ეროვნული ნაკრების ისტორია: სლოვენია 2:1 საქართველო

ჩემპიონი მარხულობს – თბილისის დინამომ აგვისტოში სამივე თამაში წააგო. ამ სიტყვებს 24 აგვისტოს სარბიელის პირველ გვერდზე ამოიკითხავთ, XI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის ანგარიშების და ცხრილის თავზე. თითქოს კიშინიოვში ზიმბრუსთან 0:2 მარცხი და ბათუმში, პირველ ტურში წაგება არ ეყოფოდაო და დინამომ ვერც თბილისის არსენალს გაუტანა გოლი. მეტიც, თავად ორი გაუშვა და ისევ უქულოდ დარჩა.

როცა საქართველოს ათგზის ჩემპიონი მოლდოვაში დამარცხდა და ყველასთვის მოულოდნელად ჩემპიონთა თასის გათამაშებას საწყის ეტაპზე გამოეთიშა, გუნდს იოჰან ბოსკამპი წვრთნიდა. მან თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში დატოვა კლუბი, აჭარაში კი ფეხბურთელები მისმა თანაშემწემ გია გეგუჩაძემ წაიყვანა. ბათუმელებმა 1:0 სძლიეს დინამოს, რამდენიმე დღეში კი გეგუჩაძემაც დატოვა გუნდი, რადგან მთავარ მწვრთნელად ოთარ კორღალიძე დაინიშნა. ათგზის ჩემპიონმა თავდაპირველად ვერც მის ხელში გაიხარა და ორ ტურში ორი წაგების შემდეგ დინამო უჩვეულოდ დაბალ პოზიციაზე აღმოჩნდა, ა ზონის ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილზე, მხოლოდ წყალტუბოს სამგურალის წინ.

დინამო არსენალთან 21 აგვისტოს დამარცხდა, მეორე დღეს კი ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთში საინტერესო წერილი გამოქვეყნდა: მსოფლიო ფეხბურთის ასმა ექსპერტმა 1998-1999 წლების სეზონი შეაჯამა და ათი უარესი ტრანსფერი დაასახელა.

ყველაზე მძიმე შეცდომად სან პაულუდან ბეტისში ბრაზილიელი შემტევის დენილსონის გადასვლა მიიჩნიეს. სევილიურმა კლუბმა 22 წლის სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 35 მილიონი დოლარი გადაიხადა, მაგრამ ეს თანხა წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. სეზონის მეორე ნახევარში ახალწვეული ბეტისის სასტარტო შემადგენლობაშიც კი იშვიათად ხვდებოდა.

მედიას არც მსოფლიოს ჩემპიონი ფორვარდის, ფრანგი სტეფან გივარშის ნიუკასლ იუნაიტედიდან გლაზგო რეინჯერსში ტრანსფერი გამორჩენია. მეხუთე უარეს გარიგებად იტალიელი პიერლუიჯი კაზირაგის რომის ლაციოდან ლონდონის ჩელსიში გადასვლა მიიჩნიეს, მეექსვე ადგილზე კი გიორგი ქინქლაძის აიაქსში მოხვედრა დასახელდა. ამსტერდამულმა გრანდმა ქართველის სანაცვლოდ უჩვეულოდ ბევრი, 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა მანჩესტერ სიტის, მაგრამ ახალწვეული მალევე ჩამოაშორა პირველ გუნდს.

გავიდა კიდევ ერთი დღე და 23 აგვისტოს, დილით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – ალექსანდრს სტარკოვსი, რომელმაც მცირე ხნით ადრე წასული რევაზ ძოძუაშვილის ადგილი დაიკავა. ბოლო პერიოდში სტარკოვსი ქართველი სპეციალისტის თანაშემწე იყო. რიგიდან გავრცელებული ინფორმაციით, სტარკოვსმა ევრო 2000-ის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე ჩაიბარა ნაკრები.

