1999 წლის ზაფხული: კოპალას ბიჭები, ბოსკამპი და კორღალიძე
1999 წლის 19 ივლისს, შვედეთის ქალაქ მუტალაში, იდროტსპარკზე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი იტალიასთან 0:2 მარცხით დაიწყო. მეკარე ზურაბ ბათიაშვილს პირველი გოლი რინალდინიმ გაუტანა მე-20 წუთზე, 90-ეზე კი სემიოლიმ მეორედ დალაშქრა ქართველთა კარი.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებულ ემზარ ზენაიშვილს, რომელიც გაზეთ სარბიელისთვის აგზავნიდა რეპორტაჟებს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ კოპალეიშვილმა უთხრა:
„გუნდი შეუთამაშებელია… ფიზიკურად ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით და აქედან გამომდინარე, იტალიელების წინააღმდეგ ცუდად ვითამაშეთ. ნახევარდაცვა და დაცვა სათანადო დონეზე ვერ იყო, რასაც კარგი გამთამაშებლის პრობლემაც დაერთო. ამას გარდა, გუნდს აშკარად დაეტყო ლაშა ჯაკობიას არყოფნა“.
იტალიის წინააღმდეგ ჩვენმა გუნდმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ზურაბ ბათიაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ედიკ საჯაია, სოსო დევიძე (ჯაბა მუჯირი 46), ზურაბ მენთეშაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ოლეგ გველესიანი, ლაშა ნოზაძე (ლადო ბურდული 55), გია იმედაძე, ლევან კორღალიძე (გიორგი მიქაძე 75).
თამაშის მიმოხილვა 20 ივლისს გამოქვეყნდა, მომდევნო, 21 ივლისის სარბიელში კი უეფას პრეზიდენტთან, ლენარტ იუჰანსონთან ექსკლუზიური ინტერვიუც დაიბეჭდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის პირველკაცს ემზარ ზენაიშვილი იტალია-საქართველოს მატჩის შესვენების დროს გაესაუბრა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის ყოფილ პრეზიდენტს დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ უეფაშიც და ფიფაშიც. სასიამოვნოა, რომ დღეს თქვენს ფედერაციას ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცი უდგას სათავეში…
არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები შემთხვევით მოხვდა შვედეთში. შესარჩევი ჯგუფიც სოლიდური იყო და ჩეხებსაც ძლიერი გუნდი ჰყავთ (ფლეი ოფში ქართველებმა ორ მატჩში სწორედ ჩეხებს სძლიეს – ლ.გ.). მჯერა, რომ თქვენი გუნდი გააოცებს მაყურებელს და სპეციალისტებს, მეტოქეებზე რომ არაფერი ვთქვა. თბილისის დინამოს ტრადიციებზე აღზრდილ ფეხბურთელებს ცუდად თამაშის უფლება არ აქვთ“, – თქვა იუჰანსონმა, ხოლო კითხვას, თუ რომელ ადგილზე გავიდოდა ჩვენი გუნდი, ასე უპასუხა: „საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ადგილისთვის არ მემეტება“.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ირლანდიელებმა 1:0 სძლიეს ესპანელებს. მეორე ტურში, 21 ივლისს, ფინსპანგში, საქართველო სწორედ ირლანდიას დაუპირისპირდა. ორივე ნახევარი ფრედ დასრულდა: ირლანდიელებმა მე-4 წუთზე გახსნეს ანგარიში, მაგრამ ზურაბ მენთეშაშვილმა რამდენიმე წამში აღადგინა წონასწორობა, შესვენების შემდეგ კი კოპალეიშვილის ბიჭები ორჯერ დაწინაურდნენ, ვალერი გაგუამ 55-ე და 85-ე წუთებზე შორეული დარტყმებით დალაშქრა დილანის კარი, მაგრამ კუნძულელებმა ორივე შემთხვევაში გაათანაბრეს. საბოლოოდ 3:3. მეორე თამაშიც 3:3 დასრულდა, იტალიამ ესპანეთთან ქულა რინალდინის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა.
