ეროვნული ნაკრების ისტორია: ბრინჯაო კვიპროსის ტურნირზე
ქვეყანაშია ფერები მუქი…
ახალი ათასწლეულის პირველ დღეებში გია გაჩეჩილაძის ეს სიმღერა ხშირად ჟღერდა ტელევიზიით თუ რადიოს ეთერში. „უცნობის“ კომპოზიცია ზუსტად ეხმიანებოდა იმ დროს საქართველოში შექმნილ სიტუაციას: ქვეყანა კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული და ლამის ყველა მიმართულებით ფეხს ითრევდა.
უჭირდა ქართულ სპორტსაც, რომელიც თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებით არსებობდა და სასუნთქ აპარატზე მიერთებულ სნეულს მოგაგონებდათ.
„დღეს ქართული სპორტის პანაშვიდზე მოვედით, ხვალ კი ქელეხზე შევიკრიბებით“ – ეს სიტყვები 2000 წლის 11 იანვარს ითქვა საქართველოს პარლამენტში, სადაც სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა ქვეკომიტეტების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა. მთავარი თემა სპორტის ფედერაციების დაფინანსების საკითხი და სიდნეის ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტსმენთა მზადება, ასევე საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხები იყო. მოხსენება სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა წაიკითხა, რომელმაც მკაცრად ისაუბრა შექმნილ სიტუაციაზე.
ქართული სპორტის სავალალო მდგომარეობაზე მის გარდა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნოდარ ურუმელაშვილმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა დავითაშვილმა და კიდევ რამდენიმე გამომსვლელმა ისაუბრა. ყველაზე დასამახსოვრებელი ბატონი ურუმელაშვილის სიტყვები იყო:
„1999 წლის პირველ თერთმეტ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ 56%-ით შესრულდა და ფედერაციებმა დაგეგმილი დაფინანსება სრულად რომ ვერ მიიღეს, სწორედ ამის ბრალია“. ქართული სპორტისთვის გამოყოფილი თანხაც დასახელდა – მილიონ 911 ათასი ლარი…
გვითხარით, გვინდა თუ არა სპორტი საქართველოში?
ეს ხომ ისედაც ვიცოდით, მაშ რისთვის შევიკრიბეთ აქ?
როგორც ჩანს, საქართველოში სპორტი ყველას ფეხებზე ჰკიდია…
ამ ფრაზებით დასრულდა პარლამენტში გამართული ის სხდომა, ძველით ახალ წელს, 14 იანვარს კი პირველად დაიწერა, რომ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე კახი ასათიანი გადადგომას აპირებდა. ქართული სპორტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს კომენტარი არ გაუკეთებია. მაშინ ისიც ითქვა, რომ ასათიანს მობეზრდა ფინანსთა მინისტრის ხვეწნა-მუდარა და ფედერაციების უარით გასტუმრება.
ასათიანს კიდევ ერთი საკითხი აწუხებდა: ფეხბურთის ფედერაციის გაუთავებელი პრობლემები. სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანების გამო სფფ-ის კუთვნილ შენობებს გაყიდვა ემუქრებოდა და რადგან ფედერაციას მისი სიძე მერაბ ჟორდანია ხელმძღვანელობდა, ბატონი კახიც სხვანაირად გულშემატკივრობდა ფეხბურთს.
ახალი წლის დღეებში სფფ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე სცადა ქვეყნის პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა, მას ოფიციალური წერილიც მისწერა დავალიანების გადავადების თხოვნით, მაგრამ მცდელობებმა სასურველი შედეგი არ გამოიღო. შევარდნაძე, რომელსაც ისედაც არ აკლდა პრობლემები, ყველა შემთხვევაში ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, შესაბამის სტრუქტურებს დაავალა საკითხის შესწავლა და ქართული ფეხბურთის შეძლებისდაგვარად დახმარება.
„ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრზე პირადად მე და დავით ყიფიანი ვართ პასუხისმგებელნი. როცა გუნდი გვანდეს, მაშინვე განვაცხადეთ, რომ ნაკრებში მხოლოდ ღირსეულები ითამაშებდნენ. ქვეყნის მთავარ გუნდში მოხვედრის შანსი ყველას ექნება, ვინც დაიმსახურებს. ხოლო რაც შეეხება ამ სიას, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა და ჟურნალისტებს ის მოთამაშეები ჩამოუთვალა, რომლებიც წლის პირველი მატჩებისთვის, კვიპროსის საერთაშორისო ტურნირისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ:
მეკარეები: ნიკა ტოგონიძე (ბათუმი), სოსო გრიშიკაშვილი (თბილისის დინამო), დავით გვარამაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი)
მცველები: ოთარ ხიზანეიშვილი, გივი დიდავა, მურთაზ შელია (სამივე თბილისის დინამო), ვახტანგ ხვადაგიანი (ქუთაისის ტორპედო), ედიკ საჯაია (თბილისის ვიტ ჯორჯია), ლევან სილაგაძე, მამუკა წერეთელი (ორივე ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია), კახა კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), ზურაბ მენთეშაშვილი (რიგის სკონტო, ლატვია)
ნახევარმცველები: თენგიზ სიჭინავა, რატი ალექსიძე, გიორგი ნემსაძე (ყველა თბილისის დინამო), ზურაბ ხიზანიშვილი (თბილისის ლოკომოტივი), კახა ჩხეტიანი (ქუთაისის ტორპედო), გიორგი ქინქლაძე (დერბი ქაუნთი, ინგლისი), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია), გოგა გახოკიძე (ჰაიფას მაქაბი, ისრაელი), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია)
თავდამსხმელები: ზურაბ იონანიძე (ქუთაისის ტორპედო), გიორგი ქორიძე (თბილისის ვიტ ჯორჯია), დავით ჩალაძე (რიგის სკონტო, ლატვია), ზაზა ჯანაშია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი დემეტრაძე (კიევის დინამო, უკრაინა), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხი, შვეიცარია).
კითხვას, თუ რატომ არ იყო სიაში მისი კლუბის, თბილისის ლოკომოტივის მეტი წევრი, ძოძუაშვილმა უპასუხა, რომ როგორც კი რომელიმე ლოკომოტიველი ნაკრებისთვის მზად იქნება, მათ აუცილებლად მიიწვევს.
იქიდან გამომდინარე რომ ეროვნული გუნდის მეორე მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი ჟურნალისტებს ჯერ კიდევ დეკემბერში, პირველ პრესკონფერენციაზე დაემშვიდობა, მედიის წარმომადგენლებს მეორე შეხვედრაზე, 18 იანვარს, კვლავ ძოძუაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში უნდა გამართულიყო, მაგრამ იქაურობა სათანადოდ ვერ გაათბეს და ნაკრების თავკაცი ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშის, მამუკა კვარაცხელიას პატარა ოთახში დახვდა. საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, მწვრთნელმა კი უპასუხოდ არავინ დატოვა:
„ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა საბჭო 17 იანვარს შეიკრიბა. მთავარ მწვრთნელებს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელზე მოგვაწოდეს ინფორმაცია. ეს სამუშაო პროცესია, ჩვენ ყველა კანდიდატს ვაკვირდებით. ამ ეტაპზე შემიძლია დავადასტურო, რომ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული შემადგენლობიდან არაერთი, სავარაუდოდ, კვიპროსზე ვერ დაგვეხმარება. შესაძლოა იქ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებით ვიასპარეზოთ…
გიორგი ლომაია, გრიგოლ ჭანტურია, აკაკი დევაძე, თენგიზ კობიაშვილი, ვალერი აბრამიძე, ჯონი შალამბერიძე, არჩილ სახვაძე, გიზო ჯელაძე, მიხეილ აშვეთია, მერაბ ძოძუაშვილი – ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე შედგენილ გაფართოებულ სიაში არ იყვნენ, მაგრამ მათ ვაკვირდებით და, შესაძლოა, რომელიმე მათგანი ნაკრებშიც მოხვდეს. შანსი აუცილებლად მიეცემათ…
თბილისის დინამო მალე მოსკოვში, დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ გაემგზავრება. გუნდს მეც გავყვები. მინდა ბიჭები საქმეში ვნახო, როგორ ფორმაში არიან, იქნებ ვინმე გამოგვრჩა. დინამოს გარდა მოსკოვში სკონტო და ჟალგირისიც ითამაშებენ და არაა გამორიცხული ამ კლუბებიდანაც დავიმატოთ ვინმე…
შეკრებას 26 იანვარს დავიწყებთ. კაპიტნის საკითხი მაშინ გადაწყდება, როცა სრული შემადგენლობა შეიკრიბება. გუნდისთავი მხოლოდ ბიჭებმა უნდა აირჩიონ“.
20 იანვარს ძოძუაშვილი და ყიფიანი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდნენ, სადაც ოთარ კორღალიძის გაწვრთნილმა თბილისის დინამომ მოსკოვში გამგზავრებამდე ბოლოჯერ ითამაშა. ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბის მეტოქე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იყო.
თამაში, რომლის ტაიმები 35 წუთს გაგრძელდა, 2:2 დასრულდა. 38-ე წუთზე კლიმენტი წიტაიშვილმა, რომელმაც პირველ ნახევარში ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა, დინამო დააწინაურა. 49-ე წუთზე დავით დიღმელაშვილმა გაათანაბრა ანგარიში, 57-ე წუთზე რატი ალექსიძემ პენალტით კვლავ წინ გაიყვანა დინამო, 63-ე წუთზე კი დიდებულად ითამაშა მალხაზ ასათიანმა და მეორე გოლი გაიტანა მასპინძლების კარში.
ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებმა იმ დროს უკვე იცოდნენ, რომ დინამოელთა 21 წლის კაპიტანს რატი ალექსიძეს ლონდონის ჩელსი იწვევდა. ცნობილი იყო სავარაუდო სატრანსფერო თანხაც, საქართველოს X ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის სანაცვლოდ ინგლისელები დაახლოებით 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს მურთაზ ხურცილავას თამაშის შესახებ არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ კმაყოფილება ვერ დამალა საფრანგეთში დაგეგმილი ტურნეს შესახებ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალგაზრდულ ნაკრებს აპრილში დიდი საერთაშორისო ტურნირი დაუგეგმა ქალაქ სენ ჟან დე ლუზში. რამდენიმე დღეში ხურცილავას ნაკრების მომავალი მეტოქეების შესახებაც შევიტყვეთ: ქართველი ახალგაზრდები B ჯგუფში მოხვდნენ ბრაზილიელი და ალჟირელი თანატოლების, ასევე საფეხბურთო კლუბ ლე ავრის ასაკობრივ გუნდთან ერთად. ჩვენი ფეხბურთის მოყვარულებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ: 90-იანი წლების დასაწყისში სწორედ ლე ავრში თამაშობდა ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორი, პირველი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო თანაბომბარდირი გია გურული.
„ძალიან კარგია ასეთი კარგ ტურნირში რომ ვიასპარეზებთ. საფრანგეთში 1980-1981 წლებში დაბადებულ ბიჭებს წავიყვანთ, რადგან ახლო მომავალში ახალგაზრდული ნაკრები მათი გახდება“, – თქვა ხურცილავამ.
