წერილები ამერიკიდან: 24 ივნისი

1987 წლის 24 ივნისს არგენტინის ქალაქ როსარიოს სამშობიაროში ბიჭი დაიბადა, სენიორ ხორხეს და სენიორიტა სელიას მესამე შვილი. ახალშობილს ორი სახელი დაანათლეს, ლიონელი და ანდრესი. დღეს ის 39 წლის გახდა. რაც ამ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ჩანახატების წერა დავიწყე, არაერთხელ შევაქე როსარიოელი ახალგაზრდა. და სრულიად დამსახურებულად, რადგან არგენტინის ნაკრების კაპიტანი უბრალოდ უნაკლოდ თამაშობს და ლამის ორმოცს მიღწეულიც ბომბარდირთა ლიდერია.

მაგრამ მის შესახებ დღეს ბევრს არაფერს დავწერ. იმიტომ, რომ დღევანდელი წერილის გმირი მასზე ორიოდ წლით უფროსი, არანაკლებ დიდებული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა.

საწყის მატჩში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების წინააღმდეგ, მან უგოლოდ დატოვა მინდორი, რასაც მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა 23 ივნისს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

K ჯგუფის მეორე ტურის პირველ მატჩში, ჰიუსტონში, პორტუგალიამ 5:0 გაანადგურა ფიფას ოქროს თასის გათამაშების დებიუტანტი უზბეკეთი, ხოლო ვეტერანმა კაპიტანმა დუბლი შეასრულა!

რონალდუმ 230-ედ ითამაშა ნაკრებში (მსოფლიო რეკორდია), აბდუვოჰიდ ნემატოვის კარში პირველი ბურთი კი მე-6 წუთზე შეაგდო, როცა ჩვეულად ითამაშა დასწრებაზე. 39-ე წუთზე მან მარჯვენა ფრთიდან შეუტია უზბეკთა კარს და კიდევ ერთი გოლი გაიტანა. უზბეკეთის აღმოჩნდა 49-ე გუნდი, რომელსაც რონალდუმ მინიმუმ ერთი ბურთი გაუტანა ეროვნული გუნდის მაისურით.

მე-6 წუთზე, როგორც კი კრიშტიანუმ ანგარიში გახსნა, ის გახდა პირველი ისტორიაში, ვინც მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე შეაგდო თუნდაც ერთი ბურთი! ერთი წამით დაფიქრებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ეს, შესაძლოა, მარადიული რეკორდი იყოს, რომელსაც ვერავინ გაიმეორებს.

დღევანდელი იუბილარი ლეო მესიც მეექვსე მუნდიალზე თამაშობს და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, მან ქომაგები ვერ გაახარა.

ასევე საინტერესოა, რომ 41 წლის და 138 დღის ასაკში პორტუგალიელთა გუნდისთავი ფინალური ეტაპის მეორე ყველაზე ასაკოვანი მეგოლე შეიქნა, მხოლოდ კამერუნელ როჟე მილას ჩამორჩება. ეს უკანასკნელი 1994 წელს 42 წლის და 39 დღის იყო, როცა რუსეთის ნაკრების კარი დალაშქრა.

რაც შეეხება ვეტერანის მიერ შესრულებულ დუბლს, ამ მხრივ რონალდუ ნამდვილად რეკორდსმენია, სხვას არავის გაუტანია 41 წლის და 138 დღის ასაკში ფინალური ეტაპის თამაშში ორი გოლი.

და ბარემ ამ ძალიან იშვიათ მიღწევასაც ვახსენებ: მხოლოდ სამი ფეხბურთელია, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი გუნდების ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი მეგოლეები არიან. პირველი შესანიშნავი დანიელი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე მიქაელ ლაუდრუპი გახლავთ, მეორე – მესი, ხოლო მესამე რონალდუ.

გუშინდელი დუბლის შემდეგ ალ ნასრის ცენტრფორვარდი მუნდიალების ყველაზე შედეგიანი პორტუგალიელი ფეხბურთელიც გახდა 10 გოლით. მან „შავ პანტერას“ – ეუსებიოს გაუსწრო, რომელმაც ყველა, 9 გოლი სამოცი წლის წინ, 1966 წელს გაიტანა ინგლისში.

სულ ბოლოს ეს ცნობა იყოს: კრიშტიანუ რონალდუ პირველია, რომელმაც მინიმუმ 10 გოლი მიითვალა პლანეტის პირველობაზე და ევროპის ჩემპიონატში.

რაც შეეხება ფინალურ ეტაპზე გამართულ 24 შეხვედრას, ამ შედეგით მადეირელი მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. მათზე წინ მხოლოდ ლეო მესი (28 მატჩი) და კიდევ ერთი გერმანელი, ლოთარ მათეუსი (25) არიან.

აქ ვარ, აქ ვარ! – იღრიალა რონალდუმ მე-6 წუთზე გატანილი ბურთის შემდეგ. ის გოლი და სიტყვები BBC-ის ჟურნალისტმა მაიკლ ემონსმა პორტუგალიელს მატჩის შემდგომი ინტერვიუს დროს შეახსენა და შეძახილის ახსნა სთხოვა.

„პირველი თამაშის შემდეგ, როცა გამარჯვება დავკარგეთ, მე კი გოლი ვერ გავიტანე, ბევრმა უსამართლოდ გამაკრიტიკა. ჩემი სიტყვები სწორედ მათთვისაა. კარგად მომისმინონ: ჯერ აქ ვარ და სანამ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ვიქნები, ნურავინ ჩამომწერს“, – თქვა რონალდუმ.

კაპიტანი პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმაც გაამხნევა. გამარჯვებით გახარებულმა ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რონალდუ კიდევ უფრო სახიფათო გახდება, ხოლო მისი გუნდი სულ სხვა შემართებით ითამაშებს მომდევნო შეხვედრებში:

„ინდივიდუალური მიღწევები დიდებულია, მაგრამ მთავარი გუნდური შედეგია. დღეს სასურველი ანგარიშით გავიმარჯვეთ და ახლა მთავარი სწორედ ესაა. რაც შეეხება კრიშტიანუს, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლამის 42 წლის ასაკშიც უკიდურესად სახიფათოა“.

რონალდუს არაერთი რეკორდი უზბეკთა იტალიელმა მწვრთნელმა, ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ 2006 წლის ლაურეატმა ფაბიო კანავარომაც მიულოცა:

„ის სამაგალითოა! არ მესმის ზოგიერთი ჟურნალისტის და ქომაგის, რომლებიც ვეტერანისგან ყველა შეხვედრაში სასწაულს, მინიმუმ გოლს ელიან“.

მანჩესტერ იუნაიტედის და ირლანდიის ნაკრების გუნდისთავმა როი კინმა კი BBC-ის სტუდიაში საუბრისას თქვა: „იმ ხალხის გამკვირვებია, პირველი თამაშის შემდეგ რომ გააკრიტიკეს რონალდუ. რა დაემართათ? ნუთუ ასე იოლად დაივიწყეს, თუ ვისთან აქვთ საქმე? ორი გოლი ამ ასაკში მშვენიერი შედეგია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მისი მაქსიმუმი არ არის“.

პორტუგალიის ნაკრები ჯგუფს კოლუმბიასთან თამაშით დაასრულებს, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა რონალდუს და მისი თანაგუნდელების ადგილი სატურნირო ბადეში. პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში პორტუგალიელები ფლეი ოფის პირველი წრის შეხვედრას 3 ივლისს კანზას სიტიში გამართავენ, ხოლო თუ გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა ჯგუფი, მარტინესის ბიჭები ბადის ზედა ნახევარში აინაცვლებენ და მეთექვსმეტედფინალს 2 ივლისს ჩაატარებენ ტორონტოში.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 24 ივნისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com

ka_GEGeorgian