„მინდა იცოდეთ: ქართულ ფეხბურთს ძლიერი და საიმედო თაობა ეზრდება. მათ შეუძლიათ ქართული ფეხბურთი ასახელონ. რაც გუნდში ვარ, ეს იყო ბიჭების საუკეთესო მატჩი, რომელსაც ნებისმიერი საფეხბურთო ქვეყნის ნაკრები მოაწერდა ხელს. ვერავის გამოვყოფ, ყველამ კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც მინდა დავეთანხმო აქაური ჟიურის აზრს, რომელმაც მენთეშაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა“, – ასე შეაფასა ვახტანგ კოპალეიშვილმა ჩვენი გუნდის მეორე თამაში.
რაც შეეხება შემადგენლობას, პირველის შეხვედრის შემდეგ ის მცირედით შეიცვალა: ზურაბ ბათიაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ედიკ საჯაია, ვალერი აბრამიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ოლეგ გველესიანი (სოსო დევიძე 31), გიორგი მიქაძე (ლაშა ნოზაძე 30), გია იმედაძე (ლევან კორღალიძე 85), ვალერი გაგუა.
„თქვენ ბევრი დაკარგეთ გუშინ ღამით ფინსპანგში რომ არ იყავით. ირლანდიელმა ყმაწვილებმა ერთ-ერთი უცუდესი შეხვედრა ჩაატარეს, ქართველებს კი სულ ცოტა დააკლდათ ევროპის ჩემპიონების დასამარცხებლად…
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელ ზურაბ მენთეშაშვილს ირლანდიელთაგან მხოლოდ ჯეისონ გევინი თუ შეედრებოდა…
ქართველებს საუკეთესო ბომბარდირი, ლიეჟის სტანდარდში მოთამაშე ლაშა ჯაკობია რომ ჰყოლოდათ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დილანს გაცილებით ბევრი სამუშაო ექნებოდა და კარისთვის ხიფათის აცილება უფრო გაუჭირდებოდა“, – ამ სიტყვებს ირლანდია-საქართველოს თამაშის მიმოხილვაში ამოიკითხავთ, ოღონდ არა სარბიელში, არამედ The Irish Times-ში.
უკანასკნელი ტურის წინ იტალია ჯგუფის ლიდერი იყო და ირლანდიასთან ფინალის საგზურისთვის თამაში უწევდა, ვახტანგ კოპალეიშვილის გუნდი კი, თუ ესპანეთს დაამარცხებდა, ბრინჯაოს მედლისთვის თამაშის შანსს შეინარჩუნებდა. სამწუხაროდ ესპანეთი ჩვენი გუნდისთვის აუღებელი ციხესიმაგრე გამოდგა – 1:4. ქართველებმა ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გაიტანეს, როცა პირენეელებმა ვალერი გაგუა საჯარიმოში წააქციეს და დაზარალებულმა თავად გამოიყენა პენალტი. ეს გაგუას მესამე გოლი იყო შვედეთში და საბოლოოდ ის ევროჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა, ესპანეთმა კი, დიდი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, ჯგუფიდან ვერ გააღწია. ირლანდიამ, რომელიც 0:2 დამარცხდა იტალიასთან, პირად შეხვედრაში გამარჯვების წყალობით ითამაშა დაიკავა მეორე ადგილი და ბრინჯაოს ფინალში ასპარეზობაც გაინაღდა.
„მატჩის კომენტარი ზედმტია, ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. ვეთანხმები იმ აზრს, რომ როცა გუნდი აგებს, აგებს მწვრთნელი და როცა იგებს, იგებენ ფეხბურთელები. სამწუხაროდ გუნდმა დასახული გეგმის მხოლოდ 20-25% შეასრულა. ახლა საჭიროა შვედეთში ჩვენი ასპარეზობის გულმოდგინე ანალიზი. უნდა შევისწავლოთ ჩვენი შეცდომები, რათა მომავალში უკეთ წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა“, – ასეთი იყო ვახტანგ კოპალეიშვილის კომენტარი.
შვედეთი 1999 საბოლოოდ პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში 1:0 სძლია იტალიას. ირლანდიამ კი მესამე ადგილზე დაასრულა ტურნირი, იმავე ანგარიშით აჯობა საბერძნეთს.
ზუსტად იმ დღეს, როცა 18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულეს, შვეიცარიაში თბილისის დინამოს და კიშინიოვის ზიმბრუს შორის გამარჯვებულის მეტოქე დასახელდა: ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველებსა და მოლდოველებს შორის უძლიერესს პსვ ეინდჰოვენი ერგო.