22-25 იანვარს დინამომ თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე სამჯერ ითამაშა. ოთარ კორღალიძის გუნდმა ჯერ ბიშკეკის ცაგ-დინამო (ყირგიზეთი) დაამარცხა – 5:2, შემდეგ დუშანბეს ვარზობთან (ტაჯიკეთი) წააგო – 3:5, ბოლოს კი პავლოდარის ირტიშ ბასტაუს (ყაზახეთი) მოუგო – 5:2 და თბილისში დაბრუნდა. დინამოელებთან ერთად დაბრუნდა რევაზ ძოძუაშვილიც. მისი პირველი კომენტარი ასეთი იყო:
„არ მეგონა დინამოელები ასეთ კარგ ფორმაში თუ იქნებოდნენ, ყველაზე ძალიან გიორგი ნემსაძის, რატი ალექსიძის და რევაზ ქემოკლიძის თამაში მომეწონა. რაც შეეხება რიგელებს, მათგან დავით ჩალაძეს და ზურაბ მენთეშაშვილს გამოვარჩევდი. ამ ბიჭების დიდი იმედი მაქვს და ვფიქრობ, მოლოდინს გამიმართლებენ“.
26 იანვარს დაგეგმილი სანაკრებო შეკრება სამი დღით გადაიდო, 29 იანვარს კი დიღმის საწვრთნელი ბაზა გამოცოცხლდა: ძოძუაშვილის გადაწყვეტილებით ნაკრების წევრებმა და კანდიდატებმა სამი ნახევარსაათიანი ტაიმი ითამაშეს.
პირველ გუნდში გიორგი ლომაია (გიორგი ნიკურაძე), ვალერი აბრამიძე, გივი დიდავა, ირაკლი ვაშაკიძე, გიორგი ჩიხრაძე, თენგიზ სიჭინავა, გიორგი შენგელია, გიორგი ანჩაბაძე, არჩილ სახვაძე, რატი ალექსიძე და კლიმენტი წიტაიშვილი (რომან ახალკაცი) მოხვდნენ, მეორეში კი სოსო გრიშიკაშვილი, რევაზ ქემოკლიძე, გიორგი ნემსაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ედიკ საჯაია (ზურაბ ხიზანიშვილი), გიორგი ქორიძე, გივი კვარაცხელია, ირაკლი ხაჭაპურიძე, ზურაბ იონანიძე, მერაბ ძოძუაშვილი და ცეზარ ხუროძე. გამარჯვება პირველ გუნდს დარჩა – ალექსიძემ ორი გოლი გაიტანა.
ეროვნული გუნდის თავკაცი თამაშით კმაყოფილი დარჩა, შემდეგ ჟურნალისტები ოთარ კორღალიძის კაბინეტში მიიწვია და ნაკრების საბოლოო შემადგენლობა გააცნო. მანამდე მან თქვა, რომ სია დავით ყიფიანთან შეათანხმა. ეს უკანასკნელი ტორპედოსთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა.
მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი (თბილისის დინამო), დავით გვარამაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი)
მცველები: რევაზ ქემოკლიძე, გივი დიდავა (ორივე თბილისის დინამო), ვახტანგ ხვადაგიანი (ქუთაისის ტორპედო), გიორგი ჩიხრაძე (თბილისის ლოკომოტივი), ლევან სილაგაძე (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია)
ნახევარმცველები: თენგიზ სიჭინავა, გიორგი ნემსაძე, გივი კვარაცხელია (ყველა თბილისის დინამო), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), ზურაბ მენთეშაშვილი (რიგის სკონტო, ლატვია)
თავდამსხმელები: ზურაბ იონანიძე (ქუთაისის ტორპედო), ზაზა ჯანაშია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხი, შვეიცარია).
„მარცხენა მცველის პრობლემა შეგვექმნა, კალაძეს და კობიაშვილს კლუბები არ უშვებენ და ჩიხრაძეს ამიტომ ვუხმეთ. მარცხენა მცველის პოზიციაზე ის ითამაშებს, თუმცა ხიზანეიშვილი და საჯაიაც კარგი ბიჭები არიან…
ქინქლაძე კლუბმა არ გამოუშვა, რატი ალექსიძე კი დღე-დღეზე ჩელსიში მიდის და ამიტომ აღარ გავრისკეთ, ის სრულიად ჯანმრთელი უნდა იყოს…
მამუკა წერეთელს ათასჯერ ვუთხარი, ჯერ ნუ დაქორწინდები-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა და ცოლი მოიყვანა. ნაკრები კი თაფლობის თვის გასატარებელი ადგილი არ არის. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ვემზადებით. როცა ფეხბურთელი ქორწინდება, თამაშს უკლებს, უფრო ოჯახზე ფიქრობს… ისე ნუ გამიგებთ, თითქოს წერეთელი ნაკრებს აღარ გამოადგება. თუ დაიმსახურებს, მას აუცილებლად მოვიწვევთ, აბა რას ვიზამთ“, – თქვა ძოძუაშვილმა.
ეროვნული გუნდი კვიპროსზე 30 იანვარს გაემგზავრა, თუმცა მანამდე გუნდში კიდევ სამი ახალი მოთამაშე გამოჩნდა – ლოკომოტიველები ზურაბ ხიზანიშვილი და მერაბ ძოძუაშვილი, ასევე დინამოელი მცველი ირაკლი ვაშაკიძე. პირველმა ორმა ტრავმირებული დიდავა და იონანიძე ჩაანაცვლა, რაც შეეხება ვაშაკიძეს, ძოძუაშვილმა ის ბოლო მომენტში დაამატა გუნდს. ნემსაძე ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა და მწვრთნელმაც თავი დაიზღვია, თუმცა კაპიტანი მაინც იახლა კუნძულზე.
2 თებერვალს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა: მასპინძლებმა 2:1 მოუგეს ლიეტუველებს, რუმინეთმა 2:0 დაამარცხა ლატვია, სომხეთმა დამატებით დროში 2:1 აჯობა მოლდოვას, საქართველოს ნაკრებმა კი 2:0 სძლია სლოვაკეთს. მეტოქემ ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა, ჩვენი გუნდი კი მინდორზე კვლავ ნემსაძემ გაიყვანა. ბიჭებმა კაპიტნად ისევ გიორგი აირჩიეს.
441 დღის და 8 მოუგებელი საერთაშორისო მატჩის შემდეგ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა როგორც იქნა გაიმარჯვა. ძოძუაშვილი-ყიფიანის ტანდემმა მუშაობა გამარჯვებით დაიწყო. თამაში ლარნაკაში, ანტონის პაპადოპულოსის სახელობის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრას ხუთასამდე გულშემატკივარი დაესწრო. სლოვაკეთის გამოუცდელმა ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა კი გაუწია საქართველოს, თუმცა მაინც დამარცხდა – 0:2.
ქართველების უპირატესობა მეორე ტაიმში გამოიკვეთა, როცა გუნდმა ტემპს მოუმატა. ანგარიში კი 83-ე წუთზე გაიხსნა: სლოვაკების იერიში ზურაბ ხიზანიშვილმა ჩაჭრა და ბურთი მიხეილ ყაველაშვილს გადააწოდა. მან გოჩა ჯამარაული მოძებნა, რომელიც იოლად გასცდა ორ მეტოქეს და ბურთი პენალტის ნიშნულთან მყოფ თემურ ქეცბაიას დაუგორა. ერთ დროს კვიპროსში მოთამაშე ქეცბაიას შეტევის დაგვირგვინება არ გასჭირვებია და მე-12 გოლი გაიტანა ნაკრებში – 1:0.
სამ წუთში თემურმა საგოლე გადაცემაც მიითვალა, მეკარე კამილ ჩონტოფალსკისთან პირისპირ გავიდა და ბურთი ყაველაშვილს დაუგორა – 2:0. ამ უკანასკნელმა მე-8 გოლი გაიტანა ნაკრებში.