იმავე საღამოს შევიტყვეთ ჩვენი გუნდის წინასწარი შემადგენლობაც. სლოვენიასთან გასვლით და ლატვიასთან საშინაო თამაშებისთვის იოჰან ბოსკამპმა ოცდაერთ ფეხბურთელს უხმო, მათ შორის ორ დებიუტანტს: ვიტ ჯორჯიას ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს, ნახევარმცველ დავით დიღმელაშვილს (მან ერთი თვით ადრე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზეც ითამაშა) და თენგიზ სიჭინავას თბილისის დინამოდან. სანაკრებო სიაში მათ გარდა ეს ფეხბურთელები მოხვდნენ:

მეკარეები: დავით გვარამაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გრიგოლ ჭანტურია (ქუთაისის ტორპედო)

მცველები: გივი დიდავა (თბილისის დინამო), ბადრი ახვლედიანი (ქუთაისის ტორპედო), მამუკა წერეთელი, დავით ჭიჭვეიშვილი (ორივე ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია)

ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი, ლევან კობიაშვილი (ორივე ფრაიბურგი, გერმანია), გიორგი ნემსაძე (უკლუბოდ), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია)

თავდამსხმელები: მიხეილ აშვეთია (დინამო), შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხი, შვეიცარია), მიხეილ ფოცხვერია (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გიორგი დემეტრაძე (ალანია, რუსეთი).

მწვრთნელის გადაწყვეტილებით შეკრება 30 აგვისტოს დაინიშნა დიღომში, დინამოს საწვრთნელ ბაზაზე. ერთი დღით ადრე ეროვნული პირველობის III ტური დასრულდა და დინამომ როგორც იქნა გაიმარჯვა, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო რამაზ მუმლაძის გაწვრთნილ თბილისს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო XI ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში და ამავდროულად, სკანდალურიც.

26-ე წუთისთვის ანგარიში 2:2 იყო. თავდაპირველად დინამოელები დაწინაურდნენ, გიორგი ანჩაბაძემ მე-8 წუთზე გახსნა ანგარიში. მე-13 და 23-ე წუთებზე მუმლაძის ბიჭებმა ორი გოლი გაიტანეს: ჯერ გიორგი მიქაძემ, შემდეგ კი ვალერი გაგუამ დალაშქრეს ბელგიელი გოლკიპერის დენი დონდტის კარი. 26-ე წუთზე ანგარიში მეორედ გათანაბრდა, რატი ალექსიძემ გაუტანა ზურაბ ბათიაშვილს.

ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მეტოქეებმა რამდენიმე მშვენიერი საგოლე შანსი გაანიავეს, მთავარი ამბავი კი ბოლოსწინა წუთზე მოხდა, როცა დინამოელთა ახალწვეული ზაზა ზირაქიშვილი მცველთან ორთაბრძოლისას დავარდა და მთავარმა მსაჯმა ოთარ გუნთაძემ უყოყმანოდ დანიშნა პენალტი.

ამ გადაწყვეტილებას თბილისი აგრესიით შეხვდა, არაერთმა მოთამაშემ გუნთაძისკენ გაიწია, თუმცა ხანმოკლე არეულობის შემდეგ მწვრთნელებმა ფეხბურთელები დააშოშმინეს და ალექსიძემ, როგორც იქნა, პენალტის ნიშნულზე დადო ბურთი. უარესი ამბავი მის დარტყმას მოჰყვა: რატიმ ბურთი ძელს მოარტყა, ის კვლავ თავდამსხმელს მიუვიდა, რომელმაც ამჯერად შეძლო გოლის გატანა – 3:2. გახარებული დინამოელები თანაგუნდელს შემოეხვივნენ, თბილისის მოთამაშეებმა კი კიდევ ერთხელ გაიწიეს მსაჯზე, ამჯერად მათ რამდენიმე მწვრთნელიც შეუერთდა.

ზურაბ ბათიაშვილი მსაჯს უმტკიცებდა, ბურთს არ შევხებივარო, გუნთაძე კი აცხადებდა, რომ გოლი ჩასათვლელი იყო. თამაშის შემდეგ არბიტრმა თქვა: „რატი ალექსიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ მეკარეს შეეხო და მერე მოხვდა ძელს. ბათიაშვილი რომ ბურთს არ შეხებოდა, გოლს არცერთ ვარიანტში არ ჩავთვლიდი, ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა და იმიტომ. ახლა კი ვთვლი, რომ სამართლიანად მოვიქეცი“.

