წერილები ამერიკიდან: 15 ივლისი
მსოფლიო ჩემპიონატზე ზუსტად ერთი თვის წინ გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ესპანეთი ფინალშია. ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა გუნდმა გუშინდელ ნახევარფინალში დიდებულად ითამაშა და 2:0 სძლია წინა პირველობის ვერცხლის მედალოსან საფრანგეთს. სამხრეთ აფრიკა 2010-ის შემდეგ ესპანეთი პირველად ითამაშებს ფიფას ოქროს თასისთვის.
მაგრამ ერთია გამარჯვება და მეორე, თუ რა ფეხბურთით გაიხარა ესპანეთმა. თეთრი მაისურებით და შინდისფერი შორტებით მოთამაშე ბიჭებმა შანსი არ დაუტოვეს ამ ჩემპიონატის ყველაზე შედეგიან და, ალბათ, ყველაზე ეფექტურ გუნდს.
იმის თქმაც იოლია, რომ საუკეთესო დაცვამ საუკეთესო თავდასხმას აჯობა, მაგრამ მთლად ასე იოლადაც არ არის საქმე. ესპანელებს სულაც არ უთამაშიათ დაცვითი ფეხბურთი, მათ გუნდურობით აჯობეს მეტოქეს. ეს კი სულ სხვა რამეა. ცალკე აღებული, ეგებ ფრანგები უკეთესები არიან, საკამათო საკითხია, მაგრამ როგორც გუნდი… ნახევარფინალმა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გაგვცა.
მსგავსი მატჩების შემდეგ ვიტყვით ხოლმე, გამარჯვებულმა დამარცხებულს „საფეხბურთო გაკვეთილი“ ჩაუტარაო, მაგრამ იმას, რაც გუშინ ვიხილეთ ესპანელთა შესრულებით, ლექცია უფრო ერქვა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს ვადევნებთ თვალს, ფეხბურთელების „უმაღლეს სასწავლებელს“, სადაც სუპერვარსკვლავები იზრდებიან. გაკვეთილები კი სკოლაში მთავრდება, ეს გზა გუშინდელი შეხვედრის მონაწილეებმა წლების წინ გაიარეს.
15 ივნისს, ატლანტაში, ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტ კაბო ვერდეს შეხვდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა, მედიამ კი ისეთი კრიტიკა დაატეხა ნაკრებს, ლუის დე ლა ფუენტეს ხელში რომ არ უნახავს. ჟურნალისტებმა არც მიკელ ოიარსაბალი დაინდეს, ბოლო წელიწადნახევარში გუნდის მთავარი ბომბარდირი.
შემდეგ რა მოხდა? ევროპის ჩემპიონებმა მოუმატეს: 4:0 საუდის არაბეთთან, 1:0 ურუგვაისთან, იოლი გამარჯვება ავსტრიასთან მეთექვსმეტედფინალში – 3:0, 1:0 კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან მერვედფინალში, 2:1 ბელგიის წინააღმდეგ მეოთხედფინალში…
ესპანეთმა თამაშიდან თამაშამდე „გაიღვიძა“, ნახევარფინალამდე რამდენიმე რეკორდიც დაამყარა, ოიარსაბალმა გოლების გატანა „გაიხსენა“, მაგრამ ამის მიუხედავად, ფავორიტად მაინც საფრანგეთი ითვლებოდა. იმიტომ, რომ დიდიე დეშამის გუნდი პირველი ტურიდან მეოთხედფინალის ჩათვლით ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა, გუნდის კაპიტანი და მთავარი ბომბარდირი კილიან მბაპე კი ისე ბურთაობდა, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე აცხადებდა პრეტენზიას.
მატჩამდე რამდენიმე გადაცემა ვნახე FOX Sports-ის და CBS-ის ეთერში. ტიერი ანრი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალექსი ლალასი, პიტერ შმეიხელი, ალესანდრო დელ პიერო და კიდევ რამდენიმე ვეტერანი, რომლებიც თვეზე მეტია მატჩებს მიმოიხილავენ, საფრანგეთს ანიჭებდნენ უპირატესობას.
იმ გადაცემების სტუმართა შორის მხოლოდ ერთი კაცი ამბობდა, რომ ფავორიტი ესპანეთის ნაკრები იყო. მისი გვარი არც დამამახსოვრდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ფეხბურთი არ უთამაშია, სახეზე ვერ ვიცანი. ნახევარფინალამდე ბოლო გადაცემაში მან ისიც თქვა, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, ნახევარფინალში ნებისმიერ მეტოქეს ვისურვებდი ამ ესპანეთის გარდაო.
