრიაძემ ორი წლის წინანდელი ისტორიაც გაიხსენა, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სპეციალური ბრძანებულებით საგადასახადო შეღავათები დაუწესა თბილისის დინამოს. სფფ-ის მაღალჩინოსნის თქმით, ჟორდანიამ და მისმა გუნდმა ამ გზით მიღებული დიდძალი თანხა კლუბს სათანადოდ ვერ მოახმარეს.
მერაბ ჟორდანიას თანაგუნდელმა, დინამოს ვიცე-პრეზიდენტმა რომან შოთაძემ სფფ-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელს რამდენიმე დღეში უპასუხა (სარბიელი; 1998 წლის 10 ივლისი):
„მესმის, რომ ანდრიაძე სხვისი ხელით მართვადი რუპორია, მაგრამ ამასთანავე დილეტანტიცაა. მას არ აქვს უფლება, ასე თავდაჯერებით ილაპარაკოს დინამოზე. ანდრიაძე ანგარებიანი პიროვნებაა, იქით გადაიხრება, სადაც სარგებელს ნახავს. როცა გვილხინდა, ჩვენთან იყო, გაგვიჭირდა და იმავე წამს ჩვენი ლანძღვა დაიწყო…
ყველაფრის მიზეზი, ვფიქრობ, ერთია – ანდრიაძემ და მისთანებმა კარგად იცოდნენ, რომ მერაბ ჟორდანია საპრეზიდენტო კანდიდატურას წამოაყენებდა. ისიც უწყოდნენ, როგორი პროგრამა ექნებოდა და რის გაკეთება შეუძლია. პროგრამაში ხომ ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავალია მითითებული. ამათ კი სწორედ ეს არ აძლევთ ხელს. ამიტომაც გვაბრალებენ უმოქმედობას, არაპატრიოტიზმს და სხვა რაღაცებსაც. ჩვენ, დინამოელებმა, კარგად ვიცით როგორ გამოვასწოროთ დინამოს ფინანსური მდგომარეობა, აი, ანდრიაძეში კი ეჭვი მეპარება“.
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კომენტარიც სარბიელის იმავე ნომერში გამოქვეყნდა. ნოდარ ანდრიაძეს ჟურნალისტი ხვიჩა სანიკიძე შეხვდა:
„დილეტანტი თავად შოთაძე ბრძანდება. იგი კომკავშირში მუშაობდა და მეგონა, უფრო მომზადებული იქნებოდა ორგანიზაციულ საკითხებში…
ამასწინათ დამირეკა. ჯერ ერთი, მამის ტოლი კაცი ვარ და იმგვარი ტონით არ უნდა მომმართოს, უნდა იცოდეს უფროს-უმცროსი. მითხრა, ყრილობის დელეგატების სია მოგვეცითო. მე განვუმარტე დელეგატების დასახელების დემოკრატიული პრინციპი. ისინი ჯერ რეგიონებში და კლუბებში უნდა აირჩიონ, სია მერე გვექნება-მეთქი. ამაზე გაბრაზდა, ვერ მუშაობთო…
რაც შეეხება ჩემს დილეტანტობას, მე მწვრთნელი არ ვარ, არც ერთ დიდ საფეხბურთო ფედერაციაში არ მუშაობენ მხოლოდ ფეხბურთელები და მწვრთნელები. დღეს მთავარია ფეხბურთის მართვის მექანიზმი, თორემ შენ რომ წარსულში დიდი ფეხბურთელი იყავი, ბევრს არ ნიშნავს. საქმის ორგანიზაციის ნიჭი და უნარია საჭირო. უნდა შექმნა ყოველივე არა ანგარებით, არამედ სუფთა ხელებით…
რაც შეეხება ჩვენს ხაზინას, ფედერაციას 2000 წლამდე ოთხივე ნაკრების შეკრების, მონაწილეობის, ევროპის შესარჩევი ციკლის ჩამთავრებისთვის განკუთვნილი ყველა თანხა აქვს. ეს ფული ჩვენ მივიღეთ ტელესპორტისგან და უეფას დახმარების ფონდისგან. ეს თანხა შვეიცარიის ბანკში დევს და მხოლოდ ეროვნულ ნაკრებებს ხმარდება. ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. ასე რომ, განცხადება ფედერაციის „ჯიბეგაფხეკილობის“ შესახებ უსაფუძვლოა…
ჩვენ არ ვერევით დინამოს ფინანსურ საქმეებში, მაგრამ თვითონ ხომ იციან თავიანთი „მოღვაწეობის“ ამბავი? როდესაც შევარდნაძემ ისინი გადასახადებისგან გაათავისუფლა, მათ დათვური სამსახური გაუწია. ამ გადაწყვეტილებით დინამომ უზარმაზარი თანხა დაზოგა, მაგრამ დირექტორატმა ეს ფული არასწორად გამოიყენა. სახელმწიფოს მეთაურის ამ ნაბიჯს დღევანდელი გადასახედიდან არასწორად ვთვლი, რადგან ამ შემთხვევაში სხვა კლუბები დაიჩაგრა. კი, მართალია დინამო სახალხო გუნდია, ყველა ქართველის საყვარელი კლუბია, მაგრამ მისმა ხელმძღვანელობამ არ იცოდა სამეურნეო მართვის მექანიზმი და ეს ფული მიზანმიმართულად ვერ დახარჯა. ისე წაიყვანეს საქმე, რომ დღეს სასამართლოს ჩარევა გახდა საჭირო…
სანამ ფეხბურთს შავი ხალხი არ ჩამოშორდება, იგივე ფედერაციაში, მანამ საქმე არ გამოსწორდება. მე კონკრეტულად არავის დავასახელებ. მათი საქმე შესაბამის ორგანოებში დევს სამოც ტომამდე და ხალხმაც კარგად იცის, ვინ არიან ისინი“.
დინამოს ერთ-ერთი მესვეურის და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის საჯარო პოლემიკიდან ერთ კვირაში, 1998 წლის 17 ივლისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა, რომელმაც 24 ივლისს დანიშნული საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის შესახებ იმსჯელა. თუმცა, იმ შეხვედრაზე ალექსანდრე ჩივაძის ერთმა ნაბიჯმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა: ბატონმა საშამ საკუთარი კანდიდატურის მერაბ ჟორდანიას სასარგებლოდ მოხსნა გადაწყვიტა. ამას მოჰყვა ის, რომ ფეხბურთის ფედერაციის ოფისში შეკრებილებმა ყრილობა გაურკვეველი ვადით გადადეს. ფეხბურთის ფედერაციის იმჟამინდელი ხელმძღვანელებისთვის ჩივაძის საქციელი უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა, ხოლო ნოდარ ანდრიაძემ თქვა:
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აღმასკომის წევრებზე იმუშავეს. საშა ჩივაძე მომხრე იყო, ყრილობა არ გადადებულიყო. მისი და ჟორდანიას ალიანსი საბოლოოდ გაირკვა…
მინდა ყველაფერი დეტალებში იცოდეთ, რომ დღევანდელი სხდომა საიდუმლო სერობას არ დაემსგავსოს. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ამდენი ღალატი თუ იყო ჩემს ირგვლივ და საერთოდ ფედერაციაში, ნამდვილად არ მეგონა. როდემდე უნდა ვიაროთ ამ გზით? როდემდე უნდა იქცეოდნენ ასე არაადამიანურად? როცა კაცი შენთან ერთად მუშაობს, შენს აზრს იზიარებს და ზურგს უკან სამარეს გითხრის, ეს საშინელებაა!
ჩივაძე მარტოკა არ ყოფილა! აღიარა საშამ, რომ კვინიკაძემაც ყველაფერი იცოდა. საოცარი დარტყმა მივიღე ამ ფაქტის გაგებით. მეგობრად ვთვლიდი, ყველაფერს ვუზიარებდი და რა საჭირო იყო ამგვარი საიდუმლო მოქმედება?