გივი კვარაცხელიამ, რევაზ ქემოკლიძემ და ზურაბ მენთეშაშვილმა იმ დღეს პირველად ითამაშეს ნაკრების მაისურით, ხიზანიშვილისთვის კი ეს მხოლოდ მეორე მატჩი იყო. შეხვედრის შემდეგ დავით ყიფიანმა თქვა:
„შედეგით კმაყოფილები ვართ, თამაშით კი არა. არცთუ დამაჯერებელი ფეხბურთი ალბათ იმით აიხსნება, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს მივეცით თავის გამოჩენის შანსი. იმედია მომდევნო შეხვედრებში ბიჭები უკეთესად იასპარეზებენ, რაც შეეხება ზაზა ჯანაშიას, მას სასურველ ფორმამდე ცოტა უკლია“.
4 თებერვალს ნახევარფინალები გაიმართა. კვიპროსმა დამატებით დროში აჯობა სომხეთს – 3:2, ქვედა ბადეში გადასულმა მოლდოვამ ლიეტუვა დაამარცხა – 2:1, სლოვაკეთმა ლატვია – 3:1, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებთა დაპირისპირება კი 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში მეტოქემ გაიმარჯვა – 4:2. ეს იყო პენალტების პირველი სერია, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.
თემურ ქეცბაიამ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, რუმინელებმა კი საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე საჯარიმოს გარედან გაუტანეს დავით გვარამაძეს. რაც შეეხება 11-მეტრიანებს, პირველი დარტყმა ნემსაძემ ვერ გამოიყენა. ქეცბაიამ კი ივარგა, მაგრამ შემდეგ ჯანაშიამ ააცილა კარს. ლევან სილაგაძემ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ბოგდან მარამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და რუმინეთიც ფინალში გავიდა.
თამაში ამჯერად ძოძუაშვილმა შეაფასა: „ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარი გამოვავლინეთ და ამის გამო ძალიან მწყდება გული. სამწუხაროდ, შვეიცარიაში და რუსეთში მოთამაშე ჩვენი ლეგიონერები საუკეთესო ფორმაში არ არიან, რაც შეეხება პენალტებს, ნათელია, რომ ეს საკითხი უნდა გამოვასწოროთ. დღეს საუკეთესო ნემსაძე იყო, კმაყოფილი ვარ სიჭინავათი, მენთეშაშვილით და ჩემი მოგვარით“.
ცნობისათვის: თბილისის ლოკომოტივის 19 წლის წევრმა მერაბ ძოძუაშვილმა იმ დღეს პირველად ითამაშა ნაკრებში, 90-ე წუთზე შეცვალა ყაველაშვილი.
კვიპროსის საერთაშორისო ტურნირი 6 თებერვალს დასრულდა. VII ადგილი ბალტიისპირელებმა გაითამაშეს – ლიეტუვამ 2:1 დაამარცხა ლატვია. V ადგილზე მოლდოვა გავიდა, რომელმაც 2:0 სძლია სლოვაკეთს. თასი კვიპროსელებს დარჩათ, რომლებმაც დამატებით დროში 3:2 აჯობეს რუმინელებს, საქართველოს ნაკრებმა კი ზაზა ჯანაშიას და ზურაბ მენთეშაშვილის გოლებით 2:1 მოუგო სომხეთს და III ადგილი დაიკავა.
„ვერავის გამოვყოფთ, მეტ-ნაკლებად ყველამ კარგად ითამაშა. მთლიანობაში იმედიანად ვართ, ნამდვილად გამოჩნდნენ ბიჭები, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება. ძალიან კარგია, რომ ოფიციალურ თამაშებამდე დრო გვაქვს, მომდევნო ამხანაგურ მატჩებში კიდევ რამდენიმე კანდიდატს გამოვცდით და შემოდგომისთვის, როცა შესარჩევი ტურნირი დაიწყება, საუკეთესო შემადგენლობას მოვუყრით თავს. იმედი ნამდვილად არის, ჩვენ კარგი გუნდი გვეყოლება“! – ასეთი იყო ძოძუაშვილის კომენტარი.
ტურნირის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა კლუბებს მიაშურეს, ბატონი რეზო კი საქართველოში არ დაბრუნებულა – ჩიხრაძესთან, ხიზანიშვილთან და მოგვარესთან ერთად კვიპროსზე დარჩა. მეორე დღეს მათ ლოკომოტივის დანარჩენი წევრებიც შეუერთდნენ და მწვრთნელიც ნაკრებიდან კლუბზე გადაერთო.
