წერილები ამერიკიდან: 18 ივნისი

ერთი კვირაა, რაც მსოფლიოს XXIII ჩემპიონატი დაიწყო, ფეხბურთმა კი ჯერაც ვერ „მოიგო“ ნიუ იორკის გული. როცა დიდ ტურნირებს ვესწრები, ყოველთვის ვეცნობი ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებს, ნიუიორკული გამოცემებით კი ძალიან იმედგაცრუებული ვარ. საფეხბურთო წერილები უკიდურესად იშვიათია და თუ მხვდება, მცირე ზომის – ერთ ან ორსვეტიანი გამოხმაურებები, მთავარ ამბად კი კვლავაც საკალათბურთო ნიუ იორკ ნიქსის გამარჯვება რჩება.

1973 წლის შემდეგ ნიქსმა პირველად მოიგო NBA-ის ჩემპიონის ტიტული და ნიუიორკულ ჟურნალ-გაზეთებსაც სხვა არაფერი აინტერესებთ. გუშინ ქალაქი საჩემპიონო აღლუმისთვის ემზადებოდა, თასით მსვლელობა დღესაა დაგეგმილი, ჟურნალების მაღაზიებში კი ნიქსის ტრიუმფის შემდეგ გამოცემული ორი სპეციალური ნომრის გარდა სხვა არაფერია გამოფენილი. ფეხბურთი? სანთლით რომ ეძებო, ვერაფერს იპოვი. მხოლოდ ბროდვეიზე, ერთ უშველებელ მაღაზიაში ვნახე ინგლისური FourFourTwo-ს ერთადერთი ჟურნალი.

სხვა შტატებში განსხვავებული სურათია, მაგრამ მე ნიუ იორკში ვარ, აქ კი კალიფორნიული ან, ვთქვათ ტექსასური გამოცემები არ შემოაქვთ. ლოს ანჯელეს ტაიმსმა მსოფლიო ჩემპიონატი სულაც პირველ გვერდზე გაიტანა, ორი ვრცელი წერილია დაბეჭდილი; ბოსტონ გლოუბი შოტლანდიელ გულშემატკივრებზე უყვება მკითხველს; ჰიუსტონ ქრონიქლმა პორტუგალიის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის უღიმღამო თამაშის მიმოხილვა შემოგვთავაზა; დალას მორნინგ ნიუსი საფეხბურთო ციებ-ცხელებაზე ამახვილებს მკითხველის ყურადღებას; კანზას სითი სთარი კვლავ ლეო მესითაა აღფრთოვანებული, ნიუ იორკის დეილი ნიუსის პირველი გვერდი კი…

გუშინ ცენტრალ პარკში უბედურება დატრიალდა: ცხენებშებმული ეტლი, რასაც ხშირად შეხვდებით, გზიდან გადავარდა, გადაბრუნდა და 18 წლის ინდოელი ტურისტი შეიწირა. ჰოდა, ნიქსის აღლუმთან ერთად ეს ამბავი დღევანდელი გამოცემის მთავარი თემაა.

დიდი იმედი მაქვს, რომ თვის მიწურულს, როცა ფლეი ოფის თამაშები დაიწყება, სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვლება, თორემ საფეხბურთო ჟურნალ-გაზეთების მოყვარულ და კოლექციონერ მეგობრებს, რომლებმაც აქაური გამოცემები მთხოვეს, ვერაფრით გავახარებ.

ამასობაში პირველი ტური დასრულდა, გუშინ K და L ჯგუფების მატჩები გაიმართა. ყველაზე საინტერესო დღის პირველი დაპირისპირება გამოდგა, ინგლისი-ხორვატია, რომელიც თომას ტუხელის გუნდმა 4:2 მოიგო. თვალსასეირო ფეხბურთი კი ვიხილეთ, მაგრამ მხოლოდ პირველი ტურის თამაშებით თუ შევაფსებ, ინგლისი ახლაც ვერ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. ფეხბურთის სამშობლოში კი ოცნებობენ ოქროს თასზე, მაგრამ ასეთი ასპარეზობით მათ გაუჭირდებათ. პირადად მე მინიმუმ სამი გუნდი მათზე უფრო მომეწონა.

თამაშის მომენტებს აღარ აღვწერ, მხოლოდ გეტყვით, რომ ჰარი კეინმა, ვინც მეორე ცდაზე გამოიყენა პენალტი, 81-მდე გაზარდა ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა (რეკორდია), ლუკა მოდრიჩი კი, რომლის შეცდომასაც მოჰყვა ზემოხსენებული თერთმეტმეტრიანი, მეორე ტურში (დიდი ალბათობით) მხოლოდ მესამე ფეხბურთელი გახდება, რომელიც მინიმუმ 200-ჯერ ითამაშებს ნაკრებში. ინგლისელთა წინააღმდეგ მატჩი მის კარიერაში 199-ე იყო. პირველი და მეორე კი, რომლებმაც ეს ზღაპრული ნიშნული გადალახეს, უჩემოდაც გეცოდინებათ.

თუ იმასაც გეტყვით, რომ თავად ხორვატიის ნაკრებისთვის გუშინდელი მატჩი ისტორიაში მე-400 იყო, ადვილად მიხვდებით რამდენად დიადია ლუკა. გამოდის, რომ ამ უბერებელმა ნახევარმცველმა ქვეყნის პირველი გუნდის ლამის ყოველ მეორე შეხვედრაში ითამაშა! ასაკს რა ვუყოთ, თორემ მისნაირ მოთამაშეებს კიდევ დიდხანს არ უნდა ველეოდეთ. გეცოდინებათ: მოდრიჩი ამ ტურნირით ასრულებს კარიერას.

და რადგან ხნიერ და ნაცად ვარსკვლავებზე მიდგა საქმე, კიდევ ერთ უბერებელ ვეტერანს მივაგებ საკადრის პატივს. ინგლისი-ხორვატიის თამაშის შემდეგ დაიწყო პორტუგალიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთა დაპირისპირება. თამაში 1:1 დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას თანაკლუბელი, გოლის ავტორი ჟოაუ ნევეში აღიარეს, პორტუგალიელთა კაპიტანმა და მთავარმა სახემ – კრიშტიანუ რონალდუმ მაინც გამოსტყუა აპლოდისმენტები მიმომხილველებს.

ლეო მესის შემდეგ რონალდუ მეორეა ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატზე ითამაშა. მათი პირველ-მეორეობა ამ კონკრეტულ საკითხში ძალიან პირობითია, რადგან ყველაფერი კალენდარზე იყო დამოკიდებული, ფიფამ კი პირველად არგენტინის თამაში დაამტკიცა.

რაც შეეხება ამ მიღწევას, მეეჭვება რომ ის უახლოეს მომავალში გაუმჯობესდეს: 41 წლის და 132 დღის რონალდუ ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც მუნდიალის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ცხადია, მხოლოდ ეგრეთ წოდებული მინდვრის მოთამაშეები იგულისხმებიან, თორემ სასტარტო შემადგენლობაში მასზე ასაკოვან მეკარეს ნამდვილად უასპარეზია, ფიფას ვარსკვლავთმრიცხველებს მსგავსი ამბები ზუსტად აქვთ აღწერილ-დათვლილ-გადამოწმებული.

მოდრიჩზე დავწერე, მომდევნო შეხვედრა მისთვის ნაკრებში მე-200 იქნება მეთქი, ოქროს ბურთის ხუთგზის და კიდევ უამრავი ინდივიდუალური ჯილდოს ლაურეატმა კი აფრიკელების წინააღმდეგ 229-ედ ითამაშა! უბრალოდ დაფიქრდით რამხელა სიმაღლესთან გვაქვს საქმე. ცხადია, ესეც რეკორდია და ძალიან გთხოვთ, იმის გამო, რომ მან კონგოელებს გოლი ვერ გაუტანა, მიწასთან ნუ გაასწორებთ. თორემ დღეს დილიდან არაერთი კომენტარი წავიკითხე სოციალურ ქსელებში და ისე შეურაცხყოფენ და დასცინიან პორტუგალიელთა გუნდისთავს, კაცი იფიქრებ, რომ 42 წლის ფორვარდს თავის დღეში ხეირიანი არაფერი გაუკეთებია და ათასამდე გოლი მან კი არა სხვამ გაიტანა.

კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია და ამას წყალი არ გაუვა. ხოლო ვის ვინ მოსწონს, ეს უკვე სხვა საქმეა, ამაზე დავა და კამათი ათწლეულებს გასწვდება. ბუმბერაზ მადეირელს ისეთი მწვერვალები აქვს დაპყრობილი, შესაძლოა ბევრ კომპონენტში ერთადერთად დარჩეს.

ალჟირთან მატჩში ლეო მესიმ სწორედ რონალდუს ერთ-ერთი რეკორდი გაიმეორა, როცა მეხუთე მუნდიალზე გაიტანა გოლი. ასეთი რამ მათ გარდა არავის გაუკეთებია. ხოლო თუ კრიშტიანუმ ჯგუფის მომდევნო ორ მატჩში ერთხელ მაინც გაახარა ქომაგები, პირველი და ერთადერთი კაცი გახდება, ვინც ზედიზედ ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანს გოლს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პორტუგალიელთა მომდევნო მეტოქე უზბეკეთია, ეს საოცარი რეკორდი, შესაძლოა, უკვე 23 ივნისს ვიხილოთ.

სხვა მხრივ კი სამ ქვეყანაზე გაშლილ მსოფლიო ჩემპიონატს ჯერ არაფერი დაეწუნება. პირველი ტურის 24 თამაშში 75 გოლი ვიხილეთ, რაც საშუალოდ მატჩში 3.13 ბურთია. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია… 1958 წელს, შვედეთში გამართული მსოფლიოს VI ჩემპიონატის შემდეგ.

რაც შეეხება გაყიდული ბილეთების რაოდენობას, ფიფას ცნობით საწყისი ტურის შეხვედრებს 1 572 584 მაყურებელი დაესწრო, ანუ საშუალოდ 65 524 ქომაგი თამაშს. ეს ისტორიაში მეორე უმაღლესი რიცხვია, მხოლოდ 1994 წელს ამერიკაში გამართული ტურნირის შედეგს ჩამორჩება.

არნახულად მაღალი ფასების მიუხედავად, გულშემატკივრები უკან არ იხევენ. კომერციული კუთხით XXIII მუნდიალი ნამდვილად წარმატებული იქნება, მაგრამ ჩვენთვის, ფეხბურთის მოყვარულებისთვის უფრო მნიშვნელოვანი მწვანე მინდორზე ნანახი ამბებია და, როგორც ჩანს, გაწბილებულები არც ამ კუთხით დავრჩებით.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 18 ივნისი
ნიუ იორკი
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian