მსოფლიო თასის საინტერესო ამბები: 30-წამიანი მატჩი
უდიდეს საფეხბურთო ტურნირს არაერთი საინტერესო, ერთი შეხედვით დაუჯერებელი და ლამაზი ამბავი ახსოვს, თუმცა ფიფას ოქროს თასის გათამაშების ისტორიაში რამდენიმე სამარცხვინო შემთხვევასაც შეხვდებით. ერთ-ერთი ასეთია 1973 წლის შემოდგომით, საბჭოთა კავშირსა და ჩილეს ნაკრებ გუნდებს შორის დაუსრულებელი დუელი და ყველაზე ხანმოკლე მატჩი.
მსოფლიოს X ჩემპიონატისთვის უეფას ფინალური ეტაპის 8 პირდაპირი საგზური ერგო, მე-9 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულს კი კონმებოლის ზონის მე-3 ჯგუფის პირველადგილოსანთან უნდა ეთამაშა. ევროზონის უკანასკნელ საკვალიფიკაციო ჯგუფში საბჭოთა კავშირი, საფრანგეთი და ირლანდია მოხვდნენ, საბოლოოდ კი საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში სსრკ და ჩილეს ნაკრები გუნდები გავიდნენ.
პირველი მატჩი 1973 წლის 26 სექტემბერს იყო დანიშნული მოსკოვში, ლუჟნიკზე. ორი კვირით ადრე, 11 სექტემბერს, ჩილეში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა: გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელმძღვანელობით ამბოხებულებმა სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ხელისუფლება დაამხეს, პრეზიდენტი იმ დღესვე დაიღუპა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი მაინც შედგა. ჩილელების წინააღმდეგ ორმა დინამოელმა ითამაშა: რევაზ ძოძუაშვილმა შეუცვლელად, ვლადიმერ გუცაევი კი მეორე ტაიმში გამოჩნდა ოლეგ დოლმატოვის ნაცვლად. მატჩი 0:0 დასრულდა.
საპასუხო შეხვედრა 21 ნოემბერს იყო დანიშნული სანტიაგოში, ეროვნულ სტადიონზე, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პინოჩეტის მომხრეებმა საკონცენტრაციო ბანაკად გადააქციეს: დატყვევებულ ოპონენტებს მიერეკებოდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ. მოგვიანებით დაიწერა, რომ იქვე დახვრიტეს ალიენდეს არაერთი მხარდამჭერი.
საბჭოთა კავშირის მთავრობამ ნაკრების ჩილეში გაგზავნაზე უარი თქვა და ფიფას მატჩის სხვა სტადიონზე გამართვა მოსთხოვა. ოფიციალურ განცხადებაში ეს სიტყვებიც ეწერა: „საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრები ვერ ითამაშებს იმ სტადიონზე, რომელიც ჩილელი პატრიოტების სისხლით არის მორწყული“.
ფიფამ სანტიაგოში სპეციალური კომისია მიავლინა. სტადიონზე დატყვევებულთაგან ერთ-ერთმა, გრეგორიო მენია ბარიალესმა წლების შემდეგ თქვა: „კომისიის წევრებმა მართლაც დაათვალიერეს სტადიონი, ჩვენც გვნახეს და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით იხილეს თუ რა დღეში ვიყავით, სულ რამდენიმე წუთში უტიფრად იცრუეს და თქვეს, რომ იმ პირობებში ფეხბურთის თამაში შესაძლებელი იყო. ისიც მახსოვს, ფიფას წარმომადგენელთა სტუმრობამდე ასობით ტყვე სტადიონიდან ავტობუსებით რომ გაიყვანეს, როგორც მაშინ თქვეს ატაკამას უდაბნოში, ღია ცის ქვეშ“.
კომისიის დასკვნის შემდეგ ფიფამ ესტადიო ნასიონალზე შესარჩევი მატჩის გამართვა დასაშვებად მიიჩნია და სსრკ საფეხბურთო კავშირს აცნობა, რომ თუ გუნდი ჩილეს დედაქალაქში არ ჩავიდოდა, დისკვალიფიკაციით დაისჯებოდა. საგანგებო პრესკონფერენცია იქვე, სტადიონზე გაიმართა და მასში ჩილეს ახალი თავდაცვის მინისტრი, ვიცე-ადმირალი პატრისიო კარვახალ პრადოც მონაწილეობდა (1990 წელს მან თავი მოიკლა). პინოჩეტის თანამოაზრემ განაცხადა, რომ სარბიელი სრულ მზადყოფნაში იყო და საზოგადოებას საბჭოთა პროპაგანდისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია.
მოსკოვში გადაწყვეტილება არ შეცვალეს, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნაკრები ჩილეში არ გაემგზავრა. ის ამბავი ერთ-ერთ ინტერვიუში მურთაზ ხურცილავამაც გაიხსენა:
„მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მეტოქედ ჩილე გვერგო. სამხედრო გადატრიალება ახალი მომხდარი იყო – გენერალმა აუგუსტო პინოჩეტმა იქაური კომუნისტები დახვრიტა. ამ ამბავს მოსკოვში როგორ შეხვდებოდნენ, ალბათ წარმოგიდგენიათ. ჩილეს ნაკრებს მაინც ვეთამაშეთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრისთვის სანტიაგოში აღარ გაგვიშვეს. ასე დავრჩით მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა“.
მეტოქის უარმა პინოჩეტის ხელისუფლება არ დააკმაყოფილა, მათ სანახაობა სურდათ და დადგეს კიდეც: 1973 წლის 21 ნოემბერს, სანტიაგოს ესტადიო ნასიონალზე მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე მატჩი გაიმართა. მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი გავიდა, ჩილეს ნაკრები. მსაჯის სიმბოლური სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებმა ბურთი გაითამაშეს, „შეტევა“ კი კაპიტანმა ფრანსისკო ჩამაკო ვალდესმა ცარიელ კარში შეგდებული ბურთით „დაასრულა“. „შესარჩევი თამაში“ 30 წამში დასრულდა.
მოგვიანებით ფიფამ ჩილეს 2:0 გამარჯვება ჩაუთვალა, რის შემდეგაც გერმანია 1974-ის მონაწილედ დაამტკიცა.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 18 მაისი
ფოტო: FIFA.com
