წერილები ამერიკიდან: 5 ივლისი
4 ივლისი ამერიკის დაბადების დღეა. შეერთებული შტატები 250-ედ აღნიშნავს მოვლენას, რომელმაც სათავე დაუდო ახალ ქვეყანას და სრულიად შეცვალა მსოფლიო ისტორია.
1776 წლის 4 ივლისს, პენსილვანიის უდიდეს ქალაქ ფილადელფიაში გამართულ მეორე კონტინენტურ კონგრესზე, ცამეტი კოლონიის წარმომადგენლებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ აღარ დაემორჩილებიან დიდი ბრიტანეთის მონარქს, მეფე ჯორჯ III-ს და გააგრძელებენ ცხოვრებას როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი შტატები.
მას შემდეგ ყოველი 4 ივლისი ზარ-ზეიმით აღინიშნება: აღლუმები, თეატრალური წარმოდგენებით გაცოცხლებული ისტორიული ამბები, ფოიერვერკები… შეერთებული შტატების ყველა ქალაქსა თუ დაბაში ხარობენ დამოუკიდებლობის დღით, წელს კი სხვა მასშტაბებია, ქვეყანა 250 წლის გახდა.
2 და 3 ივლისს ფილადელფიაში ვიყავი. ძველ ქალაქში ის შენობა და დარბაზი მოვინახულე, სადაც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. თავისუფლების ზარიც ვნახე, 1776 წლის 4 ივლისის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. ის ცალკე შენობაშია გამოფენილი და ამ დღეებში მასთან ათასობით ტურისტმა გადაიღო ფოტო. გამონაკლისი არც მე ვარ. იქვე, სუვენირების მაღაზიაში საგანგებოდ 250 წლის იუბილესთვის დაბეჭდილი დეკლარაციაც შევიძინე, კორიდორში კი თვით ბენჯამინ ფრანკლინსაც „შევხვდი“, რომელიც ღიმილით პოზიორობდა სტუმრებთან.
გამიმართლა რომ ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის იუბილეს ფილადელფიაში შევხვდი. მეტიც, იღბლიანად ვთვლი თავს, რადგან 4 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალსაც დავესწარი. აქაური დროით საღამოს ხუთ საათზე ლინკოლნ სთედიუმს ვესტუმრე, სადაც საფრანგეთი პარაგვაის შეხვდა.
მათი დაპირისპირება ჯერ კიდევ 1998 წლიდან მახსოვს, როცა ფიფას ოქროს თასი საფრანგეთში გათამაშდა. ამ ორი გუნდის გზა მაშინაც მერვედფინალში გადაიკვეთა. პარაგვაელების კარს იმ დროს ხოსე ლუის ჩილავერტი იცავდა, დიდიე დეშამი კი, დღეს უკვე მწვრთნელი-რეკორდსმენი, მასპინძელთა გუნდისთავი გახლდათ.
პარაგვაელებმა ძალიან ანერვიულეს მომავალი მსოფლიოს ჩემპიონები, რომლებიც იმ მატჩს დისკვალიფიცირებული ზინედინ ზიდანის გარეშე შეხვდნენ. ემე ჟაკეს გუნდმა მხოლოდ დამატებით დროში, ლორან ბლანის გოლით გატეხა მეტოქე. გუშინდელივით მახსოვს ის დღეები, რადგან 1998 წელს გაზეთ სარბიელში ვმუშაობდი და ჩემპიონატს ვაშუქებდი.
დღეს კი, ოცდარვა წლის შემდეგ, ფილადელფიაში ვარ, სარბიელი აღარ გამოიცემა, მაგრამ ჩანახატებს მაინც ვწერ. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ წიგნად გამოვცემ. საფრანგეთის ნაკრები ამდენი წლის შემდეგაც ძალიან კარგი გუნდია, ალბათ 1998 წლის ნაკრებზე უკეთესიც. ამიტომაც, მასპინძელს გუშინდელი მერვედფინალის წინ ხუმრობით მადლობაც შევწირე, მომავალი ჩემპიონის სანახავად დამპატიჟე-მეთქი.
თუმცა დიდ ფეხბურთამდე 4 ივლისის საზეიმო აღლუმზე ვიყავი, პენსილვანიის შტატის ერთ პატარა ქალაქში, ფილადელფიის მეზობელ ჩალფონტში დილით შევიკრიბეთ.
ამერიკის შეერთებული შტატების დროშებს, რომელზეც 1776 წელს მხოლოდ ცამეტი თეთრი ვარსკვლავი იყო, დღეს კი ორმოცდაათია, ყველგან ნახავდით: ეზოებში, გზების გასწვრივ, ხიდებზე, ცათამბჯენებზე, მდინარე დელავერის სანაპიროს გასწვრივ, სწრაფი კვების ობიექტებზე, სუპერმარკეტებთან, ქუდებზე, შარვლებზე, მაისურებზე, კაბებზე, ამერიკელების სახეებზე… უშველებელი ამწეებიც თავისებურად „აღნიშნავენ“ 4 ივლისს: კაუჭები, სხვა დროს მძიმე ტვირთებს რომ ეზიდებიან, ბოლო სამი დღეა თეთრ-წითელ-ლურჯი დროშების სამაგრად ქცეულან.
ჩალფონტის მთავარ ქუჩაზე, მეინ სტრიტზე, სანახაობის მოყვარულები დილიდან შეიკრიბნენ. ცხელოდა, მაგრამ უკან არავის დაუხევია: ბავშვები და ასაკოვნები სავარძლებში მოკალათდნენ, ზრდასრულები და თინეიჯერები ჩრდილში დადგნენ ან ქუჩის გასწვრივ. ჩვენც მათ შევუერთდით, ტროტუარზე ჩამოვჯექით. ყავა, კრუასანი, ჩიზბურგერი, წყალი… გზაჯვარედინთან მდებარე სწრაფი კვების მაღაზია სტუმრებს ვერ აუდიოდა. ნაცნობი სურათი.
პოლიცია ფხიზლად იყო, აღლუმის თანმიმდევრობა კი წინასწარ გაეწერათ: სასულე ორკესტრს სახანძრო რაზმი მოჰყვება, შემდეგ სამხედროები მოდიან, მათ პოლიციის ქვედანაყოფის შენაერთი მოსდევს, რომლებსაც ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლოს, შევროლე კორვეტის კოლექციონერები ცვლიან თავიანთი ეფექტური ავტომობილებით, არც ძველებურ ფორდებს ივიწყებენ, მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები თავის რიგს ელიან… აღლუმის მონაწილეებს შორის მოხალისეები დადიან და მაყურებლებს, განსაკუთრებით კი პატარებს ბეიზბოლის ბურთებს, რიცხვ 250-ით დამშვენებულ დროშებს და ტკბილეულს ურიგებენ. არაერთი წყლის შხეფებით გვაგრილებდა, ბავშვები კი ცელოფნის პარკებით დარბოდნენ და ასფალტზე დაყრილ შოკოლადებს და საღეჭ რეზინს აგროვებდნენ…
ჯერ ერთ კუთხეში დავდექი, შემდეგ ქუჩის გადაღმა გადავედი. ვეცადე გემოზე მეჩხაკუნებინა ერთგული ნიკონი. დენის ბოძებზე სხვადასხვა ომში დაღუპული პენსილვანიელი ჯარისკაცების ფოტოები შევნიშნე. ფოტოს ქვეშ სახელი, გვარი, დაბადების და გარდაცვალების წელი და სამხედრო ჩინია მითითებული. ქვეყანას ახსოვს და პატივს მიაგებს გმირებს…
საზეიმო აღლუმი დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. შემდეგ ყველა სტუმარმა თავის სკამი, ქოლგა და ნივთი აიღო და სახლში შევიდა ან მანქანისკენ გაემართა. 5 ივლისი კვირაა, ყველას დასვენება სურს, რადგან ორშაბათიდან ამერიკელების ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
მაგრამ მე სხვა „მისიით“ ვარ ამერიკაში და ჩემი განრიგი საერთოდ არ ჰგავს ადგილობრივებისას: მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ვწერ და დღეს, 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების 250-ე დაბადების დღეზე, ცხოვრებაში პირველად უნდა დავესწრო მთავარი საფეხბურთო შეჯიბრების ეგიდით გამართულ მატჩს.
ამერიკული ფეხბურთის კლუბის ფილადელფია იგლზის საშინაო სარბიელი, ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი, რომელიც ამ მუნდიალის ერთ-ერთი მასპინძელია, აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. იქვეა ფილადელფიის საკალათბურთო და ჰოკეის კლუბების არენა – იქსფინიტი მობაილი, ასევე ბეიზბოლის გუნდის, ფილადელფია ფილის სტადიონი სითიზენს ბენქ პარკი. სპორტული კვარტლის გარშემო უზარმაზარი პარკინგებია, ასევე ერთ შენობაში განთავსებული სასტუმრო და კაზინო ლაიფი, რომელიც ყოველ დღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში „იხუტებს“ გართობის მოყვარულებს.
მასპინძელმა სწორედ კაზინოში დამპატიჟა, თუმცა სხვა მიზნით. საფრანგეთი-პარაგვაის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კანადის და მაროკოს ნაკრებთა მერვედფინალი იყო დანიშნული, კაზინოს უზარმაზარი და გრილი სპორტ-ბარი რამდენიმე დიდი ეკრანით კი დიახაც რომ იდეალური ადგილი იყო დროის გასაყვანად, პირველ ყოვლისა კი გაუსაძლის ხვატში სულის მოსათქმელად.
არცთუ სანახაობრივი მატჩის ორი ტაიმი თვალის დახამხამებაში გაილია. ფრანგ, მაროკოელ, კანადელ და პარაგვაელ გულშემატკივრებს შორის მოხვედრილებმა ათას თემაზე ვისაუბრეთ, ამასობაში კი მაროკომ, რომელიც ბოლო ორი ჩემპიონატია მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს, გაიმარჯვა. თამაშის დამთავრებისთანავე სტადიონისკენ წავედით, კაზინოდან იქამდე თხუთმეტ წუთზე ნაკლებ დროში მივედით.
ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი ნამდვილ სკას ჰგავს: საფრანგეთის და პარაგვაის გულშემატკივრების ტევა არ არის! მაგრამ ყველაფერი ორგანიზებულია, რიგები მხოლოდ ფიფას ოფიციალურ მაღაზიებთან შემხვდა. იქ ჩადგომა არც მიფიქრია. ბენქ ოფ ამერიქა ჩემპიონატის ერთ-ერთი სპონსორია, ქომაგებს უფასო სუვენირებს ურიგებდა, მაგრამ იქაც ათასობით ფანი ირეოდა და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რამე-რუმეები ძალიან მიყვარს, არც იქ დამიკარგავს დრო. ტრიბუნაზე შესვლას და ფოტოების გადაღება ვამჯობინე. იმიტომ, რომ ხვალიდან ყველაფერი მოგონებად იქცევა, ფოტოები კი, გარდა იმისა, რომ სამახსოვროდ დამრჩება, დიდი შანსია მომავალი წიგნისთვის გამომადგეს.
კოკა-კოლას პატარა ბოთლი თერთმეტი დოლარი ღირს, წყალი – ოდნავ მეტი, ლუდი მიშელობი კი, რომელიც ჩემპიონატის სპონსორია, უფრო ძვირი. კოკა-კოლას ვყიდულობ, იმიტომ, რომ სიცხეში ძალიან მსიამოვნებს. ეგეც არ იყოს, პლასტმასის ჭიქას თამაშის თარიღი აწერია, მე კი, ხომ გითხარით, მიყვარს ასეთი სუვენირები.
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის სტანდარტულ ცერემონიას 4 ივლისისადმი მიძღვნილი ღონისძიება უსწრებს, დაახლოებით თხუთმეტწუთიანი სანახაობა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო ჰიმნით სრულდება. ბოლო აკორდზე ოთხმა ავიაგამანადგურებელმა გადაგვიფრინა, ძალიან შთამბეჭდავი იყო!
აი მატჩი კი არცთუ სასიამოვნო სანახავი გამოდგა და ამაში დამნაშავე პარაგვაის ნაკრებია. ასე ბინძურად მოთამაშე გუნდი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. მსაჯზეც ცალკე სათქმელია, მაგრამ რადგან ეს ჩანახატი მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, მხოლოდ ამას ვიტყვი: ასეთი დაბალი კვალიფიკაციის არბიტრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ უნდა ინიშნებოდნენ.
1998 წლის მსგავსად პარაგვაელებმა კვლავ აწვალეს ფრანგები, მაგრამ საბედნიეროდ, გამარჯვება კვლავ დეშამს და მის ბიჭებს დარჩათ. კილიან მბაპემ დეზირე დუეს მიერ მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და მესის გაუთანაბრდა. ისინი ჩემპიონატის თანაბომბარდირები არიან 7-7 გოლით, თუმცა დიად არგენტინელს ჯერ კიდევ სათამაშო აქვს თავის მერვედფინალი.
შინ დაახლოებით სამ საათში დავბრუნდით. საცობების გამო სტადიონის ტერიტორიიდან გასვლა დაგვიგვიანდა და მეგობარს ვეღარ ვესტუმრეთ, რომელმაც საზეიმო ფოიერვერკზე ერთი დღით ადრე მიგვიწვია. სამაგიეროდ მალე ჩემს მასპინძელს ეწვივნენ აქაური მეგობრები და ნაცნობები.
მწვადი, ხაჭაპური, სენდვიჩი, ნამცხვარი, ხილი… ტეკილაც კარგი იყო, მაგრამ მალე მაინც კახურ ჭაჭაზე გადავედით. სიტყვას სიტყვა მოჰყვა, ერთ ისტორიას მეორე, ბავშვობის ამბები ამერიკულმა თავგადასავლებმა შეცვალა.
ერთი პატარა სუფრის გარშემო შეკრებილი ეს ხალხი, ღიმილიანი და ჭაღარაშეპარული ქართველები, უკრაინელები თუ უზბეკები, რამდენიმე ათეული წელია რაც ამერიკაში ცხოვრობს. ყველამ თავის საქმე და ადგილი იპოვა შეერთებულ შტატების მზის ქვეშ. ამ ქვეყანამ მათ შანსი მისცა. ცხადია ვარდი უეკლოდ არცერთს მოუკრეფია, მაგრამ ამბობენ, რომ განვლილი გზა ცდად ნამდვილად ღირდა. რა თქმა უნდა სამშობლოც ენატრებათ, ცხოვრების ნახევარზე მეტი ხომ იქ გაატარეს. ახლობელ-მეგობრები და მშობლებიც იქ დატოვეს, მაგრამ მათი აწმყო ამერიკის შეერთებული შტატებია, შვილები აქ შეეძინათ და ისინი უკვე აქაურ სკოლებში სწავლობენ.
რონალდ რეიგანის სიტყვები გამახსენდა, ერთ კარგ ქართულ წიგნში რომ ამოვიკითხე: „შეგიძლიათ იცხოვროთ საფრანგეთში, მაგრამ ვერასდროს გახდებით ფრანგი. შეგიძლიათ იცხოვროთ გერმანიაში, თურქეთში ან იაპონიაში, მაგრამ ვერასდროს გახდებით გერმანელი, თურქი ან იაპონელი. მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან, შეუძლია ჩამოვიდეს, იცხოვროს ამერიკაში და გახდეს ამერიკელი“.
ღმერთმა დალოცოს ამერიკა! – თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა და მისი სადღეგრძელო ყველამ აიტაცა. მათ მეც შევუერთდი.
ასე დავასრულეთ 2026 წლის 4 ივლისი, ამერიკის 250-ე დაბადების დღე, რომელიც ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ლამაზი აღლუმით დავიწყეთ, ფილადელფიაში საფეხბურთო თავგადასავლით გავაგრძელეთ და შინ მისულებმა ტკბილი მოგონებებით დავაგვირგვინეთ.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 5 ივლისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com
