როჯერი დიადია: 1000 კვირა ტოპ 100-ში!
რამდენი რეკორდი შეიძლება დაამყაროს სპორტსმენმა? 1, 2, 10, 20 თუ 50? ძნელი სათქმელია, გააჩნია სახეობას და, რა თქმა უნდა, თავად სპორტსმენს.
შვეიცარიელი სუპერჩოგბურთელის როჯერ ფედერერის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდების შესახებ თითქმის ყველა გულშემატკივარმა იცის: ყველაზე მეტი სლემი, ყველაზე მეტი გამომუშავებული თანხა, ყველაზე მეტი ტიტული მოქმედ მოთამაშეთა შორის…
მის საოცარ მიღწევებს ერთიც დაემატა: ის პირველია ისტორიაში, რომელიც ზედიზედ 1 000 კვირაა მსოფლიოს საუკეთესო 100 მოთამაშის სიაშია! პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში შვეიცარიელი გენიოსი დღეს მესამე ადგილზეა. და 1000 კვირაც შესრულდა!
მეორე ადგილზე მყოფმა, 70-80-იანი წლების ვარსკვლავმა ჯიმი კონორსმა (პროტურის ლიდერი ტიტულების მიხდვით) მოწინავე ასეულში 888 კვირა დაჰყო. მოქმედ ჩოგბურთელთაგან ფედერერის მთავარი კონკურენტი რაფაელ ნადალი 816 კვირით მე-6 ადგილზეა. დანარჩენები – უფრო შორს.
19 წელი უძლიერესთა შორის ფენომენალური მაჩვენებელია და როგორც ჩანს, არც საბოლოო: ფედერერი 2019 წლის სეზონისთვის მონდომებით ემზადება. ჯერ სამშობლოშია, დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი სამხრეთ ნახევარსფეროს მიაშურებს და წლის პირველი დიდი ტურნირისთვის ავსტრალიაში მოემზადება.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 5 დეკემბერი)