თბილისის გაგულისებული გულშემატკივრები თამაშის შემდეგ დიდხანს იცდიდნენ, მსაჯთან ანგარიშსწორება სურდათ, თუმცა შემდეგ მათაც მობეზრდათ ლოდინი და დაიშალნენ. გუნთაძემ კი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა ეროვნული სტადიონი, არბიტრი საკუთარ ავტომობილამდე მილიციელებმა მიაცილეს…

III ტურის დასრულებიდან რამდენიმე დღეში სარბიელმა ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ხმა, რომ კოკა-კოლას და მაკდონალდსის მმართველი ბოლნისის სიონში დიდი თანხის ინვესტიციას გეგმავდა. ჭყონია ბოლნისშიც ჩავიდა, სიონის და თბილისის ლოკომოტივის შეხვედრას დაესწრო და მასპინძელთა გამარჯვების შემდეგ სიონის გასახდელსაც ესტუმრა ფეხბურთელების გასაცნობად. მას სარბიელელი პაატა კვანტალიანი შეხვდა (ინტერვიუ 1999 წლის 1 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა):

„ჩემი კუთხის ბედით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. ახლაც სწორედ ამიტომ ჩამოვედი, თუმცა ჯერ მხოლოდ სიტუაციაში გარკვევას ვაპირებ. თუ კმაყოფილი დავრჩი, სიონთან ჩემს ურთიერთობას წინ ვერაფერი დაუდგება. საუბარია სერიოზულ ფინანსებზე, ყველაფერი თავიდან არის დასაწყები…

თუ გადავწყვიტე, რომ ხელი მოვკიდო კლუბს, პირველ ეტაპზე ამას კოკა-კოლას გარეშე, პირადი სახსრებით გავაკეთებ. მომავალში კი, ვინ იცის, ეგებ დიდი კომპანიებიც შემომეშველნონ. სხვა თუ არაფერი, ჩემი დაარსებულები ხომ მაინც არ მეტყვიან უარს?

სიონით ორი წლის წინაც ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ მაშინ ბოლნისში ჩასულს ძალიან ცუდი სიტუაცია დამხვდა: სპორტული ვერაფერი დავინახე, ყოველივე ჩხუბსა და აყალ-მაყალზე იყო აგებული. მსაჯების გალახვა და აურზაური რომ ვნახე, შემრცხვა და გუნდში მისვლა გადავიფიქრე… იმედი მაქვს, ახლა სხვა სიტუაციაა“.

სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ვერ გეტყვით რა იყო რეალური მიზეზი, თავად ბატონ თემურს ამის შესახებ არ უსაუბრია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბოლნისურ კლუბში არც ის გამოჩენილა და არც რომელიმე მისი კომპანია.

ზაფხულის ბოლო დღეს იოჰან ბოსკამპმა ორჯერ ავარჯიშა გუნდი, 1 სექტემბერს კი, შუადღით, ჟურნალისტები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მიიწვია:

„სლოვენიის და ალბანეთის ნაკრებთა თამაშს დავესწარი. ძლიერი მეტოქე გვყავს, მათი ლიდერი კი ზლატკო ზაჰოვიჩია, რომელმაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა…

მამუკა წერეთელი და გიორგი ნემსაძე ორ-ორი ყვითელი ბარათის გამო ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა ისინი ჩვენთან ერთად წამოვლენ სლოვენიაში. რაც შეეხება თემურ ქეცბაიას და არჩილ არველაძეს, მათ მცირე ტრავმები აწუხებთ და შესაძლოა თბილისში დარჩნენ…

ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და ამ ორ შეხვედრაშიც ექვს ქულას ვგეგმავთ. მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა…

გიორგი ქინქლაძე არც აიაქსის პირველ გუნდშია და არც მეორეში. ასეთ შემთხვევაში მიპასუხეთ, რა აზრი აქვს მის გამოძახებას?..