ფრანგების ძალასა და გამარჯვებაში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ მის ნათქვამზე გამეღიმა. გულახდილად ვამბობ, მართლა ვერ წარმომედგინა, რის ხარჯზე უნდა დაემარცხებინა ესპანეთს საფრანგეთი, როგორ უნდა გამკლავებოდნენ ევროპის ჩემპიონი გუნდის თუნდაც ჩინებულად მოთამაშე მცველები ზღაპრულ ფორმაში მყოფ ფრანგ შემტევებს. მაგრამ დაიწყო ნახევარფინალი და მივხვდი, რომ ფრანგებს გაუჭირდებოდათ, პირველად ამ ჩემპიონატზე.
ესპანეთის დონის მეტოქესთან კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ დეშამის გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი მარცხენა მცველი ლუკას დინე იყო. არანაკლებ მძიმე სანახავი გამოდგა დაკარგული ცენტრი, პირწმინდად წაგებული ნახევარდაცვა. ახლა რაღა დროს ამის თქმაა, მაგრამ ჩემი აზრით დეშამი შეცდა, როცა კონეს ნაცვლად ჩუამენი დააბრუნა ძირითად შემადგენლობაში. განვლილ მატჩებში კონე, რაბიოსთან ერთად, ძალიან კარგი იყო. ამ უკანასკნელს სულაც ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ვხედავდი.
მაგრამ ორივეს ლამის მარტომ აჯობა ესპანელთა კაპიტანმა როდრიმ. მანჩესტერ სიტის ოცდაათი წლის ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზსაც იმსახურებდა. მერე რა, რომ ჯილდო პედრო პოროს ერგო, ამით როდრის არაფერი დაკლებია. ისევე როგორც ევრო 2024-ზე, მან კვლავ უდიდესი როლი ითამაშა ფრანგებთან გამარჯვებაში. ევროპის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელს საგოლე შეტევებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მოგებული ორთაბრძოლებით, ზუსტი პასებით, ნახევარდაცვაში სრული ბატონობით და თამაშის ტემპის იდეალური კონტროლით არანაკლები წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, ვიდრე იმავე ოიარსაბალმა ან პორომ.
გულშემატკივრებს თავდამსხმელები, მეგოლეები უფრო ამახსოვრდებათ, მათ ანიჭებენ უპირატესობას და ოქროს ბურთები და მსგავსი ინდივიდუალური ჯილდოებიც ფორვარდებისთვის უფრო ემეტებათ, თორემ ნებისმიერი მაღალი დონის მწვრთნელი სწორედ როდრის და მისნაირი შემსრულებლებით იწყებს საჩემპიონო გუნდის შენებას.
ესპანეთის ნაკრების კიდევ ორი ნახევარმცველი, დანი ოლმო და ფაბიან რუისიც უნდა ვახსენო, როდრისთან ერთად მოედნის შუაგულში ბერმუდის სამკუთხედი რომ შექმნეს და ფრანგი მეტოქეები გააქრეს. თუნდაც ის კომბინაცია რად ღირს, ამ ორმა ლამინე იამალთან ერთად რომ გაითამაშა!
არც მცველებს დავივიწყებ: პაუ კუბარსიმ, ემერიკ ლაპორტმა და განსაკუთრებით მარკ კუკურეიამ შანსი არ დაუტოვეს მბაპეს, დემბელეს, ოლისეს, ბარკოლას და შემდეგ დუესაც. რა თავგანწირვით თამაშობდნენ, ან როგორ აზღვევდნენ ერთმანეთს!
მარჯვენა მცველმა პედრო პორომ კი სულაც გოლი გაიტანა: შეტევაში ჩართულმა ოლმო მოძებნა, ამ უკანასკნელმა ვარდნაში გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო და ბურთი დაუბრუნა, მეკარესთან პირისპირ გასულმა მცველმა კი ოსტატურად დაასრულა შეტევა – 2:0! შეუდარებელი ფერნანდო იეროს შემდეგ პორო მხოლოდ მეორე ესპანელი მცველი გახდა, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი გოლი გაიტანა.
ანგარიში 58-ე წუთზე შეიცვალა და მეც პირველად მაშინ გავიფიქრე რომ ფრანგების ოცნება ზედიზედ მესამე ფინალზე დასრულდა. მსაჯის სასტვენამდე მინიმუმ ნახევარი საათი კი იყო დარჩენილი, მაგრამ დეშამის ბიჭები ნახევარფინალის გადამრჩენლებს არ ჰგავდნენ. გონებაში წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც ამომიტივტივდა, იქ, არგენტინასთან, მხოლოდ საათის შემდეგ გამოფხიზლდა დეშამის გუნდი, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში იგივე არ მოხდა.
ანგარიში კი 22-ე წუთზე გაიხსნა, მას შემდეგ რაც მიკელ ოიარსაბალმა ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი. სალვადორელმა არბიტრმა ივან ბარტონმა, რომელიც დეშამმა მატჩის შემდეგ მსუბუქად გააკრიტიკა, უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, როგორც კი დინეს და იამალის შეჯახება იხილა. ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში მცველი შეცდა და ბურთის მოსაგერიებლად მოქნეული ფეხი თინეიჯერ ვარსკვლავს მოარტყა. წესის დარღვევა აშკარა იყო. მაიკ მენიო ოიარსაბალს ჩანაფიქრს მიუხვდა, მაგრამ ბურთის ვერ მიწვდა. ეს უკანასკნელიც მესამე ესპანელი გახდა, რომელმაც ერთ მუნდიალზე ხუთი გოლი გაიტანა. 1986 წელს ეს ემილიო ბუტრაგენიომ შეძლო, 2010 წელს კი დავიდ ვილიამ…
საფრანგეთმა მერვედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ დამარცხდა. ამ ეტაპზე ფრანგებს ბოლოს გერმანელებმა აჯობეს 1986 წელს.
ესპანეთმაც მერვედ ითამაშა ნახევარფინალში, თუმცა ევროპის ჩემპიონატების ჩათვლით. პირენეელებმა მეშვიდედ გაიმარჯვეს, მათ მხოლოდ ერთხელ მოეცარათ ხელი, 2021 წელს, როცა იტალიასთან დამარცხდნენ პენალტების სერიაში.
ევროპის ოთხგზის ჩემპიონი 19 ივლისს მეორედ შეეცდება ფიფას ოქროს თასის მოგებას. და მსოფლიო რეკორდის დამყარებას: მათი დამარცხებელი სერია 37 მატჩამდე გაიზარდა, რითაც ესპანელები იტალიელებს გაუთანაბრდნენ, ახლა რეკორდის თანამფლობელები არიან.
„საფრანგეთი ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მაგრამ მათ წინააღმდეგ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები იდგა“, – ასე გამოეხმაურა ესპანელთა თავკაცი გამარჯვებას.
არლინგტონში დიდებული იყო როდრი, შესანიშნავად ითამაშეს დანი ოლმომ, ფაბიან რუისმა, მარკ კუკურეიამ, ემერიკ ლაპორტმა, პაუ კუბარსიმ, პედრო პორომ და უნაი სიმონმა, სხვებმაც არაფერი დაიშურეს, მაგრამ ესპანელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი სწორედ ლუის დე ლა ფუენტეა.
ის 2022 წლის დეკემბერში დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს ჯერ კიდევ წინ აქვთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მისი არჩევით ათიანში მოარტყა.
ახალმა მწვრთნელმა მოიტანა სისტემა, რომელიც ასაკობრივ გუნდებში დანერგა და ყველგან წარმატებით: 19-წლამდელებში (ევროპის ჩემპიონობა 2015 წელს), 21-წლამდელებში (იგივე ტიტული 2019 წელს) და ბოლოს ოლიმპიურ გუნდში (ფინალი ტოკიოში).
შესანიშნავი ფეხბურთით მოგებული ევრო 2012-ის შემდეგ ესპანეთი დიდი ტურნირების ფავორიტიდან რიგით მონაწილემდე დაქვეითდა. მარტო ის რად ღირს, რომ 2014, 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ესპანელებმა ფლეი ოფის ერთი თამაშიც ვერ მოიგეს: ჯერ ჯგუფში ჩარჩნენ, შემდეგ კი ზედიზედ ორი მერვედფინალი წააგეს პენალტების სერიაში…
დე ლა ფუენტეს მოსვლით კი ყველაფერი შეიცვალა: 2023 წელს ბიჭებმა ევროპის ერთა ლიგა მოიგეს, 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი, შარშან კიდევ ერთხელ ითამაშეს ერთა ლიგის ფინალში (მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ პორტუგალიასთან), ხუთ დღეში კი მთავარი მატჩი ელით.
ოთხი ფინალი ოთხ წელიწადში!
ზედიზედ 37 დაუმარცხებელი თამაში!
სისტემა, რომელსაც ჯერ ვერავინ უპოვა გასაღები.
მომდევნო გამოცდა 19 ივლისსაა. ესპანელთა მეტოქე რამდენიმე საათში გამოვლინდება. თუ ინგლისმა გაიმარჯვა, ევრო 2024-ის ფინალის გაგრძელებას ვნახავთ, არგენტინის ტრიუმფის შემთხვევაში კი მეორე კოპა ფინალისიმას.
რაც შეეხებათ ფრანგებს, მათ ახალი გუნდის შენება მოუწევთ. ნაკრებში გატარებული თორმეტი წელიწადის შემდეგ დიდიე დეშამი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 15 ივლისი
ნიუ იორკი
ფოტო: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია
