ჰერში: ფეხბურთი და შვლები პულიშიჩის მშობლიურ ქალაქში
სიმპსონების ერთ-ერთ სერიაში, რომელსაც ჰომერლენდი ჰქვია, ჰომერ სიმპსონი ამბობს: „არასდროს მილოცია ქალაქისთვის, მაგრამ თუ ოდესმე ამას გავაკეთებ, მხოლოდ ჰერშისთვის“. ბოლო ორი დღე ჰერშიში გავატარე და მასზე ლოცვის რა გითხრათ, მაგრამ ამ კოხტა და ძალიან ლამაზ ქალაქზე დაწერა კი მომინდა.
თავდაპირველად იქ სტუმრობის მიზეზს გეტყვით. ჩემი მეგობრის ცხრა წლის შვილი საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობდა, რომელიც ამ ქალაქის სკოლების მოედნებზე ჩატარდა. დათომ და მისმა თანაგუნდელებმა შაბათს ჯგუფი მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ, გუშინ კი ფლეი ოფის მატჩები ჰქონდათ. მომავალ ჩემპიონებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ გამარჯვებამდე, მეორე ადგილზე გავიდნენ.
ნახევარფინალში მოგების შემდეგ, როცა მწვრთნელმა გვაცნობა, ფინალი ოთხი საათის შემდეგ გვექნებაო, მეგობარს ქალაქის შესასვლელში დროებით დავემშვიდობე, ვუთხარი ცოტას გავისეირნებ, სკოლამდე თავად მოვალ-მეთქი. ერთი დღით ადრე, როცა მისი მანქანით გავიარეთ ჰერშის ქუჩებში, იქაურობა მომეწონა და გასეირნების სურვილიც მაშინ გამიჩნდა. თან, დიდებული იყო ამინდი, ფოტოაპარატიც თან მქონდა და რატომაც არა?
ძალიან სწორი გადაწყვეტილება რომ მივიღე, მალევე დავრწმუნდი: დავადექი თუ არა საფეხბურთო მინდვრებისკენ მიმავალ გზას, სკოლის ერთ-ერთი კამპუსის ეზოდან… შველი გამოვიდა! რამდენიმე ფოტო გადავუღე, მერე კი, მიახლოვება რომ დავიწყე, ცოტა ხანს მიცქირა და დამფრთხალმა სკოლის უკან, ტყისკენ მოკურცხლა.
შველთან შეხვედრა ჩემთვის იყო მოულოდნელი, თორემ ადგილობრივებისთვის ლამის ყოველდღიურობაა. სამანქანო გზის გასწვრივ სპეციალური ყვითელი ნიშნებიც დგას, რომელიც მძღოლებს ამ მშვენიერი ცხოველის შესახებ აფრთხილებს.
ჰერში სულ რაღაც 123 წლის ქალაქია. მისი ისტორია 1903 წლიდან იწყება, როცა მეზობელი ლანკასტერის კარამელის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა მილტონ ჰერშიმ შოკოლადის საწარმოსთვის რამდენიმე ჰექტარი მიწა შეიძინა. მან ჯერ ქარხანა ააგო, შემდეგ კი იქ დასაქმებულებისთვის საცხოვრებელი უბანი გააშენა. წამოწყებამ გაამართლა, კომპანია გაიზარდა, მუშა-ხელისთვის დაპროექტებული დასახლება კი ნელ-ნელა პატარა ქალაქად გადაიქცა.
მილტონ ჰერშის ისტორიას აქ აღარ დავწერ, მაგრამ როცა მის ბიოგრაფიას გავეცანი, დავით სარაჯიშვილი მომაგონდა. იმიტომ, რომ არც მისტერ ჰერშის და მის მეუღლეს შეეძინათ შვილები, მაგრამ კარგად აწყობილი ბიზნესით მიღებული შემოსავლის დიდ ნაწილს ისინიც ქველმოქმედებაში ხარჯავდნენ, მათ შორის თანამშრომლების შვილების განათლებაში. სწორედ ამიტომ დაარსდა ჰერშის სკოლა, რომელიც დღეს რამდენიმე ჰექტარზეა გაშლილი და დაწყებითის გარდა საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებს აერთიანებს ათობით სპორტული მინდვრით და კორპუსით.
დასახლებას და სკოლას გასართობი პარკი მოჰყვა, შემდეგ ბატონმა მილტონმა ზოოპარკი მოაწყო, გოლფის მოედანი და ჰოკეის დარბაზიც არ დაივიწყა, მუზეუმის აშენებაც დააფინანსა, ხოლო მუშებს რომ დროულად ევლოთ ქარხნებში, მთავარ ქუჩაზე საკუთარი ხარჯით გამართა ტროლეიბუსის ხაზი. არც სხვა სიკეთეების მოწყობაში დაიშურა ფული და რა გასაკვირია, რომ დღეს იქაურობა მის გვარს ატარებს.
მილტონ ჰერში 1945 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეობა მხოლოდ გაიზარდა, დღეს ჰერში ტკბილეულის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში.
ჰოკეის კლუბმა ჰერში ბეარსმა, რომელიც მილტონ ჰერშის ფინანსებით 1932 წელს აგებულ ჯაიანთს არენაზე თამაშობს, სხვადასხვა დროს 13-ჯერ(!) მოიგო ჩრდილოეთ ამერიკის რანგით მეორე ლიგა, ხოლო ჰერშის სასწავლებლების სარბიელებზე სხვადასხვა სახეობის რამდენიმე ვარსკვლავი დაოსტატდა, მაგალითად ამერიკის ფეხბურთელთა ნაკრების ლიდერი კრისტიან პულიშიჩი და ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადების ჩემპიონი ბადროს ტყორცნაში ვალერი ალმან-სიონი.
„ჰერშის ტური“ სასაფლაოსთან დავასრულე, სადაც ეკლესიასთან, წირვის შემდეგ გარეთ გამოსულ ორ მოხუც ქალბატონს შევხვდი. ძალიან გაიხარეს მათი ქალაქით რომ დავინტერესდი, არაერთი ისტორია მიამბეს, დამშვიდობებისას კი, სანამ თავიანთ მანქანებში ჩასხდებოდნენ, მითხრეს, 4 ივლისს თუ გვესტუმრებით, არ ინანებთო.
ჰერშით ძალიან მოვიხიბლე და თუ შანსი მომეცა, კიდევ ვესტუმრები იქაურობას, მაგრამ 4 ივლისს ამას ნამდვილად ვერ შევძლებ, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის იუბილეს ფილადელფიაში, მეგობრებთან ერთად ვხვდები.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 22 ივნისი
ჰერში
