წერილები ამერიკიდან: 8 ივლისი
„მეორე პენალტი ვერ გავიტანე და ეს ძალიან მტკივნეული იყო. როგორც კი მეკარემ ბურთი მოიგერია, გავიფიქრე, რომ გუნდი დავაღალატე… ეს თამაში რომ წაგვეგო, მარცხი მხოლოდ ჩემი ბრალი იქნებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ღმერთს განსაკუთრებული საჩუქარი ჰქონდა ჩემთვის მომზადებული. ემოციებისგან დაცლილი ვარ, ასეთი გამარჯვების შემდეგ სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს“.
მსოფლიოს ჩემპიონმა არგენტინამ კვლავ ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და ატლანტაში, მერსედეს-ბენც სთედიუმზე მორიგი ემოციური გამარჯვება იზეიმა: თითქმის წაგებულ მერვედფინალში 3:2 დაამარცხა ეგვიპტის ნაკრები, არადა 78-ე წუთზე ორი ბურთით მარცხდებოდა. ოთხი დღით ადრე თეთრ-ცისფრებმა ზუსტად იგივე ანგარიშით სძლიეს კაბო ვერდეს, იქაც დიდხანს ანერვიულეს ქომაგები, მაგრამ იმ მატჩში სკალონის ბიჭები მდევრის როლში არ ყოფილან.
ატლანტაში კი, ამ ჩემპიონატზე პირველად, არგენტინელთა მეტოქემ გახსნა ანგარიში: მე-15 წუთზე შეტევაში ჩართულმა იასერ იბრაჰიმმა ლისანდრო მარტინესს აჯობა და თავური დარტყმით შეარხია ემილიანო მარტინესის კარის ბადე.
21-ე წუთზე თეთრ-ცისფრებმა პენალტის უფლება მიიღეს. ბურთთან ლეო მესი მივიდა. კაპიტანმა იმავე კუთხეში დაარტყა, რომელიც ავსტრიასთან მატჩში აირჩია, მაგრამ მეკარე ახლაც მიუხვდა ჩანაფიქრს, დარტყმა მოიგერია. მესიმ მეოთხე პენალტი ვერ გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც ანტირეკორდია, ისევე როგორც ერთ მუნდიალზე გაფუჭებული ორი თერთმეტმეტრიანი.
შესვენებამდე არგენტინელებმა კიდევ ორი რეალური საგოლე შანსი ვერ გამოიყენეს, ჯერ კარლოს მაკალისტერის თავური დარტყმა მოიგერია მოსტაფა შობეირმა, რამდენიმე წუთში კი მან ხულიან ალვარესიც გააწბილა.
58-ე წუთზე ეგვიპტელებმა მეორე ბურთი შეაგდეს არგენტინელთა კარში, მაგრამ მუსტაფა ზიკოს შეტევა VAR-ზე გადამოწმდა და… გაუქმდა. თუმცა 67-ე წუთზე მან კიდევ ერთხელ გაიხარა, იმ ჯერზე მისი გოლი ჩაითვალა და ეგვიპტელთა უპირატესობაც გაიზარდა.
78-ე წუთისთვის „ფარაონებს“ მშვიდად მიჰყავდათ თამაში დასასრულამდე. მეტიც, ჰოსამ ჰასანის გაწვრთნილი გუნდი ეპიზოდებში ძალიან სახიფათოდ უტევდა. ერთი შეხედვით აფრიკელები ახლოს იყვნენ სენსაციასთან, მაგრამ ბოლო თხუთმეტ წუთში ნამდვილი დრამა გათამაშდა და ყველაფერი თავდაყირა დადგა:
79-ე წუთზე მესიმ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, კრისტიან რომერომ კი დასწრებაზე ითამაშა და ისევე როგორც კაბო ვერდესთან შეხვედრაში, ახლაც თავური დარტყმით გაიტანა გოლი – 1:2. მესიმ კი მეცხრე საგოლე პასი მიითვალა ფინალურ ეტაპზე, რითაც დიეგო არმანდო მარადონას გაუსწრო, ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.
83-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: ეგვიპტელთა საჯარიმოში შევარდნილმა გონსალო მონტიელმა მესის დაუგდო ბურთი და მანაც უძლიერესი დარტყმით კინაღამ გაგლიჯა ეგვიპტელთა კარის ბადე – 2:2. მცველებმა ვერაფერი იღონეს, მეკარემ კი ბურთს ხელი წაარტყა, მაგრამ ეს მოსაგერიებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ლეომ გილერმო სტაბილეს მიღწევა გაიმეორა, მეორე არგენტინელი გახდა, რომელმაც ერთ მუნდიალზე 8 გოლი გაიტანა! სტაბილე, გეცოდინებათ, მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახლდათ. გარდა ამისა, ლეომ ფინალური ეტაპის მიჯრით მეცხრე თამაშში გაიტანა გოლი, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. და კიდევ: მესიმ ფლეი ოფის ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ამ მხრივაც პირველია.
92-ე წუთზე უკვე ენცო ფერნანდესმა გადარია ისედაც ნერვებდაწყვეტილი არგენტინელი გულშემატკივრები, ლაუტარო მარტინესის ჩაწოდების შემდეგ მესამე ბურთი გაუტანა შობერის – 3:2. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ფერნანდესმაც შეაბიჯა, რადგან საიუბილეო, მე-3000 გოლის ავტორი გახდა.