ჩვენი ქვეყნის უცვლელმა ჩემპიონმა რამდენიმე დღეში დაასრულა ნიდერლანდებსა და გერმანიაში გამართული თითქმის ორკვირიანი შეკრება და თბილისში დაბრუნებულმა ზიმბრუსთან პირველი მატჩისთვის მზადება გაგანგრძო.
მატჩის წინა დღეს, 27 ივლისს, დინამოს საწვრთნელ ბაზაზე პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი რომან შოთაძე, მთავარი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი და მისი თანაშემწე გია გეგუჩაძე ჟურნალისტებს შეხვდნენ. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თქვა:
„შეკრებიდან ორი ლეგიონერით გაძლიერებულები დავბრუნდით. ჰოლანდია-გერმანიაში რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი გავსინჯეთ, თუმცა საბოლოოდ ორი დავიტოვეთ, ბელგიელი მეკარე დენი დონდტი და ბრაზილიელი ფორვარდი ანდრე სილვიუ დე სოუზა. დონდტს დე სოუზაზე კარგად ვიცნობ, გამოცდილია, ბელგიის უმაღლეს დივიზიონში 18-19 წლის ასაკიდან თამაშობს, დე სოუზას შესაძლებლობები კი კარგად არ ვიცი. ყველაზე მეტად ბურთის ფლობით გამოირჩევა, შესანიშნავად ფარავს კორპუსით. ერთი შეხედვით დიდი და მოუქნელი კი ჩანს, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე, სამი-ოთხი ნაბიჯის შემდეგ დიდ სისწრაფეს ავითარებს…
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალწვეული გვყავს, საკონტროლო მატჩებში ხარვეზები ვერ დავინახე. ეს თავად ახალმოსულების დამსახურებაა: სიჭინავა, კობიაშვილი, გიგიაძეები, შაშიაშვილი და სხვებიც კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა ერთი მინუსი ყველას აქვს – ბურთს დიდხანს ათამაშებენ. პასამდე ბურთს ხუთ-ექვსჯერ მაინც ეხებიან, მაშინ როცა ერთი შეხებით შეტევაზე გადასვლაა საჭირო…
რატი ალექსიძის ნაცვლად გუნდის კაპიტნად გივი დიდავას დანიშვნა მხოლოდ ერთმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა. ვთვლი, რომ დიდავა დღესდღეობით დინამოს ლიდერია, აქედან გამომდინარე, უფრო ღირსეული კაპიტანიც იქნება. კაპიტანი მხოლოდ ამიტომ შევცვალე, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ყველა გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც გარკვეულ მომენტში ლიდერის ფუნქციას იტვირთებენ, მეტ პასუხისმგებლობას იღებენ. გივი დიდავაც ასეთად მესახება…
ბევრი ზიმბრუს ბარიერს გადალახულად თვლის და პსვ ეინდჰოვენზე ფიქრობს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ მოლდოვური კლუბი უნდა დავამარცხოთ. კიშინიოველთა ძლიერ მხარედ ტექნიკურობა მიმაჩნია, ასე რომ, ეინდჰოვენამდე ჯერ შორია“.
მეორე დღეს, 28 ივლისს, საღამოს შვიდ საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დაიწყო. თბილისის დინამოს და კიშინიოვის ზიმბრუს მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რამაც ტრიბუნებზე შეკრებილი რვა ათასამდე მაყურებელი გააოცა, ხოლო 68-ე წუთზე ვიქტორ ბერკოს მიერ გატანილმა გოლმა ქომაგები გააბრაზა.
დინამო ცვლილებაზე შესულებმა გადაარჩინეს, იოჰან ბოსკამპმა ორივე შემთხვევაში „ათიანში მოარტყა“. 63-ე წუთზე კლიმენტი წიტაიშვილმა დე სოუზა შეცვალა და 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ლევან ხომერიკმა კი, რომელიც ასევე 63-ე წუთზე ჩაერთო თამაშში არჩილ სახვაძის ნაცვლად, 90-ე წუთზე შეაგდო მეორე გოლი. სათქმელია, რომ იმ მომენტში ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი კიკნაძემ, რომელმაც ბურთიანად გადასერა ლამის მთელი მოედანი და საჯარიმოში შეჭრილმა საგოლე გადაცემა შეასრულა.
