70-ე „ოქროს ბურთი“

გაბრიელ ანო და ჟაკ ფერანი ბევრს, შესაძლოა, არ ეცნოს, მაგრამ ამით მათ დამსახურებას არაფერი დააკლდება. ეს პატივცემული ფრანგები ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ დამფუძნებლები არიან. მეტსაც გეტყვით, ისინი ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშების ინიციატორებიც იყვნენ.

XX საუკუნის შუა წლებში ანო და ფერანი ფრანგულ საფეხბურთო ჟურნალში, ფრანს ფუტბოლში მუშაობდნენ. ანო მთავარი რედაქტორი გახლდათ, ახალგაზრდა ფერანი – მისი მოადგილე. სწორედ იქ, პარიზულ რედაქციაში დაიბადა ინდივიდუალური ჯილდოს დაფუძნების იდეა. წლების შემდეგ, უეფას ოფიციალური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ფერანმა თქვა:

„პრიზის იდეა მე და ჩვენ მთავარ რედაქტორს ერთდროულად გაგვიჩნდა. წამოწყება რომ პოპულარული გახდებოდა, ეჭვიც არ გვეპარებოდა. ვთვლიდით, რომ ჩემპიონთა თასის შემდეგ ევროპული ფეხბურთის გაერთიანებას „ოქროს ბურთიც“ დაეხმარებოდა. ძალიან მალე რეფერენდუმის დეტალებზე შევთანხმდით და 1956 წლის იანვარში საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დავაწესეთ“.

ზუსტად 70 წლის წინ დაარსებული „ოქროს ბურთი“ თავდაპირველად ევროპელი ფეხბურთელებისთვის იყო განკუთვნილი, მათთვის, რომლებიც კალენდარულ წელიწადში საუკეთესოდ ითამაშებდნენ. მკაცრად იყო განსაზღვრული ისიც, თუ ვის უნდა გამოევლინა ჯილდოს მფლობელი: ფრანს ფუტბოლის რედაქციის გადაწყვეტილებით, ეს უფლება მხოლოდ სპორტული ან საფეხბურთო გამოცემის თანამშრომლებს მიენიჭათ. თითოეულს 5 რჩეული უნდა დაესახელებინა. პირველადგილოსანი 6 ქულას იღებდა, მეორეზე გასული – 4-ს, მესამესთვის 3 ქულა იყო განსაზღვრული, მომდევნოებისთვის კი 2 და 1.

ისტორიული, პირველი რეფერენდუმის შედეგები ფრანს ფუტბოლის 561-ე, 1956 წლის 18 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა. „ოქროს ბურთის“ პირველი ლაურეატი 16 ქვეყნის წარმომადგენლის გამოკითხვის შემდეგ შეირჩა. ფრანგების გარდა საუკეთესო ხუთეული ავსტრიელმა, ბელგიელმა, ჩეხოსლოვაკიელმა, ინგლისელმა, უნგრელმა, იტალიელმა, ნიდერლანდელმა, პორტუგალიელმა, შოტლანდიელმა, ესპანელმა, შვეიცარიელმა, შვედმა, თურქმა, დასავლეთგერმანელმა და იუგოსლავიელმა ჟურნალისტებმა დაასახელეს.

როცა შედეგები დაითვალეს, აღმოჩნდა რომ ანკეტებში სულ 24 მოთამაშე მოხვდა, ხოლო ყველაზე მეტი ქულა – 47, ინგლისის ბლექპულში მოთამაშე სტენლი მეტიუზმა მოაგროვა. პირველი „ოქროს ბურთიც“ მას ერგო, 41 წლის და 321 დღის ასაკში. რა გასაკვირია, რომ სერ სტენლი ამ გამოკითხვის დღემდე ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია.

პირველი ხუთეულის წევრებსაც გეტყვით: ალფრედო დი სტეფანო მეორე ადგილზე გავიდა (მადრიდის რეალი) – 44 ქულა; მისი თანაკლუბელი, ფრანგი რაიმონ კოპა მესამე იყო (33); ბუდაპეშტის ჰონვედის უნგრელმა გოლეადორმა ფერენც პუშკაშმა 32 ქულა მოაგროვა, საბჭოთა კავშირის და მოსკოვის დინამოს გოლკიპერ ლევ იაშინს კი მე-5 ადგილი ხვდა წილად (19).

1995 წლამდე „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ევროპელი ფეხბურთელებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა შემდეგ ფრანს ფუტბოლმა წესდება შეცვალა და გამარჯვების შანსი ევროპაში მოთამაშე სხვა კონტინენტის წარმომადგენლებსაც მისცა. ამის წყალობით 1995 წელს „ოქროს ბურთს“ იტალიის მილანის ლიბერიელი თავდამსხმელი ჟორჟ ვეა დაეუფლა.

1997 წელს ფრანს ფუტბოლის ჯილდო პირველ სამხრეთამერიკელს, ბრაზილიელ „ფენომენს“ ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდოს ერგო. მილანის ინტერის სუპერფორვარდი 21 წლის და 96 დღის გახლდათ და ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო ჩაიბარა.

2007 წელს გამოკითხვის წესდება კვლავ შეიცვალა: „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი ნებისმიერ ქვეყანაში მოთამაშეს გაუჩნდა, რეფერენდუმში კი ნაკრები გუნდების მწვრთნელები და კაპიტნებიც დაუშვეს.

2010-2015 წლებში ფრანს ფუტბოლი ფიფასთან ერთად ავლენდა საუკეთესოს, მაგრამ 2016 წლიდან ფრანგული გამოცემა „ოქროს ბურთის“ კვლავ ერთადერთი პატრონი გახდა.

2022 წელს კი წესდებაში ბოლო დიდი ცვლილება მოხდა: „ოქროს ბურთი“ კალენდარულ წელიწადში უძლიერესს კი არა, სეზონის რჩეულს ერგება.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 26  ოქტომბერი

ka_GEGeorgian