ეგვიპტელები, რომლებიც მსაჯის შეცდომების გამო ისედაც გაღიზიანებულნი იყვნენ, წყობიდან გამოვიდნენ და ყვითელ-წითელი ბარათებით დაისაჯნენ. ფრანსუა ლეტეშიემ ჯერ მუსტაფა შობეირი გააფრთხილა, შემდეგ ჰამდი ფათი, მეკარეთა მწვრთნელს სააფან ელ საღეერს წითელი აუფრიალა, მარვან ატიას და ჰოსამ ჰასანის დაშოშმინება კი ყვითლებით სცადა.
გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და არბიტრმა მერვედფინალი დაასრულა. ჩემპიონი არგენტინა დრამატული მოგებით გავიდა მეოთხედფინალში. სხვათა შორის, სამხრეთამერიკელებმა პირველად გაიმარჯვეს იმ შეხვედრაში, რომლის პირველი ტაიმი დათმეს. ცხრა მსგავსი შემთხვევიდან თეთრ-ცისფრებმა რვა წააგეს და ერთადერთხელ ითამაშეს ფრედ, 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალში იტალიასთან.
ლიონელ სკალონიმ, რომელმაც მინდორზე სახელდახელო კომენტარის დროს ხმა ვერ ამოიღო და უბრალოდ ატირდა, პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„სანამ მსაჯი თამაშს არ დაამთავრებს, დაკარგული არაფერია. შესაძლოა მითხრან, რომ ახლა, ასეთი გამარჯვების შემდეგ ადვილია მსგავსი საუბარი, მაგრამ არავის ვუსურვებ იმ წუთებს, რაც დღეს გადავიტანე. ეს იყო ერთ-ერთი რთული თამაში მას შემდეგ, რაც ნაკრებს ვხელმძღვანელობ, მაგრამ ამავდროულად, სწორედ ასეთი გამარჯვებებით იბადებიან დიდი ჩემპიონები. მესიზე კი რა უნდა ვთქვა? ის თავის ლიგაში თამაშობს, ლეო საუკეთესოა“!
მისგან განსხვავებით საშინელ ხასიათზე იყო ეგვიპტელთა თავკაცი ჰასანი, რომელმაც მსაჯობას სამარცხვინო უწოდა, ფიფას შესახებ კი თქვა:
„დღეს ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ უსამართლო შედეგი მივიღეთ. ნათელია, რომ ფიფას არგენტინის ჩემპიონობა სურს. კეთილი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სხვებს რატომ გვეძახიან?
არაფერი შეიცვლება, სანამ ფეხბურთზე მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი იქნება. ფიფას სურს რომ ჩემპიონი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს გათამაშებაში. მხოლოდ ასე თუ ავხსნი მსაჯობას. რაც დღეს ვიხილე, ეს იყო კატასტროფა! ჩვენ უსამართლოდ გაგვიუქმეს გოლი და არც პენალტი დაგვინიშნეს, არადა წესის დარღვევა აშკარა იყო!
ისიც მაინტერესებს ხალხს, ვინც დროს არჩევს, ოდესმე თუ უთამაშია ფეხბურთი? შუადღით მატჩს არავინ ნიშნავს, თორმეტ საათზე გულშემატკივრებს ფეხბურთის ყურება კი არა, სეირნობა და დასვენება სურთ…
მსოფლიო ჩემპიონატს აღარასდროს ვნახავ! ასეთი იქნება ჩემი პროტესტი, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“.
ფრანსუა ლეტეშიე არც მუსტაფა ზიკომ დაინდო: „ასეთი საშინელი მსაჯობის შემდეგ ყველასთვის ნათელია, რომ გამარჯვებული წინასწარაა შერჩეული“.
მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ ბოლო წუთებში დაკარგული გამარჯვება თავზარდამცემია და ეგვიპტელთა კომენტარიც გასაგებია, მით უმეტეს, რომ მართლაც იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა მთავარ მსაჯს შეეძლო არგენტინელთა დაჯარიმება. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა და თასისთვის ბრძოლაც მეტოქემ გააგრძელა.
არგენტინა 11 ივლისს შეეცდება ნახევარფინალში გასვლას. მისი მორიგი მეტოქე შვეიცარიაა, რომელმაც უკანასკნელ მერვედფინალში კოლუმბიას პენალტების სერიაში სძლია – 4:3. ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა.
შვეიცარია მეოთხედ ითამაშებს მეოთხედფინალში, მაგრამ პირველად… 1954 წლის შემდეგ. კოლუმბია კი ამ ჩემპიონატის ერთადერთ მონაწილედ დარჩება, რომელმაც სამივე თანამასპინძელ ქვეყანაში ითამაშა. იმიტომ, რომ მუნდიალის ბოლო რვა შეხვედრას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს.
დღეს გულშემატკივრები დაისვენებენ, 8 ივლისს ერთი თამაშიც არ გაიმართება, ბოლო ოცდარვა დღეში პირველად.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 8 ივლისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com