მეორე დღეს სარბიელმა მკითხველს ამცნო, რომ ეს იყო სულ მესამე შემთხვევა ევროთასების ისტორიაში, როცა ქართულმა კლუბმა ჩამორჩენის მიუხედავად მაინც მოიგო მატჩი. პირველად ასეთი რამ 1972 წლის სექტემბერში მოხდა, როცა დინამომ ენსხედეს ტვენტეს უმასპინძლა და 0:1-ის შემდეგ 3:2 გაიმარჯვა. მეორედ კი 1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, იენის კარლ ცაისთან.
დასამახსოვრებელი იყო სათაურიც, სარბიელმა რომ წაუმძღვარა თამაშის მიმოხილვას: „შემოტრიალება. დინამომ თამაში შემოატრიალა, ბოსკამპმა – დინამო“.
მაგრამ ვაი რომ ეს სიტყვები ნაჩქარევი გამოდგა. ერთი კვირის თავზე, 4 აგვისტოს, საქართველოს ჩემპიონი კიშინიოვის რესპუბლიკანსკიზე 0:2 დამარცხდა და ევროსეზონი დაასრულა.
„არ იყო გუშინ ექსპერიმენტების დრო. არ იყო საჭირო ზიმბრუსთან პირველი მატჩის შემდეგ ბევრი ლაპარაკი, მედიდურობა, აქაოდა კიშინიოველებს თავ-ბედს ვაწყევლინებთო. არც ის იყო მართებული, საპასუხო მატჩამდე თბილისში ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენის დასახვედრად რომ ვემზადებოდით“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტმა კობა ინასარიძემ მოლდოვიდან გამოგზავნილი რეპორტაჟი.
ექსპერიმენტში კი ბოსკამპის ეს გადაწყვეტილებები იგულისხმა: მთავარმა მწვრთნელმა რატი ალექსიძე მარცხენა მცველად ათამაშა, მიხეილ აშვეთია მარცხენა შემტევ ნახევარმცველად, დე სოუზა, რომელიც პირველ შეხვედრაში უსუსტესი იყო, კვლავ ძირითად შემადგენლობაში, ცენტრალურ ფორვარდად გაამწესა, ლევან ხომერიკს კი მარჯვენა თავდამსხმელობა დაავალა.
პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელის ნაცვლად მისი თანაშემწე, გია გეგუჩაძე მივიდა, რომელმაც მხოლოდ ეს თქვა:
„უსაშინლესად ვითამაშეთ… დინამომ დღეს ისე ცუდი იყო, როგორც არასდროს. შესვენებაზე ბოსკამპმა ბიჭები უფრო ფსიქოლოგიურად დაამუშავა, არ შეიძლება ასეთ გუნდთან წაგებაო“.
ანდრე სილვიუ დე სოუზამ ორ დღეში დატოვა დინამო. ბრაზილიელი ისე დაემშვიდობა კლუბს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში წუთი რაა, ისიც არ უთამაშია. კიშინიოვში წაგებიდან სამი დღის შემდეგ დინამომ წვრთნა განაახლა, ბოსკამპმა კი თქვა:
„კლუბთან კონტრაქტი ნოემბრამდე მაქვს, მაგრამ არ ვიცი დავრჩები თუ არა. ეს საკითხი ხელმძღვანელების გადასაწყვეტია. ისე კი, თუ ფეხბურთელები დარჩებიან, მეც დავრჩები. ამ ბიჭებთან ერთად წარმატების მიღწევის იმედი მაქვს“.
გავიდა კიდევ ოთხი დღე და სარბიელმა ასეთი სიახლე ამცნო მკითხველს: „დინამო უმწვრთნელოდ დარჩა“. ნიდერლანდელმა 11 აგვისტოს დატოვა საქართველო, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება შეწყდა.
თუ დინამომ ევროსეზონი დაასრულა, ქუთაისის ტორპედომ და თბილისის ლოკომოტივმა პირიქით, აგვისტოში გამართეს პირველი ევრომატჩები. დავით ყიფიანის გუნდმა ტალინში, კადრიორგზე 5:0 დაამარცხა ლანტანა (ვახტანგ ხვადაგიანი, დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე, კახა ჩხეტიანი, გია მეგრელაძე), მურთაზ ხურცილავას მომზადებულმა ლოკომოტივმა კი ლევან ქებაძის ერთადერთი გოლით სძლია ლინფილდს.