მეორე, რამაც გამაოგნა: აღმასკომის წევრებს არაფერი უთქვამთ, ლაპარაკობდნენ სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები. მე ვეკითხებოდი საშას: ესენი ვინღა დაპატიჟა? აღმასკომის სხდომა იყო თუ ბალაგანი? კი, გასაგებია, რომ დადგენილებით ისინიც უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ შეიძლება ასე უხეშად ჩაერიონ და ხელი შეუშალონ კრების მიმდინარეობას? თანაც, პირდაპირ ითხოვდნენ ეს ასე უნდა იყოს და ეს ასეო. უნდოდათ ყველაფერი მათი კარნახით წარმართულიყო. მე დეპარტამენტის წარმომადგენლებს სხდომის დატოვება ვთხოვე. არ ვიყავი მართალი? ამას ვერც წარმოვიდგენდი“!
თავად ალექსანდრე ჩივაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „მე მხარს ვუჭერ მერაბს. ჩვენ შევხვდით, ვიცი მისი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და ამიტომაც ვენდობი. აქედან გამომდინარე, ყველა ჩემი მხარდამჭერი ვალდებულია ჩემი პოზიცია გაიზიაროს. ვიმეორებ, მერაბს ყველანაირად ვენდობი“.
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების კომენტარებზე არანაკლებ საინტერესო იყო აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, პარლამენტარი ლაშა მინდელის პოზიცია:
„როდესაც ერთი ჯგუფი ერთ კანდიდატურას უჭერს მხარს და ეს პიროვნება მეორე პრეტენდენტის სასარგებლოდ უკან იხევს, ბუნებრივია, ეს ჯგუფი არ არის მზად იმისათვის, უცებ გადაეწყოს და მიემხროს მეორე კანდიდატურას. ამას დრო სჭირდება. ამიტომ შეიქმნა არაჯანსაღი სიტუაცია და ამისთვისაა აუცილებელი ყრილობის გადაწევა…
ჩივაძემ განაცხადა, რომ იგი გაეცნო ჟორდანიას პროგრამას, მთლიანად ეთანხმება მას და ამბობს, რომ ვერ შეასრულებს იმას, რის გაკეთებასაც ჟორდანია აპირებს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში უნდა გაიმარჯვოს ჟორდანიამ. ამას, უბრალოდ, ლოგიკა მოითხოვს. ყრილობა კი უნდა გადაიდოს“.
21 ივლისს საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ახალი თარიღიც გაირკვა – 23 ოქტომბერი. ეს ცნობა ყველასთვის მოულოდნელი გამოდგა, მათ შორის პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრისთვის, მანუჩარ მაჩაიძისთვის:
„მართალია ახლა პარლამენტი შვებულებაშია, მაგრამ 1 სექტემბერს ყველა პარლამენტარი ადგილზე იქნებოდა. ჩვენი მოთხოვნაც ასეთი იყო – ახალი არჩევნები სექტემბრის პირველ რიცხვებში ჩაგვეტარებინა“.
სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული სხდომის წინ ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზიც გაირკვა, სფფ-ის ხელმძღვანელთა განცხადებით, ყრილობის ასე გვიან დანიშვნა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმერ გუცაევს უთხოვია, მოვითავოთ შესარჩევი მატჩები და ფედერაციის ხელმძღვანელებიც შემდეგ ავირჩიოთო. ასეთმა პასუხმა დეპარტამენტის თავმჯდომარე კახი ასათიანი ძალიან გააკვირვა:
„ვერ დავიჯერებ, რომ ვოვამ ასე მოითხოვა. პარლამენტში გუშინვე შევთანხმდით, რომ ყრილობა მაქსიმუმ თვენახევრით გადაგვედო, დღეს კი სამი თვე გამოვიდა. სიმართლე მითხარით, თუ ამის უკან რამე იმალება, ესეც ვთქვათ, თუ ყველაფერი დალაგებულია, მაშინ სამი თვე ძალიან გაწელილი დროა“.
