წერილები ამერიკიდან: 3 ივლისი
XXIII მსოფლიო ჩემპიონატის მექსიკაში, ამერიკასა და კანადაში გამართვა რვა წლის წინ, ფიფას 68-ე კონგრესზე გადაწყდა. ჩრდილოამერიკელების ერთობლივმა პროექტმა დიდი უპირატესობით აჯობა მაროკოს, რომელსაც დამოუკიდებლად სურდა ნომერ პირველი საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობა. სამეულმა ორასიდან 134 ხმა მიიღო, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან, აფრიკელთა განაცხადს კი 65 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი. მხოლოდ ირანმა შეიკავა თავი ხმის მიცემისგან.
როგორც კი მასპინძელი დადგინდა, არაერთმა პოპულარულმა საფეხბურთო გამოცემამ აღნიშნა, რომ ფიფამ ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდებულად მიულოცა მოახლოებული 250 წლის იუბილე. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი სახლი ნამდვილად არ ჩარეულა არჩევნებში, მაგრამ მეორე მხრივ, ამერიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი და ფიფას წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილება იდეალურად დაემთხვა ერთმანეთს.
ერთი თვეა ამერიკაში ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მექსიკა, ჩემი მასპინძელი ქვეყანა და კანადა უმაღლეს დონეზე მასპინძლობენ ოქროს თასის გათამაშებას. რამდენიმე ათეული გადაცემა ვნახე, არაერთი სტატია წავიკითხე და მიმოხილვებსაც არ ვტოვებ, ცხადია კრიტიკული წერილებიც შემხვდა, მაგრამ ჟურნალისტები უმეტესწილად არასაფეხბურთო სიახლეზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგალითად „წყლის შესვენებას“ იწუნებენ, თორემ საორგანიზაციო მხარეს არავინ იწუნებს.
ამერიკის 250-ე იუბილე, რომელიც ხვალ აღინიშნება, დამატებით ხიბლს მატებს შეჯიბრებას. 4 ივლისს აქაურებისთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს, მას ყველგან პომპეზურად ზეიმობენ და გამონაკლისი არც ფილადელფიაა, შეერთებული შტატების პირველი დედაქალაქი. აქ უკვე გაიმართა რამდენიმე ღონისძიება.
მეორე კვირას ვატარებ ფილადელფიაში, ქალაქის გულში, ისტორიულ ეროვნულ პარკში კი გუშინ პირველად მივედი. იმიტომ, რომ სწორედ 2 ივლისიდან დაიწყო საზეიმო სანახაობები, მე კი მათი გამოტოვება არ მსურდა. რა რა და ამერიკელებს შოუს მოწყობა არ ესწავლებათ, ყველა ვარიანტში გასიამოვნებენ.
სანამ პენსილვანიის შტატის სხვადასხვა კავშირების აღლუმს დავესწრებოდი დამოუკიდებლობის ჰოლის წინ, თავისუფლების ზარი და ის დარბაზი მოვინახულე, სადაც 1776 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოცხადდა. იდეალურად გაგრილებული მუზეუმების შემდეგ აუტანელ ხვატში გასვლა არცთუ სასიამოვნო იყო, მაგრამ +40 გრადუსის მიუხედავად, სანახაობას მაინც უამრავი ადამიანი დაესწრო. ზეიმი დღესაც გაგრძელდება, 4-ში კი ყველაზე საინტერესო ამბები გელითო, ღიმილით მაცნობა მოხალისემ.
რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ წავალ დამოუკიდებლობის პარკისკენ, ხოლო მოვიცლი თუ არა 4 ივლისის აღლუმისთვის, ეს უკვე აღარ ვიცი. იმიტომ, რომ ფეხბურთზე მივდივარ: მასპინძელმა თამაშის ბილეთით გამახარა! მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი პარაგვაის ნაკრებს სწორედ ფილადელფიაში გაეჯიბრება.
ბილეთები რომ არნახულად ძვირია, არაერთხელ ითქვა, ფლეი ოფის მატჩებისა კი მით უმეტეს. მაგალითად, გუშინ წავიკითხე რომ მეხიკოში მექსიკის ნაკრებთან მერვედფინალზე დასწრების მსურველ რიგით ინგლისელს დაახლოებით 2700 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. ამ ფასთან შედარებით ჩემი ბილეთის ფასი ღიმილისმომგვრელია, სულ რაღაც… 600 დოლარი. ასეთი სხვაობა იმით თუ აიხსნება, რომ ჩემმა მასპინძელმა ის რამდენიმე თვით ადრე შეიძინა, ბრიტანელ ფანებს კი მთავარი პრობლემის გადასაჭრელად სულ რამდენიმე დღე აქვთ.
განვლილი მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, მგონი 4 ივლისს მომავალ მსოფლიო ჩემპიონს ვნახავ, ცხადია დიდიე დეშამის გუნდს ვგულისხმობ და არა პარაგვაის. ასეთი ფიქრი რა თქმა უნდა ღიმილისმომგვრელია, ბოლოს და ბოლოს ბურთი მრგვალია და მაიკ მენიოს კარშიც თავისუფლად შეგორდება, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ფრანგების მსგავსი თამაში განვლილი სამი კვირის განმავლობაში არავის უჩვენებია.
მათ შორის არც ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც გუშინ ავსტრიას ძალიან დამაჯერებლად აჯობა – 3:0. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა აშკარად უკეთესი ფეხბურთი შემოგვთავაზა, ვიდრე ჯგუფში გვიჩვენა. ესპანელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს გოლის გაუშვებლად, მთავარი კი ისაა, რომ დაუმარცხებელი სერია 34 შეხვედრამდე გაზარდეს. თუ ფურია როხამ მომდევნო მეტოქესთანაც გაიხარა, საკუთარ რეკორდს გაიმეორებს.
საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ლამინ იამალს გადაეცა, მაგრამ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, პირველ რიგში უნაი სიმონს დავაჯილდოვებდი. მართალია მას ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ ისეთი რეკორდი გააუმჯობესა, პირადად მე მარადიული რომ მეგონა: კატარი 2022-იდან დაწყებული, ფინალური ეტაპის მიჯრით მეხუთე მატჩში არ გაუშვა გოლი და ორი წუთით აჯობა ვალტერ ძენგას. ესპანელი გოლკიპერის ახალი რეკორდი 519 წუთია, სკუადრა აძურას მეკარემ კი 1990 წელს, იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 517 წუთი „გაძლო“.
უნაი სიმონი მერვედფინალშიც ძირითადი მეკარე იქნება, იქ კი კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია მისი დიდებული სვლის რაც შეიძლება მალე შეწყვეტას შეეცდება. 6 ივლისს, არლინგტონში, ევროპული ფეხბურთის კლასიკა გველის: ევროპის ჩემპიონი ესპანეთი პორტუგალიის წინააღმდეგ. ბოლოს ისინი შარშან, 8 ივნისს შეხვდნენ ევროპის ერთა ლიგის ფინალში, რომელიც 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პორტუგალიელებმა გაიმარჯვეს.
კრიშტიანუ რონალდუმ იმ ფინალში ანგარიში გაათანაბრა და იგივე მოახერხა ხორვატებთან გუშინდელ მეთექვსმეტედფინალშიც, 68-ე წუთზე იდეალურად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა. მანამდე ივან პერიშიჩმა გახსნა ანგარიში 53-ე წუთზე.
ყველა დროის უდიდესი ბომბარდირი, რომელიც 41 წლის ასაკში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს, ყველაზე ასაკოვანია, ვისაც კი მუნდიალის ფლეი ოფში უთამაშია და გოლი გაუტანია. სხვათა შორის, ეს რონალდუს პირველი გოლი იყო ჯგუფს მიღმა მატჩებში. არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ ეს იყო პირველი მატჩი ტურნირის ისტორიაში, როცა მეტოქე კაპიტნები მინიმუმ 40 წლის იყვნენ.
თუ რონალდუმ 232-ედ ითამაშა ნაკრებში, ლუკა მოდრიჩისთვის ეს 202-ე მატჩი იყო. და ალბათ უკანასკნელიც, რადგან მან ჯერ კიდევ მაისში თქვა, რომ კარიერას მსოფლიო ჩემპიონატით დაასრულებდა. თუ პორტუგალიასთან თამაშით ვიმსჯელებთ, მოდრიჩმა არ უნდა იჩქაროს.
ბოლო ორი მუნდიალის მედალოსან ხორვატიას, რომელიც პირველ ტაიმში აშკარად უკეთესი იყო და მეორე ნახევარიც ბრწყინვალედ დაიწყო, მსაჯის მიერ დამატებულ დროში არ გაუმართლა: ჯერ იყო და 94-ე წუთზე გონსალო რამოშისგან გაუშვა თავური გოლი, უკანასკნელ წამებზე კი მეორე ბურთი გაიტანა დიოგო კოშტას კარში, რომელიც VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. თუ გავიხსენებთ, რომ მანამდე სამი გატანილი გოლი არ ჩაითვალა, მათ შორის რონალდუს დიდოსტატური დარტყმა, ამ შეხვედრას, უფრო კონკრეტულად კი მეორე ტაიმს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საუკეთესო 45 წუთი.
„შარშან ჩვენ დიოგო ჟოტა დავკარგეთ. მისი სიკვდილი აუნაზღაურებელი დანაკლისია და ეს გამარჯვება სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება“ – განაცხადა პორტუგალიის ნაკრების ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა.
დიოგო ჟოტა ძმასთან ერთად დაიღუპა ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 3 ივლისს ესპანეთის პროვინცია ზამორაში მომხდარ ავტოავარიაში. ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელმაც პორტუგალიის ნაკრების მაისურით 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ორჯერ მოიგო ევროპის ერთა ლიგა, მხოლოდ 28 წლის იყო.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 3 ივლისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com
