წერილები ამერიკიდან: 21 ივნისი

ესეც ასე: მსოფლიო ჩემპიონატების მე-1000 შეხვედრაც ვიხილეთ. ყველაზე დიდ საფეხბურთო ტურნირს ასეთი ნიშნულისთვის, ეგებ სხვა, უფრო ტიტულიანი წყვილი შეეფერებოდა, მაგრამ იაპონიის და ტუნისის ნაკრებთა მატჩიც არ გამოდგა ურიგო, აზიელებმა 4:0 გაიმარჯვეს.

იაპონიამ ფლეი ოფში თამაში გაინაღდა, ტუნისს კი ვერც მწვრთნელის ცვლილებამ უშველა და ჯგუფში ჩარჩა. შვედეთთან 1:5-ის შემდეგ ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ სასწრაფოდ დაითხოვა საბრი ლამუში და ის ფრანგი ერვ რენარით ჩაანაცვლა, მაგრამ საქმეს მაინც არ ეშველა, ისევ ოთხბურთიანი სხვაობა და ნული ქულა.

ტუნისი აღმოჩნდა მეოთხე გუნდი ისტორიაში, რომელმაც მიჯრით ორი თამაში წააგო მინიმუმ ოთხი ბურთით. პირველად ასეთი რამ ბოლივიას დაემართა 1930 წელს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, 1954 წელს სამხრეთ კორეას, 1994 წელს კი საბერძნეთს.

„ლურჯ სამურაებთან“ ერთად ითამაშებს ფლეი ოფში ნიდერლანდებიც, რომელმაც გუშინ 5:1 შეარცხვინა შვედეთი. პირველ ტურში, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ, რონალდ კუმანის გუნდმა მხოლოდ 51-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ჰიუსტონში, შვედეთთან მატჩში მე-5 წუთზე დაწინაურდა. ბრაიან ბრობიმ, ვინც ახლო წარსულში გიორგი მიქაუტაძის კონკურენტი გახლდათ ამსტერდამის აიაქსში, ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ვარდნაში შეუცვალა მიმართულება და კრისტოფერ ნორდფელდტის კარში შეაგდო.

ფიფას ოფიციალურმა გვერდმა მალევე გვამცნო ორი საინტერესო ინფორმაცია. პირველი: ბრობიმ ნიდერლანდების ნაკრების მეოთხე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა ფინალურ ეტაპზე! როცა მან ანგარიში გახსნა, მსაჯის წამზომი 4:58 წუთს უჩვენებდა. ეს დრო მხოლოდ სამ გოლს „ჩამორჩება“: იოჰან ნეესკენსის მიერ 1974 წლის ფინალში გერმანელების კარში გატანილ ბურთს (1:26), რობინ ვან პერსის საგოლე დარტყმას ბრაზილიასთან 2014 წელს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში (2:32) და ფილიპ კოკუს მიერ 1998 წელს მექსიკელთა კარში გატანილ გოლს (3:39).

ბრობის ამავე გოლთან დაკავშირებული მეორე ინფორმაცია უფრო საინტერესოა: ფორვარდმა ნიდერლანდების ნაკრების საიუბილეო, მე-100 ბურთი შეაგდო მუნდიალებზე. ნარინჯისფერები მხოლოდ მერვენი არიან, რომლებმაც ამ ნიშნულს მიაღწიეს და ერთადერთნი ამ რვას შორის, რომლებსაც არასდროს მოიუგიათ ფიფას ოქროს თასი. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა სამი ფინალი დათმო: 1974 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან (1:2), 1978 წელს კიდევ ერთ მასპინძელთან, არგენტინასთან (1:3), 2010 წელს კი ესპანეთთან (0:1).

მე-17 წუთზე ბრობიმ დუბლი შეასრულა, ხოლო შესვენების შემდეგ, თამაშის განახლებიდან ათ წუთზე ნაკლებ დროში ასევე ორი გოლი გაიტანა კოდი გაკპომ, ვინც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არაერთი სააგენტოს შეფასებით, გაკპომ უნაკლოდ ითამაშა და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა – 10 ქულა.

საბოლოო ჯამში ნიდერლანდელებმა 5:1 გაიმარჯვეს და 1950 წლის შემდეგ ყველაზე მწარე მარცხი აწვნიეს შვედეთს. 76 წლის წინ, ბრაზილიაში, როცა მეოთხედ გათამაშდა ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება, სკანდინავიელები ფინალურ ოთხეულში 1:7 დამარცხდნენ მასპინძელთა ნაკრებთან.

ნიდერლანდები ფლეი ოფს ორი რეკორდით მიუახლოვდა. მათი დაუმარცხებელი სერია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უკვე 14 მატჩს ითვლის (პენალტების სერიის შედეგი არ ითვლება), რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია! კუმანის გუნდმა ბრაზილიის ნაკრებს გადაასწრო, რომელმაც 1958-1966 წლებში ზედიზედ 13 თამაში არ დათმო.

მეორე რეკორდი კი ჯგუფურ ეტაპს უკავშირდება: ნიდერლანდები პირველ წრეში ბოლოს 1994 წელს დამარცხდა, როცა ამერიკაში გამართულ ტურნირში მეზობელ ბელგიასთან მოეცარა ხელი. მას შემდეგ მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონები ჯგუფურ ეტაპზე უძლეველები არიან, სერია უკვე 18-მატჩს ითვლის. კუმანის ბიჭების მომდევნო მეტოქე ტუნისია და ვფიქრობ, ორივე რეკორდი თითო თამაშით გაიზრდება.

რაც შეეხება ნიდერლანდელთა ნომერ პირველ მეტოქეს და მეზობელს, გერმანიის ნაკრებს, იულიან ნაგელსმანის გუნდმა დიდებულად დაიწყო ოთხწლეულის მთავარი შეჯიბრება და მეორე ტურში ფლეი ოფში თამაში გაინაღდა. ბრაზილია 2014-ის შემდეგ გერმანიამ პირველად მოახერხა ჯგუფიდან გასვლა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები 29 ივნისს, ფოქსბოროში გამართავენ მეთექვსმეტედფინალს, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია, მათი მეტოქე კი ერთბაშად ხუთი ჯგუფის მესამეადგილოსნებიდან გამოვლინდება.

გუშინ გერმანელებმა 2:1 დაამარცხეს კოტ დივუარი, თუმცა სამი ქულის მოპოვება ძალიან გაუჭირდათ, ბოლო წუთებამდე ანერვიულეს ქომაგები. მოგება დენიზ უნდავის დამსახურებაა, რომელიც კვლავ შეცვლაზე შევიდა და ისევ დიდებულად ითამაშა, დუბლი შეასრულა. მისი ორი ზუსტი დარტყმით გერმანელები კიდევ ერთხელ გაუთანაბრდნენ ბრაზილიელებს, მუნდიალებზე ყველაზე მეტი გოლი ამ ორ ნაკრებს აქვს გატანილი – 241.

დენიზ უნდავს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა, ვეტერან გოლკიპერ მანუელ ნოიერს კი მხოლოდ აპლოდისმენტები ერგო. ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა გოლკიპერმა გუშინ 21-ედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეკარეთა შორის. მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა საფრანგეთის ნაკრების ყოფილ გუნდისთავს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონ უგო ლორისს გადაუსწრო.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ეკვადორმა ვერაფერი დააკლო დებიუტანტ კურასაოს – 0:0. კუნძულელებმა ისტორიული, პირველი ქულა მოიპოვეს, ხოლო მეკარე ელოი როომმა რეკორდი დაამყარა, 15 დარტყმა მოიგერია! ფიფას ცნობით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1966 წლიდან დღემდე იმ შეხვედრებში, რომელიც ძირითად დროში დასრულდა.

დღეს G და H ჯგუფების მატჩებია. ისეთი წყვილებია, დიდი ალბათობით კვლავ უხვგოლიან შეხვედრებს ვიხილავთ. ჩვენც სწორედ ეს გვინდა, ჰერშიში კი ბავშვთა ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა. დათო და მისი მეგობრები ნახევარფინალში არიან და თუ დღეს ივაჟკაცეს, ხვალ მთავარი პრიზისთვის ითამაშებენ.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 21 ივნისი
ჰერში
ფოტო: FIFA.com

ka_GEGeorgian