წერილები ამერიკიდან: 19 ივნისი

მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე მეორე ტურიც დაიწყო. ფიფას ოქროს თასის XXIII გათამაშების სამი მასპინძლიდან ორმა უკვე ითამაშა და ჯერჯერობით ორივე ჯგუფს ლიდერობს. მექსიკის და კანადის ნაკრებთა შემდეგ დღეს ამერიკელებსაც ვიხილავთ და დიდი შანსია ისინიც პირველ ადგილზე დარჩნენ.

18 ივნისს პირველად B ჯგუფის წევრებმა იასპარეზეს: კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის გარეუბან ინგლვუდში შვეიცარიამ 4:1 დაამარცხა ბოსნია-ჰერცეგოვინა, ვანკუვერში კი კანადელებმა კატარელები გაანადგურეს – 6:0.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში ხუთი გოლი გავიდა, ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი თამაში იყო. ზოგადად, ბოსნიის ნაკრებს რომ ვხედავ ამ მუნდიალზე, კიდევ ერთხელ ვბრაზდები ჩემს ფავორიტ იტალიელებზე, რომლებმაც „მოახერხეს“ და შესარჩევი ტურნირის ფლეი ოფში ასეთ გუნდთან დამარცხდნენ, თუნდაც პენალტების სერიაში. ბოსნიის ნაცვლად სკუადრა აძურას რომ ეთამაშა, ორი ტურის შემდეგ სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა.

ფიფამ მატჩის დასრულებისთანავე გვამცნო, რომ კალიფორნიაში გამართული შეხვედრა აღმოჩნდა პირველი, როცა ყველა, ხუთივე გოლი 70-ე წუთის შემდეგ გავიდა, უფრო საინტერესოდ კი ეს ფაქტი მეჩვენა: შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა 4 ბურთი გაიტანეს, უფრო მაღალი მაჩვენებელი კი მხოლოდ 1982 წელს, ესპანეთში, უნგრეთისა და სალვადორის ნაკრებთა თამაშის დროს დაფიქსირებულა. მაშინ სათადარიგოებმა 5 გოლი მიითვალეს. ასაკოვან გულშემატკივრებს ის ამბავი კარგად უნდა ახსოვდეთ, უნგრელებმა ხომ 10:1 სძლიეს მეტოქეს, მსგავსი ანგარიში კი უკიდურესად იშვიათია. იმ თამაშის გმირი ლასლო კიში დღემდე ერთადერთია, რომელიც შეცვლაზე შევიდა, მაგრამ მაინც შეასრულა ჰეთ-თრიქი.

შვეიცარია-ბოსნიის დასრულებიდან ერთ საათში კანადის და კატარის დაპირისპირება დაიწყო, რომელიც უფრო სასიამოვნო სანახავი გამოდგა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთით მეტი გოლი გავიდა. კანადის ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე პირველი ქულა სასტარტო თამაშში, ბოსნიელთა წინააღმდეგ მოიპოვა, გუშინ კი პირველი გამარჯვებაც იზეიმა. თან, ანგარიშსაც ხომ აქვს მნიშვნელობა – 6:0! კანადა გახდა კონკაკაფის ზონის პირველი ქვეყანა, ანუ ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის პირველი გუნდი, რომელმაც ფინალური ეტაპის თამაშში 5 ან მეტი გოლი გაიტანა.

კატარელთა განადგურებაში ლომის წილი დაიდო ნიუ იორკში, ბრუკლინში დაბადებულმა ჯონათან დევიდმა, რომელიც 2018 წლიდან თამაშობს ნაკრებში და გუშინ მესამე ჰეთ-თრიქიც მიითვალა. 26 წლის ფორვარდმა, რომელსაც უკვე 42 გოლი მოუგროვდა კანადის მთავარი გუნდის მაისურით, გასული სეზონი ჩემს საყვარელ იუვენტუსში გაატარა და… ერთ-ერთ უდიდეს იმედგაცრუებადაც იქცა.

კატარელთა ესპანელ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგიზე კი მხოლოდ ამას ვიტყვი: მსოფლიო ჩემპიონატი აშკარად არაა მისი სარბიელი. გუშინ ის პირველი ესპანელი გახდა, რომლის მომზადებულმა გუნდმა მუნდიალის თამაში 0:6 წააგო. ამაზე არანაკლებ უარესი მგონია ის ისტორია, რომელიც ლოპეტეგის რვა წლით ადრე, რუსეთში გადახდა. იმ დროს ის ესპანეთის ნაკრებს წვრთნიდა და სოჭსაც გუნდთან ერთად ეწვია, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებთან პირველ თამაშამდე გაცხადდა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ფედერაციასთან შეთანხმების გარეშე გააფორმა კონტრაქტი მადრიდის რეალთან, რაც ცხადია არ აპატიეს. ასე უცნაურად დათხოვნილმა სპეციალისტმა ვერც სამეფო კლუბში გაამართლა, არასრულ ორ თვეში დატოვა ყველა ესპანელი მწვრთნელისთვის საოცნებო თანამდებობა.

ლოპეტეგისგან განსხვავებით მშვენიერ გუნებაზე უნდა იყოს მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე. მისმა ბიჭებმა ამჯერად ზაპოპანში ითამაშეს, კვლავ გოლის გაუშვებლად გაიმარჯვეს და ორი ტურის შემდეგ პირველი ადგილი და მომდევნო წრეში ასპარეზობა გაინაღდეს.

კორეელებთან გუშინდელი 1:0-ით მექსიკამ მეოთხედ მოიგო ჯგუფი. ფლეი ოფში პირველი ადგილით შესვლის შემდეგ მათ საუკეთესო შედეგს 40 წლის წინ, 1986 წელს მიაღწიეს, როცა მეოთხედფინალში იასპარეზეს. სხვათა შორის, ხავიერ აგირე მაშინ ნაკრების წევრი იყო და გერმანელების წინააღმდეგ წითელი ბარათიც მიიღო. რამდენად შორს წავა მექსიკა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა აგირეს გუნდი რთულად დასამარცხებელი რომ არის, გუშინაც ვიხილეთ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ერთადერთი გოლის ავტორი ლუის რომო დასახელდა, რომელმაც 50-ე წუთზე დიდებულად ისარგებლა კორეელთა მეკარის და მცველის შეუთანხმებელი თამაშით და სამი ქულის მომტანი ბურთი გაიტანა. ის ნამდვილად იმსახურებდა ჯილდოს, მაგრამ მგონია, რომ მექსიკელთა გოლკიპერმაც დაიმსახურა ქება. რაულ რანხელმა უკანასკნელ წუთებზე ისეთი შეტევა მოიგერია, მეც და მილიონობით კორეელსაც რომ გოლი გვეგონა: კარის ხაზზე მდგარმა ზედიზედ ორჯერ არ გაახარა მეტოქე! რომ არა მისი საოცარი რეაქცია, ნაკრებს პირველი ადგილი და ფლეი ოფში ასპარეზობა განაღდებული არ ექნებოდა.

დღეს უკვე ვიცით, რომ მექსიკა 30 ივნისს მეხიკოში, აცტეკაზე დანიშნულ მეთექვსმეტედფინალში ითამაშებს, ხოლო მისი მეტოქე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა ერთბაშად ხუთი მესამეადგილოსნიდან.

რამდენიმე საათში C და D ჯგუფების წევრები ითამაშებენ, მათ შორის ბრაზილია, რომელიც ფილადელფიაში ჰაიტის დაუპირისპირდება. გუშინ დაიწერა, რომ ნეიმარი ამ თამაშსაც გამოტოვებს, მაგრამ წესით, კარლო ანჩელოტის ბიჭებს მეტოქის დამარცხება მის გარეშეც არ უნდა გაუჭირდეთ.

ფოქსბოროში დანიშნული შოტლანდია-მაროკოს მატჩი კი, ვფიქრობ, გაცილებით საინტერესო იქნება. მე კი გაოგნებულ ბოსტონელებზე მეღიმება, უფრო კონკრეტულად კი პაბების მფლობელებზე, რომლებსაც ვერაფრით წარმოედგინათ შოტლანდიელი ფანები მათ ლუდის მარაგებს სამ-ოთხ დღეში რომ ამოწურავდნენ.

ფოქსბორო ბოსტონთან ახლოსაა და ათასობით სქოთმა გულშემატკივარმაც ამიტომ არჩია სელტიქსის ქალაქში დაბანაკება. და სად უნდა ნახო შოტლანდიელები საფეხბურთო მატჩის წინ? ჯერ კიდევ ხუთი დღის წინ გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც პაბების მეპატრონეები გაოგნებულები წუხდნენ, მსგავსი არაფერი გვინახავს, ყველანაირ ლუდს და ალკოჰოლურ სასმელს მუსრი გაავლესო! იმედია დღევანდელ მატჩს ისინი სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.

ნიუ იორკი კი სულ სხვა საზომებით ცხოვრობს, მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე თუ იგრძნობა, ამერიკა მსოფლიო ჩემპიონატს რომ მასპინძლობს. გუშინ ნიუ იორკ ნიქსის საჩემპიონო აღლუმი გაიმართა და მანჰეტენი კიდევ ერთხელ გაგიჟდა და გადაირია. დღეიდან კი, დიდი იმედი მაქვს, ფეხბურთი გახდება ნომერ პირველ სპორტი. ყოველ შემთხვევაში, ივლისის ბოლომდე მაინც.

თუმცა მე ამ ყოვლისმომცველ ქალაქს დაახლოებით სამ კვირაში დავუბრუნდები, რადგან დღეიდან ფილადელფიაში ვიწყებ არაოფიციალურ სამუშაო-გაცნობით-გასართობ ვიზიტს.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 19 ივნისი
ნიუ იორკი
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian