წერილები ამერიკიდან: 30 ივნისი

29 ივნისი მოულოდნელი შედეგების დღე გამოდგა: გერმანიის ნაკრებს პარაგვაიმ აჯობა თერთმეტმეტრიანების სერიაში, ნიდერლანდებს მარაკოსთან მოეცარა ხელი, ბრაზილიამ კი ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა მაინც გაიმარჯვა იაპონიასთან მატჩში. ოთხი მეთექვსმეტედფინალის შემდეგ ასეთი სურათია: მერვედფინალში ერთი ევროპული გუნდიც არაა, სამაგიეროდ ორი წარმომადგენელი ჰყავს სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას – ბრაზილია და პარაგვაი, თითო კი აფრიკას (მაროკო) და ჩრდილოეთ ამერიკას (კანადა).

დღის პირველი თამაში ჰიუსტონში გაიმართა, სადაც ორი სელესაო ვიხილეთ. პირველ ნახევარში ცუდი, მეორეში კი მშვენივრად მოთამაშე, რომელიც ეპიზოდებში საუკეთესო ბრაზილიას ჰგავდა. პირველმა პირველი ტაიმი 0:1 წააგო, მეორემ 2:0 მოიგო, საბოლოო ჯამში კი ანჩელოტის გუნდმა მძიმე ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

დასრულდა თუ არა პირდაპირი რეპორტაჟი ჰიუსტონიდან, FOX Sports-ის ერთ-ერთმა კომენტატორმა იხუმრა: ის, რაც კარლო ანჩელოტიმ უთხრა ბიჭებს შესვენებაზე, წიგნად უნდა გამოიცესო. ვერ გეტყვით რაზე ესაუბრა ტიტულიანი იტალიელი სპეციალისტი ყვითელი მაისურებით მოთამაშე ბრაზილიელებს, მაგრამ ფაქტია, რომ სწორი დავალება მისცა მათ. არადა, შესვენებამდე იაპონია მშვენივრად თამაშობდა: ძალიან სახიფათოდ უტევდა, კარს კი ლამის იდეალურად იცავდა. ანჩელოტის ბიჭებს მეტოქის დაცვის ორი ხაზის გაჭრა ძალიან უჭირდათ, ხოლო თუ ამას ახერხებდნენ, მცველების უკან საიმედოდ იდგა მეკარე სუძუკი.

მეტოქეები მეთხუთმეტედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მუნდიალზე კი მხოლოდ მეორედ. 2006 წელს, გერმანიაში, ბრაზილიამ იოლად, 4:1 დაამარცხა იაპონია, მაგრამ მათი ბოლო შეხვედრა, შარშან ოქტომბერში კირინის თასზე, „ლურჯი სამურაების“ გამარჯვებით დასრულდა – 3:2.

2025 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ჰაჯიმე მორიასუს გაწვრთნილი გუნდი დაუმარცხებელი იყო. გუშინდლამდე ჩატარებული ათი მატჩიდან შვიდი თავის სასარგებლოდ დაასრულეს, მათ შორის ბრაზილიასთან, შოტლანდიასთან და ინგლისთან. იაპონელებმა ფლეი ოფიც შესანიშნავად დაიწყეს და საწყისი 45 წუთი მოიგეს კიდეც, მას შემდეგ, რაც კაიშუ სანომ 29-ე წუთზე ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა ინდივიდუალური გარღვევა. ვეტერანი კაზემირო, რომელმაც 90-ედ ითამაშა ნაკრებში, მისთვის ხელის შეშლას შეეცადა, მაგრამ ვერაფრით დაეწია.

მეორე ტაიმის პირველი წუთიდან კი სულ სხვა ბრაზილია ვიხილეთ, ზიონ სუძუკის კართან სახიფათო მომენტებმა მკვეთრად იმატა. ანგარიშის გათანაბრებამდე იაპონელები ორჯერ სასწაულით გადარჩნენ, 56-ე წუთზე კი მოსახდენი მაინც მოხდა: თანაგუნდელის პასს კაზემირო ძელის სიახლოვეს დახვდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში – 1:1.

მანჩესტერ იუნაიტედის 34 წლის ნახევარმცველმა მე-10 გოლი მიითვალა ნაკრებში. მოგვიანებით ფიფამ შეგვატყობინა, რომ კაზემირო მეორე ყველზე ასაკოვანი ბრაზილიელი მეგოლე გახდა მსოფლიო ჩემპიონატებზე, მასზე უფროსი მხოლოდ ბებეტოა, რომელმაც 1998 წელს საფრანგეთში 34 წლის და 137 დღისამ გაიტანა გოლი.

1:1-ის შემდეგ ბრაზილიელთა იერიშები შედარებით შესუსტდა, თუმცა ნათელი იყო, რომ სამხრეთელები ძალის მოკრებას ცდილობდნენ და საბოლოო შტურმისთვის ემზადებოდნენ. ერთ მომენტში რეჟისორმა ნეიმარიც გვიჩვენა, მაგრამ ანჩელოტიმ სუპერვარსკვლავის თამაშში ჩართვა გადაიფიქრა.

უკანასკნელ ათ წუთში თამაშმა კვლავ იაპონელთა ნახევარზე გადაინაცვლა, მე-5 დამატებულ წუთზე კი სუძუკის კარში მეორე ბურთი შევარდა. საკუთარ საჯარიმოსთან გამაგრებული მცველები შეტევის მოგერიების დროს შეცდნენ, აო ტანაკამ ბურთის თანაგუნდელისთვის დაგორება სცადა, რასაც ელვისებური კომბინაცია მოჰყვა: ბრუნო გიმარაეშის პასით გაბრიელ მარტინელიმ გაახარა გულშემატკივრები – 2:1.