გოგა გახოკიძე მოვიწვიეთ და როგორც ვიცი, ის პირდაპირ ლიუბლიანაში შემოგვიერთდება…

გელა შეყილაძის თამაში ორჯერ ვნახე. ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ მას პირადად ვესაუბრე. ახლაც გამოძახებულია, მაგრამ არ ჩამოსულა. არ მესმის რატომ ვაწყდები ასეთ პრობლემებს…

სანამ ეროვნულ ნაკრებში ვარ, ზაზა ჯანაშიას არ მოვიწვევ. ჩემ გუნდში მისი ადგილი არ არის…

ოთარ ხიზანეიშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი ამჯერად იმიტომ არ გამოვიძახე, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი იმედი აღარ მაქვს. ისინი პერსპექტიული ბიჭები არიან და კიდევ ბევრჯერ ითამაშებენ ეროვნულ გუნდში, ახლა კი ახალგაზრდულს დაეხმარებიან“.

ბოსკამპმა პრესკონფერენცია კიშინიოვში, ზიმბრუსთან დინამოს მარცხზე საუბრით დაასრულა. მწვრთნელმა თქვა, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა დააღალატა. „თითოეულს პერსონალურად ვუთხარი სათქმელი, ასეთი წესი მაქვს“, – თქვა დინამოს ყოფილმა დამრიგებელმა.

რაც შეეხება სლოვენიელთა მთავარ მწვრთნელს სრეჩკო კატანეცს, ქართველების ჩასვლამდე ლიუბლიანაში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე მას ბევრი არ უსაუბრია, გუნდის მომზადებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ნაკრების ერთადერთი მიზანი სამი ქულა იყო:

„თუ საქართველოს მოვუგებთ, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. ასე რომ, მათ აუცილებლად უნდა მოვუგოთ“.

2 სექტემბერს, დილით, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები სლოვენიაში გაემგზავრნენ. ბოსკამპმა ქეცბაია და არჩილ არველაძეც თან იახლა. თბილისთან დამეგობრებულ ლიუბლიანაში ჩასული ჩვენი ნაკრები სასტუმრო ჰოლიდეი ინში დაბინავდა. მწვრთნელს იქ დახვდა გოგა გახოკიძე, მცირე ხანში კი გუნდს გელა შეყილაძეც შეუერთდა. საღამოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ კი მწვრთნელმა შეიტყო, რომ მასპინძლებს კაპიტანი, გრაცის შტურმის მცველი დარკო მილანიჩი ვერ დაეხმარებოდა.

„სლოვენიური პრესა ადგილობრივ გულშემატკივარზე კატეგორიულია. ამ მხრივ ყველაზე მეტად ყოველდღიური სპორტული გამოცემა ეკიპა გამოირჩევა, რომლის პარასკევის ნომრის პირველ გვერდს დიდი სათაური ამშვენებს: „საქართველო ბეზიგრადში ჯოჯოხეთს იხილავს“! ბეზიგრადი ლიუბლიანის ის უბანია, რომელშიც ცენტრალური სტადიონია. მატჩი სწორედ იქ გაიმართება.

ამასთან შედარებით ფრაიბურგში ლევან ცქიტიშვილის და ლევან კობიაშვილის პარტნიორის, ამჟამად კი სლოვენიის ნაკრების ნახევარმცველის მირან პავლინის ინტერვიუ სააღდგომო ეპისტოლედ მოგეჩვენებათ. ის ჩვენ გუნდს აქებს და ბოლოს აყოლებს, ვიცით როგორ უნდა მოვიგოთო.

გაზეთი მეტად კმაყოფილია იმით, რომ ლიუბლიანაში არ ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი და უძლიერესი მეგოლე (ასე ახასიათებენ) ზაზა ჯანაშია. მისი არყოფნა კიდევ უფრო ზრდის ჩვენს შანსებსო“, – წერდა სარბიელის კორესპონდენტი მერაბ რატიშვილი 3 სექტემბერს გამოგზავნილ რეპორტაჟში.

„სლოვენიაში მეორედ ვარ. პირველად აქ რამდენიმე წლის წინ გახლდით. მაშინ ათენის აეკ-ში ვთამაშობდი და ლიუბლიანის ოლიმპიას 2:0 მოვუგეთ. კარგი იქნება, თუ ხვალინდელი შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდება და ისევ ჩემი გუნდის სასარგებლოდ. სერიოზულად კი, მძიმე მატჩი გველის, სლოვენიის ნაკრების დარ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„საშემოდგომო ფონი არცთუ სასიამოვნოა. ნაკრების მწვრთნელად დარჩენილ ბოსკამპს მომავალზე საუბარი უყვარს. იმ დღესაც გააბა – ახალი ციკლისთვის მზადებას აქედანვე ვიწყებთო. ჩანს, ბოსკამპი არ ფიქრობს იმის გამო, რომ თანდათან იქცევა ყბადაღებულ კაცად და დღევანდელი ვითარების მიხედვით ძალიან ძნელი წარმოსადგენია ახალ ციკლში მისი ნაკრების სათავეში ხილვა“, – ეს უკვე სარბიელის მესვეტის, გიო ახვლედიანის სიტყვებია (მეოთხე კალათის ხალხი; 1999 წლის 4 სექტემბერი).

4 სექტემბერს, სლოვენიის დროით 15 საათზე, ლიუბლიანაში, სტადიონ კოდელიევოზე, ახალგაზრდულმა გუნდებმა ითამაშეს. გიორგი შენგელიას და რატი ალექსიძის ზუსტი დარტყმებით მურთაზ ხურცილავას ნაკრები 85-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა მაინც გადაარჩინეს ქულა – 2:2. სლოვენიელებმა თამაში ცხრა მოთამაშით დაასრულეს: ლუქსემბურგელმა არბიტრმა 37-ე წუთზე რისტიჩი და ვალერი აბრამიძე გააძევა, 53-ე წუთზე კი სანკოვიჩი.

ეროვნული გუნდების მატჩი 20 საათზე დაიწყო. მერაბ რატიშვილის ცნობით, თამაშს საკალათბურთო სლოვანის ოთხივე ქართველი ლეგიონერი დაესწრო: ვლადიმერ ბოისა, დავით უგრეხელიძე, ნიკა ცქიტიშვილი და ირაკლი კეიდია.

დისკვალიფიცირებული გიორგი ნემსაძის არყოფნაში საქართველოს ნაკრები კახი კალაძემ გაიყვანა მინდორზე. კიევის დინამოს 21 წლის მცველისთვის ეს პირველი სანაკრებო მატჩი იყო გუნდისთავის რანგში, ჯვაროსნების ისტორიაში ის მე-9 კაპიტანი გახდა.

პირველმა ტაიმმა მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა, გოლები კი მხოლოდ შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში შეცვლაზე შესულმა მილენკო აჩიმოვიჩმა გახსნა.

48-ე წუთი: აჩიმოვიჩმა თავის ნახევარზე მიიღო ბურთი, სწრაფად ჩამოიტოვა ლევან კობიაშვილი, შემდეგ გივი დიდავას მარცხნიდან შემოურბინა, ბურთი კი მარჯვენა მხრიდან შემოატარა. სლოვენიელი გვარამაძესთან პირისპირ გავიდა. დათომ პირველი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ აჩიმოვიჩს მიუგორდა და მანაც მახვილი კუთხიდან გახსნა ანგარიში – 1:0.

56-ე წუთი: მასპინძელთა მცველები თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნის დროს შეცდნენ და შოთა არველაძემაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1. აიაქსის ფორვარდმა გოლი ტყუპისცალის, არჩილის პასით გაიტანა. ეს შოთას მე-12 ბურთი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით, რითაც კვლავ ნომერ პირველი ბომბარდირი გახდა.

მისი გოლის შემდეგ სლოვენიელები ჯერ მსაჯს, შემდეგ კი თანამსაჯს მივარდნენ, თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. მეტიც, იან ვილემ ვეგერეეფმა მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს სრეჩკო კატანეცს ბილწსიტყვაობა არ აპატია და წითელი ბარათი უჩვენა.

