ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 1:0 ალბანეთი
„რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მიუხედავად ჩვენი მონდომებისა, საქართველოსა და ალბანეთის ეროვნული გუნდების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ხალხს ვერ ვუჩვენებთ.
ფეხბურთის ფედერაციასა და ტელევიზიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ეროვნული გუნდის ხუთი საშინაო მატჩის პირდაპირ ეთერში ჩვენებისთვის ფედერაციას ოთხასი ათასი დოლარი უნდა გადავუხადოთ, ეს თანხა კი საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის ძალიან დიდია. ეს კი არა, ხელფასებს ძლივს გავცემთ.
ამიტომ, მატჩის რეპორტაჟს საღამოს, თორმეტის თხუთმეტ წუთზე დავიწყებთ. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ საინფორმაციო გამოშვება მაცნე გავა, მისი დასრულების შემდეგ კი ეთერს მეორე ტაიმი შეავსებს. გავითვალისწინეთ ისიც, რომ შეიძლება ამ დროისთვის შუქი ყველას არ ჰქონდეს, ამიტომ, მეორე ნახევრის ვიდეოჩანაწერს 6 სექტემბერს, შუადღით გავიმეორებთ“.
ეს სიტყვები პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ლეონიძემ სარბიელელ მამუკა კვანტალიანთან ინტერვიუში განაცხადა. და ის დღევანდელი წერილის შესავლად ერთადერთი მიზეზით მოვიშველიე: ზედაპირულად რომ შემეხსენებინა 1998 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოში არსებული მდგომარეობა.
პირველ არხზე უკეთეს დღეში არც ეროვნული გუნდი იყო. შოთა არველაძე, გოგა გახოკიძე და გელა შეყილაძე – ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი მატჩისთვის შეგულებული ფეხბურთელებიდან ვლადიმერ გუცაევმა ეს სამეული ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე მოისაკლისა.
შოთას კვლავ საზარდული გაუმიზეზდა, რის გამოც მან აგვისტოში, კიევში წაგებული ამხანაგური მატჩიც გამოტოვა. შეყილაძეც იგივე მიზეზით გამოაკლდა ნაკრებს, გახოკიძე კი წელის ტკივილის გამო ვერ ჩამოვიდა თბილისში.
ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩისთვის არასრული შემადგენლობით მზადება 31 აგვისტოს დაიწყო, როცა რამდენიმე ფეხბურთელმა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის კარი შეაღო. გუცაევის რჩეული ყველა მოთამაშე მხოლოდ 3 სექტემბერს შეიკრიბა.
აგვისტოს მიწურულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ სტადიონზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟი განაახლა და სანაკრებო მატჩის დღეს მათი რაოდენობა ორი ათასიდან ოც ათასამდე გაიზარდა. თამაშამდე ერთი კვირით ადრე კი ბილეთების გაყიდვაც დაიწყო: ახალგაზრდულების შეხვედრის ნახვის მსურველებს 2 ლარი უნდა გადაეხადათ, ეროვნულ ნაკრებთა მატჩზე დასასწრები ბილეთი კი 5 და 3 ლარად შეფასდა.
3 სექტემბერს, შუადღით, ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ეწვია საქართველოს საპატრიარქოს. ფეხბურთელებს და მწვრთნელებს პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II უმასპინძლა და ბიბლიის ახალი გამოცემაც უსახსოვრა. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, პატრიარქთან სტუმრობა პირადად ვლადიმერ გუცაევის ინიციატივა ყოფილა. მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები გუნდში სიტუაციას გააუმჯობესებს და საბრძოლო განწყობასაც აამაღლებს.