თავად ვლადიმერ გუცაევმა კი სარბიელელ პაატა კვანტალიანთან ინტერვიუში განაცხადა:
„გუცაევისთვის სულ ერთია, ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ჩემი კანდიდატი მყავს, ამას უშუალოდ კენჭისყრის წინ განვაცხადებ, მაგრამ ფაქტობრივად, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ფედერაციის სათავეში მოვიდეს ადამიანი, რომელიც დიდ საქმეს გააკეთებს ქართული ფეხბურთისთვის…
დღევანდელი კანდიდატებიდან ყველა ჩემი მეგობარია და ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყრილობით გამოწვეული მითქმა-მოთქმა ნაკლებად მაინტერესებს. მე, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, ჩემი ფიქრები ნაკრებს უტრიალებს და დამეთანხმებით, საზრუნავი საკმაოდ მაქვს“.
საფიქრალი კი ეროვნული გუნდის მესაჭეს რომ მრავლად ჰქონდა, ეს კიევში გამართულმა ამხანაგურმა შეხვედრამაც გამოაჩინა. საქართველოს ნაკრების პირველი სტუმრობა უკრაინის დედაქალაქში „ჯვაროსნების“ განადგურებით დასრულდა. იოჟეფ საბოს ბიჭებმა, რომლებმაც 15 ივლისს კიევში პოლონელებთან ამხანაგური თამაში 1:2 წააგეს, ქართველებს უშანსოდ აჯობეს – 4:0.
ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი ოთხბურთიანი წაგება ნიგერიაში 1:5-ის შემდეგ და ისტორიაში მეხუთე მარცხი სამი ან მეტი ბურთის სხვაობით.
ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე სამი კვირით ადრე კიევში განადგურებამ ქომაგები ძალიან დააღონა, თამაშიდან გამომდინარე კი ბევრმა ისიც თქვა, რომ არაერთი ფეხბურთელი ბოლომდე არ იხარჯებოდა და სანამ სიტუაცია არ გამოსწორდებოდა, საქმეს არაფერი ეშველებოდა.
„ახლა ისეთი დროა, რომ უფლება არ გვაქვს ნაკრებში გამოცდილ ფეხბურთელებს უნდობლობა გამოვუცხადოთ. უკრაინასთან მატჩმა დამარწმუნა – იქ მოთამაშე ახალგაზრდების უმეტესობა არაა უმაღლეს დონეზე მომზადებული“, – ეს სიტყვები გუცაევმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კიევში დანიშნული მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია 6 აგვისტოს გაავრცელა:
მეკარეები: ნიკა ტოგონიძე (ბათუმის დინამო), დავით გვარამაძე (თბილისის დინამო)
მცველები: კახი ცხადაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), მამუკა წერეთელი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), ლევან კობიაშვილი (თბილისის დინამო)
ნახევარმცველები: გოგა გახოკიძე (პსვ ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), გიორგი ნემსაძე (ციურიხის გრასჰოპერი, შვეიცარია), გიორგი ქინქლაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი)
თავდამსხმელები: შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), ზაზა ჯანაშია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), გიორგი დემეტრაძე (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი).
12 აგვისტოს, აზერბაიჯანში, გიგლა იმნაძის მიერ მომზადებული ექსპერიმენტული გუნდის მატჩის შემდეგ გუცაევმა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ოთხი მოთამაშე დაამატა: ლევან ცქიტიშვილი და გივი დიდავა თბილისის დინამოდან, რიგის სკონტოში მოთამაშე ლევან სილაგაძე და გოჩა ჯამარაული, რომელიც კარგა ხანს უკლუბოდ იყო, მაგრამ უკრაინასთან მატჩის წინ შვეიცარიის ციურიხს შეუერთდა.
კიევში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ შოთა არველაძე და ზაზა ჯანაშია გუნდს ვერ დაეხმარებოდნენ. უკრაინასთან ამხანაგური ორივემ გამოტოვა, არადა უკრაინაში თამაშის წინ და შემდეგ მათ კლუბების შემადგენლობაში ითამაშეს: შოთამ პსვ ეინდჰოვენთან, შემდეგ კი ტილბურგის ვილემ II-თან (ამ შეხვედრაში მან გოლიც გაიტანა), ზაზამ კი რუსეთის ჩემპიონატში. ეს ფაქტი არავის გამორჩა და რამდენიმე ჟურნალისტმა დაწერა კიდეც, რომ თავდამსხმელები არაფრისმომცემ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმებს მოერიდნენ.
კიევური კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვლადიმერ გუცაევმა სარბიელთან ინტერვიუში თქვა:
„შოთასი მართლა მჯერა, ეჭვი არ მეპარება, მას საზარდული აწუხებს. კიევში მე და გუნდის ექიმი შოთას ერთად ვესაუბრეთ. გვითხრა, ისეთ დღეში ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ გავაკეთებ, 5 სექტემბრისთვის კი, ალბათ, გამოვჯანმრთელდები, წამლებს თბილისში ჩამოვიტან და თქვენ თვალწინ ვიმკურნალებო. ვნახოთ.
ჯანაშიამ კი მითხრა, ტკივილგამაყუჩებლებით ვითამაშე ლოკომოტივში, კლუბის ხელმძღვანელობამ ამხანაგური მატჩისთვის ვერ გამიმეტა, არადა, ეროვნულ გუნდში თამაში მინდაო. აგვისტოს ბოლოს ის თბილისში ჩამოვა, ასეთი საქციელისთვის კი პასუხს ლოკომოტივს ვაგებინებთ“.
საქართველოს დელეგაცია უკრაინას 17 აგვისტოს ესტუმრა. ერთი დღის შემდეგ გიგლა იმნაძის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა გუნდმა კიევის დინამოს სტადიონზე უკრაინელ თანატოლებთან ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი დარასელიას გოლით იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.
ეროვნულ ნაკრებთა თამაში კი უშველებელ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მასპინძლები რუსების სტუმრობისთვის ემზადებოდნენ, ისინი ხომ ევრო 2000-ის ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ.
სარბიელმა კიევში ვახტანგ ბზიკაძე მიავლინა, რომელმაც 26 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ ჩანახატში „თბილი ბორჯომი და ცივი შხაპი“ აღნიშნა:
„სასტუმროს თვრამეტსართულიან შენობას თავს გრანდიოზული ოლიმპიისკი წამოდგომოდა. ქართველთა და უკრაინელთა სამზადისს ერთდროულად შევესწარი. არ იფიქროთ სამატჩოდ ორივე ნაკრები, მასპინძლებისაც და ჩვენიც, სტუმრებისა, ერთ მინდორზე ემზადებოდნენ. არა. კიეველებს ასე გამალებით სხვა სამზადისი გაეჩაღებინათ – რუსეთთან 5 სექტემბრის მატჩისთვის ეროვნული სპორტკომპლექსის ტრიბუნებზე ინდივიდუალურ სკამებს ამონტაჟებდნენ. აუთვისებელი მესამედიღა დარჩენილიყო და… იმ წამს არა და, მეორე საღამოს, თამაშის საცქერლად მისულმა კი ვინატრე, ახლა აქ ის ხალხი დასვა, ვინც ჩვენი ეროვნული სტადიონის განახლებას ხელმძღვანელობს, რომ ნახონ მუშაობა როგორი ტემპებით შეიძლება-მეთქი.
ნუ იფიქრებთ, რომ უკრაინელებმა ტემპს ხარისხი შესწირეს. მათ უკვე ოცდათორმეტი მილიონი დაუხარჯავთ სტადიონის რეკონსტრუქციისთვის. ამ თანხით კიეველებს მხოლოდ ინდივიდუალური სკამები როდი დაუდგამთ – ჩინებული პრესისა თუ ვიპ-ლოჟაც მოუწყვიათ და იქ მოსახვედრი სამსართულიანი ლიფტიც. პრესლოჟაში, რომელიც გარე სამყაროსგან უზარმაზარი შუშებითაა იზოლირებული, ასორმოცდაათამდე ინდივიდუალური მაგიდაა, აქედან ორმოცდაათამდე პირველ რიგში.