81-ე წუთი: ჯონი ნოვაკმა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე შეუჩერებელი იყო, კიდევ ერთხელ ჩააწოდა საჯარიმოში. ზლატკო ზაჰოვიჩმა მარტივად მიიღო ბურთი და წამში გვარამაძის კარიც დალაშქრა, მეკარისგან შორეულ კუთხეში შეაგდო ბურთი – 2:1.

„საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში მესამედ და, კაცმა არ იცის, უკანასკნელად თუ არა, დამარცხდა ჰოლანდიელი მწვრთნელის, იოჰან ბოსკამპის ხელმძღვანელობით. წინა ორი მარცხის მსგავსად, ამჯერადაც მინიმალური სხვაობით, ოღონდ მოგების შანსი რომ არ იყო, ისე. მეტიც, არათუ მოგების, მეორე გოლის გატანის პერსპექტივაც არ გამოჩენილა. მოხდა რაიმე განსაკუთრებული? არაფერი ისეთი, რაც ამ ბოლო დროს არ მომხდარა“, – წერდა მერაბ რატიშვილი სარბიელში გამოქვეყნებულ რეპორტაჟში (სლოვენიამ თამაშამდე მოგვიგო; 1999 წლის 7 სექტემბერი).

იოჰან ბოსკამპი კვლავ არ გამოცხადდა პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტებს ისევ მისი თანაშემწე გია გეგუჩაძე შეხვდა. საფინალო სასტვენიდან რამდენიმე საათში ჩვენი დელეგაცია თბილისში დაბრუნდა, ოთხ დღეში ქართველებს ლატვიელებთან მატჩები ელოდათ. სანამ ჩვენი გუნდი სლოვენიაში აგებდა, ბალტიისპირელებმა პირველად ითამაშეს ალექსანდრს სტარკოვსის ხელმძღვანელობით და ტირანაში ალბანეთთან 3 ქულა უკანასკნელ წამებზე დაკარგეს – 3:3.

საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბრუნებამდე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა კოლეგებს ჟურნალისტთა სახლში უხმო და XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელების და სპორტის მოღვაწეთა გამოსავლენი რეფერენდუმის შედეგები გააცნო. იმ შეკრებაზე მეოთხე (საუკუნის გუნდი), მეხუთე (საუკუნის მწვრთნელი) და მეექვსე (საუკუნის სპორტული მოღვაწე) ნომინაციის ლაურეატები დასახელდნენ.

XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო გუნდის გამოსავლენ რეფერენდუმში ჟიურის 48 წევრი მონაწილეობდა. მათ ანკეტებში სულ შვიდი სახეობის ცხრა გუნდი დასახელდა, ქულების დაჯამების შემდეგ კი ასეთი სურათი გაცხადდა:

I ადგილი: 1981 წლის თბილისის დინამო, რომელიც 46-მა რესპოდენტმა აირჩია, მათ შორის 34-მა პირველ ადგილზე. თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებულ დინამოს საერთო ჯამში 204 ქულა ხვდა წილად და სამართლიანად ერგო XX საუკუნის საუკეთესო გუნდის საპატიო წოდება.

II ადგილზე 1992-1996 წლების ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები გავიდა 114 ქულით. ზედიზედ ორი ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი 38 ანკეტაში მოხვდა, მათ შორის 9-ში პირველ ნომრად.

III ადგილი კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის 1961-1962 წლების გათამაშებაში გამარჯვებულ თბილისის დინამოს ერგო, რომელიც ჟიურის 38-მა წევრმა დაასახელა (104 ქულა).

რაც შეეხება დანარჩენ ექვსს, ჩამონათვალი ასეთი იყო:

4. 1964 წლის თბილისის დინამო (ფეხბურთი) – 28 ქულა
5. 60-იანი წლების თბილისის ბურევესნიკი (ხელბურთი) – 13
6. 80-იანი წლების ქუთაისის აია (რაგბი) – 9
7. 70-იანი წლების ჩოგბურთელთა ნაკრები – 4
8.1950-1954 წლების თბილისის დინამო (კალათბურთი) – 2
9. 1945 წლის მოკრივეთა ნაკრები – 1.

XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენ რეფერენდუმშიც ჟიურის 48 წევრი მონაწილეობდა. მათ ანკეტებში სულ 74 სპეციალისტი დასახელდა, ხოლო ისინი, რომლებმაც ხმათა საერთო რაოდენობის 25 პროცენტი და მეტი მოაგროვეს, ამ ნომინაციის ლაურეატებად გამოცხადდნენ (სულ 12 მწვრთნელი; ანბანის მიხედვით):

გიორგი ავალიშვილი (კალათბურთი)
ნოდარ ახალკაცი (ფეხბურთი)
მიხეილ თიკანაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
სულიკო თორთლაძე (კალათბურთი)
პეტრე იორდანიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
მიხეილ კეკელიძე (კალათბურთი)
აკოფ კერსელიანი (მძლეოსნობა)
ვახტანგ კუხიანიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
ბიძინა მაზიაშვილი (ძიუდო)
ანდრო ჟორდანია (ფეხბურთი)
ნელი სალაძე (მხატვრული ტანვარჯიში)
ვახტანგ ქარსელაძე (ჭადრაკი).

უკანასკნელ, მეექვსე ნომინაციაში – XX საუკუნის საქართველოს სპორტული მოღვაწე – ჟიურიმ 40 რჩეული დაასახელა, თითოეულმა წევრმა 6-6 კანდიდატი. ლაურეატები ამ შემთხვევაშიც ზუსტად ისე გამოვლინდნენ, როგორც მეხუთე ნომინაციაში: ხმათა საერთო რაოდენობის 25 პროცენტი და მეტი. დებულების მიხედვით ლაურეატის წოდება ცხრა მოღვაწეს ერგო (ანბანის მიხედვით):

ვიქტორ გოგლიძე
ნოდარ გუგუშვილი
გიორგი ეგნატაშვილი
დიმიტრი იოსელიანი
მიხეილ კაკაბაძე
გიორგი მერკვილაძე
გიორგი ნიკოლაძე
გიორგი სიხარულიძე
მიხეილ ცხვედაძე.

სსჟა-ს პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა შეხვედრის მიწურულს შეკრებილებს ამცნო, რომ დანარჩენ ნომინაციებში რეფერენდუმის პირველი ეტაპი დასრულდა, ხოლო დასკვნით ტურში გადასულთაგან რჩეულები 19 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის დიდ დარბაზში, ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალზე გაირკვეოდნენ.

* * *
4 სექტემბერი, 1999. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. სლოვენია, ლიუბლიანა, ბეჟიგრადი. 8 000
სლოვენია 2:1 საქართველო
გოლები: 1:0 მილენკო აჩიმოვიჩი (48), 1:1 შოთა არველაძე (56, არჩილ არველაძის პასით), 2:1 ზლატკო ზაჰოვიჩი (81)
სლოვენია: მარკო სიმეუნოვიჩი, მილან ოსტერცი (მილენკო აჩიმოვიჩი 46), მლადენ რუდონია, ჟელკო მილინოვიჩი, მარინკო გალიჩი, ალექსანდერ კნავსი, ჯონი ნოვაკი, ალეს ჩეჰი (კაპ), საშო უდოვიჩი (ამირ კარიჩი 77), ზლატკო ზაჰოვიჩი (რუდი ისტენიჩი 88), მირან პავლინი
მწვრთნელი: სრეჩკო კატანეცი
საქართველო: დავით გვარამაძე, ბადრი ახვლედიანი (გელა შეყილაძე 46), გივი დიდავა, კახი კალაძე (კაპ), ლევან კობიაშვილი, თენგიზ სიჭინავა, ლევან ცქიტიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ ფოცხვერია, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე
მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი (ნიდერლანდები)
გაფრთხილება: ბადრი ახვლედიანი, მარინკო გალიჩი, ლევან ცქიტიშვილი
გაძევება: სრეჩკო კატანეცი (57)
მსაჯები: იან უილიამ ვეგერეეფი; ჰანს ფუურმანი, იან ვან დაიკი (ნიდერლანდები)

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 27 აგვისტო
ფოტო:
მატჩის ოფიციალური პროგრამა
*-2026 წლის 27 აგვისტოს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian