ეროვნული ნაკრების ისტორია: ლატვია 1:0 საქართველო
გოგლიძემ ათიანში მოარტყა – ასეთი სათაურით დაიბეჭდა სარბიელში ციურიხიდან თბილისში, რამაზ გოგლიძის სახელზე გამოგზავნილი ფაქსი, რომლითაც ფიფას თავკაცმა იოზეფ ბლატერმა სფფ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს არჩევნებში წარმატება უსურვა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი სახლის ხელმძღვანელის წერილში ეწერა:
„ძვირფასო ბატონო გოგლიძე,
თქვენი უზარმაზარი სპორტული გამოცდილებით, ღრმა, საფუძვლიანი ცოდნით და ფეხბურთში საქმიანობით თქვენ ამ პოსტისთვის აშკარად სრულყოფილი კანდიდატი ბრძანდებით.
მე კარგად ვიცი, თუ რა დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი სპორტის სახეობა თქვენს ქვეყანაში და უნდა ვეცადო დავიცვა სამართლიანობა, თვალყური ვადევნო, რათა კვლავ გაგრძელდეს მეგობრული ურთიერთობა ფიფასა და საქართველოს ეროვნულ ასოციაციას შორის, ყოველმხრივ აყვავდეს და განვითარდეს ეს თანამშრომლობა.
კიდევ ერთხელ გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, წარმატებებს და მრავალჯერ ვიმეორებ მადლობას თქვენი კეთილშობილური, გულითადი თანადგომისთვის.
ჭეშმარიტად თქვენი იოზეფ ბლატერი, პრეზიდენტი“.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობისთვის დარეგისტრირებული კანდიდატები დელეგატებთან შეხვედრებს განაგრძობდნენ, დროგამოშვებით კი ჟურნალისტებსაც ხვდებოდნენ. იმ პერიოდში ყველაზე ძალიან რამაზ გოგლიძე აქტიურობდა, რომელიც სექტემბრის მიწურულს სარბიელშიც გვესტუმრა და კარგა ხანს გვესაუბრა გეგმებზე, თუ როგორ აპირებდა ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანას.
დიდი ორკესტრი და დიდი დირიჟორი გვჭირდება – ასე დაასათაურა ხვიჩა სანიკიძემ მისი მონოლოგი, რომელიც 1998 წლის 25 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
„დღეს ფეხბურთი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც დიდი ინდუსტრია, დიდი მრეწველობა, დიდი კომერციული და დიდი პოლიგრაფიული საქმიანობა. ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული, ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას…
მე კონკრეტული გეგმები მაქვს, არავისგან ზედმეტს არ ვითხოვ. ვიყავი მრეწველთა კავშირში და მათგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ისინი, ალბათ, ბევრს გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთის თითოეული მოყვარულიც უნდა დავეხმაროთ მრეწველთა კავშირს…
სფფ-ის სპეციალისტებმა ამიხსნეს, რომ ფიფა მოითხოვს ეროვნულ ჩემპიონატში 18 გუნდზე ნაკლები არ იყოსო, მაგრამ იქნებ ჩვენი სინამდვილე მოითხოვს რვა გუნდს და ოთხ წრეს? ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კლუბის ქონა პრესტიჟთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა…
მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც აღადგინა 35-ე საფეხბურთო სკოლის იდეა, მაგრამ ბოლო 15 წელიწადია ამ საქმესთან შეხება არ მქონია. იდეა თავისთავად კარგი იყო, მაგრამ როგორ განვითარდა იგი, ესაა დღეს მთავარი. დღეს ეს სკოლა არაფრით განსხვავდება სხვა სპორტული და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებისაგან…
როცა ჩვენი ნაკრები კარგად თამაშობს და იბრძვის, ქართველი ხალხი ერთად დგება. ეს უნდა ახსოვდეს მწვრთნელებს, მოთამაშეებს, ორგანიზატორებს და ყველას. როგორ შეიძლება იმის თვლა, რამდენი უბილეთო შევიდა? დაუშვებელია ამის გამო უეფამ ჯარიმები დაგვაკისროს. სტადიონზე წესრიგის უზრუნველყოფაა საჭირო, ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ: იქნებ დადგა დრო, რომ თორმეტ წლამდე ბავშვები უბილეთოდ დავასწროთ ყველა რანგის მატჩებს, აი უფროსებმა კი კეთილი ინებონ და ფული გადაიხადონ…
ფედერაციაში არავინ უნდა იყოს პერსონა გრატა, არც პრეზიდენტი, არც ვიცე-პრეზიდენტი და არც სხვა. ყველა უნდა იყოს მუშა ცხენი, ყველას უნდა ჰქონდეს თავის ფუნქცია და პასუხს აგებდეს ბოლომდე ფედერაციისა და ქვეყნის წინაშე. სფფ-ის პრეზიდენტი 24 საათი უნდა მუშაობდეს და თუ დაინახავს, რომ სხვა თანამშრომელი მასზე მეტს იღვწის, უნდა ადგეს და წავიდეს. ყველას, ვინც იქ მუშაობს, რაც შეიძლება მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი უნდა ჰქონდეს…
მე მიმაჩნდა, რომ არ შეიძლება არ ჰქონოდათ მანდატები ისეთ ადამიანებს, როგორებიცაა დავით ქლიბაძე და კოტე მახარაძე. ბოლოს გაიგეს, რომ თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა. ცხოვრება რასაც მოითხოვს, სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმაც ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ფიფა და უეფა არავის არ ზღუდავს, მთავარია პრინციპები არ დავარღვიოთ…
არც სფფ და არც არავინაა საჭირო, თითო მესხი, თითო მეტრეველი მტკვრის სანაპიროზე დაიბადება, ბორის პაიჭაძე – რიონის სანაპიროზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დიდი ორკესტრი და დიდი დირიჟორი. ორკესტრი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ დირიჟორმა ჯოხი სხვანაირად იქნიოს…
თანამდებობა ზოგს თავისთვის უნდა, ზოგს კი იმისათვის, რომ საქმე აკეთოს. მე მეორე კატეგორიას ვეკუთვნი. ყველასგან განსხვავებით, ჩემი სიტყვა და საქმე ერთი იქნება. ვისაც ჩემთან უმუშავია, ან ჩემს ხელქვეითად, ან ჩემი ხელმძღვანელი ყოფილა – ასეთები კი ცოტაა, ყველამ იცის, რომ მე აქ აბსოლუტურად მართალი ვარ“.
სარბიელის რედაქციაში რამაზ გოგლიძის სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის კიდევ ერთი სხდომა გაიმართა, თუმცა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე მაშინ აცხადებდა, რომ ეს კომისიის შეხვედრა იყო და არა აღმასკომი.
შეკრებილებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი თბილისის დინამოს და მრეტების დაპირისპირება იყო. მანჩესტერ სიტიში გიორგი ქინქლაძის ტრანსფერმა სათავე დაუდო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პროცესს, რომელიც მალევე გასცდა საქართველოს ფარგლებს და ფიფამდე მივიდა. წლის დასაწყისში ფედერაციამ მრეტების მხარე დაიკავა და დინამოს ფეხბურთელის ტრანსფერიდან გარკვეული თანხის გადახდა დააკისრა. ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბის მესვეურებმა სასამართლოს მიმართეს და განაცხადეს, რომ სანამ საბოლოო ვერდიქტი არ გაცხადდებოდა, არავის არაფერს გადაუხდიდნენ. მრეტებმა ფიფას მიმართა, ციურიხიდან კი მოიწერეს, რომ თუ დინამო ფედერაციის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა, კლუბი მკაცრად დაისჯებოდა. არც ამ ცნობამ გაჭრა, სექტემბერში კი სფფ-მ იანვარში მიღებული ვერდიქტი გააუქმა.
„იმ მოსაზრებამდე მივედით, რომ ეს პრობლემა საქართველოს ფარგლებში გადაწყვეტილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ახლა ამ საქმეს ფიფა განიხილავს. სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა და დინამო-მრეტების კონტრაქტი ბათილად ცნო. ვშიშობ, ფიფა არ გვაპატიებს ამ ნაბიჯს, გარკვეულ სანქციებთან ერთად დინამოს ფულად გადასახადსაც დააკისრებს. ვნახოთ“, – განაცხადა ნოდარ ანდრიაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
კომენტარი გააკეთა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით კვინიკაძემაც: „მრეტები დღევანდელი ფორმით არ არის უფლებამოსილი ამ საკითხზე ილაპარაკოს, ის კონტრაქტები ქინქლაძესთან დაკავშირებით არასწორადაა შედგენილი. ლაპარაკია შრომით ხელშეკრულებაზე“.
გენერალურმა მდივანმა მედიასთან საუბარი 23 ოქტომბრის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე კომენტარით დაასრულა, თუმცა რატომღაც, რამდენჯერმე მესამე პირში ისაუბრა:
„კვინიკაძეს აქვს პრეტენზია ხმამაღლა განაცხადოს, რომ ის არის საქართველოში ყველაზე გამორჩეული ფიგურა სპორტში. მე ამის პრეტენზია მაქვს. კვინიკაძე არავის შეეკვრება. ამიტომ, ვისაც თავად უნდა, თვითონ შეეკრას კვინიკაძეს. ამით აბსოლუტურად ყველა, ნებისმიერი კანდიდატი მოიგებს რაღაცას, თუ, რა თქმა უნდა, მე მის იდეაში ნორმალურს დავინახავ. ეგღა მაკლია მე შევეკრა ვინმეს. ილია დათუნაშვილი არ მისცემს თავის თავს უფლებას რომ მითხრას, მოდი და მხარი დამიჭირეო. ეს იქნება ერთმანეთის დამცირება. ისევე როგორც მერაბმა ან რამაზმა რომ შემომთავაზონ იგივე. ისინი მე ამ თემაზე ვერ დამელაპარაკებიან. როგორ შეიძლება ვინმემ მითხრას დათო, მოდი, ჩემს ბანაკში იყავიო. რა თქმა უნდა, მე ვიღაცისკენ გადავიხრები და ვამბობ კიდეც – ჩივაძისკენ-მეთქი“.
დინამო-მრეტების საქმეზე სფფ-ის მესვეურთა მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდ ხმაურს რომ გამოიწვევდა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა. გულხელდაკრეფილი არც მრეტების ხელმძღვანელები იყვნენ. კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ირაკლი ქავთარაძემ სარბიელელ პაატა კვანტალიანთან ინტერვიუში აღმასკომის ზემოხსენებული ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა (1998 წლის 19 სექტემბერი):
„ფედერაციამ ხელები დაიბანა. მათ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული. რადგან საქმეში ფიფაა ჩართული, ფედერაციამ თავისი ხელით არ გაწირა დინამო და ამ საქმის გარკვევა ფიფას გადააბარა…
ფედერაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის უსუსურობა. მან პირველი გადაწყვეტილება ასე ხელაღებით შეცვალა. კვინიკაძემ პირდაპირ თქვა, არ გვეყო ძალა წინა გადაწყვეტილების შესასრულებლადო…
მას აღმასკომამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე. მან დაადასტურა ადრე ნათქვამი: არაფერი შეიცვლება, უბრალოდ ფიფას აღმასკომის შედეგებს ვაცნობებთო. კაცი ამას მეუბნება და რამდენიმე დღის შემდეგ საპირისპიროს აკეთებს. ვფიქრობ, ყოველივე აღმასკომამდე გაცილებით ადრე გადაწყდა“.