ლონდონის არსენალის ფორვარდმა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია, მეხუთე გოლი შეაგდო ნაკრებში, ხოლო იაპონელთა კარში – მეორე. მან შარშან, ოქტომბერში, ზემოხსენებულ 2:3 წაგებულ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი.

იაპონიის ნაკრები მეხუთედ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში, თუმცა კვლავ დამარცხდა: 2002 წელს თურქეთთან 0:1; 2010 წელს პარაგვაისთან – 0:0 და 3:5 პენალტების სერიაში; 2018 წელს ბელგიასთან დრამატულ თამაშში 2:3, არადა გემახსოვრებათ, იმ მერვედფინალს ორი ბურთით იგებდნენ; ოთხი წლით ადრე კი ხორვატიასთან – 1:1 და 1:3 საფეხბურთო ლატარეაში. რაც შეეხება ბრაზილიას, ანჩელოტის გუნდი მეექვსე ოქროს თასისთვის ბრძოლას აგრძელებს, მეტოქე დღეს გამოვლინდება კოტ დივუარი-ნორვეგიის მატჩში.

შემდეგ გერმანია-პარაგვაი ვიხილეთ. ეს გუნდები მხოლოდ მეორედ შეხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. 2002 წელს გამართული მერვედფინალი ბუნდესნაკრებმა 1:0 მოიგო. ამჯერად სამხრეთამერიკელებმა გაიხარეს, რომლებმაც პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვეს, ძირითად და დამატებით დროში 1:1-ის შემდეგ.

არგენტინელი გუსტავო ალფაროს გაწვრთნილი გუნდი ხულიო სესარ ენსისომ 42-ე წუთზე დააწინაურა ჩინებულად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ. საფრანგეთის სტრასბურის ცენტრფორვარდმა თავური დარტყმით დალაშქრა მანუელ ნოიერის კარი, ბაიერნის გოლკიპერმა რეაგირებაც ვერ მოასწრო.

გერმანელებმა 54-ე წუთზე გაათანაბრეს, ფლორიან ვირცის პასით კაი ჰავერცმა აღადგინა წონასწორობა, ლონდონის არსენალის თავდამსხმელმა 25-ე გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით.

მერვედფინალისტი პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ათი ცდის შემდეგ ანგარიში 3:3 იყო, მეტოქეებმა ორ-ორი დარტყმა გააფუჭეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პარაგვაელებმა ბრწყინვალედ დაიწყეს, სამი პენალტიდან სამივე გოლად აქციეს, მაგრამ სანაბრიამ და ბალბუენამ, რომლებსაც სერიის დასრულება შეეძლოთ, ვერ ივარგეს. ბალბუენას დარტყმა მანუელ ნოიერმა მოიგერია და გერმანია გადაარჩინა, თუმცა შემდეგ ჯონათან ტამ ვერ ივარგა, მის დარტყმა კარს ასცდა. ხოსე მარია კანალემ კი ყველაფერს წერტილი დაუსვა და პარაგვაი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა – 4:3.

თუ თეთრ-წითლებმა პირველად დაძლიეს ფლეი ოფის პირველი წრე, გერმანიამ პირველად წააგო პენალტების სერია მსოფლიო ჩემპიონატზე, ისტორიაში კი მხოლოდ მეორედ დათმო. პირველად ნახევარი საუკუნის წინ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჩეხოსლოვაკიასთან.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა დღის უკანასკნელი მეთექვსმეტედფინალი, რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალუპეში გაიმართა. ნიდერლანდების და მაროკოს ნაკრები გუნდებიც მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე. 1994 წელს ნარინჯისფერებმა ჯგუფის თამაში 2:1 მოიგეს.

რონალდ კუმანის გუნდი ახლოს იყო გამარჯვებასთან, კოდი გაკპოს მიერ 72-ე წუთზე გატანილი გოლით დიდხანს იგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მაროკოელთა ცენტრალური მცველი ისა ლუკას დიოპი საჯარიმოში შეიჭრა და ბრწყინვალე თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში – 1:1.

29 წლის დიოპი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, იმიტომ რომ 2013-2018 წლებში საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და კილიან მბაპესთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა 19-წლამდელებში. თუმცა, ეროვნულ გუნდში ვერაფრით გაიკვლია გზა და ამ გაზაფხულზე ფიფას ოფიციალურად მიმართა, რომ მაროკოს ნაკრებში თამაშის უფლება მიეცათ. 19 მარტს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და გუშინ, მაროკოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ მეშვიდე მატჩში პირველი გოლიც გაიტანა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერაში.

პენალტების სერიაში ნათელი გახდა, რომ მეტოქეები ასეთი დატვირთვისთვის მზად არ იყვნენ, საბოლოოდ კი გაიმარჯვა იმან, ვინც შედარებით უკეთ გაუმკლავდა ფსიქოლოგიურ წნეხს – 3:2 მაროკოს სასარგებლოდ.

ხორვატიის და პარაგვაის შემდეგ მაროკო მესამე გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ერთზე მეტ პენალტების სერიაში მიიღო მონაწილეობა და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა. ბალკანელებმა ოთხიდან ოთხჯერ გაიხარეს, პარაგვაიმ და მაროკომ კი ორივე შანსი გამოიყენეს.

დღეს კიდევ სამი მეთექვსმეტედფინალია და მინიმუმ ერთი „ევროპელი“ მერვედფინალისტი ყველა შემთხვევაში გამოვლინდება: ისთ რუთერფორდში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი შვედეთს ხვდება.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 30 ივნისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com

ka_GEGeorgian