წერილები ამერიკიდან: 27 ივნისი

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა საფრანგეთმა დიდებულად დაიწყო მუნდიალი. დიდიე დეშამის გუნდმა პირველ შეხვედრაში 3:1 სძლია სენეგალს, მეორე ტურში კი 3:0 დაამარცხა ერაყი. ექვსი გოლიდან ოთხი კილიან მბაპესი იყო, რომელიც ერაყთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. სენეგალთან შეხვედრაში იგივე პრიზი მაიკლ ოლისეს ერგო.

ფრანგებმა ორივე შემთხვევაში მშვენიერი ფეხბურთი შემოგვთავაზეს, მედიაც კმაყოფილი იყო, მაგრამ იყო ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჟურნალისტებმა ძალიან უსაყვედურეს. პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა, ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ ბოლო ლაურეატმა უსმან დემბელემ ერაყთან კი გამოიჩინა თავი, მაგრამ მბაპეს და ოლისეს გარდა კიდევ არაერთი თანაგუნდელის ჩრდილში მოექცა, მედიის წარმომადგენლებს კი ეს ძალიან არ მოეწონათ.

„ისიც ადამიანია, უნდა ვადროვოთ და აუცილებლად ათამაშდება“. დეშამის თანაშემწე გი სტეფანმა გუშინდელი თამაშის წინ, პრესკონფერენციაზე დემბელეს დაცვა სცადა. თუ რატომ შეხვდა ჟურნალისტებს სტეფანი და არა დეშამი, გეცოდინებათ: მთავარ მწვრთნელს დედა გარდაეცვალა, რის გამოც რამდენიმე დღით დატოვა გუნდი.

ვერ გეტყვით სტეფანის ზემოხსენებულმა სიტყვებმა იმოქმედა თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მაგრამ გუშინ ბოსტონში, ნორვეგიასთან 4:1 მოგებულ თამაშში დემბელემ საუკეთესოდ იასპარეზა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ცხადია ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

სამი გოლი ერთ თამაშში ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, როგორი ბურთები გაიტანა? დემბელეს თითოეული დარტყმა შესანიშნავი იყო, მესამე გოლი კი უნიკალური გამოდგა, რადგან იდეალურად დაგვირგვინდა 17-პასიანი შეტევა, რომელშიც საფრანგეთის ნაკრების უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდა მეკარე მაიკ მენიოს ჩათვლით. ასეთი საგოლე იერიში, გნებავთ კომბინაცია, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვიხილეთ.

დემბელე მხოლოდ მესამე ფრანგი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში შეძლო სამი ან მეტი გოლის გატანა. 1958 წელს, შვედეთში, ჟიუსტ ფონტენმა ჯერ პარაგვაის უსახსოვრა სამი გოლი, იმავე ტურნირზე გერმანელებთან მატჩში კი პოკერი მიითვალა. წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მბაპეს მიერ გატანილი სამი გოლი კი, ვფიქრობ, ყველას კარგად გახსოვთ.

ისიც ვთქვათ, რომ პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთმა ლიდერმა მე-7, მე-20 და 32-ე წუთებზე დალაშქრა ეგილ სელვიკის კარი, რაც მეორე ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქია ისტორიაში. 1954 წელს, ჩეხოსლოვაკიასთან 5:0 მოგებულ შეხვედრაში ავსტრიელმა ერიხ პრობსტმა მე-4, 21-ე და 24-ე წუთებზე გაიტანა გოლები.

ფრანგების ბოლო ბურთი დეზირე დუემ შეაგდო თავური დარტყმით, თანაკლუბელი ბრედლი ბარკოლას მშვენიერი გადაცემის შემდეგ. დუემ შეუცვლელად დაასრულა თამაში, მბაპე კი, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, სტეფანმა 86-ე წუთზე გაიყვანა მინდვრიდან.

დემბელესთან, დუესთან და მბაპესთან ერთად საფრანგეთის ნაკრების გოლკიპერი, მილანში მოთამაშე მაიკ მენიოც უნდა შევაქო, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისში იორგენ სტრანდ ლარსენის 11-მეტრიანი მოიგერია. სტატისტიკოსებმა გვამცნეს, რომ მენიო მხოლოდ მეორე ფრანგი გოლკიპერია, რომელმაც მუნდიალზე პენალტი არ გაუშვა. 1986 წელს, მექსიკაში, ბრაზილიასთან მეოთხედფინალში ჟოელ ბატსმა ლეგენდარული არტურ ანტუნიეშ კოიმბრა, იგივე ზიკო გააწბილა.

ფრანგებმა ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგეს ჯგუფი და ისიც ვთქვათ, რომ მათ ეს ეგრეთ წოდებული სათადარიგო მაისურებით გააკეთეს. თუ პირველ ორ თამაშში დეშამის გუნდმა ძირითადი, მუქი ლურჯი ფერის ეკიპირებით გაიმარჯვა, ნორვეგიის წინააღმდეგ ბიჭებს ღია მწვანე ფერის ფორმა ეცვათ. დიზაინერებმა ეს ფერი ფრანგულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი თავისუფლების ქანდაკების გამო შეარჩეს. ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლო ხომ სწორედ საფრანგეთმა უსახსოვრა ნიუ იორკს.

მექსიკის შემდეგ საფრანგეთი მხოლოდ მეორეა, რომელმაც ჯგუფში სამივე მეტოქე დაამარცხა. დეშამის ბიჭები 30 ივნისს ითამაშებენ ფლეი ოფში, შვედეთთან დაპირისპირება ისთ რუთერფორდშია დანიშნული. რაც შეეხება მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიას, რომელმაც ფრანგების წინააღმდეგ მთავარი ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის გარეშე იასპარეზა, ვიკინგები იმავე დღეს არლინგტონში ეცდებიან კოტ დივუარის დამარცხებას. მეორე ეტაპზეა გასული სენეგალიც, თუმცა მისი მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის.

სამაგიეროდ, გუშინვე გაირკვა, რომ ერაყთან 5:0 გამარჯვებით სენეგალი პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში ხუთი ბურთი გაიტანა. ამ შეხვედრიდან საინტერესო კიდევ ისაა, რომ ერთბაშად სამმა სენეგალელმა შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა და საგოლე გადაცემის შესრულება: ისმაილა სარმა, პაპე გუეიემ და ილიმან ნდიაიემ. მსგავსი რამ უკიდურესად იშვიათია და ბოლოს 2014 წელს მოხდა, როცა გერმანელებმა მასპინძელი ბრაზილია 7:1 შეარცხვინეს. ისტორიულ ნახევარფინალში ტონი კროოსმა, სამი ხედირამ და თომას მიულერმა გაილაღეს.

თუ I ჯგუფის უკანასკნელ ტურში 10 გოლი ვიხილეთ, საპირისპირო სცენარი გათამაშდა H ჯგუფში: ესპანელებმა მხოლოდ 1:0 სძლიეს ურუგვაელებს, კაბო ვერდეს და საუდის არაბეთის მატჩი კი 0:0 დამთავრდა.

ევროპის ჩემპიონებმა, რომლებსაც მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ვთვლი, გოლის გაუშვებლად მოიგეს ჯგუფი. მარსელო ბიელსას გაწვრთნილ ურუგვაის კი ძალიან ძვირად დაუჯდა საუდის არაბეთთან და კაბო ვერდესთან დაკარგული ქულები, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩნენ, პირველად 2002 წლის შემდეგ.

ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა კაბო ვერდე კი ფლეი ოფშია, სადაც მათ უმკაცრესი გამოცდა ელით ჩემპიონი არგენტინის სახით. ფიფას ოქროს თასის მფლობელი და დებიუტანტი 3 ივლისს ითამაშებენ მაიამიში.

ფიფას ტექნიკურმა კომისიამ საუდელებთან თამაშის რჩეულად დეროი დუარტე დაასახელა, მე კი გოლკიპერ ვოზინიას გამოვარჩევ. ის ორმოცს გადაცილებული მხოლოდ მესამე მეკარეა, რომელმაც მინიმუმ ორ თამაშში არ გაუშვა გოლი. 1982 წელს მსგავსი რამ იტალიის ნაკრების კაპიტანმა დინო ძოფმა შეძლო, 1990 წელს კი ინგლისელმა პიტერ შილტონმა.

დღის უკანასკნელ თამაშს, ბელგიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა ჭიდილს კი ფილადელფიის მეზობელ ქალაქში ვუყურე. პატარა და კოხტა ნიუ ჰოუპი, რაც ახალ იმედს ნიშნავს, მომეწონა, საკმაო ხანს ვისეირნე მის ვიწრო ქუჩებში და ფოტოებიც გადავიღე, თუმცა მთავარია, რომ საინტერესო თამაში ვიხილე.

რუდი გარსიას გუნდმა 5:1 დაამარცხა ახალი ზელანდია და მთავარი პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს. „წითელი ეშმაკების“ მომდევნო მეტოქე დღეს გამოვლინდება, 27 ივნისს ჯგუფური ეტაპი მთავრდება.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 27 ივნისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com

ka_GEGeorgian