რამდენიმე საათში თბილისს ალბანეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები და ოფიციალური პირები ეწვივნენ, საერთო ჯამში დაახლოებით სამოცი კაცი. ქართველი ჟურნალისტები სტუმრებს, მაშინდელი ტრადიციით, აეროპორტშივე დავხვდით და მცირე ინტერვიუებიც ჩამოვართვით. ალბანელთა თავკაცმა ასტრიტ ჰაფიზიმ გვითხრა:
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს და ეს დიდი უპირატესობაა, ჩვენ არაფრის გვეშინია. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მშვენივრადაა დაკომპლექტებული, ამიტომ უშეღავათო ბრძოლის მოლოდინში ვარ. თუ სასურველ შედეგს მივაღწიეთ, ასეთად კი გამარჯვება მიმაჩნია, მართლა ბედნიერი ვიქნები, მაგრამ არც ქულის მოპოვებით დამწყდება გული. წლის დასაწყისში მალტის ტურნირზე საქართველოსთან პირწმინდად წავაგეთ, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ვეცდებით თქვენთან დანავსული სერია დავასრულოთ“.
ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ალბანელთა ეროვნული გუნდისთვის კერძო სასტუმრო ოდა ჰქონდათ დაქირავებული. იქ მისული სტუმრები შენობით კი მოიხიბლნენ, მაგრამ მცირე ხანში, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები ნომრებში გაანაწილეს, იქაურობა ყველამ დატოვა. მიზეზი? რამდენიმე მოთამაშე საწოლში ვერ დაეტია! განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო გუნდის ლიდერი, იმხანად დიუსელდორფის ფორტუნაში მოთამაშე იგლი ტარე, რომელიც ნაკრების ადმინისტრატორებს ხმამაღლა ესაუბრებოდა.
პრობლემა მალე მოგვარდა: ალბანელთა ნაწილი – ეროვნული გუნდის მოთამაშეები და მწვრთნელები – ავლაბარში, შერატონში დაბინავდნენ, დანარჩენები კი სასტუმრო მესაზღვრეში. ამ უცნაური პრობლემის მოგვარებამ გათვალისწინებულზე დიდი დრო წაიღო და ამიტომაც დაუგვიანდა მეტოქეს ისნის სტადიონზე ვარჯიში.
„თქვენთან შესახვედრად სერიოზულად ვემზადებით და კარგი შედეგის იმედიც გვაქვს. გვეყოფა ქართველებთან სამჯერ წაგება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, ხუთში ჩვენთვის კარგი დილა გათენდება, თქვენ კი ცუდ ხასიათზე იქნებით. არ გემუქრებით, უბრალოდ მგონია, რომ ასე იქნება. ჩვენ დღეს ძალიან კარგი გუნდი გვყავს და დიდი ხანია აღარ ვართ პატარა ბავშვები“, – ეს სიტყვები სტუმართა კაპიტანმა რუდი ვატამ ისნის სტადიონზე დასრულებული ვარჯიშის შემდეგ თქვა. კოტბუსის ენერგის მცველს სარბიელელი პაატა კვანტალიანი ესაუბრა. სანამ სტუმართა ეროვნული გუნდი ისანში ვარჯიშობდა, ახალგაზრდებმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სარბიელს მიაკითხეს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი იმავე წუთებში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჯანო ბაგრატიონს და გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს მასპინძლობდა. სეოკ-ის ხელმძღვანელები გიგლა იმნაძის ბიჭებთან გზის დასალოცად მივიდნენ, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ხომ ალბანეთთან მატჩით იწყებდა სიდნეის ოლიმპიური თამაშებისკენ მიმავალ გზას.
„ავსტრალიაში არ ვარ ნამყოფი და მოხარული ვიქნები თუ სიდნეის თქვენთან ერთად დავათვალიერებ. წარმატებებს გისურვებთ და იმედია, ჩინებული სტარტი გექნებათ“! – ამ სიტყვებით მიმართა ჯანო ბაგრატიონმა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს და ფეხბურთელებს.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს პირველად რობერტო ლანდიმ უპასუხა, გიგლა იმნაძის იტალიელმა თანაშემწემ: „არც მე ვყოფილვარ ავსტრალიაში და სიამოვნებით ვიმოგზაურებ თქვენთან ერთად, ოღონდ ერთი პირობით – სასტუმროს ფული სეოკ-მა უნდა გადამიხადოს, სხვანაირად არაფერი გამოვა“!
ლანდის ხუმრობამ ყველა კარგ ხასიათზე დააყენა და ბაგრატიონიც დაპირდა ფეხბურთელებს, რომ თუ გუნდი სიდნეის საგზურს მოიპოვებდა, ხარჯს ოლიმპიური კომიტეტი დაფარავდა.
შეკრების დასაწყისში, 31 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს უკვე არარსებულ სინათლის სტადიონზე თბილისის მერანი 1991-ს გაეჯიბრა. თამაში 2:2 დასრულდა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა 41-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (ჩომახიძე), 55-ე წუთზე კი დაწინაურდა (შენგელია), მაგრამ მაინც ვერ გაიმარჯვა. მერანელთაგან გოლები დევიძემ და ხუციშვილმა გაიტანეს.
ნაკრებში არ უთამაშიათ დავით მუჯირს და ლიეჟის სტანდარდში გადასულ ლაშა ჯაკობიას. პირველთან დაკავშირებით იმნაძემ თქვა, რომ დათო ტრავმას იშუშებდა და ალბანეთის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა. რაც შეეხება ჯაკობიას, მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ლაშა სტანდარდმა პირველ გუნდში დააწინაურა და ნაკრების ხელმძღვანელობამაც ამიტომ გაათავისუფლა ფეხბურთელი, ასე ვთქვათ ხელი შეუწყო კლუბში დამკვიდრებაში.
3 სექტემბერს, ახალგაზრდა ალბანელების მხარდამხარ, ეროვნულ სტადიონზე ჩრდილოირლანდიელმა მსაჯებმაც ივარჯიშეს. ეს ფაქტი იმიტომ გამოვარჩიე, რომ უეფამ თბილისურ შეხვედრაში ჯერ იუგოსლავიელები დანიშნა, თუმცა მერე ახალი ფაქსი გამოაგზავნა ფეხბურთის ფედერაციაში, თან მოიბოდიშა, კოსოვოს რეგიონის გამო ალბანეთსა და იუგოსლავიას შორის დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ვერ გავითვალისწინეთო და ბალკანელების ნაცვლად ბრიტანელები მოავლინა.
4 სექტემბერს, შუადღით, ახალგაზრდების თამაშს მოულოდნელად ბევრი, ათ ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო, რომლებმაც სტადიონი… ლანძღვა-გინებით დატოვეს, გიგლა იმნაძის გუნდი დამარცხდა! კლოდიან დურომ ერთადერთი გოლი საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე გაიტანა, ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, 0:1.
სარბიელელმა კონსტანტინე გოგიშვილმა იმნაძის იტალიელი კონსულტანტის გვარი კარგად გაათამაშა და თამაშის მიმოხილვა ასე დაასათაურა: „ლანდებთან ლაციცი“. მისი წერილი ასე იწყებოდა:
„უამრავი ლანდი დავლანდეთ 4 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც აბლანდულ-დაბლანდულ ფეხბურთში პატარა ალბანელმა არწივებმა საქართველოს ახალგაზრდული (ოლიმპიური) ნაკრები დაამარცხეს – 1:0.
ლანდები ვახსენეთ – ვისი და რისი ლანდი გნებავთ, პაიჭაძეზე რომ არ ყოფილა – მწვრთნელის ლანდი, ფეხბურთელის ლანდი, მეკარის ლანდი, მსაჯის ლანდი, ფეხბურთის ლანდი, ბოლოს პრესკონფერენციის ლანდიც, სადაც მთავარი ფიგურა ასევე ლანდი იყო, ოღონდ რობერტო“.
ახალგაზრდების თამაშს ალბანეთის ეროვნული გუნდიც დაესწრო და დასრულდა თუ არა შეხვედრა, სტუმრებმა მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მინდორზე შეაბიჯეს. სანამ ფეხბურთელები მსუბუქად ვარჯიშობდნენ, ასტრიტ ჰაფიზი კიდევ ერთხელ გაესაუბრა ქართველ ჟურნალისტებს:
„ჩვენმა ახალგაზრდებმა ძალიან კარგ შედეგს მიაღწიეს და მათი გამარჯვება ჩვენც ძალიან დაგვეხმარება, ცხადია პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თანამემამულეთა მოგება ნებისმიერს კარგ ხასიათზე დააყენებს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ვთვლი, რომ საუკეთესო რგოლი თავდასხმაა, ყველაზე სუსტად კი დაცვა მიმაჩნია და ვეცდებით თქვენი სუსტი წერტილები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ“.
ეროვნული გუნდების თამაშის დღეს, 5 სექტემბერს, სარბიელის მესვეტე გიო ახვლედიანმა ჩანახატში „ყველაფერი ძველებურად?“ დაწერა:
„ჰეი, თქვენ, ალბანელებო, გაუმაძღარნო ომითა, რამდენჯერაც შეგხვდით, იმდენჯერაც მოგიგეთ! ეს ამბავი მომხდარა სულ სამჯერ, თქვენ კი მაინც არ იშლით და კიდევ ჩვენსკენ მოიწევთ, გინდათ თუ არა, ერთად უნდა ვსწიოთ შესარჩევის ჭაპანიო.
ჰეი, კიდევ თქვენა, საქართველოს ნაკრებო, რომ ალბანელებს ყოველთვის ამარცხებდით და ახლაც გადაგიწყვეტიათ, ერთხელაც უნდა მოვახდინოთ ეს საქმეო, მაგრამ იმ განთქმული „ქვევრისა“ არ იყოს, იმ ფეხებსა მერე მხრები არ მოჰყვება?
ვსმისლე, ზნაჩიტ, რო სათქმელი პირდაპირა ვთქოთ – ალბანეთს კიდევ სხვა მოჰყვება და მთავარიც ის სხვაა. საზოგადოდ კი, საქართველო არც ინგლისია და არც ბრაზილია რომ მწვრთნელს, თუნდაც პრემიერმინისტრს, ან ჯარების სარდალს თავისი ფიქრის და მიზანდასახულობის უმტკივნეულოდ ხორცშესხმა შეეძლოს. ამიტომაც იტყვიან, ბიჭები იშტაზე არ იყვნენო, არც რუმინეთშიო, არც კიევშიო. იშტა არა ჰქონდათო.
სხვა ათას ჭირთაგან, ესეც ამ ბოლო დროს ერთ-ერთია: საქართველო თანდათან ხდება ინდოეთისნაირი კონტრასტების ქვეყანა, სადაც უქონელნი და მილიონერნი მოიძებნებიან, ამათ შუა მდგომნი კი ძნელად. ასევე ხდება ფეხბურთსა და ფეხბურთელებშიაც. და ეს საკვირველი არ არის, რახან საქართველო ასეთი ქვეყანაა. ყოველი ახალი სეზონის წინ აღვივსებით ხოლმე იმედებით და გავიხსენებთ შარშანდელ სახელოვან წუთებს, რომლებიც იმხანად კი იყო სასიხარულო, მაგრამ წინსვლის საკითხში დიდად არაფრად წაადგა ჩვენს ფეხბურთს. იმიტომ, რომ წინსვლის საკითხი არ არის მხოლოდ მოხდენილად კენწვლის საკითხი, არამედ, როგორც იტყვიან, კომპლექსურია.
მესამე ციკლში ვაბიჯებთ და ისევ არის ლაპარაკი იმის გამო, რომ მოვუგებთ ჩვენით გაუმაძღარ ალბანეთს, რაც დიახაც სასიხარულოა, მაგრამ არ არის მთავარი. მთავარი კი არის აი რა – დაისახო ადგილი მსოფლიოს საფეხბურთო სივრცეში. თუ ეს ადგილი მაღლაა, იმუშაო იქამდე ასასვლელად, ხოლო თუ დაბლაა, იყო არხეინად და მაშინ სტადიონზე სკამების დადგმაც არ არის საჭირო, რადგან იმ სკამებზე დამჯდომ ხალხს არ უნდა ელოდო.
ახლა გამოდის, რომ ხალხს ელი და ადგილი არ დაგისახავს სივრცეში.
უნდა გავიხაროთ დღეს, უნდა გავიმარჯვოთ და ხვალის გაზეთებში ქება აღვავლინოთ. აბა, ვის არ გაეხარდება ეს ამბავი?
მაგრამ ეს თუ ძველებურადვე დარჩა დღევანდელ, მხოლოდ ამ საღამოს გამარჯვებად, მაშინ დიდი არაფერი იქნება. ეს იქნება მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი: საქართველო – ალბანეთი. ვთქვათ, 1:0 ან 2:0, ან თუნდაც 4:0.
სულ მახსენდება პირველი შესარჩევი მატჩი ჩვენს სტადიონზე: საქართველო – მოლდოვა, 0:1. ეს სიმბოლური რამეა. იმ თამაშის დაღი დღემდე არ წაშლილა. ასე ჩანს და რა ვქნა? თუნდ მთელი ქართველობა ნიუ იორკის კოსმოსში ჩაგვრიცხონ, ეს არ ნიშნავს, რომ ადგილი გვქონდეს მსოფლიოს საფეხბურთო სივრცეში. ჩვენნაირი ქვეყნის სახელის მომტანი ნაკრებია და არა სხვა რამ.
მოვუგოთ ალბანეთს, სადაც, რამდენჯერაც შეგვხვდება, მაგრამ ნუ გვეყოფა ორ წელიწადში ერთი, ერთი საღამოს გამარჯვება. არავის არ სჭირდება ეს გამარჯვება ათი წლის ბიჭების გარდა, რომლებიც დიდად ვერ ერკვევიან ცხრილებში.
მოვუგოთ ამ ჩვენზე ბედკრულ ალბანეთს, ოღონდ სხვა ყველაფერში ნუ იქნება ძველებურად მხოლოდ ის, რომ ალბანელებს ვჯობნით.
თორემ რა? ვიყვირებთ ამ საღამოს, თუ საფეხბურთო ღმერთმა ინება, ვიხალისებთ კიდეც, მაგრამ ხომ უნდა გასცდეს ეს ყველაფერი ერთ საღამოს.
იშტაზე ყოფნის გამო კი: რა თქმა უნდა ცუდია, როცა იშტა ხანდახან გეწვევა ხოლმე. თანაც პროფესიონალს.
ბილეთის მყიდველმა ხომ არ იცის, ვინ იშტაზეა და ვინ არა.
ლოზუნგი: დავამარცხოთ ალბანეთი და დავამარცხოთ ალბანეთი საკუთარ თავში“!
სარბიელმა იმავე ნომრის პირველ გვერდზე ჩვენი ეროვნული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა ამცნო მკითხველს: კარში ნიკა ტოგონიძე; დაცვაში ნუგზარ ლობჟანიძე, გიორგი ნემსაძე და კახი კალაძე; ნახევარდაცვაში თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული, გიორგი კიკნაძე, ლევან კობიაშვილი და გიორგი ქინქლაძე, ხოლო თავდასხმაში ზაზა ჯანაშია და არჩილ არველაძე.
ნამდვილად აღარ მახსოვს ვის შეადგინა ეს შემადგენლობა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ჩანაფიქრი რომ ვერ გამოიცნო, ფაქტია. ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თავის პირველი ოფიციალური შეხვედრა ასეთი ტაქტიკური განლაგებით და შემადგენლობით დაიწყო:
კარში დავით გვარამაძე ჩააყენა; დაცვის მარჯვენა ფლანგზე მამუკა წერეთელი, მარცხნივ კახი კალაძე, ცენტრში კი ლევან ცქიტიშვილის და ლევან სილაგაძის წყვილი; მათ წინ, საყრდენად კაპიტანი გიორგი ნემსაძე გაამწესა, ნახევარდაცვაში მარჯვნიდან მარცხნივ გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე და ლევან კობიაშვილი ათამაშა, ხოლო თავდასხმაში ალექსანდრე იაშვილს თემურ ქეცბაია შეუწყვილა.
მწვრთნელის ჩანაფიქრმა არ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, გუნდის თამაშს კარგი ნამდვილად არ ეთქმოდა. ეს, რა თქმა უნდა, რამდენიმე ფეხბურთელის ცუდი მომზადებითაც აიხსნება, მაგრამ მაინც – საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში მძიმედ ითამაშა და მეტოქეს რამდენიმე სახიფათო შეტევის შანსიც მისცა.
ჩვენების თავდასხმიდან კი მხოლოდ ერთი მახსენდება: დაახლოებით 25-ე წუთზე ქინქლაძემ ჯამარაული ჩინებული პასით გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ციურიხში გადასულ გოჩას კარიდან დროულად გამოვარდნილი ფოტო სტრაკოშა ჩაუვარდა ფეხებში და გუნდიც გადაარჩინა.
შესვენებამდე ორი წუთით ადრე ტრავმირებული სილაგაძე კიკნაძემ შეცვალა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი გუცაევმა ორივე ფორვარდი გაიხმო – ჯერ ქეცბაია ჩაანაცვლა ზაზა ჯანაშიათი, მალე კი არჩილ არველაძე შეუშვა მინდორზე იაშვილის ნაცვლად.
ამ უკანასკნელს რამდენიმე წუთით ადრე ანგარიშის გახსნის ჩინებული შანსი ჰქონდა, მაგრამ ქინქლაძის პასით სტრაკოშასთან პირისპირ გასულმა ვერ ივარგა.
გოლი, საბედნიეროდ, მაინც ქართველებმა გაიტანეს. ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა: გოჩა ჯამარაულმა მშვენიერი გადაცემა მიაწოდა არჩილ არველაძეს და მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:0!
მატჩის უკანასკნელ წუთზე საქართველოს ნაკრებმა ორი ბურთით დაწინაურების შანსი გაუშვა ხელიდან, უფრო სწორად სტრაკოშამ კვლავ დიდებულად ითამაშა და კიკნაძის ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია.
„თამაში ყველამ ისწავლა და სუსტი მეტოქეები აღარ არსებობენ, ნურავინ იფიქრებს, რომ ამ ალბანეთთან ვინმეს იოლი გასეირნება ელის. ვერ გეტყვით როგორ ვითამაშეთ, მაგრამ მთავარია რომ მიზანი შევასრულეთ – დღეს ჩვენი მინიმუმი და მაქსიმუმი მოგება იყო. ვეცდებით მომდევნო შეხვედრებშიც კარგად ვითამაშოთ და ევრო 2000-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ“, – ეს სიტყვები არჩილ არველაძემ თამაშის შემდეგ თქვა.
ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაიწყო საკვალიფიკაციო ტურნირი გამარჯვებით და სამი ქულით. საქართველოს მთავარ გუნდში ოფიციალური დებიუტი მოგებით დაასრულა ვლადიმერ გუცაევმაც, თუმცა ის ძალიან გაბრაზებული იყო ჯანაშიას საქციელის გამო. მწვრთნელმა მოსკოვის ლოკომოტივის ფორვარდი 54-ე წუთზე შეუშვა მინდორზე, თუმცა თავდამსხმელმა იმდენი „მოახერხა“, რომ შვეიცარიელ არბიტრს კლოდ დეტრუშს 70-ე და მე-80 წუთებზე ორი ყვითელი ბარათი დასტყუა.
„ჯანაშიამ ორივე გაფრთხილება უწყინარ სიტუაციაში მიიღო! ასე არ შეიძლება, ეს დაუშვებელია! არადა, პირველი ყვითელის შემდეგ მას სპეციალურად ვთხოვე, რომ ნერვები მოეთოკა, ემოციები გაეკონტროლებინა… ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ ზაზა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. გამოვიძახებ თუ არა მას მომდევნო შეხვედრებში? რა თქმა უნდა, ფეხბურთია და ასეთი ამბები ხდება, თუმცა მის დღევანდელ საქციელს გამართლება არ აქვს“! – განაცხადა გუცაევმა. მთავარი მწვრთნელი შვეიცარიელ არბიტრებსაც გადასწვდა, მან თქვა, რომ ასეთი დაბალი დონის მსაჯები ოფიციალურ შეხვედრებს არ უნდა ემსახურებოდნენ.
„არავის გამორჩევა არ მინდა. მთავარი ისაა, რომ ბიჭებმა მოინდომეს და სამი ქულა მოვიპოვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა სწორედ ესაა – შესარჩევი ციკლი სამი ქულით დავიწყეთ. მომდევნო შეხვედრებზე ახლა არ ვისაუბრებ. ჩემი ერთ-ერთი თანაშემწე ათენშია და ვიმედოვნებ, მომავალ მეტოქეებზე მაქსიმალურად ბევრ ინფორმაციას ჩამოიტანს“, – კიდევ ერთი პასუხი გუცაევის პრესკონფერენციიდან.
მეორე დღეს, 6 სექტემბერს, ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კიდევ ორი თამაში გაიმართა – მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალისტმა ნორვეგიამ რევაზ ძოძუაშვილის მომზადებულ ლატვიას ოსლოში უმასპინძლა და სენსაციურად დამარცხდა – 1:3. ეს სკანდინავიელების პირველი საშინაო წაგება იყო 1991 წლის შემდეგ. ათენში ბერძნებისა და სლოვენიელების დაპირისპირება კი 2:2 დასრულდა. სწორედ ამ შეხვედრას დაესწრო გუცაევის ერთ-ერთი თანაშემწე ვლადიმერ პანოვი.
ორივე შედეგი მოულოდნელობად ჩაითვალა, ნორვეგიელთა მარცხი არაერთმა გამოცემამ სენსაციად მონათლა, თუმცა ევროპელი საფეხბურთო მიმომხილველების მთავარი თემა მაინც მწვრთნელის გარეშე დარჩენილი გერმანიის ნაკრები იყო.
იმ ზაფხულს საფრანგეთში გამართული მსოფლიო პირველობა ბუნდესგუნდმა მეოთხედფინალში დაასრულა ხორვატიასთან 0:3-ით. ამის მიუხედავად, ბერტი ფოგთსმა თანამდებობა შეინარჩუნა, მაგრამ ზუსტად იმ დღეს, როცა ქართველებმა ალბანელებს სძლიეს, გერმანელებმა შინ რუმინელები ვერ დაამარცხეს (1:1) და საფეხბურთო კავშირის თავკაცმა ეგიდიუს ბრაუნმა ჰერ ბერტი შინ გაისტუმრა.
ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო ტურის მატჩები 10 და 14 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. საქართველოს ეროვნულ გუნდს ზედიზედ ორი გასვლა ელოდა – ჯერ ლატვიაში, შემდეგ კი საბერძნეთში. ალბანელებთან გამარჯვების შემდეგ გაირკვა, რომ ქართველები რიგას მატჩამდე ხუთი დღით ადრე ეწვეოდნენ. ვლადიმერ გუცაევმა ამის შესახებ 7 სექტემბერს გვითხრა. რევაზ ძოძუაშვილმა კი იმავე დღეს 10 ოქტომბრის თამაშზე თქვა:
„ფრე ყველაზე კარგი შედეგი იქნება, ყველაზე მეტად ეგ გამახარებს. საქართველოს ნაკრების წაგება, თუნდაც მეტოქის ქართველ მწვრთნელს, როგორ უნდა ესიამოვნოს“?
* * *
5 სექტემბერი, 1998. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 25 000
საქართველო 1:0 ალბანეთი
გოლი: 1:0 არჩილ არველაძე (65, გოჩა ჯამარაულის პასით)
საქართველო: დავით გვარამაძე, მამუკა წერეთელი, ლევან სილაგაძე (გიორგი კიკნაძე 43), ლევან ცქიტიშვილი, კახი კალაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი (არჩლ არველაძე 62), თემურ ქეცბაია (ზაზა ჯანაშია 54)
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
ალბანეთი: ფოტო სტრაკოშა, ალტინ ლალა, ილირ შულკუ, არიან ჯუმბა, რუდი ვატა (კაპ), ლუან პინარი, ალტინ ჰაჩი, ალბან ბუში (ალპინ გალო 74), ბლედარ კოლა, ალტინ რაკლი, იგლი ტარე (არიან პეჩო 68, არტურ მაჯუნი 87)
მწვრთნელი: ასტრიტ ჰაფიზი
გაფრთხილება: ლევან კობიაშვილი, მამუკა წერეთელი, ალტინ ლალა, ალბან ბუში, ბლედარ კოლა, ზაზა ჯანაშია, ზაზა ჯანაშია, გიორგი კიკნაძე
გაძევება: ლუან პინარი (71), ზაზა ჯანაშია (80)
მსაჯები: კლოდ დეტრუში; ლორან როსიე, დომინიკ რიშარი (შვეიცარია)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 21 მაისი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 21 მაისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