სანამ ეროვნული ნაკრები კვიპროსზე ასპარეზობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისის სპორტის სასახლეში მიხეილ მესხის სახელობის ტურნირი გამართა მინი-ფეხბურთში. სამდღიან შეჯიბრებაში უმაღლესი ლიგის ათი კლუბი ჩაერთო, რომლებსაც საქართველოს 16-წლამდელთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები დაემატნენ. იმ წლებში პოპულარული ბენდელას თასისგან განსხვავებით, ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის ტურნირს, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მაყურებელი დაესწრო, მატჩები თითქმის ცარიელ დარბაზში იმართებოდა.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ ნახევარფინალებში თბილისის დინამო, რუსთავის გორდა, თბილისი და გორის დილა გავიდნენ. დინამო-გორდას ნახევარფინალური პაექრობა იმ ტურნირის ყველაზე დაძაბული თამაში გამოდგა და საბოლოოდ რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა, პირველი გოლი გია კილასონიამ გაიტანა, მეორე მისმა ძმამ, ვარლამმა. მეორე ნახევარფინალში თბილისმა 4:2 სძლია დილას.
მესამე ადგილისთვის მატჩში დინამომ იოლად, 4:1 დაამარცხა დილა და საპრიზო ფონდით გათვალისწინებული 500 ლარიც ირგუნა, ფინალში კი გორდამ მეორე ტაიმში გატეხა თბილისი. 27-ე წუთისთვის ანგარიში 2:2 იყო, კახა ალადაშვილის და ვარლამ კილასონიას გოლებს თბილისელთაგან ბორის გონჩაროვმა უპასუხა დუბლით, თუმცა ეს იყო და ეს, დარჩენილ დროში გორდამ კიდევ ექვსი გოლი გაიტანა და ფინალიც 8:2 მოიგო.
რუსთაველებს მიხეილ მესხის სახელობის თასი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ გადასცა. გორდას ჩემპიონისთვის განკუთვნილი 3 ათასი ლარიც ერგო, ორი მთავარი ინდივიდუალური პრიზით კი ძმები კილასონიები დაჯილდოვდნენ: ვარლამმა 12 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გია კი უძლიერეს მოთამაშედ აღიარეს…
* * *
2 თებერვალი, 2000. საერთაშორისო ტურნირი, 1/4-ფინალი. კვიპროსი, ლარნაკა, ანტონის პაპადოპულოსი. 500
სლოვაკეთი 0:2 საქართველო
გოლები: 0:1 თემურ ქეცბაია (83, გოჩა ჯამარაულის პასით), 0:2 მიხეილ ყაველაშვილი (86, თემურ ქეცბაიას პასით)
სლოვაკეთი: კამილ ჩონტოფალსკი, მარიან ჩიშოვსკი, პეტერ ლერანტი, პეტერ ჰლინკა, მილოშ კრშკო, ანჯეი შუპკა (მაროშ კლიმპლი 60), მარტინ პეტრაში, იურაი ზინეგე, მიროსლავ ბარჩიკი (მარეკ მინტალი 80), შილარდ ნემეტი (ლუბოირ მეშაროში 60), მარტინ ვუსკოჩი (პეტერ ბაბნიკი 60)
მწვრთნელი: დუშან რადოლსკი
საქართველო: დავით გვარამაძე, გელა შეყილაძე (ზურაბ ხიზანიშვილი 82), გიორგი ნემსაძე (კაპ), ლევან სილაგაძე, გიორგი ჩიხრაძე, გივი კვარაცხელია (თენგიზ სიჭინავა 38), თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი (რევაზ ქემოკლიძე 89), არჩილ არველაძე, ზაზა ჯანაშია (ზურაბ მენთეშაშვილი 55)
მწვრთნელები: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: გიორგი ჩიხრაძე, პეტერ ლერანტი
მსაჯი: კოსტას თეოდოტუ (კვიპროსი)
4 თებერვალი, 2000. საერთაშორისო ტურნირი, 1/2-ფინალი. კვიპროსი, ლარნაკა, გიმნასტიკოს სილოგოს ზენონი. 200
რუმინეთი 1:1 (პენ 4:2) საქართველო
გოლები: 0:1 თემურ ქეცბაია (41, საჯარიმო დარტყმა), 1:1 კატალინ ჰილდანი (81)
პენალტების სერია: 1:0 – ფლორინ ბატრანუ, 1:0 – გიორგი ნემსაძე (ააცილა), 2:0 ფლორენტინ დუმიტრუ, 2:1 – თემურ ქეცბაია, 3:1 – ფლორენტინ პეტრე, 3:1 – ზაზა ჯანაშია (ააცილა), 3:1 – რადუ ნიკულესკუ (ააცილა), 3:2 – ლევან სილაგაძე, 4:2 – ბოგდან მარა
რუმინეთი: ბოგდან ლობონტი, ფლორენტინ დუმიტრუ, დორელ მუტიკა, ფლორინ ბატრანუ, მუგურ ბოლოჰანი, იულიან კრივაცი (პომპილიუ სტოიკა 56), მარიუს მალდარაშანუ (ნარცის რადუჩანი 80), კატალინ ჰილდანი, ლაურენტიუ როშუ (კაპ) (ბოგდან მარა 59), მარიუს ნიკულაე (რადუ ნიკულესკუ 59), ადრიან მიჰალჩეა (ფლორენტინ პეტრე 56)
მწვრთნელი: ემერიხ ენეი
საქართველო: დავით გვარამაძე, გელა შეყილაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), ზურაბ მენთეშაშვილი (ზაზა ჯანაშია 46), გიორგი ჩიხრაძე, თენგიზ სიჭინავა, თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი (მერაბ ძოძუაშვილი 90), არჩილ არველაძე (რევაზ ქემოკლიძე 67)
მწვრთნელები: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მარიუს ნიკულაე, კატალინ ჰილდანი, ზაზა ჯანაშია, რევაზ ქემოკლიძე, რადუ ნიკულესკუ, ნარცის რადუჩანი
მსაჯი: კოსტას კაპიტანისი (კვიპროსი)
6 თებერვალი, 2000. საერთაშორისო ტურნირი, III ადგილისთვის. კვიპროსი, ლიმასოლი, სპორტული ცენტრი ცირიო. 600
სომხეთი 1:2 საქართველო
გოლები: 0:1 ზაზა ჯანაშია (7), 1:1 ვარდან ხაჩატრიანი (44), 1:2 ზურაბ მენთეშაშვილი (55)
სომხეთი: არუთინ აბრაჰამიანი (რომან ბერეზოვსკი 46), ტიგრან ხაზანჩიანი (არა აკოფიანი 78), ვარდან ხაჩატრიანი (კაპ), სარქის ოვსეპიანი, რომიკ ხაჩატრიანი, ართავაზ კარამიანი, არტურ პეტროსიანი, რაფაელ ნაზარიანი, კარენ დოხოიანი, არამ აკოფიანი (არარატ არუთინიანი 84), არმენ სარქისიანი (არმან კარამიანი 43)
მწვრთნელი: ვარუჟან სუკიასიანი
საქართველო: სოსო გრიშიკაშვილი, ლევან სილაგაძე, რევაზ ქემოკლიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი ჩიხრაძე, თენგიზ სიჭინავა (გელა შეყილაძე 22), გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, არჩილ არველაძე, ზაზა ჯანაშია (მერაბ ძოძუაშვილი 46)
მწვრთნელები: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: მიხეილ ყაველაშვილი
მსაჯი: კოსტას კონსტანტინუ (კვიპროსი)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 8 ოქტომბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი/ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 8 ოქტომბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