სხვა საქმეა, რომ ამ მაგიდებზე, ისიც თითოს გამოტოვებით, ორგანიზატორებმა თბილი ბორჯომი დაგვახვედრეს და სატელეფონო საუბრისთვისაც ტარიფი, როგორც ორ საათში დავრწმუნდი, ხუთმაგი, საკუთარი შეხედულებისამებრ დაგვიდგინეს“.
ზემოხსენებულ ჩანახატში სარბიელის ჟურნალისტი, მეტწილად, თამაშამდე და შემდგომ ამბებზე წერდა, თორემ უშუალოდ მატჩზე ბევრი არაფერი იყო სათქმელი. უკრაინელებმა პირწმინდად აჯობეს ქართველებს და ოთხი გოლის გარდა კიდევ ერთი ამდენი მომენტი ვერ გამოიყენეს.
არველაძის და ჯანაშიას არყოფნაში გუცაევმა ერთადერთი თავდამსხმელით დაიწყო თამაში – 20 წლის ალექსანდრე იაშვილი იმ დღეს მეექვსედ გამოჩნდა ეროვნულ გუნდში. მის უკან გიორგი ქინქლაძე ვიხილეთ, ნახევარდაცვის სამეულში კი, მარჯვნიდან მარცხნივ თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული და ლევან კობიაშვილი. მათ უკან, საყრდენი ნახევარმცველების პოზიციაზე გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ და გელა შეყილაძემ ითამაშეს, ნიკა ტოგონიძის კარის დაცვა კი მარჯვნივ გივი დიდავას, ცენტრში კახი კალაძეს, ხოლო მარცხნივ ლევან ცქიტიშვილს დაევალათ. გუნდმა, ისევე როგორც განჯაში, კიევშიც ადიდასის შინდისფერი მაისურებით, თეთრი შორტებითა და გეტრებით ითამაშა.
ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა. კალაძემ უმისამართოდ მოიგერია ბურთი, მასპინძელთა კაპიტანმა იური კალიტვინცევმა ვიტალი კოსოვსკის გაუთამაშა, რომელმაც მალევე მოძებნა სერგეი რებროვი. პენალტის ნიშნულსა და საჯარიმოს ხაზს შორის მყოფ კიევის დინამოელს ბევრი არ უფიქრია და პირდაპირ კარში დაარტყა. ტოგონიძემ ბურთი ვერ მოიგერია – 1:0.
უკრაინელთა მთავარი კლუბი ვახსენე და აქვე შევნიშნავ, რომ იოჟეფ საბომ ძირითად შემადგენლობაში კიევის დინამოს 9(!) ფეხბურთელი ათამაშა, მხოლოდ ორი იყო ლვოვის კარპატიდან – ოლექსანდრ ევტუშოკი და ვლოდიმირ მიკიტინი.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქის ძირითად შემადგენლობაში ერთი კლუბის უფრო მეტმა ფეხბურთელმა მხოლოდ ორჯერ ითამაშა: 1990 წლის 27 მაისს, თბილისის ეროვნულ სტადიონზე გასული თერთმეტი ლიეტუველიდან ათი ვილნიუსის ჟალგირისის წევრი გახლდათ, 1991 წლის 2 ივლისს კი, მოლდოვაში, მასპინძელთა საწყის შემადგენლობაში კიშინიოვის ზიმბრუს ათი ფეხბურთელი მოხვდა.
ანგარიშის გახსნიდან ათ წუთში გიორგი ქინქლაძემ პირველად დაარტყა ალექსანდრ შოვკოვსკის კარისკენ, მოგვიანებით კი ჯამარაულმა იაშვილი გაიყვანა კარგ პოზიციაზე, თუმცა ფრაიბურგის ფორვარდმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ეს იყო და ეს, ჩვენებს ხეირიანად აღარ შეუტევიათ, მასპინძლები კი ტემპის დაგდებას არც ფიქრობდნენ.
შესვენებამდე სამი წუთით ადრე რებროვმა დუბლი შეასრულა. კიეველთა ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ქართველებმა ვერც ამჯერად შეუშალეს ხელი – 2:0. სათქმელია, რომ იმ ეპიზოდში ტოგონიძეც შეცდა, კარიდან წინ გამოვიდა.
57-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახდა. მოსკოვის ტორპედოელმა სერგეი სკაჩენკომ, რომელიც მეორე ტაიმში გამოჩნდა კაპიტნის ნაცვლად, კუთხურის შემდეგ გაახარა ტრიბუნებზე შეკრებილი მცირერიცხოვანი ქომაგები.
75-ე წუთზე სერგეი კოვალიოვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0. და ამით ერთი უცნაური ფაქტიც დაფიქსირდა: საქართველოს ნაკრების კარში ყველა გოლი ერთი და იმავე სახელის მქონე ფეხბურთელებმა შეაგდეს – სერგეი რებროვმა (ორი), სერგეი სკაჩენკომ და სერგეი კოვალიოვმა. ამ უკანასკნელმა, რომელიც დონეცკის შახტარის წევრი გახლდათ, იმ დღეს პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. დებიუტანტი ქართველებსაც ჰყავდათ – ვლადიკავკაზის ალანიის 19 წლის მცველი მამუკა წერეთელი, რომელმაც შესვენების შემდეგ დაიკავა ნემსაძის ადგილი.
უკრაინელებმა ბოლო ორი გოლი დავით გვარამაძეს გაუტანეს. ტოგონიძის თამაშით უკმაყოფილო ვლადიმერ გუცაევმა ბათუმელი გოლკიპერი მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალა.
„სხვა მომენტებს ვეღარ აღვწერ. მასპინძლებისას თვლა არ ჰქონდა, ჩვენი ერთი-ორი და უკბილო კი, რა სათვალავში ჩასაგდებია“, – წერდა ვახტანგ ბზიკაძე კიევიდან გამოგზავნილ რეპორტაჟში „უკრაინამ სარკეში ჩაგვახედა“ (სარბიელი; 1998 წლის 20 აგვისტო).
„აშკარაა და არა დაუჯერებელი, რომ გუცაევმა ეროვნულს ის სული ვერ შთაბერა, რომელმაც ახალგაზრდული ნაკრები, სხვები რა სახსენებელია, თვით იტალიელებზე აღამაღლა და შესარჩევ ჯგუფში ინგლისის კუდში, მეორე ადგილზე გაიყვანა…
ქართული ფეხბურთის ის თაობა, რომელიც ნაკრების ბირთვს წარმოადგენს და ფეხბურთის ენაზე უკვე ვეტერანად იწოდება, თავდაღმართშია. დაცემას აღზევება მოსდევს, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა თავქვე ეშვება…
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ, მგონი, ესეც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ გუცაევის საბერველი რაგინდ დიდი იყოს, ნაკრების მინავლებული ნაკვერჩხლისგან ცეცხლს ძნელად თუ დაანთებს“, – ამონარიდები ვახტანგ ბზიკაძის კიდევ ერთი კიევური რეპორტაჟიდან „დაისი და საბერველი. თუ ნაკრებმა არ იფრინა, გულშემატკივარი გააფრენს“ (1998 წლის 21 აგვისტო).
სარბიელის მითითებული ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადებაც, რომელიც ნაკრების მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბელგრადის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებოდა.
თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბელგრადის პარტიზანის და ბათუმის დინამოს თამაშის გასაშუქებლად სარბიელმა კობა ინასარიძე მიავლინა. მან საქართველოდან სერბეთამდე, მოსკოვის გავლით, ბათუმელებთან ერთად იმგზავრა. ბელგრადის აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლამდე, როცა ჟურნალისტი აჭარელთა მთავარ მწვრთნელს შოთა ჭეიშვილს ესაუბრებოდა, დელეგაციის ხელმძღვანელი თენგიზ ბაკურიძე უხეშად ჩაერია პოლემიკაში. სიტყვა-პასუხი ხმამაღალ საუბარსა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ბაკურიძემ „იოლი გამოსავალი მოძებნა“ და კობა ინასარიძე მესაზღვრეთათვის წარსადგენი სიიდან ამოშალა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ზემოხსენებულ განცხადებაში ეწერა: „ოცდაათკაციან დელეგაციაში, სამწუხაროდ, ისეთი არავინ აღმოჩნდა, ჩვენს სარბიელელ კოლეგას გამოქომაგებოდა და აბობოქრებული ბაკურაძისთვის „განაჩენის“ გადასინჯვა ეთხოვა. ჩვენებურთაგან განწირული ჟურნალისტი იუგოსლავიელმა მესაზღვრეებმა დაინდეს და ნახევარსაათიანი ახსნა-განმარტების შემდეგ ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცეს.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია პროტესტს უცხადებს ბათუმის დინამოს საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობას, მთავარ მწვრთნელს, დელეგაციის მეთაურს თენგიზ ბაკურიძეს კი ბრალს სდებს იმისთვის, რომ:
პირადი ანგარიშსწორების მიზნით ბოროტად გამოიყენა დელეგაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება;
საფრთხე შეუქმნა საქართველოს მოქალაქის თავისუფლებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
ცინიკურად და უცერემონიოდ შეუშალა ხელი ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;
აბუჩად აიგდო გაზეთის რედაქცია და ათასობით მკითხველი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კორპუსი.
ასეთი საქციელისთვის, ჩვეულებრივ, პასუხს აგებენ.
იმის იმედიც გვაქვს, რომ ამგვარი ინციდენტი არასდროს გამეორდება“.
ეს შემთხვევა იმად გავიხსენე, რომ სპორტულ ჟურნალისტებთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა მაშინდელი ქართული ფეხბურთის ზოგიერთ წარმომადგენელს საკმაოდ უჭირდა.
სამწუხაროდ, ასოციაციის სურვილი არ გამართლდა და კლუბების წარმომადგენელთა მხრიდან უტიფარი დამოკიდებულება მომდევნო წლებშიც არაერთხელ ვიხილეთ. და რაც უფრო გულდასაწყვეტია, რამდენჯერმე თავად ფეხბურთელებიც დაემუქრნენ ჟურნალისტებს. ვერ გეტყვით რაზე ფიქრობდნენ ისინი, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ დაუფიქრებელი საქციელით მხოლოდ საკუთარ თავს ავნეს.
* * *
19 აგვისტო, 1998. ამხანაგური. უკრაინა, კიევი, ოლიმპიური. 8 000
უკრაინა 4:0 საქართველო
გოლები: 1:0 სერგეი რებროვი (1), 2:0 სერგეი რებროვი (42), 3:0 სერგეი სკაჩენკო (57), 4:0 სერგეი კოვალიოვი (75)
უკრაინა: ალექსანდრ შოვკოვსკი (ვალერი ვორობიოვი 46), ოლეგ ლუჟნი (მიხაილო სტაროსტიაკი 72), ოლექსანდრ ევტუშოკი (სერგეი კოვალიოვი 46), ოლექსანდრ გოლოვკო, ვლადისლავ ვაშჩუკი, ანდრეი გუსინი, ვლოდიმირ მიკიტინი, იური კალიტვინცევი (კაპ) (სერგეი სკაჩენკო 46), ვიტალი კოსოვსკი (რომან მაქსიმიუკი 42), ანდრეი შევჩენკო, სერგეი რებროვი (სერგეი კონოვალოვი 78)
მწვრთნელი: იოჟეფ საბო
საქართველო: ნიკა ტოგონიძე (დავით გვარამაძე 46), ლევან ცქიტიშვილი, კახი კალაძე, გივი დიდავა (ლევან სილაგაძე 73), გელა შეყილაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ) (მამუკა წერეთელი 46), თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი (გიორგი დემეტრაძე 61)
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: კახი კალაძე, გელა შეყილაძე, თემურ ქეცბაია
მსაჯი: რომანს ლაიუკსი (ლატვია)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 14 მაისი
ფოტო: გაზეთი სარბიელი
*-2026 წლის 14 მაისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
