წერილები ამერიკიდან: 26 ივნისი
426 834! ფიფას ცნობით ზუსტად ამდენი გულშემატკივარი დაესწრო 25 ივნისს გამართულ ექვს თამაშს. და ეს რეკორდია ერთი სათამაშო დღისთვის. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა სახლმა გუშინ ასევე გვამცნო, რომ მიმდინარე მუნდიალზე საერთო დასწრების უმაღლესი მაჩვენებელიც დაფიქსირდა.
კომერციული თვალსაზრისით ოქროს თასის წლევანდელ გათამაშებას ნამდვილად არაფერი დაეწუნება, უკეთესი კი ისაა, რომ ლამის ყოველი დღე მინიმუმ ერთ მშვენიერ მატჩს გვჩუქნის.
დღის პირველ, გერმანიის და ეკვადორის ნაკრებთა შეხვედრას ტელეკომპანია FOX Sports-ის პირდაპირ ეთერში ვუყურე. მატჩის ერთ-ერთი კომენტატორი ყოფილი მსაჯი, ინგლისელი მარკ კლატენბურგი გახლდათ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ფინალის და 2016 წლის ორი მთავარი თამაშის, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრების არბიტრი. მას და მის რეგალიებს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ასეთი გამოცდილი და მრავლისმნახველი მსაჯიც გაკვირვებული დარჩა ტორი პენსოს გადაწყვეტილებით.
მე-2 წუთზე, მას შემდეგ, რაც ლეროი ზანემ გერმანიის ნაკრები დააწინაურა, რამდენჯერმე გვიჩვენეს ეპიზოდი, რომელიც გოლს წინ უძღოდა. ალეკსანდარ პავლოვიჩმა ბურთზე თამაშის დროს პედრო ვიტეს თავში მოარტყა ფეხი. არაერთი მსგავსი მომენტი მინახავს და მსაჯები ყოველთვის „სახიფათო თამაშს“ და წესის დარღვევას აღნიშნავდნენ. კლატენბურგმაც ივარაუდა, რომ გოლი დიდი ალბათობით გაუქმდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ქალბატონმა არბიტრმა მოედნის ცენტრისკენ მიუთითა.
„ჩემთვის ეს აშკარა წესის დარღვევაა. შესაძლოა არბიტრი კარგად ვერ ხედავდა მომენტს, ხდება ასეთი რამ, მაგრამ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს VAR-ი, მათ აუცილებლად უნდა ეთქვათ მსაჯისთვის, რომ მომენტი გადასახედია. მიკვირს“, – განაცხადა თავშეკავებულმა კლატენბურგმა. თამაშის მიწურულს ინგლისელმა საერთო ჯამში დადებითად შეაფასა ტორი პენსოს მსაჯობა, თუმცა დასძინა, რომ ზანეს გოლს ძალიან საკამათო ეპიზოდი უძღოდა წინ.
რაც შეეხება ლეროის, სტამბოლის გალათასარაის გერმანელმა ლეგიონერმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ჩატარებულ მეთხუთმეტე თამაშში პირველად გამოიჩინა თავი. საფინალო სასტვენიდან რამდენიმე წუთში კი ფიფამ ეს ინფორმაციაც მოგვაწოდა: ზანემ ბუნდესნაკრების მეორე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა მუნდიალებზე. მასზე ადრე მხოლოდ ერნსტ ლეჰნერს გაუხარებია ქომაგები, ლამის საუკუნის წინ, 1934 წელს, ავსტრიასთან 3:2 მოგებულ თამაშში.
მეორე წუთზე დაწინაურების მიუხედავად, გერმანელებმა მაინც ვერ გაიმარჯვეს. მე-9 წუთზე ნელსონ ანგულომ გაათანაბრა ანგარიში, 77-ე წუთზე კი დიდებულად ითამაშა გონსალო პლატამ, რომელმაც წამით დაასწრო მანუელ ნოიერს და გამარჯვების გოლი გაიტანა. დარჩენილი დრო ეკვადორელებმა დაცვაში გაატარეს, იულიან ნაგელსმანის გუნდი ლამის მხოლოდ მათ ნახევარზე თამაშობდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეიცვალა – 2:1 ეკვადორის სასარგებლოდ. ბრაზილიის და არგენტინის შემდეგ ეკვადორი მხოლოდ მესამე სამხრეთამერიკული გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანია დაამარცხა.
2006 წელს, გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ეკვადორელები პირველად გავიდნენ ფლეი ოფში, ბუნდესნაკრებმა კი ზედიზედ მოგებული 11 თამაშის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებს ეს მატჩიც რომ მოეგოთ, ისტორიაში საუკეთესო შედეგს გაიმეორებდნენ. 1979 წლის მაისიდან 1980 წლის ივნისის ჩათვლით გერმანელებმა მიჯრით 12 მეტოქეს სძლიეს და ეს დღემდე საუკეთესო შედეგია მათთვის.
