წერილები ამერიკიდან: 15 ივნისი
გუშინდელ წერილში ვივარაუდე, გერმანია ისეთი ანგარიშით დაამარცხებს კურასაოს, ამერიკელების მიერ პარაგვაელების 4:1 ძლევა მონაგონი იქნება-მეთქი. ასე აგიხდეთ ყველაფერი: იულიან ნაგელსმანის ბიჭებმა 7:1 გაანადგურეს მეტოქე და დიდი შანსია, ეს ყველაზე შთამბეჭდავი სხვაობა იყოს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე.
კაი ჰავერცის დუბლს და ფელიქს ნმეჩას, ნიკო შლოტერბეკის, ჯამალ მუსიალას, ნათანიელ ბრაუნის და დენიზ უნდავის ზუსტ დარტყმებს კარიბელებმა მხოლოდ ლივანო შირონ ლიომარ კომენენსიას გოლით უპასუხეს. ნიდერლანდების ქალაქ ბრედაში დაბადებულმა ბიჭმა, რომელმაც კურასაოს ეროვნულ ნაკრებში თამაშამდე ნიდერლანდების ყველა ასაკობრივი გუნდის მაისური მოირგო, 21-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ეს იყო და ეს.
ეგრეთ წოდებული „წყლის შესვენების“ შემდეგ კი გერმანელები მთელი ძალით ამოქმედდნენ. მათ ათი ან მეტი ბურთის გატანაც თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა რამდენჯერმე შეცდნენ, ორი-სამი სახიფათო დარტყმა კი გოლკიპერმა ელოი როომმა მოიგერია. ამერიკის ჩემპიონ მაიამიში მოთამაშე მეკარე, კომენენსიას მსგავსად, ნიდერლანდებშია დაბადებული, ნაიმეგენში.
მიუხედავად იმისა, რომ კურასაო სადებიუტო შეხვედრაში განადგურდა, მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდების წიგნში მაინც მოხვდა, უფრო კონკრეტულად კი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, სახელგანთქმული ნიდერლანდელი სპეციალისტი დიკ ადვოკაატი. ჰააგელი „პატარა გენერალი“ 78 წლის გახლავთ და ის ყველაზე ასაკოვანია, ვისაც კი ოდესმე გაუწვრთნია გუნდი ფინალურ ეტაპზე.
მუნდიალის შესარჩევი ტურნირის შემდეგ, როცა კურასაომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ადვოკაატმა თავი ვალმოხდილად ჩათვალა და სამშობლოში დაბრუნდა, ავადმყოფ ქალიშვილს მიხედვა სჭირდებაო, თუმცა მოგვიანებით მაინც დაბრუნდა თანამდებობაზე და გუშინ ფიფას რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
როცა ერთ გუნდს 7 გოლი გააქვს, საინტერესო ფაქტსაც იპოვის კაცი და რა გასაკვირია, რომ გერმანელების ახალი მწვერვალის შესახებაც მალე დაიწერა: ბუნდესნაკრებს 239 გოლი დაუგროვდა მსოფლიო ჩემპიონატებზე, ეს კი ერთით მეტია ყველაზე ტიტულიანი, ბრაზილიის ნაკრების შედეგზე. ვერ გეტყვით რას იზამს სელესაო მომდევნო შეხვედრებში (კარლო ანჩელოტის გუნდის დიდად არ მჯერა), მაგრამ ვფიქრობ, ამ ტურნირის დასრულების შემდეგ გერმანია ოქროს თასის გათამაშების ყველაზე შედეგიან გუნდად დარჩება.
ფიფას სტატისტიკოსებმა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გვამცნეს: 1966 წლიდან დაწყებული, მას შემდეგ, რაც მატჩების მონაცემებს დეტალურად ითვლიან, დენიზ უნდავი მხოლოდ მეორე მოთამაშე აღმოჩნდა, რომელიც შეცვლაზე ჩაერთო, მაგრამ გოლის გატანაც მოახერხა და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა. შტუტგარტის ფორვარდი 64-ე წუთზე გამოჩნდა ჯამალ მუსიალას ნაცვლად და მწვრთნელისგან ბოძებული ნახევარი საათი იდეალურად გამოიყენა.
პირველი მოთამაშე კი, რომელმაც იგივე მოიმოქმედა, კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი ყოფილა. მან 2014 წელს, იაპონიასთან თამაშში გაიბრწყინა.
