წერილები ამერიკიდან: 14 ივნისი

დღეში ოთხი თამაშის პირდაპირ ეთერში ნახვა ნამეტანია, მსოფლიო ჩემპიონატისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად. ჯერ ერთი რომ საკმარისი დრო არ მაქვს, მეორეც: საერთოდ არ მაინტერესებს ჯგუფური ეტაპის უამრავი შეხვედრა. 48 გუნდამდე გაზრდილმა მუნდიალმა ფიფას, სავარაუდოდ, შთამბეჭდავი ფინანსური შემოსავალი მოუტანა, მაგრამ ერთია მისი ინტერესი და მეორე გულშემატკივრისა.

ფეხბურთი რომ მხოლოდ სპორტი აღარაა და ძალიან მომგებიან ბიზნესად გადაიქცა, არახალია. ამ მშვენიერ თამაშში ლამის ყველა სიახლე მეტი შემოსავლისთვის დაინერგა, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა.

ფიფამ ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეგრეთ წოდებული „წყლის შესვენებები“ დაამტკიცა. ასეთი რამ სხვა დროსაც გვინახავს, ოღონდ მაშინ მატჩის დროებით შეწყვეტა მსაჯის პრეროგატივა იყო, მისი შეხედულებისამებრ ისვენებდნენ მოთამაშეები, ახლა კი ტაიმების ორი-სამი წუთით შეჩერება სავალდებულოა. ამერიკაში საკმაოდ ცხელა და ეს ერთი შეხედვით მშვენიერი იდეაა, ფეხბურთელები სულის მოთქმას ახერხებენ, წყალს მიირთმევენ… მაგრამ ისიც ნათელია, რომ ფიფას ეს ნაბიჯი მხოლოდ ფეხბურთელებზე ზრუნვით არ არის ნაკარნახევი.

ამერიკულ სპორტებში, კალათბურთი იქნება ეს, ბეიზბოლი, ჰოკეი თუ აქაური ფეხბურთი, ხშირია რამდენიმეწამიანი ან წუთიანი შესვენებები, რასაც რეკლამებისთვის იყენებენ. თითოეული სარეკლამო ჭრა ხომ დამატებით შემოსავალს უდრის. ჰოდა, მასპინძლებმა ევროპული სოკერი თავიანთ ინტერესებს მოარგეს და ფიფას არნახული სიახლე დაამტკიცებინეს.

გამოთავისუფლებულ დროს ლამის ყველა მაუწყებელი რეკლამით ავსებს, მხოლოდ ესპანურენოვანი ტელემუნდოა, რომელიც პირდაპირ რეპორტაჟს არ წყვეტს და მაყურებელს თამაშიდან არ თიშავს. ამის შესახებ უკვე ითქვა არაერთ მიმოხილვაში და თავად ტელემუნდოს კომენტატორებიც ყველა რეპორტაჟის დროს ამაყად აცხადებენ, რომ მათი ტელეკომპანია გამორჩეულია, ის ქომაგებზე ზურნავს.

„წყლის შესვენებები“ არც იურგენ კლოპს მოსწონს, რომელიც ერთ-ერთი გერმანული არხისთვის მუშაობს ამერიკაში. მან თქვა, რომ ფეხბურთი კონდიციონერებით გაგრილებულ კაბინეტებში ჩაკეტილმა ხალხი თავის ნებაზე შეცვალა და რომ ტაიმებს შორის ორ-სამწუთიანი შესვენებები უადგილოა. „ტელერეპორტაჟი წყალივით უნდა მიედინებოდეს, ვიღაცებმა კი ხელოვნური შესვენებებით დამბები ჩადგეს“ – დაახლოებით ასეთი რამ თქვა კლოპმა.

მისი თანამემამულეები მსოფლიო ჩემპიონატს დღეს დაიწყებენ. ბუნდესნაკრების მეტოქე დებიუტანტი კურასაოა. 2014 წელს, ბრაზილიაში ტრიუმფის შემდეგ, გერმანიას მუნდიალის ფლეი ოფში აღარ უთამაშია, რუსეთსა და კატარში ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, თუმცა ამერიკაში, დიდი ალბათობით, ნავსი გატყდება. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი მოლოდინი მაქვს. გავრისკავ და ამასაც დავწერ: ვფიქრობ, გერმანელები შთამბეჭდავი სხვაობით მოიგებენ, ამერიკელებისგან პარაგვაელების 4:1 დაბრიყვება მონაგონი იქნება.

ფიფას ოქროს თასის გათამაშების ხუთგზის ტრიუმფატორი ბრაზილია კი უკვე ვნახეთ, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, სელესაომ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა. ამ მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი (მისი ხელფასი 10 მილიონი ევროა) ელეგანტურად გამოიყურებოდა მინდვრის კიდეზე, მაგრამ იტალიელის რჩეული ბრაზილიელები აშკარად წვალობდნენ. რომ არა ვინისიუსის ინდივიდუალური ოსტატობა და დახატული გოლი, სამ ქულას, ვფიქრობ, მაროკოელები დაიტოვებდნენ.

ეს აფრიკული გუნდი ოთხი წლის წინაც ანგარიშგასაწევი ძალა იყო, ბრაჰიმ დიასის დამატების შემდეგ კი ნაკრები ახალ სიმაღლეზე ავიდა. ისმაელ საიბარის ეფექტური გოლი სწორედ დიასის დამსახურებაა, თანაგუნდელი ისეთი პასით დატოვა მეკარესთან პირისპირ, რომ ნებისმიერი გუნდის ლიდერი რომ მოაწერდა ხელს! ეს ბიჭი ჯერ კიდევ მადრიდის რეალიდან გავიცანი, როცა შეცვლაზე შეჰყავდათ ხოლმე. შემდეგ მილანში გადავიდა და რამდენიმე ბრწყინვალე გოლიც გაიტანა, მათ შორის ერთი ჩემი ფავორიტი იუვენტუსის კარში, ჰოდა, ძალიან გამიკვირდა, როცა მალაგაში დაბადებული მარგალიტი ესპანელებმა იოლად დაუთმეს მაროკოელებს.

ამ მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე მოთამაშეს პერსონალურად ვგულშემატკივრობ და ერთ-ერთი სწორედ მაროკოს ნაკრების მეათე ნომერია.

ბრაზილიელების და მაროკოელების მომავალმა მეტოქემ შოტლანდიამ კი ტრადიციულად იწვალა და 1974 წლის შემდეგ ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვედრილი ჰაიტი მხოლოდ ჯონ მაკგინის ერთადერთი გოლით დაამარცხა. სხვათა შორის, შოტლანდიამ პირველი თამაში მოიგო ფინალურ ეტაპზე იტალია 1990-ის შემდეგ, როცა ჯგუფში შვედეთს სძლია.

ჩემპიონატის სამი ქულით დაწყება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მეტოქეებმა ქულები გაიყვეს, დიდებულია, მაგრამ სქოთების უიღბლობა რომ ვიცი, შესაძლოა მაინც ჯგუფში ჩარჩნენ და ფლეი ოფში მოსახვედრად ჰაიტისთან გამარჯვება არ ეყოთ. მაკგინი კი გაზაფხულიდან დაწყებული შესანიშნავ ფორმაშია. ჯერ იყო და უდიდესი როლი ითამაშა ასტონ ვილას ევროპალიგურ ტრიუმფში, ახლა კი სქოთი ფანები გაახარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც ჩაიხუტა.

კატარი-შვეიცარია და ავსტრალია-თურქეთი კი არ მინახავს. პირველი იმიტომ, რომ იმ დროს ნიუ იორკის ქუჩებში ვსეირნობდი, მეორე კი აქაური დროით გვიან დაიწყო.

ნიუ იორკის ერთ-ერთი სიმბოლო, როკფელერის ცენტრი ფიფას გამოფენას მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიასთან დაკავშირებული ნივთები ცათამბჯენის მეცხრე სართულზეა გამოფენილი. შენობაში შესვლა უფასოა, ჰოდა, კატარი-შვეიცარიის ცქერას, იქ ხანმოკლე რიგში დგომა ვარჩიე.

საგამოფენო დარბაზში კი საოცარი ნივთებია, თითოეულ მსოფლიო ჩემპიონატს ცალკე სტენდი ეძღვნება, სადაც არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ექსპონატი დევს. მაგალითად მუნდიალების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორის, ამერიკელი ბერტ პატენოდის მაისური 1930 წელს ურუგვაიში გამართული მუნდიალიდან; იტალიის ნაკრების 1934 წლის სავარჯიშო ფორმა; ჟიუსტ ფონტენისთვის ნაჩუქარი თასი (1958); პელეს მაისური (1962); უემბლის კუთხურის ალამი 1966 წლის ფინალიდან, რომელსაც ჯეფრი ჰერსტის ავტოგრაფი ამშვენებს; ზაირის ნაკრების ვიმპელი (1974); არგენტინა 1978-ის ფინალის მონაწილეების, მარიო კემპესის და ვილი ვან დე კერკჰოფის მაისურები… კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ამ გამოფენაზე სხვა დროს იყოს, მასზე ცალკე დავწერ.

ყველა ნივთი, რომლის ნახვაც მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე როკფელერის ცენტრშია შესაძლებელი, ფიფას მუზეუმის საკუთრებაა. ერთ მშვენიერ დღეს შვეიცარიასაც ვეწვევი, რადგან თუ რამე მიყვარს, ერთ-ერთი საფეხბურთო მუზეუმების დათვალიერებაა, ფიფას მუზეუმი კი სწორედ იქაა.

გუშინ ნიუ იორკ ნიქსი NBA-ის ჩემპიონი გახდა, პირველად 1973 წლის შემდეგ და ქალაქის ცენტრში ფანებმა მაგრად მოილხინეს. მაგრამ მგონია, რომ დღესაც დიდი ამბავი იქნება, თუმცა მაღალი საზოგადოებისთვის: 14 ივნისი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაბადების დღეა. ძირძველი ნიუიორკელი, დონალდ ჯონ ტრამპი 80 წლის გახდა.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 14 ივნისი
ნიუ იორკი

ka_GEGeorgian