„ვამაყობ ჩემი ბიჭებით, ისინი არსენალივით იცავდნენ თავს და ბარსელონასავით უტევდნენ“, – განაცხადა ეკვადორელთა არგენტინელმა მწვრთნელმა სებასტიან ანდრეს ბეკასესემ.
ეკვადორი ერთ-ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანია, რომელიც ოქროს თასისთვის ბრძოლას აგრძელებს, მეორე ადგილი კი კოტ დივუარს ერგო. მათ ნიკოლას პეპეს დუბლით სძლიეს დებიუტანტ კურასაოს – 2:0. კოტ დივუარი პირველად იასპარეზებს ფლეი ოფში, 2006, 2010 და 2014 წლებში გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.
აფრიკელთა მეტოქე დღეს გამოვლინდება ნორვეგიის და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩში. ამ წუთისთვის I ჯგუფში მეორე ადგილზე სტალე სოლბაკენის გუნდია და თუ მათ ფრანგებს ვერ გაასწრეს, 30 ივნისს სწორედ კოტდივუარელებს დაუპირისპირდებიან.
შუადღით F ჯგუფის შეხვედრები დასრულდა. რონალდ კუმანის გაწვრთნილმა ნიდერლადების ნაკრებმა კანზასში 3:1 დაამარცხა ტუნისი, ხოლო იაპონიისა და შვედეთის პაექრობა არლინგტონში 1:1 დასრულდა. ჯგუფი ნარინჯისფერებმა მოიგეს და მეთექვსმეტედფინალის ერთ-ერთი საუკეთესო წყვილიც მივიღეთ: 29 ივნისს, გვადალუპეში ნიდერლანდები-მაროკოა.
რაც შეეხება იაპონიას, ჰაჯიმე მორიასუს გუნდი ახლოს იყო სამ ქულასთან, თუმცა გრემ პოტერის გაწვრთნილი შვედეთი ანტონი ელანგამ გადაარჩინა, საჯარიმოს კუთხიდან ეფექტურად ჩააბზრიალა ბურთი ზიონ სუძუკის კარში – 1:1. თამაში ასეც დასრულდა და შვედეთმა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მესამეადგილოსანმა, ფლეი ოფში თამაში გაინაღდა.
ცნობილია იაპონიის ნაკრების მეტოქეც: 29 ივნისს, ჰიუსტონში, „ლურჯი სამურაები“ ბრაზილიას დაუპირისპირდებიან. იაპონელთა დაუმარცხებელი სერია უკვე ათ შეხვედრას ითვლის და მათ შორისაა სელესაოსთან გამარჯვებაც. შარშან, 14 ოქტომბერს, იაპონიამ ტოკიოში უმასპინძლა ბრაზილიას და 3:2 დაამარცხა.
იაპონიისა და შვედეთის ნაკრებთა მატჩზე კიდევ ისაა სათქმელი, რომელი 39 წლის იუტო ნაგატომო პირველი აზიელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე ითამაშა. ჯეი ლიგის კლუბ ტოკიოს ვეტერანი 75-ე წუთზე გამოჩნდა და რეკორდიც დაამყარა.
25 ივნისი D ჯგუფის მატჩებიტ დასრულდა: თანამასპინძელი ამერიკა უკანასკნელ წამზე გაშვებული გოლით დამარცხდა თურქეთთან – 2:3, ავსტრალია-პარაგვაი კი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. ამ ოთხეულში ყველაფერი მეორე ტურის შემდეგ გაირკვა: მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა, თურქეთმა კი პირიქით, ფლეი ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა. რაც შეეხება ავსტრალიასა და პარაგვაის, მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ უკანასკნელ მატჩში საყაიმო ანგარიშით ჯგუფიდან გავიდოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით აშშ-თურქეთის დაპირისპირებას აზრი არ ჰქონდა, მეტოქეებმა მშვენიერი სანახაობა შემოგვთავაზეს. ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილმა გუნდმა როგორც იქნა გოლები გაიტანა, ამერიკას კი უკანასკნელ წამს არ გაუმართლა, თორემ მშვიდად მიჰყავდა თამაში დასასრულისკენ. ამერიკელებს რომ მოეგოთ, ისტორიაში პირველად დაასრულებდნენ ჯგუფს ასპროცენტიანი შედეგით.
პოჩეტინოს ბიჭების მომდევნო მეტოქე უკვე ვიცით, ამერიკა 1 ივლისს ითამაშებს სანტა კლარაში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. მეორეადგილოსანი ავსტრალია კი G ჯგუფის დასრულებას დაელოდება, „კენგურუების“ მეტოქე ეგვიპტე, ირანი ან ბელგია იქნება.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 26 ივნისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com
