ეროვნული ნაკრების ისტორია: საბერძნეთი 3:0 საქართველო
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არაერთი თამაში წაუგია, მაგრამ მათ შორის არის რამდენიმე, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად განვიცადე. ასეთთა შორისაა 1998 წლის 14 ოქტომბერს ათენში, სპიროს ლუისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე საბერძნეთთან 0:3 მარცხი, რომელიც ევრო 2000-ის შესარჩევი ტურნირის ეგიდით გაიმართა. ბერძნებმა ყველა გოლი საწყის 36 წუთში გაიტანეს. ვინც ათენური ტელერეპორტაჟი ნახა (თამაშს თბილისში საკაბელო ტელევიზია აიეტის საშუალებით, ESPN-ზე ვუყურეთ), ალბათ დამეთანხმება, რომ ეს იყო ჩვენი მთავარი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში.
ოთხი დღით ადრე, ლატვიაში წაგებით გულმოკლულმა, ვიფიქრე ათენში ბიჭები ყველაფერს იღონებენ და გულშემატკივრებს ზედიზედ მეორედ არ გაგვაწბილებენ-მეთქი. თამაშის დღეს, დილით, ერთ-ერთ ტოტალიზატორს მივაკითხე და ჩვენების არწაგებაზე ათი ლარი დავდე. საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის საგაზეთო მიმოხილვებთან ერთად იმ ქვითარს დღემდე ვინახავ, აი ტოტალიზატორების კარი კი ათენური 0:3-ის შემდეგ აღარც შემიღია.
ლატვიაში მარცხმა დამარწმუნა, რომ ნაკრების ხელმძღვანელებსა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. სხვათა შორის, ეჭვები ამის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში, თბილისში ალბანეთთან მოგების შემდეგ გავრცელდა. იმასაც ვხვდებოდი, რომ მწვრთნელსა და ერთ-ორ მოთამაშეს შორის არსებული უსიამოვნება სხვებსაც შეეხებოდათ.
ბერძნებთან მატჩის წინ ვლადიმერ გუცაევის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა ყველაფერს ბეჭედი დაუსვა: ნათელი გახდა, რომ გუნდში სიტუაცია გაფუჭდა, განხეთქილება კი დროის ამბავი იყო.
„სანამ ნაკრების მწვრთნელი ვარ, გპირდებით რაც უკვე არაერთხელ მითქვამს – მე ჩემსას გავაკეთებ! ლატვიასთან წაგებით, შეიძლება, ბევრს ეჭვიც შეეპაროს ჩემი მეთოდის სისწორეში, მაგრამ ნელ-ნელა დავამტკიცებ, რომ საკეთებელს საჭიროებისამებრ ვაკეთებ. მე კომპრომისზე არ წავალ, არავის დავუთმობ, მწვრთნელი ვარ და აქეთ დამითმონ…
ლატვიაში თამაშისას ყველაფერი ერთ დარტყმას შეეძლო გადაეწყვიტა, ქეცბაიაც ამიტომ დავტოვე შეუცვლელი, გამოცდილია და, ეგებ, რაიმე ეღონა. ალბანეთთან შეცვლა კი, ეწყინა თუ არა თემურს, ეს ჩემი საქმე არაა. როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ისე მოვიქცევი. გიმეორებთ, სანამ მწვრთნელი ვარ, ჩემსას გავაკეთებ. ზოგი მეჭიდავება, მაგრამ ვერ წამაქცევენ. ვისაც ჩემი საქმიანობა არ მოსწონს, ძალად არავის ვეპატიჟები, შეუცვლელი არავინაა…
მე კარგი გუნდის გაკეთება მინდა. გთხოვთ, დამეხმაროთ, თორემ თავს კარცერში ვგრძნობ“.
ეს სიტყვები მთავარმა მწვრთნელმა ქართველ ჟურნალისტებს ათენში ჩასვლის მეორე დღეს, სასტუმრო კარაველაში შეხვედრის დროს განუცხადა. ჩვენი ეროვნული გუნდი იქ დაბინავდა, ახალგაზრდულ ნაკრებს კი ბერძნებმა მოშორებით, სასტუმრო გოლდენ ეგში უმასპინძლეს.
ათენიდან გამოგზავნილ რეპორტაჟში „ბერძნები ქეცბაიას უფრთხიან და მახლასისა არ ეიმედებათ“ (სარბიელი; 1998 წლის 13 ოქტომბერი) ჟურნალისტმა კობა ინასარიძემ აღნიშნა:
„გუცაევმა დიდი კრება ჩაატარა, შეკრებილებმა ძირითადად ლატვიაში მარცხზე ისაუბრეს, სასაყვედურომ საყვედური მიიღო, საქები აქეს, მაგრამ მთლიანობაში რიგის მატჩი საკმაოდ მკაცრად შეფასდა, ეს არ უნდა მოგსვლოდათო.
ორსაათიანი განსჯის მერე ფეხბურთელებმა მწვრთნელებს სთხოვეს, თქვენ გაბრძანდით, ჩვენ ვეტყვით ერთმანეთს სათქმელსო. ისინი მარტო დარჩნენ, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ გეგონებოდათ პარლამენტის სხდომაზე კამათისგან გაოფლილი დელეგატები გამოდიან დარბაზიდანო. ეტყობოდათ, მართლაც მწვავედ აღიქვეს წაგება“.
იმავე დღეს, რამდენიმე საათით გვიან ითამაშეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა. მატჩი ნიკოს გუმასის სახელობის სტადიონზე გაიმართა. შესვენებამდე ქართველები ორჯერ ჩამორჩნენ, მაგრამ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა საფინალო სასტვენამდე ცენტრალური მცველის, კულაკიოტისის მიერ გატანილ მესამე გოლს ვეღარ უპასუხეს – 2:3. რაც შეეხებათ გოლების ავტორებს, პირველი საპასუხო ბურთი გიორგი რევაზიშვილმა გაიტანა 31-ე წუთზე, ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი დავით მუჯირმა დაარტყა ზუსტად – 2:2.
„თამაშის წაგება ვისაც ძალად უნდა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეკითხოს ჭკუას. საცოდაობა იყო ათენიდან სამი ქულის წამოუღებლობა. ჩვენებს ეს მატჩი დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ, მაგრამ დავისაჯეთ“, – ამ სიტყვებით იწყება სარბიელში გამოქვეყნებული მატჩის მიმოხილვა.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიგლა იმნაძის თანაშემწის, ოთარ გაბელიას კომენტარი კი ასეთი იყო:
„ლოგიკური უფრო ფრე იქნებოდა, რადგან მასპინძლებსაც ჰქონდათ მომენტები. ჩვენ მეორე ტაიმში ანგარიშის შენარჩუნებაზე არ ვფიქრობდით, უბრალოდ ბიჭებს დავავალეთ, რომ ბერძენთა სახიფათო თავდამსხმელებისთვის ყურადღება არ მიექციათ და მეტოქეს, პირველი ტაიმის მსგავსად, კონტრშეტევაზე აღარ დავეჭირეთ“.
მას შემდეგ, რაც ზაზა ჯანაშიას, არჩილ არველაძის და ალექსანდრე იაშვილის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა – ათენში ვერცერთი მათგანი ჩავიდა, გუცაევმა ახალგაზრდული ნაკრებიდან რატი ალექსიძე დაიმატა, თუმცა სარბიელის მიერ შერჩეულ სავარაუდო შემადგენლობაში ის მაინც ვერ მოხვდა.
ჩვენმა რედაქციამ ასეთი ძირითადი თერთმეტეული ივარაუდა: კარში ნიკა ტოგონიძე, დაცვაში გელა შეყილაძის, გიორგი ნემსაძის, მურთაზ შელიას და კახი კალაძის ოთხეული, ნახევარდაცვაში ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული და გოგა გახოკიძე, ერთადერთ ფორვარდად შოთა არველაძე, მის უკან კი გიორგი ქინქლაძე.
სარბიელმა ათი მოთამაშე გამოიცნო. ვლადიმერ გუცაევმა მხოლოდ გახოკიძე არ ათამაშა. მის ნაცვლად შოთა არველაძეს მიხეილ ყაველაშვილი შეუწყვილა.
საკადრო პრობლემების გათვალისწინებით ნაკრების მესაჭემ, შეიძლება ითქვას საუკეთესო შემადგენლობა შეარჩია. მაგრამ იმ ფეხბურთით, რაც ჩვენმა გუნდმა აჩვენა ათენში, თერთმეტი საუკეთესო ქართველი კი არა, მსოფლიოს ნაკრებიც ვერაფერს გახდებოდა.
სხვისი რა გითხრათ და პირადად მე თამაშის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ფრე დიდებული შედეგი იქნებოდა, საწყისი ნახევარი საათის შემდეგ კი მხოლოდ იმას ვოცნებობდი, ჩვენები ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით არ განადგურებულიყვნენ: 37-ე წუთისთვის ათენის ოლიმპიური სტადიონის ტაბლოზე 3:0 ეწერა მასპინძელთა სასარგებლოდ!
მე-12 წუთზე ბერძენთა გუნდისთავმა ნიკოს მახლასმა გახსნა ანგარიში. კარიდან გამოსვლისას ტოგონიძე უხეშად შეცდა, ვერც კალაძემ ივარგა დაზღვევაზე და არნემის ვიტესის ოცდახუთი წლის ფორვარდმა ბურთი ჩვენი გუნდის კარში შეაგორა – 1:0.
მე-15 წუთზე ბერძენმა გულშემატკივრებმა მეორედ გაიხარეს. კოსტას ფრანცესკოსმა მეურვის გარეშე დარჩენილ ნიკოს ლიბეროპულოსს მიაწოდა ბურთი და მანაც მეორედ დალაშქრა ტოგონიძის კარი – 2:0.
36-ე წუთზე ფრანცესკოსმა მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა: საჯარიმოში ჩააწოდა, სტუმართა მცველები კიდევ ერთხელ შეცდნენ და მარინოს უზუნიდისმაც თავური დარტყმით იოლად დალაშქრა ქართველთა კარი – 3:0.
გაშვებული გოლების მიუხედავად, ნიკა ტოგონიძე საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რადგან ორჯერ მეტი სახიფათო დარტყმა მოიგერია, 74-ე წუთზე კი მას კალაძეც დაეხმარა, როცა მახლასის თავდასხმის შემდეგ კარის ხაზიდან გაიტანა ბურთი.
ადიდასის თეთრი მაისურებით მოთამაშე ქართველებმა მხოლოდ სამი სახიფათო მომენტი შექმნეს, გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი კი გოჩა ჯამარაულს ჰქონდა. მე-17 წუთზე, ბერძენი მცველების შეცდომის შემდეგ, გოჩა მეკარე ელიას ატმაციდისთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.
„ვულოცავ საბერძნეთს ბრწყინვალე გამარჯვებას. ვუსურვებ ასევე გაეგრძელებინოს. მწვრთნელის ხელი ბერძნებს აშკარად ეტყობათ, ჩვენ ნაკრებში კი ძირეული ცვლილებების დრო დადგა. გუნდში ახალგაზრდა, პრესპექტიული ბიჭები გამოჩნდნენ, რომლებსაც ფეხბურთის თამაში უნდათ. სხვები კი, ეტყობა, კმაყოფილები არიან ცხოვრებით და თამაშის დონით“, – განაცხადა სერგო კუტივაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. წაგებით და საზიზღარი თამაშით გაწბილებული ვლადიმერ გუცაევი ჟურნალისტებს არ შეხვდა და ის ამიტომ შეცვალა თანაშემწემ.
„ჩვენები გათახსირდნენ, მოკლედ და კონკრეტულად.
წერა მატჩის მიმდინარეობისას მიხდება. ქართველი ჟურნალისტები სტადიონის პრესლოჟაში ვსხედვართ და გვრცხვენია, ზემოთ რიგებში აქაური ჟურნალისტები სიცილით იჭაჭებიან, ქართველები არც ვლაპარაკობთ…
ეს საშინელებაა, ჩვენი გუნდი არარაობაა. ვაი ჩვენს თავს, როგორ უნდა ვთქვათ, ფეხბურთი ვიცითო…
ქართველების მხარდასაჭერად სტადიონზე აქ მცხოვრები ჩვენებურებიც მოვიდნენ. დაახლოებით ორმოცდაათ კაცამდე იქნებოდნენ ეროვნული დროშებით ხელდამშვენებულნი. პირველ ოც წუთს ქომაგობდნენ თანამემამულეთ, მაგრამ როცა მათი უსუსურობა დაინახეს, ისინიც გაყუჩდნენ“ – კობა ინასარიძის რეპორტაჟიდან „ქართველებს დასცინიან“ (სარბიელი; 1998 წლის 15 ოქტომბერი).
იმავე ნომრის მეორე გვერდზე გამოქვეყნდა კონსტანტინე გოგიშვილის წერილი „უსათაუროდ“ და ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი ეროვნული გუნდის ოფიციალური მატჩის პირველი მიმოხილვა, რომელშიც სპორტულმა ჟურნალისტმა წაგების მთავარ მიზეზად მწვრთნელი და მისი შეცდომები კი არა, ფეხბურთელები მიიჩნია.
გოგიშვილის წერილი ასე იწყებოდა:
„ნოდარ დუმბაძის Hellados გამახსენდა.
იქაც ბერძენი და ქართველი. იქაც ბრძოლა პირველობისთვის. იქაც გულისტკენა და გაცრუებული იმედები.
„შენი დედა ვატირე იანგული“! და „ი მანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ“!
და იქაც ბერძენი დარჩა გამარჯვებული, მოცილეს მკვდარი დედა არ შეაგინა და იმიტომ.
ბერძნების ვაჟკაცმა ნაკრებმაც დაინდო მეორე ტაიმში უსუსური ქართველები.
პირველ ტაიმში კი… სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ სირცხვილი – ეს მოედანზე.
სამშობლო კი უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით – როგორც იანგული ალექსანდრიდი ამბობდა.
არ იზომება სამშობლოს სიდიდე ერთი სირცხვილით. არც საფეხბურთო საქართველოს სიდიდე იზომება საბერძნეთის ნაკრებთან 0:3 წაგებული ერთი მატჩით.
აი, ჩვენი ფეხბურთელების დონე და კლასი კი ერთხელაც დავინახეთ. ისიც ჭეშმარიტებაა, თავმოყვარე ფეხბურთელი ასეთი შეხვედრის მერე ბევრ რამეს გადააფასებს და თავის ფეხბურთელობასაც ეჭვის თვალით შეხედავს“.
ლატვიასა და საბერძნეთში განცდილმა სირცხვილმა ყველა მიგვახვედრა, რომ ჩვენი ფეხბურთი ძირეულ და სასწრაფო ცვლილებებს ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია სულ უფრო დამძიმდებოდა. სანაკრებო კატასტროფის შემდეგ მთავარი თემა კვლავ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები გახდა, სპორტულ გამოცემებში სულ უფრო მეტი წერილი ქვეყნდებოდა კანდიდატების შესახებ, მაგრამ სარბიელმა რამდენიმე კრიტიკული წერილი მაინც მიუძღვნა ლატვია-საბერძნეთთან მატჩებს.
16 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა კობა ინასარიძის საინტერესო სტატია „წავაქციოთ წასაქცევი, თორემ ყველა წავიქცევით“, სადაც ჟურნალისტმა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე გაამახვილა ყურადღება და გარკვეულწილად მხარი დაუჭირა ეროვნული გუნდის თავკაცს:
„რომ გვეგონა და ვიმედოვნებით, ლატვია-საბერძნეთიდან მინიმუმ სამი ქულით დავბრუნდებოდით, სულ მთლად ხელმოცარულნი ჩამოვედით. ვერ გეტყვით რამდენად მართალია, არც გუცაევთან მისაუბრია მეორე მარცხის შემდეგ, მაგრამ ნაკრების სამზარეულოში ჩახედულმა ხალხმა ხმამაღლაც თქვა და შეიძლება ასეც იყოს: ათენში ვლადიმერ გუცაევმა შეგნებულად არ გააკეთა ერთზე მეტი შეცვლა, სურდა ყველას დაენახა, ქართველები როგორ ცოდვილობდნენ, ყველა დარწმუნებულიყო, ამათ თამაში რომ არ სურთ. გუცაევი ნაკრებში ამ მატჩების შემდეგ ბევრ ცვლილებას მოახდენს, საამისოდ საფუძველი უკვე შემზადებულია. ქართველი ფეხბურთელები ნაკრებში მოვალეობის მოსახდელად თამაშობენო – საერთო აზრი შეიქმნა…
მწვრთნელსა და ზოგიერთ ფეხბურთელს შორის უეჭველად დუელი მიმდინარეობს. გუცაევი კვლავ თავდაჭერილია, ბევრ რამეს არ ლაპარაკობს, თვალს ხუჭავს, ჯერჯერობით რადიკალური ზომებისთვისაც არ მიუმართავს…
ისიცაა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელისთვის გუცაევისეული სიმკაცრე მიუღებელია. მწვრთნელი ბრძოლას, ომს, თავდადებას ითხოვს. ასეთი თამაშისას კი, სავსებით მოსალოდნელია, ვინმემ ტრავმა მიიღოს და კლუბში უთამაშებელი დარჩეს. ღმერთმა ქნას ვცდებოდეთ, მაგრამ დიდი ეჭვები რომ გვღრღნის, ყველაზე ცუდი და დამაფიქრებელი ეგაა…
ეროვნული გუნდის მწვრთნელები თავიანთ შეცდომებს არც უარყოფენ. ამბობდნენ, შელია არ უნდა დაგვეყენებინა ბერძნებთან, შევცდითო. ჩვენც ასე გვგონია, ახალტრავმამოშუშებული მურთაზი ნაკრებში სათამაშოდ მოუმზადებელი იყო, მაგრამ ყველაფერს ეს წყვეტდა, ან თუნდაც რიგაში გვარამაძის ორი შეცდომა? არა, ერთი, ნებისმიერი ამპლუის ფეხბურთელი თამაშს არასდროს წააგებს, მის გარდა ათი სხვაა, რომელთაც მისი უზუსტობის გამოსასწორებლად მართებთ ბრძოლა. ეს კი არ ჩანდა და ამაზე გვწყდება გული…
როცა რამე კრიტიკულს დაწერ, საყვედურებს მრავლად გეტყვიან, მათ შორის ისეთსაც, საიდანაც პირდაპირ მტკიცდება ის, რაც ზემოთ ვთქვით. ნაკრების ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, მორიგი წერილით უკმაყოფილომ, აი, რა თქვა ათენში თამაშის დაწყებამდე: რა გინდათ, რას გადამეკიდეთ? თუ არ გინდათ, რომ ნაკრებში ვითამაშო, მე სულ არ მინდაო – ვალი აქეთ დაგვადო. თავი ვარსკვლავი ჰგონია, რომელიც არასდროს ჩაქრება…
ჩვენ გუცაევს ვთხოვთ, ასეთი ფეხბურთელი, ვინც უნდა იყოს ის, ნაკრებს არ გააკაროს. ბატონო ვოვა, თქვენს პრინციპულობას უფრო დააფასებენ, ვიდრე იმას, რაც დღეს ეროვნულ ნაკრებში ხდება. თავადვე არ თქვით, ჩემსას ბოლომდე გავიტანო? ჰოდა, გააკეთეთ საქმე, რასაც ფიქრობთ, ის განახორციელეთ…
გადადგით ერთი, დიდი ნაბიჯი, აღარ დაუძახოთ გუნდში იმათ, ვინც ქართველ გულშემატკივარს სევდასა და ნაღველს უტოვებს. გადადგით ნაბიჯი, უღირსნი დაითხოვეთ. პასუხი ყველაფერზე თქვენ მოგეთხოვებათ“.
სარბიელის იმავე ნომერში დაიბეჭდა ვახტანგ ბზიკაძის არანაკლებ საინტერესო წერილი-გამოხმაურება „ნუ მივბაძავთ სირაქლემას“:
„დიდი სირცხვილია ჩვენს თავს. არნახული გასაჭირი. საქართველოს ნაკრებს დიდი ანგარიშით აქამდეც ბევრჯერ წაუგია და ლატვიისდარ მოლდოვასთანაც დამარცხებულა. არნახული ბოლო კვირის წყვილი მარცხი კი არა, ის სიტუაციაა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს…
შეუძლებელია ვლადიმერ გუცაევს სხვებივით არ აღექვა ჩვენი ნაკრების ლამის შეგნებული უსუსურობა. ასეთი შედეგით ხომ რიგა-ათენს მთლად ახალგაზრდული ნაკრები მოივლიდა. მან უნდა შეძლოს ან ახლანდელი შემადგენლობის ათამაშება, ანდა ახალი გუნდის შექმნა…
ჩვენ უნდა გავუგოთ გუცაევს. თუ გარისკავს, რისკის შედეგს მაინც დაველოდოთ. და თუ ეს შედეგი ახლანდელზე უარესი არ იქნება, უნდა დავაცადოთ გუნდის ჩამოყალიბება…
ახლანდელ გაზულუქებულ (გამონაკლისთა გარდა) შემადგენლობას კი გუნდად მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელიც ვერ აქცევს“.
ეროვნული გუნდის ჩავარდნას ფეხბურთის ფედერაციის მმართველი გუნდიც გამოეხმაურა. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ ჟურნალისტებს 16 ოქტომბერს უმასპინძლა და დეტალურად ისაუბრა ლატვია-საბერძნეთში ორივე ნაკრების მატჩების საორგანიზაციო საკითხებზე. მან სპორტული მედიის წარმომადგენლებს სრული ხარჯთაღრიცხვაც წარუდგინა. საერთო ჯამში ფედერაციამ ორ გასვლით თამაშზე, ასევე რიგაში ხუთდღიან შეკრებაზე 169 950 დოლარი დახარჯა.
„ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების ოთხივე თამაში 170 ათასი დოლარი დაჯდა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სფფ-მ ყველაფერი გაიღო და მოვალეობა პირნათლად შეასრულა. ფეხბურთელები ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობდნენ როგორც რიგაში, ასევე ათენში. იმაზეც წავედით, რომ ნაცვლად 18 ფეხბურთელისა, გუნდებს 20 კაცი წაეყვანათ, რათა ყველაფრისგან დაზღვეულნი ყოფილიყვნენ. ერთი ფეხბურთელის კვებაზე დღეში გათვლილი გვქონდა 30-35 დოლარი, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს თანხა 70 დოლარამდე გაიზარდა…
ნაკრებში ყოველ გამოძახებაზე ფეხბურთელები საქართველოში იღებენ 500 ლარს, ხოლო საზღვარგარეთ გამოძახებაზე 500 დოლარს. ამ გამოძახებაზე თითოეულს 1000 დოლარი მივეცით.
შემდეგ წამოვიდა ასეთი წინადადება, რომელიც მოწიწებით გაგვანდო გუცაევმა. თუ ისინი ამ ორ მატჩში ოთხ ქულას აიღებდნენ, დამატებით უნდა დაგვესაჩუქრებინა. გამოვნახეთ საშუალება იმისა, რომ ეროვნული ნაკრებისთვის 50 ათასი დოლარი მიგვეცა პრემიის სახით…
პირადად ვიყავი იქ და საერთოდ არ მოვშორებივარ ნაკრებებს. როგორი განწყობილებაა ეროვნულ გუნდში? როგორი დამოკიდებულებაა ლეგიონერებსა და ახალგაზრდა კანდიდატებს შორის? ამ უკანასკნელთათვის კარები დახურულია. ლეგიონერებში არ არის ისეთი სულისკვეთება, რომ ახალგაზრდებს ადგილი დაუთმონ, როცა თვითონ არ არიან ფორმაში. შევამჩნიე, რომ თითქოს ყველას წინასწარ აქვს ადგილი დაბევებული ეროვნულ გუნდში. ესაა ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი. ყოველივე ეს მწვრთნელის კომპეტენციაა…
ვოვა გუცაევს მუშაობა უნდა ვაცალოთ, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და ვოვამ უნდა გადაწყვიტოს ყოველივე. საქართველოს გათელვის უფლება არავის აქვს! როგორმე ფეხბურთელები უნდა გამოვიყვანოთ ვარსკვლავური დაავადებისაგან და მიწაზე დავაბრუნოთ“.
პრესკონფერენციის დასასრულს ნოდარ ანდრიაძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დიდუბის რაიონის საგადასახადო სამსახური „ესტუმრა“. ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ამის მიზეზი სახელმწიფოსადმი დავალიანება იყო.
ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე კი დინამოს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამაც დაიწყო ოფიციალური შეხვედრები. ის ჯერ მრეწველთა კავშირს ესტუმრა, ხოლო შემდეგ ვეტერან ფეხბურთელებს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯანო ბაგრატიონმა განაცხადა, რომ ჟორდანია მათთან მისვლასაც აპირებდა…
* * *
14 ოქტომბერი, 1998. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. საბერძნეთი, ათენი, სპიროს ლუისის სახელობის ოლიმპიური სტადიონი. 12 681
საბერძნეთი 3:0 საქართველო
გოლები: 1:0 ნიკოს მახლასი (12), 2:0 ნიკოს ლიბეროპულოსი (15), 3:0 მარინოს უზუნიდისი (36)
საბერძნეთი: ელიას ატმაციდისი, ნიკოს დაბიზასი, დიმიტრის მარკოსი, მარინოს უზუნიდისი, გიანის კალიცაკისი, ელიას პურსანიდისი, თეოდოროს ზაგორაკისი, კოსტას ფრანცესკოსი (ვასილის ციარტასი 75), ნიკოს მახლასი (კაპ) (დიმიტრის მავროგენიდისი 84), ნიკოს ლიბეროპულოსი (სტელიოს იანაკოპულოსი 68), გრიგორის გეორგატოსი
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ (რუმინეთი)
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, კახი კალაძე, მურთაზ შელია, გელა შეყილაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი (გოგა გახოკიძე 59)
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: კახი კალაძე, თემურ ქეცბაია, დიმიტრის მარკოსი
მსაჯი: ათანას უზუნოვი (ბულგარეთი)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 4 ივნისი
ფოტო: მატჩის ბილეთი
*-2026 წლის 4 ივნისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
