წერილები ამერიკიდან: 25 ივნისი
ესეც ასე, ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და ფლეი ოფის პირველი წყვილიც გამოვლინდა. თანამასპინძელი კანადის ნაკრები, რომელიც გუშინ 1:2 დამარცხდა შვეიცარიასთან, B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეთექვსმეტედფინალში სამხრეთ აფრიკას შეხვდება, რომელმაც ასევე მეორე პოზიციაზე დაასრულა A ჯგუფი. ისინი 28 ივნისს ითამაშებენ კალიფორნიაში, ინგლვუდში.
აფრიკელებმა მარცხით დაიწყეს მუნდიალი: 11 ივნისს, მეხიკოს აცტეკაზე 0:2 წააგეს გახსნის თამაში მექსიკელებთან, მაგრამ მომდევნო ორ ტურში 4 ქულა მოიპოვეს და ახლა ფლეი ოფისთვის ემზადებიან. არაერთი მიმომხილველი თვლის, რომ ეს წარმატება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სპეციალისტის, ბელგიელი უგო ბროოსის დამსახურებაა.
ბრიუსელის ანდერლეხტის, ბრიუგეს და ბელგიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხუთი წლის წინ ჩაიბარა გუნდი და კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად აქცია, წლის მთავარ შეჯიბრებაზე კი იმდენი მოახერხა, რომ აფრიკული საზომებითაც არცთუ მოწინავე ნაკრები მეორე ეტაპზე გაიყვანა. ეს კი არნახული გამარჯვებაა ბაფანა-ბაფანას ისტორიაში, რადგან გუნდი სულ მეოთხედ ასპარეზობს მსოფლიო ჩემპიონატზე, ფლეი ოფში კი პირველად გავიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბროოსის ბიჭების მომდევნო მეტოქე კანადა იქნება და ის ნამდვილად არ მიეკუთვნება გრანდებს, არც უკეთესი შედეგია გამორიცხული.
კორეელებთან გუშინდელი მატჩის წინ, გვადალუპეში, ფავორიტად მიუნ-ბო ჰომნის ნაკრები ითვლებოდა. პროგნოზები რომ უსარგებლოა, სამხრეთაფრიკელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, თაპელო მასეკოს ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს და მეორე ადგილი გაინაღდეს, სამხრეთ კორეის გუნდი კი რთულ მდგომარეობაშია. მხოლოდ 3 ქულა აქვს და რამდენად საკმარისი იქნება ეს რვა საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოსახვედრად, არავინ იცის.
A ჯგუფი კი თანამასპინძელმა მექსიკამ მოიგო, რომელმაც მესამე შეხვედრაშიც გაიმარჯვა, 3:0 გაანადგურა ჩეხეთი. ხავიერ აგირეს გუნდმა 9 ქულით და ბურთების ბრწყინვალე შეფარდებით დაასრულა ჯგუფი – 6:0, ხოლო ის, რომ ნაკრებმა სამივე მეტოქეს სძლია, ისტორიული ფაქტია. მექსიკა მეთვრამეტედ მონაწილეობს ფიფას ოქროს თასის გათამაშებაში, მაგრამ პირველად მოახერხა ჯგუფში სამივე მეტოქის დამარცხება.
მასპინძლებმა ყველა გოლი შესვენების შემდეგ გაიტანეს. 78-ე წუთისთვის, როცა აგირემ ძირითადი გოლკიპერი რაულ რანხელი შეცვალა, მისი გუნდი ორი ბურთით იგებდა. ამ ცვლილებაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ რანხელის ნაცვლად ვეტერანი გილერმო ოჩოა ჩაერთო თამაშში, რომელიც 40 წლის და 346 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მექსიკელი გახდა, ვისაც კი ოდესმე უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე. ოჩოამ, რომელიც ამ ტურნირით ამთავრებს კარიერას, არანაკლებ სახელოვანი რაფაელ მარკესის რეკორდი დააუმჯობესა.
ოჩოა პირველად 2006 წელს გაემგზავრა მსოფლიო ჩემპიონატზე. გერმანიაში და მომდევნო ტურნირზე, სამხრეთ აფრიკაში მას წუთიც არ უთამაშია, შემდეგ კი სამ გათამაშებაში ძირითადი გოლკიპერი იყო. დღეს ის მეექვსედ მონაწილეობს მთავარ საფეხბურთო ტურნირში, ასეთი წარმატებული საერთაშორისო სანაკრებო კარიერით კი მის გარდა მხოლოდ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ გამოირჩევიან.
ხავიერ აგირეს გუნდს 30 ივნისს ვიხილავთ ფლეი ოფში. მექსიკა კვლავ მეხიკოში ითამაშებს, მეტოქე კი ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო მესამეადგილოსნებიდან.
B ჯგუფში მეორე ადგილზე გასული კანადა უკვე ვახსენე, მაგრამ გამარჯვებულზე არაფერი მითქვამს. შვეიცარია და კანადა მხოლოდ მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თუ 2002 წელს გამართული ამხანაგური მატჩი ჩრდილოამერიკელებმა მოიგეს (3:1), ამჯერად მურატ იაკინის გაწვრთნილმა გუნდმა გაიხარა – 2:1.
შვეიცარიამ ოცი წლის წინ, გერმანიაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგი გაიმეორა: ჯგუფში ორ მეტოქეს სძლია და 7 ქულა მოაგროვა, არანაკლებ საინტერესო კი ეს ფაქტია: გუნდი ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფლეი ოფში, მსგავსი სერია კი 2014 წლიდან დაწყებული, ევროპული გუნდებიდან მხოლოდ საფრანგეთს აქვს.
რაც შეეხება ფრაიბურგში მოთამაშე იოჰან მანზამბის, ის, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულშივე შეიცლის კლუბს. თუნდაც იმიტომ, რომ 20 წლისაა, პირველად თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატზე და უკვე მოახერხა სამი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის შესრულება. ფიფამ ამ ფაქტს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და გვამცნო, რომ მსგავსი შედეგი XXI საუკუნეში 21-წლამდელებში მხოლოდ თომას მიულერს (2010) და კილიან მბაპეს (2018) ჰქონიათ.
ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებმა, რომელიც წინა ტურში 1:4 განადგურდა შვეიცარიასთან, 3:1 სძლია კატარს, 4 ქულას მოუყარა თავი და, სავარაუდოდ, ფლეი ოფში თამაშიც გაინაღდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამი მესამეადგილოსნის შედეგი ცნობილია – კორეელებს და შოტლანდიელებს მხოლოდ 3-3 ქულა აქვთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სერგეი ბარბარესის გაწვრთნილი გუნდი მეთექვსმეტედფინალში მოხვდება.
მეორე ეტაპზე გასვლა უდიდესი წარმატება იქნება ბოსნიელებისთვის, კაპიტანი ედინ ჯეკო კი ნამდვილად ლამაზად გამოეთხოვება გუნდს. გუშინ მან 150-ედ ითამაშა ნაკრებში, რაც შესაშური შედეგია 40 წლის თავდამსხმელისთვის.
C ჯგუფში ისეთი სურათი მივიღეთ, როგორსაც უამრავი გულშემატკივარი ელოდა: ბრაზილია პირველ ადგილზე გავიდა, მაროკო – მეორეა, შოტლანდიამ მესამე ადგილი დაიკავა, ჰაიტი კი ყველა შეხვედრაში დამარცხდა. პირველ ტურში, როცა სქოთებმა ჰაიტელებს სძლიეს, მიმოხილვაში ვივარაუდე, ბრიტანელების უიღბლობა რომ ვიცი, 3-ქულიანი სტარტის მიუხედავად, შესაძლოა ისინი ჯგუფში ჩარჩნენ-მეთქი. სავარაუდოდ ასეც მოხდება, რადგან მეეჭვება 3 ქულა და სამბურთიანი უარყოფითი ბალანსი საკმარისი იყოს.
შოტლანდიელები მეთერთმეტედ შეხვდნენ ბრაზილიელებს და ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგიათ, 2 ფრე და 9 წაგება. რაც შეეხება კონკრეტულად მსოფლიო ჩემპიონატს, ეს იყო მეტოქეთა მეხუთე დაპირისპირება. 1974 წელს, გერმანიაში, როცა მათი გზა პირველად გადაიკვეთა, მატჩი 0:0 დასრულდა, მას შემდეგ კი სელესაომ ყველა პაექრობა მოიგო: 1982 წელს 4:1, 1990 წელს 1:0, რვა წლის შემდეგ 2:1, გუშინ კი 3:0.
შოტლანდიელები მადლობელნი უნდა იყვნენ ბრაზილიამ მაიამიში, ჰარდ როქ სთედიუმზე მხოლოდ სამი ბურთის სხვაობით რომ მოიგო. თითქოს ვინისიუსის და მისი თანაგუნდელების თავდასხმები არ იყო საკმარისი, მცველები ძალიან ხშირად ცდებოდნენ, რაც კარლო ანჩელოტის გუნდს დამატებით უპირატესობას აძლევდა. პირველი გოლიც ხომ მცველის უპატიებელ შეცდომას მოჰყვა? შემდეგ მისი თანაგუნდელი შეცდა და ვინისიუსმა დუბლი შეასრულა, მაგრამ ის მომენტი შეამოწმეს და გოლი გააუქმეს…
მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავმა მაინც დუბლით დაასრულა თამაში და გახდა მხოლოდ მეხუთე ბრაზილიელი, რომელმაც ჯგუფის ყველა შეხვედრაში გაიტანა გოლი. პირველად ასეთი რამ ჟაირზინიომ მოახერხა 1970 წელს. 1994 წელს რომარიომ, 2002-ში კი რონალდომ და რივალდომ. შეამჩნევდით, ბრაზილია სამივე ტურნირზე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მეორე ეტაპს ანჩელოტის გუნდი 29 ივნისს დაიწყებს ჰიუსტონში, მეორე ადგილზე გასული მაროკო კი იმავე დღეს ითამაშებს გვადალუპეში. აფრიკელთა მეტოქე ყველა შემთხვევაში F ჯგუფის პირველადგილოსანი იქნება, იქ კი წარმატების ყველაზე დიდი შანსი ნიდერლანდებს აქვს. ჰოდა, თუ ასე მოხდა, მეთექვსმეტედფინალში ერთი დიდებული წყვილი ნამდვილად შედგება.
მაროკომ ჰაიტისთან 4:2-ით დაასრულა ჯგუფური ეტაპი და ნიგერიის (1994-1998) და განის (2006-2010) შემდეგ მხოლოდ მესამე აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც მიჯრით ორ მუნდიალზე დაძლია ჯგუფი.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 25 ივნისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com