გერმანია-კურასასოს შემდეგ ნიდერლანდები-იაპონია გაიმართა და ვფიქრობ, ამ ჩემპიონატის საუკეთესო თამაშიც გამოდგა. რონალდ კუმანის გუნდი ორჯერ იგებდა ვირჯილ ვან დაიკის და კრისენსიო სამერვილის დარტყმებით, მაგრამ „ლურჯმა სამურაებმა“ ორივე შემთხვევაში გაათანაბრეს.
თამაშის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვან დაიკს გადაეცა, რომელმაც 93-ე სანაკრებო მატჩში მე-13 გოლი შეაგდო, მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ იაპონიის ნაკრებმა ქულის მომტანი ბურთი 88-ე წუთზე სწორედ მისი შეცდომის შემდეგ გაიტანა. ვან დაიკმა არასწორად შეარჩია პოზიცია, ბურთი გადააფრინდა და დაიჩი კამადამაც დიდებულად ისარგებლა საჩუქრით – 2:2. სხვათა შორის, მანაც მე-13 გოლი მიითვალა ნაკრებში, თუმცა ვან დაიკთან შედარებით გაცილებით ნაკლებ მატჩში, გუშინდელი დაპირისპირება კამადასთვის 50-ე სანაკრებო კეპი იყო.
მომდევნო ორ შეხვედრაში კოტ დივუარმა 1:0 სძლია ეკვადორს, შვედეთმა კი 5:1 გაანადგურა ტუნისი. 1938 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში (მაშინ მუნდიალი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა), შვედებმა 8:0 სძლიეს კუბას. ჰოდა, მას შემდეგ პირველად გაიტანეს ფინალური ეტაპის მატჩში 5 გოლი.
დღეს, 15 ივნისს, ატლანტაში, მერსედეს-ბენც არენაზე კაბო ვერდესთან მატჩით იწყებს მსოფლიო ჩემპიონატს ევროპის უძლიერესი გუნდი ესპანეთი. ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრები, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით მოიგო ევრო 2024, ძალიან მომწონს და მთავარ ფავორიტად მიმაჩნია.
ნიუ იორკში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული რამდენიმე გამოცემა შევიძინე და ერთ-ერთმა, ეთლონ სპორტის მსოფლიო თასის გზამკვლევმა საინტერესო პროგნოზები შემოგვთავაზა. ყველას არ ჩამოვთვლი, მხოლოდ რამდენიმეს გაგაცნობთ: მაგალითად თანამასპინძელ კანადას და ამერიკას მეთექვსმეტედფინალში მარცხი „უწინასწარმეტყველა“; მექსიკის, გერმანიის და შვედეთის სვლა მერვედფინალში „დაასრულა“; ბრაზილია, ინგლისი, მაროკო და ნორვეგია მეოთხედფინალში „შეაჩერა“, ნახევარფინალში კი ასეთი წყვილები ივარაუდა: არგენტინა-საფრანგეთი და პორტუგალია-ესპანეთი. ხოლო ფინალში საფრანგეთი ესპანეთს „შეახვედრა“, ფიფას ოქროს თასი კი დიდიე დეშამის გუნდის საკუთრებად „გამოაცხადა“. მგონი, საკმაოდ რეალური პროგნოზია. ყოველ შემთხვევაში, მეც საფრანგეთი და ესპანეთი მიმაჩნია მთავარ ფავორიტად.
მაგრამ ფინიშამდე ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, ამიტომაც თამაშებით დავტკბეთ. 15 ივნისის ხსენებაზე კი გულშემატკივარს რვა წლის წინ, სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე ესპანეთი-პორტუგალიის დრამატული თამაში თუ გაახსენდება. პირადად ჩემთვის ის შეხვედრა 2018 წლის მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. ალბათ თქვენც გახსოვთ: პორტუგალიელები ორჯერ იგებდნენ კრიშტიანუ რონალდუს გოლებით, მეორე ტაიმში კი ესპანელები გავიდნენ წინ, თუმცა საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე იმავე რონალდუმ უზუსტესად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და მესამედ გაათანაბრა ანგარიში – 3:3.
თუ მსგავსი მატჩები ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში ბლომად იქნება, გულშემატკივრები მხოლოდ მოვიგებთ.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 15 ივნისი
ნიუ იორკი
ფოტო: FIFA.com
