წერილები ამერიკიდან: 23 ივნისი

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 22 ივნისს არაერთი საინტერესო მოვლენა უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა კი მატჩი, რომელიც გულშემატკივრებს ორი დაუვიწყარი გოლით ახსოვთ.

1986 წლის 22 ივნისს, მეხიკოში, აცტეკაზე გამართულ მეოთხედფინალში დიეგო არმანდო მარადონამ ორი ბურთი უსახსოვრა ინგლისის ნაკრებს. მათგან პირველს, რომელიც ხელით შეაგდო პიტერ შილტონის კარში, დიადმა არგენტინელმა თავად უწოდა „ღმერთის ხელით“ გატანილი გოლი. მეორეს კი, რომელიც ზღაპრულ სოლო-იერიშს მოჰყვა, უკვე ჟურნალისტებმა შეარქვეს „ღმერთის ფეხით“ გატანილი ბურთი.

XX საუკუნის მიწურულს, როცა ფიფამ ასწლეულის რჩეული მოთამაშეები და მნიშვნელოვანი მოვლენები დაასახელა, მარადონას მეორე გოლი, „ღმერთის ფეხად“ წოდებული, ოფიციალურად აღიარა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ლამაზ გოლად.

არგენტინის ნაკრების კაპიტნის და ათიანის იმ შედევრიდან ზუსტად 40 წლის შემდეგ ალბისელესტეს სხვა კაპიტანმა და ასევე ათიანმა, მარადონაზე არანაკლებმა დიადმა გაიტანა ორი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში.

2026 წლის 22 ივნისს, არლინგტონში, არგენტინამ ლეო მესის ორი ზუსტი დარტყმით სძლია ავსტრიას. მის მიერ ალექსანდერ შლაგერის კარში გატანილი ბურთებიდან არცერთი იყო ისეთი ეფექტური, როგორიც მარადონამ გვაჩუქა 1986 წლის 22 ივნისს, მაგრამ ამის მიუხედავად, ლეოც სამუდამოდ ჩაეწერა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის ისტორიაში.

იმიტომ, რომ 38-ე წუთზე, როცა მან ერთი შეხებით დალაშქრა ავსტრიელთა კარი, მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა მე-17 გოლით. მსაჯის მიერ დამატებულ დროში, როცა ერთი სული მქონდა მოსაწყენი მეორე ტაიმი დროზე დასრულებულიყო, მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და მეორედ დააწყებინა მეტოქეს ცენტრიდან თამაში, რეკორდს კი მე-18 ბურთი შემატა.

მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი ისტორიული მიღწევა, რის გამოც კიდევ არაერთხელ გავიხსენებთ არგენტინა-ავსტრიის გუშინდელ თამაშს. ლეო მესიმ ფინალური ეტაპის ზედიზედ მე-6 თამაშში გაიტანა გოლი, რაც ისტორიაში მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო. პირველად ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა 1958 წელს, 1970 წელს კი ბრაზილიელმა ჟაირზინიომ. არგენტინელის შედეგი რამდენადმე განსხვავებულია, რადგან მისი ექვსმატჩიანი სერია ორ მსოფლიო ჩემპიონატს აერთიანებს და ოთხი წლით ადრე, კატარიდან დაიწყო.

რაც შეეხება მუნდიალებზე მოპოვებულ მე-18 გამარჯვებას, ამ მხრივ ის უკონკურენტოა. ავსტრიასთან თამაშამდე მიროსლავ კლოზესთან ერთად იყოფდა რეკორდს – 17 მოგება, თუმცა დღეს უკვე არგენტინელია პირველი. ამ ორ ფაქტს კი არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიტყვა რეკორდი, მაგრამ მესის გარდა სხვას რომ არავის გაუკეთებია, ამის შესახებ ფიფამ გუშინვე გვამცნო: არგენტინელთა გუნდისთავი პირველია, რომელმაც მეშვიდედ შეასრულა თერთმეტმეტრიანი და, მისდა სამწუხაროდ, ასევე პირველი, ვინც სამი პენალტი ვერ გამოიყენა.

ერთ მატჩში ოთხი ისტორიული ფაქტი ხუმრობა არ არის. მსგავსი რამ მხოლოდ ბედის რჩეულებს ხელეწიფებათ, ხოლო ლეო მესი რომ ზუსტად ასეთია, დიდი ხანია ვიცით. ის ერთნაირად აღაფრთოვანებს ბავშვებს, ზრდასრულებს, კაცებს და ქალებს და ასე განსაჯეთ ასი წლის მოხუცებულსაც, რომელიც გუშინდელი ტელერეპორტაჟის დროს რამდენჯერმე გვიჩვენეს. ავსტრიასთან თამაშს არგენტინული ფეხბურთის და სპორტის სუპერვარსკვლავებიც დაესწრნენ და გული მიგრძნობს, არც ისინი დარჩებოდნენ იმედგაცრუებულნი, მაგალითად მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ბომბარდირი, ნომერ პირველი ფეხბურთელი მარიო კემპესი და ყველაზე დიდი არგენტინელი კალათბურთელი მანუ ჯინობილი.