14 აგვისტოს XI ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, სიონი-თბილისი 2:2 დასრულდა, ვიტ ჯორჯიამ კი სტუმრად სძლია წყალტუბოს სამგურალს – 1:0. ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი ბათუმში გაიმართა, მასპინძლებსა და თბილისის დინამოს შორის. აჭარლებმა სეზონის გახსნის ცერემონიაზეც იზრუნეს და ოცათასიან არენაზე მისულ ხუთ ათასამდე გულშემატკივარს ხანმოკლე სანახაობა შესთავაზეს, რომელშიც ვეტერანი დინამოელი, 88 წლის გრიგოლ გაგუაც მონაწილეობდა. პირველი სიმბოლური დარტყმა სწორედ მან შეასრულა.
ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე თბილისის დინამოს გია გეგუჩაძემ უხელმძღვანელა, თუმცა მისი დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, ბათუმელებმა 1:0 გაიმარჯვეს. დაბრუნდა თუ არა გუნდი დედაქალაქში, კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელი წარადგინა, ეროვნული ჩემპიონატების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ოთარ კორღალიძე.
„დირექტორატის წევრებმა ბევრი ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ გუნდი ოთარ კორღალიძისთვის ჩაგვებარებინა. ის ბოლოს თბილისის არსენალს წვრთნიდა, ახალი სეზონი თბილისთან ერთად უნდა დაეწყო, მაგრამ სხვაგვარად მოხდა, დღეს ოთარი დინამოს მთავარი მწვრთნელია…
კორღალიძე გამოცდილი მწვრთნელია, ბოსკამპისგანაც ბევრი ისწავლა, იყო კოვერჩანოს მწვრთნელთა სკოლაში… უახლოეს მომავალშიც დავეხმარებით და უცხოეთში ცოდნის გასაღრმავებლად მივავლენთ. სხვა კანდიდატურა არ განხილულა, ის ერთადერთი იყო“, – განაცხადა დინამოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა რომან შოთაძემ.
„ხუთი დღე-ღამე თითქმის გავასწორე, ვფიქრობდი… ჩემი შესაძლებლობები ავწონ-დავწონე და როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გუნდის გაძღოლა შემეძლო, მხოლოდ მას შემდეგ განვაცხადე თანხმობა“, – თქვა დინამოელთა ახალმა დამრიგებელმა.
იმავე დღეებში დაიბეჭდა კლუბის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კიკნაძის ინტერვიუც. ფეხბურთელის ამ ფრაზას მხოლოდ ერთი მიზნით შეგახსენებთ, იმის აღსაქმელად, თუ როგორ უყურებდნენ იმდროინდელი დინამოელები ეროვნულ ჩემპიონატს და ზოგადად, შინაურ მეტოქეებს:
„თბილისის დინამო ეროვნულ ჩემპიონატს ვისი თავკაცობითაც გინდა, მოიგებს. ამისთვის ბოსკამპის მწვრთნელობა სულაც არ არის აუცილებელი“.
დინამოელთა გამოცდილი ნახევარმცველი რომ ცდებოდა, ეს იმავე ჩემპიონატში დფადასტურდა: ისტორიაში პირველად ოქროს მედლები თბილისელებმა კი არა, ქუთაისელებმა მოიგეს. დავით ყიფიანის ტორპედომ პირველობა 2000 წლის გაზაფხულზე გაინაღდა, 1999 წლის აგვისტოში კი, სეზონის სტარტზე, მეორე შეხვედრაშიც დამაჯერებლად სძლია ლანტანას.
26 აგვისტოს, ქუთაისში, გივი კილაძის სახელობის სტადიონზე გამართული უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო თამაშში ქუთაისელებმა 4:2 გაიმარჯვეს (გია მეგრელაძე 3, ზურაბ იონანიძე), ხოლო იონანიძეს მე-2 წუთზე პენალტიც რომ გაეტანა, ანგარიში გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა.
ნორმალურ ქვეყანაში ხალხი საყვარელი გუნდის გამარჯვებით გაიხარებდა, მაგრამ ვაი რომ მაშინდელი საქართველო და მათ შორის ქუთაისი სავსე იყო უკადრებელის მკადრები კადრებით. ზუსტად იმ დროს, როცა ტორპედო ლანტანას ეთამაშებოდა, მძარცველები კლუბის ბაზაზე შეცვივდნენ, ერთადერთი დამხვდური, დარაჯი გაკოჭეს და ყველაფერი წაიღეს, რაც კი შესაძლებელი იყო: ფეხბურთელების პირადი ნივთები, საფულეები, ბუცები, მაისურები, ჩანთები, ტრუსები, წვერის საპარსები და ჩუსტებიც კი. მოგვიანებით ისიც დაიწერა, რომ დავით ყიფიანის კაბინეტიდან ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონიც გაიტანეს. მილიცია თამაშის შემდეგ მივიდა ბაზაზე, იქვე სხვა მაღალჩინოსნებიც გაჩნდნენ, თუმცა რაც მაშინ ითქვა, მხოლოდ ეს იყო: ამხელა ბაზის ერთი კაცის იმედზე დატოვება შეცდომააო…
იმავე დღეს ითამაშა თბილისის ლოკომოტივმაც, რომელმაც ბელფასტში, უინძორ პარკზე ლინფილდთან გამართული საპასუხო შეხვედრა ზუსტად იმ ანგარიშით დაასრულა, როგორც დინამომ ექვსი წლით ადრე, 1993 წლის აგვისტოში – 1:1. ჩრდილოირლანდიელები 68-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა ხურცილავას გუნდს მხსნელად კვლავ ლევან ქებაძე მოევლინა, რომელმაც 79-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ორ მატჩის ჯამში ტორპედომ 9:2 სძლია ლანტანას, ლოკომოტივმა კი 2:1 გაიმარჯვა.
ბიზანტია საქართველოს წინააღმდეგ – ასე დაასათაურა სარბიელმა 27 აგვისტოს, მონტე კარლოს აუდიტორიუმ კონგრეს ცენტრში გამართული წილისყრა, სადაც ქუთაისის ტორპედოს და თბილისის ლოკომოტივის მომდევნო მეტოქეები გამოვლინდა. რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა, რომელიც წილისყრაში მონაწილეობდა, იმერლებს ათენის აეკი „შეახვედრა“, დედაქალაქელებს კი პაოკი.
დინამოს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კი, რომ შეატყო გუნდი აჭრილიაო, დიღომში, საწვრთნელ ბაზაზე ცხვარი მიიყვანა, შემდეგ კი გუნდი ტაძარშიც წაიყვანა.
ეს ამბავი რომ გახმაურდა, რამდენიმე გამოცემაში დაიწერა, ოთარ კორღალიძეს, დინამოს ახალ მთავარ მწვრთნელს პირველ რიგში ნერვების სიმტკიცეს ვუსურვებთო, სარბიელმა კი ირაკლი ბერიაშვილის ძალიან კარგი ჩანახატი გამოაქვეყნა „მე რომ კორღალიძე ვიყო“:
„მე რომ კორღალიძე ვიყო, საერთოდ მივაფურთხებდი ამ უმადურ პროფესიას და სხვა გზას მოვძებნიდი. მაგრამ, ეტყობა, მართლა ძნელია ძველი გზის დაკარგვა, რამდენიმე ათეული წლის ნაოფლარის მიტოვება (დავიწყება). გულიანი კაცებიც ხომ არიან ქვეყანაზე. ალბათ კორღალიძეც ასეთია.
მე რომ კორღალიძე ვიყო? შუა აგვისტოს ამ დახუთულ დილით თვალს რომ გავახელდი, მაშინვე თავში შემოვიკრავდი ხელს, ზუსტად ისე, ნამთვრალევს იაღლიში რომ მოგივა კაცს და მეორე დღესვე გამწარებული ფიქრობ, როგორ გავასწორო საქმეო. ეს როგორ მომივიდა, ამ ჭირვეული გუნდის მწვრთნელობას როგორ დავთანხმდიო. მაგრამ ეს ოხერი წუთისოფელი ისეთი რამეა, ცდება ხანდახან კაცი. ჯანდაბას, შეცდა და შეცდა, ერთი შეცდომით ქვეყანა არ დაინგრევა.
მაგრამ კორღალიძე რომ ვიყო, მაგრა დავფიქრდებოდი, ყველაფერს გავიხსენებდი რა იყო და როგორ იყო. რამდენი მწვრთნელი მოინელა ამ ამბიციურმა გუნდმა, დინამო რომ ჰქვია სახელად და რაც მთავარია, როგორ მოინელა. გაოჩნების რამდენი და რანაირი მიზეზი არ ჰქონია – ხან სიმკაცრე არ მოსწონდა მწვრთნელის, ხან გუნდის ფავორიტი ჯგუფის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა მისი რომელიმე გადაწყვეტილება, ხანაც გუნდის შემადგენლობა არ მოსდიოდა თვალში ზემოხსენებულ ჯგუფს და ასე შემდეგ. საამისო საბუთს ვინ მოგვცემს, მაგრამ ფეხბურთის ქომაგებს ბევრჯერ სმენიათ ძალად წაგებულ მატჩებზე ლაპარაკი და გუნდიდან მოკვეთილი მწვრთნელებიც ახსოვთ, ისეთებიც კი, კიდევ კარგა ხანს რომ არ გვეყოლება საქართველოში.
კორღალიძე რომ ვიყო, აუცილებლად გავიხსენებდი, რომ დინამოდ წოდებული ფეხბურთელთა ეს გუნდი რამდენიმე წლის გამოკლებით არასდროს ყოფილა სპორტსმენთა გუნდი. აი, ამ ვითომ სიტყვების თამაშსა და ვითომ უმნიშვნელო დეტალს დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სპორტსმენობა უწინარეს ყოვლის, გამძლეობა და გამტანობა, გაძლება და თავდადებაა. მხოლოდ ყველაფერ ამის შემდეგ იძენს ფასს ტექნიკაც, ფინტებიც, ძლიერი დარტყმაცა და მინდვრის ხედვაც… აი, ის, მთავარი, რაც დინამოს ადრეც იშვიათად ჰქონდა, ახლა კი… ახლა არც აქვს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ არც უნდა რომ ჰქონდეს.
გაგიგონიათ, ნორმალური მამაკაცი ვარჯიშსა და შრომას გაურბოდეს? სპორტსმენებს არ ვგულისხმობ, ჩვეულებრივ ადამიანებზე გეუბნებით. შეიძლება კაცს არ უნდოდეს ძლიერი და გამძლე იყოს? შეიძლება ფეხბურთელი იმაზე წუწუნებდეს, ბევრს მავარჯიშებენო?
ჰოდა, კორღალიძე რომ ვიყო, ჯერ ყველაფერ ამაზე დავფიქრდებოდი, მერე, სულ ცოტა, ორი წლის ხელშეუხებლობის გარანტიას, დიდ ხელფასსა და კიდევ უფრო დიდ უფლებებს მოვითხოვდი, რადგან არც ერთ წარუმატებლობაზე არც იურიდიულად, არც მორალურად არც ერთი ფეხბურთელი არ აგებს პასუხს. ისინი ჩუმად, ყოველგვარი რისკის გარეშე აკეთებენ თავიანთ „საქმეს“. პასუხისმგებელი და ყველაზე დაბალი ღობე კი ყოველთვის მწვრთნელია. უფლებებიც ამიტომ სჭირდება დიდი.
და მაინც, მე რომ კორღალიძე და თან დინამოს მწვრთნელიც ვიყო, ცხადია, ჩემს ამ ბოლო, შესაძლოა მრუდე ნაბიჯზე ბევრს აღარ ვიფიქრებდი და საქმეს გულიანად მოვკიდებდი ხელს… ერთი მცირე შენიშვნით: ნებისმიერი ფეხბურთელის პირველ დაწუწუნებისთანავე ავიკრავდი გუდანაბადს და მართალია ძალიან ძნელია, მაგრამ მართლა მივაფურთხებდი მწვრთნელის პროფესიას და სხვა გზას დავადგებოდი“.
ამ ჩანახატის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში ოთარ კორღალიძემ თბილისის დინამო დატოვა. თუმცა მანამდე იოჰან ბოსკამპის „მეორედ მოსვლა“ იყო: საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ევრო 2000-ის შესარჩევი ეტაპი სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაასრულა.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 20 აგვისტო
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / გაზეთი სარბიელი
*-2026 წლის 20 აგვისტოს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