რამდენიმე დღის შემდეგ სარბიელმა უცვლელად დაბეჭდა მრეტების პრეზიდენტის ვაჟა ჩხაიძის წერილი სათაურით „თუ როგორ მოატყუა სფფ-მ მთელი ქართული ფეხბურთი“. კლუბის დამფუძნებელემა დეტალურად აღწერა განვლილი გზა, ქინქლაძის მრეტებიდან დინამოში, შემდეგ კი მანჩესტერ სიტისი გადასვლის დეტალები, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები სიცრუეში დაადანაშაულა, წერილის ასლები კი გაზეთ 11X11-ს, გაზეთ ქართულ ფეხბურთს, ასევე დავით კვინიკაძეს და ფიფას გენერალურ მდივან მიშელ ცენ-რუფინენსაც გაუგზავნა.
სანამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, დინამოს და მრეტების შეფები ფიფას სეფე-სიტყვას ელოდნენ, სექტემბრის მიწურულს თბილისს პატარა ნიდერლანდური ქალაქის, ტილბურგის კლუბი ვილემ II ესტუმრა.
ორი კვირით ადრე, 15 სექტემბერს, უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალის პირველ შეხვედრაში ნიდერლანდელებმა 3:0 სძლიეს საქართველოს უცვლელ ჩემპიონს. იმ დროს ჯერ კიდევ უცნობი მწვრთნელის, კო ადრიაანსეს მომზადებულმა კლუბმა მურთაზ ხურცილავას გაწვრთნილ დინამოს ყველა გოლი ბოლო თხუთმეტ წუთში გაუტანა: 74-ე წუთზე ადილ რამზიმ დალაშქრა დავით გვარამაძის კარი, ხუთ წუთში არნო არტსმა გააორმაგა უპირატესობა, 86-ე წუთზე კი მარკ შენინგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არადა, აგვისტოში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს ატლეტიკთან ორი მატჩის ჯამში 2:2-მა (დინამო შინ გაშვებული გოლის გამო ვერ მოხვდა მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე) ჩვენი ფეხბურთის ქომაგებს აფიქრებინა, რომ დინამო ვილემ II-ის ბარიერის უპრობლემოდ გაივლიდა.
ტილბურგში გამართული მატჩის გასაშუქებლად სარბიელმა მე მიმავლინა. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო უცხოეთში. საქართველოდან ნიდერლანდებში მხოლოდ ორი ჟურნალისტი გავემგზავრეთ, მე და ალექსანდრე ჯიბლაძე, რომელიც საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში გაუძღვა მატჩის რეპორტაჟს.
მასპინძელ ქალაქში რამდენიმე დღით ადრე ჩავედით ამსტერდამის გავლით. დინამოსთან დაპირისპირებამდე ვილემ II-მა ერედივიზიეს ეგიდით ითამაშა და როტერდამის სპარტას უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 სძლია. ერთ-ერთმა ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა გვითხრა, რომ ტილბურგელთა საუკეთესო ფეხბურთელს, ფინელ მცველს სემი ჰიიპიას რომ ეთამაშა, სპარტა სამ გოლს ვერ გაიტანდაო. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ადრიაანსემ სპეციალურად არ ათამაშა ჰიიპია. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ფინელი დინამოს წინააღმდეგ პირველი წუთიდან გამოჩნდა და დიდებულადაც გაისარჯა. აქვე გეტყვით, რომ მან სეზონის დასრულებისთანავე დატოვა ვილემ II და ლივერპულს მიაშურა, სადაც მომდევნო ათ სეზონში ხუთასამდე მატჩში 35 გოლი გაიტანა, ათი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ენფილდ როუდს ლეგენდის სახელით დამეშვიდობა.
მადლობა ღმერთს! ეს არ იყო ანტიფეხბურთი. ეს იყო უარესი! – ასე დავასათაურე ტილბურგიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც დეტალურად აღვწერე ყველაფერი, რაც 15 სექტემბრის საღამოს ტილბურგის სტადიონზე ვნახე. ჩემმა რეპორტაჟმა ერთ-ერთი დინამოელი ძალიან გააღიზიანა, თბილისში დაბრუნებულმა სხვა სპორტულ გამოცემაში დაბეჭდილ ინტერვიუში გამაკრიტიკა და თქვა, მაგას ფეხბურთი არ ესმის, სჯობს სხვა საქმე მოძებნოსო.
იმ ფეხბურთელისთვის არაფერი მითქვამს. ეს „საქმე“ 29 სექტემბერს, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე გამართულ საპასუხო შეხვედრაში ჩემს ნაცვლად „გააკეთა“ ვილემ II-მა. სტუმრებმა კვლავ 3:0 მოიგეს, ოღონდ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით იმ დღეს შესვენებამდე გახსნეს ანგარიში – მარსელ ვალკმა მე-19 წუთზე გაახარა თანაგუნდელები. თამაშის მიწურულს კი ნიდერლანდელებმა კიდევ ორი ბურთი გაიტანეს: 81-ე წუთზე ჯატო სესაიმ დაარტყა ზუსტად, 90-ე წუთზე კი ადილ რამზიმ.
0:3 და 0:3. ევროპის საკლუბო ტურნირებში ასპარეზობის მანძილზე, 1972 წლიდან დაწყებული, დინამო პირველად დამარცხდა ერთ მეტოქესთან შინ და სტუმრად დიდი ანგარიშით. როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, კომენტარი ზედმეტია.
გავიდა ორი დღე და პატარა ნიდერლანდურ კლუბთან შერცხვენილი საქართველოს ჩემპიონი აღარავის ახსოვდა, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა ლატვია-საბერძნეთთან შესარჩევი მატჩებისთვის შერჩეული ფეხბურთელების სია გაგვაცნო. იმ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ მოსკოვის ლოკომოტივში მოთამაშე ზაზა ჯანაშია, რომელიც ალბანეთთან თბილისში გამართულ შეხვედრაში ორი გაფრთხილების გამო გააძევეს, ორმატჩიან დისკვალიფიკაციას გადაურჩა.
მეკარეები: დავით გვარამაძე (თბილისის დინამო), ნიკა ტოგონიძე (ბათუმის დინამო), სოსო გრიშიკაშვილი (რიგის ვენტსპილსი, ლატვია)
მცველები: გივი დიდავა (თბილისის დინამო), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია), მურთაზ შელია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლევან სილაგაძე (რიგის სკონტო, ლატვია)
ნახევარმცველები: გიორგი კიკნაძე (თბილისის დინამო), გიორგი ნემსაძე (ციურიხის გრასჰოპერი, შვეიცარია), გოგა გახოკიძე (პსვ ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ქინქლაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი)
თავდამსხმელები: შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხის გრასჰოპერი, შვეიცარია), ზაზა ჯანაშია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი დემეტრაძე (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი).
„ლატვიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ. სხვა შედეგის გაგონებაც არ მინდა. მხოლოდ გამარჯვება დამაკმაყოფილებს. ინფორმაციის სიმწირეს არ ვუჩივით, ყველა ჩვენს თანაჯგუფელზე მეტი ლატვიელებზე ვიცით. გვაქვს მათი რამდენიმე თამაშის ფირი, მალტაზე პირისპირაც შევხვედრივართ, აქ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების აზრსაც ვითვალისწინებთ. ნორვეგიელთა შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ. ხვალ მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიქნებით, თავს დავდებთ და გავიმარჯვებთ…
ლატვიის გუნდში პახარსი, შტოლცერსი, ბაბიჩევსი და ბლეიდელისი გამოირჩევიან. სწორედ მათზეა აწყობილი მთელი თამაში, დანარჩენები კი შეტევაში ჩართვას ერიდებიან. შვიდი ფეხბურთელი თავს იცავს და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, ბურთს მათკენ გზავნის. კონტრშეტევაა მათი ხერხი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც ასე ითამაშებენ“.
ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეს სიტყვები ქართველ ჟურნალისტებს რიგაში, სასტუმრო რედისონში განუცხადა 1998 წლის 9 ოქტომბერს. რამდენიმე საათში ნაკრების დამრიგებელი და მედიის წარმომადგენლები რიგის უნივერსიტეტის სტადიონისკენ გაემგზავრნენ, სადაც ათასამდე მაყურებლის თვალწინ ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს.
ბალტიისპირელები ლიეპაიას მეტალურგსის 20 წლის ფორვარდის მარის ვერპაკოვსკისის მიერ მე-15 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მეკარე რამაზ სოღოლაშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და მასპინძელთა ცენტრფორვარდმაც იყოჩაღა.
მაგრამ ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს და გაიმარჯვეს. ანგარიში რატი ალექსიძემ გაათანაბრა დიდებული შეტევის შემდეგ: 76-ე წუთზე მან მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, სამი ლატვიელი ჩამოიშორა, საჯარიმოს მიახლოებულმა კი უძლიერესად და ზუსტად დაარტყა – 1:1. საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე კი გამარჯვების გოლი შეაგდო მიხეილ აშვეთიამ, ვერპაკოვსკისის არ იყოს, მანაც მეკარის უხეშის შეცდომით ისარგებლა – 2:1.
მეორე დღეს, 10 ოქტომბერს, ლატვიის დედაქალაქის მთავარმა სარბიელმა დაუგავამ ევრო 2000-ის შესარჩევ შეხვედრას უმასპინძლა. სამი ქულა მასპინძლებს დარჩათ: ერთადერთი გოლი რიგის სკონტოს 22 წლის თავდამსხმელმა მარიანს პახარსმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. თამაშის ოქმის მიხედვით, მან მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში. დაიწყო თუ არა მატჩი, ლატვიელებმა შეუტიეს, ქართველებმა კი ორივე იერიშის დროს ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, ჯერ კახი კალაძემ, შემდეგ დავით გვარამაძემ. გოლი სწორედ მეორე კუთხურს მოჰყვა.
„ყველაზე მეტად რისიც გვეშინოდა, სწორედ ის მოხდა. ნორვეგია-ლატვიის მატჩის ფირი ბარე ათჯერ ვნახეთ. მეტოქე თითქოსდა ბოლომდე გვყავდა შესწავლილი, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო პირველი გოლი არ გაგვეშვა. ისიც ვიცოდით, რომ ამის მერე ლატვიელები დაცვაში ჩაჯდებოდნენ მთელი გუნდით. მოულოდნელმა გოლმა გაგვტეხა. ანგარიში რომ გაგვეთანაბრებინა, დარწმუნებული ვარ ლატვიას გადავუვლიდით“, – ეს გიორგი ქინქლაძის მატჩისშემდგომი სიტყვებია. ამსტერდამის აიაქსის 25 წლის ქართველმა შემტევმა რიგაში შეუცვლელად კი ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა. მე-15 წუთზე გიომ ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა თემურ ქეცბაია, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ ბურთი ლატვიელთა კარის ძელმა აისხლიტა.
ეს იყო ყველაზე სახიფათო მომენტი, რომელშიც ქინქლაძე მონაწილეობდა, ჩვენი გუნდის სხვა შეტევების მთავარი ორგანიზატორი კი გოჩა ჯამარაული გახლდათ. აკი აღნიშნა კიდეც თამაშის მიმოხილვაში სარბიელელმა კობა ინასარიძემ, რომ: „საყრდენ ნახევარმცველად მოთამაშე ჯამარაული შაბათს ორივე გუნდში საუკეთესო იყო“.
გოჩამ პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე შექმნა, თუმცა მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ლატვიელთა კარს მცირე მანძილით აცდა. მანვე მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთხელ შეუტია მასპინძლებს, მაგრამ კვლავ მიზანმა უმტყუნა, 49-ე წუთზე კი ლამის მთელი ლატვიის ნაკრები მოატყუა და მიხეილ ყაველაშვილი მეკარეს შეატოვა. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელს სკონტოს ვეტერანმა გოლკიპერმა, 37 წლის ოლეგს კარავაევსმა აჯობა, რომელიც იმ საღამოს უშეცდომო გახლდათ.
რომ არა კარავაევსი, 78-ე წუთზე ანგარიშს გიორგი დემეტრაძე გაათანაბრებდა. ვლადიკავკაზის ალანიის 22 წლის ფორვარდმა იმ დღეს მეხუთედ ითამაშა ნაკრებში – გოგა გახოკიძის ნაცვლად შევიდა მინდორზე. მან ლატვიელთა კარის დალაშქვრა „მაკრატელათი“ სცადა, ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ მასპინძელთა მეკარე იმ საღამოს უშეცდომოდ იცავდა კარს.
88-ე წუთზე შოთა არველაძემ სცადა გოლის გატანა, მაგრამ მის მიერ ნახევარბრუნით გაგზავნილ ბურთს კვლავ კარავაევსი გადაეღობა.
„მსაჯის სასტვენისთანავე მიხიჩამ თავის ადგილი დატოვა და იქაურობას გაეცალა, სადაც მასპინძლებმა ზედახორა მოაწყვეს. ძოძუაშვილი ნაღდი პროფესიონალია, მაგრამ არ სურდა გამარჯვებულთა სიხარულის თანამონაწილე ყოფილიყო. ის არც არავის გახსენებია. ქართველი მწვრთნელი იქით მარტო იდგა, ნაფასს ნაფასზე ურტყამდა… დანარჩენი ქართველებივით თავი მასაც ძირს დაეხარა. არადა, შაბათის მატჩის გმირი არც შტოლცერსია, არც კარავაევსი, არც ბაბიჩევსი, არავინ ძოძუაშვილის გარდა. თამაში რევაზ ძოძუაშვილმა მოიგო, სხვამ არავინ“, – ნაწყვეტი კობა ინასარიძის რეპორტაჟიდან „იცოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ“ (სარბიელი, 13 ოქტომბერი, 1998).
„თავის გამართლებას ვერ დავიწყებ. ჩვენ წავაგეთ. ამაში არც სველი მინდორია დამნაშავე, არც მსაჯი. უბრალოდ, მოედანზე დავალება არ შესრულდა. მეტოქის საჯარიმოში ვერ შევაღწიეთ. არადა, დავალების მიხედვით, მეკარემდე ახლოს მისვლა სრულიად შესაძლებელი იყო…
გვარამაძე ორჯერ უხეშად შეცდა. წაგებაზე ცოტა ამანაც იმოქმედა…
შესვენებაზე ბიჭებს მეტოქის მოედანზევე პერსონალურად თამაში ვთხოვე, შეტევა ლატვიელთა ნახევარზე უნდა დაგვეწყო“, – მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ გუცაევს დიდხანს არ უსაუბრია. ჯერ ერთი, რომ ბევრი არაფერი იყო სალაპარაკო და მეორეც: გუნდი ათენს მიემგზავრებოდა. ოთხ დღეში გუცაევის ბიჭებს საბერძნეთის ნაკრებთან პაექრობა ელოდათ.
* * *
10 ოქტომბერი, 1998. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. ლატვია, რიგა, დაუგავა. 1 900
ლატვია 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 მარიანს პახარსი (3)
ლატვია: ოლეგს კარავაევსი, ვიქტორს ლუკაშევიჩსი, ვიტალის ასტაფიევსი (ალექსანდრს ისაკოვსი 75), მიხაილს ზემლინსკისი, ვალენტინს ლობანოვსი, ალექსეის შარანდო, ვალერის ივანოვსი, იმანტს ბლეიდელისი (იურის ლაიზანსი 51), მარიანს პახარსი (როლანდს ბულდერსი 86), ვლადიმირს ბაბიჩევსი (კაპ), ანდრეის შტოლცერსი
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი (საქართველო)
საქართველო: დავით გვარამაძე, გელა შეყილაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, გოგა გახოკიძე (გიორგი დემეტრაძე 60), შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ნემსაძე
მსაჯები: კონსტანტინ დან ზოტა; იონ დუმიტრიცა, სილვიუ ვერონელ იოანი (რუმინეთი)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 28 მაისი
ფოტო: მატჩის ბილეთი
*-2026 წლის 28 მაისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