მესის ყველა სახიფათო მომენტი რომ გამოეყენებინა, მატჩს ხუთი ბურთით დაასრულებდა და ალბათ, ბომბარდირის ტიტულსაც თითქმის გაინაღდებდა. „ოქროს ბუცი“ ის იშვიათი ინდივიდუალური ჯილდოა, რომელიც მას ჯერ არ მოუგია. მაგრამ არ გაუმართლა: მისი ერთი სახიფათო შეტევა ავსტრიელთა გოლკიპერმა მოიგერია, მეორე დარტყმას კი დავიდ ალაბა გადაეღობა. ორივე მომენტი გაფუჭებულ პენალტს მოჰყვა, 38-ე წუთიდან კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

როცა ამ ჩანახატის დაწერა გადავწყვიტე, ვიფიქრე, რომ წერილს მხოლოდ მესის მივუძღვნიდი. არგენტინის ნაკრების პირველი თამაშის შემდეგ, ალჟირთან ლეოს ჰეთ-თრიქით გამარჯვების შემდეგ სწორედ ასე მოვიქეცი. მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა დიახაც რომ საკმარისი მიზეზია მხოლოდ მასზე დასაწერად, მაგრამ კილიან მბაპეს საფრანგეთის და ერლინგ ჰოლანდის ნორვეგიის მიჯრით მეორე გამარჯვებებს გვერდს ვერ ავუვლი და მინდა, რომ ამ ფეხბურთელებსაც სათანადო პატივი მივაგო. ახლაც რომ არაფერი ვთქვა ამ ორი სუპერვარსკვლავის ასპარეზობაზე და მათი თანაგუნდელების საინტერესო მიღწევებზე, დიდი უსამართლობა იქნება.

არგენტინა-ავსტრიის შემდეგ საფრანგეთის და ერაყის ნაკრებთა მატჩი დაიწყო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა კაპიტანმა კილიან მბაპემ მე-14 წუთზე ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, 54-ე წუთზე კი დუბლი მიითვალა. მადრიდის რეალის გოლეადორმა 22 ივნისს მეასედ ითამაშა ნაკრებში და ეს მოვლენა მე-60 სანაკრებო ბურთით აღნიშნა. ამავდროულად, მეორე ზუსტი დარტყმით მბაპე მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა და რომ არა მესის ფანტასტიკური თამაში ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, დიდი ალბათობით სწორედ ფრანგი იქნებოდა გერმანელის რეკორდის თანამფლობელი.

კატარი 2022-ის საუკეთესო ბომბარდირი მბაპე მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება მესის და ეჭვი არაა, ყველაფერს გააკეთებს „ოქროს ბუცის“ ზედიზედ მეორედ მოსაგებად. რაც შეეხება ყველა დროის გოლეადორობას, აქ ფრანგს ორი ზუსტი დარტყმა აშორებს არგენტინელამდე და თუ ვინმე შეძლებს მესის რეკორდის დამხობას, პირველ რიგში სწორედ მბაპე.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ფრანგთა მეათე ნომერმა პირველი ბურთი მე-14 წუთზე გაიტანა, ხოლო მომდევნო 54-ეზე. ასეც მოხდა, რეალურად კი მის ორ ზუსტ დარტყმას შორის ინტერვალი საათზე მეტი იყო. საქმე ისაა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს საშინლად გაწვიმდა და მეხის ალბათობაც გაიზარდა. აქაური კანონით, მსგავსი შემთხვევის დროს ღია ცის ქვეშ გამართული ყველანაირი ღონისძიება წყდება, ხოლო ხალხმა უსაფრთხო ადგილზე უნდა გადაინაცვლოს. ასეც მოხდა: ფილადელფიის სტადიონი რამდენიმე წუთში დაიცალა და სანამ ამინდი არ შეიცვალა, მატჩი არ განახლდა.

თამაში დაახლოებით საათნახევრის შემდეგ განახლდა, ფრანგებმა კი საბოლოოდ 3:0 გაიმარჯვეს. მესამე გოლი 66-ე წუთზე შეაგდო ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა უსმან დემბელემ და უზომოდ გაახარა როგორც ქომაგები, ასევე ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მინდორზე არ გვინახავს, რეკორდის გარეშე არც მას დაუტოვებია სტადიონი. მწვრთნელმა დეშამმა მე-16 მატჩი მოიგო მსოფლიო ჩემპიონატებზე, რითაც ლეგენდარულ გერმანელ სპეციალისტს, ჰელმუტ შიონს გაუთანაბრდა. თუ ფრანგები მომდევნო შეხვედრაშიც გაიმარჯვებენ – 26 ივნისს ისინი ნორვეგიელებს ხვდებიან, დეშამი ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.

თუმცა სკანდინავიელებთან სამი ქულის მოპოვება იოლი არ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ სტალე სოლბაკენის გუნდსაც სურს ჯგუფის მოგება. გუშინ მათ 3:2 სძლიეს სენეგალს და ორი ტურის შემდეგ ასევე 6 ქულა აქვთ.

ერლინგ ჰოლანდმა კვლავ ორი გოლი გაიტანა და მბაპეს მსგავსად, ისიც ერთი ზუსტი დარტყმით ჩამორჩება მესის. ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი ალბათ კიდევ გაახარებს გულშემატკივრებს, მაგრამ მგონია რომ „ოქროს ბუცისთვის“ დავაში ვერ ჩაერევა. თუმცა, ვინ იცის? წლების წინ, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთ თამაშში 9 გოლი გაიტანა და თუ ამერიკაშიც გაილაღა…

ყველა დროის უდიდეს ბომბარდირს კი, ვინც პირველ ტურში ვერაფრით გაახარა ქომაგები, დღეს ალბათ ვიხილავთ: პორტუგალია ფაბიო კანავაროს გაწვრთნილ უზბეკეთს ეთამაშება. თუ რონალდუმ თუნდაც ერთი გოლი გაიტანა, ისიც მიითვლის რეკორდს, ჯერ არავის გაუტანია გოლი მსოფლიოს ექვს ჩემპიონატზე.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 23 ივნისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com

ka_GEGeorgian